წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა |
|
|
|
მარხვა |
ესმა ჰეროდეს მეფესა, რამეთუ განცხადნა სახელი მისი, და იტყოდა, ვითარმედ: იოვანე ნათლის-მცემელი მკუდრეთით აღდგომილ არს, და მისთჳს იქმნებიან ძალნი მისნი თანა. და სხუანი იტყოდეს: ელია არს გინა ვითარცა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი პირველთაჲ. ესმა რაჲ ჰეროდეს, თქუა, ვითარმედ: რომელსა მე თავი მოვჰკუეთე იოვანეს, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით. რამეთუ ამან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოვანე, შებორკილა იგი და შესუა საპყრობილედ ჰეროდიადაჲსთჳს, ცოლისა ფილიპესა, ძმისა მისისა, რამეთუ იგი შეირთო ცოლად. რამეთუ ეტყოდა იოვანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი. ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთჳს და უნდა მოკლვაჲ მისი და ვერ ჴელ-ეწიფა. რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდაჲ არს, და სცვიდა მას და ისმინის მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა. და ვითარცა იყო დღე მარჯუჱ, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა მისისასა სერი უმზადა მთავართა მისთა და ათასისთავთა მისთა და აზნაურთა გალილეაჲსათა, და შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და მის თანა მიენაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. და მწუხარე იქმნა ჰეროდე მეფე, ხოლო ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა არა ინება შეურაცხ-ყოფაჲ ქალისაჲ მის. და მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა. და ესმა მოწაფეთა მისთა, მოვიდეს და შემოსეს გუამი მისი და დაჰფლეს საფლავსა.
● სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქადაგება წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს 2001 წ. - 2005 წ. - 2006 წ. ●
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) |
ის უფლის წინამორბედი გახლდათ, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა, და უდიდესი წინასწარმეტყველი დედამიწაზე შობილთა შორის. ამას თვით იესო ქრისტეს სიტყვები მოწმობს. უფლის ხორციელი ნათესავის მთელი ცხოვრება ღვთისადმი მიძღვნილი ერთი ამოსუნთქვა იყო. იგი იდგა ძველი და ახალი აღთქმის მიჯნაზე. მან დაიწყო, მაგრამ როცა მოვიდა ნათელი სოფლისა, იოანე მზად იყო ამა სოფლიდან განსასვლელად.
იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი სამუდამოდ დაუკავშირდა ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.
ჰეროდე ანტიპა იყო ძე ჰეროდესი, დიდად წოდებულისა, რომელმაც ბეთლემში ყრმათა ჟლეტა მოაწყო. მაცხოვარი მასზე მხოლოდ ერთ წინადადებას ამბობს, თუმცა ეს ერთი ფრაზაც ნათელს ჰფენს მის ორგემაგე ბუნებას: „მივედით და არქუთ მელასა მას“ (ლუკა 13:32). ჰეროდე ანტიპამ განსაკუთრებით მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც დაუოკებელ ვნებათა ღელვას აჰყვა და ცოლად შეირთო თავისი ნახევარძმის არისტობულის ქალიშვილი, ავხორცობით განთქმული ჰეროდეადა, რომელიც ერთ-ერთი გახლდათ მაკაბელთა მცირერიცხოვან შთამომავლთაგან - შვილიშვილი ჰეროდე დიდისა და მარიამნა მაკაბელისა, აგრეთვე შვილიშვილი ჰეროდე დიდის დის სალომეასი და შეიხ კოსტობარისა. ასე რომ, ამ ქალის ძარღვებში მრავალი ბოროტი და პატივმოყვარე წინაპრის სისხლი დიოდა.
ჰეროდეადა გათხოვილი იყო თავის ბიძაზე ჰეროდე ფილიპეზე (ოღონდ ეს ფილიპე მეოთხედმთავარი არ გეგონოთ). ქალი დარწმუნდა, რომ მის პატივმოყვარე ზრახვებს ასრულება არ ეწერა. ჰეროდე დიდმა მისი ქმარი მემკვიდრეობის გარეშე დატოვა (არადა, იქამდე მთელ სამეფოს მას უტოვებდა). თანაც ფილიპე უმეტესწილად რომში ცხოვრობდა უპრეტენზიოდ და მშვიდად, ჰეროდეადა კი დედოფლის გვირგვინზე ოცნებობდა (და ეს არც იყო გასაკვირი - მის ძარღვებში ხომ ლეგენდარული მაკაბელების სისხლი ჩქეფდა). ამიტომ ერთხელ, როცა ჰეროდე ანტიპა ძმას ეწვია, ჰეროდეადამ მასთან დანაშაულებრივი კავშირი გააბა და დაითანხმა, ცოლს გაყროდა და იგი შეერთო.
ასეთ ქორწინებას რჯული პირდაპირ კრძალავდა და „უწმინდურად“ მიიჩნევდა, ამიტომაც ჰეროდე ანტიპას და ჰეროდეადას შეუღლებამ იუდეველები ძლიერ აღაშფოთა, მაგრამ ავხორცმა და პატივმოყვარე ქალმა ყური არავის ათხოვა, თავის ქალიშვილთან ერთად ახალი ქმრის სასახლეში გადაბარგდა, მის ბოროტ გენიად და წყევლად იქცა და საბოლოოდ დაღუპა კიდევაც.
ანტიპამ თავისი რეზიდენცია მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ციხე-დარბაზ მახერუნში გადაიტანა. იქ ტეტრარქი და მისი „რბილ სამოსელში“ გამოწყობილი კარისკაცები ახლოს იყვნენ ენონსა და სხვა ადგილებთან, სადაც ქადაგებდა და ნათელს სცემდა წინამორბედი. იოანე ნათლისმცემელი არაერთგზის მიუწვევიათ სასახლეში (ასეთ ინფორმაციას გვაწვდის იოსებ ფლავიუსი „იუდაურ სიძველეებში“, თუმცა მართალია თუ არა ეს, ვერავინ იტყვის). ასე იყო თუ ისე, ანტიპა წინამორბედის ქადაგებებით დაინტერესდა და ერთხანს სიამოვნებითაც კი უსმენდა მას. როგორც სახარება მოგვითხრობს, „ისმინოს მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა“ (მარკ. 6:29), სანამ იოანემ იგი ულმობლად არ ამხელდა და არ უთხრა: „არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი“ (მარკ. 6:17). სავარაუდოდ, სწორედ ჰეროდეადას დაჟინებული მოთხოვნით ჩააგდო ანტიპამ იოანე მახერუნის ჯურღმულში, რომლის ნანგრევები დღესაც შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
ანტიპას გრძნობები იოანე ნათლისმცემლის მიმართ, როგორც ჩანს, არცთუ მტკიცე იყო. სამაგიეროდ, ურყევი გახლდათ მისი თანამეცხედრე, რომელმაც წინამორბედის მოკვდინება განიზრახა. ჰეროდე ანტიპა გულის სიღრმეში აცნობიერებდა, რომ იოანე მართლი და წმიდა კაცი იყო. ესეც არ იყოს, ნათლისმცემელს დიდი გავლენა ჰქონდა ხალხზე და, ჩანს, ანტიპას ეშინოდა, მის სიკვდილით დასჯას აჯანყება არ მოჰყოლოდა: „არამედ ეშინოდე ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინასწარმეტყველი, ეპყრა მათ იგი“ (მათე 14:5). ამიტომაც ორჭოფობდა - არ იცოდა, რა ექნა და ერთხანს, როგორც შეეძლო, იცავდა წინასწარმეტყველს გააფთრებული ცოლისგან. ცხადია, ერჩივნა კიდევაც, საპყრობილეში ჰყოლოდა გამომწყვდეული - იქიდან წინამორბედი ვერაფერს ავნებდა მას, თანაც მახერუნიც აუღებელ ციხესიმაგრედ მიაჩნდა.
მაგრამ ჰეროდეადას სულ სხვა რამ ჰქონდა განზრახული. თავისი მზაკვრული ჩანაფიქრი მან ერთ-ერთ იმ თავაშვებულ ნადიმზე აღასრულა, რომლითაც ასე იყო განთქმული ჰეროდეების გვარი.
ჰეროდე ანტიპა ტახტზე ასვლისა თუ დაბადების დღეს ზეიმობდა. ეს დღესასწაული, ლოგიკის თანახმად, დედაქალაქ ტიბერიადაში უფრო უნდა გამართულიყო, ვიდრე მახერუნში; მახარებლები ამაზე არაფერს ამბობენ, მაგრამ იოსებ ფლავიუსის მიხედვით, იოანე ნათლისმცემელს სწორედ მახერუნში მოჰკვეთეს თავი. თუ როგორ მოხდა ეს, ყველამ იცის - ღრეობა, სადაც სალომეას ცეკვის სანაცვლოდ ნებისმიერი სურვილის ასრულება აღუთქვეს, საპყრობილეში ჯალათის წარგზავნითა და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთით დაგვირგვინდა.
ამ დღიდან ჰეროდე ანტიპას ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრა სიხარული. გვირგვინოსანს შიში და სინდისის ქენჯნა მოსვენებას არ აძლევდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ როდესაც მან იესო ქრისტეს მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, თქვა: ეს არისო იოანე ნათლისმცემელი, რომელსაც მე თავი მოვკვეთე; „იგი აღდგომილ არს მკვდრეთით და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მის თანა“ (მათე 14:2).
ამ ამბიდან ძალიან მალე, იესო ქრისტეს უკანასკნელ პასექზე, ანტიპას კიდევ ერთხელ მიეცა ბრწყინვალე შესაძლებლობა, გაეკეთებინა უდიდესი სიკეთე, შესაძლებლობა, რომლის მსგავსი არც ერთ მოკვდავს არ მისცემია, პონტოელი პილატეს გარდა - მას შეეძლო, იესო ჯვარცმისგან ეხსნა. მაგრამ ჰეროდეს მსგავსიც არაფერი ჩაუდენია - საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებსა და ამბიციებს ვერ შეელია. გალილეის მეოთხედმთავარს ერთი სიტყვით შეეძლო, შეეცვალა კაცობრიობის ისტორია და გამოესყიდა იოანე ნათლისცემლის სისხლი, მაგრამ იგი ასე არ მოიქცა. მესია ჯვარს აცვეს.
ამის შემდეგ ჰეროდეს მეფობა დაღმა დაეშვა. 37 წელს გარდაიცვალა იმპერატორი ტიბერიუსი. მის მემკვიდრეს, გაიუს კალიგულას, კარგი ურთიერთობა ჰქონდა აგრიპასთან, ჰეროდეადას ძმასთან. მან იგი დიადემით - მეფური რეგალიით - დააჯილდოვა და აქცია არა უბრალო მეოთხედმთავრად, როგორიც ანტიპა იყო, არამედ ნამდვილ მეფედ ფილიპე მეოთხედმთავრის ტერიტორიაზე (ფილიპე სწორედ იმ დროს გარდაიცვალა). 40 წელს აგრიპა მეფური რეგალიებით პალესტინაში ჩადიოდა. ჰეროდე ანტიპამ და მისმა მეუღლემ თავი ძალზე შეურაცხყოფილად იგრძნეს. მათ სალომეა მოხუცებულ ფილიპეს იმ იმედით მიათხოვეს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ტეტრარქია მათ დარჩებოდათ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. აგრიპას მოულოდნელმა წარმატებამ, რომელიც მისი ქმრის დიდებას ჩრდილავდა, ჰეროდეადა შურით აავსო.
გამწარებული ცოლ-ქმარი „სამართლიანობის აღსადგენად“ რომში გაემგზავრა, მაგრამ არც აგრიპა დაიბნა, იმპერატორთან კაცი გაგზავნა და ანტიპას რომის ღალატი დასწამა. კეისარმა ჰეროდეს ყველა მამული და ტეტრარქია ჩამოართვა და გალიაში, ლიონში გადაასახლა.
ჰეროდეადას, მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, ქმარი არც ძნელბედობის ჟამს მიუტოვებია. როცა კალიგულამ შეიტყო, რომ ანტიპას თანამეცხედრე აგრიპას ღვიძლი და იყო, მაშინვე დაუბრუნა ქონება და პატივიც აღუდგინა, მაგრამ ჰეროდეადამ ფუფუნებაზე უარი თქვა და მეუღლეს გაჰყვა გალიაში.
დიონ კასიუსის ცნობით, კალიგულამ ანტიპა სიკვდილით დასაჯა. საზოგადოდ, ცნობილია, რომ ექსორიაქმნილებს (სამეფოდან გაძევებულებს) იმპერატორი სწორედ ასე უსწორდებოდა, მაგრამ ანტიპას სიკვდილი ბურუსითაა მოცული. იოსებ ფლავიუსი ერთგან ამბობს, რომ ჰეროდე ესპანეთში აღესრულა, მეორეგან კი მისი გარდაცვალების ადგილად ლუგდუნუმეს - გალიაში, ესპანეთის საზღვართან მდებარე პროვინციას (დღევანდელ სენ ბერტრან დე კომინჟს) ასახელებს. ეს ვერსია სიმართლესთან უფრო ახლოს უნდა იდგეს - საეკლესიო გარდამოცემის თანახმადაც, ცოლ-ქმარს სწორედ იქ მიეზღო სამართლიანი საზღაური: ზამთარში, როცა სალომეა გაყინულ სიკორისზე გადადიოდა, ყინული ჩაუტყდა და წყალში ისე ჩავარდა, რომ ყინულმა თავი მოაჭრა... გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი ანტიპასა და ჰეროდეადას მიუტანეს; ხოლო თავად ტეტრარქი და მისი ცოლი, გადმოცემით, ცოცხლად შთანთქა მიწამ.
მოამზადა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, სექტემბერი, 2004 წ.