§16. მთავარ მამოძრავებელ ორგანოთა ფიზიოლოგიური აღწერა. ადამიანის მოძრაობის ყველა ორგანო ემორჩილება წმინდა მექანიკის კანონებს. ადამიანის მამოძრავებელი აპარატი შედგება: ა) ძვლებისაგან - სხვადასხვაგვარად მოწყობილი და მიზნებისადმი მეტად ბრძნულად მისადაგებული ბერკეტების სიმრავლისაგან, და ბ) თოკებისაგან, რომელთაც ეს ბერკეტები მოჰყავთ მოძრაობაში და რომელთაც კუნთები ეწოდება. კუნთების მოძრაობას განაგებენ მამოძრავებელი ნერვები.
ცხოველის ძვალთა ერთობლიობა შეადგენს ჩონჩხს. ჩონჩხი, როგორც მექანიკური ხელსაწყო, ერთ მთლიანს წარმოადგენს, მაგრამ თუ მისი ნაწილების მიხედვით განვიხილავთ, ვნახავთ, რომ იგი მრავალმხრივ ესადაგება ცოცხალი არსების მოთხოვნილებებს. ამრიგად, იგი ა) ასრულებს ორგანიზმისათვის დგარის, შტატივის როლს, ანუ, უბრალოდ, საკიდარის როლს კუნთებისათვის, რომლებიც მასზეა გაჭიმული და მიმაგრებულია სხვადასხვა მიმართულებით, გარედან კი დაფარულია ერთი, საერთო კანით; ბ) ქმნის მტკიცე დასაცავს ნერვული სისტემის მთავარი ნაწილებისათვის, როგორც, მაგალითად, თავის ქალა - ტვინისათვის, და, ბოლოს გ) შეადგენს სამოქმედო ხელსაწყოს მოძრაობისათვის.
კუნთები ორგანიზმში არის ის, რასაც ჩვენ ხორცს ვეძახით. კუნთების დანიშნულებაა, როგორც ვთქვით, ბერკეტების - ძვლების ამოძრავება. ამ ბერკეტთა საყრდენ წერტილებად გვევლინებიან კუნთების მიმაგრების ადგილები: სიმძიმის, ანუ წინააღმდეგობის წერტილების როლს ასრულებენ ორგანოს ამწევი, დამხრელი და მომხრელი პუნქტები.
§17. მოძრაობის განპირობებულობა ტვინით. ადამიანის სხეულის ყველა ნაწილი მკაცრადაა დამოკიდებული თავისა და ზურგის ტვინზე, რომელიც მათ მართავს მამოძრავებელი ნერვების საშუალებით. ჩვენ ვიცით, როგორ ადვილად და თითქმის არაცნობიერად მოძრაობენ ჩვენი სხეულის ნაწილები. ჩვენ ისე მივეჩვიეთ მოძრაობას, რომ გვგონია ხელს თვითონ აქვს მამოძრავებელი ძალა, რომ ფეხი თავისთავად მოძრაობს, რომ საერთოდ სხეულის ყველა ნაწილი თვითონვე მოძრაობს, მაგრამ მათი მოძრაობის წყარო, მათი მამოძრავებელი ბიძგი, ტვინიდან მომდინარეობს. ამის საბუთი ასეთია: თუ სხეულის რომელიმე ნაწილს ტვინისაგან გამოვყოფთ - გადავჭრით ტვინთან მის დამაკავშირებელ მამოძრავებელ ნერვს, მაშინ ეს ნაწილი დაკარგავს მოძრაობის უნარს.
მაგრამ ფიზიოლოგია გვასწავლის, რომ ტვინი მარტო ერთი თავისი ნაწილის მეშვეობით არ მართავს სხეულის ყველა მოძრაობას, ტვინის სხვადასხვა ადგილები სხვადასხვა ორგანოს მოძრაობას განაგებენ. ზურგის ტვინის მარჯვენა მხარის დაზიანება, როგორც უკვე ვთქვით, იწვევს სხეულის მთელი მარჯვენა მხარის დამბლას, მარცხენა მხარის დაზიანებას კი ორგანიზმის მარცხენა მხარის დამბლა მოსდევს.
თუ ცხოველს მთლიანად ამოვაჭრით დიდი ტვინის ერთ ნახევარსფეროს, ამას მოჰყვება დამბლა სხეულის საპირისპირო მხარეზე. იგივვ ხდება პატარა ტვინის ნახევრის ამოჭრისასაც. ამავე მოვლენებს, ოღონდ უფრო მაღალ ხარისხში, გვიჩვენებს მოგრძო ტვინი, როგორც ტვინის ცენტრის ყველა ნაწილის შეერთების ადგილი. თუ მის ერთ ნახევარს დავაზიანებთ ქვედა ბოლოდან, ამას მოსდევს საშინელი ტკივილი და სხეულის ერთი ნახევრის სრული დამბლა, ხოლო თუ მთელ მოგრძო ტვინს გადავჭრით, ამას სწრაფად მოსდევს სიკვდილი.
§18. სად არის მოთავსებული მამოძრავებელი საწყისი? ამრიგად, აქაც, როგორც შეგრძნებების განხილვისას, ჩვენ მივადექით ტვინს როგორც წყაროს, საიდანაც მომდინარეობს ადამიანის ორგანიზმის ყველა მოძრაობა. მაგრამ თვითონ ტვინი აწარმოებს თავისუფალ მოძრაობებს, თუ არის კიდევ რაღაც განსაკუთრებული უხილავი საწყისი, რომელიც ტვინის საშუალებით აძლევს ბიძგს სხეულს? ყველა ფაქტი და მოსაზრებანი გვარწმუნებენ, რომ ტვინი მხოლოდ შუამავალი ორგანოა მოძრაობისა, პირველადი წყარო კი, ანუ პირველადი მამოძრავებელი ძალა მოთავსებულია არა მასში, არამედ განსაკუთრებულ, უხილ არსებაში. ამას ამტკიცებს შემდეგი:
1. ცხადია, რომ ადამიანში მამოძრავებელი საწყი იგივეა, რაც მგრძნობელი. მგრძნობელობები და მოძრაობები ჩვენში მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. შინაგანი ცნობიერება გვარწმუნებს, რომ ჩვენი სხეულის ნაწილებსაც ის არსება ამოძრავებს, რომელიც შეგრძნებებს იღებს. ადამიანის ორგანიზმში ხან შეგრძნებები გვევლინებიან მოძრაობის მიზეზად, ხან კი ზოგიერთი მოძრაობა იწვევს ზოგიერთ განსაკუთრებულ შეგრძნებას. როცა მე ტკივილი ვიგრძენი და ფეხი გამოვწიე, ცხადია, რომ ეს მოძრაობა იმავე არსებამ შეასრულა, რომელმაც ტკივილი იგრძნო. ამიტომაა, რომ ამ ორ მოვლენას, ე.ი. ფეხის ტკივილსა და მოძრაობას შორის, ისე მცირე დროის შუალედია, რომ ისინი ერთდროული გვგონია. მაგრამ თუ მამოძრავებელი საწყისი შეგრძნების იგივეობრივია, მაშინ ცხადია, რომ იგი ტვინში არაა, რადგანაც ჩვენ ადრე დავამტკიცეთ, რომ შემგრძნების საწყისი არ არის ტვინი.
2. ყველა ჩვენს სხეულებრივ მოძრაობაში, მიუხედავად მათი სიმრავლისა და მრავალგვარობისა, მოცემულია განსაცვიფრებელი ერთიანობა და თანხმობა, რაც შეუძლებელი იქნებოდა, მოძრაობებს რომ ტვინს გარდა სხვა წყარო არა ჰქონდეთ. ჩვენ ვნახეთ, რომ სხეულის მოძრაობებს განაგებს ტვინის არა ერთი, არამე რამდენიმე ადგილი, რომ დიდი, პატარა და მოგრძო ტვინის ერთი მხარის დაზიანება იწვევს დამბლას სხეულის ერთ ნახევარში, ხოლო მეორე მხარის დაზიანება მოძრაობის უნარს ართმევს სხეულის მეორე ნაწილს. მაგრამ რა ათანხმებს ერთმანეთთან ტვინის ამ ნაწილებს? აშკარაა, რომ ისინი თვითონ კი არ უთანხმდებიან ერთმანეთს, არამედ არის რაღაც განსაკუთრებული, უხილავი არსება, რომელიც მათი მეშვეობით შეთანხმებულად ამოძრავებს ყველა ნაწილს. დავსვათ შემდეგი მარტივი კითხვა: ერთი და იგივე არსება ამოძრავებს თუ არა ჩვენს მარცხენა და მარჯვენა ხელს? ჩვენი ცნობიერება, შინაგანი შეგრძნება გვპასუხობს, რომ ერთი და იგივე; მაგრამ თუ ტვინს გარდა არ დავუშვებთ განსაკუთრებულ არანივთიერ საწყისს, მაშინ გამოვა, რომ მარცხენა ხელს ერთი არსება ამოძრავებს, მარჯვენას კი - მეორე.
3. ბოლოს, მამოძრავებელი საწყისის: არამატერიალურობასა და სულიერებაში ყველაზე უფრო უდავოდ გვარწმუნებს ჩვენი მოძრაობების აზრიანობა და განზრახვისეულობა. ადამიანის სხეულის მოძრაობები იმით განსხვავდებიან ყველა სხვა უსიცოცხლო მატერიების მოძრაობებისაგან, რომ აქ ყველა ნაწილი განზრახვის შესაბამისად, გაანგარიშებულად მოძრაობს, მაშასადამე, მათ ამოძრავებს არა რომელიმე ბრმა, არამედ გონიერი ძალა. ამიტომ იძულებული ვართ დავუშვათ, რომ მათი მოძრაობის წყაროს წარმოადგენს გონიერი, უხილავი, სულიერი ძალა.
§19. მგრძნობიარე და მოაზროვნე საწყისთა იგივეობის შესახებ. იმის შეუძლებლობაში, თითქოს ტვინს ჰქონდეს შეგრძნებების უნარი, კიდევ უფრო ვრწმუნდებით, როცა ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენი შეგრძნებები აზრების და განსჯათა ჩანასახს წარმოადგენენ, რომ შემგრძნები არსება იმავე დროს არის მოაზროვნეც, რომ შეგრძნება, აზროვნება და ცნობიერება ერთსა და იმავე განუყოფელ არსებაშია. დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო იმის დასასაბუთებლად, რომ მოაზროვნე და შემგრძნები არსება ერთი და იგივეა. ჩვენი ცნობიერება, ჩვენი შინაგანი გრძნობა გვარწმუნებს, რომ, თუ ჩვენს გრძნობას არ ვენდობოდით და შეგრძნებებს აზრებისაგან გამოვყოფდით, მათ ორ განსხვავებულ სუბსტანციას მივაწერდით, მაშინ სრულიად უაზრო წინააღმდეგობაში ჩავვარდებოდით. ეს იგივე იქნებოდა, რომ აზრი ორ ნაწილად გაგვეხლიჩა: მაშინ გამოვიდოდა, რომ გარე საგნებს ხედავს ერთი არსება, მათ შესახებ კი მსჯელობს სრულიად სხვა არსება. მაგრამ, ვიმეორენ, ეს უკიდურესი უაზრობაა, რამდენადაც ადამიანის დანახვა და მისი ლაპარაკის გაგონება უკვე ნიშნავს მის შესახებ განსჯას. აქ შეგრძნებები და მსჯელობა ერთმანეთისაგან განუყოფელია. მაგრამ თუ მოაზროვნე საწყისი იგივეა, რაც შემგრძნები, მაშინ იმის დაშვებით, რომ ტვინს შეუძლია შეიგრძნოს, ისიც უნდა გვეღიარებია, რომ მას აზროვნებაც შეუძლია. აი, სწორედ ამას ემყარებოდა ბევრი მატერიალისტი, როცა უარყოფდა ჩვენში არამატერიალური სულის არსებობას. მაგრამ თუ ჩვენ აქამდე შევძელით, როგორც ვფიქრობთ, უდავოდ დაგვესაბუთებია, რომ ტვინს არ შეუძლია შეიგრძნოს, უფრო ადვილად და უდავოდ შეიძლება იმის დასაბუთება, რომ მას მით უმეტეს არ შეუძლია იაზროვნოს. ყოველივე, რაც ზემოთ ითქვა იმის დასაბუთებისათვის, რომ შეუძლებელია ტვინს მივაწეროთ შეგრძნების უნარი, ორმაგ და სამმაგ ძალას იძენს, როცა იმის დასასაბუთებლად ითქმება, რომ ტვინს არ შეუძლია აზროვნება. ამიტომ, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, საჭირო არაა ძალისხმევა იმის დასაბუთებისათვის, რომ ტვინს და, საერთოდ, მატერიას აზროვნება არ შეუძლია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბუნებისმეტყველური მეცნიერებების დღევანდელი განვითარებისა და იმ ცდების პირობებში, რომლებითაც ახლა ფიზიოლოგია გამდიდრდა, აღარ გამეორდება შეცდომა, რომელიც შესაძლებელი იყო მხოლოდ მათი არასაკმარისი განვითარების დროს, და ჩვენ ამ აზრს გაგვიმტკიცებს თანამედროვე ბუნებისმეტყველების პატრიარქის, სახელგანთქმული ლიბიხის მოწმობა.
§20. ლიბიხის მოწმობა [4]. მიუნხენის უნივერსიტეტში 1856 წელს წაკითხულ თავის პირველ ლექციაში ლიბიხმა საზეიმოდ ცნო სულიერის თვითმყოფობა ნივთიერთან მიმართებით ორგანულ არსებებში. სახელგანთქმული მეცნიერის სიტყვებში ჩვენ აგრეთვე ვნახავთ ყოველივე იმის დადასტურებას, რაც აქამდე იყო ნათქვამი ჩვენი შეგრძნებების შესახებ. აი, მისი სიტყვები: „ამ დილეტანტებს (ასე უწოდებს მეცნიერი ზერელე ადამიანებს, რომელნიც მეცნიერულ მუშაობას ეწევიან სხვათა შორის, გართობის მიზნით), ბუნების კანონების ცოდნის ამ ბალღებს სურთ დაარწმუნონ არამცოდნე და მიმნდობი საზოგადოება იმაში, რომ მათ შეუძლიათ გააგებინონ ჩვენში აზრების წარმოქმნა, ჩვენი სულის არსი და თვისებები. სულიერი ადამიანი, მათი სიტყვების მიხედვით, მხოლოდ თავისი გრძნობების წარმონაქმნია. ტვინი მხოლოდ ნივთიერი ცვლილებების საშუალებით ბადებს აზრებს და მისი მათდამი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორც ღვიძლისა ნაღველისადმი. როგორც ღვიძლთან ერთად გაქრება ნაღველი, თითქოს ასე კვდება ჩვენი სულიც ტვინის დარღვევასთან ერთად.
ჩამოაშორეთ ამ ბატონების დასკვნებს მათი მოჩვენებითი ბრწყინვალება, რომელიც სერიოზული მკვლევარების თვალში სხვა არაფერია გარდა ნათელმყოფილი ბურუსისა, და მხოლოდ ის აზრი დაგვრჩება, რომ ფეხები ადამიანს სირბილისათვის აქვს მიცემული, ტვინი კი აზროვნებისათვის, და რომ აზროვნება საჭიროა ისევე ვისწავლოთ, როგორც სირბილს ვსწავლობთ, რომ ფეხების გარეშე ვერ ვირბენთ, ტვინის გარეშე კი ვერ ვიაზროვნებთ, რომ მოძრაობის ორგანოების დაზიანება ხელს გვიშლის სიარულში, აზროვნების ორგანოების დაზიანება კი ცვლის თვითონ აზროვნებას. მაგრამ ხორცი და ძვლები, რომელთაგანაც შედგება ფეხები, თავისთავად ხომ არ მოძრაობენ - მათ ამოძრავებს მიზეზი, რომელიც არც ხორცია, და არც ძვლები; ისინი მხოლოდ ძალის არაღებია; აზროვნებს არა რბილობი, რომელსაც ტვინს უწოდებენ, - იგი მხოლოდ იარაღია აზრის წარმომქმნელი მიზეზისა. ტვინი არის ერთადერთი შინაგანი ორგანო, რომელზეც ადამიანის ნება უშუალოდ ზემოქმედებს. ნებას არ შეუძლია პირდაპირი გავლენა მოახდინოს არც გულის მოძრაობებზე, არც კუჭის მოქმედებაზე, მაგრამ დროულად გაწნული სილა ზოგჯერ მათემატიკური აქსიომის გაგებაზეც მოქმედებს. თვალი კი არ ხედავს სინათლეს ან სხეულებს, ყურს კი არ ესმის მუსიკა, ისინი მხოლოდ იარაღებია სინათლის ტალღებისა და ბგერების აღსაქმელად.
დილეტანტები ამტკიცებენ, რომ აზრები წარმოადგენენ ტვინის ნივთიერების ცვლილების პროდუქტებს, ისე როგორც ნაღველი არის ღვიძლის ნივთიერების ცვლილების პროდუქტი.
მაგრამ ნამდვილმა ფიზიოლოგიამ ჯერ კიდევ არაფერი იცის ნაღველის მიმართებაზე ღვიძლის, როგორც მისი გამომყოფი ორგანოს, ნივთიერების ცვლილებასთან, ხოლო რაც აქ ქიმიას გაურკვევია, იმას ამტკიცებს, რომ ნაღველის სტიქიური საწყისები არავითარ დამოკიდებულებაში არ არის ღვიძლის სტიქიურ საწყისებან. სულის მქონე ადამიანი კი არ არის თავისი გრძნობების პროდუქტი, არამედ გრძნობების მოქმედებანი წარმოადგენენ ადამიანის გონიერი ნების პროდუქტებს.
ჩვენ ვიცით, რომ ნივთიერების ცვლილება ანიჭებს ძალას ორთქლის მანქანას. ხე, ნახშირი იწვის ანუ იცვლის თავის თავდაპირველ თვისებებს ჟანგბადთან შეერთებისას. ამ წვის შედეგს წარმოადგენს სითბო, რომელიც წყალს ორთქლად აქცევს, ეს უკანასკნელი კი ავითარებს წნევას ქვაბის კედლებზე და ამოძრავებს მანქანას. გალვანურ სვეტში ნივთიერების ცვალებადობის გზით, მჟავაში მეტალის გახსნის გზით წარმოიშობა ელექტრული დენი; თუ მას ლითონის მავთულში გაატარებთ, იგი მაგნიტად იქცევა; მაგნიტს აქვს მიზიდვის თვისება, და თუ მას წნევად გარდავქმნით, იგი მანქანას გასწევს. აქედან შეიძლება მივხვდეთ, რომ ადამიანის სხეულშიც ნებისმიერი მოძრაობის განმსაზღვრელი მექანიკური ძალა ნივთიერების ცვალებადობასთანაა დაკავშირებული, კერძოდ კი - კუნთურ სისტემაში, მაგრამ თვითონ მათი ურთიერთმიმართება ჩვენთვის ჯერ კიდევ სრულიად უცნობია.
დაბეჯითებით ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ორგანიზმში ძალა ისე არ წარმოიშობა, როგორც ორთქლის მანქანაში, და შეუძლებელია მისი ახსნა ელექტრობის ჩვენთვის ცნობილი კანონებით. ჩვენ ვიცით, რომ ნივთიერების ცვლა სხეულის ყველა ნაწილში ხდება, რომ მექანიკური ძალის ხარჯვა გავლენას ახდენს სხეულის ყველა ორგანოზე, მის მთელ მექანიზმზე, რომ სირბილით ან მძიმე მუშაობით დაღლილი ადამიანის ნება ნაწილობრივ კარგავს ძალაუფლებას აზროვნების ორგანოზე, ტვინზე. მაგრამ ბუნებისმეტყველებამ სრულიად არაფერი იცის ტვინის ნივთიერების ცვლილების შესახებ, რომელიც თითქოს აზრებს წარმოქმნის. ყოველივე, რაც ჩვენ ამ მიმართებით ვიცით - დაიყვანება ერთ ჩვეულებრივ ჭეშმარიტებაზე, რომ თავს ტვინის გარეშე არ შეეძლებოდა არც აზროვნება და არც გრძნობა.
მკვლევარები, რომელთაც მართლა სურდათ ორგანული სიცოცხლის კანონები შეესწავლათ, ბუნებრივად აქცევდნენ ყურადღებას მასში შემჩნეულ ქიმიურ და ფიზიკურ ძალებს, როგორც ისეთ საგნებს, რომელნიც მათთვის ცნობილი იყვნენ სხვა მოვლენებიდან. მათ დროებით თავი გაანებეს სასიცოცხლო ძალის საკითხს, რათა გამოეკვლიათ, რამდენად შესწევს უნარი ფიზიკას და ქიმიას, ახსნას სიცოცხლე და მისი პროცესები, მაგრამ იქ, სადაც ეს საკმარისი არ აღმოჩნდებოდა, ყველგან ვლინდებოდა ახალი, ჯერ კიდევ უცნობი საწყისის მოქმედება, რომლის მოცულობისა და არსის განასაზღვრას იქვე ცდილობდნენ. დროებითი გამორიცხვის ეს მეთოდი ბევრისთვის უცნობი იყო, ბევრმა იგი ვერც გაიგო, და სწორედ ამის გამო ფიქრობდნენ, თითქოს ბუნებისმეტყველები უარყოფენ ორგანული სიცოცხლის თვითმყოფობას, მაშინ როცა ისინი მხოლოდ იმას ცდილობდნენ, რომ გაეგოთ ამ სიცოცხლის ქიმიური და ფიზიკური პირობები.
მაგრამ თვითონ მატერიალიზმის მქადაგებლებსაც კი უსამართლოდ რომ არ მოვექცეთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათი შეხედულებები, არსებითად, მხოლოდ უკიდურესი რეაქციაა, რომელიც თავის საწინააღმდეგოდ აღძრეს სხვადასხვა მოძღვრებებმა, სულ რამდენიმე წლის წანათაც რომ აღიარებით სარგებლობდნენ. ეგრეთ წოდებული „ბუნების ფილოსოფიის“ დასკვნებზე დამყარებულ ფიზიოლოგიას საფუძვლად არ ედო ზუსტი გამოკვლევები, ცდის მნიშვნელოვანი ჩვენებანი; იგი კვების, სუნთქვის, მოძრაობის ყველა პროცესს ხსნიდა წარმოსახული მიზეზით, რომელსაც სასიცოცხლო ძალას უწოდებდნენ; მაშინ ფიქრობდნენ, რომ ორგანულ სსეულში ქიმიური და ფიზიკური ძალები სულაც არ მონაწილეობენ; სხეული თავის თავში თვითონ და თავისებურად ბადებს მისთვის საჭირო რკინასაც და სითბოსაც. ზუსტმა გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ნივთიერების ყველა ძალა იღებს ნამდვილ მონაწილეობას ორგანულ პროცესში, ხოლო უკიდურესი რეაქცია, წინააღმდეგ ძველი შეხედულებისა, ახლა ამტკიცებს, რომ ყველა სასიცოცხლო მოვლენა განპირობებულია მხოლოდ ქიმიური და ფიზიკური ძალებით, რომ სხეულში არ მოქმედებს არავითარი სხვა ძალა. მაგრამ როგორც ადრე ბუნების ფილოსოფოსები ვერ ასაბუთებდნენ, რომ ყოველივეს მათი სასიცოცხლო ძალა წარმოქმნის, ასევე უახლეს მატერიალისტებსაც არ შეუძლიათ დაასაბუთონ, რომ ყველაფერს არაორგანული ძალები ქმნიან და რომ მხოლოდ ისინია საკმარისი ორგანიზმისა და თვითონ სულის წარმოქმნისათვის. მათი ყველა დებულება ემყარება, როგორც ადრე, არა საქმის ვითარების ცოდნას, არამედ მის სრულ არცოდნას. ჭეშმარიტება კი შუაში ძევს: იგი გაურბის ცალმხრიობას და ცნობს წარმომქმნელ საწყისს ორგანულ სიცოცხლეში, გაბატონებულ იდეას, რომელიც არა მარტო ქიმიურ და ფიზიკურ ძალებთან ერთად იჩენს თავს, არამედ თვითონ მათშივე მოქმედებს“.
ასეთია თანამედროვე მეცნიერების საბოლოო დასკვნა, რომელსაც დიდი ქიმიკოსი მოგვახსენებს.
§21. შენიშვნა ადამიანის სამწევროვანი აღნაგობის შესახებ. სანამ ჩვენი ქვეყნის მეცნიერის ფიზიოლოგიური შრომიდან მოვიტანდეთ სხვა მოწმობას, ერთი წუთით შევჩერდეთ ლიბიხის შენიშვნაზე სასიცოცხლო ძალის შესახებ, რომლითაც XVIII საუკუნეში ხსნიდნენ ორგანიზმის ყველა მოქმედებას. ამ ყბადაღებულ სასიცოცხლო ძალას გავლენა ჰქონდა და დღესაც ზეგავლენა აქვს იმათზე, ვინც „ფსიქოლოგიას“ წერს და ასწავლის. მრავალ „ფსიქოლოგიაში“ დღესაც გვხვდება აზრი, რომ ადამიანი შედგება სამი საწყისისაგან ანუ არსებისაგან, სახელდობრ: სხეულის, სულისა და გონისაგან. მაგრამ, აშკარაა, რომ ასეთი შეხედულება მიუღებელია.
მიზეზი, რის გამოც ბევრს „ფსიქოლოგიაში“ შემოჰყავდა ეს საშუალო არსება ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ყოფდა ადამიანის სულიერ საწყისს ორ ნაწილად - სულად და გონად, ჩანს, ის იყო, რომ ამით უფრო ადვილი ხდებოდა ადამიანში გონითი და სხეულებრივი საწყისების შეერთება, რომელთა ერთგვარი შუამავალი რგოლიც, მათი აზრით, იყო სული. მაგრამ ამ ეშმაკური თეორიით არამარტო ვერ ახსნეს ბუნების საიდუმლოებანი, მარად აუხსნადის საიდუმლოებანი, არამედ კიდფ უფრო გააბუნდოვანეს ისინი, რადგანაც, თუ ადრე გაუგებარი იყო სულის და სხეულის კავშირი, ახალი თეორიის შემოღების შემდეგ ამას მეორე სიძნელეც დაემატა - ასახსნელი შეიქნა, როგორ უკავშირდება სული ჯერ სხეულს, შემდეგ კი გონს.
საჭირო არაა იმის დასაბუთება, რომ ადამიანის ეს სამწევროვანი აგებულება შეუძლებელია, მაგრამ რა უნდა ითქვას იმ ფსიქოლოგებზე, რომლებიც იგონებენ ადამიანის კიდევ უფრო უცნაურ დაყოფებს და ლაპარაკობენ სულზე ფართო მნიშვნელობით, სულზე ვიწრო მნიშვნელობით და გონზე? ეს სასაცილოზე მეტია.
§22. ციტატები ბ-ნ ჟემჩუჟნიკოვის ფიზოლოგიიდან [5]. „ჩვენ უკვე ვიცით, რომ ცოცხალი სხეული გამოირჩევა მგრძნობელობით და მოძრაობით, და რომ მოძრაობის აღმძვრელ ბიძგს ნერვები იძლევიან. ახლა ისმის კითხვა, რა მოქმედებს ნერვებში? როგორ ხდება მათი მეშვეობით მოქმედება და მოძრაობა?
თავისი ცენტრიდან თუ გამოვაცალკევებთ, არც ერთ ნერვს არ ექნება არც დამოუკიდებელი სიცოცხლე და არც დამოუკიდებელი მოქმედება. მართალია, მოკვეთის შემდეგ, პირველ წამებში, ერთიც იჩენს თავს და მეორეც, მაგრამ ცოცხალი სხეულის შემდგომი სიკვდილი გვიჩვენებს, რომ მასში გამოილია იმ საწყისი მარაგი, რომელიც მას სიცოცხლეს და მოძრაობას ანიჭებდა, და რომ თვითონ მას არ შეუძლია შეანაცვლოს ეს საწყისი. რა საწყისია ეს? როგორ ანიჭებს იგი სიცოცხლეს ნერვებს და როგორ აღძრავს მათ სამოქმედოდ?
საწყისი, რომელიც სიცოცხლეს ანიჭებს და სამოქმედოდ აღძრავს ნერვებს, არ გვეძლევა ჩვენი გრძნობებით: ჩვენ ვხედავთ მხოლოდ მის ზეგავლენას ნერვებზე, ვიცით, რომ მის გარეშე ნერვები წარმოადგენენ მკვდარ მექანიკურ ხელსაწყოს, მანქანას მამოძრავებელი ძალის გარეშე.
ამაზე ფიზიოლოგია ჩერდება. იგი ცდის საშუალებით გვარწმუნებს, რომ ჩვენს სხეულში არის სული; იგი წვდება მის გავლენას ნერვული სისტემის ცალკეულ მოქმედებებში. მაგრამ რა არის თვითონ სული? ეს საკითხი იმ ამოცანათა სფეროს გარეთაა, რომელთაც წყვეტს ფიზიოლოგია“.
§23. რა არის სიცოცხლე? განვიხილოთ ჩვენი გაგების საწინააღმდეგო ზოგიერთი მოსაზრება. მათგან მთავარია სიცოცხლის ის გაგება, წომელსაც ბევრი ემხრობა. ბუნებისმეტყველებასა და თვითონ ფილოსოფიაში არც ერთი სიტყვა ისეთ მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს, როგორც სიტყვა „სიცოცხლე“. ცნება, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს, უაღრესად განუსაზღვრელია. ზოგჯერ მას ბევრ, სრულიად ერთმანეთის საპირისპირო მნიშვნელობას მიაწერენ, მაგრამ უფრო ხშირად, იმ ადამიანების ენაზე, რომელნიც ვერ შეჩვევიან თავისი სიტყვების გააზრებას, ის ნიშნავს რაღაც საიდუმლო ძალას, რომლის მეშვეობითაც ცდილობდნენ აეხსნათ ყოველივე გაუგებარი და ბნელი მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს არსებების ყოფიერებაში.
ზოგნი მცენარეებს ცოცხალ არსებებად თვლიან, რის გამო ბევრი უშვებს მცენარეულ სიცოცხლეს, მცენარეთა სიცოცხლდა ა.შ.
მაგრამ თუ მხოლოდ იმას დავეყრდნობით, რაც დღემდეა ცნობილი მცენარეულ არსებათა ზრდის, კვების და, საერთოდ, არსებობის შესახებ, მაშინ უნდა ვცნოთ, რომ მცენარეული სიცოცხლე სხვა არაფერია, თუ არა მხოლოდ და მხოლოდ ქიმიურ-მექანიკურ ძალთა მოქმედება. ამას ის ამტკიცებს, რომ მცენარის შიგნით მიმდინარე ყველა მოვლენა სრულიად დამაკმაყოფილებლადაა ახსნილი მხოლოდ და მხოლოდ ქიმიური და მექანიკური კანონებით. მაგრამ იდუმალ ძალთა მომხრეებს უნდათ მცენარეში დაუშვან რაღაც უფრო მეტი და მაღალი, ვიდრე უბრალო მექანიკური მოძრაობებია, და იმოწმებენ რამდენიმე მოვლენას, რომლებიც თითქოს იმას ამტკიცებენ, რომ მათ აქვთ მგრძნობელობა და ნებისეული მოძრაობები. ასეთ მოვლენებს ეკუთვნის ზოგიერთი მცენარის მოძრაობა იმ მიმართულებით, საიდანაც მას სინათლე ეცემა. მაგალითად, ბნელ სარდაფში ხახვის ბოლქვი სინათლის მხარეს ამოიყრის, მზესუმზირა თავს მზისაკენ აბრუნებს, ბევრი ყვავილი საღამოს იხურება და დღისით იშლება და ა.შ., მაგრამ მსგავსი მოვლენები მექანიკურ ძალების სფეროს არ სცდებიან. აშკარაა, რომ მოყვანილ მაგალითებში მოქმედებს მზის სხივის უბრალო მიზიდულება, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს მცენარეულობაზე. საერთოდ, ბუნების უფრო გამოცდილი მკვლევარნი მცენარეებში არასოდეს უშვებდნენ შეგრძნებისა და ნებისეული მოძრაობის მსგავს რაიმეს.
როდესაც მცენარეებიდან ცხოველების განხილვაზე გადადიოდნენ, ბევრი ფიქრობდა, რომ ამ უკანასკნელებში მგრძნობელობა და ნებისეული მოძრაობა შედეგია რაღაც ორგანული სიცოცხლისა, ანუ იმ განსაკუთრებული ძალისა, რომელიც სულიერი არაა და მატერიის განვითარების ორგანული ფორმის შედეგია. ამის საბუთი მოიპოვება ცხოველთა სამყაროს მრავალ მოვლენაში.
ბუნებაში რომ ცხოველთა მხოლოდ მაღალი კლასები არსებობდეს, რომელთაც აქვთ ცხოველური სიცოცხლის ყველა ორგანო და ნიშნები, მაშინ არავითარი გაუგებრობები და კამათი არ წარმოიშობოდა მათი სიცოცხლის ძირითადი საწყისის შესახებ; მაგრამ ბუნებაში გვხვდება ისეთი ცხოველები, რომელთა ფორმები, ცხოვრების წესი, გამრავლების, კვების გვარობა და სხვა თვისებები, ჩანს, ეწინააღმდეგება შეგრძნებებისა და ნებისეული მოძრაობების საწყისის შესახებ ყველა ჩვენს გაგებას. მართლაც, არ შეიძლება არ დავეთანხმოთ იმ აზრს, რომ ზოგიერთი სახის ცხოველებში შენიშნულ მოვლენებს შეუძლიათ მოაზროვნე ადამიანის განცვიფრება გამოიწვიოს. ბუნებაში გვხვდება ცხოველები, რომლებზეც ძნელია თქვა, ცხოველებია ისინი თუ მცენარეები. ასეთია, მაგალითად, ზოოფიტები. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა მთავარი. ამ არსებათა ბევრი სახე მეტად უცნაურ მოვლენებს წარმოადგენს, მაგალითად, პოლიპს თუ თავს მოვაჭრით, მეორე თავი წამოეზრდება, თუ ჰიდრას რამდენიმე ნაწილად დავჭრით, ყოველი ნაწილიდან ახალი ჰიდრა წარმოიშობა. უფრო მეტიც, არსებობს პოლიპების განსაკუთრებული სახეობა, რომელიც შეიძლება მცირე ნაწილებად დავაქუცმაცოთ და თითოეული ნაწილიდან კვლავ წარმოიშობა ძველის მსგავსი ახალი ცხოველები. ბოლოს, ასეთი არსებების სიცოცხლის ახსნისას უკვე ის ქმნის უდიდეს სიძნელეს, რომ მათში ვერ მოძებნეს შეგრძნებებისა და ნებისეული მოძრაობების ვერავითარი იარაღები ანუ ორგანოები, მაშინ როცა მათ ახასიათებს მოძრაობა და თითქოს ისიც შენიშნეს, რომ შეგრძნებებიც აქვთ. სწორედ ამ მოვლენების გამო ბევრი იძულებული იყო ეფიქრა, რომ შეგრძნება და მოძრაობა შეიძლება ორგანული მატერიალური მასის კუთვნილება იყოს. ჩვენ არ შევუდგებით მსგავსი საწინააღმდეგო მოსაზრებების მნიშვნელობის უარყოფას, ასევე არ გამოვიგონებთ არავითარ ჰიპოთეზებს ჩვენს წინანდელ დებულებებთან მათი შეთანხმებისათვის, თუმცა ასეთი ცდა ძალზე გამართლებული იქნებოდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საერთოდ, ამ ცხოველთა შესახებ ძალზე ცოტა რამაა ცნობილი. მაგრამ გაბედულად და ყველა მიუკერძოებელი მოაზროვნის თანხმობაში სავსებით დარწმუნებულნი, ვიტყვით, რომ სულაც გონიერი და თანამიმდევრული არ იქნებოდა ესოდენ საიდუმლო მოვლენებზე დაგვეფუძნებია რაიმე ფსიქოლოგიური დასკვნები. სიცოცხლის ძირითადი თვისებების შესახებ შესაძლებელია ვიმსჯელოთ იმ ცხოველთა შესწავლის საფუძველზე, რომელთაც გარკვეულ განვითარებას მიაღწიეს და გამოავლინეს ყველაფერი, რაც გააჩნიათ; მაგრამ ჩვენ იმის შესაძლებლობა არა გვაქვს, რომ რაიმე ნამდვილი გავიგოთ ისეთი არსებების შესწავლისას, რომლებიც თითქოსდა ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებიან. მართლაც, შეიძლება თუ არა რაიმე მსჯელობა დავაფუძნოთ ისეთი არსებების ყოფნის წესზე, რომელთა შესახებ ჯერ კიდევ ვერ გვითქვამს, ცხოველებია ისინი თუ მცენარეები? რა თქმა უნდა - არა! სიცოცხლის ნამდვილი თვისებები იქ უნდა ვეძებოთ, სადაც იგი სრულად განვითარებულა, და არა იქ, სადაც იგი მხოლოდ ჩასახვას იწყებს. იმ განუვითარებელი ორგანიზმების შესწავლისას, რომლებიც ცხოველის მხოლოდ ჩანასახებს წარმოადგენენ, ჩვენ ბევრი შეცდომა შეიძლება მოგვივიდეს, რასაც ბუნებისმეტყველების განვითარების ისტორიაც გვიმოწმებს. ცნობილია, რომ ბევრი შეხედულება, რომელიც ადრე ჭეშმარიტად ითვლებოდა და ეწინააღმდეგებოდა მეცნიერების ძირითად დებულებებს, მაგალითად, დებულება ცხოველებისა და მცენარეების უთესლოდ ჩასახვის შესაძლებლობის შესახებ, შემდგომმა აღმოჩენებმა მთლიანად უარყვეს.
ამრიგად, ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ სიცოცხლე მხოლოდ შეგრძნებასა და ნებისეულ მოძრაობაში მდგომარეობს და არანაირად არ შეიძლება საკუთრივ მატერიის კუთვნილება იყოს. სადაც ეს ორი ნიშანია მოცემული, იქ აუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ არამატერიალური, სულიერი საწყისის არსებობა.
§24. აქვთ თუ არა ცხოველებს სული? ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ ფილოსოფოსების ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ ხშირად ისინი უარყოფდნენ ცხოველებში სულის არსებობას. ერთნი, კერძოდ, მატერიალისტები, განზრახ ცდილობდნენ იმ აზრისათვის დაეჭირათ მხარი, რომ ცხოველებს აქვთ არა სული, არამედ მხოლოდ სიცოცხლე ან სასიცოცხლო ძალა, რომელიც მგრძნობელობით დაჯილდოებული ორგანული ფორმის თვისებაა. მათი მიზანი აშკარა იყო. თუ სულის არმქონე არსებები, ამბობდნენ ისინი, მხოლოდ შეგრძნების უნარით აღწევენ საოცარ მოსაზრებულობას და გაგებას, ხშირად კი დასკვნის უნარსაც ამჟღავნებდნენ (რამდენადაც გარკვეული მოვლენებიდან დაასკვნიან სხვა მოვლენების არსგბობის შესახებ), მაშინ ადამიანს, რომელსაც შეგრძნების ამ ძალის გარდა მეტყველების უნარი აქვს, არავითარი რაღაც არამატერიალური სული არ ესაჭიროება. მაგრამ აშკარაა, რომ მათი არსებითი შეცდომა იმ აზრში მდგომარეობდა, რომ მატერიას შეიძლება ჰქონდეს შეგრძნება. მეორენი, პირიქით, ცხოველებს არ მიაწერდნენ სულს იმის შიშით, რომ ადამიანი არ დაემცირებინათ. მაგრამ ეს მსჯელობაც და დაშვებაც მცდარია. მართლაც, რატომ იქნება დამცირებული ადამიანი, თუ დავუშვებთ, რომ ცხოველებს აქვთ სული?
თუ მატერიალურ სამყაროში ჩვენ ვხედავთ საგნებს, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სრულყოფილების მიხედვით, მაგალითად, ქვასა და ბრილიანტს, მაშინ უფრო ბუნებრივი იქნებოდა გვევარაუდებინა, რომ სულიერ სფეროში ხარისხთა მეტი განსხვავებებია.
სული, როგორც არსება, რომელსაც აქვს სრულყოფის უნარი, შეიძლება ფლობდეს ათასჯერ მეტ ხარისხს თავისი არსისა და სრულყოფილების მიხედვით, ვიდრე მატერია. ცხოველების სული იმდენად მდაბალია ადამიანის სულზე, რამდენადაც მარტივი, უბრალო ქვა არის ბრილიანტზე მდაბალი. თუ ადამიანისათვის დამამცირებელ რაიმედ მიაჩნდათ იმის დაშვება, რომ ცხოველებს აქვთ სული, მაშინ გასაკვირია, რატომ იმის მტკიცებაც არ დაიწყეს, რომ ცხოველებს არა აქვთ სმენა, არა აქვთ მხედველობა, არაფერი გაეგებათ, არა აქვო მეხსიერება, მინდობა, ერთგულება და ა.შ., რადგანაც ყველა ასეთ შემთხვევაში ისინი კიდევ უფრო ჰგვანან ადამიანებს. არა! ადამიანის განსხვავება და ღირსება იმაში კი არაა, რომ მან მეტი იცის, ვიდრე ცხოველმა, ან რომ მას არამატერიალური სული აქვს, ცხოველებს კი იგი არა აქვთ. ადამიანის უდიდესი უპირატესობა, რაც მას მაღალ, ფასდაუდებელ არსებად ხდის, ესაა მისი რწმენა, ზიარება სამყაროს შემოქმედთან. ღმერთი მხოლოდ ადამიანს გამოეცხადა, და არა მარტო გამოეცხადა, მან იგი თავის თავს აზიარა. აი, რით დგას ადამიანი მთელ სამყაროზე მაღლა!
§25. შეგრძნებები არ უნდა ავურიოთ გულის გრძნობებში. აქ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ „ფსიქოლოგიაში“ შეგრძნების უნარს, ანუ ხედვის, მოსმენის, შეხების და სხვა უნარებს თითქმის ყოველთვის ურევდნენ ეგრეთწოდებულ გულის გრძნობებში ანუ ისეთ სულიერ მდგომარეობებში, როგორიცაა დარდი, სიხარული, სიამოვნება, მოწყენილობა და სხვ. მაგრამ აშკარაა, რომ მოვლენათა ეს ორი რიგი სრულიად სხვადასხვაა. პირველნი წარმოდგენებისა და ცოდნის ჩანასახს წარმოადგენენ, ისინი ნათელი და გარკვეული არიან უკიდურეს შესაძლებლობამდე: რა შეიძლება, მაგალითად, უფრო ნათელი იყოს, ვიდრე სინათლის, ფიგურის, სიდიდის და სხვა ამგვარი შეგრძნებაა? ამის საპირისპიროდ, სულიერი მდგომარეობები ანუ სიამოვნებისა და უსიამოვნების გრძნობები, ჩვეულებრივ, ბნელი და გაურკვეველი არიან.
§26. პირველი თავის დასკვნა. ვამედოვნებთ, ამ თავში მოტანილი საბუთები საკმარისია ყველა მიუკრეძოებელი ადამიანის დასარწმუნებლად იმ ჭეშმარიტებაში, რომ ჩვენ შეგრძნებები სულიერი სამყაროს მოვლენებია, რომ დანახვა, მოსმენა, სუნის, გემოს, ტკივილის, სიცივის და სითბოს შეგრძნება შეუძლია მხოლოდ სულის მქონე, არამატერიალურ არსებას; რომ, მაშასადამე, ადამიანში არის რაღაც მისი ორგანიზმისაგან სრულიად განსხვავებული, და, მაშასადამე, მას აქვს სული, რომელიც არამატერიალურია, გონისეულია. თუ კი მარტო შეგრძნების უნარი საკმარისად გვარწმუნებს სულის არანივთიერულობაში, რაღა უნდა ვთქვათ განსჯის, დასკვნის, თავისუფლების უნარებზე და სხვ. ეს უმაღლესი უნარები კიდევ უფრო უდავოდ გვარწმუნებენ ზემოთქმულის სისწორეში, მაგრამ არავითარი საჭიროება არ არის მივმართოთ მათ; საკმარისია იმის დამტკიცება, რომ შეგრძნება შეუძლია მხოლოდ სულიერ საწყისს. აქედანვე ჩანს ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია ფსიქოლოგისათვის, დაამტკიცოს შეგრძნების შეუძლებლობა სულიერი სამყაროს გარეთ. მაგრამ ეს აუცილებლობა ყველაზე უკეთ შეიძლება დავინახოთ. მე-18 საუკუნის მატერიალიზმის წარმოშობის ისტორიიდან და იმ საფუძვლებიდან, რომელსაც ეს აუცილებლობა მუდამ ემყარება. ვინც იცნობს ვოლტერის, დიდროს, ბელვეციუსის, დალამბერის და სხვა ფილოსოფოსთა შეხედულებებს, მას შეეძლო ადვილად დარწმუნებულიყო, რა გზით მივიდნენ ისინი თავის მცდარ მტკიცებებამდე და ჩვეულებრივ რით იცავდნენ მათ. ფიზიოლოგიისა და ქიმიის არასაკმარისი განვითარების გამო, იმ დროს არსებობდა აზრი, რომ შეგრძნების უნარი მიეწერება ორგანიზმს, რომ ტვინი არის ერთადერთი არსება, რომელიც ისმენს, ხედავს, გრძნობს შეხებას და ა.შ. აქედან საკმარისი იყო მხოლოდ ერთი ნაბიჯი, რომ მისულიყვნენ რწმენამდე ტვინი განსჯასაც და დასკვნებსაც თვითონ აწარმოებსო; ეს იმიტომ, რომ აშკარაა, ვინც ჩვენში ხედავს, დანახულის შესახებ თვითონვე ბჭობს. ზუსტად ამასვე იმეორებენ თანამედროვე მატერიალისტებიც. ვინც მატერიალიზმით დასნებოვნებულ ადამიანებს შეხვედრია, მას ადვილად შეუძლია შეამჩნიოს, რომ მათი ერთადერთი საყრდენი პუნქტი ის აზრია, თითქოს შეგრძნების უნარი ორგანიზმს ჰქონდეს. თუ ასეთ ადამიანებს დავუმტკიცებთ ფიზიოლოგიის ნიადაგზე, რომ ორგანიზმს არა აქვს შეგრძნების უნარი, ეს იგივე იქნებოდა, რაც მათი დამარცხება მათივე საკუთარი ირაღით.