ქოზიფას მამათა მონასტერი

ქოზიფას მამათა მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონში, ძამის ხეობის სიღრმეში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. მთელი კომპლექსი, რომელშიც ხუთი ეკლესია შედის, განლაგებულია მაღლობ ადგილზე, შუაგულ ტყეში. ტაძრები აგებულია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში და მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. პირველი ეკლესიის მშენებლობა VI-VII საუკუნეებით თარიღდება. აღმშენებლობა განსაკუთრებით XIII საუკუნეში გაძლიერებულა და გამშვენებულა სამონასტრო კომპლექსი. ტაძართა შორის ყველაზე დიდი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის მთავარი ეკლესიაა. აღნიშნულ ტაძარზე იასონ ციციშვილი 1897 წელს წერდა: „მისმა ხელოვნებამ და ხუროთმოძღვრების გეგმამ, არა მგონია, რომ კაცი არ გააკვირვოს. არც მგონია, რომ მისი შესადარი ძვირფასი ხელოვნებისა სადმე მთლათ საქართველოში მოიძიებოდეს“.

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია ნაგებია ბაზალტის კარგად დამუშავებული ქვით. იგი თავის დროზე მოხატული ყოფილა, რომლის კვალიც დღეს აქა-იქ თუ შეიმჩნევა. საუკუნეებს შემოუნახავთ ერთ ქვაში გამოკვეთილი წმინდა ტრაპეზი, რომელიც დღესაც ურყევად დგას. აქვეა უძველესი ხის საწიგნური და მოჩუქურთმებული კანკელის ქვა. სამონასტრო კომპლექსის მეორე - წმ. შიო მღვიმელის სახელობის ეკლესია - თითქმის უვნებლადაა დაცული, რომელშიც საოცარი მყუდროება და სიწმინდე სუფევს. მესამე - ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარი - დრო-ჟამის ულმობლობას საკმაოდ დაუზიანებია, ხოლო დანარჩენი ორი - წმ. გიორგისა და მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ეკლესიები დღეს უკვე ნანგრევებადაა ქცეული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წარსულში მოღვაწე მამებს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში საძვალე მოუწყვიათ, სადაც ამჟამად მრავალი წმინდა ნაწილია დასვენებული.

დიმიტრი მეღვინეთხუცესის (XIXს.), იასონ ციციშვილისა (XIXს.) და სერგი მაკალათიას (XXს.) აღწერის თანახმად, სამონასტრო კომპლექსს გარს დიდი გალავანი ერტყა, შიგნით კი ბერების სადგომები და პატარ-პატარა სენაკებიც ყოფილა. მათივე ცნობით, გალავნის შიგნით კარგად შეიმჩნეოდა წყლის გამოსავალი მილები, აქვე ყოფილა ჩაფლული ღვინის დიდი ქვევრებიც. ყოველივე ეს მეტყველებს, რომ საუკუნეთა მიღმა აქ ბერმონაზვნური ცხოვრება ყვაოდა. ბერები, საკვირველი მადლითა და ძალით აღჭურვილნი, განუწყვეტლივ იღვწოდნენ ლოცვით, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით, ეკლესიათა შენებით, ყოველდღიური შრომით.

XVII საუკუნემდე უმოქმედია მონასტერს. ოთხი საუკუნის შემდეგ ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ქოზიფას მამათა მონასტერი 1997 წლის 17 ივნისს კვლავ აღდგა და გაცოცხლდა.

ამჟამად მონასტერში 1 მღვდელმონაზონი, 5 ბერი და რამდენიმე მორჩილი მოღვაწეობს. მონასტრის ძმობას ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ, რომლებიც იღუმენი ეფრემის (გამრეკელიძე) წინამძღვრობით ქოზიფაში მოღვაწე მამების გზას მოთმინებითა და შემართებით აგრძელებენ.

სავანეს დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, თუმცა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უბრუნდება პირვანდელი სახე. ღვთისმოსავი ადამიანების შეწევნით მიმდინარეობს დანგრევის პირას მისული ტაძრების აღდგენა. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის სახურავი მთლიანად გასუფთავდა და გადაიხურა. ასევე გაიწმინდა და სათანადო პატივი მიეგო საძვალეს.

1997 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოინახულა სამონასტრო კომპლექსი და გაკვირვებულმა ღიმილით აღნიშნა: „მე თითქმის მთელი მსოფლიოს წმინდა ადგილები შემომივლია და მსგავსი არსად არ მინახავს“. მოილოცა რა ახლად აღორძინებული მონასტერი, გამომშვიდობებისას ქართველი ერის მამათმთავარმა ასე გაუმხილა აქაურ ძმობას თავისი ნატვრა: „ჩემთვისაც გააკეთეთ აქ ერთი სენაკი... ეს მძიმე ჯვარი რომ არ მეკისროს, უთუოდ აქ ვინებებდი მოსვლასო“.

http://www.urbnis-ruisi.ge/ge/qozifa.html