§49. თავის შინაარსი. სულის უნართა ანალიზი გადმოცემის შემდეგ შევეცადოთ გავიგოთ მათი მოქმედება, ანუ ის თუ მათი საშუალებით როგორ იძენს ადამიანი ყოველგვარ ცოდნას. წინა თავში ჩვენ განზრახ შემოვიფარგლეთ სულის უნართა ცნების მხოლოდ მოკლე გადმოცემით, რათა ყველას ადვილად დაენახა მათი განვითარების თანდათანობა და მათი კავშირი. თუ ყოველი უნარის შემდეგ დაწვრილებით გადმოვცემდით მის მოქმედებას, ადვილად შეიძლებოდა მხედველობიდან გაგვეშვა მათი ურთიერთმიმართებები.
§50. შეგრძნებათა უფრო დეტალური ანალიზი. სანამ იმას გამოვიკვლევდეთ, თუ რას გვასწავლიან შეგრძენებები, მივმართოთ მათ უკანასკნელ და უფრო დეტალურ ანალიზს.
იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ გრძნობათა მოქმედება, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ყოველი შეგრძნება სამი რაიმესგანაა აგებული. ესენია: 1. ფიზიკური მოვლენა ანუ მათი გამომწვევი გარეგანი მიზეზი; 2. ფიზიკური შთაბეჭდილება ანუ ცვლილება, რომელიც სხეულის ორგანოში ხდება, და 3. თვითონ შეგრძნება.
1. ჩვენი შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების ფიზიკურ მიზეზებს წარმოადგენენ ჩვენს გარეთ არსებული ის მოვლენები, რომელთაც ძალა შესწევთ გამოიწვიონ ჩვენს ორგანოებში გარკვეული ცვლილებები - შთაბეჭდილებები. ასეთი მოვლენები აურაცხელი რაოდენობისაა, მაგრამ ისინი რამდენიმე ჯგუფად იყოფა იმ ორგანოების მიხედვით, რომლებზედაც ახდენენ ზემოქმედებას. მოვლენათა ყველაზე დიდი ჯგუფი მოქმედებს მხედველობის ორგანოზე. მათ განეკუთვნებიან საგანთა ფერი, ფიგურა, სიდიდე, მანძილი, მათი ურთიერთმიმართება და სხვ. მოვლენათა რამდენადმე უფრო მცირე ჯგუფი ზემოქმედებს შეხების ორგანოზე, უფრო ნაკლები - ყნოსვასა და გემოზე, ხოლო ყველაზე მცირე - სმენაზე, რომელსაც შეუძლია შეაფასოს მხოლოდ ბგერათა თვისებები და მათი მანძილები. მაგრამ საინტერესოა, რომ ყველა ეს მოვლენა ჩვენს ორგანოებზე ერთი და იმავე გზით მოქმედებს, სახელდობრ მექანიკური შეხების ან დაჯახების გზით, რის გამოც ვიღაცას მახვილგონივრულად შეუნიშნავს - ყველა გრძნობა სახეშეცვლილი შეხების შეგრძნებააო. და მართლაც: მხედველობისას სინათლის სხივები თვალზე უშუალო შეხების გზით მოქმედებენ; სმენის შემთხვევაში ტალღისებურად მოძრავი ჰაერი აღიზიანებს ყურს. სუნის შეგრნებისას სუნიან სხეულთა ნაწილაკები ეხებიან ცხვირის აპკს; გემოსა და შეხების შემთხვევაში კი თავისთავად ცხადია მექანიკური შეხების მექანიზმი.
2. უფრო ძნელია ყველა ნაწილში განვსაზღვროთ გრძნობის ორგანოების ცვლილებები ანუ ფიზიოლოგიური შთაბეჭდილებები, ე.ი. შეიძლება გავიგოთ რა ხდება ორგანოების ყველაზე გარეგან ნაწილებში, მაგრამ მეტად ძნელია ამის შემდეგ მივადევნოთ თვალი შთაბეჭდილებას. მხედველობის ორგანოში აიგება საგნის ფიზიკური გამოსახულება; სმენის ორგანო შეირხევა, ანუ რხევით მოძრაობაში მოდის; გარკვეული სახით ღიზიანდებიან ცხვირისა და ენის აპკები. მაგრამ რა ხდება ამის შემდეგ მხედველობის, სმენის, შეხების, ყნოსვის და სხვა ნერვებში? რა გზით გადააქვთ მათ შთაბეჭდილება ტვინში? ფიზიოლოგია პასუხობს, რომ ეს ხდება რაღაც ნერვული საწყისის თუ ნერვული სითხის წრეობრივი მოძრაობის გზით.
კიდევ უფრო ძნელია გავიგოთ, თუ როგორი ფორმით აისახება ტვინში ეს შთაბეჭდილებები, ანდა, სხვანაირად რომ ვთქვათ, რა ხდება მათი მეშვეობით ტვინში. ალბათ აქ კვლავ ვხვდებით რაღაც მექანიკურ გაღიზიანებებს, ანდა, იქნებ, ტვინის რბილი ნივთიერების გარკვეულ ქიმიურ ცვლილებებს, ალბათ განსხვავებულებს, განსხვავებული ნერვების ზეგავლენით წარმოშობილთ.
ბოლოს, მესამე. ყველა ამ ფიზიკური მიზეზის შედეგი არის ხოლმე შეგრძნება, ე.ი. მხედველობა, სმენა, სუნი, გემო, ტკივილი, სიცხე, სიცივე და სხვ. პირველ თავში უკვე დამტკიცდა, რომ თავად ეს შეგრძნებები სულიერი მოვლენებია.
§51. თვითონ მოვლენებთან ჩვენი შეგრძნებების მიმართების შესახებ. გრძნობების ანალიზიდან, რომელიც წარმოდგენილი იყო პირველ თავში, ჩვენ ნაწილობრივ ისიც ვნახეთ, თუ რა დამოკიდებულებაა ჩვენს შეგრძნებებსა და თვითონ ბუნების საგანთა და მოვლენათა ყოფიერებას შორის. მხედველობა შედგება ფერების, ფიგურების, სიდიდეების, მანძილებისა და სხვა შეგრძნებებისაგან, ყველა ამ შეგრძნებას, ცხადია, თავისი მიზეზი აქვთ მათ შესატყვის მოვლენებში, მაგრამ ფერის შეგრძნება არ ჰგავს მის წარმომქმნელ ფიზიკურ მიზეზს. სინათლე, როგორც ჩვენი შეგრძნება, არა ჰგავს იმ ფიზიკურ მოვლენას, რომელმაც იგი წარმოშვა ჩვენში. ჩვენში ამ შეგრძნების წარმომქმნელი გარეშე მიზეზი ნამდვილად არსებობს ბუნებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გვეფიქრა, რომ სინათლის შეგრძნებას ჩვენ თვითონ აღვძრავთ ჩვენში; მაგრამ ეს მიზეზი განსხვავდება თვითონ შეგრძნებისაგან. ხოლო საგანთა ყველა სხვა თვისება, რომელთაც ჩვენ მხედველობის გზით ვიღებთ, როგორიცაა ფიგურა, სიდიდე, მანძილი, უდავოდ, ბუნებაშიც ისეთივენი არიან, როგორიც ჩვენს შეგრძნებაში. სხეულებს, რა თქმა უნდა, აქვთ დამასრულებელი ხაზები და შემოწერილობანი, როძელთაც ჩვენ ფიგურებს ვეძახით, მათ ასევე აქვთ შეფარდებითი სიდიდე და მანძილი და ა.შ.
სმენის დამოკიდებულება ფიზიკურ მოვლენებთან სავსებით მსგავსია მათთან მხედველობის დამოკიდებულებისა. აქ ფიზიკური მიზეზი - ჰაერის ტალღისებური მოძრაობა - და ბგერების მოძრაობა ორი განსხვავებული საგანია, მაგრამ, ვიმეორებ, ბგერების მიზეზი მაინც რეალურა მოვლენაა, იგი შესასწავლადია, მისი კანონები სწორად და მკაფიოდაა განსაზღვრული.
სუნი, როგორც ჩვენი შეგრძნება. განსხვავდება მისი ფიზიკრი მიზეზისაგან, რადგან სუნი ჩვენი და სუბიექტური მოვლენაა, მისი მიზეზი კი - უმცირესი ნაწილაკებია, რომელთაც უნარი აქვთ გამოიწვიონ ის გაღიზიანება, რომელიც ჩვენში აღძრავს სუნის შეგრძნებას.
გემოც ჩვენი შეგრძნებაა, რომლის მიზეზი ზოგიერთი საგნის გარკვეული მდგომარეობაა. შეხება, თუ სითბოსა და სიცივეს არ მივაკუთვნებთ მას, გვიჩვენებს საგნებს სრულიად ისეთებად, როგორიც არიან ისინი სინამდვილეში. როცა მე ხელით შევიგრძნებ სხეულთა სიმკვრივეს ან მათ ფიგურას, აქ შეუძლებელია რაიმე განსხვავება იყოს მოვლენასა და მას შეგრძნებას შორის. სწორედ ამის გამო ამბობენ, რომ მხოლოდ შეხება გვაწვდის ჩვენ შეუცდომელ ცნობებს საგანთა ყოფიერების შესახებ, სხვა გრძნობათა შთაბეჭდილებები კი ყოველთვის მოითხოვს განსჯის მიერ შემოწმებასა და ანალიზს.
§52. შეგრძნებების ასეთი ახსნის საწინააღმდეგო აზრები. მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ შეგრძნებათა ასეთი ახსნა სწორი არ არის.
ნოვიცკის „ფსიქოლოგიაში“ წამოყენებულია ოთხი მთავარი ნაკლი შეგრძნებების ახსნისა, რომელიც ჩვენს მიერაა შემოთავაზებული.
1 . გრძნობადი დაკვირვების, როგორც შინაგანი პროცესის ცნებას უარყოფს ის, რომ თავისი არსებობისათვის იგი უნდა გულისხმობდეს გარეგანი სინამდვილის სრულიად სხვა უშუალო დაკვირვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მოაზრებადი, გრძნობადი შთაბეჭდილებისათვის თვალი მიგვედევნებინა გარეგანი საგნებიდან, გარემოს გავლით, გრძნობის ორგანომდე და ორგანოდან, ნერვების გავლით, ვიდრე სულამდე, რადგანაც სულში შემოსული ყოველი შთაბეჭდილება იქნებოდა უბრალო წარმოდგენა საგნის შესახებ და არა ჩვენში მყოფი საგანი თვითთნ. ამრიგად, გრძნობადი დაკვირვების პროცესის ძველი თეორია, როცა იგი თავის თავის განსაზღვრას ეცდება, თვითონვე გადის იმ წარმოდგენათა სფეროდან, რომლებითაც იგი ცდილობდა შემოეფარგლა დაკვირვება.
ამ საწინააღმდეგო აზრის მთელი უსაფუძვლობის საჩვენებლად საკმარისია ითქვას, როს იგი უარყოფს ორგანოებზე საგანთა მიერ გამოწვეულ შეგრძნებათა ნამდვილობას, მაშასადამე, უარყოფს მზეზე უფრო ნათელ ფაქტს, ფაქტს, რომელიც დამტკიცებულია ცდით, მეცნიერებებით და ჩვენი საკუთარი დაკვირვებით. ასეთი ფაქტის უარყოფა ნიშნავს საღი აზრის წინააღმდეგ წასვლას, ყოველ ცდასა და ზუსტ მეცნიერებასთან დაპირისპირებას. სწორედ ამგვარი მტკიცებების, დადებით მეცნიერებებთან ამგვარი წინააღმდეგობების გამო დაჰკარგა ფილოსოფიამ პატივისცემა ბევრი ადამიანის თვალში. თუ ფსიქოლოგიას არ უნდა იყოს ოცნებებზე დამყარებული მეცნიერება, მან თავისი დასკვნების ამოსავლად უნდა მიიღოს ფაქტები და არა უარყოს ისინი.
გარდა ამისა, სამართლიანი არ არის შენიშვნა, რომ შეუძლებელია თვალი მივადევნოთ გრძნობად შთაბეჭდილებებს მარტო შეგრძნებების საშუალებით. ღმერთმა იმიტომ მოგვანიჭა განსჯის უნარი, რომ ჩვენ ვიაზროვნოთ, შევისწავლოთ, მივაგნოთ და გავიგოთ მოვლენათა მიზეზი და არსი. და განაზრებებმა სწორად მიიყვანა ადამიანები იმის გაგებამდე, თუ როგორ წარმოიშობიან შთაბეჭდილებები გარეგანი მოვლენებიდან და როგორ აღძრავენ ჩვენში შეგრძნებებს.
მეორე საწინააღმდეგო აზრი გამოთქმულია სიტყვებით: „გაუგებარია, როგორ შედიან გრძნობადი შთაბეჭდილებანი სულში ნერვების გავლით“. მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ როგორაა, რომ ზოგიერთი ნერვის გაღიზიანება სულში მხედველობის შეგრძნებას იწვევს, სმენისა კი - სმენის, ტკივილის, სუნის და სხვა შეგრძნებებს, მაგრამ ეს საიდუმლო სულისა და სხეულის გაერთიანების საიდუმლოებაში მდგომარეობს. ეს ყოფიერების ერთ-ერთი გადაუჭრელი საიდუმლოებაა. მაგრამ თუ რომელიმე ფაქტი გაუგებარია, განა ეს ნიშნავს იმას, რომ იგი არც არსებობს? არის ათასი ისეთი მოვლენა, რომელიც ნამდვილად არსებულია, მაგრამ გაუგებარია. და თუ ზემოხსენებულ „ფსიქოლოგიაში“ შემოთავაზებული თეორია აგვიხსნიდა ამ საიდუმლოს, მაშინ შეიძლებოდა თამამად დავთანხმებოდით მას.
მესამე საწინააღმდეგო აზრი შემდეგია. „გაუგებარია, როგორ განაგებს სული მის მიერ მიღებულ შთაბეჭდილებებს“. ავტორი გვიხსნის ამ აზრს და ამბობს, რომ ნერვების გაღიზიანებები უსასრულოდ მრავალგვარი უნდა იყოს, მაგრამ როგორ არჩევს სული, რომელი შეგრძნებები რომელ გამღიზიანებელთაგან მოდის? როგორ შეუძლია მას იცნოს, რომელი შთაბეჭდილება არის ფიგურა, რომელი - გემთ, სუნი და ა.შ.? საიდან იცის მან, რომ გარკვეული შთაბეჭდილება არის ქალაქი, ცხენი და სხვ.; შემდეგ, როგორ შეუძლია სულს გარკვეული შთაბეჭდილებები თვალს მიაწეროს, სხვები - ყურს და ა.შ.? მაგრამ ეს საწინააღმდეგო აზრი მეტად სუსტია. სულისათვის არავითარ სიძნელეს და მით უმეტეს, შეუძლებელს არ წარმოადგენს გაარჩიოს შეგრძნებები, როცა ისინი თავისთავად ესოდენ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. როცა მე თვალები გახელილი მაქვს, ვიღებ გარკვეულ შთაბეჭდილებებს, ხოლო როცა მათ დავხუჭავ, შთაბეჭდილებები გაქრებიან; როცა ყურებს დავიცობ, აღარა მაქვს შეგრძნებები, რომელთაც ბგერებს ვუწოდებთ; როცა მე ჩემს წინ ვხედავ საგანს, რომელსაც სახლს ვუწოდებ, საკმარისია მზერა სხვაგან გადავიტანო, რომ სახლი გაქრება ჩემთვის და სხვა შეგრძნება დაიჭერს მის ადგილს. ერთი სიტყვით, ბუნება და ცდა ადვილად გვასწავლის, განვასხვავოთ სხვადასხვა შთაბეჭდილებები და შეგრძნებები და მივაკუთვნოთ ისინი გარკვეულ საგნებს, ამიტომ უცნაურია იმის კითხვა, საიდან ვიცით, რომ ერთი გარკვეული შთაბეჭდილება სახლია, მეორე კი - ცხენი. ჩანს სახლისა და ცხენის შთაბეჭდილებები ერთმანეთისგან დიდად განსხვავდებიან, რის გამოც მათი განსხვავებაც ძნელი არ არის.
ბოლოს, როგორც ყველა ამ საწინააღმდეგო აზრის შედეგი, ავტორს გამოყავს, ცდის ყველა მოწინააღმდეგესთან ერთად, ის აზრი, რომ თუ ცდაში მოცემული საგნები მხოლოდ გრძნობადი წარმოდგენებია, მაშინ ჩვენ არ გვეცოდინება საგნები მათს რეალობაში და იდეალიზმამდე მივალთ.
მაგრამ, წინა პარაგრაფში ჩვენ ვნახეთ, რომ, ჯერ ერთი, ჩვენი შეხების გრძნობა გვიჩვენებს საგნებს ისე, როგორც ისინი არიან სინამდვილეში, რადგან სიმკვრივე, განფენილობა და სხვა ამგვარნი შეგრძნებებშიც ისეთივენი არიან, როგორც სინამდვილეში. მეორე, ჩვენი თვალებიც საგანთა ფიგურას, სიდიდეს, მანძილს და მდებარეობას სრულიად ამის მსგავსად წარმოგვიდგენენ, როგორც სინამდვილეშია. და მესამე, ჩვენს სხვა შეგრძნებებსაც, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, იწვევენ რეალური მოვლენები, რადგანაც გარკვეული მიზეზები რომ არ არსებულიყო, ჩვენ არ გვექნებოდა ბგერის შეგრძნებები, რომ არ ყოფილიყო ატომები, რომელთაც შეუძლათ სულის გრძნობის აღძვრა, არ გვექნებოდა სულის შეგრძნებები. ერთი სიტყვით, ყველა ჩვენი შეგრძნება საუკეთესო საშუალება საგნის ნამდვილი თვისებების შესასწავლად. ფიზიკის ორი უმნაშვნელოვანესი ნაწილი, ოპტიკა და აკუსტიკა, თავის განვათარებას მხედველობასა და სმენას უნდა უმადლოდეს.
§53. გრძნობადი დაკვირვებისა და განხალვის ახალი თეორია. ვნახოთ ახლა, როგორი თეორიით უნდოდათ შეეცვალათ შეგრძნებების ის ახსნა, რომელიც ემყარება ცდას და ცდისეულ დაკვირვებებს.
ამ თეორიას ეწოდება ცნობიერების გასვლა. „სხეულები და მათი პროცესები იმის გამო ექვემდებარებიან ცნობიერებას, რომ სული გადის მათკენ და მათთან უშუალო შეხებაში მოდის“.
ამ სიტყვების გასამარტავად ნათქვამია, რომ ნერვული სისტემა არის არა გრძნობადი შთაბეჭდილებებას გამტარი, არამედ ცნობიერების გამტარი მისი ცენტრიდან საგნებისაკენ; რომ სული ცოცხლობს ყველგან ნერვულ სისტემაში, აღიქვამს შთაბეჭდილებებს ადგილზე; რომ „სულს ისიც კი შეუძლია, გავიდეს ნერვული სისტემიდან, თუმცა ამ დროს არ ტოვებს მას, და იმოძრაოს ნაწილობრივ სხეულთა მოქმედებებში, სახელდობრ, ფერისა და ბგერის პროცესებში, ნაწალობრივ კი თვითონ სხეულებს მიაღწიოს; რომ მგრძნობიარე ნერვებში ცნობიერება სხვადასხვა სახით, სხვადასხვა თავისუფლებით და სიწმინდით მოძრაობს და ა.შ.“
ამ თეორიის უდიდესი ნაკლი, ჯერ ერთი, ისაა, რომ იგი არის თეორია, რომელიც ისეთი მოვლენის ასახსნელადაა გამოგონებული. რომელიც თავისთავადაა გასაგები. როდესაც ჩვენ იმის ანალიზს ვახდენდით, თუ როგორ ხედავს, ისმენს და შეიგრძნებს ადამიანი თეორია კი არ გამოგვიგონებია, არამედ თვითონ ადამიანს ვსწავლობდით, მივმართავდით ფიზიკასა და ფიზიოლოგიას. მაგრამ განა სასაცილო არაა, მეტსაც ვიტყოდი, განა მეცნიერებისა და საღი აზრის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული არაა, როცა თეორიას იგონებენ იქ, სადაც იგი არა მარტო საჭირო არაა, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც ცდას! ეს იგივეა ფიზიკას რომ სინათლის მოძრაობის და მოქმედებებას კანონების ასახსნელად აეგო თეორია იმის ნაცვლად, რომ ჩაეტარებინა ცდები. ამრიგად, ჩვენ მიერ განხილული ეს თეორია მეტად გონებამახვილურიც რომ იყოს, მაშინაც სასარგებლო აქნებოდა.
მეორე, ფიზიოლოგიამ ნათლად დაამტკიცა, რომ ორგანოების ყველა შთაბეჭდილება გადაეცემა ტვინს, იქიდან კი სულს. ეს, ვამბობ, უდავო ფიზიოლოგიური ფაქტია. აქ კი, პირიქით, იმას ამტკიცებენ, რომ სული გამოდის ტვინიდან და შეხებაში მოდის საგნებთან. მაგრამ ნუთუ მხედველობის ნერვის გადაჭრა ხელს უშლის სულს გამოვიდეს ტვინიდან და შეხებაში მოვიდეს სხეულთან? თანაც რა საჭირო იყო თვალი ასე შესადაგებოდა სინათლის კანონებს, ყური კი - ბგერების კანონებს, თუ სული მათგან მხოლოდ უნდა გამოვიდეს? ფიზიოლოგიას ათასობით საბუთი მოჰყავს იმის ნათელსაყოფად, რომ თვალის ნერვის გაღიზიანების გარეშე, ფიზიკური მიზეზის მიერ მასში აღძრული შთაბეჭდილების გარეშე არ არსებთბს სინათლის შეგრძნება. - აი, ერთი მარტივი ცდა, რომელიც ყოველთვის შეუძლია ჩაატაროს ყველამ. დახუჭეთ თვალი და თითი ისე დააჭირეთ ქუთუთოს, რომ თვალის კაკალი უკან დაიწიოს: თქვენ დაინახავთ თუ შეიგრძნებთ წრეს - ბნელ ცენტრს, რომელსაც გარს აკრავს ცისარტყელას რამდენიმე ფერისაგან შემდგარი ნათელი რგოლი, განსაკუთრებით მკაფიოდ იბრწყინებს მასში ყვითელი ფერი. ვიკითხოთ, საიდან წარმოსდგა ეს შეგრძნება და სად გავიდა სული მის მისაღებად? ცხადია, რომ აქ შეგრძნება წარმოქმნა მხოლოდ მხედველობის ნერვის გაღიზიანებამ და სულმა შეიგრძნო ეს გაღიზიანება ისე, რომ არსად გასულა. ასეთივეა ის ცდაც, რომელზეც ჩვენ პირველ თავში ვლაპარაკობდით, სახელდობრ: თუ მთავარი გრძნობების ხუთი ნერვიდან თითოეულში გავატარებთ გალვანურ დენს, ადამიანი მიიღებს თითოეული ორგანოს შესატყვის შეგრძნებებს.
რამდენი სასაცილო რამაა ამ თეორიაში! მისგან, მაგალითად, გამომდინარეობს, რომ, თუ ჰერშელმა თავისი გიგანტური ტელესკოპით ცაში ნისლოვანი ლაქები დაინახა, ეს იმის გამო მოხდა, რომ მისი სული ტელესკოპის გავლით შეხებაში მოვიდა მათთან. დიდებული დოღი გაუმართავს ჰერშელის სულს!
მესამე. ნათქვამია, რომ ნერვული სისტემა მოწყობილია არა იმისათვის, რომ გრძნობადი შთაბეჭდილებები მიიღოს, არამედ იმისათვის, რომ მისი საშუალებით გაიაროს ცნობიერებამ, რომ სული შთაბეჭდილებებს აღიქვამს ნერვების გაღიზიანების ადგილას და სხვ. ყოველივე ეს კიდევ უფრო ეწინააღმდეგება ცდას, ფიზიოლოგიასა და ფიზიკას. კვლავ ვიმეორებ და მუდამ გავიმეორებ, რომ თუ ფსიქოლოგია ასე აშკარად მოვა წინააღმდეგობაში დასაბუთებულ ფაქტებთან, იგი დაკარგავს ზუსტი აზროვნების მქონეთა უკანასკნელ ნდობას. ფაქტებისა და ცდებისაგან ეს გადახრა იყო მიზეზი ფილოსოფიის დაცემისა, მიზეზი მის მიმართ საზოგადოების გაცივებისა და უპატივცემულობისა, ასეთი გრძნობები კი მეტად საზიანოა აზროვნების წარმატებისათვის. განა უკეთესი არ იქნებოდა იმის ნაცვლად, რომ წინააღმდეგობაში მოვიდეთ ცდსეულ მეცნიერებებთან, გამოგვეყენებინა ისინი სულის თვისებათა გამოკვლევისა და ახსნისათვის!
§54. რას იძენს ადამიანი შეგრძნების საშუალებით? იმის შემდეგ, რაც ვაჩვენეთ, როგორ მოქმედებენ ჩვენი შეგრძნებები, გადავიდეთ იმის გადმოცემაზე, თუ რა ცოდნით გვამდიდრებენ ისინი. რადგან ყველა ჩვენს ცოდნას, ყოველივეს, რაც კი სულში არის, მოვიპოვებთ ზემოაღწერილი უნარების საშუალებით, ხოლო სულის უნართა შორის ყველაზე ადრე თავს იჩენს შეგრძნება, რომელიც, ამასთან, დანარჩენის საფუძველია; ამიტომ პირველ ცოდნას, ანუ უფრო სწორად თუ ვიტყვით, მომავალ შემეცნებათა პირველ ჩანასახებს ჩვენ შეგრძნებების მეშვეობით ვიპოვებთ. მაგრამ, იმას, რასაც ჩვენი გრძნობების გზით ვიპოვებთ, სხვადასხვა ფსიქოლოგები სხვადასხვა სახელს უწოდებენ. ზოგიერთი მათგანი ყოველივეს, რასაც ჩვენ გრძნობებით მოვიპოვებთ, იდეებს უწოდებს, ზოგი კი - წარმოდგენებს, ზოგიერთი - ცნებებსაც კი უწოდებს, თუმცა ეს უკანასკნელი სახელწოდება სწორი არაა, ჩვენ პირველ ორ სახელწოდებას ვიხმართ. ამასთან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი შეგრძნებები მხოლოდ მაშინ წარმოადგენენ შემეცნების მასალას, როცა ყურადღება უკვე საკმარისად განმტკიცდა, რადგან მხოლოდ ყურადღების მეშვეობით ახერხებენ ადამიანები შეამჩნიონ და ერთმანეთს შეადარონ თავისი შეგრძნებები და, მაშასადამე, ცოდნად აქციონ ისინი.
§55. რას ვიგებთ შეხების საშუალებით? ჩვენი პირველი და მთავარი გრძნობა არის შეხების გრძნობა. უმარტივესი წარმოდგენები, რომელთაც ჩვენ შეხების გზით მოვიპოვებთ, შემდეგია: 1. წარმოდგენა ნივთის განფენილობისა, ანუ მისი შეუვალობისა, შემდეგ კი წარმოდგენა სივრცისა; 2. სხეულთა მეტი თუ ნაკლები სიმკვრივის წარმოდგენა; 3. სხვადასხვა ტემპერატურის წარმოდგენა. ამ წარმოდგენებიდან ვითარდვბა მრავალი სხვა წარმოდგენა, რომელთაც შეიძლება წარმოებული ვუწოდოთ. საგანზე ყოველი შეხებისას ჩვენ შევიგრძნებთ მისი ზედაპირის ერთ-ერთ მხარეს. როცა გავითვალისწინებთ საგნის შემომსაზღვრელ ყველა მხარეს და შევადარებთ მათ მდებარეობას ურთიერთის მიმართ, ჩვენ წარმოვიდგენთ ამა თუ იმ სხეულის ფორმას 4. როდესაც ჩვენ ერთ სხეულს მეორისგან განვასხვავებთ, ამით ვადგენთ რიცხვის ან რაოდენობის ცნებას (5). თუ ერთი სხეულის ფორმას ან განფენილობას მეორე სხეულისას შევადარებთ, ჩვენ ვამჩნევთ, რომ ისინი ერთმანეთის ტოლები არიან, ან არ არიან (6). აქედან მომდინარეობს შედარებითი სიდიდის ცნება. ამგვარადვე ვიგებთ ადგილთა და მანძილთა სხვადასხვა სიდიდეს. ფორმებსა და მანძილებს თავდაპირველად მხედველობით კი არ ვწვდებით, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, არამედ შეხების გზით, როგორც დაამტკიცა ცდებმა ბრმა ადამიანებზე, რომელთაც დაუბრუნდათ მხედველობა. როდესაც საგნის მხარეებს შეხებით ვსწავლობთ და არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით, ერთიმეორის შემდეგ, ასევე ვამჩნევთ, რომ საგანი ყოველთვის ერთნაირი მანძილით არაა დაცილებული ჩვენგან და ჩვენ ვნახულობთ ყოფიერების ახალ ნიშანს - მოძრაობას. საგანი თავის მდებარეობას იცვლის მეტი ან ნაკლება სიჩქარათ; მოძრაობის ერთნაირი სიჩქარისას სხვადასხვა მანძილებზე გადასვლა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს; აქედან - წარმოდგენა მოძრაობის ხანგრძლივობის შესახებ, - დროზე. სიმაგრის (8), სიმკვრივის (9) და სიმძიმის (10) წარმოდგენებს მოვიპოვებთ იმ წინააღმდეგობების მეტი ან ნაკლები ხარისხების შედარების გზით, რომელთაც აწყდება შეხების ორგანო. ამრიგად მარტო ამ გრძნობას მქონე ადამიანიც, ის ადამიანიც კი, რომელაც ბუნებამ უბედური გააჩინა და მხედველობა და სმენა არ მისცა, პოულობს შემეცნებისა და ტკბობის უსაზღვრო წყაროს. ამ მხრივ მეტად ამაღევებელი და საყურადღებოა ცნობილი ინგლისელი ლიტერატორის, დიკენსის თხზულება „ამერიკაში მოგზაურობიდან“ ერთი უბედური ქალიშვილის შესახებ, რომელიც მოკლებული იყო მხედველობას, სმენას და მეტყველების უნარს. ერთმა კეთილმა ექიმმა ის იმდენად აღზარდა, რომ ბევრი განყენებული საგნის ცნებაც კი შეათვასებინა.
§56. წინა პარაგრაფიდან გამომდინარე შედეგები. თუ ადამიანს, რომელსაც აკლია ორი უმნიშვნელოვანესი და უკეთილშობილესი გრძნობის ორგანო - მხედველობა და სმენა, რომელთა არქონება მით ოფრო მნიშვნელოვანია, რომ ყრუ ადამიანი მუნჯიცაა და, მაშასადამე, მოკლებულია თავისი სულის წარმოქმნის უდიდეს საშუალებას, თუ ასეთ ადამიანს შეუძლია ისეთი განყენებული იდეების გაგებამდე ამაღლდეს, როგორიცაა იდეები სივრცისა და დროის შესახებ, ყოფიერების შესახებ, განსაკუთრებით ადამანის დამოკიდებულების შესახებ ღმერთთან და მშობლებთან, მაშინ აქედან ფსიქოლოგს შეუძლია და იგი მოვალეცაა, გამოიტანოს დასკვნა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სულის შემეცნებისათვის. გამოდის, რომ ადამიანის სული თავის განვითარებაში მონურად კი არ ემორჩილება სხეულებრივ ორგანოებს, არამედ ცდილობს რომელიმე ორგანების და შეგრძნებების ნაკლოვნება შეავსოს სხვა ორგანოებით და შეგრძნებებით. გამოდის, რომ სულის განვითარების ხარისხი და გონების სრულყოფილება აუცილებლად არ არის დაკავშირებული ორგანიზმის სრულყოფილებასთან; რომ ადამიანის სული არის ენერგიული არსება, რომელიც თავის თავში შეიცავს გარკვეული სრულყოფისა და განათლების ყველა პირობას და ჩანასახს და რომ, მაშასადამე, დიდად ცდებიან ის ფილოსოფოსები, რომლებიც ადამიანის სულის ყველა სრულყოფილების მიზეზს მისი ორგანიზმის უმაღლეს განვითარებაში ან მეტყველების უნარში ეძებენ.
გარდა იმისა, რომ ბევრ ცხოველს აქვს ადამიანის მსგავსი და თითქმის მისნაირი გრძნობის ორგანოები და ორგანიზმის აღნაგობა, ეს შესაძლებელია მხოლოდ შეხებით სხვა გრძნობების შეცვლისა და მისი მეშვეობით ზოგადი იდეების მოპოვებისა, ნათლად მიუთითებს, რომ ადამიანის სული თავის თავში შეიცავს მისწრაფებას უმაღლესი განვითარებისაკენ და, მაშასადამე, იგი თავისი არხით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ცხოველის სული. ბრმად შობილებმა, რა თქმა უნდა, არ იციან, რა არის ფერი და სინათლე, ყრუთ, რა თქმა უნდა, არაფერი გაეგებათ ბგერებისა და მელოდიის შესახებ, მაგრამ სინამდვილეში მათთვისაც მისაწვდომია ღვთისმეტყველების, ფიზიკის, მათემატიკის ყველაზე მაღალი იდეები: მაშასადამე, ადამიანის სული სხეულებრივ ორგანოთა ნაკლოვანების შემთხვევაშიც აღწევს თავის დანიშნულებას [8].