ლარგვისის მონასტერი ახალგორის რაიონში, მდინარე ქსნის ზედა ნაწილში ქსნისა და ჭურთის წყლის შესართავთან, ზღვის დონიდან 1100 მ. მდებარეობს.
ლარგვისს პირველად XIV საუკუნის მატიანე „ძეგლი ერისთავთა“ იხსენიებს VI საუკუნის მოვლენების თხრობასთან დაკავშირებით, როცა აქ დაარსდა ქალაქი და აშენდა ეკლესია. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ლარგვისი ცხრაძმისხევის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ისტორიული ცნობებით დასტურდება, რომ ქსნის ხეობას შუა საუკუნეებში ერისთავები მართავდნენ. ისინი პირველად თავიანთ თავს „ქუენიფლეველებს“ უწოდებდნენ, რადგან რეზიდენცია ქუენიფლევში ჰქონდათ (ქვენიფლევის ნანგრევები ლარგვისის სამხრეთითაა, ორიოდე კილომეტრის დაცილებით მთის ფერდობზე). ერისთავების რეზიდენცია სხვადასხვა დროს ლარგვისშიც იყო. ამიტომ ისინი ხშირად „ლარგველებადაც“ იწოდებოდნენ. მას შემდეგ, რაც მათი ტერიტორია მეზობელ ფეოდალთა ხარჯზე გაფართოვდა სამხრეთითა და დასავლეთით, ისინი „ქსნის ერისთავებად“ იწოდებიან. საერისთავოს გაფართოებული ტერიტორიისათვის რეზიდენციად მდინარე ქსნის ქვედა ნაწილში, უფრო გაშლილ ადგილას მდებარე ახალგორი აირჩიეს.
ერისთავების სამარხი პირველ პერიოდში ლარგვისი იყო, ხოლო შემდგომ, როდესაც მათი რეზიდენცია ახალგორი გახდა, საგვარეულო სამარხად, 1172 წელს აგებული იკორთის ტაძარი არჩიეს. მიუხედავად ამისა, ერისთავებს მამა-პაპათა საძვალე უპატრონოდ არ დაუგდიათ და მისადმი მუდამ იჩენდნენ განსაკუთრებულ მზრუნველობას, რის გამოც ლარგვისი ყოველთვის წარმოადგენდა ქსნის ხეობის მთიანი ნაწილის ცენტრს. ამ მიდამოებში თავს იყრიდა ოთხი მხრიდან ჭურთის, ქარჩოხჟამურის, ცხრაძმის და ქსნის ხეობებიდან მომავალი გზები. ფეოდალურ საქართველოში ამ ადგილის დიდ მნიშვნელობას მისი ასეთი სტრატეგიული მდებარეობა განსაზღვრავდა. გარდა ამისა, ახალგორის, განსაკუთრებით კი წირქოლის ზემოთ, აღნიშნულ ხეობებში არსად საცხოვრებლად გამოსადეგი ასეთი დავაკებული ადგილი არ არის. ლარგვისში ადრიდანვე არამარტო მონასტერი და ციხესიმაგრე, არამედ დიდებულთა სასახლეც მდგარა, რაც დროთა განმავლობაში დანგრეულა და ამჟამად მხოლოდ საერისთაოს არსებობის უკანასკნელი პერიოდის ნაგებობებითღაა მოღწეული. ქსნის საერისთაო კი XVIII საუკუნის II ნახევარში გააუქმა მეფე ერეკლე II-მ. როგორც ცნობილია, ცენტრალური ხელისუფლების ურჩ ერისთავებს მეფე ერეკლე თანდათანობით იცილებდა თავიდან და მათ შორის აღმოჩნდა ქსნის საერისთავოც, რომელიც 1777 წელს დაამცრო.
ლარგვისის წმიდა თეოდორეს სახელობის ეკლესია ამ ტერიტორიაზე ადრიდანვე მდგარა, მაგრამ დროის მსვლელობისას იგი რამდენიმეჯერ გადაუკეთებიათ ან ხელახლა აუშენებიათ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით „საძეგურის ჩრდილოთ არს მონასტერი ლარგვისი წმიდის თევდორესი, უგუმბათო, შემკული ყოვლით, აწ ხუცის ამარ“. ამ ცნობაზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ XIV-XV საუკუნეებში აქ მდგარი გუმბათოვანი ეკლესია დანგრეულა და მის ადგილას აღნიშნული უგუმბათო ეკლესია აუგიათ. თანამედროვე დრომდე მოღწეული ლარგვისის მონასტრის ეკლესიის აგების შესახებ ცნობას გვაწვდის ღვთისმშობლის ხატის ასომთავრული წარწერა, სადაც გრძელი შესავლის შემდეგ იკითხებოდა: „ოდეს ეკლესია ესე ლარგვის მონასტრისა აღშენდა კეთილმსახური ერისთავის დავითის და კეთილ მორწმუნის დედისა მისისა ქეთევანის მიერ, ძისა მათის შალვას კეთილად აღსაზღდელად, მას ჟამსა მე უღირსმან არქიმანდრიტმან ამის მონასტრისმან დავახატვინე ხატი ესე ყოვლად წმიდისა მცველად და მფარველად ერისთავსა დავითის საოხად სულისა ჩემისა. ქვს. ჩღდ. მხატვარი იოანე“.
წარწერის თანახმად წმიდა თეოდორეს ეკლესია ერისთავ დავითსა და დედამისს - ქეთევანს აუგიათ. ხატის წარწერა 1762 წელსაა შესრულებული, მაგრამ ეკლესიის აგება უფრო ადრე მომხდარა. სხვა ცნობებზე დაყრდნობით 1750-იან წლებში დანგრეული ტაძარი 1759 წელს აუშენებიათ.
წმიდა თეოდორეს სახელობის ეკლესია ცენტრალურ გუმბათოვან ტიპს მიეკუთვნება. ტაძრის ძირითადი სივრცე შექმნილია ჯვრის მკლავებისა და მათ შუაზე აღმართული გუმბათით. ჯვრის მკლავებიდან გვერდის მკლავები მოკლე და ტოლია, ხოლო ორი დანარჩენი გრძელი და სხვადასხვა ზომისა. ამათგან მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავი მთავრდება აფსიდით, დანარჩენი კი სწორკუთხოვანია, დასავლეთის ყველაზე გრძელი მკლავი გვერდის ნავებს უერთდება ორ-ორი თაღით.
ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ეკლესიის შიდა სივრცე კარგადაა განათებული. სინათლის წყაროს წარმოადგენს გუმბათის მაღალ ყელში განლაგებული ათი სარკმელი, ჯვრის მკლავებში (გარდა ჩრდილოეთისა) მდებარე თითო სარკმელი და სამხრეთ ნავში მოთავსებული ორი სარკმელი. საკურთხეველი, ჩვეულებრივად აქაც ღრმაა, მაგრამ ბემა გამოყენებული არ არის და გვერდის სიბრტყეები აბსიდის მომრგვალებასთან ერთნაირია. საკურთხევლის გვერდებზე ორ-ორსართულიანი სადგომებია. ქვემოთ სადიაკვნე (სამხრეთით) და საკმვეთლო (ჩრდილოეთით), ზემოთ კი - ე.წ. სამალავები. ასეთი სადგომები ე.წ. „სამალავები“ ამ ტიპის ეკლესიებში თითქმის ყველგან გვხვდება და მათ ეკლესიის განძეულობის შესანახად, სამალავად იყენებდნენ. ლარგვისში ეს ოთახები მართლაც სამალავს წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ სხვა დანიშნულებაც ჰქონდათ. ეკლესიის ამგებთ ამ სადგომისათვის თავდაცვითი დანიშნულებაც მიუციათ, რადგან მისი აგებისას საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯურის დამპყრობი დათარეშობდა. განსაკუთრებით XVIII საუკუნის 50-იანი წლებისთვის „მთელი ქართლი ლეკთა ბრბოებით აივსო და მოსახლეობა ციხეებს იყო შეფარებული“. 1759 წ. აშენებულ ეკლესიას, რომელიც უზარმაზარი ციხის შიგნით მდებარეობდა განსაკუთრებულ შემთხვევებში თავდაცვითი ფუნქციაც უნდა ეტვირთა.
ეკლესიის კედლები შიგნიდან ნაგებია ყორექვითა და აგურით, ხოლო კამარები და თაღები მთლიანად აგურისაა. კედლები შელესილი ყოფილა და უკანასკნელ პერიოდში კირით შეუთეთრებიათ. საკურთხეველი დარბაზისგან ხის მოჩუქურთმებული კანკელით ყოფილა გამოყოფილი.
ლარგვისის ეკლესიისთვის ყველაზე ახლო ანალოგიას თბილისის სიონი (1710 წ. მოპირკეთებული) და ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის (1753 წ. აგებული) ეკლესიები წარმოადგენს. ეს მსგავსება გასაგებია, რადგან სამივე ტაძრის მორთულობის შესრულების საზღვრები 50 წლით შემოიფარგლება. აღნიშნულ ეკლესიათა შორის განსხვავებაც არსებობს, რაც, უპირველესად ჩუქურთმების სიუხვეში და შესრულების დონის სიმაღლეში გამოიხატება. სიონისა და ბარაკონის სარკმლების საპირეებზე მრავალფეროვანი ჩუქურთმაა ამოჭრილი, ლარგვისში კი ჩუქურთმა საერთოდ არ გვხვდება.
ლარგვისის მონასტერი ადრიდანვე ქართული მწიგნობრობის და კულტურის კერა იყო. აქ მრავალი გამოჩენილი ღვთისმსახური და მწიგნობარი მოღვაწეობდა. XIV ს-ში ლარგვისის მონასტრის ცნობილი მწიგნობარი აგვაროზ ბანდაის ძე იღვწოდა, რომელიც „ძეგლი ერისთავთას“ ავტორად არის მიჩნეული. ავგაროზის საქმიანობა ლარგვისის მონასტერში მისმა ვაჟმა გრიგოლმა გააგრძელა, რომელმაც აღწერა თემურ ლენგის ლაშქრობები საქართველოში. მონასტრის ბიბლიოთეკიდან ჩვენამდე მოღწეულია ძვირფასი ხელნაწერები და საეკლესიო სიწმიდეები.
ათწლეულების განმავლობაში მონასტერში ღვთისმსახურების იძულებითი შეწყვეტის შემდეგ ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის ამჟამინდელი წინამძღოლის მეუფე ისაიას ძალისხმევით წირვა-ლოცვა განახლებულია.
მოამზადა გოჩა გუგუშვილმა
გაზეთი „აღსავალი“, №3 2004 წ.
ფოტოები მოგვაწოდა ლუარსაბ ტოგონიძემ