ხირსის მონასტერი მდებარეობს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, სიღნაღიდან აღმოსავლეთით 11 კმ-ის დაშორებით. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ღირსმა სტეფანემ (552-557წ.წ.), რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებენ. ისტორიკოს-გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი ხირსის მონასტერზე წერს: „კვალად ხორნაბუჯის ჩრდილოთ არის ხირსას მონასტერი, რომელი ჰყო 13 მამათაგანმან წმიდა სტეფანემ, დიდ კეთილ-შენი. დაფლულ არს მუნვე წმიდა სტეფანე. ზის წინამძღვარი“.
ღირსი სტეფანე ერთი იმ ცამეტ ასურელ მამათაგანია, რომელთაც VI საუკუნის II ნახევარში საქართველოში შემოსულებმა თავიანთი მგზნებარე ქადაგებით, ფიცხელი მოსაგრეობითა და თავგანწირული შრომით ჩააქრეს ჩვენში ზოროასტრის ცეცხლთაყვანისმცემლობის კულტი, დააარსეს უდაბურ და მიუდგომელ ადგილებში ღირსად საქები მონასტრები და სულიერად განანათლეს ჩვენი ქვეყანა. მათივე დაუცხრომელი ენერგიის წყალობით გაბრწყინდა ჩვენში მონაზვნობა, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს საქართველოში ქრისტიანობის დამყარებისა და დაცვის, კავკასიის მთიელთა შორის მისი გავრცელების, აგრეთვე ჩვენი სასულიერო მწერლობის განვითარებისა და გამდიდრების საქმეში.
ღირსმა სტეფანემ თავისი მრავალჭირნახული ღვაწლისათვის შეარჩია ცივგომბორის ქედზე მცირე ფერდი, რომელიც იმ დროს დაფარული იყო უსიერი ტყით. აქ მან აღაშენა თავისი ზეციური მფარველის წმ. პირველმოწამე სტეფანეს სახელზე მცირე ეკლესია, რომელიც, როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, კახეთის მეფე კვირიკე I-ის (893-918) შრომით შეცვლილა საკმაოდ მოზრდილი ტაძრით.
სახელ „ხირსის“ წარმომავლობა უცნობია. ზოგს ის გამოჰყავს ქართული სიტყვიდან „ღირსი“. ზოგნი კი მას უკავშირებენ მონასტრის ახლოს გამომავალ მდინარე ხირსას, რომელიც იმ დროს, როდესაც გარშემო მთები დაფარული იყო ხშირი ტყით, საკმაოდ წყალუხვი ყოფილა. თუმცა ასევე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მდინარეს შეეძლო მიეღო სახელი მონასტრისგან. არსებობს ვარაუდიც, რომ სახელი „ხირსა“ შესაძლოა თვით ღირს სტეფანეს შემოეტანა მცირე აზიიდან საქართველოში და ეწოდებინა თავისი განმარტოებული მოსაგრეობის ადგილისთვის.
ხირსის მონასტერი აგებულია ქართული სტილით. ტაძრის სიგრძე მაღალდასაჯდომლიდან დასავლეთის კარიბჭემდე დაახლოებით 41,3 მეტრია, სიგანე - 23,4 მეტრი, ხოლო სიმაღლე ლავგარდანამდე - 15,4 მეტრი. ტაძარი გვირგვინდება მაღალი კონუსის მსგავსი გუმბათით. შემოსასვლელი კარი ორი აქვს - დასავლეთიდან და სამხრეთიდან, რომელიც ჯერ წმ. ნიკოლოზის ეკვდერისკენ მიემართება, ხოლო იქიდან - მთავარ ტაძარში. მთავარი საკურთხევლის მარჯვნივ, სამხრეთით არის კამარიანი ეკვდერი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, მარცხნივ კი, ჩრდილოეთით მეორე ეკვდერია, რომლის შესასვლელშიც არის სამარხი ღირსი სტეფანე ხირსელისა. აღნიშნულის გარდა, ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით არის წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკვდერიც, რომელსაც გარედან, მღვდელმონაზონ ფილადალფოს კიკნაძის მიერ, მიდგმული აქვს პატარა ოთახი ღამისმთეველთათვის.
მონასტერი მე-19 საუკუნეში |
მონასტერი მრავალჯერ აღუდგენიათ. როგორც მართლმადიდებლბის მოწინავე ბურჯი, იგი ხშირად დარბეულა სარწმუნოების მტერთაგან, მაგრამ საქართველოს კეთილმორწმუნე გვირგვინოსნები ზრუნავდნენ მის აღდგენა აშენებაზე, რის წყალობითაც ამ ჭაღარა ტაძარმა, რომელიც თოთხმეტი საუკუნე განანათლებდა გარშემო მართლმადიდებელ მოსახლეობას, ჩვენამდე მოაღწია.
1811 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ხირსის სტეფანწმინდა ქართლ-კახეთის ერთ-ერთი მონასტერთაგანი იყო, რომელშიც აღესრულებოდა ღვთისმსახურება.
XIX ს-ის დასაწყისისთვის წმ. სტეფანეს ტაძარი ნგრევის პირას იყო მისული. იგი კაპიტალურად გარემონტდა 1822 წელს, ეგზარქოს იოანეს (1821-1832) დროს. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა ფილადელფოს კიკნაძე (1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე).
მონასტრის დასავლეთით აღმართულია საკმაოდ მაღალი გალავანი, რომელიც პლ. იოსელიანის მოწმობით, კახეთის მეფე ლეონს შეუკეთებია. ხირსის მონატრის დასავლეთით მდებარეობს სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც იღუმენ ალექსანდრეს (საყვარელიძე) აუგია საკუთარი სახსრებით XIX ს-ში. მონასტრის ტაძარს ადრე თავისი გალავანი ჰქონია, რომელისგანაც ამჟამად მცირე ნაშთებია დარჩენილი. მონასტრის ეზოში მდებარეობს საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობა და მარანი, რომელიც არქიმანდრიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე, 1893-1897) დროსაა აგებული. აქვეა ბერების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
ხირსის მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიონერული ცენტრი იყო. მისი მესვეურნი დაუღალავად იღვწოდნენ ქრისტიანობის გასავრცელებლად დაღესტანში, ოსეთში, ინგუშეთში, ასტრახანში, დერბენტში და სხვ. ამ მონასტრის წინამძღვართაგან სამისიონერო სარბიელზე განსაკუთრებით იღვაწა წმ. იოანე მანგლელმა (სააკაძე, 1751), რომლის წმინდა ნაწილების თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში განისვენებენ.
ტაძრის ინტერიერი |
ხირსის მონასტერში XX ს-ის დასაწყისამდე შემორჩენილი იყო ერთი ძველი ქართული ჩვეულება - აღთქმის მიხედვით, ირგვლივ მოსახლე მამაკაცები მონასტერს თავის ფიზიკურ შრომას სწირავდენ, ე.ი. მოდიოდნენ მონასტერში და მუშაობდნენ უსასყიდლოდ რამდენიმე თვე, საკუთარი აღთქმის პირობაზე. მონასტერი კი ამ უფასო მუშებს მხოლოდ საკვებს და ქალამნებს აძლევდა. მონასტრისათვის შრომის უსასყიდლოდ შემწირველ მუშას „კურატი“ ეწოდებოდა. როდესაც კურატი დროს გაასრულებდა, სთხოვდა პარაკლისის გადახდას სთხოვდა მღვდელმონაზონს და შინ ბრუნდებოდა.
მონასტრის საუკეთესო სამკაულს წამოადგენდა მისი უძველესი სიწმინდე - წმ. პირველმოწამე სტეფანეს ნეკი, რომელიც, სავარაუდოდ, თვით ღირს სტეფანეს ჩამოუბრძანებია. დღეისათვის წმ. სტეფანეს ნეკი ბოდბის დედათა მონასტერშია დაბრძანებული.
მონასტერში ღვთისმსახურება საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეწყდა. საბჭოთა წყობის წლებში წმ. სტეფანეს ტაძარი საწყობად იყო გამოყენებული. ბერების საცხოვრებელ ორსართულიან სახლში კი მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებდა.
მონასტერი განახლდა XX ს-ის 90-იან წლებში. 2005 წლის ნოემბრიდან მონასტრის წინამძღვარია მღვდელმონაზონი ლაზარე (გრძელიშვილი). მისი ძალისხმევით დაიწყო მონასტრის ტერიტორიის მოწესრიგება. 2002 წლის გაზაფხულზე განახლდა წმ. ნიკოლოზის ეკვდერი.
2004 წლისათვის წმ. სტეფანე პირველმოწამის ტაძარს კიდევ ორი მოქმედი ეკვდერი შეემატა - ღვთისმშობლის მიძინებისა და წმ. სტეფანე ხირსელისა. გარდა ამისა, ტაძარი გაიწმინდა, გამაგრდა საკურთხევლის კედელი (რომელიც დანგრევის პირას იყო მისული), ჩატარდა მცირე სარემონტო სამუშაოები.
სამომავლოდ დაგეგმილია ტაძრის სახურავის განახლება და კედლების გამაგრება. რესტავრაციას საჭიროებს ტაძრის შიდა კედლები, გაჯის სქელი ფენის ქვეშ შესაძლოა ფრესკების ნაშთი იყოს შემორჩენილი.
მონასტერს აქვს მცირე მეურნეობა.
გამოყენებული ლიტერატურა:
ეპისკოპოსი კირიონი „ღირსი სტეფანე და მის მიერ დაარსებული ხირსის მონასტერი“
ირაკლი გუნია „საქართველოს მონასტრები“
ფოტოები მოგვაწოდა ლუარსაბ ტოგონიძემ
წმ. სტეფანე ხირსელის მამათა მონასტრის
|
თი-ბი-სი ბანკის სიღნაღის ფილიალი №1 ბანკის კოდი: TBCBGE22 ანგარიშის ნომერი: 55836080100001 (ლარში) 55836180100001 (დოლარში) მიმღები: დავით გრძელიშვილი (მამა ლაზარე) |