ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქართლს VI საუკუნეში.
502 წელს სპარსელებმა მოსყიდულ მონას მოაკვლევინეს ვახტანგ გორგასალი, მათი მთავარი მოწინააღმდეგე კავკასიაში.
523 წელს სპარსელებს აუჯანყდა ქართლის მეფე გურგენი, რომელსაც კეისრის დახმარების იმედი ჰქონდა. როგორც ხშირად მომხდარა საქართველოს ისტორიაში, გურგენმა დახმარება ვერ მიიღო და დამარცხდა. იგი იძულებული გახდა, ოჯახითურთ თავი ეგრისის სამეფოსთვის შეეფარებინა. ქართლში მეფობა მოისპო და სპარსელთა მმართველობა დამყარდა.
VI საუკუნის 70-იან წლებში, როცა რომაელებსა და სპარსელებს შორის ომი დაიწყო, ქართველები კვლავ აჯანყდნენ. რომაელებმა ისარგებლეს სპარსეთში ატეხილი შინაური შფოთით და შაჰისაგან თითქმის მთელი ქართლი მიიღეს. სპარსელთა მეციხოვნეები თბილისშიღა დარჩნენ.
ქართლელმა აზნაურებმა ძველებური მეფობის აღდგენა აღარ მოისურვეს. რომაელთაგან შეთანხმებით მათ ქვეყნის მმართველად ერისმთავრად - ქართველი სეფეწული გუარამი (545-586) დასვეს. იგი ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი იყო. ქართლის ფეოდალების შუამდგომლობით კეისარმა გუარამს კურაპალატის წოდება მიანიჭა.
ქვეყანაში კულტურულ-სარწმუნოებრივი აღმავლობა დაიწყო. ამაში დიდი როლი ითამაშა ასურელ მამათა საქართველოში ჩამოსვლამ, რისი მიზანიც, როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, სწორედ „სარწმუნოებისა მართლისა“ განმტკიცება და „განწმენდა სჯულისა“ იყო.
VI საუკუნის დამლევისთვის უკვე ჩამოყალიბებული გახლდათ ქართული ეკლესიის სტრუქტურული იერარქია, დაწესებული იყო კათალიკოსობა, დაეარსებინათ არაერთი ქართული სამონასტრო კერა საზღვარგარეთ, გვყავდნენ ქართველი წმინდანები.
ქრისტიანობის ასეთმა გაძლიერებამ ცხადი გახადა, რომ აუცილებელი იყო ახალი ტაძრების მშენებლობა. ქართლის ერისთავმა გუარამ დიდმა მცხეთის ახლოს მდებარე მთაზე „დადვა საფუძველი პატიოსანისა ჯუარისაი“ - მცირე ეკლესიისა.
ტაძრის ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ - იქ იდგა ხის ჯვარი, რომელიც წმინდა ნინომ ორი საუკუნის წინ აღმართა. ჯვარს თაყვანს სცემდნენ არა მარტო ქართველები, არამედ მთელი კავკასიიდან სალოცავად ჩამოსული მორწმუნენი. გუარამის მიერ აგებული მცირე ეკლესია უფრო და უფრო მეტ მლოცველს იზიდავდა, ამიტომ გუარამის ძემ, სტეფანოზ ერისთავმა, გადაწყვიტა, მის გვერდით აეგო დიდი, ახალი არქიტექტურული სტილის ტაძარი, რომელიც უფრო შეეფერებოდა ფეოდალური ხანის მოთხოვნილებებსა და გემოვნებას.
ასე ჩაეყარა საფუძველი ქართული ხუროთმოძღვრების უკვდავ ქმნილებას, მცხეთის ჯვრის დიდ ეკლესიას.
მატიანეს არ შემოუნახავს ტაძრის ხუროთმოძღვრის სახელი, არც მისი აგების თარიღია მითითებული სადმე, მაგრამ რელიეფის წარწერაში მოხსენიებულ პირთა მიხედვით, აგრეთვე სხვა წერილობითი საბუთების შეჯერებით დგინდება, რომ ერისმთავარ სტეფანოზს ტაძარი 585-604 წლებში აუგია.
ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა მიუღიათ სტეფანოზის ძმას დემეტრეს და ძეს ადარნასეს, აგრეთვე ერისმთავართა სახლობის სხვა წევრებსა და შეძლებულ დიდგვაროვანთ.
ამაღლების რელიეფური გამოსახულება |
ჯვარი ტეტრაქონის ოთხაფსიდიანი გუმბათოვანი ნაგებობაა. იგი პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის ფასადთა გაფორმებაშიც არსებითი ადგილი უკავია რელიეფურ ქანდაკებებს. ფილებზე გამოსახულნი არიან ტაძრის ქტიტორები (ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზ I (წარწერა: „ჯუარო მაცხოვრისაო სტეფანოზ ქართლისა პატიკიოსი შეიწყალე“), მისი მემკვიდრე ადარნასე თავის ძესთან ერთად (წარწერა: „წმიდაო გაბრიელ მთავარანგელოზო ადრნერსეს ვპატოსსა მეოხ ეყავ“), სტეფანოზის ძმა დემეტრე (წარწერა: „წმიდაო მიქაელ მთავარანგელოზო, დემეტრეს ვპატოსსა მეოხ ეყავ“). ადარნერსესა და დემეტრეს ფიგურებს ზემოთ მთავარანგელოზები - გაბრიელი და მიქაელია გამოსახული. სამხრეთის ფასადზე გამოსახულია ჯვრის ამაღლების სცენა.
გენიალური ხუროთმოძღვრული გააზრების წყალობით, ჯვარი ბრწყინვალედ ერწყმის მცხეთის თავზე აღმართულ მთას. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოეს ეს ყველაფერი ერთი მთლიანობაა, თითქოს ტაძარი მასთან ერთადაა ამოზრდილი მიწიდან.
თუ უფრო ადრინდელი საეკლესიო არქიტექტურა უპირატესობას ბაზილიკას - უგუმბათო შენობას ანიჭებდა, მცხეთის ჯვრის დიდ ტაძარს ხუროთმოძღვარმა ნაგებობის ჯვარ-გუმბათოვან სტილს ჩაუყარა საფუძველი, რაც სათავეს საქართველოს ძველი, ეროვნული არქიტექტურიდან იღებს. მისი ხალხური წინამორბედია ქართლის გლეხური სახლი, რომლის ნიმუშებიც დღემდეა შემორჩენილი აღმოსავლეთ საქართველოში.
ცენტრალური გუმბათქვეშა სივრცე გეგმაში ჯვარს ქმნის. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, თითო ოთახია. ყოველ მათგანს საკუთარი დანიშნულება ჰქონია: ერთი მათგანი ქალებისთვის ყოფილა განკუთვნილი (მისი შესასვლელის თავზე, შიგნით, ასეთი წარწერაა: „წყალობითა ღმრთისაითა და შეწევნითა ჯუარისაითა, მე, თემისტია, მხევალმან ქრისტესმან, აღვაშენე საყოფელი ესე სახსენებელად სულისა ჩემისა, თაყვანსაცემელად დედათა“); მეორე ოთახს, როგორც ჩანს, იყენებდნენ ერისმთავრის ოჯახის წევრები და უმაღლესი სასულიერო პირნი ღვთისმსახურების წინ და შემდეგ, ხოლო დანარჩენი ორი საკურთხევლისა და დიაკვნების ოთახის მოვალეობას ასრულებდა.
საგანგებო აღნიშვნის ღირსია ტაძრის შიდა სივრცის ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ მცხეთის ჯვარს დიდს ვერ დავარქმევთ (მისი სიმაღლე 25 მეტრია), ტაძრის შიდა სივრცე არქიტექტურული ფორმების დიდებულებით გაოცებას იწვევს. იგი იმდენად სრულყოფილია, რომ მნახველი მის რეალურ ზომას ვეღარ აღიქვამს.
თავდაპირველად ტაძარი მოუხატავი იყო (სავარაუდოა, რომ საკურთხევლის კონქი მორთული იყო მოზაიკით). მხატვრობის შემორჩენილი მცირე ფრაგმენტები მოწმობენ, რომ ტაძრის ინტერიერი მოგვიანებით მოუხატავთ.
XVII-XVIII სს-ში, როცა საქართველოში გახშირდა მთიელთა შემოსევები, ჯვრის მონასტერს გალავანი შემოარტყეს. ჩვენს დრომდე შემორჩა მისი ფრაგმენტები და ზღუდეში ჩართული ნახევრად დანგრეული კოშკები. 1997-1998 წლებში გალავანი ნაწილობრივ აღადგინეს.
ჯვრის ტაძრის სამხრეთით, მთის კალთის დაახლოებით შუაში, იმ ადგილას, სადაც მატიანეების ცნობით ერთხანს თავს აფარებდა წმ. ნინო, არის ადრექრისტიანული ხანის პატარა ნახევრად დანგრეული დარბაზული სამლოცველო. ის მთლიანად დაფარულია ხეებით და შორიდან არ ჩანს. შენობის ჩრდილო-დასავლეთის კუთხესთან არის წყარო.
ტაძრის ინტერიერი. |
მცხეთის ჯვარმა მრავალ სხვა ძეგლზე უკეთ გადაიტანა ჟამთა სიავე. იგი არაერთხელ დაზიანდა, არაბებმა გადაწვეს კიდეც, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა. დროთა განმავლობაში ზოგი რამის აღდგენა მოუხდათ, თუმცა ამას ჯვრის პირვანდელ სახეზე გავლენა არ მოუხდენია.
1989 წლის იანვრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჯვრის მონასტერში აღდგა ღვთისმსახურება. ტაძრის წინამძღვრად განაწესეს დეკანოზი ანტონ ხანთაძე.
საბჭოურ პერიოდში მონასტრის მახლობლად სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს პიონერთა ბანაკი იყო განთავსებული. 1992 წელს დეკანოზ ანტონის (ხანთაძე) ძალისხმევით სანატორიუმის შენობები მონასტრის დაქვემდებარებაში გადმოვიდა. დღეს აქ მონასტრის სენაკებია მოწყობილი.
ტაძრის ცენტრში შემოინახა ხის ჯვრის დაბალი ოქტოგონალური კვარცხლბეკი. 1995 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა დაიწყო ჯვრის დამზადება. კვიპაროზის ხისგან გამზადდა 4 მ. სიმაღლისა და 400 კგ. წონის ჯვარი, რომელზეც სახარების 13 სცენა გამოისახა. ჯვარი შეიმკო ვერცხლის ფირფიტებითა და ბუნებრივი ქვებით. საგანგებოთ გაკეთებულ სათავსში ჩაასვენეს ბეთლემში მოღვაწე მღვდელმონაზონ ანტონის მიერ დამზადებული მცირე ზომის ჯვარი, რომელშიც მაცხოვრის ფეხებთან ამოკვეთილ ღიობში ჩაბრძანებულია იმ ცხოვემლყოფელი ჯვრის მცირე ნაწილი, რომელზეც ევნო იესო ქრისტე.
1996 წლის 20 აპრილს მისი უწმინდესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჯვარი თბილისის სიონის საკათედრო ტაძრიდან მცხეთის ჯვრის მონასტერში გადააბრძანეს. მსვლელობა დილის 8 საათზე დაიწყო, გადაკვეთა მთელი ქალაქი და მცხეთის გზას დაადგა. პროცესიას მიუძღოდა ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). 21 აპრილს ჯვარი მცხეთის ჯვრის ტაძარში, სწორედ იმ კვარცხლბეკზე აღმართეს, რომელზეც შუა საუკუნეებამდე მეფე მირიანის დროინდელი ჯვარი იყო შემორჩენილი. ამავე დღეს ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.
1996 წლიდან ჯვრის მონასტერში ბერები დამკვიდრდნენ. მონასტრის წინამძღვრად განაწესეს იღუმენი კონსტანტინე (ჭინჭარაული).
ერეკლე ბიბიჩაძე, ჟურნალი „კარიბჭე“ №1, 2004 წ.
ირაკლი გუნია „საქართველოს მონასტრები“
„საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“
ფოტოები მოგვაწოდა ლუარსაბ ტოგონიძემ