ნინოობა

 

ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

წმინდა ნინოს ცხოვრება

დაუჯდომელი წმიდისა მოციქულთა სწორისა დედისა ჩვენისა ნინოსი

პარაკლისი წმიდისა მოციქულთა სწორისა დედისა ჩვენისა ნინოსი

 

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი

მონასტრის ისტორია

ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინო. დაბა „ბოდბისი“ უფალმა ჯერ კიდევ წმიდა ნინოს სიცოცხლეში განადიდა, როგორც მისი სათნომყოფელის მომავალი განსასვენებელი. და იმ დროიდან მოყოლებული წმიდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების ცხოველ წყაროდ იქცა ქართველი ერისათვის.

14 წლის იყო წმიდა ნინო, როცა ღვთისმშობლის ბრძანებით მისი წილხვედრი ქვეყნისკენ გამოემართა. აქ მან მრავალი ცრემლით, ლოცვითა და მკაცრი მოღვაწეობით სრულყო თავისი მოციქულებრივი ღვაწლი და წარმართობის ნისლით დაფარული ერი ჭეშმარიტების ნათელს აზიარა.

წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი,
სადაც დაკრძალულია წმიდა ნინო

წმინდა ნინოს დროიდან მოკიდებული ბოდბის მონასტერი ქართველ მეფეთა და დიდებულთა უპირველესი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა.

V ს. ვახტანგ გორგასალმა გაამშვენა და გააფართოვა ტაძარი, ხოლო სამნავიანი ბაზილიკის სახე მან VIII-IX ს.ს. მიიღო.

XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I-ის მეფობის ხანაში, კიდევ ერთხელ შეიმკო წმიდა ნინოს განსასვენებლი.

მოციქულთა სწორის საფლავი იმდენად პატივცემული იყო, რომ მონღოლებმა, რომლებმაც მიწასთან გაასწორეთ მთელი ქვეყანა, დაუნგრეველ-აუოხრებელი დატოვეს მხოლოდ ბოდბის ტაძარი, თუმცა ისიც არა უვნებლად.

შუა საუკუნეებში ამ ტაძარში იკურთხებოდნენ კახთა მეფეები. სხვათა შორის, ბოდბის ტაძარში თეიმურაზ I-ის აღსაყდრებას თავად შაჰ-აბასიც კი დასწრებია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რამდენიმე წლის შემდეგ იავარეყო მონასტერი, რომლის აღდგენასაც შემდგომ დიდი ღვაწლი თავად მეფე თეიმურაზ I-მა დასდო.

იოანე ბოდბელი. ფრესკა (1823 წ.)

ბოდბის მონასტერი ოდითგანვე არა მარტო სულიერ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო კერასაც წარმოადგენდა. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო საგნებისა, საერო მეცნიერებებიც ისწავლებოდა. აქვე იყო საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ბოდბეში საკმაოდ მრავალრიცხოვანი მამათა მონასტერი არსებობდა.

ეგზარქოსების მიერ ბოდბის ეპარქიის გაუქმებამდე მისი უკანასკნელი მღვდელმთავარი ცნობილი საეკლესიო მოღვაწე იოანე მაყაშვილი იყო. იოანე ბოლნელის ღვაწლით 1823 წელს კიდევ ერთხელ შეიმკო და გამშვენდა სავანე, მოიხატა ტაძარი, გაკეთდა ახალი კანკელი (მხატვრობაცა და კანკელიც დღემდეა შემორჩენილი), აშენდა საეპისკოპოსო სასახლე კარის ეკლესიითურთ. იოანე მაყაშვილის გარდაცვალებასთან (1837 წ.) ერთად ბოდბის ეპარქიაც გაუქმდა და მონასტერიცა და სემინარიაც მოიშალა. ამ დროიდან ბოდბეს არქიმანდრიტები განაგებდნენ. მათ შორის გამორჩეული ადგილი არქიმანდრიტ მაკარის ეკავა. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ქართული გალობის აღორძინებას აქცევდა. მას ამ საქმისთვის საგანგებოდ მოუწვევია მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი და გალობის სკოლა გაუმართავს. თუ როგორი იყო ეს სკოლა, ამაზე ნათლად მეტყველებს დიმიტრი ყიფიანის წერილი, არქიმანდრიტ მაკარისადმი მიწერილი: „სული ჩემი დასტკბა, რა ვისმინე გალობა ჩვენი ძველებური, თქვენის ზრუნვითა და მეცადინეობით განახლებული“. მისივე დროს, 1862 წელს, დაიწყო სამსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა, რომელიც 1885 წელს მღვდელმონაზონ ნიკოლოზ მიქელაძის წინამძღვრობისას დასრულდა.


ბოდბის მონასტერი XX საუკუნის დასაწყისში

XIX საუკუნის 80-იან წლებში ეგზარქოსების მიერ დაუმსახურებლად მივიწყებულ და უპატრონოდ დარჩენილ სავანეს დიდი ამაგი დასდო ცნობილმა ჰაგიოგრაფმა და ხატმწერმა მიხეილ საბინინმა. მან წმიდა ნინოს საფლავის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით შეცვალა. მისივე დაუღალავი მოღვაწეობით შემზადდა ნიადაგი აქ დედათა მონასტრის გახსნისათვის.

ბოდბის მონასტრის იღუმენია
თამარ მარჯანიშვილი (1902-1907 წწ.)

იმავე საუკუნის მიწურულს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III ეწვია ამ ადგილს და მისი ბრძანებით 1889 წელს ბოდბეში დედათა მონასტერი გაიხსნა, აქვე მოქმედებდა ქალთა სასწავლებელი. 1902-1906 წლებში მონასტრის წინამძღვარი იუვენალია II იყო (ერობაში თამარ მარჯანიშვილი, დიდ სქემაში თამარი, კოტე მარჯანიშვილის და; მისი წმიდანად შერაცხვის საკითხი ამჟამად განიხილება რუსეთის ეკლესიის მიერ). საქართველოს ეკლესიისათვის ამ ურთულეს პერიოდში, როდესაც მთელი ძალით მიმდინარეობდა გარუსების პოლიტიკა, თამარ მარჯანიშვილის ძალისხმევით ბოდბის ქალთა სასწავლებელში ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდა პირველიდან დამამთავრებელ კლასამდე. მისივე დამსახურებით ბოდბის ტაძარში მისი წინამძღვრობისას წირვა-ლოცვაცა და გალობაც, რომელაც იღუმენია იუვენალია თავად ასწავლიდა გოგონებს სასწავლებელში, ქართულად მიმდინარეობდა.

1906 წ. იმპერატორ ნიკოლოზ II-ის განკარგულებით ბოდბეს I კლასის მონასტრის წოდება მიენიჭა.

ბოდბის მონასტრის ბოლო იღუმენია
ნინო ვაჩნაძე (1917-1924 წწ.)

თუ როგორი იყო ბოდბის მონასტერი XX საუკუნის დასაწყისში, ცოცხალ წარმოდგენას გვიქმნის ოლივერ უორდროპის ერთი წერილი. იგი 1919 წელს სტუმრობდა მონასტერს და აღტაცებული წერდა ამ ვიზიტის შესახებ თავის მეუღლეს: „როცა მონასტერის მივუახლოვდით, ჩვენს წინ აღიმართა ფოთლებითა და მცენარეებით შემკული ტრიუმფალური თაღი. ჩვენ მიგვიღო იღუმენიამ (თავადის ქალმა ვაჩნაძემ). ყველანი შეკრებილიყვნენ მონასტრის გარშემო: მონაზვნები შავ მანტიებსა და ლამაზ თავსაბურავებში, მონასტრის სკოლის გოგონები თეთრ კაბებში გამოწყობილი და იქვე მცხოვრები ხალხი. მღვდელმა შემიპატიჟა ეკლესიაში, რომელიც პირველად IV საუკუნეში აშენებულა და ჩაატარა რამდენიმე წუთიანი მსახურება, ლოცულობდა და ევედრებოდა უფალს, ამ დროს კი მის გარშემო მყოფნი და მონაზვნები გალობდნენ.

იღუმენიამ დამათვალიერებინა გოგონათა საერთო საცხოვრებელი, საკლასო ოთახები, სამზარეულო და სამუშაო ოთახები, სადაც მზადდება ხალიჩები, საეკლესიო ტანსაცმელი, ხატები და ასევე საქარგავი ოთახი. ჩვენ ასევე მოვინახულეთ ბაღი, რომელიც ამშვენებს მონასტერს. გოგონებმა დაგვასაჩუქრეს ყვავილებით, ხალხმა და ბავშვებმა კი გაგვაცილეს შეძახილებით, ჩვენც გავუყევით გზას სიღნაღისაკენ“ (საგულისხმოა, რომ ეს წერილი ბოდბის მონასტრის ამჟამინდელ წინამძღვარს იღუმენია თეოდორას ოლივერ უორდროპის ქალიშვილმა მიაწოდა. მას ქართველთა განმანათლებლის სახელი ჰქვია, ცხოვრობს ინგლისში და მამისა და მამიდის დარად ძალიან უყვარს საქართველო. ქალბატონ ნინოს ცხოველი ინტერესი აქვს თავისი მფარველი წმიდანის სავანის მიმართ, რაზეც მოწმობს მისი მიმოწერა ბოდბის დედებთან).

1924 წელს კომუნისტებმა მონასტერი დახურეს. ბოდბის უკანასკნელი იღუმენია ნინო ვაჩნაძე, მიუხედავად მრავალგზის მუქარისა, მონასტერს არ შორდებოდა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა ბოდბე მიეტოვებინა და თბილისში, ანჩისხატის ტაძართან, დასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც. სამოციან წლებში ბოდბის უკანასკნელი წინამძღვარი, მისივე ანდერძისამებრ, მშობლიურ მონასტერში გადაასვენეს.

 

მონასტრის თანამედროვე აღორძინება

მონასტრის ბაღი

კომუნისტთა მიერ დარბეული უძველესი ტრადიციების მქონე ბოდბის მონასტერი კვლავ აღდგა 1991 წელს. ამჟამად მონასტერში ოცდაათამდე მონაზონი და მორჩილი მოღვაწეობს. მოწესე დედები ძირითადად ახალგაზრდები არიან. ისინი წინამძღვრის, იღუმენია თეოდორას, ხელმძღვანელობით მრავალგვარ საქმიანობას ეწევიან და იმედოვნებენ, რომ მონასტერი მალე დაიბრუნებს ოდინდელ დიდებას და აქ კვლავინდებურად გაცოცხლდება მრავალი ღვაწლით გამშვენებული სულიერი ცხოვრება.

ბოდბის მონასტრის წინამძღვარი
იღუმენია თეოდორა

მართლაც, სავანე, თუმცა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იბრუნებს პირვანდელ სახეს. ღვთისმოსავი ადამიანების შეწევნით ხდება მონასტრის აღორძინება: შეიმკო და გამშვენდა წმიდა ნინოს საფლავი, წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროზე აშენდა განსაბანი და წმიდათა ზებულონისა და სოსანას სახელობის პატარა ტაძარი. რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ტაძარს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაო, რომლის შედეგადაც ტაძრის კედლებიდან მოიხსნა ნახევარი მეტრის სიგანის გვიანდელი (XVII ს.) მინაშენი, რომელიც მთლიანად არღვევდა მის პირვანდელ პროპორციებს. გარდა ამისა, აღდგენითი სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია იოანე ბოლნელის დროინდელი შენობის ნაშთები, რომელთა რესტავრაციაც ამჟამად მიმდინარეობს.

ამასთან, მუშავდება დეტალური პროექტი მთელი სამონასტრო კომპლექსისა, რომლის მიხედვითაც წარიმართება მომავალში მონასტერში აღდგენითი და სამშენებლო სამუშაოები. მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები. გარდა ამისა, დები ქართული მონასტრებისათვის ტრადიციულად დამახასიათებელ მწიგნობრულ საქმიანობასაც ეწევიან: უძველეს ხელნაწერთა საფუძველზე გამოსაცემად ამზადებენ საღვთისმსახურო წიგნებს. მომავალში აღმშენებლობითი სამუშაოების გარდა, განზრახულია საგამომცემლო საქმის გაფართოება და გოგონათა სასწავლებლის აღდგენა. და რაც მთავარია, ქართველთა განმანათლებლის საფლავზე ყოველდღიურად აღევლინება წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ.

წმიდა ნინოს საფლავი დღესაც სულიერ და ხორციელ კურნებას აღმოაცენებს და მისი სავანეც, შეძლებისდაგვარად, ცდილობს ადამიანებს მასთან მიახლების საშუალება მისცეს.

დედების საცხოვრებელი კელიები

 

მონასტრის სიწმინდეები

 

ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის
მისამართი და საბანკო რეკვიზიტები

ბოდბის დედათა მონასტერი, 383210 სიღნაღის რაიონი, ტელ. (8 255) 32 752

სს. ბანკი „რესპუბლიკა“ კოდი 220101757, სალარე ანგარიში: 136084271, სავალუტო ანგარიში: 136184271

 

ფოტოები მოგვაწოდა ლუარსაბ ტოგონიძემ

ქართული წირვა-ლოცვის მფარველი

ჩვენში წმინდა ნინოს შესახებ მრავალი დაწერილა და მომავალშიც დაიწერება. მრავალგზის ყოფილა აღწერილი, შესწავლილი და მხატვრულად შემკული მისი ცხოვრება, ღვაწლი და პიროვნება. მასზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი.

მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდში - ეგზარქოსების მმართველობის დროს, როდესაც ქართულ ეკლესია-მონასტრებში რუსულენოვანი წირვა-ლოცვა და გალობა ინერგებოდა, - როგორ მფარველობდა წმიდა ნინო საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე თავის მოგონებებში წერს: „1905 წლის 14 იანვარს (ნინოობას) სასწავლებლის (იგულისხმება თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელი) ეკლესიაში ქართულ ენაზე წირავდნენ (ერთადერთხელ წელიწადში)“.

აი, რას ვკითხულობთ ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და ლოტბარის - ზაქარია ჩხიკვაძის 1883 წლით დათარიღებულ პირად დღიურში, რომელიც იმჟამად თავად იყო სემინარიის სტუდენტი: „13 იანვარი - დღეს გამოვცხადდი კლასში. შემდეგ სადილი რომ ვჭამეთ, შევკრიბე შეგირდები და ქართულად ვაგალობე და ვასწავლე წირვის რიგი. რახან „რომელი ქრუვიმთა“ არ იცოდნენ, ბევრი ჯაფა დამჭირდა მომზადებაზედ. ახალი მონასტრული „წმიდაო ღმერთო“ დავასწავლე“. მეორე დღეს, ნინოობას იგი წერს: „დღეს დილითაც გავმართე სპევკა და როგორც იყო დავასწავლე რომელი ქერუვიმთა. წირვაზედ კარგად ვიგალობეთ. კინაღამ არ გამიფუჭეს რომელი ქერუვიმთა, მაგრამ მალე გავასწორეთ. წირვის შემდეგ სიონში წაველი და იქაც ქართულად იყო წირვა და უჩილიშჩელები გალობდნენ. კარგათ გალობდნენ და ბევრი ხალხიც იყო...“ (სტილი დაცულია - ნ.ღ.).

დავით მეფსალმუნის დარად ქართველთა გონიერმა გულმა ქნარს დაუკავშირა წმიდა ნინო; ინსტრუმენტს, რომელიც საეკლესიო გალობის სათავეებს ეხმიანება. „სულისა წმიდისა ქნარო ნინო“, რომელიც ქართველთა ლოცვაში ხატოვნად მუსიკალურ ინსტრუმენტადაა გააზრებული, ეგზარქოსობის პერიოდში მფარველად და მცველად ედგა ქართულ ენას, წირვა-ლოცვას, ქართულ გალობას.

ამდენად, 27 იანვარი, ნინოობა, ქართული ენის, წირვა-ლოცვისა და გალობის გადარჩენა-აღორძინების დღედაც შეიძლება გავიაზროთ. წმიდა ნინო კი მათ ერთ-ერთ მეოხად ღვთის წინაშე. „სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“.

ნინო ღამბაშიძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №4, 2002 წ.