ქრისტეშობა
ტროპარი: შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა. |
|
კონდაკი: ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი. |
დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა:
- მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს.
მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითი-დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ.
ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.
ჩუმად თავისთვის ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. არც აუწევიათ თავი ცისკენ. იყვნენ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაფლულნი. შორს აღმოსავლეთში კი მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ.
გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ, ფაფულ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი. ის კი, მაცხოვარი, განხორციელებული სიტყვა, იესო ქრისტე, უფალი ჩვენი ჩვეულებრივი ჩვილი ბავშვივით იწვა ცხოველთათვის განკუთვნილ ბაგაში და ადამიანებს შობისთანავე უმხელდა უდიდეს საიდუმლოს: სიმდაბლეშიაო ადამიანის დიდება. ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი სამყაროთი წარმოჩინდებაო იგი. ასე ასწავლიდა მორჩილებითა და თავმდაბლობით გადარჩებაო ადამიანი. ამ სიბრძნისგან კი შორს იდგნენ ადამიანები. ამიტომაც იყო ერთი, უბრალო, ღარიბული ქოხიც კი არ აღმოჩნდა, რომ შეეფარებინა უფალი, უფალი, რომლის შობასაც ასე უგალობეს ანგელოზებმა:
- დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.
და იშვა იესო, ბეთლემს, გამოქვაბულში, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ.
„ქალწული შობს დღეს მაცხოვარს“ - გალობს წმიდა ეკლესია და ურწმუნოთათვის ალბათ დაცინვის საბაბიც ხდება ეს:
- როგორ დღეს?! განა ორი ათასი წლის წინ არ იშვა?!
საერთოდ საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიკაშკაშით გამოირჩევიან, როგორც პირველშობისას. სულ სხვაა საერო დღესასწაულები. რამდენი ღირსშესანიშნავი თარიღი შემოუნახავს კაცობრიობის ისტორიას, დროთა მსვლელობაში რომ გაფერმკრთალებულან, ფერი უცვლიათ. საეკლესიო დღესასწაულთა განცდა კი მორწმუნეთა გულებში კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ ბრწყინვალებას.
წელსაც მოაწია ქრისტეს შობამ. მწყემსების მსგავსად ვისწრაფოთ მისკენ. უარვყოთ ჰეროდესეული მტრობა მისდამი. მერე რა რომ ცოდვებით დამძიმებულნი ვართ, შებილწულნი. განა ცხოველთა ბაგა იუკადრისა ღმერთმა?! ნუ შევშინდებით. იმედი ვიქონიოთ. ღმერთი არ გაგვწირავს. შემოვუშვათ ჩვენს გულში ქრისტე და იგი განგვიწმენდს გონებას, გაგვიხსნის ყურთასმენას და კვლავ გავიგონებთ ანგელოსთა გალობას: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ!
ყველას გილოცავთ ქრისტეს შობას!
მთავარეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი)
საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილეთ: ქვაბი ცათა ემსგავსა, ქალწული ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროსა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი დაუტევნელი, რომელსა ვუგალობთ. |
ქრისტე იშვება: ადიდებდეთ! ქრისტე ზეციდან; გამოვედით მიგებებად! ქრისტე ქვეყანასა ზედა, აღმაღლდებით! უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა! და ვეტყვი ორთავეს: იხარებდინ ცანი და იშვებდინ ქუეყანა: ჯერ ზეციურისთვის, შემდეგ ქვეყნიურისთვის!.. ქრისტე ქალწულისაგან...
მოვალს მელქისედეკი; შობილი უდედოდ, იშვება უმამოდ, - პირველ უდედოდ, მერმე უმამოდ. ირღვევა კანონი ბუნებისა. ქრისტე უბრძანებს, ნუ შევეწინააღმდეგებით. უხორცო ხორცს შეისხამს, სიტყვა მყარი იქმნება, უხილავი საჩინო ხდება, შეუხებელი - შესახები, ძველი დღეთა (ანუ დაუსაბამო) დასაბამს იღებს. ძე ღვთისა ძე კაცისა ხდება. იესუ ქრისტე გუშინ და დღეს იგივეა.
დე იუდეველები ცთუნდებოდნენ, წარმართნი ეცინოდნენ, მწვალებელნი ენაბრგვილობდნენ! მაშინღა ირწუნებენ, ოდეს იხილავენ ზეცად აღმავალს, თუ მაშინ არა, უეჭველად მაშინ, როდესაც იხილავენ ზეციდან გარდამომავალს და დამჯდარს განსჯად ცოცხალთა და მკვდართა. მაგრამ ეს შემდგომ იქნება, აწ კი დღესასწაულია ღვთისგანცხადებისა ანუ შობისა და ეს ორი სახელი აქვს ამ დღეს, რამეთუ შობის მიერ და ასეც იწოდება ეს დღე ღმერთი გამოგვეცხადა კაცთა... რათა მას, რომელმაც მოგვანიჭა ყოფიერება, მოენიჭებინა კეთილყოფიერებაც.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
შობის მოვლენები ორ მახარებელს აქვს აღწერილი - მოციქულ მათეს (რომლიც თორმეტთაგანი იყო) და ლუკას (რომელიც სამოცდაათთაგანი იყო). რამდენადაც მათე მახარებელი თავის სახარებას ებრაელთათვის წერდა, იმდენად იგი მესიის წარმომავლობაში ხაზს უსვამს მამამთავარ აბრაამსა და დავით მეფეს, როგორც ეს წინასწარმეტყველთაგან იყო ნაწინასწარმეტყველები. ამიტომაც მათე მახარებელი ასე იწყებს სახარებას: „წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა“ (მათე 1,1-17).
იცოდა რა მახარებელმა, რომ იესო არ იყოს იოსების (ქალწულ მარიამის ქმარი) შვილი, იგი არ ამბობს, რომ იოსებმა შვა იესო, არამედ გენიოლოგიური ხაზის აღწერისას ამბობს, რომ „იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისგანაც იშვა იესო, ქრისტედ წოდებული“. მაგრამ რატომ მოჰყავს მაშინ მას იოსების წარმომავლობა და არა მარიამისა? საქმე ისაა, რომ ებრაელები არ აღწერდნენ თავიანთ წარმომავლობას დედის ხაზით (შეიძლება ითქვას, ქალის ხაზით). ამასთან, რჯული მათ ცოლის მოყვანას წარმომავლობის იმ შტოდან ავალებდა, რომელსაც ქმარი მიეკუთვნებოდა, ამიტომაც მახარებელმა წეს-ჩვეულებას არ გადაუხვია და იოსების წარმოშობის აღწერით აჩვენა, რომ მარიამი - ცოლი იოსებისა, და შესაბამისად მისგან შობილი იესო, დავითის შტოდან არიან წარმოშობილნი.
წმინდა ლუკა მახარებელი კი აღნიშნავს, რომ ქრისტეს შობა რომის იმპერიაში გამოცხადებულ ხალხის აღწერას დაემთხვა და როგორც უკვე ითქვა, ებრაელები თავიანთ წარმომავლობას შტოების და შთამომავლობის მიხედვით აწარმოებდნენ. ეს ჩვეულება იმდენად ძლიერი იყო, რომ იმპერატორ ავგუსტუსის განკარგულების შეტყობისთანავე, ყოველი მათგანი იმ ქალაქებისკენ გაემართა, საიდანაც იყვნენ წარმომავლობით. იოსები და ქალწული მარიამი გალილეაში, ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ, როგორც ცნობილია, წარმომავლობით დავითის შტოდან იყვნენ, ამიტომაც ისინი ჩასაწერად ბეთლემში გაემგზავრნენ, რომელსაც დავითის ქალაქი ჰქვია, სადაც დაიბადა და მეფედ ეკურთხა დავით მეფსალმუნე. ბეთლემი იერუსალიმთან ახლოს, მის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქია. ნაზარეთიდან ბეთლემამდე გზის გავლას სამ დღეზე ცოტა მეტი სჭირდებოდა. ბეთლემიდან აღმოსავლეთით იყო დავითის ჭა, ხოლო მის მოპირდაპირე მხარეს გამოქვაბული. როცა იოსები და მარიამი ქალაქს მიუახლოვდნენ, მარიამს მშობიარობის დრომ მოუწია. იოსებმა დასაბინავებელი ადგილის ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერ იპოვა, რადგან აღწერის გამო უამრავი ხალხი იყო ბეთლემში თავმოყრილი. ვინაიდან უკვე ღამდებოდა და მომავალი მესიის დედისთვის არ აღმოჩნდა ქალაქში ადგილი, იოსები და მარიამი იძულებულნი გახდნენ ქალაქგარეთ, სწორედ იმ გამოქვაბულში შეეფარებინათ თავის, სადაც უამონდობისას მწყემსები თავიანთ ნახირს აბინავებდნენ.
იესო ქრისტე იშვა ღამით, როცა ბეთლემში და მის შემოგარენში ყველა ღრმა ძილს იყო მიცემული.
შობის ღამეს, მთელს სამყაროში, დიადი სასწაულები მოხდა. მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან წყარომ ამოხეთქა; მისგან შორს, რომში კი მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია; წარმართული ტაძარი, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, დაინგრა, მასში მდებარე კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა; ესპანეთში იმ ღამეს ცაზე თვალისმომჭრელად მბრწყინავი ღრუბელი გაჩნდა; ისრაელში, მიუხედავად ზამთრისა, ვაზი აყვავდა. ხოლო ყველაზე დიდი სასწაული ანგელოზების გამოცხადება იყო, რომლებიც მწყემსებს გამოეცხადნენ და სახარებაშიც არის აღწერილი:
გამოქვაბულის მოპირდაპირედ, რომელშიც მაცხოვარი იშვა, მაღალი კოშკი იდგა. კოშკში მწყემსები ცხოვრობდნენ. სამ მათგანს იმ ღამეს არ ეძინა, ვინაიდან ფარას მწყემსავდნენ. სწორედ მათ გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი ზეციური ბრწყინვალებით. მის დანახვაზე მწყემსები ძალიან შეშინდნენ, მაგრამ გაბრიელმა უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ! მე გახარებთ თქვენ უდიდეს სიხარულზე, რომელიც იქნება ყოველი ადამიანისთვის: რამეთუ დავითის ქალაქში მხსნელი იშვა, რომელიც არის უფალი ქრისტე“. ამ სიტყვებით მთავარანგელოზმა მესიის ჭეშმარიტ დანიშნულებაზე მიანიშნა, რომელიც არა მარტო ებრაელთათვის მოვიდა, არამედ ყველა ხალხისთვის, რამეთუ სიხარული იქნება ყველასათვის, ვინც მას მიიღებს, როგორც მხსნელს. გაბრიელმა ისიც უთხრა მწყემსებს, თუ სად იპოვიდნენ ახალშობილ ყრმას.
იმ დროს, როცა გაბრიელმა ამის შესახებ მწყემსებს აუწყა, ზეციდან მრავალი ანგელოზის გალობის ხმა მოისმა, რომლებიც ასე ადიდებდნენ ღმერთს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
რატომ აირჩია ანგელოზმა უბრალო მწყემსები და არ აუწყა ქვეყნად მესიის მოვლინება იუდეველ უხუცესებს, მწიგნობრებსა და ფარისევლებს? იმიტომ, რომ „ბრმების ბრმა წინამძღოლებმა“ დაივიწყეს მესიის შესახებ წინასწარმეტყველების ჭეშმარიტი არსი.
ერთმანეთში მოთათბირების შემდეგ, მწყემსებმა გადაწყვიტეს ახალშობილის დაბადების ადგილას მისულიყვნენ და ენახათ მართალი იყო თუ არა, რაც მათ მთავარანგელოზმა უთხრა. მისულებმა ნახეს საქონლის ბაგაში მწოლარე ყრმა და ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც მათ ეუწყათ. მწყემსებმა ირწმუნეს, რომ ის იყო მესია, რომელსაც ამდენს ხანს ელოდნენ და რომ იგი მოვიდა, რათა იხსნას კაცობრიობა.
მათ ყველაფერი უამბეს წმინდა იოსებსა და ღვთისმშობელს. სალომეა (ნათესავი ღვთისმშობლისა და იოსებისა) და ყველა იქ მყოფი, რომლებიც ახალშობილის სანხავად იყვნენ მოსულები, გაოცდნენ მწყემსების მონათხრობით. ღვთისმშობელი კი „ჩუმად უსმენდა მათ და იმარხავდა ყოველ სიტყვას გულში“.
რამდენიმე თვით ადრე ქრისტეს შობამდე ცაზე უჩვეულო ვარსკვლავი გამოჩნდა. აღმოსავლელმა მოგვებმა (მოგვებს უწოდებდნენ განსწავლულ ადამიანებს, რომლებიც აკვირდებოდნენ და იკვლევდნენ ციურ მნათობებს) და ფილოსოფოსებმა შეამჩნიეს იგი და დაიწყეს ფიქრი თუ რას ნიშნავდა ამ საკვირველი ვარსკვლავის გამოჩენა. როგორც წმინდა მამები ამბობენ, შობის ვარსკვლავი ცაზე იმ მომენტიდან აინთო, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ მისგან იშვება ქვეყნიერების მხსნელი.
იმ პერიოდისთვის ხალხს სჯეროდა, რომ დიდი ადამიანის დაბადებისას ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. მრავალმა წარმართმა, უმეტესად სპარსეთში, ებრაელთაგან იცოდა მომავალი მესიის, იუდეველთა დიადი მეფის შესახებ. სპარსი მოგვები ელოდნენ, რომ, როცა დაპირებული მეფე დაიბადებოდა, ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. მართალია წინასწარმეტყველება მესიის ვარსკვლავის შესახებ სულიერი გაგებით იუწყებოდა, მაგრამ ღმერთმა, მისი გულმოწყალებით, წარმართებში რომ რწმენა გაეღვიძებინა, ცნობა მათთვის უფრო გასაგები ფორმით, ცაზე უჩვეულო ვარსკვლავის გამოჩენით მისცა.
როცა ქრიტეს შობამდე ცოტა დროღა იყო დარჩენილი, სამი მოგვი, ყოველი თავისი ქვეყნიდან, გაემართნენ პალესტინისკენ.
იოსები და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ახალშობილ ყრმასთან ერთად ჯერ კიდევ ბეთლემში იმყოფებოდნენ, როცა შორეული აღმოსავლეთიდან წამოსული მოგვები იერუსალიმში მივიდნენ. იერუსალიმიდან ბეთლემისკენ მიმავლებს გზას ისევ ის უჩვეულო ვარსკვლავი უჩვენებდა, ვარსკვლავი თითქმის მიწამდე დაეშვა და ბოლოს იმ გამოქვაბულის თავზე გაჩერდა, სადაც ბაგაში ახალშობილი მაცხოვარი იწყვა. იხილეს რა საქონლის ბაგაში მწოლიარე ყრმა, აღმოსავლელი ბრძენნი მიხვდნენ, რომ ახალშობილის მეუფება ფუფუნებაში და დიდებულ დარბაზებში კი არა, სიღარიბეში, მორჩილებაში და ამქვეყნიური დიდების მოძულებაში იყო. წარმართ განსწავლულებზე მათთვის მოულოდნელმა სანახაობამ არ იმოქმედა და ის რწმენა არ შერყევიათ, რის გამოც ასეთი გრძელი გზა გამოიარეს. პირიქით, შევიდნენ საქონლის სადგომში, მიახლნენ ბაგაში მწოლიარე ყრმას და თაყვანის სცეს არა მარტო როგორც მეფეს, არამედ როგორც ღმერთსაც და ძღვენიც მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.
მაცხოვრის შობასთან დაკავშირებულ მონათხრობში კიდევ ის არის შესანიშნავი, რომ პირველები, ვინც ახლადდაბადებულ მხსნელს თაყვანისცეს, მწყემსები იყვნენ, ბუნების ჭეშმარიტი შვილები, რომლებსაც მაცხოვრისათვის მხოლოდ თავიანთი გულის საგანძური შეეძლოთ მიეძღვნათ, გულის საგანძე - სავსე უბრალოებით, რწმენით და მორჩილებით. უკვე მოგვიანებით კი სიბრძნით აღჭურვილი მოგვები მივიდნენ აღმოსავლეთიდან. ეს ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ გულის უბრალოებას და ღრმა კეთილსინდისიერ მეცნიერებას ერთნაირად მიჰყავს ადამიანი ქრისტემდე. მხოლოდ პირველი გზა პირდაპირია, მოკლე და უფრო სარწმუნო, ვიდრე მეორე. მწყემსებს უშუალოდ ანგელოზებმა აუწყეს, ხოლო მოგვებმა უტყვი ვარსკვლავის გამოჩენიდან მოყოლებული, ძნელადსავალი და არცთუ უხიფათო გზა გაიარეს ვიდრე სასურველ მიზანს მიაღწევდნენ.
ჟურნალი „სამრეკლო“, №4, 2006 წ.
- ოცდახუთსა
დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო
- ანგელოზები გალობენ - ეს რომ მწყემსებმა გაიგეს - ჩიტი ღობეზე შემოჯდა |
პაატა ვარდანაშვილის ფოტო |
- ცაზე ვარსკვლავი გამოჩნდა - ალათასა ბალათასა შიგ რომე ვერა ვიპოვე-რა - ოცდახუთსა დეკემბერსა |
„და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყოსოსა მათსა. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა მათ ზედა, და დიდებაჲ უფლისაჲ გამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა. და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა. და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა. და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ. და იყო ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგი ზეცად, მწყემსთა მათ თქუეს ურთიერთას: განვიდეთ ჩუენ ვიდრე ბეთლემადმდე და ვიხილოთ სიტყუაჲ ესე, რომელი იყო ჩუენდა მომართ, რომელი-იგი უფალმან მაუწყა ჩუენ. და მოვიდეს მსწრაფლ და პოვეს მარიამ და იოსებ და ყრმაჲ იგი, მწოლარე ბაგასა. და ვითარცა იხილეს, გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ითქუა მათა მიმართ ყრმისა მისთჳს. და ყოველთა, რომელთა ესმოდა, უკჳრდა სიტყუაჲ იგი მწყემსთაჲ მათ მათდა მიმართ. ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თჳსსა. და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათდა მიმართ“ (ლუკა 2, 8-20).
ყოველი შობის ღამეს, ალბათ ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მოციქულების წინამორბედი, ქრისტეს მახარებელი მწყემსები შორეული წარსულიდან აქამომდე მთელ ერს ამცნობდნენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია. მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპარი ზრდასრული მამაკაცები თუ ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდა ყმაწვილები ალილოს გალობით, როგორც ამ ხალხურ სიმღერას ხალხში უწოდებდნენ, თვითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს ღვთის სადიდებელს - ალილოს (ალილუია - ვადიდოთ ღმერთი) - მთელი ქვეყნის გასაგონად, მაღალ ხმაზე უგალობდნენ:
„ალილო და აქა ალილო,
ალილო და აქა შობა,
ღმერთმა ბევრი გაგითენოთ
შობა-ახალწელიწადი.
ოცდახუთსა ამთვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ჩიტი შემოჯდა ღობესა,
იძახის ქრისტეშობასა.
ჩვენ მათხოვრები არა ვართ,
ვართ ქრისტეს მახარობლები,
ალილო და აქა შობა,
აქა ალილო“ (მესხეთი)„ოცდახუთსა ამ თვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
თქვენ გვაჩუქეთ გროშებიო,
დაგელოცოთ ბოვშვებიო“ (სამეგრელო)„ოცდახუთსა და რამდენსა შობა გათენებულაო,
შობის მადლი შეგეწიოთ, ქრისტე დაბადებულაო,
ეს სახლი ვინ ააშენა, ვინ დახურა მუხის გული?
ამშენებლის დედა ცხონდეს, დამხურავის მამის სული.
„კოშკიდან“ გადავიხედე, ერბო გიდგათ ქილებითა,
ალათასა, ბალათასა, კვერხცი უნდა კალათასა,
აქა ღორი დაკლულიო, ნაყელარი ჩვენიაო, ნასამედი თქვენიაო.
პატარძალო ჩვენო ლხინო, მარნის კარი გიჭრიალებს,
მარნის ქოცო აგვიხადე, ყელი ჩაგვიმაჭრიანე“ (კახეთი)
ვინ მოსთვლის რამდენი საუკუნე ქართველი ამ საოცარი ამბით, სიხარულითა და ვარსკვლავით განათებულ ღამეში უხვად: ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით, ყოველივე იმით, რაც მოეპოვებოდა და რა თქმა უნდა, კვერცხით, აჯილდოვებდა მეალილოებს, შობის სიმბოლოთი, რომელიც სულ მალე, აღდგომას, ქრისტეს ჯვარცმის ნიშნად წითლად შეიღებებოდა და მეჭონეებს, ქრისტეს აღდგომის მახარობლებს მიერთმეოდა. კვერცხით, რომელიც ოდითგან საუცხოო საჩუქრად ითვლებოდა. და ვაი, მას ვინც ძღვენს დაინანებდა (მეალილოეთა ძღვნის გარეშე გაშვება ხალხში ფუძის უბარაქობისა და ზიანის მომტანად ითვლებოდა) იმ მწყემსთათვის, რომლებიც ღვთისა და ანგელოზებისაგან დამოძღვრილ სახარებისეულ წინაპრებს განასახიერებდნენ, ვისაც მთელი ქვეყნისათვის ღვთისა და ანგელოზების ნებით დიდი საიდუმლო, მომავალი, მარადიული, მარადიული ხსნის საწინდარი უნდა გაენდოთ. ამას გარდა, ქრისტიანი ქართველი მოსულში, ყოველ სტუმარში, მათ შორის ყოველ მეალილოეში ღმერთს ხედავდა, რომელთათვის მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო და საჩუქარიც, დიდებაც და თაყვანისცემაც.
ამ ღამეს ქრისტეშობის სიხარულს, როგორც ბეთლების გამოქვაბული, ვეღარ იტევდა ტაძარი, მწყემსებთან ერთად გამოდიოდა გარეთ, მწყემსების მეშვეობით თვითოეულ მოკვდავამდე მიდიოდა და ეს სიხარული ქრისტეს ხორციელი მოვლინებით განცდილი ყველას ერთ მრევლად, ქრისტეს მიწიერ სხეულად, ეკლესიად აქცევდა.
შუასაუკუნეების გადმოცემის თანხმად, შობას იერიქონში ვარდები იშლებოდნენ დეკემბერში, შიომღვიმეში ტაძრის კედელთან ამოსული წითელი ვარდის კოკრები, თითქოსდა მეალილოე მწყემსების დარად ელიან შობას, რომ აყვავდნენ სიხარულისა და დიდების ნიშნად.
ნინო ღამბაშიძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 1 (103), 2001 წ.
ცოდვით დაცემამ დაამახინჯა და შეცვალა ადამიანის სულიერი ძალები და ბუნება. კაცობრიობამ, ამოწურა რა თავისი ძალები და შესაძლებლობები, გარკვეულ ტრაგიკულ ზღვართან მივიდა, მან დაინახა, რომ თავის გადარჩენა თვითონ არ შეეძლო. არა მხოლოდ პალესტინა, არამედ წარმართული სამყაროც კი ელოდა მესიას, მათ მხსნელს.
კაცობრიობის ისტორია, ეს არა მხოლოდ მიწიერი, არამედ კოსმიური ტრაგედიაცაა, ქრისტეს მოსლვა ამქვეყნად კი მთელი სამყაროს გამსჭვალავი ნათელია. საშობაო საგალობელში ეკლესია, როგორც ძლევის ჰიმნს, ისე იმეორებს ამ სიტყვებს - „ჩვენთარ არს ღმერთი“. ღმერთი ჩვენთან მოვიდა, რათა მივიღოთ ჩვენ მარადიული სიცოცხლე და სიხარული.
გადმოცემით, შობის ვარსკვლავი მაშინ აენთო ბაბილონის თავზე, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ მისგან იშვებოდა ქვეყნიერების მხსნელი. სწორედ ამ ვარსკვლავს გამოჰყვნენ მოგვები, ანუ საიდუმლო ცოდნის მფლობელები (ასტრონომია და მათემატიკა ძველ სამყაროში წმინდა მეცნიერებებად ითვლებოდა). მოგვები იცნობდნენ დანიელის წინასწარმეტყველებას, რომელიც ქრისტეშობამდე დიდი ხნის წინ ბაბილონში ცხოვრობდა.
რომის იმპერატორმა, ავგუსტინემ, ხარკის გადასახადების მოსაწესრიგებლად, იმპერიაში ხალხის საყოველთაო აღწერა გამოაცხადა. რომის ხელისუფლება ანგარიშს უწევდა ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს და იუდეაში აღწერა იუდეველთა ჩვეულების მიხედვით მიმდინარეობდა. იოსები და ქალწული მარიამი დავით მეფის შტოს ეკუთვნოდნენ და ამიტომ იმ ქალაქში უნდა ჩაწერილიყვნენ, საიდანაც მათი წინაპარი იყო, ანუ ბეთლემში. ქალაქში, რომელიც წინასწარმეტყველებაში მესიის შობის ადგილად არის მოხსენიებული.
ქრისტეს მოსვლა უხმაუროდ და საიდუმლოდ განხორციელდა: ბეთლემმა (ქვეყნიერების სახე ამ შემთხვევაში) ვერ იცნო თავისი მხსნელი. მხსნელის მომლოდინე ქვეყანამ კი ჭეშმარიტი მხსნელისგან განსხვავებული, მხსნელის სხვა სახე შექმნა. ჭეშმარიტი ქრისტესთვის, რომელმაც ქვეყნად ღვთაებრივი ნათელი მოიტანა, ამქვეყნად ადგილი არ აღმოჩნდა - ბეთლემმა კარი გამოუკეტა მას, იერუსალიმმა ჯვარი განუმზადა, ხოლო წუთისოფელს დღემდე მოძულებული ჰყავს იგი.
ქრიტე მოვიდა ქვეყნად. ბეთლემს კი ეძინა ღრმა ძილით. სასტუმროების და სახლების კარებები ყრუდ იყო გამოკეტილი ახალშობილი-ღმერთისთვის. ქვეყანამ თავისი მეუფე გამოქვაბულში მიიღო, სადაც მწყემსები ღამეს ათევინებდნენ საქონელს.
წმინდა მიწაზე დღემდე დგას ოთხი დიდი კლდე, სწორედ ისე, როგორც ამქვეყნად ქრისტეს მოსვლის ჟამს იდგნენ. ერთ-ერთ მათგანშია იქ გამოქვაბული, რომელშიც მაცხოვარი იშვა. ასეთი უბრალო ადგილას და არა სამეფო პალატებში შობით, მაცხოვარმა იმ თავმდაბლობის მაგალითი მოგვცა, რომელსაც ხალხს უქადაგებდა. უფალი მხოლოდ ყველაზე აუცილებელს დასჯერდა, რომ ჩვენც ასევე მოვიქცეთ. გვაჩვენა, რომ არა ადგილი ანიჭებს ადამიანს მნიშვნელობას, არამედ ადამიანი ხდის ადგილს კურთხეულს. ადამიანი ყველაზე დიდი ფასეულობაა იმ ყველაფერს შორის, რაც კი ქვეყნად არსებობს. ფუფუნება და გარეგნული ბრწყინვალება ადამიანს არ აღამაღლებს, ხოლო სიღარიბე მის ღირსებას არ ამცირებს.
არემარე მდუმარებაში იყო ჩაძირული. ისრაელს, ღვთის რჩეულ ხალხს, ეძინა. მხოლოდ არ ეძინა რამდენიმე მწყემსს, რომლებიც მინდორში ცხვრებს მწყემსავდნენ. მათ ანგელოზი გამოეცხადა და მსხნელის მოსვლა ახარა. მწყემსებმა მაცხოვარი სუფთა რწმენით მიიღეს, ვინაიდან ღმერთი მათ გულებში იყო. მათი წმინდა სულები ზეციური ნათელის ამრეკლავ სარკეს ჰგავდნენ.
დილით კი, როცა ღვთის რჩეულმა ერმა გაიღვიძა, ვერც კი შეამჩნია, როგორ გამორჩა ყველაზე მთავარი.
როგორც სახარება იუწყება, მწყემსების შემდეგ პირველები, რომლებმაც თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს, აღმოსავლელი მოგვები იყვნენ. მოგვთა რწმენა, ეს ბრძენთა და ფილოსოფოსთა რწმენა იყო, რომლებმაც ღმერთი ხილული სამყაროს და წმინდა წიგნების მეშვეობით შეიცვნეს, მოგვთა რწმენა ეს ღმერთისკენ მიმავალი ძნელი და გრძელი გზაა - ბაბილონიდან ბეთლემამდე. მოგვები ცრუ ღმერთების მსახურები იყვნენ, მაგრამ ჭეშმარიტმა სიბრძნემ ისინი ჭეშმარიტ ღმერთამდე მიიყვანა.
გადმოცემის თანახმად ერთი მოგვი სპარსი იყო, მეორე - არაბი, მესამე კი - ეთიოპელი. მათი სახელებია: გასპარი, მელქიოფი და ბალთაზარი. ახალშობილი მაცხოვრის თაყვანისცემიდან სამ ათწლეულზე ცოტა მეტი ხნის შემდგომ, მოგვები მოინათლნენ (მოციქულ თომასგან) და თავად გახდნენ ქრისტიანობის მქადაგებლები. მათი წმინდა ნაწილები III საუკუნესი აღმოაჩინეს და ამჟამად გერმანიაში, კიოლნის ტაძარში ინახება.
ახალშობილი მხსნელისთვის თაყვანის საცემლად შორეული აღმოსავლეთიდან მისულმა მოგვებმა, იესოს ძღვნად ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს. ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც კაცს.
გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელმა, ცოტახნით ადრე მის მიძინებამდე, მოგვების მიერ მაცხოვრის შობისას მირთმეული ეს ძღვენი იერუსალიმის ეკლესიას გადასცა. სიწმინდეები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ბიზანტიაში არ აღმოჩნდა. 400 წელს, ბიზანტიის იმპერატორმა, არკადიმ, ისინი კონსტანტინეპოლში, ახალ დედაქალაქში გადაიტანა. კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე სიწმინდეები ბიზანტიის იმპერატორების პირად საგანძურში ინახებოდა.
1433 წელს, სერბეთის მთავარი, გიორგი ბრანკოვიჩი იძულებული გახდა თავისი მცირეწლოვანი ასული მარო (მარიამი) მურატ II-თვის, თურქეთის სულთანისთვის, მიეცა ცოლად. სწორედ ამ სულთანის ვაჟმა, მუჰამედ II-მ დაიპყრო კონსტანტინეპოლი. მარომ კი, რომელსაც უფლება ჰქონდა თავის ღმერთზე ელოცა, მრავალი სიწმინდე გადაარჩინა დაპრყობილ მართლმადიდებლურ ქალაქში.
კონსტანტინეპოლის დაცემიდან ოციოდე წლის შემდეგ მარო ათონის მთაზე გაემგზავრა, რათა მოგვთა ძღვენი წმინდა პავლეს ტაძრისთვის გადაეცა. ეს სიწმინდეები დღესაც ამ მონასტერში ინახება. ოქრომ ჩვენამდე 28 ცალი, 7x5 სანტიმეტრის ზომის, კვადრატული და სამკუთხედის ფორმის ფირფიტების სახით მოაღწია. ეს ფირფიტები ერთამენთს წააგავს, მხოლოდ ორნამენტებით განსხვავდებიან. გუნდრუკი და მური კი ერთმანეთშია გადაზელილი და დაახლოებით 70 ცალი მუქი ფერის ბურთულების სახით არის შენახული. ოქროს წყლის კურთხევისთვის იყენებენ. ხანდახან, ძალიან იშვიათად, მოგვების ძღვენი ათონიდან გააქვთ, ამ სიწმინდეების საშუალებით ეშმაკეულებს დევნიან.
ჟურნალი „სამრეკლო“, №4, 2006 წ.
ღვთის ძის განკაცებამ საფუძვლიანად შეცვალა ქვეყანა უკეთესობისკენ: მან ახლებური აზროვნების საშუალება მისცა ადამიანებს, გააკეთილშობილა მათი ზნეობრივი მხარეები, ახალ კალაპოტში მიმართა მსოფლიო მოვლენები. ღვთის სიტყვის განკაცებამ ცოდვასთან ბრძოლის ძალა მისცა ადამიანებს, შეარიგა ისინი ღმერთთან, ხწრნად ადამიანურ სხეულში ღვთაებრივი სიცოცხლის ნაკადი შევიდა და ადამიანი მარადიული სიცოცხლის თანაზიარი გახადა. ამ მიზეზთა გამო, მაცხოვრის შობა მსფოლიო მოვლენათა ცენტრში მოექცა და მისგან ითვლება წელთაღრიცხვა - ქრისტეშობამდე და ქრისტეშობის შემდეგ. |
ქრსტიანობა ღმერთის განკაცებაში, ქრიტეს ჯვარსა და აღდგომაში მდგომარეობს, რომლის საშუალებითაც კაცობრიობა ახლად დაიბადა, ამაღლებისა და ღვთის მსგავსების აღდგენის საშუალება მიიღო, რომელიც ადამიანებს ცოდვით დაცემის გამო დაკარგული გვქონდა. რამდენადაც ცოდვიანობის გამო ჩვენს ღმერთთან ერთობა აღარ შეგვიძლია, ვინაიდან არ შეიძლება არავითარი დაზიანებული და დამახინჯებული ღმერთთან კავშირში იყოს, ამდენად უფალთან ერთობისათვის, ადამიანის განღმრთობისათვის აუცილებელია ადამიანის შესაბამისი ბუნების შექმნა. ქრისტემ საშუალება მისცა კაცობრიობას, თითოეული ადამიანს, თავის თავში აღედგინა ამგვარი ბუნება. ღმერთის განკაცება მისი ადამიანისადმი გმოავლენილი განუზომელი სიყვარულის შედეგია. უმაღლესი საღვთისმეტყველო ფორმულა ამბობს: „ღმერთია თავად სიყვარული“. სიყვარული ნიშნავს, ისე მიიღო იმის სიხარული და უბედურება, როგორც საკუთარი. ნამდვილი სიყვარული საყვარელ არსებასთან გაიგივებისკენ გიბიძგებს. სიყვარულის უმაღლესი ფორმულა განსაზღვრავს: „არ არის იმაზე მეტი სიყვარული, ვიდრე დადო სული შენი მეგობრებისთვის“. ღმერთის სიყვარულმა არა მარტო შექმნა სამყარო, არა მარტო თავისუფლება მიანიჭა ადამიანს, არა მარტო მცნებებს, წინასწარმეტყველბს, და სიბრძნეს გვაძლევდა, სიყვარულმა მას არა მარტო ადამიანის სახე მიაღებინა, არამედ თავად გახდა სრული ადამიანი. ღმერთმა უკვე ჩაიდინა ყველაზე წარმოუდგენელი რამ ადამიანის გონებისთვის, მან გადმოლახა თავისი მარადიულობის ზღუბრბლი და შემოვიდა დროის მდინარებაში, მან, რომელმაც თავად შექმნა ადამიანი, მისი სიყვარულის გამო დათანხმდა მიეღო მისგან სილა, შოლტი და ათასგვარი დამცირება. თავისი ნებით, ჩვენდამი უსაზღვრო სივარულის გამო, მოვიდა ამ ქვეყნად და მსხვერპლად გაიღო თავისი თავი.
ჟურნალი „სამრეკლო“, № 4, 2006 წ.
პირველები, ვინც ახლადდაბადებულ მხსნელს თაყვანისცეს, მწყემსები იყვნენ, ბუნების ჭეშმარიტი შვილები, რომლებსაც მაცხოვრისათვის მხოლოდ თავიანთი გულის საგანძური შეეძლოთ მიეძღვნათ, გულის საგანძე - სავსე უბრალოებით, რწმენით და მორჩილებით. უკვე მოგვიანებით კი სიბრძნით აღჭურვილი მოგვები მივიდნენ აღმოსავლეთიდან. ეს ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ გულის უბრალოებას და ღრმა კეთილსინდისიერ მეცნიერებას ერთნაირად მიჰყავს ადამიანი ქრისტემდე. მხოლოდ პირველი გზა პირდაპირია, მოკლე და უფრო სარწმუნო, ვიდრე მეორე. მწყემსებს უშუალოდ ანგელოზებმა აუწყეს, ხოლო მოგვებმა უტყვი ვარსკვლავის გამოჩენიდან მოყოლებული, ძნელადსავალი და არცთუ უხიფათო გზა გაიარეს ვიდრე სასურველ მიზანს მიაღწევდნენ. |