XIX საუკუნის ქართველი ბერ-მონაზვნობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო მღვდელმონაზონი ბენედიქტე ქიოტიშვილი.
მამა ბენედიქტე წარმოშობით იმერელი გახლდათ, შორაპნის მაზრის სოფელ მარელისიდან. განათლება შინ მიუღია, მერე კი სოფლის მღვდელი გამხდარა. მამა ბესარიონის (ასე ერქვა ბერად აღკვეცამდე) მღვდლობა ჩვენი ქვეყნისთვის ავბედით ჟამს დაემთხვა - რუსეთი იმპერიამ აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრო და იმერეთსაც გადასწვდა.
იდგა 1812 წელი. თურქეთში გაქცეული სოლომონ II იმერეთში დაბრუნებას და იქიდან რუსების ჯარის განდევნას აპირებდა. ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა - ხატების წინ იფიცებდნენ სოლომონ მეფის ერთგულებაზე, აღთქმას დებდნენ, რომ რუსებს არ დაემორჩილებოდნენ, თუმცა ყველა ასე როდი იყო განწყობილი; ზოგმა წერილიც კი მისწერა მეფეს, აღარ გვსურს იმერეთის ტახტზე შენი ხილვაო. არც მამა ბესარიონმა მოისურვა ამ საქმეში გარევა და რუსეთის წინააღმდეგ ფიცის დადება, თუმცაღა მისი ძმა სოლომონის ამალის წევრი გახლდათ და თვითონაც მეფის კარზე მიღებული კაცი იყო.
„მამულის ურჩობაში“ ჩავარდნილ მოძღვარს ერთ ღამეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა. „რაკი ჩემს ერს ეურჩე, ისეთ ადგილას წარგავლენ, რომ ქართული შენს დღეში ვეღარ გაიგონოო“, - უთქვამს მისთვის.
გავიდა ერთი კვირა და მამა ბესარიონს ცოლი გარდაეცვალა. კიდევ ერთი კვირის შემდეგ პირველი შვილი მოუკვდა, მერე - მეორეც. ამ უბედურების შემდეგღა მოეგო გონს მამა ბესარიონი და ყოვლადწმიდა ქალწულის ნებას მიენდო.
ჯერ იერუსალიმში წასულა მღვდელი, უფლის საფლავი მოულოცავს. იერუსალიმის პატრიარქს დიდი პატივით მიუღია, უბოძებია ყოველივე სახმარი და ნება მიუცია, მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში ქართულად აღევლინა წირვა-ლოცვა. ოთხი წელი იმსახურა მამა ბესარიონმა უფლის საფლავთან, მაგრამ უამრავ პილიგრიმთან შეხვედრა, ამა სოფლის აურზაური, აშფოთებდა მყუდროების მოსურნე მის სულს. ამიტომაც ათონზე წასვლა და ივერონში დასახლება განიზრახა. ბერის სამოსელი კი, როგორც ჩანს, იერუსალიმშივე ჩაუცვამს.
ათონზე ჩასული ბერი ივერონში არ მიუღიათ. ბერძნებს უთქვამთ, რა ვიცით, ვინ ხარ; ჩვენთან ქართველები აღარ არიან, ერთი ბერიც რომ იყოს შენი მიწა-წყლისა, მიგიღებდითო. რაღა ექნა, პანტელეიმონის მონასტერს მიაშურა. ერთი ცოდვილი ბერი ვარო, - ასე წარდგომია იღუმენს, - რასაც მიბრძანებთ, აღვასრულებო. მონასტერში იმხანად ახალ ეკლესიას აშენებდნენ. მისცეს მამა ბესარიონს კურტანი და ისიც მონასტრის სხვა ძმებთან ერთად შეუდგა სამშენებლო მასალის ზიდვას. ამ ყოფაში გავიდა ოთხი წელი. ერთ დღეს მონასტერს იერუსალიმიდან ერთი არაბი სწვევია. აივნიდან მამა ბესარიონისთვის მოუკრავს თვალი, უცვნია და იღუმენისთვის საყვედური უთქვამს: „ღმრთისა აღარ გეშინია, მღვდლისთვის კურტანი რომ აგიკიდებია?! ჩემი თვალით მინახავს, უფლის საფლავთან რომ წირავდაო“. განცვიფრებულა იღუმენი საბა, სენაკში ხლებია ბესარიონს, ვინაობა გამოუკითხავს და ისევ მღვდლის ხარისხზე დაუყენებია, მღვდლობის დაფარვისთვის კი კანონი დაუდვია: ორმოცი დღის განმავლობაში უნდა ედევნებინა თვალყური მონასტრის ჩაუქრობელი კანდელებისთვის.
მონატრის ბერები დიდი პატივით ეპყრობოდნენ მამა ბესარიონს. ეს მძიმე ტვირთად დააწვა „ცოდვილსა და გლახაკს“ და როცა შეიტყო, დიონისოს მონასტერში მკაცრი ტიპიკონი აქვთო, იქ გადასახლდა. მალე ამავე მონასტერში მისულა მისი ძველი მეგობარი, მღვდელი იესე ყანჩაიშვილი. 1821 წელს, დიდმარხვისას, ორივემ დიდი სქემა შეიმოსა. მამა იესეს ილარიონი უწოდეს, ხოლო მღვდელმონაზონ ბესარიონს - ბენედიქტე. ილარიონი პირველი შემოსეს სქემით, მაგრამ ბენედიქტეს მაინც თავის უფროს ძმად და მოძღვრად მიიჩნევდა.
1821 წელს ბეძნები ოსმალეთის იმპერიას აუჯანყდნენ. ამბოხებაში ათონელმა ბერებმაც მიიღეს მონაწილეობა. რამდენიმე ათასმა ბერმა აისხა საჭურველი სამშობლოს თავისუფლებისათვის... მათ დასასჯელად ხონთქარმა ჯარი გაგზავნა. 1822 წელს თურქეთის რაზმი ივერონში ჩადგა. ასკერები მთელს ათონს მოედვნენ და მონასტრების რბევას მიჰყვეს ხელი. მამა ბენედიქტე იმხანად დიონისოს ლავრის მახლობლად, სენაკში ცხოვრობდა. შეეჭრნენ თურქები და კინაღამ მოკლეს. „რა გინდათ ჩემგან, არც ბერძენი ვარ და არც ბულგარელიო“, - უთქვამს ბერს. მისი ქართველობა რომ შეუტყვიათ, ფაშასთან წაუყვანიათ. ფაშა წარმოშობით გურიიდან ყოფილა, გვარად ჭყონია, მღვდლის შვილი. ბავშვობაში გაეტაცათ და თურქეთში გაეყიდათ. „ვინ ხარ კაცო?“ - ქართულად უკითხავს ბერისთვის. მამა ბენედიქტემ დიდი სიხარულისგან თურმე მოხვევა და ამბორისყოფა დააპირა, მაგრამ ფაშამ შეაჩერა: ნუ შემეხები, მუსულმანი ვარო, - მერე მონასტერში შეიყვანა და ბერძენ ბერებს განუცხადა, რაკი ამ მონასტერში ქართველი ბერები აღარ ყოფილან, ამიერიდან ამას დაემორჩილეთო, - თან ისიც უკითხავს, რატომ აღარ იყვნენ ქართველები ივერონში. ბერძნებს თავი უმართლებიათ: ბოლო დროს, რაც სახმელეთო გზა აღარ არის, ათონზე ქართველთა შემოსვლა შეწყდარო. მაგრამ ფაშას რას დააჯერებდნენ... მამა ბენედიქტეს ევედრებოდნენ თურმე, გვიშველე, ღვთის გულისთვის, ფაშა ხომ ქართველია, სთხოვე, ნუ აგვაოხრებს, გადაარჩინე ქართველთა მონასტერიო. აქ რომ მოვედი, აკი ვერ შემიცანით ქართველად, - მიუგია მამა ბენედიქტეს, - ახლა ხომ ახი იქნება, სიტყვა არ შეგაწიოთ და თავები დაგაყრევინონო, - მაგრამ მაინც მისულა ფაშასთან და უთხოვია, ჯარს მონასტერში არაფერი წაეხდინა. ფაშას უთქვამს, ხონთქარმა ივერონის განადგურება მიბრძანა, რადგან სწორედ აქ გაიმართა ჩვენს მოღალატეთა კრება, მაგრამ რაკი ქართველთა სამეფო მონასტერია, არ ავაოხრებ. შენ გებარებოდეს მისი კლიტეო. ფაშა დიონისოს მონასტერში გადასულა, ივერონი კი მამა ბენედიქტეს გამგებლობაში დაუტოვებია. საკუთრად მისთვისვე ჩაუბარებია კარის ღვთისმშობლის ეკლესიაც.
დაიწყო მამა ბენედიქტემ მოღვაწეობა. ბერძნები თუქების შიშით ღვთისმსახურებას ვერ ბედავდნენ, ამიტომ ღირსი მამა ლოცვებს ბერძნულად აღავლენდა, ხოლო ლიტურგიას და ყოველ წესს ქართულად აღასრულებდა.
აუცხადდა მამა ბენედიქტეს ღვთისმშობლის ნათქვამი - ქართული სიტყვაც აღარავისგან ესმოდა. სამშობლოსთან ივერონის წიგნთსაცავირა აკავშირებდა. იქ დაცულ თითქმის ყველა ქართულ წიგნზეა მიწერილი „ცოდვილი და გლახაკი ვენედიქტეს“ გულის ამონახეთქი...
დადგა 1830 წელი, გაქცეული ბერძნები უკან დაბრუნდნენ და მამა ბენედიქტე ნელ-ნელა შეავიწროვეს: ჯერ დიდი ტაძარი იგდეს ხელთ, მერე კი კარის ღვთისმშობლის ეკლესიიდანაც მოინდომეს მისი განდევნა, მაგრამ ეს არც ისე იოლი გამოდგა - ათონზე დიდ პატივს მიაგებდნენ მამა ბენედიქტეს.
1834 წელს ბერთან მორჩილად წმინდა გაბრიელ ქიქოძის ძმა ვასილი მისულა. გახარებია ღირს მამას. „რამდენი ხანია, მოწაფის აყვანა და განმარტოებით ცხოვრება მინდოდა, მაგრამ ვერ მომეხერხებინა - ქართველი ვერსად მეპოვაო“, - უთქვამს და ივერიის ღვთისმშობლის ხატის შემოწირულობა ბერძნებისთვის გადაუცია. მათ შეუთავაზებიათ, წმინდა ილიას სკიტში ან ბასილი დიდის სენაკში დასახლებულიყო. მამა ბენედიქტეს ილიას სკიტი აურჩევია - ის გორაკზე იდგა, საიდანაც ჩინებული ხედი იშლებოდა.
მალე სულიერმა მამამ ვასილი ბერად აღკვეცა და ბესარიონი უწოდა. თითქოს გარდაცვლილი შვილები გაუცოცხლდაო, ისე შეიყვარა სულიერი ძე. წიგნების მინაწერებში, სადაც უფალს მშობლებისა და სახლეულის შეწყალებას სთხოვდა, უეჭველად ბესარიონსაც ახსენებდა ხოლმე: „ქრისტე, შეიწყალე ვენედიქტე თავისი ბესარიონითო“...
მალე მამა ბენედიქტეს დაემოწაფნენ ოდიშელი გიორგი რატიანი, ბერობაში - გრიგოლი, დავით დადიანის მოურავის ბასილ რატიანის შვილი, გელათის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ სერაპიონის ძმა ქაიხოსრო ახვლედიანი, ბერობაში - ქრისტეფორე... შემდგომში მათ შეემატათ საქართველოდან ჩასული რამდენიმე წარჩინებული ბერი.
მამა ბენედიქტე შინაგან ცხოვრებას საგულდაგულოდ არიდებდა სხვათა თვალს. ცნობლია, რომ მკაცრად იცავდა მარხვის წესს: ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ლუკმას არ ჩაიდებდა და არც წყალს დალევდა; ბერობის კანონს სკვნილზე ასრულებდა, სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას გაუცდენლად აღავლენდა ღვთისმსახურებას, მონასტერში ღამისთევის ლოცვაზე მხოლოდ აღდგომას, შობას და ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მიდიოდა, ლოცვის შემდეგ კი ისევ სკიტში ბრუნდებოდა ლიტურგიის ჩასატარებლად. წმინდა ილიას ხსენების დღეს მონასტრიდან ყავასა და ტკბილეულს უგზავნიდნენ, რითაც სკიტში დღესასწაულზე მისულ სტუმრებს უმასპინძლდებოდა.
როცა წმინდა ილარიონი ურიცხვმა ეშმაკვა გვემა და ცოცხალმკვდარი ბერებმა ახალ სკიტში გადაიყვანეს, პირველ ყოვლისა, სწორედ მამა ბენედიქტეს უხმეს. ღირსმა მამამ წმინდანს განმარტოება აუკრძალა, თანაც უბრძანა, კარაქი, ყველი და თევზი ეჭამა და ამით დათრგუნა მისი ნება. შემდგომში მამა ილარიონი ივერონის მახლობლად დასახლდა და ხშირად სტუმრობდა მამა ბენდიქტეს, თუმცა სკიტში დარჩენაზე უარს ამბობდა - ქართველები ვართ და უქმმეტყველებაში ჩავცვივდებითო, თუმცა მანძილის სიშორე ვერაფერს აკლდებდა მათ სულიერ ძმობას. „მაღალღირსო და პატიოსანო მამაო და ძმაო სულიერო ვენედიქტონ“ - ასე იწყებს ერთ წერილს (უფრო ზუსტად, წიგნზე მინაწერს) წმინდა ილარიონი და ამგვარად ამთავრებს: „თქვენი სიწმინდის თაყვანისმცემელი ილარიონ, ცოდვილი ბერი“.
ამ „ცოდვილმა“ ბერმა და მისმა სულიერმა ძმამ მრავალი ათონელი მონაზონი იხსნეს ეშმაკის ხლართებიდან. დიდი მამის, ჰაჯი გიორგის, შესახებ ერთ ასეთ ამბავს ჰყვებოდნენ: ათონზე ახალმისული გიორგი ქრისტეს მოწამეობაზე ოცნებობდა. 60 დღე-ღამე იმარხულა და ილოცა, შემდეგ კი ილარიონ ქართველთან მივიდა, რათა მოწამეობაზე კურთხევა აეღო. მამა ილარიონმა უთხრა, ამგვარ შეკითხვებზე პასუხის გაცემის უფლება ეკლესიისგან ჯერ არ მიმიღია; თუ გსურს, პასუხი მოისმინო, მიდი ბენედიქტე ქართველთან, ყოველივეს მოუყევი და რასაც გეტყვის, აღასრულე - ეს ღვთისთვის სათნო, შენთვის კი სასარგებლო იქნებაო.
მამა ბენედიქტემ მიიღო ახალგაზრდა ბერი, მოუსმინა და მიხვდა, რომ იგი მასთან ილარიონს გაეგზავნა, მაგრამ თავის განქიქება დაიწყო: ბენედიქტე, აი, უკვე რამდენი წელია, აქ ცხოვრობ, მაგრამ ისე არ გიღვაწია, როგორც ამ ახალმოსულს... ოდესმე თუ გიფხიზლია იმდენი, რომ ლოცვაზე მდგარიყავი?! ოდესმე თუ გაიმარხულია ისე, როგორც ამ ღვთის მონამ იმარხულაო?! გიორგი მიუხვდა მოძღვარს, მუხლებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა, თუმცა მამა ბენედიქტემ იმთავითვე უწინასწარმეტყველა, რომ ის ყურად არ იღებდა მის რჩევას და კონსტანტინეპოლში წავიდოდა, მაგრამ სასურველ მოწამეობას ვერ ეღირსებოდა, ჭეშმარიტად მოწამეობრივი განსაცდელი კი სიცოცხლის მიწურულს ახალგაზრდა ძმებისგან დაატყდებოდა თავს. ყოველივე ეს სიტყვა-სიტყვით ასცხადებია ჰაჯი-გიორგის.
მიიწურა მამა ბენედიქტეს ამქვეყნიური ცხოვრების წლები. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ დადებული „სასჯელის“ ვადაც გაილია... 1862 წლის 9 მარტს მისი სული ხორცის ბორკილებისგან გათავისუფლდა და ზეციურ საქართველოში გადასახლდა. ოტი წლის შემდეგ მამა ბენედიქტეს მამა ილარიონიც შეუერთდა.
მათი ღვთივგანსვენების შემდეგ ობლად დარჩენილ ქართველ ბერებს მრავალი განსაცდელი დაატყდათ თავს. ბერძნებს აღარ ახსოვდათ წმინდა ათანასე ათონელის ანდერძი: „ვთხოვ ძმათა, რათა ჰქონდეთ ივერიელთა მიმართ სიყვარული და ურთიერთობა“. მაგრამ ქართველებს მამა ბესარიონ ქიქოძის სიზმარი ანუგეშებდათ: ბერს გარდაცვლილი მამა ბენედიქტე გამოსცხადებია და უთქვამს, ილარიონ ქართველი ცოცხალია და ათანასე ათონელთან ერთად იმყოფებაო. ჩვენც, ბოლო ჟამის ქართველებმა, თავი ვინუგეშოთ ამ გამოცხადებით და გავფრთხილდეთ, რათა არასოდეს ჩავცვივდეთ „მამულის ურჩობაში“, არასოდეს განვუდგეთ ღმრთისმშობლის წილხვედრ ერს.
მამა ბენედიქტეს ერთ წიგნზე წაუწერია: „ანდერძად მოგვიხსენებდეთ ჩვენ წარსულთა თქვენ მომავალნი, რათა თქვენცა მოგიხსენოსთ უფალმან სასუფეველსა თვისსა აწ და საუკუნოდ, ამინ“.
მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 3 (14), 2005 წ.