ათონის მთის კალთებზე მრავალი მონასტერია გაბნეული - ბერძნული, რუსული, ბულგარული, სერბული, რუმინული - მრავალი სკიტი, სენაკი და კალივი (ასე ეწოდება სამყოფელს, რომელშიც დაყუდებული მეუდაბნოები ცხოვრობენ). ნახევარკუნძულზე მონაზვნების გარდა არავინაა, არც სოფელია, არც ფერმები - და ასე გრძელდება უკვე ათას წელზე მეტ ხანს! მოსახლეობამ აქ VII საუკუნიდან დაიწყო დასახლება. მათ ბიზანტიის იმპერატორები მფარველობდნენ, სჩუქნიდნენ „ქრიზობულებს“ პრივილეგიებით, სავარგულებს, მამულებს. მეორე ათასწლეულია, ამ მიწაზე მონაზვნის გარდა არავინ ცხოვრობს. დაახლოებით ათასი წელია, აქ ქალს ფეხი არ დაუდგამს (და მარტო ქალებს როდი აქვთ აკრძალული ათონზე ასვლა, არამედ მდედრობითი სქესის ცხოველებსაც კი) მთები, ტყეები, ქარები, ზოგან ვენახები და ბაღები, განცალკევებული მონასტრები, რომლებშიც ბერები ცხოვრობენ, ზარების რეკვა, ტყეში გუგულები, მთის წვერზე - არწივები, მერცხლები, ჯგუფურად რომ ისვენებენ სამხრეთში გადაფრენის ჟამს, დუმილი, ირგვლივ კი ზღვა... და ყოველივე ამასთან უფალი - სწორედ ეს არის ათონი...
მოსაგრეები - ათონის მთის მოღვაწენი წმინდა მთას დღემდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეორე და უმთავრეს წილხვედრს უწოდებენ. უკვე მრავალი საუკუნეა, ამ მთაზე ქალის ასვლა აკრძალულია. გადმოცემით, რომის იმპერატორ კონსტანტინე პლაკიდას ცოლმა ათონზე ასვლა გადაწყვტა. მეუღლის თანხმობის მიღების შემდგომ პლაკიდია ათონზე ვათოპედის მონასტერში მივიდა, მაგრამ ზეციდან მრისხანე ხმა მოისმა, რომელიც მას უბრძანებდა, სასწრაფოდ დაეტოვებინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სავანე.
ათონის მახლობელ ქალაქ ურანოპოლისის მკვიდრნი დღესაც ყვებიან იმის შესახებ, როგორ უჭრის გზას უხილავი ძალა ათონის მთისკენ მიმავალ ქალებს. მიცურავს, მაგალითად, მეთევზეთა ნავი, რომელზეც რამდენიმე მეთევზეა - ძმები თავიანთ დასთან ერთად, რომელიც დასახმარებლად წამოიყვანეს. ქალიშვილმა რაღაც მიზეზით ათონის მთასთან მისვლა ითხოვა, მაგრამ როგორც კი ნავიდან გადმოვიდა, ფერდობიდან ქვებმა დაიწყო ცვენა. მიწისძვრით შეშინებულმა მენავეებმა სწრაფად გაცურეს ზღვაში. არც მუმლის ან კოღოების თავდასხმაა გამორიცხული. ამის მხილველი არცერთი ქალი თვითონაც აღარ მოისურვებს, რომ ფეხი დაადგას წმინდა მიწაზე, სადაც ათასი წლის განმავლობაში ქალთაგან მხოლოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მყოფობდა.
წმინდა მთაზე ერთი ქალაქია - კარიესი - ეს არის ნახევარკუნძულის მართვის ცენტრი, შეიძლება ითქვას, ათონის დედაქალაქი. აი, როგორ აღწერს ათონის მთას 1927 წელს ერთი რუსი მოგზაური:
„არასოდეს მინახავს კარიესის მსგავსი ქალაქი და, ალბათ, ვერც ვერასოდეს ვნახავ. ჩვენ ვიწრო, დაკლაკნილ ქუჩებს მივუყვებოდით, გვერდი ავუარეთ მშვენიერ, ცისფერ სახლებს (ეს აღმოსავლეთის საყვარელი ფერია) გადმოკიდებული აივნებით, ვენახის ხეივნებით. გზად ფარდულებია. შეგიძია იყიდო საბერო კაბა, ხატი, სხვადასხვა ნივთები. კარები ღიაა, არც შესვლას უშლის ვინმე, მაგრამ ფარდულში არავინაა, ისევე, როგორც ქუჩაში, და გეჩვენება, რომ მთლიანად ქალაქშიც. მაგრამ აქ მაცხოვრებლები მაინც არიან, თუმცა მცირერიცხოვანნი - ბერები და რამდენიმე ბერძენი ვაჭარი. ისინი სახლის სიღრმეში ცხოვრობენ. შესაძლებელია, ფარდულის მეპატრონეც იპოვნო, საკმარისია, კარზე დააკაკუნო და იგი მაშინვე მოგყიდის ათასგვარ ათონურ სუვენირს. მაგრამ ათონის დედაქალაქში ქალს ვერ ნახავ, აქ მხოლოდ მამაკაცები არიან...
...დაახლოებით 1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა. თავის ორ მორჩილს მან უთხრა, რომ კუნძულ სამოსზე მიდიოდა, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს, ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც ცოცხალი.
...დაახლოებით 1984 წელს ივერიის სკიტის კელიიდან გაქრა ბერი სერგი, ფრიად ღვთივსათნო, მდუმარე და ქველმოქმედი მოღვაწე. მისი კელიის კარი დიდი ხნის განმავლობაში ღია იყო.
„ვათოპედის მონასტრის კელიიდან გაქრა აგრეთვე ბერი ნექტარიოსი, იგი ვერც ცოცხალი იპოვეს და ვერც მკვდარი, - წერს ბერი ვლასი, - და კიდევ ორი ბერი - ნიკოდიმოსი ქსენოფონტის სკიტიდან და მარტინიანი კაპასალიდან; და ვერც მათ კვალს მიაგნეს სადმე“.
ზოგიერთები თვლიან, რომ მოსაგრეთაგან განსაკუთრებით ღირსეულნი იკარგებიან. ბერები ამ გაქრობას ათონის სხვა დიდ საიდუმლოს უკავშირებენ - ე.წ. „უხილავ მოსაგრეებს“. წმიდა მთაზე ასეთი თქმულებაც არსებობს: როდესაც ვინმე იკარგება, ამბობენ: იგი უხილავმა მოსაგრეებმა წაიყვანესო.
ვინ არიან „უხილავი მოსაგრეები“?
ამ საკითხზე რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ერთნი ვარაუდობენ, რომ „უხილავი მოსაგრეები“ ძველი წმინდანები არიან, რომლებიც ოდესღაც მოღვაწეობდნენ წმინდა მთაზე, ახლა კი ხალხს ეცხადებიან. მეორენი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, თითქოს ისინი თანამედროვე მოღვაწეები არიან, რომლებიც ათონის უშორეს და მიუდგომელ გამოქვაბულებში ცხოვრობენ, სამყაროსგან განცალკევებით, რათა განუწყვეტლად მყოფობდნენ ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობაში. ისინი „უხილავნი“ იმიტომ გახდნენ, რომ სხვა შემთხვევაში მათი გამოქვაბულები არა მხოლოდ კეთილკრძალული მონაზვნებით გაივსებოდა, არამედ ცნობისმოყვარე უცხოელი ტურისტებითაც.
ყველაზე ძველი გარდამოცემა გვამცნობს, რომ XIX საუკუნის დასაწყისში უცნობ მოსაგრეებს თავისთან ღებულობდა ბერი ქრისტოფორი იანაკოპულის კალივიდან. „უხილავი მოსაგრეები“ მისგან ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს ეზიარებოდნენ.
ჟურნალ „წმინდა მთის ბიბლიოთეკის“ ერთ-ერთი ნომერი იუწყებოდა, რომ უხილავი მოსაგრეები „შვიდნი იყვნენ. ისინი ათონის გამოქვაბულში ცხოვრობდნენ. როდესაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვლებოდა და ისინი ექვსნი რჩებოდნენ, მაშინ რაღაც საიდუმლო სახით მთიდან მოდიოდა სხვა სათნო ბერი, იკავებდა გათავისუფლებულ ადგილს და ისინი კვლავ შვიდნი ხდებოდნენ“.
ამ სიტყვის დასტურად ერთი ასეთი დამოწმება შეიძლება მოვიხმოთ:
1835 წელს ათონის მთაზე რამდენიმე მონადირე უცნობ, მოხუც ბერს შეხვდა, რომელთანაც მცირე ხანს ისაუბრეს. მან მონადირეებს უთხრა, რომ მასთან ერთად გამოქვაბულში კიდევ ექვსი ღრმადმოხუცი ბერი ცხოვრობდა. როდესაც მონადირეებმა ამის შესახებ წმიდა ანას სკიტში მყოფთ მოუთხრეს, ადგილობრივმა ბერებმა საგზალი აიღეს და უცნობ მოსაგრეთა საძებნელად გაემართნენ, მაგრამ ვერავის მიაგნეს.
ახლა ზოგიერთ ისეთ შემთხვევასაც მოგითხრობთ, რომლებიც „უხილავ მოსაგრეებთან“ თანამედროვეთა შეხვედრების შესახებ მოგვითხრობენ.
ერთ ლიბანელს ათონზე ასვლა სურდა, მაგრამ გზა დაებნა და ვიღაც უცნობ ბერს შეხვდა, რომელიც მას ლეღვით გაუმასპინძლდა. როდესაც მან ამის შესახებ წმინდა ანას სკიტში მყოფთ უამბო, ბერები უცნობი მოღვაწის საძებნელად წავიდნენ, მაგრამ ვერავინ ნახეს.
...კვიპროსის კიკოსის მონასტრის ბერდიაკონი ეფრემი ერთხელ, ათონის მთაზე ყოფნის დროს, დიონისიატის მონასტრიდან წმინდა პავლეს მონასტერში მიდიოდა და ბილიკზე უცნობ მოღვაწეს შეხვდა. ისინი შეჩერდნენ, ერთმანეთს მიესალმნენ და საუბარი დაიწყეს. უცნობი მოსაგრე ძველი კაბით იყო შემოსილი, გრძელი წვერი კი ქამარში ჰქონდა ჩატანებული. ახალგაზრდა კვიპროსელმა მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა ზიარების შესახებ. ბერმა მას უპასუხა. შემდეგ თითოეული თავის გზაზე წავიდა. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ ეფრემი მობრუნდა, რათა კიდევ ერთხელ შეეხედა მოხუცი ბერისათვის, მაგრამ მხოლოდ ველური ბუჩქები და ცარიელი ბილიკი დაინახა.
...წმინდა ანას სკიტის ერთ-ერთი ბერის ნათესავს, რომელიც კრეტიდან იყო, სკიტისკენ მიმავალ ბილიკზე გზა აებნა და გამოქვაბულს მიადგა, სადაც საგებელზე ვიღაც ბერის სხეული ესვენა, მის მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი თითო სანთელი ენთო. როდესაც კრეტელმა ამის შესახებ თხრობა დაიწყო, რამდენიმე ბერმა ადგილობრივი მიდამოები გადაძებნა, მაგრამ ამაოდ, ვერაფერი იპოვეს.
ცნობილი მოღვაწე ბერი პაისი ათონელი (გარდაიცვალა 1994 წელს) აგრეთვე ამბობდა, რომ ათონზე არცთუ ცოტა უცნობი წმინდა ბერია, რომლებიც ხალხს თავიანთ ადგილ-სამყოფელს უმალავენ.
„ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი „უხილავი მოღვაწენი“ მართლაც არსებობენ, - წერს ბერი ვლასი, - (ეს კი ნამდვილად ასე უნდა იყოს, რამეთუ ამას თვითმხილველები ამოწმებენ), მაშ, მთელი სამყარო უნდა ხარობდეს, რამეთუ მათი ლოცვით შეჩერებულია ღვთის სამართლიანი რისხვა (ჩვენი ცოდვების გამო) ადამიანთა მოდგმაზე“.
ძნელია, აქ კიდევ რაიმე ითქვას „უხილავ მოსაგრეებზე“, ათონის მთის ამ უდიდესი საიდუმლოს შესახებ. მართლაც არიან თუ არა ისინი, ეს მხოლოდ ყოვლისმხილველმა უფალმა უწყის. სამაგიეროდ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ XX საუკუნეში წმინდა მთაზე ერთი ბერი მოღვაწეობდა, რომელიც თავისი სიწმინდით ათონელთათვის ჭეშმარიტად იყო „უხილავი მოსაგრე“, მაგრამ ათონელი მამები ვერ ხედავდნენ ამას. იგი ყველას ჩვეულებრივ მშრომელ ბერად მიაჩნდა, ის კი ლოცვით იმ წმინდა მამებს მიემსგავსა და უფალს მთელი კაცობრიობისათვის ევედრებოდა. ეს წმიდა სილუან ათონელი გახლდათ.
მოამზადა ხათუნა რაქვიაშვილმა
ჟურნალი „დედა-ეკლესია“, № 8(10), 2005 წ.