ყინწვისის მონასტერი მდებარეობს ქართლში, რუისისა და ურბნისის ეპარქიაში, ქ. ქარელიდან 12 კილომეტრის დაშორებით. სამონასტრო ცხოვრება X ს-დან აქტიურად მიმდინარეობდა, XIX ს-ში შეწყდა და კვლავ განახლდა 1995 წელს.
ანგელოზის ფრესკა |
ყინწვისის მონასტრის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპი ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ბრწყინვალე ეპოქას „ოქროს ხანად“ წოდებულ თამარ მეფის მეფობას (1184-1212) უკავშირდება.
ყინწვისის მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესიაა შემორჩენილი: ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ხევის პირას, ღვთისმშობლის ეკლესია, X ს., რომლის მხოლოდ საკურთხეველიღა არის დარჩენილი; წმ. ნიკოლოზის სახელობის დიდი გუმბათიანი ტაძარი, XIII ს-ის დამდეგი; მის დასავლეთით XIV ს. მონასტრის შესასვლელი კარიბჭის თავზე სამრეკლო იყო აგებული (XV ს.).
წმ. ნიკოლოზის ტაძარი ამავე ეპოქის სხვა ნაგებობებისგან განსხვავებით აგურით არის ნაგები და ამიტომ არა აქვს ქართული ტაძრებისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმები. ტაძრის შიდა სივრცე მთლიანად შემკულია კედლის მხატვრობით (XIII ს-ის დამდეგი), ბრწყინვალე, შუქმნათი ლაჟვარდის ფონზე შესრულებული მხატვრობა შუასაუკუნეების ქართული ხელოვნების ერთი შესანიშნავი და გამორჩეული ნიმუშია. მისი თეოლოგიური პროგრამა განკაცების, აღდგომისა და ხსნის იდეებზე არის დაფუძნებული. აქ შემორჩენილია წმ. ნიკოლოზის ცხოვრების საკმაოდ გრძელი ციკლი, წმ. ნინოს ნახევარფიგურა სახარებით ხელში (სამხრეთ ბუჯზე) და ოთხი წმ. ასურელი მამა დასავლეთ კედელზე, მეორე სართული კარის ორსავ მხარეს.
მოხატულობაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩრდილოეთი კედლის (შესასვლელიდან მარცხნივ) ქვედა რეგისტრში გამოსახული ბაგრატიონთა გვარის მეფეთა საზეიმო პორტრეტები: გიორგი III; მისი ასული თამარ მეფე, თამარის ვაჟი და მემკვიდრე გიორგი ლაშა ვედრებით მიმართულნი აღსაყდრებული ქრისტეს ხატისკენ.
თამარ მეფის ფრესკა |
მათ ზემოთ გამოსახულია აღდგომის მაუწყებელი ანგელოზის ფიგურა, რომელიც ფერადოვნული და ხაზობრივი გადაწყვეტის დახვეწილობით შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების შედევრებს განეკუთვნება და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების სიმბოლო გახდა.
სამეფო ჯგუფის პირისპირ, სამხრეთ კედელზე გამოსახულია ჭყონდიდელი და თამარ მეფის მწიგნობართუხუცესი ანტონ გლონისთავიძე, წმ. ნიკოლოზის წინაშე ვედრებით მიმართული ტაძრის მოდელით ხელში.
დასავლეთი მინაშენის კედლები მოგვიანებით, XVII-XVIII ს-ში შეამკვეს განკითხვის დღის ვრცელი კომპოზიციით, რომელიც მთელს სივრცეს ავსებს. აქვე, ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია XVII ს-ის ქართველი მოღვაწე თავადი ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი, ცნობილი თავისი საექიმო წიგნით.
ღვთისმშობლის ეკლესიის საკურთხეველშიც შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული მოხატულობა (XIII ს-ის შუა ხანა), რომელიც უნიკალური იკონოგრაფიული პროგრამით და მაღალი მხატვრული დონით გამოირჩევა.
წმ. ნიკოლოზის ტაძრის კედლის მხატვრობა რესტავრირებულ იქნა 1950-იან წლებში და შემგომ, 2000-2002 წწ.
ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში შედის: წმ. ნიკოლოზის, ღვთისმშობლისა და მცირე ეკლესიები, გალავანი, კოშკი-სამრეკლო.
წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია |
წმ. ნიკოლოზის ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა 19,7 (მონაშენის გარეშე) X 14 (მინაშენების გარეშე) მ, სიმაღლე გუმბათის ქვეშ 24,3 მ. ნაშენია აგურით. თარიღდება XII-XIII სს-ის მიჯნით. სამხრეთის და ჩრდილოეთის კარიბჭეები მიშენებულია XIV ს-ში.
ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. კვადრატულ საფუძველზე აღმართული გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ ბოძს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათის ცილინდრულ ყელში თორმეტი სარკმელია. საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდის წინ ღრმა ბემა ისრული კამარითაა გადახურული. კონქი მეოთხედი სფეროა. აფსიდში სამი სარკმელი და ერთი ნიშია. შუა სარკმლის ღერძზე აგურის სატრაპეზოა. საკურთხეველი ერთი საფეხურით შემაღლებულია. მოგვიანებით ნაგები (XVI-XVII სს.) აგურის კანკელი საკურთხევლის საზღვრებიდან წინაა წამოწეული. კანკელის ცენტრში თაღოვანი აღსავლის კარია, გვერდებზე ერთ ხაზზე განლაგებულია სამ-სამი თაღი. განაპირა თაღები ხატის შესანახი ნიშებია. საკურთხევლის ორივე მხარეს ორსართულიანი სათავსებია. პირველ სართულზე აფსიდიანი, ცილინდრული კამარით გადახურული სადიაკვნე და სამკვეთლოა, რომლებიც ეკლესიის ძირითად სივრცეს კარებით უკავშირდებიან. სათავსებს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვთ. II სართულზე ასეთივე გეგმის თითო საიდუმლო ოთახია. ამ ოთახებში მოხვედრა შეიძლება ქვედა სართულის გადახურვაში დაყოლებული ხვრელიდან მისადგმელი კიბით.
წმ. ნიკოლოზის ტაძრის ინტერიერი |
ეკლესიის ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავები მოკლე და თითქმის თანაბარია. დასავლეთის მკლავი ოდნავ წაგრძელებულია. მკლავები ისრული კამარითაა გადახურული. დასავლეთის მკლავში მაღლა ერთი სარკმელია, გვერდის მკლავებში კი სამ-სამი (ორი ქვევით და თითო ზევით). სარკმლებს ნახევარწრიული გადახურვა აქვთ. ვიწრო და გრძელი გვერდის ნავები ცილინდრული კამარითაა გადახურული. მათ განივ კედლებში თითო სარკმელია.
ეკლესიის ფასადები, გარდა აღმოსავლეთისა, წარმოადგენს საფეხურებიან ცოკოლზე აღმართულ ერთ მთლიან სადა სიბრტყეს. ჯვრის მკლავები სივრცეში მკვეთრადაა გამოვლენილი. მათ გადაკვეთაზე აღმართულია კონუსური გუმბათის ყელი. აღმოსავლეთის ბრტყელი ფასადი ქვის სწორკუთხა ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ჯვრის მკლავის არეში ორი მაღალი და განიერი, გეგმით სამკუთხა ნიშია.
დასავლეთ ფასადის ცენტრში მოურთავი სარკმელია. უფრო რთულია ფასადის წინ წამოწეული ნაწილი. აქ ძირითადად ერთი სიბრტყეა, რომელსაც ცენტრში ოდნავ აწეული ფრონტონი და გვერდის ჰორიზონტალები ამთავრებს. ქვედა ნაწილში სამი თაღია. მათგან შუა (თაღის ქვედა ნახევარი ამჟამად ამოშენებულია) მაღალი, ვიწრო და გახსნილია. გვერდის დაბალი და განიერი თაღები ღრმა ნიშებს ქმნიან. ნიშების ზედა ნაწილში თითო მაღალი სარკმელია. თაღები ნახევარწრიულია, ოდნავ ჩაწეული რელიეფით. ზედა ნაწილში სამი დოდი სარკმელია: გვერდებზე - თანატოლი, შუაში - მაღალი და განიერი (ამჟამად იგი თითქმის მთლიანად ამოქოლილია).
ჩრდილოეთის და სამხეთის ფასადები ერთნაირია. სამხრეთის ფასადზე ოთხი სარკმელი და ერთი კარია. კარი მარცხენა მონაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილშია, ხოლო სარკმლებიდან ერთი ვიწრო და მაღალი ჯვრის მკლავის ცენტრშია, ხოლო სამი ქვემოთ, ერთ ჰორიზონტალზე (ორი ჯვრის მკლავის მონაკვეთში, ხოლო ერთი მის მარცხენა ნაწილში). ჩრდილოეთის ფასადზე კარ-სარკმლები ასევეა განლაგებული გარდა მარჯვენა მონაკვეთის სარკმლისა. ფასადებს ამთავრებს მარტივპროფილიანი ქვის ლავგარდანი.
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია |
გუმბათის ყელზე თორმეტი უწყვეტი დეკორატიული თაღია, რომლებიც სარკმლების არეებს საზღვრავენ. გუმბათის ლავგარდანი თავისებურია: ქვემოთ აგურის წყობის სხვადასხვა კომბინაციით მიღებულია რთული არშია, ზემოთ კი პროფილირებული ქვაა. ეკლესია გადახურული იყო მოჭიქული კრამიტით (ამჟამად შეცვლილია ახალი კრამიტით).
ეკლესიის დას-ის მხარე, მთელ სიგრძეზე, ნართექსს უჭირავს. მას ქვემოთ გარე მხარეს ღია თაღები აქვს, ხოლო ზემოთ ზედა სართულის პატრონიკეს სარკმლებია. ნართექსი სამი სათავსისაგან შედგება და აგებულია ეკლესიასთან ერთად (შიდა კედლები ჩაშენებულია ზაზა ფანასკერტელის დაკვეთით XV ს. II ნახ-ში).
ყინწვისის ტაძარი საქართველოს განვითარებული ფეოდალური ხანის გუმბათოვანი ტაძრების ტიპური ნიმუშია, თუმცა აქ „ტრადიციული“ სამშენ. მასალის - ქვის ნაცვლად გამოყენებული იყო აგური.
ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა (11,2 X 4,5 მ), დგას წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. ძამის ნაპირთან, ფერდობზე. თარიღდება XII-XIII სს-ის მიჯნით. ეკლესიის ძირითადი ნაწილი (დარბაზი) მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია საკურთხეელის ნაწილი და გრძივი კედლების ნაშთი. სამხრეთით ჩანს კარის წირთხლებიც. ძლიერ დაზიანებულია საკურთხევლის კედლები და სახურავიც.
მცირე ეკლესია |
ნახევარწრიულ საკურთხეველში ერთი დიდი სარკმელი და ოთხი ნიშია. ეკლესიის ფასადები ნაგებია ოდნავ დამუშავებულო ქვით; სახურავი ლორფინისა ყოფილა.
მცირე ეკლესია დგას წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთის კედელთან. აგებულია გვიან ფეოდალურ ხანაში. ეკლესია დარბაზულია (5,1 X 4,5), ნაგებია სხვადასხვა ზომის თლილი ქვის კვადრებით (აგური გამოყენებულია მხოლოდ ინტერიერში კარ-სარკმლის თაღებზე). შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდი უსწორო მოყვანილობისაა და დარბაზის გრძივი კედლებისაგან არ არის გამოყოფილი. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. აღმოსავლეთით და სამხრეთთ თითო მცირე, ხოლო დასავლეთით ერთი დიდი სარკმელია (სავარაუდოა, გვიანაა გაჭრილი ან გაგანიერებულია). დარბაზის (აფსიდიანად) გადახურვა უსწორო წაკვეთილი პირამიდის მსგავსია.
ეკლესია დგას ორსაფეხურიან დაბალ ცოკოლზე. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე გამოსახულია ცალმკლავა რელიეფური ჯვარი.
წმ. ნიკოლოზის ეკლესიის გუმბათის მოხატულობა |
წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია XIII ს-ის დასაწყისში თამარის პირველი ვეზირის ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით. კტიტორი მოხსენიებულია სამხრეთ მკლავის სამხრეთ კედლის ძლიერ დაზიანებულ წარწერაში. ყველა სცენის შინაარსს თუ წმინდანის ვინაობას განმარტავს ქართული ასომთავრული წარწერები. მხოლოდ ჯვარცმის კომპოზიციაში და ნართექსში, გასასვლელი კარის წირთხლებზე, ვხვდებით ბერძნულ წარწერებს. ტაძრის გუმბათი, ოთხივე მკლავი, მკლავებშორისი სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის სივრცის კედლები მთლიანად იყო მოხატული. დასავლეთ მკლავისა და კამარების მოხატულობის დიდი ნაწილი არ შემორჩენილა.
გუმბათში გამოსახულია ძვირფასი ქვებით შემკულო ჯვარი, ქვემოთ, სარკმლების თავზე ვედრების კომპოზიციაა განვითარებული იკონოგრაფიული რედაქციით (ქრისტე, ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი და ცხრა მთავარანგელოზი); სარკმლებს შუა ფიგურები განლაგებულია ორ რიგად: პირველ რიგში აღმოსავლეთ სარკმლის ჩრდილოეთით გამოსახულია მამამთავარი აბრაამი, ამავე სარკმლის სამხრეთით წინასწარმეტყველები ელია, ზაქარია, იერემია, მალაქია, ეზეკიელი, ესაია; მეორე რიგში - წმინდანები: სოზონ, მინა, აბიბოს, პლატონ, ფლოროს, ლავროს, მუკი, ანდრია სტრატილატი, გორია, სამონა, იაკობ დაჭრილი და ონისიფორე. გუმბათის აფრებში გამოსახული მახარებლები, რომლებსაც სახარება უჭირავთ ხელში, ჩასმულია მედალიონებში, ხოლო აქეთ-იქით კი აღმოსავლეთისკენ მიბრუნებული მფრინავ ანგელოზთა ორ-ორი ფიგურაა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ფრესკა |
საკურთხევლის მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. ზედა რეგისტრში გამოსახულია ღვთისმშობელი მჯდომარე ოდიგიტრიას სახით, მის გარშემო ანგელოზთა ფიგურებია (ორი კონქში, ოთხი ბემის კამარაში). ბემის თაღის ცენტრში წრეში ჩახაზული ჯვარია გამოსახული, მეორე რეგისტრში ბემის კედლებზე - მოციქულთა ზიარება. აბსიდის სარკმლებს შუა ორი წმინდანია: ჩრდილოეთით - წმ. ნიკოლოზი, სამხრეთით - წმ. სილიბისტრო. მესამე რეგისტრში გამოსახულია თორმეტი მღვდელმთავარი: ჩრდილოეთით - იოანე ოქროპირო, ხარლამპი, ნიკოლოზ, კვირილე ალექსანდრიელი, გრიგოლ საკვირველმოქმედი და პეტრე ალექსანდრიელი; სამხრეთით - გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბაგრატი, ბასილი, ათანასე, გრიგოლ ნოსელი და მიტროფანე. საკურთხევლის სარკმლის წირთხლებზე დიაკვნების ტიმონის, ტიმოთეს, ტიტეს, სტეფანეს, პარმენისა და პროქორის გამოსახულებებია. შუა სარკმლის ქვემოთ, ნიშში, მაცხოვრის წელზედა ფიგურაა. ტაძრის სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ცხოვრების სცენებია; სამხრეთ მკლავის პირველ რეგისტრში, სამხრეთის კედელზე - ხარება, აღმოსავლეთით - ღვთისმშობლის შობა, დასავლეთით - ტაძრად მიყვანება; მეორე რეგისტრში, სამხრით - ქრისტეს შობა, აღმოსავლეთით - ამაღლება, დასავლეთით - სული წმიდის მოფენა: მესამე რეგისტრში, სამხრეთით - მკერდისა განხილვა ქრისტესი თომასაგან; აღმოსავლეთით - ღვთისმშობლის მიძინება; დასავლეთით - საიდუმლო სერობა; ჩრდილოეთის მკლავის პირველ რეგისტრში, ჩრდილოეთის კედელზე - ლაზარეს აღდგინება; აღმოსავლეთით - ნათლისღება (დასავლეთით ნალესობა ჩამოცვენილია); მეორე რეგისტრში, ჩრდილოეთით - იერუსალიმს შესვლა, აღმოსავლეთით - ჯვარცმა, დასავლეთით - ფერისცვალება; მესამე რეგისტრში, ჩრდილოეთით - დედანი მაცხოვრის საფლავთან; აღმოსავლეთით - ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, დასავლეთით - ქრისტეს დატირება.
წმ. თამარ მეფე და გიორგი III |
ორივე მკლავის ქვედა რეგისტრებში წარმოდგენილნი არიან ისტორიული პირები: ჩრდილოეთით - გიორგი III, თამარი და მეფისწული გიორგი ლაშა; სამხრეთით - მწიგნობართუხუცესი ანტონ გნოლისთავისძე ეკლესიის მოდელით ხელში. აქვეა შემორჩენილი ვრცელი ისტორიული წარწერის ნაშთები. კტიტორის გვერდით გამოსახულია სამი მეომარი (უშუალოდ მის გვერდით წმ. გიორგია). ისტორიულ პირთა გამოსახულებებს შუა საუკუნეების ქართული ტრადიციის მიხედვით ყველაზე თვალსაჩინო ადგილი აქვთ დათმობილი (შესასვლელის მოპირდაპირე მხარე, ქვედა რეგისტრი).
ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე მხატვრობის ექვსი რეგისტრია. ზემოთ ფრაგმენტულად არის შემორჩენილი წმ. ნიკოლოზის ცხოვრების სცენები, რომლებიც გრძელდება ამავე მკლავის სამხრეთის კედელზეც. აქ გაირჩევა წმ. ნიკოლოზის მღვდლად კურთხევა, მისი მღვდელმთავრად კურთხევა და კერპების დაქცევა. დასავლეთის კედლის მეორე რეგისტრის სცენები დაზიანებულია. მესამე რეგისტრში წარმოდგენილია სამი ჭაბუკი ცეცხლის სახმილში. მომდევნო სამი რეგისტრი დათმობილი აქვს ცალკეულ წმინდანთა ფიგურებს. მათ შორის, უშუალოდ პატრონიკეში შესასვლელის სამხრეთითა და ჩრდილოეთით გამოსახული წმინდანები იოანე ზედაზნელი და დავით გარეჯელია (მთელი ტანით). დანარჩენ ორ რეგისტრში, დასავლეთის კედლის მთელ სიგრძეზე წელზევით გამოსახულია მარტვილები (იკითხება მხოლოდ რამდენიმე წმინდანის სახელი). სამხრეთით, მეხუთე რეგისტრის მესამე ფიგურა წმ. ბარბარეა, ქვემოთ, ნართექსში, გასასვლელის ჩრდილოეთის მხარეს - წმ. კვირიკე და წმ. ივლიტა.
წმ. დიდმოწამე გიორგი |
სამხრეთ-დასავლეთ მკლავებშორისი სივრცის კედლებზე გამოსახული იყო წმ. გიორგის ცხოვრების სცენები. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია წმ. გიორგი კირის ორმოში. აქვე, სამხრეთ კედელზე - იესეს ძელი.
სარკმლის წირთხლებზე და გუმბათქვეშა ბურჯებზე ცალკეულ წმინდანთა ფიგურებია. ასომთავრული წარწერების მიხედვით ხერხდება მხოლოდ რამდენიმე წმინდანის სახელის დადგენა. სამხრეთ მკლავის აღმოსავლეთ სარკმლის წირთხლზე გამოსახულია წმ. სვიმეონ მესვეტე, ამავე კედლის დასავლეთ სარკმელში - წმ. კოზმა, გუმბათქვეშა სამხრეთ-დასავლეთ ბურჯის აღმოსავლეთ და სამხრეთ მხარეს - წმ. მეომრები არტემი და მერკური. ყველა თაღისა თუ კამარის ცენტრში გამოსახულია წრეში ჩახაზული ჯვარი.
ტაძრის მოხატულობაში დიდი ადგილი ეთმობა დეკორატიულ ელემენტებს. გუმბათქვეშა ბურჯებისა და კედლების ქვედა ნაწილა სხვადასხვა ფერის ვერტიკალური ზოლებითაა შემკული. გუმბათის ყელის სარკმლების და თაღების საფეხურები შევსებულია მცენარეული ორნამენტით. ქვემოდან მხატვრობა მოჩარჩოებულია ორმაგი ორნამენტული ზოლით. მცენარეული ორნამენტის ფრაგმენტები საკურთხევლის კანკელზე XVII ს-ისაა.
მოხატულობას განუმეორებელ იერს ანიჭებს ოქროსფერ და მოწითალო ოქრასთან, ღია მწვანე, ცისფრისა და თეთრ ფერებთან შეხამებული ლაჟვარდი. კონტურის დენადი ხაზი და წმინდანთა სახეების რბილი მოდელირება (ოქროსფერ ოქრას ლაქებთან შემდნარი გამჭვირვალე მწვანე ჩრდილები) შესრულების დახვეწილ ოსტატობაზე მეტყველებს. კომპოზიციები, რომლებიც იშლება მთიანი თუ არქიტექტურული პეიზაჟის ფონზე, მონუმენტუროა, ფიგურათა მოძრაობა - მშვიდი, სახის გამომეტყველება - რბილი და შთაგონებული. მოხატულობის საერთო კომპოზიციური აგება თავისუფალი და დინამიკურია, რაც დამახასიათებელია XII-XIII სს. მიჯნაზე შემუშავებული კედლის მხატვრობოს სისტემისათვის.
ნართექსის ჩრდილოეთ კედლის მოხატულობა |
ნართექსი მთლიანად იყო მოხატული. ამჟამად მოხატულობის ნაწილი დაღუპულია (უმთავრესად სამხრეთისა და ჩრდილოეთის სათავსებში). მხატვრობა შესრულებულია გვიანდელი ფეოდალური ხანის სხვადასხვა პერიოდში. შუა სათავსის ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილში წარმოდგენილია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით და მისკენ მიბრუნებული ორი მთავარანგელოზი. ქვემოთ, ამავე კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, გამოსახულია XV ს-ის II ნახ-ის ცნობილი მოღვაწე ზაზა ფანასკერტელი. შეიმჩნევა მხატვრობის ორი ფენა. გამოსახულების ქუდი, სახე და მარცხენა მხარი ადრინდელია. დაზიანებული კედელი მოგვიანებით შეულესავთ და კვლავ მოუხატავთ. ზაზა ფანასკერტელის მარგალიტებით გაწყობილი მუქი მოწითალო შინდისფერი ვიწრომაჯებიანი კაბა და მოსასხამი ამ პერიოდისაა. ბათქაშის ქვედა ფენაზეა შესრულებული წმ. ნიკოლოზის წელზედა ფიგურაც, რომცლიც საერო პირისკენაა მიბრუნებული. მოხატულობის ამავე რეგისტრში, კედლის დასავლეთ მონაკვეთზე მოცემულია მოციქული პეტრე. აქვე, ნართექსის ჩრდილოეთ სათავსში გასასვლელის ტიმპანში წარმოდგენილია ხატი მანდილისაი. შუა სათავსის სამხრეთ კედელზე, ზემოთ, ცენტრში, სამხრეთის სათავსში გასასვლელის თავზე გამეორებულია ხატი მანდილისაი, მისგან აღმოსავლეთით გამოსახულია იოანე ნათლისმცემელი, წინასწარმეტყველი (ახლავს ასომთავრული ასო დ) და ეკლესიის მამა; დასავლეთით - ღვთისმშობელი და წმინდანი (ქალის ფიგურა); ქვემოთ, კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე წარმოდგენილია ექვსფრთედი, მეომრის ტანსაცმელში გამოწყობილი მთავარანგელოზი მიქაელი, მოციქული პეტრე გასაღებით ხელში; დასავლეთით მოციქული პავლე; ამავე სათავსში, მთავარ ტაძარში გასასვლელის ტიმპანის ორივე მხარეს, სამკუხთა მონაკვეთზე გამოსახულია წმ. დედანი.
ზაზა ფანასკერტელის ფრესკა |
ნართექსის სამხრეთ სათავსის მოხატულობის მეტი ნაწილი განკითხვის დღის კომპოზიციას ჰქონდა დათმობილი. ამ სათავსის სამხრეთ კედელზე, ზემოთ წარმოდგენილია ვედრება. ქვემოთ, კედლის დასავლეთ კუთხეში შერჩენილია ჯოჯოხეთის სცენის ფრაგმენტი. ამავე სათავსის აღმოსავლეთ კედელზე ორ რეგისტრად მოცემულია წმინდანთა ჯგუფები: წმ. ქალწულნი, წმ. მღვდელმოძღვარნი და წმ. მოწამენი. ქვემოთ, თაღით შემოსაზღვრულ არეზე, ჩრდილოეთ მონაკვეთზე გამოსახულია იოანე ნათლისმცემლისა და წინასწარმეტყველ ზაქარიას წელზედა ფიგურები ერთიმეორის ქვეშ. აქვე, სამხრეთ მონაკვეთზე, წმინდანთა ფიგურების ფრაგმენტებია შერჩენილი. ამავე თაღის გვერდით, მისგან ჩრდილოეთით ორ რეგისტრად მოცემულია: ზემოთ - ანგელოზისა და წმ. პავლეს ფიგურები, ქვემოთ - ეკლესიის მამა მთელი ტანით. ამავე სათავსის ჩრდილოეთ კედელზე, ზემოთ სამი წმინდანის წელზედა ფიგურებია: ცენტრში - წმ. ბარბარე, აღმოსავლეთით წმ. ირინე; ქვემოთ, კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე წარმოდგენილია წმ. გიორგი კაპადოკიელი (კლავს გველეშაპს), დასავლეთით - წმ. თევდორე მთელი ტანით.
ნართექსის ჩრდ სათავსის მხატვრობა გაჭვარტლულია და ძნელი გასარჩევია. აღმოსავლეთ კედელზე, ზემოთ წარმოდგენილია ვედრება, ქვემოთ - წმ. მსხვერპლი და მის გარშემო ოთხი ეკლესიის მამა (თითოეული მხრიდან ორ-ორი ფიგურაა). ამავე სათავსის სამხრეთ კედელზე, ზემოთ გამოსახულია ქრისტეს შობა, ქვემოთ, კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე - თაღნარის ქვეშ ეკლესიის მამები მთელი ტანით. წმინდანთა კონტურები ამავე კედლის დასავლეთ მონაკვეთზეც გაირჩევა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ფრესკა |
ნართექსის გასასვლელის წირთხლები, პილასტრების მხრები, თაღების სოფიტები შემკულია მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტით. ნართექსის კამარებზე, შუა და სამხრეთ სათავსებში, წარმოდგენილია ანგელოზები და მჯდომარე მოციქულები. ზოგიერთ გამოსახულებას ახლავს ასომთავრული წარწერა.
ნართექსის სამხრეთ სათავსის სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლების მოხატულობა ხასიათდება უშუალო გამომსახველობით. კოლორიტში გაბატონებულია ზურმუხტისფერი მწვანე, ღია ცისფერი, ყვითელი და თეთრი ფერები. ნახატი სქემატურია, ხისტი. კოლორიტი მღვრიე ფერებისგან შედგება (შავი, მანაცრისფრო-ცისფერი, ყავისფერი, ყვითელი, ვარდოსფერი, მონაცრისფრო-თეთრი).
ზიარება |
ღვთისმშობლის ეკლესია მოხატული ყოფილა. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის მოხატულობა, სადაც ფერადოვანი შრე გადარეცხილია და გამოსახულებათა დიდი ნაწილი კონტურების სახითაა შემონახული. მხატვრობა დაყოფილია სამ რეგისტრად (რეგისტრის ხაზი მოწითალო-ყავისფერია). კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და ორი მთავარანგელოზი. ღვთისმშობელი საქართეელოში საკმაოდ გავრცელებული იკონოგრაფიული ტიპის - მჯდომარე ოდოგიტრიას სახითაა წარმოდგენილი. ქვემოთ, მეორე რეგისტრში ოთხი სცენაა: საკურთხევლის სარკმლის ჩრდილოეთით და სამხრეთით ზიარების ორი კომპოზიციაა, ხოლო ამავე რეგისტრის კიდეებში - მაცხოვრის სასწაულთა ორი სცენა: ჩრდილოეთით - ქარიშხალი ტიბერიადის ტბაზე, ხოლო სამხრეთით - იაიროსის ქალიშვილის განკურნება. სარკმლის წირთხლებზე გამოსახულია ორი დიაკვანი - წმ. სტეფანე და წმ. პროქორე. მათი ფიგურები თაღნარითაა მოჩარჩოებული. სარკმლის თაღში მედალიონში ჩასმულო ჯვარია გამოსახული. მოხატულობოს მესამე რეგისტრში სარკმლებისაკენ სამი მეოთხედით მიბრუნებული ეკლესიის მამებია. ამავე რიგში, სარკმლის ქვემოთ, რეგისტრის ხაზით გამოყოფილ სწორკუთხა მონაკვეთზე მაცხოვრის წელზედა ფიგურა იყო.
მხატვრობის კოლორიტი ნათელია. უმთავრესად ღია მწვანე, ოქროსფერი ოქრა, მოწითალო-ყავისფერო და მოწითალო აგურისფერია გამოყენებული. ვხვდებით, აგრეთვე ლაჟვარდოვან-ცისფერს (ფონი, ტანსაცმელი), რაც ამ ეკლესიის მოხატულობას წმ. ნიკოლოზის ტაძრის მოხატულობას უახლოვებს. მსგავსება შეიმჩნევა ღვთისმშობლის გამოსახულებებშიც, რომლებიც ამ ეკლესიების საკურთხევლის კონქს ამკობს. წერის მანერა მთავარი ტაძრის მოხატულობასთან შედარებით უფრო ხაზოვანია. თავისებურია აგრეთვე საკურთხევლის მხატვრობაში სახარების სცენათა შეტანა და ქრისტეს განმეორებითი გამოსახულება ზიარების კომპოზიციაში (ზიარების ორივე სცენაში მაცხოვროს სამი ფიგურაა). მოხატულობა XIII ს-ის II ნახ-ით თარიღდება.