დაჩაგრული ერისა და ეკლესიის ქომაგი

წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II (საძაგლიშვილი)

(გაგრძელება)

კირიონ II, როგორც მკვლევარ-ისტორიკოსი, დიდად აფასებდა მატერიალური და სულიერი ნაშთების როლს ქვეყნის ისტორიის შესწავლაში. ხერსონის მუზეუმის დამაარსებელს, ვიქტორ გოშკევიჩისადმი გაგზავნილ წერილში იგი სამართლიანად წერდა: „ვინც სათანადოდ ვერ შეიგნებს თავისი წინაპრების კულტურულ მემკვიდრეობას, ის მათი არაღირსეული მემკვიდრეა, - შემთხვევითი რგოლია ცოცხალ არსებათა ჯაჭვში, ცუდი მეგზურია“. კირიონ II-ს სავსებით მართებულად მიაჩნდა, რომ უძველესი ნაშთები არამარტო წარსულის გაცოცხლებაა, არმაედ ეროვნული სიამაყის დასტურიცაა. „ისევე, როგორც, - წერდა იგი ხერსონის მუზეუმის დირექტორს - შეუძლებელია, ანბანის გარეშე ისწავლო კითხვა, ასევე მშობლიური სიძველის ცოდნისა და წინაპრების ანდერძის გარეშე შეუძლებელია ჩაწვდე წარსულს, გაიგო აწმყო და შეგნებულად იმუშაო მომავალი ნაციონალურ-კულტურული საქმიანობისათვის“.

 

ასეთი დიდი იდეები ამოძრავებდა კირიონ II-ს, როდესაც იგი დაუღალავად ეძებდა და აგროვებდა ძველ ქართულ ნაშთებს. მან გაპარტახებულ ეკლესია-მონასტრებში მოიძია და განადგურებისაგან გადაარჩინა მრავალი ხელნაწერი, ქართული ეკლესიის სიწმინდეები - ჯვრები, ხატები, ძველი მონეტები და სხვა. ქვათახევის მონასტერში მსახურობის დროს იქიდან ჩამოუტანია 96 ხელნაწერი. ჟურნალ „მწყემსში“ მან 1901 წელს დაბეჭდა წერილი მეტეხის ოთხთავის შესახებ, რომელსაც საინტერესო მინაწერები ამშვენებდა. კირიონ II-ის სახელთანაა დაკავშირებული გელათის მონასტერში პავლე მოციქულის „ეპისტოლენისა“ და ბერძნული სახარების აღმოჩენა, რომელიც „კორიდეთის ოთხთავის“ სახელითაა ცნობილი. ამ უკანასკნელმა უცხოელ სპეციალისტთა ყურადღება მიიპყრო. „კორიდეთის ოთხთავით“ დაინტერესდა გერმანელი სწავლული, თბილისში მოღვაწე პასტორი გუსტავ ბერმანი. კირიონ II-ის დახმარებით ეს სახარება მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის დასახელებულ მკვლევარს გადაეცა. გ.ბერმანის მეშვეობით ხელნაწერი ლაიფციგში გაეგზავნა პროფესორ კ.გრეგორის, რომელმაც 1913 წელს „კორიდეთის ოთხთავი“ გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა, სადაც იგი მადლობას უხდის კირიონ II-ს გაწეული დახმარებისათვის. ხელნაწერი, კირიონის დიდი მეცადინეობით, თბილისის სიონის ტაძართან დაარსებულ საეკლესიო მუზეუმს დაუბრუნდა. ამჟამად კი იგი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული და ქართულად რამდენიმე წლის წინ გამოიცა.

კირიონი არამარტო საქართველოში, არამედ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ეძებდა ქართველთა ნაკვალევს. 1906-1907 წლებში პეტერბურგსა და მოსკოვში მან მოიძია ქართული დოკუმენტური მასალები. კერძო კოლექციონერებისაგან შეიძინა ქართველ ბატონიშვილთა წერილები, დონის მონასტრის საფლავის ქვებიდან გადმოიღო იქ დასაფლავებულთა ეპიტაფიები. კირიონ II-ის მიერ შეგროვილ აღნიშნულ მასალებს დღეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ზოგიერთი საფლავის წარწერას ჩვენამდე არ მოუღწევია.

კირიონ II ფულად თანხებს არ იშურებდა ქართული ხელნაწერების შესაძენად. მან დაღუპვას გადაარჩინა „ვეფხისტყაოსნისა“ და „ქართლის ცხოვრების“ რამდენიმე ხელნაწერი, მაგრამ სიძველეების თავმოყრა საქმეს ვერ შველოდა. საჭირო იყო მათი საიმედო შენახვა და მეცნიერული შესწავლა. ამის განხორციელებას კირიონი მარტო ვერ შეძლებდა. იგი სიხარულით შეხვდა 1889 წელს, ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძის ინიციატივით დაარსებულ საეკლესიო მუზეუმს, რომლის ხელმძღვანელი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თვითონ იყო. მისი თავმჯდომარეობის პერიოდში საეკელსიო მუზეუმი ახალი მასალით შეივსო.

კირიონ II აგრეთვე აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს: ლეგენდებს, ზღაპრებს, ხალხურ სიმღერებს. მისივე დავალებით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელშიც შედიოდა გრიგოლ დიასამიძე, გრიგოლ ყიფშიძე და დავით კარიჭაშვილი. მათ დავალებული ჰქონდათ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაეწერათ ზეპირსიტყვიერების ნიმუშები. იგი აგრეთვე დიდ ყურადღებას აქცევდა გალობა-მუსიკის შესწავლას. მისი აზრით, „როგორც ხალხის მხატვრული ისტორიის მემატიანე, მუსიკა წარმოადგენს სარკეს, რომელშიც რელიეფურადაა ასახული მისი შემქმნელი ერის განვლილი ცხოვრება, მისი ისტორიის სასიამოვნო და სამწუხარო ფურცლები, მისი მიღწევები და ჩამორჩენები. სიმღერა მოუსყიდელი მოსამართლე და მუდმივი თანამგზავრია სიმართლისა. მასში დაცულია ხალხის მთელი წარსული დროის თავდადება, მისი სურვილები, ტრადიცია, რომელშიც ერთ მთლიან თხრობადაა გადმოცემული ქართველი ხალხის უძველესი თაობებისა და მოვლენების დაუწერელი ისტორია, მშობლიური ხალხის თავგადასავალი.

კირიონ II, როგორც ჭეშმარიტი მამულიშვილი და ბიბლიის ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე, მტკიცედ იცავდა ქართული ენის სიწმინდეს, რომ იგი არ დანაგვიანებულიყო უცხო სიტყვებით. დღესაც, როცა უცხო სიტყვათა მოძალებით მახინჯდება ქართული ენა, აქტუალურად ჟღერს კირიონის სიტყვები: „დედა-ენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი. დანგრევა მისი ადვილია, ხოლო აღდგენა - ფრიად ძნელი. მხოლოდ იმ ერს აქვს უფლება ისტორიულ ასპარეზზე ცხოვრებისა და მოქმედებისა, რომელიც მუდამ იცავს თავის ენას, ზნეს და ჩვევას“. ქართული ენის სიწმინდის შენარჩუნებისათვის კირიონ II მოითხოვდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეული სალექსიკონო მასალის მოძიებას, განსაკუთრებით ისეთი სიტყვების შეკრებას, რომელიც არცერთ ლექსიკონში არ იყო დაფიქსირებული. ამ მხრივ მან თვითონ გადადგა პრაქტიკული ნაბიჯი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საეკლესიო მსახურების დროს შეკრიბა დიდძალი ლექსიკური მასალა, რომელიც შემდგომ ექვთიმე თაყაიშვილმა „ძველი საქართველოს“ მეორე ტომში გამოაქვეყნა.

კირიონ II, როგორც სიძველეთა მკვლევარი, რუსეთის სამეცნიერო წრეებში კარგად იყო ცნობილი. მის ღვაწლს ისინი დიდად აფასებდნენ. რუსეთის იმპერიის სამეცნიერო წრეების კეთილგანწყობის გამოხატულება იყო, რომ კირიონი 1897-1899 წლებში აირჩიეს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრად.

 

რუსეთში მოღვაწე, სამშობლოს მოშორებული კირიონი ხედავდა, რომ საჭირო იყო აკადემიურ დონეზე საქართველოს ეკლესიის ისტორიის კვლევა. ამის განხორციელება საქართველოში შეუძლებლი იყო, რადგან იმ დროს ჩვენში არ არსებობდა არცერთი სამეცნიერო დაწესებულება. ამ მიზნით, მან დაწერა ნაშრომი „назревший вопрос“ და დააყენა საკითხი, რომ პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში გახსნილიყო საქართველოს ეკლესიის ისტორიის კათედრა. პროგრესულად მოაზროვნე რუსი მეცნიერების დახმარებით მან მიზანს მიაღწია და 1904 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში გაიხსნა აღმოსავლურ ეკლესიათა კათედრა, რომელიც საქართველოს ეკლესიის ისტორიას შეისწავლიდა.

კირიონ II დიდად ზრუნავდა ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლა-განათლებაზე, რითაც მომავალ საქართველოს ახალ სამეცნიერო კადრებს უმზადებდა. მისი ხელშეწყობით რამდენიმე ათეულმა საქართველოდან წასულმა სწავლამოწყურებულმა ჭაბუკმა მიიღო უმაღლესი განათლება რუსეთისა და საზღვარგარეთის სასწავლებლებში. ნესტორ ლეჟავა (შემდგომ მიტროპოლიტი ნაზარი, 1924 წლის რეპრესიების მსხვერპლი, წმინდანად შერაცხული), სამოელ ცომაია, კორნელი კეკელიძე, ალექსი გიორგაძე (შემდგომ ეპისკოპოსი ანტონის სახელით) და სხვები კირიონის სტიპენდიანტები იყვნენ. მატერიალურ შემწეობასთან ერთად კირიონი მათი სულიერი მეგობარი და ჭირისუფალი იყო. მადლიერების ნიშნად კორნელი კეკელიძემ თავისი პირველი შრომა კირიონს მიუძღვნა. ქართველი საზოგადოება დიდად აფასებდა ახალგაზრდების მიმართ მის ასეთ მზრუნველობას. 1907 წლის 20 ივნისს მღვდელი იოსებ ჩიჯავაძე, კირიონს მადლიერებით წერდა: „დიდი საქმეა ჩვენი სამშობლოსათვის, რომ 12-15 კაცს უზრდი, განათლებას აძლევ, ეგრე რომ ემსახურათ 3-4 კაცს ჩვენში, ეხლა საქართველო ბევრად განათლებული და წინ წასული იქნებოდა“. კირიონ II-ის შორს გამიზნულმა ქმედებამ სათანადო ნაყოფი გამოიღო. ბევრი მისი სტიპენდიანტი ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ღირსეული მოქალაქე და შესანიშნავი მეცნიერი გახდა. ამ მხრიც, მარტო კონრელი კეკელიძის ხსენებაც კმარა.

კირიონ II შესანიშნავი წყაროთმცოდნე იყო. მისი ნაშრომები მდიდარ დოკუმენტურ მასალებს ემყარება, რომელიც მან მოიძია მოსკოვის, პეტერბურგის, თბილისის, კამენც-პოდოლსკის, კიევის, ხერსონის, ორიოლის, კოვნოს არქივებსა და ეკლესია-მონასტრებში. თუ წარმოვიდგენთ იმასაც, რომ მაშინ საარქივო სათანადოდ არ იყო დამუშავებული, ნათელი გახდება, თუ რა დიდი შრომა უნდა ჩაეტარებინა მას მასალების მოპოვების დროს. კირიონს კარგად ესმოდა წერილობითი წყაროების მნიშვნელობა და სამართლიანად წერდა: „არქივი არის მართალი მემატიანე... მისი პირით ღაღადებს თვით ჭეშმარიტება. არქივის თვალით გვიცქერიან ჩვენი წინაპარნი და მისი შემწეობით შეგვიძლია თვალი გადავავლოთ ჩვენ მათ მოქმედებას და ღვაწლს“. ასეთი დიდი დანიშნულების გამო კირიონს გადაუდებელ ამოცანად მიაჩნდა არქივის დაცვა და მოვლა-პატრონობა. საქართველოს არქივების ისტორიას მან საინტერესო გამოკვლევა მიუძღვნა.

სამეცნიერო ნაშრომების გარდა კირიონ II პრესაში ხშირად აქვეყნებდა ისტორიულ-პუბლიცისტურ წერილებს, რომელშიც ზოგჯერ დიალოგების სახითაა გადმოცემული ჩვენი ქვეყნის წარსული. ამ სერიათა რიცხვს მიეკუთვნება ნარკვევები, რომელიც ეძღვნება ბაგრატ III-ს, გიორგი ბრწყინვალეს, ლიპარიტ ბაღვაშს და სხვა. იგი მკითხველთა ფართო წრისათვის იყო განკუთვნილი და თავის მიზანს აღწევდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქრისტიანობისათვის თავდადებულ პირთა: დავით გარეჯელის, აბო თბილელის, წმიდა დავით აღმაშენებლის, ანტონ მარტყოფელის, წმიდა ნიონს და სხვათა მიმართ მიძღვნილი კირიონის ნაშრომები.

 

კირიონმა, როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელმა მებრძოლმა, არა მარტო პრაქტიკული საქმიანობით, არამედ სამეცნიერო მოღვაწეობითაც დიდი წვლილი შეიტანა ქართველი საზოგადოების მიერ ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვების კანონიერების დასაბუთებაში. მეტად საინტერესოა მისი პოლემიკური წერილები ივ.ვოსტორგოვის და მისი მსგავსი ანტიქართველების წინააღმდეგ მიმართული. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1906 წელს სინოდის სპეციალურ სხდომებზე საქართველოს ევტოკეფალიის საკითხზე კირიონის მიერ წაკითხული ოთხი მოხსენება: „Грузинский церковный вопрос (историко-канонические основания)“, „Что вынуждает Грузии добываться восстановления автокефалии своей церкви“, „Какой Иверии дарована автокефалия в XI веке?“, „Национальный вопрос в церкви“. აღნიშნულ სხდომებზე კირიონ II-ის გამოსვლას მოწინააღმდეგეებზეც კი დიდი გავლენა მოუხდენია.

კირიონ II, როგორც საეკლესიო ისტორიის მკვლევარი, განსაკუთრებით დაინტერესულია XIX საუკუნის ავტოკეფალია გაუქმებული საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხების შესწავლით. მან ამ საკითხს მიუძღვნა მონოგრაფია „საქართველოს საეგზარქოსოს ისტორია“, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა და დღემდე იგი აღნიშნულ საკითხზე ერთადერთ განმაზოგადოებელ ნაშრომს წარმოადგენს. მეტად საინტერესოა ოსეთის სასულიერო კომისიის, თბილისის სასულიერო სასწავლებლისადმი მიძღვნილი გამოკვლევები, რომლებიც მდიდარ წყაროთმცოდნეობის ბაზას ემყარება: დღემდე აღნიშნული საკითხები ქართულ ისტორიოგრაფიაში სპეციალურ კვლევის საგნად არ ქცეულა. აქტუალურობით გამოირჩევა კირიონ II-ის წერილები, მიძღვნილი აფხაზეთისა და აფხაების შესახებ. იგი 1906 წელს სოხუმის კათედრას განაგებდა.

კირიონ II-ის ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1910 წელს რუსულ ენაზე გამოცემული სქელტანიანი გამოკვლევა - „ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში“, რომელიც მან გადასახლებაში დაწერა. ამ ნაშრომით კირიონ II შესანიშნავ წყაროთმცოდნედ გვევლინება. მას საგანგებოდ შეუსწავლია რუსული და ქართული წყაროები, ერთმანეთისათვის შეუჯერებია და ასკვნის, რომ რუსული მატიანეეები ქართული წყაროების გათვალისწინებით არის შემუშავებულიო. ამ საკითხის გარდა ნაშრომში მრავალი პრობლემაა დასმული. ნაშრომის გამოცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მასზე თავისი აზრი გამოთქვეს აკადემიკოსმა შახმატოვმა და პოლონელმა მეცნიერმა, პროფესორმა ივ.კოზლოვსკიმ. მათ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წინაშე დასვეს საკითხი, მეცნიერულად გამოეკვლიათ კირიონის მოსაზრებები. სამწუხაროდ, არც იმ დროს და არც შემდგომ ასეთი კვლევა არ ჩატარებულა. თვით კირიონი თავისი შრომის შესახებ წერდა: „დამოკიებულება რუსული მწერლობისა ჩვენისგან ცხადია. ძველი მწერლობის ნიმუშები (მატიანე, პატერიკი), სიტყვები და, ასე განსაჯეთ, ხალხური სიმღერაც კი ბევრი აქვთ ჩვენგან ნასესხები. აი, ცნობილი სიმღერა „Эи дубинушка ухнем“... ასეთი მაგალითები ბევრი მოიძებნება. მე მიკვირს მხოლოდ, თუ რატომ აქამდე არ მიაქციეს ამ თვალსაჩინო გარემოებას ყურადღება. მე ჩემ შრომაში დეტალები არ შემიმუშავებია, რადგან ეს მეცნიერთა საქმეა. მე მხოლოდ ზოგადად გამოვთქვი ის, რასაც შემდეგ ანგარიში უნდა გაუწიონ“.

ანალოგიური ხასიათისაა კირიონ II-ის დღემდე გამოუქვეყნებელი ნაშრომი კიევ-პეჩორის მამათა ცხოვრების შესახებ, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ამ ცხოვრების ავტორს შიო მღვიმის მონასტერში შექმნილი მამათა ცხოვრება გამოუყენებია. კირიონ II-ს თავისი მოსაზრებების დასადასტურებლად მოჰყავს კიევ-პეჩორის მონასტრისა და შიო მღვიმის მამათა ცხოვრების ტექსტები და ერთმანეთს უდარებს.

 

რუსეთის სხვადასხვა ეპარქიებში მყოფი კირიონი ყოველთვის ქართულ ძირებს ეძებდა და თუკი რაიმე ხელშესახები აღმოჩნდებოდა, შემთხვევას ხელიდან არ უშვებდა. 1911 წლის დეკემბერში გადასახლებაში მყოფმა კირიონ II-მ დაეწრა მცირე მოცულობის ნაშორმი „ესკიზი“ (როგორც თვითონ უწოდებს) VI საუკუნის ქართული კათედრალური ტავრიდის ხერონში. აღნიშნული ნაკვევის დაწერის მიზეზი გახდა ის, რომ 1897 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს ხერსონში აღმოჩნდა VI საუკუნის ქრისტიანული ეკლესიის ნაშთი, რომელიც თვით რუსი მკვლევარების მიერ ქართულად იქნა მიჩნეული. ხერსონში მყოფმა კირიონმა ადგილზე შეისწავლა ყველა დეტალი, გადაიღო ფოტო-მასალა, შემორჩენილი ნაშთების გეგმა, გაეცნო წერილობით წყაროებს. ამავე ნაშრომში მას მოჰყავს გათხრების დროს აღმოჩენილი ბერძნული წარწერა, რითაც დასტურდება, რომ VIII საუკუნეში იოანე გუთელი ეპისკოპოსი მცხეთაში უკურთხებიათ. კირიონის აღნიშნულ შრომას პრობლემის გარკვევის სრული პრეტენზია არ გააჩნია.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კირიონ II-ის რეცენზია ისტორიკოს მიხეილ თამარაშვილის 1902 წელს გამოცემულ ნაშრომზე - „ისტორია კათოლიკობისა ქართველებს შორის“. აღნიშნულ შრომას ქართველი საზოგადოებრიობა და სამეცნიერო წრეები მოწონებით შეხვდნენ, მიუძღვნეს შესანიშნავი რეცენზიები. მ.თამარაშვილმა ახალი დოკუმენტების შემოტანით დიდად გაამდიდრა ქართული ისტორიოგრაფია. კირიონ II-მ კრიტიკულად განიხილა აღნიშნული შრომა და მიხეილ თამარაშვილის ზოგიერთი დასკვნა არ გაიზიარა. კერძოდ ის, რომ თითქოს „საქართველოს ეკლესია სხიზმის შემდეგ (1054 წელი) რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას არ გამოყოფია“. მ.თამარაშვილს აღნიშნული დებულების დასამტკიცებლად მოჰყავს XIII-XIV საუკუნის ზოგიერთი წყარო, სადაც მართლაც ქართული ეკლესია მოხსენებულია რომის კათოლიკური ეკლესიის შემდეგ. კირიონი სამართლიანად აღნიშნავს, რომ იგი ასახავს განხეთქილებამდე შექმნილ ვითარებას. კირიონი სხვა კრიტიკულ შენიშვნებსაც გამოთქვამდა მ.თამარაშვილის ნაშრომის მიმართ. მან დასახელებული რეცენზიის გამოქვეყნება საჭიროდ არ მიიჩნია, რადგან მ.თამარაშვილის აღნიშნული შრომა, წმინდა მეცნიერულ ღირებულებებთან ერთად, ქართველ კათოლიკეთა ეროვნულ-სარწმუნოებრივი პრობლემების გადაწყვეტას ისახავდა მიზნად, კირიონის რეცენზია ცნობილი გახდა მ.თამარაშვილისთვის, მაგრამ ამ უკანასკნელს გულისწყრომით არ მიუღია მისი შენიშვნები. პირიქით, 1910 წელს რომში, ფრანგულ ენაზე გამოცემული საქართველოს ეკლესიის ისტორიაში მან გამოაქვეყნა კირიონ II-ის სურათი და ევროპას ამცნო, რომ ავტოკეფალიისათვის მებრძოლი ქართველი მღვდელმთავარი რუსეთის ერთ-ერთ მიყრუებულ მონასტერშია გამოკეტილიო.

როგორც აღინიშნა, კირიონის შრომების უმეტესი ნაწილი რუსულ ენაზეა დაწერილი. მიზანი ნათელი იყო - რუსეთი და ევროპა მისი ნაშრომებით უნდა გასცნობოდა საქართველოს მდიდარ წარსულს. კირიონის ჩანაფიქრი გამართლდა. მან თავისი ნაშრომებით დიდად გაითქვა სახელი რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ. რუსი სწავლულები მას დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ. პ.კარბელაშვილისადმი გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში იგი 1902 წელს შენიშნავს: „მეტის მეტი გაზვიადებული აზრია გავრცელებული ჩემზედ, როგორც ისტორიკოსზედ და არქეოლოგზედ. განა მარტო სასულიერო წოდება, ყველა, ვინც კი ბეჭდურ გამოცემებს კითხულობს, დიდის მოწიწებით მექცევა. რამდენი შესძლებია, მამაო, კალმის პატარა წვერს. მეც ვცდილობ, დღე და ღამეს ვასწორებ, რომ მეტი საქმე გავაკეთო“. პატივისცემის ნიშნად რუსმა სწავლულებმა კირიონ II „საღვთისმეტყველო ენციკლოპედიის“ რედაქციის წევრად აირჩიეს. იმავე ენციკლოპედიაში გამოქვეყნდა მისი რამდენიმე სტატიაც.

უცხოელი მეცნიერებიდან კირიონს თანამშრომლობა აკავშირებდა იტალიელ სწავლულ ბერთან აურელიო პალმიერთან. კირიონის ნაშრომების გაცნობის შემდეგ იგი დაინტერესდა საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებით. კირიონის მიერ მიწოდებული წყაროებისა და ლიტერატურის გამოყენებით მან რამდენიმე სამეცნიერო გამოკვლევა გამოაქვეყნა საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ ჟურნალ „ვისარიონში“. ა.პალმიერს გადაწყვეტილი ჰქონდა, კირიონის ხელშეწყობით ემუშავა ბიბლიის ქართულ თარგმანზე.

 

ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას კირიონ II-ის არქივში დაცული ზოგიერთი გამოუქვეყნებელი შრომის შესახებ, რომლის გამომზეურებასა და აღნიშვნას დიდი ამაგი დასდო აწ გარდაცვლილმა მეცნიერებემა ალისო აბრამიშვილმა და ვახტანგ გურგენიძემ. ამ რამდენიმე წლის წინ კი დეკანოზმა მიქაელ ჭაბაშვილმა კარგი საქმე გააკეთა. ქართულ ენაზე გამოსცა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი კირიონის ნაშრომი „ღირსი სტაფანე და მის მიერ დაარსებული ხირსის მონასტერი“. კირიონის გამოუქვეყნებელ შრომებიდან დიდ ყურადღებას იმსახურებს გაიოზ რექტორისადმი მიძღვნილი მონოგრაფია, რომელიც ასტრახანის, რუსეთისა და სხვა არქივებში დაცულ წყაროებს ეყრდნობა. აგრეთვე საინტერესოა ვალეს ღვთისმშობლის ტაძრისადმი მიძღვნილი გამოკვლევა უამრავი ეპიგრაფიული მასალით, რომლის გამოქვეყნება აუცილებელია.

შორს წაგვიყვანს კირიონის შემოქმედებაზე საუბარი. მითუმეტეს, რომ ჩვენს მიზანს არ წამოადგენს მთელი მისი ისტორიული ნააზრევის წარმოჩენა. დასკვნის სახით დავძენთ, რომ მისი ნაშრომები ძირითადად ეყრდნობა წერილობით წყაროებს, რომელთა კრიტიკული ანალიზის შედეგად ახდენს დასკვნების გაკეთებას. ბევრ თანამედროვე მკლევარს დღესაც კი შეშურდება მისი ნაშრომების კარგად გამართული სამეცნიერო აპარატი და წყაროების სიუხვე. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე მეცნიერულ მიმოქცევაში გამოყენებული არაა არა თუ კირიონის გამოუქვეყნებელი მასალა, არამედ მისი გამოქვეყნებული ნაშრომებიც კი. არადა მის მემკვიდრეობაში ბევრი პოზიტიური მოიპოვება, რომელიც დიდად წაადგება ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებას.

საქართველოს ეკლეიის მწყემსმთავრად დადგინების შემდეგ კირიონს განზრახული ჰქონდა კვლავ გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ ეკლესიის შიგნით შემქნილი გართულებული მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევდა. მოცალეობის ჟამს მაინც ახერხებდა დაუსრულებელი ნაშრომების ჩასწორებას და გამოსაცემად მომზადებას. როგორც წყაროებით ირკვევა, კირიონს განზრახული ჰქონია, მემუარების დაეწერა. იმ საბედისწერო დღეს, 1918 წლის 26 ივლისს, როცა იგი მღვდელ-მონაზონ ტარასი კანდელაკთან ერთად მარტყოფის მონასტერში მიემგზავრებოდა დასასვენებლად, მისთვის განუცხადებია: აუცილებლად მოგონებები უნდა დავწერო ჩვენი ეკლესიის უახლოესი წარსულის შესახებ. შთამომავლობამ უნდა იცოდეს ყოველივე ის, რასაც ალბათ, ჩვენი ისტორია ვერ შემოინახავს. სამწუხაროდ, მის ამ განზრახვას შესრულება არ ეწერა, რადგან გვიან ღამით იგი ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში, რითაც მისი ბევრი ოცნება განუხორციელებელი დარჩა.

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი,
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი
ელდარ ბუბულაშვილი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 9-12, 2005 წ.