მაქსიმე შარაძე |
იშვიათია ისეთი სულიერი ადამიანი, როგორიც გახლდათ მაქსიმე შარაძე. პირველ ქრისტიანთა დარი რწმენა ჰქონდა, იმათგვარი, პავლე მოციქული წმინდანებს რომ უწოდებს. მის თანამედროვეთაგან თითო-ოროლამ თუ იცოდა მაქსიმეს ფასი, მისი გარდაცვალებაც დიდად არ უგლოვიათ, იმდროინდელ პრესაში ერთი ხეირიანი ნეკროლოგი არავის გამოუქვეყნებია კუკიის სასაფლაოზე მიუჩინეს განსასვენებელი და მისი საფლავი უყურადღებობით დაიკარგა...
მაქსიმე შარაძე გურიაში, სოფელ ეწერში დაიბადა 1859 წელს. დედამისი, ნინო, დიდად მორწმუნე ქალი იყო, მხნე, გამრჯე, მლოცველი. სიყრმიდანვე ჩაუნერგა შვილს ღვთისა და კაცის სიყვარული. მაქსიმე ნიჭიერი, დაუზარელი, მშვიდი და ჭკვიანი ბავშვი ყოფილა, თვალს მოფარებული ხშირად დაიჩოქებდა და ლოცულობდა თურმე. ღმერთო, კაი ჭკუა მომეცი და კარგი კაცი გამომიყვანეო. ლოცვის შემდეგ სახე უბრწყინავდა. ერთხელ მარჩენალი ძროხა დაეკარგათ. ბევრი ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. „შვილო, - უთხრა დედამ, - შენ ჯერ პატარა და უცოდველი ხარ, შეეხვეწე უფალს, იქნებ ძროხა გაპოვნინოსო“. მაქსიმე მაშინვე გაექანა ტყისაკენ, დაიჩოქა ტყის პირას, შეეხვეწა უფალს, ძროხა ეჩვენებინა და აღუთქვა: სამაგიეროდ, მამასავით შეგიყვარებ და შვილივით გემსახურებიო. გაათავა ლოცვა, წამოდგა ფეხზე და ძროხის ბღავილიც მოესმა. „ღმერთო, იქამდე იბღავლოს, სანამ თავზე არ წავადგებიო“, - ინატრა ბიჭმა და ეს წადილიც შეუსრულდა. ძროხა ტალახში ჩაფლულიყო. დაიჩოქა და: „გმადლობ, ღმერთო, რომ მაპოვნინე, ეგ სიკეთე არასოდეს დამავიწყდებაო“.
9 წლისა სოფელ კახურის სასწავლებელში შეიყვანეს. კახურს იმიტომ უწოდებდნენ, რომ სოფლის ეკლესიაში კახეთიდან მობრძანებული წმინდა გიორგის ხატი ესვენა. სწავლა ძალიან უყვარდა მაქსიმეს და მასწავლებელს უჩიოდა, იმდენს არ გვასწავლის, რამდენის სწავლაც შემიძლიაო. ნაწყენმა მასწავლებელმა ჯერ სცემა, მერე კი ცალკე, დამატებით დაუწყო სწავლება. ბიჭმა სასწავლებელი დაამთავრა და დედაც გარდაეცვალა. ცოტა ხნის შემდეგ მამამ ოზურგეთის სამკლასიან სასწავლებელში შეიყვანა, მაგრამ სიღარიბის გამო ვერ დაასრულებინა და ბავშვი მეზობელ ვაჭარს გააყოლა ბათუმის მახლობლად, სოფელ შეკვეთილში. ალალმართლობით და ერთგულებით მაქსიმემ ვაჭრის დიდი ნდობა დაიმსახურა. მერე 6 წელი ხაშურში დაჰყო. ბიბლიის და გაბრიელ ეპისკოპოსის „ქადაგებების“ კითხვამ უფრო შეაყვარა მარხვა და ლოცვა, შესძინა ცოდნა. იქაურ მეგობრებს უკითხავდა „ქადაგებებს“ თუ საღმრთო წერილს. ყმაწვილს ებრაელი ახალგაზრდებიც ყურადღებით უსმენდნენ.
ხაშურიდან მაქსიმე თბილისში წავიდა და მეფისნაცვლის სასახლეში მოსამსახურედ დადგა, სადაც ყველას შეუყვარდა. საჭმელ-სასმელი თავზე საყრელად ჰქონდა, მაგრამ მარხვასა და ყველა საღმრთო მცნებას მტკიცედ იცავდა. რამდენიმე წლის შემდეგ ავად გახდა. დაღონებული სოფელში წავიდა. წმინდა გიორგის ეკლესია მოილოცა, დროშა შესწირა ტაძარს, მღვდელს შესამოსელი უძღვნა. ახლობლებმა ბევრი უწამლეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ მის სნეულებასთან, ბოლოს, მღვდელმა უთხრა: „ტყუილად წუხხართ მაგისთვის. მაქსიმეს არაფერი სტკივა, ეგ მეტისმეტად მორწმუნე კაცია, უეჭველი რწმენით სწამს ღმერთი და მისგან დადებული საუკუნო ნეტარება და საუკუნო სასჯელი. ამ სარწმუნოების მიზეზით წუხს. კაცებრივი ბუნება ვერ იტევს ამისთანა მგზნებარე სარწმუნოებას და ავად ხდება, საუკუნო ნეტარება არ დავკარგო და საუკუნო სასჯელში არ ჩავვარდეო... მაგას ხორციელი მკურნალი არ უნდა, სულიერი ნუგეში ეჭირვება, რადგან სულ მცირე, უმნიშვნელო შეცდომა ისე დიდად წარმოუდგენია, როგორც მომაკვდინებელი ცოდვა“. მღვდელმა უწირა, ულოცა, ზეთი უკურთხა, შემდეგ დაარიგა და გაამხნევა. მაქსიმემ დიდი ნუგეში და სიხარული იგრძნო.
გავიდა ხანი. მაქსიმემ სოფლის დატოვება განიზრახა, ეკლესიები მოილოცა, შუაღამისას ადგა და ქუთაისის გზას ფეხით გაუდგა. მეორე დღეს ნათესავებმა მისი წერილი მიიღეს: „მე დღეის შემდეგ ამ ქვეყანაზე აღარა ვარ, ყველამ მკვდრად ჩამთვალეთ, რადგან ღვთის შეწევნით საუკუნო ცხოვრების გზას დავადექი“. მაქსიმეს სამტრედიის ახლოს ერთი საწყალი კაცი შეხვდა. თავისი ტანსაცმელი ძველ სამოსში გაუცვალა და გზა განაგრძო. გელათი და მოწამეთა მოილოცა. იქაურ ბერებს შესჩივლა, - მინდა აღვასრულო ღვთის მცნებანი, ვიცხოვრო ისე, როგორც მისთვის არის სასიამოვნო, მაგრამ ბევრი რამ მაბრკოლებსო. ბერებმა გაამხნევეს: ღვთისმოყვარეობას მტკიცედ დაადექი და ნურაფრისა გეშინია. როცა სულითა და გულით ღმერთს მიენდობი, შენი მზრუნველი და მფარველი ის იქნებაო. სულით გამხნევებული ქუთაისისკენ დაეშვა. რამდენიმე დღე მშიერი დადიოდა. ფული არ ჰქონდა და ისე არავინ შეიწყალა. თავის თავს შეუძახა გამხნევდი, არ გაახარო ბოროტი სული, მას უნდა, გაჭირვებით ცოდვაში ჩამაგდოსო. გაჭირვებას ლოცვით იქარვებდა.
ბოლოს, როგორც იქნა, ერთ პატიოსან მოქალაქესთან იაფი სამუშაო იშოვა. ამ კაცმა შეამჩნია, რომ მაქსიმე შუაღამისას ფანჯრიდან გადაიპარებოდა და სადღაც მიდიოდა. ეტყობა, ქურდობსო. ადგა და ჩუმად გაჰყვა. მაქსიმე მივიდა მთავარანგელოზის ეკლესიაში, ცისკრის ლოცვაზე გულხელდაკრეფილი და მუხლმოდრეკილი ლოცულობდა. კაცმა არ დაიჯერა, მეორედაც გაჰყვა და ისევ ტაძარში რომ მივიდა, მაშინ გააფრთხილა სახლეულნი, ეგ ღვთის კაცია და პატივისცემით მოექეცითო. მაქსიმე მიხვდა, შეიტყვეს ჩემი ამბავი და ასეთი პატივით იმიტომ მექცევიანო. მიუხედავად სახლის პატრონის თხოვნისა, მიატოვა ქუთაისი და თბილისისკენ წამოვიდა ფეხით. ჯამაგირი გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი გზადაგზა დღიურად მუშაობდა. თბილისში ადგილი იშოვა „ერთ დიდ, შეძლებულ კაცთან“ (ილია ჭავჭავაძესთან). იქ მას ცალკე ოთახი მისცეს. რადგან ზნეკეთილობა შეამჩნიეს, არაფერს უშლიდნენ და მაქსიმემაც თავისი საქმე განაგრძო. რა იყო ეს საქმე? ღვთის სიტყვის ქადაგება. მისი პატარა ოთახი ყოველ საღამოს ხალხით იყო სავსე, ვეღარც ეტეოდნენ საღმრთო წერილის სწავლისა და სახარების სიტყვის მოსმენის მსურველნი. თუ სადმე ქალაქში წმინდათა ცხოვრების ამსახველი წიგნები იყიდებოდა, ყველა შეიძინეს. მაქსიმე ისე ლმობიერად ქადაგებდა, რომ მსმენელთ გულში ღვთის შიში და სიყვარული ენერგებოდათ. იმის დასტურად, თუ რამხელა ძალა ჰქონდა მის ნათქვამ სიტყვას, ერთ ამბავს გავიხსენებთ. ერთხელ მაქსიმე ბილიარდის მოთამაშეებთან შევიდა და უთხრა: აბა, ძმებო, გთხოვთ, ყური დამიგდოთ, კაი ამბავი უნდა წაგიკითხოთო. მათ ბილიარდის თამაში შეაჩერეს და მაქსიმემ დაიწყო წმინდა გიორგის ცხოვრების კითხვა. მოთამაშეებმა ტირილი დაიწყეს, ჯოხები დაყარეს და მას მერე მაქსიმეს აღარ მოშორებიან.
როცა ღვთისმოყვარეთა გუნდი ძალიან გამრავლდა, მაქსიმემ თქვა: ამდენ ხალხს ეს ოთახი ვეღარ გვიტევს. კარგი იქნება, ერთი „უფასო საღმრთო წიგნთსაკითხავი“ და საგალობელი კაბინეტი დავაარსოთ. მე თვეში 25 მანეთი მაქვს ჯამაგირი და მას მთლიანად ამ საქმეს შევწირავ, ოღონდ თქვენც დამეხმარეთო. შეიძინეს სასულიერო წიგნები, გაზეთები. ეს ამბავი ეგზარქოსის ყურამდე მისულა, იფიქრეს, ალბათ სექტანტური ორგანიზაციააო და მისი მოთავე მაქსიმე შარაძე დააპატიმრეს, შემდეგ კი ეგზარქოსს წარუდგინეს. მან რომ ნახა, ეკლესიის საწინააღმდეგოს არაფერს სჩადიოდნენ, ნება დართო მოქმედებისა და მეთვალყურედ ორი დეკანოზი დაუდგინა. ერთი, პეტრე კონჭოშვილი, ხშირად მიდიოდა მათ „კაბინეტში“ და მრავალ სასარგებლო რამეს ასწავლიდა ახალგაზრდებს.
აღსრულდა მაქსიმეს ოცნება - ადამიანებმა ღვთის სიტყვის სწავლა დაიწყეს. ერთხელ, საუბრისას, გულისნადები გაუმხილა მეგობრებს. მოუყვა იმ სულიერ ფერისცვალებაზე, თვითონ რომ განიცადა, ცოდვისაგან განშორებამ მის გულში ხომ უდიდესი სიხარული დაბადა და შეკრებილთაც მოუწოდა, - განეშორეთ ცოდვას, შეინანეთ და მაშინ ჰნახავთ, როგორ აღგიტაცოსთ გამოუთქმელმა სიხარულმა, იმისთანა სიხარულმა, რომლის მსგავსი არ გაჩენილა ჯერ თქვენში, და არც გაჩნდებოდა, ათასი წელიც რომ გეცოცხლნათ, სანამ არ დაადგებოდით ღვთის გზას. ადამიანს გააბედნიერებს ღვთის სამსახური. ბედნიერია და ღირსი ქებისა ის, ვისაც მთელი სიცოცხლე შეუწირავს ჭეშმარიტებისთვის. ჩვენი მოშივებული სული თხოულობს ღვთის სამსახურით და კეთილის საქმეებით გაძღომას და თუ ეს არ შეუსრულდა, მაშინ სული საშინელ მოწყინებაშია, სწუხს თვის სიღარიბეს... მაშ გავამხიარულოთ იგი ჩვენის უმანკო და წმინდა ცხოვრებით და შევაერთოთ ღმერთთან ჩვენი ცხოვრება, იესო ქრისტეს ცხოვრებასთან მიმსგავსებით... ღმერთო, რა კარგი იქნებოდა, როგორც მოქადაგე ლაპარაკობს აღტაცებით, ისე აღტაცებით მაყურებელიც ისმენდეს! სწორედ რომ ანგელოზები გავხდებოდით ყველანი. წარმოიდგინეთ ჩემი განუზომელი სიხარული, როცა ვნახავ ჩემის სიტყვებით აღტაცებულს!.. სულის ცხონება თურმე აქაც შეიძლება. მოიძულოს კაცმა ყოველი ცოდვა, განიწმინდოს მარხვით და სინანულით თავი თვისი, აღასრულოს ღვთის მცნება უნაკლულოდ, ქმნას იმდენი კეთილი საქმე, რამდენიც კი შეუძლია და ნამდვილად ცხონდება ამ სოფელში. უდიდესი ყველა კეთილ საქმეში კი არის კაცის დარიგება და მისი სარწმუნოებაზედ მოყვანა...“
მაქსიმე ყოველ ცისმარე დღეს ღვთის დიდებით იწყებდა, ჩაფიქრდებოდა, იქნებ გუშინდელზე უკეთესი გავხდეო. ადიდებდა ღმერთს, შემდეგ კი შეუდგებოდა დაკისრებულ საქმეს. კაცს რომ გაიცნობდა, ოცნებობდა, ღვთის გზაზე როგორ დავაყენოო. ხშირად, მისდა გასაკვირადაც, მისი ქადაგება ადამიანებს უფლისაკენ მოაქცევდა. ყველა უყვარდა - ბოროტიც კი, რადგან მხოლოდ სიყვარულით შეეძლო მისი ბოროტებისაგან მოქცევა და კეთილ გზაზე დაყენება. მთელ დღეს ღვთისა და კაცის სამსახურში რომ განლევდა, საღამოთი უფლისა და კაცის სიყვარულით, მეტისმეტი ბედნიერებით და სიხარულით თავს ძლივს იმაგრებდა. ეგონა, ცაში ანგელოზებთან ერთად დავფრინავო. განსაცდელები არ აკრთობდა, უფრო აქეზებდა და ხელს უწყობდა ღვთის სამსახურსა და კეთილ საქმეში. მის უზომო ბედნიერებას აბრკოლებდა სხვებზე დარდი და წუხილი - რატომ სხვებიც კეთილად არ ცხოვრობენო.
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) |
აი, ასეთი მართალი კაცი ემსახურებოდა წმინდა ილია მართალს. „დიდი ნდობა ჰქონდათ ილიას და მის სახლობას მაქსიმესი, ყველანი შვილსა და ძმასავით უყურებდნენ. ილია რომ სხვაგან წავიდოდა, მთელ ქონებას მაქსიმეს ჩააბარებდა. ოჯახის საქმეებსაც ყურს უგდებდა და უფროსი მოურავიც იყო ილიას სახლში“. ეს ნდობა წმინდა ილიას ერთმა შემთხვევამაც გაუმყარა. ორი წლის სამსახურის შემდეგ მაქსიმეს მისთვის უთქვამს: „თქვენთვის, თქვენის მონდობილობით, სანოვაგეს, სურსათს და ათას რამეს რომ ვყიდულობდი, ფულს გადავარჩენდი ხოლმე და ოც თუმანზე მეტი შევკრიბე. ახლა ვგრძნობ, რომ ასეთი საქციელი დიდი ცოდვაა და ამიტომ გიბრუნებთ ამ ფულსო“. ილიამ ფული ჯიბეში ჩაიდო და უთხრა: „კარგად მოქცეულხარ, ასე სჯობსო“. „ივერიის“ თანამშრომლები ალაპარაკდნენ: რა ძუნწია ილია, ამ ფულიდან მაქსიმესთვის რამე ეჩუქებინაო. ეს თურმე ილიამაც გაიგო და უთქვამს: „როგორ, მოპარული რომ უკან დამებრუნებინა, თუნდაც ნაწილი, განა ამით შეურაცხებას არ მივაყენებდი? ის კაცი მართალ გზას დასდგომია და ჩემის ასეთის უმართებულო საქციელით ამ მართალ გზას ხომ არ გადავაცდენდიო“. სამაგიეროდ, ამის შემდეგ ილიამ მაქსიმე რედაქციის მოლარედ დანიშნა და ისე ენდობოდა, რომ სტამბისთვის მსწრაფლმბეჭდავი მანქანის შესაძენი 3000 მანეთის თავდებადაც დაუდგა. მაქსიმე იყო ილიას ყოველდღიური ტიტანური შრომის თვითმხილველი. „კაცო, რაზე ჩამკალ, ვერ მეტყოდი, კმარაო?“ - უსაყვედურა ერთხელ შემოთენებულმა ილიამ. მაქსიმე თურმე რამდენჯერმე შესულა, მაგრამ ისე იყო გართული ილია საქმეში, ვერ გაებედა „კმარას“ თქმა. მაქსიმე „ივერიის“ ხაზინადარიც იყო და ექსპედიტორიც. ოთხი კაცის საქმეს აკეთებდა - ასოთამწყობიც იყო და კორექტორიც. „სწორედ წარმოუდგენელია, საიდან ჰქონდა ესოდენი ძალა და ღონეო, - ჰკვირობს მისი ერთი თანამედროვე, - იმისი სახელი ყოველი მხრის მოისმოდა: რედაქციიდან, ილიას სახლიდან, სტამბიდან და ყველა მომავალ-წამავლისაგან“.
„უფასო საღმრთო წიგნთსამკითხველოს“ საქმეც კარგად მიდიოდა, მრავალი ახალგაზრდა დააყენა მან ღვთის გზაზე, ამ სამკითხველოში გალობასაც ასწავლიდნენ. ერთხელ, გიორგობას, ქაშუეთში მელქისედეკ ნაკაშიძის გუნდის გალობისთვის მოუსმენია მაქსიმეს. გული აუჩუყდა, ატირდა თურმე რა კარგი გალობები გვქონიაო. წირვის შემდეგ მელქისედეკს გამოეცნაურა და თავისთან მიიწვია მასწავლებლად. მართლაც, მელქისედეკის მეცადინეობით ბევრმა ახალგაზრდამ შეისწავლა გალობა. განსაკუთრებით სწრაფად სწავლობდა მაქსიმე და მასვე ავალებდა მელქისედეკი, რომ სხვებისთვისაც ესწავლებინა.
სამკითხველოს ხშირი სტუმრები იყვნენ წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე) და მისი ძმისწული ლეონიდე. წმინდა მღვდელმთავარი დიდად ხარობდა ახალგაზრდების მონდომებით და ამხნევებდა მათ. მელქისედეკისაგან ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ბევრი საგალობელი დაისწავლეს. მაქსიმეს შედგენილი გუნდი მისივე ლოტბარობით გალობდა თბილისის სხვადასხვა ეკლესიაში. როცა 1893 წელს განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხედარი გადმოასვენეს, მის ნეშტს დიდუბის ეკლესიისკენ შარაძის გუნდიც მიაცილებდა გალობით. მაქსიმე თბილისის სემინარიის გალობის მასწავლებლადაც აირჩიეს და ისიც მეტისმეტი გულმოდგინებით ასწავლიდა სემინარიის შეგირდებს, ცდილობდა ღვთისა და სამშობლოს სიყვარული ღრმად ჩაენერგა მათ გულებში.
გადიოდა დრო, ზოგიერთი ამხანაგი ჩამოშორდა წიგნთსაკითხავს. ბევრს საწევრო ფულიც არ შეჰქონდა. ის კი თავის ჯამაგირს უდრტვინველად იხდიდა ოთახის ქირაში. ნუგეშობდა და ხარობდა მხოლოდ იმით, რომ ყოველ მსურველს გალობა ესწავლა. თუ ვინმე ფულის შეუტანლობისთვის ბოდიშს მოიხდიდა, ეტყოდა: ნურავის შეაწუხებთ ფულისთვის, მე გადავიხდიო,
წიგნთსაკითხავის დაარსებისთანავე მაქსიმემ წმინდანთა ცხოვრებისა და ზნეობრივი წიგნების თარგმნასა და გამოცემას მიჰყო ხელი. სტამბაც ამ საქმისთვის შეიძინეს. ამ სტამბაში 25 წლის განმავლობაში 4000-მდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა დასტამბეს. მათ შორის 500-მდე წიგნი თავიანთი ხარჯით გამოსცეს. თვითონ მაქსიმემ ოთხმოცამდე წიგნი თარგმნა და გამოსცა. წიგნებს ძალიან მცირე ფასს ადებდნენ, დიდ ნაწილს კი მუქთად ავრცელებდნენ. „შარაძე და ამხანაგობის სტამბის“ დამფუძნებლები იყვნენ: მაქსიმე შარაძე, ესტატე კერესელიძე, ვასილ გძელიძე და ივანე ზაქარაშვილი. მათ პირობა ჰქონდათ დადებული, უჯამაგიროდ ემუშავათ. თუ რამ სარგებლობა შემოვიდოდა, ისევ საერთო საქმისთვის მოეხმარებინათ. თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, მისი წილი ქონება დანარჩენ ძმებს რჩებოდათ. მაქსიმე შარაძის სტამბა „ივერიის“ რედაქციის ქვედა სართულზე იყო მოთავსებული, ილიას დის, ელისაბედ საგინაშვილის სახლში. სასულიერო შინაარსის წიგნების გარდა რუსულ, ქართულ და სომხურ ენებზეც გამოსცემდნენ წიგნებსა და ჟურნალებს. შარაძის სტამბაში დაბეჭდილა ილიას „ქვათა ღაღადი“, იაკობ გოგებაშვილის „რუსკოე სლოვო“ და სხვა. აღსანიშნავია მაქსიმეს მიერ ექვს წიგნად გამოცემული „რჩეული სიტყვები სხვადასხვა წიგნებიდან გამოკრეფილი“, რომლებიც მამათა სწავლებებთან ერთად შეიცავს მაქსიმეს ღრმადსულიერ ნააზრევსაც. ხალხი მათ სტამბას „ბერების სტამბას“ უწოდებდა კეთილმსახურებისა და წმინდა ცხოვრების გამო. სტამბის ძმობას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბეთანიის, ზედაზნის, თბილისის ფერისცვალებისა და შიომღვიმის მონასტრებისა და ათონის წმინდა მთაზე ქართველთა სავანის ბერებთან. მათგან წიგნთსაცავიდან გადმოწერილ წმინდათა ცხოვრებასა და ქადაგებებს იღებდნენ, ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ.
1890 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ მაქსიმესა და ესტატეს ცნობილი მომღერალი ფილიმონ ქორიძე გააცნო, რომელმაც მათ ერთ თვეში ნოტები შეასწავლა. ძმობამ საგალობლების გამოცემა განიზრახა. ილია ჭავჭავაძემ მოსკოვში წერილი მისწერა ალექსანდრე ხახანაშვილს და მისი დახმარებით სანოტო შრიფტი შეიძინეს. შემდეგ გაბრიელ ეპისკოპოსს ფილიმონის მიერ ნოტებზე გადაღებული საგალობლები სთხოვეს დასაბეჭდად. 1892 წლიდან სტამბაში საგალობლების ბეჭდვა დაიწყეს. 1500 ეგზემპლარს ბეჭდავდნენ და ამასაც გალობის შესწავლის მსურველებს უფასოდ უნაწილებდნენ. 1895 წელს მაქსიმემ სამი წიგნი გამოსცა „ქართული გალობისა“, 1899 წელს - „მიცვალებულის გალობელი“, 1901 წელს - „პირველშეწირულის საგალობელნი“ და სხვა. ფილიმონ ქორიძემ განიზრახა ქართულ ენაზე გამოეცა ნოტების სახელმძღვანელო. თუ ასეთ სახელმძღვანელოს მომიტანთ, ბატონო ფილიმონ, ტყავს გავიძრობ და ჩემი ხარჯით დავბეჭდავო, - უთქვამს მაქსიმეს. მართლაც, 1895 წელს გამოსცა კიდეც ეს სახელმძღვანელო. მაქსიმე ისე გაწაფულა ნოტების ნიშნებში, რომ თვითონაც ჩაუწერია რამდენიმე გალობის კილო.
ქართული გალობა გადასარჩენი იყო, ამიტომაც მაქსიმეს და ესტატეს დრო აღარ დაუკარგავთ და მის ერთადერთ სრულყოფილად მცოდნესთან, ანტონ დუმბაძესთან გაუგზავნიათ ფილიმონ ქორიძე გალობების ჩასაწერად. იმ მცირე საფასურთან ერთად, ფილიმონს და ანტონს რომ უხდიდნენ ამ საქმეში, სულიერადაც განამხნევებდა მათ მაქსიმე. „ივერიაში“ დაბეჭდა კიდეც წერილი „გალობის ერთი მოყვარულთაგანის“ ფსევდონიმით (ეს მაქსიმე უნდა იყოსო, - ფიქრობს ბატონი ლუარსაბ ტოგონიძე), სადაც ავტორი აგულიანებს ფილიმონს და ანტონს, - აბა, თქვენ იცით, ბოლომდე გაიყოლეთ გალობის ჩაწერის ხალისიო. 1897 წელს ფილიმონმა დაასრულა საგალობლების ჩაწერა. გალობათა ჩაწერისას დიდად დახმარებია მათ არისტო ქუთათელაძე (აქვე აღსანიშნავია არისტოს ღვაწლი ბეთანიის მონასტრის აღდგენაში). 1901 წელს მაქსიმეს სტამბა დაუხურეს პროკლამაციების დაბეჭდვის გამო (ეს მის უნებურად მომხდარა), არისტოს მეცადინეობით ერთი წლის შემდეგ კვლავ გაუხსნიათ, მაგრამ ამან ისე იმოქმედა მაქსიმეზე, რომ ლოგინად ჩააგდო. თუმცა გამოკეთდა, მაგრამ ვერ გამოჯანმრთელდა. ჭლექი თანდათან მოერია. სხვა ამ დროს სამკურნალოდ მოიცლიდა, მაგრამ მაქსიმე ასე არ მოქცეულა, სანთელივით ბოლომდე იწვოდა. მრავალი გაჭირვებისა და ავადმყოფობის მიუხედავად, ყოველთვის ფიცხელი სისასტიკით მარხულობდა, ხორცის ჭამა სიყრმიდანვე აიკრძალა. დიდმარხვის შვიდეულს ისე განვლიდა, არაფერს შეჭამდა. მძიმე ავადმყოფიც კი შაბათ-კვირას უქმობით ნაშუადღევამდე საჭმელს არ მოღებდა, თუ დააძალებდნენ, ეტყოდა, - ის არ მეყოფა, წირვა-ლოცვას ვერ დავესწარი, მის გამოსვლამდე არ მოვითმინოო. ხან სამი დღე ისე გაივლიდა, პურს არ გატეხდა, დაითმენდა ხორციელ ბრძოლებს. სხვისი არაფერი ეხარბებოდა. ქალწულების აღთქმას მტკიცედ იცავდა, ცდილობდა, ფიქრითაც არ დაერღვია. ქუჩაში სიარულის დროს ქუდი თვალებზე ჰქონდა ჩამოფარებული. ყოველთვის შრომობდა და თავს ნებას არ აძლევდა, თავისუფალ დროს გასართობად, სეირის საცქერლად წასულიყო. მაქსიმესთან შეუძლებელი იყო უბრობა. თუ ვინმეს შეამჩნევდა, ჩემზე გაჯავრებული წავიდაო, უეჭველად წერილს მისწერდა ტკბილს და საგულისხმოს. ხმა არასოდეს აუმაღლებია, გახლდათ მშვიდობიანი, წყნარი, მართალი. სიცრუე მის ბაგეთაგან არასოდეს ამოსულა. ერთხელ წიგნის გამომცემელმა სთხოვა, მეტად შემიფასე და უფრო მეტ ფულს გადამიხდიანო. მაგრამ მაქსიმემ თავის ასაღებ ფულზე თქვა უარი და ტყუილი არ იკადრა. გახლდათ ყოველთვის მართლისმთქმელი, არ უყვარდა ფარისევლობა, არავინ დაუჩაგრავს თავისი თავის მეტი. ბავშვისთვისაც კი არ უთქვამს „ბიჭი“, არც სხვა ზედმეტი სახელი, არც არავინ განუკითხავს - არც საერო და არც სასულიერო პირნი. ამბობდა როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას. თუ პირში ძვირს არ ეტყვი, ნურც უიმისოდ იტყვიო. უაღრესად მოწყალე გახლდათ. საუკუნო სასჯელის შიშით, ღვთის სასჯელამდე საკუთარი თავი დასაჯა, შეავიწროვა საკუთარი სხეული, არც სულს მისცა გასაქანი. სხვისი დიდი ცოდვა ერთ ბეწვადაც არ მიაჩნდა, საკუთარ უმნიშვნელოს, მაგალითად, წყლის დალევისას ჯვრის გამოსახვას დავიწყებას, დიდად ნანობდა. თუ ვინმე ეტყოდა, ეგ რა ცოდვა არის, მიხედე სხვებსო, პასუხობდა, - ვინც ამბობს, ღვთის მცნება მარტო ჩემთვის არის დაწერილი (სხვას არ მიხედავს) და მასზე გულმოდგინედ დგას და ასრულებს, გამორჩეული იქნება ღვთისაგანო.
თავის თავს ესაყვედურებოდა: „რა დამემართა, ვერ ვიქცევი კარგად. ვაითუ ცუდი მაგალითი აიღოს ვინმემ ჩემგან; მერე რა პასუხი გავცე ღმერთსო“. კმაყოფილი არ იყო თავისი ბევრი შრომითაც და სულ იმას ამბობდა: არაფერი გამიკეთებია, დღეს პურის ჭამა არ მეკუთვნისო. მძიმე ავადმყოფობის დროსაც კი გაჭირვებით წამოდგებოდა და შრომას დაიწყებდა.
1901 წლიდან მოყოლებული შვიდი წელი ჭლექით იტანჯებოდა, მაგრამ ყოველთვის ღმერთს მადლობდა. ხილვა ჰქონია: „ჩვენებით განვლიდა სული ჩემი ქვასა, რკინასა, ზღვას, უფსკრულსა, ცეცხლსა, მთასა ყინვიანსა და ზეცისა ჰაერთა შინა საშინელებათა დიდთაო“.
ასე მსხვერპლად შეეწირა თავის ქვეყანას და მშობლიურ ეკლესიას მაქსიმე შარაძე. 1908 წლის 26 თებერვალს (ახ. სტ. 11 მარტს) დასრულდა ამქვეყნიური ცხოვრება მისი და დაიწყო საუკუნო. ჩვენ ვალში ვართ - მის წინაშე, რომ არა მაქსიმე შარაძე, არ გვეყოლებოდა არც ესტატე კერესელიძე (წმინდა ექვთიმე აღმსარებელი) და არც ქართული საგალობლები შემოგვენახებოდა. როგორც ბრძანებს დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე: „მაქსიმე არ იყო არც ბერი, არც მღვდელი, მაგრამ თავისი ჭეშმარიტ-ქრისტიანული, როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი ცხოვრება-მოღვაწეობით, ბევრად მაღლა იდგა ახლანდელ ბერობასა და მღვდლობაზედ“.
მართლაც, ამ ერთმა უბრალო ერისკაცმა „იმდენი შესძლო, რაც ვერ გააკეთა მისიონერთა ლეგიონებმა“. იგი ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც, ძვირფასო მკითხველო, იქცა მაგალითად ერსკაცისა, რომელმაც ღვთის შეწევნით სძლია სოფელს, რომელმაც იცხოვრა და იყო მონა ღვთისა, ერთგული შვილი დედაეკლესიისა.
„ერის გული ზღვაა, - ბრძანებს „ივერიის“ თანამშრომელი გრიგოლ ყიფშიძე, - მის ლურჯსა და კამკამა წყალს ვერ აამღვრევთ, რამდენი ნაგავიც უნდა ჰყაროთ შიგ, მაინც ვერ დააშრობთ და აი, ამ ზღვიდან ამოვიდა მაქსიმე. ამოვიდა წმინდა და მოკვდა წმინდა“.
მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 5, 2007 წ.