ნეტარებაა აღდგომის ღამე ქრისტიანისათვის. ამ დღეს თითქოს ჩვენს ცოდვილ გულსაც, როგორც მაცხოვრის საფლავს, უფლის ანგელოზი მოაშორებს მწუხარების მძიმე ლოდს და მარიამთან ერთად ვჭვრეტთ მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარს. იმ წამს ცა და მიწა ერთიანდება, მიწაზეც, ისევე როგორც ზეცაში, მოზეიმე ეკლესიაა. ამ დღეს ყველა უნდა ხარობდეს - ცოდვილიც და მართალიც, მდიდარიც და ღარიბიც, ამ დღეს სძლია ამ სოფელს და მის თავადს - სატანას ჩვენმა უფალმა... ეშმაკიც მძვინვარე ლომივით დაძრწის აღდგომა დღეს, რომ ვინმე ქრისტიანი ნახოს, სძლიოს, დაამარცხოს და თითქოს ამით შური იძიოს უფალზე. ამ დღეს მართლაც ბევრი ვმარცხდებით, ზოგი - ნაყროვანებით, ზოგი - სიმთვრალით. მაგრამ მისთვის, ესეც არ არის საკმარისი... 1993 წლის 18 აპრილს, აღდგომას, სატანისტმა ნიკოლოზ ავერინმა ოპტის უდაბნოში სამი ბერი მოკლა: მღვდელმონაზონი ვასილი, ბერი ტროფიმე და ბერი თერაპონტე. კაცთა მოდგმის მტრის შურისძიების მიზეზი მარტივია: 1983 წლის 3 ივნისს დიდი ხნის წინ დაქცეულ ოპტის მონასტერში პირველი საღმრთო ლიტურგია აღევლინა. მაშინ მონასტრის ძმობაც მცირე იყო - სულ რვა კაცი. ცხრა ტაძრიდან ერთიღა იდგა, დანარჩენი აგურ-აგურ გაზიდა გონებაარეულმა ხალხმა. მაშინ ვინ იფიქრებდა, მონასტერი ფეხზე თუ დადგებოდა. მაგრამ დადგა კიდეც და მრავალი ახალგაზრდაც მოიზიდა. აბა, ბოროტი სული ამას როგორ დაითმენდა! ამ მკვლელობით, მოწამეთა სისხლის დაღვრით კი ეკლესია განძლიერდა, მონასტერი აღორძინდა. მოსახლეობა ჰყვებოდა: მონასტრის იავარქმნის შემდეგ აქაურობა უნაყოფო შეიქნა. ტყეში ჩიტი არ ბინადრობდა და სოკო არ ამოდიოდა (რასაც ეკოლოგიურ კატასტროფას ეძახდნენ), მოწამეთა სისხლის დაღვრის შემდეგ კი ბუნება გაცოცხლდა, ხემ ნაყოფი გამოიღო და ფრინველმაც ოპტის ტყეში ბუდის კეთება დაიწყოო. ახალმოწამეთა სისხლმა ღვთის მადლი და კურთხევა დაუბრუნა ამ მხარეს.
გიამბობთ, რით იყო გამორჩეული ის სამი ბერი, რომლებიც ღვთისგან ამხელა წყალობის ღირსნი შეიქმნენ.
მამა ვასილი. აღორძინებული ოპტის მონასტრის ერთ-ერთი პირველმოსახლეთაგანი გახლდათ მოსკოველი იგორ როსლიაკოვი. მაღალი, მშვიდი, თავმდაბალი, უაღრესად მორჩილი ახალგაზრდა. იგორმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. სპორტსაც მისდევდა და წყალბურთში ქვეყნის ნაკრების წევრიც იყო. ეკლესიაში 1984 წელს მივიდა, ამაში კი მისმა უნივერსიტეტის პედაგოგმა ქალბატონმა თამარმა შეიტანა დიდი წვლილი. მის ოჯახში გაიცნო იგორმა კომუნისტების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაბრუნებული დეკანოზი ვასილი ევდოკიმოვი, რომელმაც ბევრი რამ უამბო ახალგაზრდას ქრისტეს ახალმოწამეებზე. გაეკლესიურებისთანავე იგორი სულიერი რჩევისთვის არქიმანდრიტ იოანეს (კრესტიანკინს) აკითხავდა ხოლმე. ამ ორი ღირსი მამის საუბრებმა ახალგაზრდას რწმენა განუმტკიცა.
იგორის მორწმუნეობამ შეაშფოთა წყალბურთელთა გუნდის ხელმძღვანელობა. ჯერ მარხვას უკრძალავდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. იგორი, მიუხედავად დიდი ფიზიკური დატვირთვისა, მარხვას არ ტეხდა და სხვებზე უკეთ თამაშობდა. ერთხელ, ქვეყნის ნაკრების კანადაში, ტურნირზე გამგზავრების წინ იგორს უთხრეს, ნაკრებში იმ შემთხვევაში დარჩები, თუ ეკლესიას მიატოვებო. ისევე როგორც ძველ რომში - „ან პური, ან ჯვარი“. იგორმა ჯვარი აირჩია და, რა თქმა უნდა, ნაკრებიდანაც გაუშვეს. მიიწვიეს „ლიტერატურნაია გაზეტაში“. უარი თქვა - არ მინდა ისე წერა, როგორც იქ წერენო. ოპტის მონასტრის გახსნისთანავე მიხვდა, ბერად უნდა შემდგარიყო და ყოფილიყო იქ, სადაც მისი საყვარელი წმინდა მამის, ღირსი ამბროსის საფლავი იყო. ალბათ შემთხვევით არ მოხდა, რომ ოპტის უდაბნოში წმინდა ამბროსისეულ ქოხში მოუწია ცხოვრება. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე წმინდა ამბროსი გამოეცხადა და ესაუბრა.
მამა ვასილი (ასე უწოდეს იგორს ბერად აღკვეცისას) ღრმა სულიერების ადამიანი იყო. როცა მღვდლად აკურთხეს, თავის დღიურში ჩაუწერია: „შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი, ილოცე მისთვის, როგორც საკუთარი თავისთვის, მოყვასის ცოდვები შენი ცოდვებია და ამ ცოდვებით ჩადი ჯოჯოხეთში მის დასახსნელად. უფალო, შენ მომეცი სიყვარული და შემცვალე მთლიანად. ახლა სხვანაირად ვეღარ ვიცხოვრებ. უნდა ვიტანჯო, რომ მოყვასი ვიხსნა. მე ვტირი, ვქვითინებ, მეშინია და სხვანაირად არ შემიძლია, რადგან შენი სიყვარული წინამმძღვრობს და მასთან განშორება არ მსურს, მასში ვპოვებ ხსნის იმედს და არასოდეს წარვიკვეთ სასოს, როცა მას ჩემში ვხედავ!“ ამ სიტყვებიდანაც ჩანს, რომ მამა ვასილი აღსარების მიღებისას კაცთა ცოდვებს თვითონ იტვირთავდა და ინანიებდა.
მაშინ მონასტერში მღვდლების ნაკლებობა იყო და ამდენმა შრომამ გააჭაღარავა. მამა ვასილი სიტყვაძუნწი იყო, მაგრამ ორიოდე სიტყვითაც კი ადამიანებს რწმენას შთაუნერგავდა. შეძლებისდაგვარად გაურბოდა დედაკაცებს. ორი გზა იცოდა მხოლოდ - ტაძრისა და კელიისკენ მიმავალი. გაურბოდა ამაო საუბარს, მასთან სხვას ვერ განიკითხავდნენ, რადგან მამა ვასილი მაშინვე მიატოვებდა მოსაუბრეს. ერთი ძველი საბერო კაბა ეცვა, რომელსაც ხშირად აკერებდა. ცნობილი არ არის, რა უთხრა მას წმინდა ამბროსიმ, შესაძლოა მოწამებრივი აღსასრული უწინასწარმეტყველა. ფაქტია, რომ მან, ისევე როგორც მამა ტროფიმემ და მამა თერაპონტემ, წინასწარ იცოდა სიკვდილის მოახლოება და რამდენიმე ახლობელ ადამიანსაც კი გაანდო ეს.
მამა თერაპონტე, ერისკაცობაში ვლადიმერი, ნამდვილი ციმბირელი იყო, ღონიერი, მაღალი. 5 წელი აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებას სწავლობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მეტყევედ მუშაობდა. ერთხელ ტყიდან ვიღაც ბერიკაცი გამოსულა, მაგიის სახელმძღვანელოები მიუცია მისთვის - შეისწავლე და ისე მოდი ჩემთანო. ვლადიმერი მას აღარ შეხვედრია მაგრამ წიგნით გართობა განუზრახავს. თანასოფლელ გოგონებს მეზობელ ქოხში რაღაცებს აწერინებდა. თვითონ კი დაწერილს „ხედავდა“ და კითხულობდა. ეს გართობა კინაღამ ტრაგიკულად დამთავრდა - საკუთარი სიკვდილი ნახა, სული სხეულს გაეყარა და საშინელებათა სამყაროში მოხვდა. მაშინ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, - თუ ტაძარში წახვალ, მიწაზე დაგაბრუნებო. ვალოდია მართლმადიდებელი გახდა. ეშმაკებმა ეს ვერ დაითმინეს, თავს დაესხნენ და ახრჩობდნენ. ისევ იხსნა უფალმა. ციმბირში ტაძარი არ იყო, ამიტომაც ვალოდიამ მიატოვა ოჯახი და როსტოვში საკათედრო ტაძრის მეეზოვედ დაიწყო მუშაობა. სამი წელი ემზადებოდა ბერობისთვის. მერე კი კურთხევისთვის მამა კირილესთან (პავლოვი) წავიდა. ღირსი მამის დალოცვის შემდეგ ოპტის უდაბნოს მიაშურა. თუ ოპტის მონასტერში არ მიმიღეს, მთაში წავალ, - უთხრა მან ახლობლებს, - ამ ქვეყანაზე მეტად ვეღარ მნახავთ, ვიდრე ღმერთი არ შემიწყალებსო. ოპტის უდაბნოში ახალმისული სატრაპეზოში გაამწესეს.
ძალზე შრომისმოყვარე იყო მამა თერაპონტე, მონასტერში ხატებისთვის დაფებს აკეთებდა, იყო იშვიათი მდუმარე, ზოგჯერ მისი სიჩუმე აუტანელიც კი ხდებოდა. მხოლოდ ღმერთს ეზრახებოდა, სულ ლოცულობდა, კელიაში, გზაში, მუშაობისას. ჩაღრმავდებოდა იესოს ლოცვაში, გაირინდებოდა... მკაცრი მომარხულეც იყო, დიდმარხვის პირველ და ბოლო კვირას საჭმელს არ ჭამდა. 1993 წლის დიდმარხვის ბოლო კვირას წყალიც კი არ დაულევია. ყოველდღე აღსარებას ამბობდა, ახალმისული ხან დღეში ორჯერაც აღიარებდა ცოდვებს. სატრაპეზოში ყველას უმასპინძლდებოდა და ხშირად თვითონ მშიერი რჩებოდა. შენატროდა ქრისტესთვის წამებულთ. ძალზე მოხვდა გულზე მამა ვასილის ნაქადაგარი: - მოწამეთა სისხლი დღესაც იღვრება ჩვენი ცოდვებისთვის. ეშმაკები ვერ დაითმენენ მათ ხილვას, მოწამთა სისხლი მზეზე, ვარსკვლავებზე მეტად ბრწყინავს და თრგუნავს მათ. მოწამენი ახლა შეგვეწევიან, საშინელ სამსჯავროზე კი გვამხილებენ. ქვეყნის აღსასრულამდე მოქმედებს კანონი სისხლისა: მიეცი სისხლი და მიიღე სული... ჩვენი ყოველი ცოდვა სისხლით უნდა ჩამოვიბანოთო (ანუ ბევრი უნდა ვიღვაწოთო, - კ.კ.). თერაპონტეც ემზადებოდა სიკვდილისთვის. 1993 წლის აღდგომის წინა დღეებში თავისი სამუშაო იარაღები, იშვიათი სადურგლო ხელსაწყოები გააჩუქა. იანვრის ბოლოს თბილი ტანსაცმელიც გასცა - მეტად აღარ დამჭირდებაო...
ბერი ტროფიმე მხიარული, ხალისიანი მოსაუბრე იყო. ციმბირში დაიბადა, მრავალშვილიან ოჯახში. ჩვილი ლეონიდე ორი წელი გამუდმებით ტიროდა. როცა მონათლეს, მოხდა სასწაული - ბავშვი სრულიად დამშვიდდა. ლეონიდე და-ძმებში უფროსი გახლდათ. მაღალი, ლამაზი, ნამდვილი გოლიათი. მუხლჩაუხრელად შრომობდა და ოჯახი ფეხზე დააყენა. მაგრამ ხანდახან მწუხარებით მოექუფრებოდა სახე. ერთხელ დედას უთხრა: - ისე ვცხოვრობთ, თითქოს ცოცხლები არ ვიყოთ, თითქოს დიდი ხანია დავიხოცეთო. ეძიებდა რაღაც ამაღლებულს, სულიერს. ამიტომაც ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებოდა. რასაც მოკიდა ხელი, ყველა საქმე ზედმიწევნით შეისწავლა. იყო შორეული ნაოსნობის მეზღვაური, ფოტოგრაფი მეწაღე, ელექტრიკოსი, მესაქონლე. ერთხელ გაზეთში წაიკითხა, ალთაის მხარეში სამოთხისებრი ბაღები აქვთ გაშენებული, სადაც საკვირველი ვაშლები ხარობს და ჯიშიანი ცხენები გამოჰყავთო. წავიდა ლეონიდე მიწიერი სამოთხის საპოვნელად და ღმერთი იპოვა. ახლობლებს მისწერა - „ვიპოვე“.
ამის შემდეგ მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიისთვის ცხოვრობდა. ტაძრის აღდგენაშიც მონაწილეობდა, საკურთხეველშიც მსახურობდა... ოპტის მონასტერში ყოფნისას ამბობდა: - ღმერთი აქამდე რომ მცნობოდა, ხომ მაშინვე წავიდოდი მონასტერშიო. მონასტერში კი 36 წლისა მივიდა. 3 წელი იცოცხლა და წარდგა უფლის წინაშე. ეს სამი წელი აღსავსე იყო უფლის მიმართ მადლიერებით, რადგან თავისკენ მოაქცია, ბერობის, განსაკუთრებით კი ოპტის მონასტერში ცხოვრების ღირსი გახადა. ამიტომაც ყველა მორჩილებას სიხარულით ასრულებდა.
მონასტერში წასვლის წინ, სულთმოფენობისას, ღმერთმა ნიშანი მისცა: ერთი ხატიდან თვალისმომჭრელი ნათელი გამოდიოდა. იქიდან ხმა მოესმა. ხატმა ორ-სამჯერ რაღაც უთხრა. როცა ოპტის უდაბნოში დასახლდა, ერთხელ ძმებმა შინ წასვლა შესთავაზეს, მაგრამ უარი უთქვამს: - აქედან როგორ წავალ! როცა ტაძარში შევდივარ, ყველა ხატი მელაპარაკებაო.
ტროფიმეს მონასტერში მნათეობა და ტრაქტორისტობა ჰქონდა დავალებული. წიგნების აკინძვაც ისწავლა და მონასტრის მდიდარი ბიბლიოთეკის წიგნები არა მარტო განამშვენა, არამედ წაიკითხა კიდეც. მცნებას მოყვასის სიყვარულისა საქმით აღასრულებდა, ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან, ყველას ყველაფერში ეხმარებოდა და ამიტომაც უყვარდათ. მხიარული ბერი ეგონათ და რა იცოდნენ, რომ ამხელა ასკეტი იყო. დიდმარხვის პირველ და ბოლო კვირას არაფერს ჭამდა. როცა მკვლელობის შემდეგ მისი სხეული გააპატიოსნეს, ისევე როგორც დანარჩენი ორი ბერისა, ძვალი და ტყავი იყო.
ბევრს ლოცულობდა, განსაკუთრებით იესოს ლოცვას. არაფერი მინდა, - უთხრა ერთხელ მეგობარს, - არც დიაკვნობა, არც მღვდლობა - სიცოცხლის ბოლომდე ნამდვილი ბერი მინდა ვიყოო. ტროფიმე მართლაც ნამდვილი ბერი იყო, დაფარული, ღრმად სულიერი. გარეგნული ღვთისმოშიშების და ფარისევლობის ნატამალიც არ იყო მასში. უყვარდა ღმერთი და ყოველი კაცი! დიახ, ცუდი ადამიანი მისთვის არ არსებობდა. ყველას ნებისმიერ დროს შეეძლო მასთან დახმარების სათხოვნელად მისვლა და ისიც ეხმარებოდა. მამა ტროფიმემაც წინასწარ იცოდა სიკვდილის მოახლოება. გული მიგრძნობსო, - ამბობდა.
სისხლიანი აღდგომა. მკვლელები კაცის მოსაკლავად საიდუმლოდ ემზადებიან, 31 წლის ნიკოლოზ ავერინი კი საქვეყნოდ ამბობდა, - ბერები უნდა დავხოცოო. მახვილის ლესვისას მეზობელს უთხრა: - ეს მახვილი მსოფლიო დიდებას მომიტანსო. მახვილსა და დანაზე ამოტვიფრულა ჰქონდა „სატანა-666. აღდგომამდე ორი კვირით ადრე მონასტერში მოვიდა მორწმუნე კაცი, რომელსაც კოლმეურნეობის თავმჯდომარემ წვერის გაპარსვა მოსთხოვა - მონასტერში თქვენები უნდა დახოცონ და მინდა გადაგარჩინოო. მუქარის ანონიმური წერილებიც მოდიოდა მონასტერში მარტო ბერების კი არა, მორწმუნეთა დასაშინებლადაც. ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ ეს მკვლელობა ერთმა სულით ავადმყოფმა კი არ ჩაიდინა, არამედ რომელიღაც სატანისტურმა საზოგადოებამ მოამზადა. თუმცა გამოძიება მაინც ავერინის იქით არ წასულა, რომელმაც ორი წლით ადრე, სწორედ აღდგომა დღეს, სხვა დანაშაული ჩაიდინა - 56 წლის ქალი გააუპატიურა. მაშინ ფსიქიატრიულ საავადმყოფრში მოათავსეს, მაგრამ 6 თვის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ მკვლელობისთვის კი საგანგებოდ მოემზადა, წვერი მოუშვა და სამოსითაც მორწმუნეს დაემსგავსა...
ვნების კვირაში ოთხჯერ დაიღვარა ტაძრის საკურთხეველში ოპტელი ღვთისმსახურების სისხლი პროსკომიდიისას და სასანთლის წმენდისას. ნეტავ რას უნდა ნიშნავდესო, - კითხულობდენ გაკვირვებულნი. სხვა აუხსნელი რამეც მოხდა. დიდ პარასკევს გარდამოხსნა გამოაბრძანეს. ამ დროს ბუნებაც კი გლოვობს მაცხოვარს და მოხდა დაუჯერებელი რამ - მთავარმა მნათემ მამა ტროფიმემ და მამა თერაპონტემ სამრეკლოში სააღდგომო ზარი ჩამორეკეს. დაბნეული ბერები წინამძღვარმა დაიბარა და განმარტება მოსთხოვა. ისინი კი ვერაფერს ეუბნებოდნენ. ამ ამბავს ახსნა მხოლოდ მკვლელობის შემდეგ მოეძებნა.
აღდგომის ღამეს მამა ვასილი წირავდა. ტაძრის შემოვლისას მას ხელთ „ქრისტეს აღდგომის“ ხატი ეპყრა და ამდენ მღვდელს შორის მხოლოდ მას ეცვა წითელი შესამოსელი. პროსკომიდიისას ყოველთვის სწრაფად და ზუსტი მოძრაობებით კვეთდა სეფისკვერს. მაგრამ ახლა იგვიანებდა, იტანჯებოდა. წამით წმინდა ტრაპეზსაც კი მოშორდა. რაგ ჭირს, მამაო? - ჰკითხეს. „ისე მიმძიმს, თითქოს კვეთისას ჩემს თავსა ვკლავო“. როგორც იქნა, აღასრულა, მსხვერპლი შესწირა და ღონემიხდილი სკამზე ჩამოჯდა. წირვის დასასრულს საკურთხევლიდან გამოვიდა და აღსარებები მიიღო... აღდგომის წინა ღამეს მამა ვასილის დედამ სიზმარი ნახა, თითქოს სახლის სახურავი გადაიხსნა და ზეციდან არამიწიერი სილამაზის ჩიტები ჩამოფრინდნენ. მორჩა, ალბათ საშინელი სამსჯავროაო, - გაიფიქრა ანამ...
აღდგომის წირვა დილის ხუთ საათზე დამთავრდა. მომლოცველები შინ წავიდნენ. წავიდა მილიციაც. მონასტრის საძმო და სტუმრები სატრაპეზოში დასხდნენ. მამა ვასილის პირი არაფრისთვის დაუკარებია, წინ ორი მსახურება ჰქონდა, ის კი ყოველთვის მშიერი მსახურობდა. დილის 6 საათზე სკიტში წირვა უნდა დაწყებულიყო. მამა ტროფიმე ზარის დასარეკად წავიდა და დასახმარებლად თერაპონტე გაიყოლა. დაიწყეს ზარების რეკვა. მკვლელმა პირველად მამა თერაპონტე მოკლა, მახვილი ბოლომდე ჩასცა, მერე კი მამა ტროფიმე დასცა ძირს და გაიქცა. სასიკვდილოდ დაჭრილი მამა ტროფიმე წამოდგა და განგაშის ზარი დარეკა. უკვე სხეულით მკვდარი ჩამოჰკიდებოდა თოკს და ზარს რეკავდა. მერე მოწყდა და დავარდა. მამა ვასილი ამ დროს აღსარების მისაღებად სკიტისკენ მიიჩქაროდა. დარისხება რომ შემოესმა, სამრეკლოსკენ გაიქცა და მკვლელს შეეჩეხა. მას ოპტის მომლოცველთათვის დამახასიათებელი შავი კაბა ეცვა. გასცდა თუ არა ცრუმომლოცველს მამა ვასილი, ის მობრუნდა და ზურგში დანა ჩასცა მოძღვარს. მოცვივდნენ მორწმუნეები, რომელთაც მამა ტროფიმეს ბოლო სიტყვები გაიგონეს: „უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ“. მამა ვასილმა ამის შემდეგ ერთი საათიღა იცოცხლა. სისხლი წყაროსავით მოედინებოდა და ვერ უჩერებდნენ. ტკივილით გატანჯული ზეცისკენ იყურებოდა. უეცრად სახე შეეცვალა, დაუმშვიდდა და სიხარულისგან გაუბრწყინდა, თითქოს დაუღამებელი ნათელი იხილაო. მომაკვდავი ტაძარში შეიყვანეს და წმინდა ამბროსი ოპტელის წმინდა ნაწილებთან დააწვინეს. უეცრად მამა ვასილმა წმინდანის ნაწილებისკენ ხელი გაიწოდა. მათგან გაძლიერების მომლოდინე, ეტყობოდა, რომ ლოცულობდა. სულის ამოხდომამდე ლოცულობდა ცრემლით სავსე თვალებით. აჰა, აუსრულდა ნატვრა - ვისურვებდი, აღდგომას, ზარების რეკვისას მოვმკვდარიყავიო...
მოწამეთა სისხლს კეთილსურნელება ასდიოდა. როგორც ერთ დროს რომის კოლიზეუმში ქრისტიანთა წამებისას, ახლაც მორწმუნეებმა მოაგროვეს, მოფხიკეს სისხლი მიწასთან ერთად და როგორც უდიდესი სიწმინდე, დაინაწილეს. გაზაფხულის მზიანი დილა იდგა, მაგრამ მკვლელობის შემდეგ ამინდი შეიცვალა. თითქოს ზამთარი მობრუნდაო, დაუბერა ქარმა, წამოვიდა წვიმა, მას თოვლი მოჰყვა. დაკრძალვისას მოწამეთა საფლავების ჯვრებს სამი თეთრი პირსახოცი შემოახვიეს. პირსახოცები მონასტერს შემოსწირა დედამ, რომელსაც ისინი შვილის ქორწილში მეჯვარეებისთვის მკლავზე შემოსახვევად ჰქონდა შენახული, მაგრამ სასიძო ავარიაში დაიღუპა. საქორწინო პირსახოცები ხალხს შეახსენებდა ახალმოწამეთა ზეციურ ქორწილს. დაკრძალვის მეორე დღეს სამივე ჯვრიდან მირონი წარმოდინდა. დღეს წმინდა მოწამეთა ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულება. ამბობენ, შესაწევნელად სამივე ერთად მიდისო. მათმა სიკვდილმა პირველ რიგში მათ ახლობლებზე იმოქმედა და ქრისტესკენ მოაქცია, ბევრმა მონაზვნური ცხოვრება აირჩია. ერთხელ ჯერ კიდევ არაეკლესიურ დას გამოეცხადა მამა ტროფიმე გატანჯული სახით და უთხრა: დავიღალე თქვენთვის ლოცვით. მთელი შიგანი თქვენს გამო დავიხიე, თქვენ კი ტაძარში არ მიდიხართო.
მკვლელობის მეორე დღეს ოპტის უდაბნო ბერობის მოსურნე ერთმა ერისკაცმა მიატოვა: მეშინია, მეც არ მომკლანო. ის წავიდა და უდაბნოში ვინმე ბაპტისტი მოვიდა, მონათვლა ითხოვა: - მე დიდხანს ვეძებდი ჭეშმარიტ სარწმუნოებას, როცა რადიოთი ამ მკვლელობის ამბავი შევიტყვე, მივხვდი, აქ არის გოლგოთა, ესე იგი, აქ არის ქრისტეო.
მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ №7, 2007 წ.
http://optina1993.narod.ru/KP/KP1.htm