§57. რას იგებს სული გემოსა და ყნოსვის საშუალებით? გემო და ყნოსვა ყველა გრძნობებზე ნაკლებ შეგძნებებს აძლევენ სულს, თანაც ეს შეგრძნებები საკმაოდ განუსაზღვრელია. ეს გრძნობები, ადამიანს, ჩანს, მხოლოდ სხეულებრივი სიცოცხლის შენარჩუნებისათვის აქვთ მინიჭებული; და მათი შთაბეჭდლილებები მხოლოდ პირადია, სხეულებრივია, და სულის განვითარებისთვის დიდი სარგებლობა მათ ვერ მოაქვთ. მართლაც, განა ბევრი რამეს გაგება შეუძლია სულს ამ გრძნობების საშუალებით? რა ზოგადი იდეები ან ცნებები შეიძლება მან გამოიტანოს ამ შთაბეჭდილებათაგან? თვითონ ენაშიც წარმოდგენილია ისეთ სიტყვათა მცირე რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა საგნების მიერ ამ გრძნობებზე გამოწვეულ შთაბეჭდილებებს აღნიშნავენ. ყველა სიტყვა გამოხატავს გარკვეულ და ზოგად ცნებებს საგანთა თვისებების შესახებ, მაგრამ სიმწარე, სიტკბო, სიმჟავე საკუთრივ ჩვენს გრძნობებს გამოხატავენ, თანაც რაც ერთს სასიამოვნო გემოდ მიაჩნია, მეორე მას ხშირად სასიამოვნოდ კი არ მიიჩნევს. არამედ, პირიქით. მაგრამ მიუხედავად გემოსა და ყნოსვის გრძნობათა შთაბეჭდილებების სიღარიბისა და განუსაზღვრელობისა, სულს ისინიც აწვდიან ცნობათა მცირე ნაწილს. და თუმცა ისინი სხვა გრძნობებზე ნაკლებად უწყობენ ხელს ადამიანის სულის განვითარებას, სამაგიეროდ სხეულებრივი სიცოცხლისათვის ისინი, ჩანს, სხვა გრძნობებზე უფრო მეტად არიან აუცილებელი.
§58. იმის შესახებ, თუ რა შთაბეჭდილებებსა და შეგრძნებებს წარმოშობს სულში მხედველობის ორგანო. მხედველობის ორგანოს შთაბეჭდილებები გაცილებით უფრო მრავალფეროვანია, მათი საშუალებით სულში წარმოშობილი შეგრძნებები უფრო მრავალრიცხოვანია, და მაშასადამე, თვისებები ნივთებისა და ცნებები, რომელთაც ისინი სულს აცნობებენ, უფრო მრავალრიცხოვანია. მხედველბის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ: 1. განფენილობა სიგრძესა და სიგანემი, 2. ფერები, 3. საგანთა ფიგურა, 4. სიდიდე, 5. მოძრაობა. აქედან ცხადია, რომ სულის მიერ მხედველობის საშუალებით მოპოვებული წარმოდგენები იმ წარმოდგენების მსგავსია, რომელთაც იგი შეხების გზით იპოვებს. ასე რომ ხშირად ისინი სულში ერწყმიან და ძნელი ხდება გარჩევა, რა მოუპოვებია სულს შეხების საშუალებით და რა - მხედველობის გზით.
საგანთა ფერები და სინათლისა და სიბნელის შეგრძნებებია ის წარმოდგენები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მხედველობას ეკუთვნიან და შეუძლებელია რომელიმე სხვა გრძნობის მიერ იყონ მოტანილი. ყველა სხვა წარმოდგენა ამ ორი გრძნობის, მხედველობისა და შეხების გრძნობის, ნაწარმოებია, ასე რომ სული მხედველობის შეგრძნებებს ყოველთვის შეხებით ამოწმებს და პირიქით მაგრამ სულისათვის მხედველობის გრძნობის უდიდესი მნიშვნელობა იმაშია, რომ იგი ზნეობრივ წარმოდგენათა ახალ სამყაროს აღმოაჩენს მეორე ადამიანის მდგომარეობაში, მოძრაობებში და განსაკუთრებით, სახის ნაკვთებში. ჩვენ მათში ვბედავთ არა მხოლოდ სივრცით ფარგლებს, არა მხოლოდ ჩრდილ-ნათელთა გარდასვლებს, არა ნივთიერების ცივ ფორმებს, არამედ უმაღლესი სიცოცხლის გამოვლენებს, გრძნობებისა და აზრების სიმბოლოებს. თოთო ბავშვიც ხვდება, რას ნიშნავს დედის სახეზე ღიმილი, მისკენ მიმართული ჩუმი მზერა, ან წამწამზე დაკიდებული ცრემლი. ამ ნიშანთა აზრი ბავშვებს ესმით ანგარიშმიუცემლად, მათ ჯერ კიდევ არ იციან, რომ ასეთ შეგრძნებებს თვითონაც ასეთივე ფორმებით გამოხატავენ. სულის ეს ნიშნები უპირობოა და ამის გამო საყოველთაოც. ძველებმა, რომელთაც ბევრი დაკვირვება აწარმოეს ამაზე, მთელი ხელოვნება შექმნეს მისგან. ცნობილია ხელოვნება ერთი რომაელი მიმიკოსისა, რომელიც იმპერატორ ნერონის დროს ცხოვრობდა. იგი სხეულის მოძრაობებით სრულიად გასაგებად გამოხატავდა სულის ყველა აზრს, ასე რომ ბარბაროსთა ერთმა მეფემ გამოითხოვა იგი იმისათვის, რომ ქვეშევრდომ სხვადასხვა ტომს შორის თარჯიმნად გამოსულიყო.
§59. რას იგებს სული სმენის გზით? განსაკუთრებული შეგრძნება, რომელსაც სმენის ორგანო გვაწვდის, არის ბგერა. სმენით ჩვენ გავარჩევთ: 1. ბგერების მიმართულებას, 2. სივრცეს, რომელიც მათ განვლეს, რადგანაც ჩვენ შეგვიძლია და უნარი გვაქვს ვიმსჯელოთ, შორიდან მოედინება ბგერები თუ ახლოდან. თვალები კიდევაც რომ დავხუჭოთ, მაინც შეგვიძლია განვსაზღვოთთ, საიდან მოდის ბგერა. მაგალითად, იყო ერთი ბრმა, მოსაუბრის ხმით არჩევდა, ტანმაღალი იყო იგი თუ არა. მეორე ახერხებდა უდიდესი სიზუსტით განესაზღვრა, რა დონეზე იდგა წყალი გრაფინში ან ჭიქაში. ბგერების შთაბეჭდილებას ჩვენ ვუკავშირებთ დროში მათი მეცი ან ნაკლები ხანგრძლივობის წარმოდგენას. მაგრამ აქაც, როგორც მხედველობის შთაბეჭდილებებში, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ზნეობრივი წარმოდგენები, რომელთაც ჩვენში ბგერები აღძრავენ. თოთო ბავშვს ჯერ კიდევ არ ესმის სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ იგი მარტო ბგერების მეშვეობით, ხმის ინტონაციის მეშვეობით ხვდება მოლაპარაკის გრძნობებს. და არა მარტო თოთო ბავშვები, არამედ ცხოველებიც. მაგალითად, ძაღლი ხმის მიხედვით ძალიან კარგად არჩევს, გაუბრაზდა მას პატრონი, თუ ეფერება. იმღერეთ ნაღვლიანი სიმღერა ბავშვის ან ველურის თანდასწრებით და მათს სახეებზე აღიბეჭდება დარდი, თანაგრძნობა და სიბრალული; უთხარით რაიმე საყვედურით ან გაბრაზებით და მაშინვე შეამჩნევთ წყენას და სხვ. თუ ბავშვის და ველურის წინაშე იმ ზომისა და ჟღერადობის მიხედვით წაიკითხავთ ლექსს, რომლებიც გამოსახავენ ცხოველი სიხარულისა და მხიარულების გრძნობას, ისინი ხტუნვას დაიწყებენ, ან ყოველ შემთხვევაში, მათ სახეზე თანაგრძნობა გამოეხატებათ. გრძნობის ეს ბუნებრივი და ამის გამო ცხოველი, უშუალო ენა მთელი თავისი სიძლიერით ეუფლება ჩვენს სულს მაშინაც, როცა ჩვენ გონებრავი ცხოვრებით ვცხოვრობთ და სხვისი მეტყველება ჩვენთვის უკვე განყენებული აზრებისა და იდეების გამოსახვას ემსახურება. შორისდებულები ყველა ენაში მეტყველების გამომსახველობითობას ემსახურებიან: მათში აღიძვრის ამა თუ იმ აზრის მიერ აღძრული გულის თრთოლვა. ყოველი შორისდებული წარმოადგენს ბგერას, რომელიც გამოხატავს სასოწარკვეთილების შეძახილს, ოხვრას, სიხარულს, დარდს და სხვ. შორისდებულში ხმის ერთი ამოთქმით, უეცრად, მეორდება ის, რაც ფრაზის რამდენიმე ნაწილშია დაწილადებული [9].
§60. ყველა გრძნობის ერთობლივი მოქმედების შესახებ. ადამიანის სული შთაბეჭდილებებს მონურად კი არ აღებს, არამედ განსჯის, იაზრებს მათ, ეძებს მათ საწყისს, ნამდვილობას, ცდილობს ერთი გრძნობის შთაბეჭდილებები შეამოწმოს მეორე გრძნობის შთაბეჭდილებებით და ა.შ. გრძნობათა ამგვარ შემოწმებას ჩვენ ვსწავლობთ ცხოვრების პირველი დღეებიდანვე, - ეს ავხსენით პირველ თავში, გრძნობათა ანალიზის დროს. ცალკეულ, განსხვავებულ გრძნობათა გზით მიღებული შეგრძნებები ჩვენ სულში ერთიანდებიან და ქმნიან ერთ მწყობრ მთელს, ასე რომ საბოლოო წარმოდგენა ყველა გრძნობად საგანზე იქმნება ყველა გრძნობის შთაბეჭდილებათა შეჯერების შედეგად. იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ ყველა გრძნობის ერთობლივი მოქმედების შესახებ, წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: დაბადებით ბრმა ადამიანმა მხოლოდ შეხების საშუალებით შენიშნა ორი სხეულის - მრგვალისა და ოთხკუთხედის - ფორმათა განსხვავება და შეადგინა წარმოდგენა მრგვალი და ოთხკუთხედი ფიგურების შესახებ მხოლოდ შეხების შთაბეჭდილების საფუძველზე. წარმოვიდგინოთ, რომ ასეთმა ადამიანმა შეიძინა მხედველობის უნარი და ჩვენ, ვაჩვენებთ რა მას ამ ორ ფიგურას, ვეკითხებით - რა ჰქვია მათ. ძალზე საეჭვოა, მან შეძლოს იმის თქმა, თუ რომელია ამ ფიგურათაგან მრგვალი და რომელი - ოთხკუთხედი მანამ, სანამ იგი მათ არ შეეხება და ამ გზით არ გაიხსენებს თავის ადრინდელ შეგრძნებებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ მუდამ ვამოწმებთ და ვადარებთ ერთიმეორეს მხედველობისა და შეხებას შეგრძნებას, ე.ი. ჩვენ ვიცით, თუ როგორია თვალისათვის ის საგანი, რომელიც შეხებისთვის მრგვალია და პირუკუ. ბრმებს ასევე შეხებით შეუძლიათ იცნონ ნივთთა და საგანთა ფერები. მაშასადამე, ისინი ამჩნევენ, რომ თითების გარკვეულ შეგრძნებას იწვევს ის ფერი, რომელსაც მხედველობის მქონე ადამიანები წითელს უწოდებენ, სხვა შეგრძნებებს - თეთრი და ა.შ. მაგრამ ისინი რომ ხედვის უნარით დავაჯილდოვოთ და მივთხოვოთ, მხოლოდ ამ უნარის საშუალებით ამოიცნონ სხვადასხვა ფერი, საეჭვოა, რომ მათ ეს მოახერხონ. ხშირად ბგერები იქედან კი არ გვესმის, საიდანაც სინამდვილეში მოდიან ისინი, არამედ სრულიად საპირისპირო მხრიდან, მაგრამ მხედველობა და ჩვევა გვასწავლიან ბგერათა ჭეშმარიტ მიმართულებას. როდესაც ჩვენგან მოშორებით ისვრის ზარბაზანი ანდა გაიელვებს, ჩვენ ბევრად უფრო ადრე ვხედავთ სინათლეს და მხოლოდ შემდეგ გვესმის სროლის ხმა და ქუხილი, თუმცა მაინც ვიცით, რომ ბგერა და სინათლე ერთდროულად არსებობენ. უფრო მეტიც, ამგვარი ფაქტები რომ შეგვეკრიბა, ისინი გვიჩვენებდნენ, რომ გრძნობებს შეუძლიათ ხშირად შეგვიყვანონ შეცდომაში, თუკი მათ განსჯით არ შევამოწმებთ. მხოლოდ შეხებაა ისეთი გრძნობა, რომლის შთაბეჭდილებები მუდამ ერთნაირია და უცდომელია, ამიტომ მხოლოდ მას არ შეყავს შეცდომაში ადამიანი.
§61. ამ შეგრძნებათა დიდი მნიშვნელობის შესახებ. დიდი მნიშვნელობა ყოველივე იმისი, რასაც ვიძენთ ჩვენი შეგრძნებების საშუალებით, ცხადი ხდება:
1. იმის საფუძველზე, რომ ყველაფერი, რაც შეგრძნებებით შეძენილია, მთელი ჩვენი შემეცნების მასალად გადაიქცევა. სული ან უშუალოდ გადააქცევს მას მარტივ წარმოდგენებად, ხოლო წარმოდგენების სხვადასხვაგვარი შეერთებით შექმნის მთლიან ცოდნას, ანდა გაიხდის მას საფუძვლად დასკვნის გზით ისეთი ცნებებისა და ცოდნის მიღებისა, რომლებსაც სავსებით ახალი შეიძლება ეწოდოს.
ზოგიერთი ფსიქოლოგი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ შეგრძნებები უშუალოდ გადაიქცევიან წარმოდგენებად. მაგრამ აბა გვითხრან, რა არის თეთრის წარმოდგენა, თუ არა მარტივი მოგონება შთაბეჭდილებისა, რომელსაც ახდენს ჩვენზე თეთრი საგანი! აბა გვითხრან, რა არის წარმოდგენილი საგნის აღდგენა სულში? სიტყვა წარმოდგენა თავის თავში შეიცავს ამგვარ ახსნას. ჩაუკვირდით საკუთარი სულის მდგომარეობას, როცა ის წარმოიდგენს რამეს და დარწმუნდებით, რომ ეს წარმოდგენა არის წარმოდგენილის წმინდა მოგონება. მაგალითად, როცა მსურს წარმოვიდგინო ნაცნობი, მაგრამ აქ არ მყოფი ადამიანი, მე ვიგონებ მის ფიგურას, ტანსაცმელს, სახის ნაკვთებს, ჩვეულებებს, მოძრაობებს, მეტყველებას, მოკლედ ვცდილობ გავაცოცხლო, აღვადგინო ჩემს თავში ყველა ის შეგრძნება, რომელიც მივიღე, როდესაც ვხედავდი და ვესაუბრებოდი მას. აი, რატომაა, რომ ნახულსა და, ასე ვთქვათ, ნაგრძნობ საგნებს წარმოვიდგენთ ხოლმე უკეთ, ვიდრე იმ საგნებს, რომლებიც ჩვენთვის მხოლოდ აღწერის ან მონაყოლის საშუალებითაა ცნობილი. აგრეთვე რატომაა, რომ ფიზიკური სამყაროს საგნებს ჩვენ წარმოვიდგენთ უკეთ, ვიდრე უხილავ სამყაროს, ანდა განყენებულ საგნებს. ამ უკანასკნელთ კი ყოველთვის ვცდილობთ გრძნობადი საგნების ფორმა მივცეთ. იქნებ შემოგვედავონ: შესაძლებელია კი ადამიანმა გარეგანი გრძნობებით მიღებული რამდენიმე ათობით მარტივი წარმოდგენიდან შეადგინოს ცოდნის უთვალავი სიმრავლე, რომელიც მის განკარგულებაშია? მაგრამ ამის მთქმელებმა დაე გაიხსენონ, რომ ადამიანს ათი არითმეტიკული ნიშნით შეუძლია გამოხატოს უთვალავი ჯამი, ანდა რომ მან 24 ასოს საშუალებით შეადგინა მილიონობით წიგნი. ჩვენი სულის სიდიადე სწორედ იმაში მჟღავნდება, რომ მან მცირე მასალისაგან შეძლო უთვალავი ცოდნის გამოტანა და ყოველთვის შეძლებს ამას. ჩაუკვირდით ბუნების წყობას: შემოქმედმა მცირე, შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ორი თუ სამი ფორმიდან და კანონიდან, წარმოქმნა ყოფიერების მთელი მრავალფეროვნება.
2. მაგრამ ჩვენი შეგრძნებების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ისაა, რომ ისინი ჩვენში ყურადღებას აღძრავენ. ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ჩვენი ყურადღება ყოველთვის შეგრძნებების შედეგია და რომ მას მათ გარეშე არსებობა არ შეუძლია. ყოველი ადამიანი შეძლებს ამის გაგებას: ყველა გრძნობა რომ დახურული ყოფილიყო, სული რაღაც მძინარე მდგომარეობაში იქნებოდა და მის ყურადღებას არაფერი აღაგზნებდა. თუკი დავაკვირდებით ამ უნარის თანდათანობით გამოვლენას ბავშვებში, ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდებით იმაში, რომ ყურადღებასა და შეგრძნებებს შორის კავშირი აუცილებელია. ბავშვები დასაწყისში ყველა შეგრძნებას მექანიკურად იღებენ, ე.ი. ისინი არ აცნობიერებენ მათ და საკუთარ თავს არ მიაკუთვნებენ თავის შეგრძნებებს, ე.ი. ვერ ხვდებიან, რომ გარკვეული შეგრძნებები საკუთრივ მათშივე წარმოიქმნება. მაგრამ იმის შემდეგ, რაც ერთი და იგივე შემთხვევა რამოდენიმეჯერ მეორდება, ბავშვებში თანდათან წარმოიქმნება ყურადღება. ყურადღების პირველი გამოკრთომა უეჭველად ის არის, რომ ბავშვი იწყებს შეჩერებას თავის შეგრძნებებზე, ზოგიერთი ხმის ყურისგდებას, ზოგიერთი საგნის დაკვირვებას და ა.შ. აქვე და ყურადღების ამ თავდაპირველ მოქმედებასთან თითქმის განუყრელად ბავშვებში ვლინდება ერთი შეგრძნების მეორისგან განსხვავების უნარი; მაშასადამე, ყურადღებას ყოველთვის თან ახლავს მსჯელობა, ანუ, რაც იგივეა, - შენიშვნა იმისა, რასაც სულმა ყურადღება მიაპყრო.
§62. ყველა მსჯელობა თავისი არსებით წარმოდგენის იგივეობრივია. საგნების შესახებ ჩვენს წარმოდგენებში მოცემულია ამ საგნებზე ყველა მსჯელობის ჩანასახები. განვსაჯოთ, რაიმე საგანი ნიშნავს იმას, რომ რაიმე მივაწეროთ მას, ან უარვყით მის მიმართ, ვიპოვოთ მისი მსგავსება ან განსხვავება სხვა საგნებთან, ანდა, ზოგადად, ვიპოვოთ ერთი საგნის მიმართება სხვებთან. მაგრამ ამ საგნის წარმოდგენავე შეიცავს ყველაფერს, რაც მიეწერება ამ საგანს, თუკი ეს წარმოდგენა სწორი და სრულია, რადგან სხვაგვარად ჩვენ არა გვაქვს საფუძველი იმისა, რომ საგანს რაიმე მივაწეროთ. მაგალითად ყველა მსჯელობა ქვის შესახებ: „ქვა სხეულია“, „ქვა ფანფენილია“, „ქვა მძიმეა“, „ქვა მრგვალია“, „ქვა იყოფა“ და სხვ. უკვე მოცემულია ქვის წარმოდგენაში, რადგან ყველა ამ თვისებას, რომელთაც მსჯელობაში ქვას მივაწერ, ვპოულობ ჩემს წარმოდგენაში ამ საგანზე, სხვაგვარად მე ვერ შევძლებდი ამ საგნისათვის ეს თვისესები მიმეწერა. აქედან ცხადია, რომ ყოველი მსჯელობა არსებითად იგივეობრივი მსჯელობაა. ამრიგად, ყველა მსჯელობა ქვის შესახებ და მრავალი სხვა მსჯელობა, რომელიც კი შეიძლება გამოითქვას მასზე, სახეცვლილებებია შემდეგი იგივეობრივი მსჯელობისა: „ქვა არის ქვა“.
ამაზე შეიძლება ასე შემოგვედავონ: თუკი ყველა მსჯელობა იგივეობრივია, თუკი ყველაფერი, რაც მე შემიძლია ვამტკიცო, მაგალითად ქვის შესახებ, მოცემულია ქვის მარტივ წარმოდგენაში, მაშინ რაღა დანიშნულება აქვთ ამ მსჯელობებს? რითი განსხვავდებიან ისინი წარმოდგენებისაგან, და, რაც მთავარია, როგორ შეუძლიათ მათ გაამდიდრონ ჩვენი ცოდნა? სწორედ ასე დავობს კანტი, რომელიც ამტკიცებს: ანალიზური მსჯელობები ჩვენი ცოდნის ჯამს კი არ ზრდის, არამედ მხოლოდ ნათელყოფს ცოდნასო. ცოდნის ზრდა კი, თანახმად კანტისა, სინთეზური მსჯელობების საშუალებით ხდება. შემდგომ ჩვენ ვნახავთ, სწორია თუ არა მსჯელობათა ამგვარი დაყოფა ანალიზურ და სინთეზურ მსჯელობებად, აქ კი ვეცდებით ვაჩვენოთ, რომ თუმცა ჩვენი ყველა მსჯელობა მართლაც იგივეობრივია, მათ მაინც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ცოდნის შეძენაში.
§63. წარმოდგენებისა და მსჯელობების ურთიერთმიმართების შესახებ. მსჯელობები, ჯერ ერთი, გამოხატავენ ნათლად და ცნობიერად იმას, რასაც შეიცავენ წარმოდგენები და, მეორე, ასწორებენ და ავსებენ თავად წარმოდგენებს საგნების შესახებ. ჩვენს წარმოდგენებს მკაცრი აზრით ჯერ კიდევ არ შეიძლება ვუწოდოთ ცოდნა. ცოდნად ისინი გადაიქცევიან მხოლოდ მაშინ, როცა სული მსჯელობათა საშუალებით დაშლის მათ შემადგენელ ნაწილებად, როცა განსჯა ნათლად და ცნობიერად გამოხატავს მათ მთელ შინაარსს მსჯელობის ფორმით. მაგალითად, მარტივი წარმოდგენა მაგნიტის შესახებ არის მოგონება იმ შთაბეჭდილებისა, რომელსაც ახდენს მაგნიტი ჩვენს გრძნობებზე, ყველაზე მეტად კი იმისა, რომ მას აქვს რკინის მიზიდვის თვისება. მაგრამ ასეთ წარმოდგენას ჯერ კიდევ არ შეიძლება ვუწოდოთ მაგნიტის ცოდნა. მაგნიტის ცოდნა კი იქნება ნათელი, გარკვეული და თანმიმდევრული წესრიგის მქონე ცნობიერება, ან რაც იგივეა, მსჯელობა მაგნიტის თვისებათა შესახებ. თავისთავად გასაგებია, რომ ასეთ ცნობიერებას ერთგვარად შეიცავს თვითონ წარმოდგენა, მაგრამ შეიცავს არა ისე ნათლად და გარკვეულად, როგორც მსჯელობა. აქ მაგნიტის ყველა თვისება გამოიხატება და მიეწერება მას ცნობიერად და მაშასადამე, აუცილებლობით და საბოლოოდ.
მე-2. საგნებზე ჩვენი წარმოდგენები, როგორც შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების უშუალო შედეგები, ხშირად მცდარია და თითქმის ყოველთვის არასრული და უკმარისია. ვინ უწყის, რამდენია ადამიანში მცდარი წარმოდგენა, რომელიც სულში სხვადასხვაგვარი გზებით შეიჭრა, ანგარიშმიუცემლად მიიღო გონებამ. მაგრამ როცა ამგვარ წარმოდგენებს შეეხება განსჯა, ისინი შესწორდება, მცდარი უკუიგდება, ჭეშმარიტი დარჩება. მსჯელობის, ანუ განსჯის საქმე ისაა, რომ შეიტანოს ეს შესწორება და რაც მთავარია, შეავსოს წარმოდგენები. სწორედ ამ მიმართებით ზრდიან მსჯელობები ჩვენს ცოდნას. როცა განსჯის მეშვეობით საგანზე არსებული ჩემი წარმოდგენის ანალიზს ვიწყებ, უკეთ, როცა ვაკვირდები საგანს და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი მსჯელობა შევადგინო მასზე, მე ყოველთვის აღმოვაჩენ ისეთ თვისებებს, რომლებიც არ იყო ამ საგნის მარტივ წარმოდგენაში. ავიღოთ, მაგალითად, ისევ მაგნიტის წარმოდგენა. მანამ განსჯა არ შეეხება ამ წარმოდგენას, ეს უკანასკნელი ცოტა თვისებას შეიცავს, მაგრამ როცა განსჯა დაიწყებს ამ წარმოდგენის ანალიზს, იპოვის მრავალ ახალ ნიშანს, შეადგენს ახალ მსჯელობებს. მაშასადამე, ცოდნა ამ საგნისა, ისევე, როგორც მისი წარმოდგენა, უფრო სრული და უნაკლო ხდება. უკეთესია, თუ ამ დროს მაგნიტს ჩვენი გრძნობის ორგანოთა დაკვირვების საგნად გადავაქცევთ და მასზე ცდებს ვაწარმოებთ: მაშინ მაგნიტის ცოდნა მრავლმხრივი იქნება.
§64. განყენების შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული მოქმედებაა განყენება. განყენების არსი ისაა, რომ განსჯა გამოყოფს ნივთის რომელიმე თვისებას თავად ნივთიდან და მას განსაკუთრებული მსჯელობის საგნად აქცევს. მაგალითად, თეთრი ფერი არ არსებობს საგნებისგან განცალკევებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რამდენიც გვინდა ვიმსჯელოთ სითეთრეზე, ისე რომ მხედველობაში არ გვექნება არც ერთი თეთრი საგანი. ამგვარადვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ნივთის ყველა სხვა თვისებაზე ამ ნივთისაგან განყენებულად, გამოცალკევებულად და დამოუკიდებლად. თუ ჩვენ უფრო ღრმად ჩავწვდებით ჩვენი უნარების აგებულებას და ადამიანების შემეცნების სისტემას, დავინახავთ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს აზროვნებისათვის განსჯის ამ მოქმედებას. ადამიანის მსჯელობათა უდიდესი ნაწილი განყენებულ იდეებს ეყრდნობა. ადამიანური შემეცნების ყველაზე უკეთესი და უზუსტესი ნაწილის - მათემატიკის საგანია აგრეთვე განყენებული მსჯელობები და ცნებები რიცხვებზე, სიდიდეებზე, სივრცესა და მის ფორმებზე. დაბოლოს, ამ კეთილისმყოფელი უნარის გარეშე ჩვენ ვერ დაველაპარაკებოდით ერთმანეთს, რადგან სიტყვათა უდიდესი ნაწილი განყენებულ ცნებებს აღნიშნავს.
§65. კლასიფიკაცია. ჩვენი წარმოდგენები თავდაპირველად მუდამ ერთეული და მარტივია, რადგან ისინი ბუნების საგანთა შეგრძნებებია, ხოლო ბუნებაში, როგორც ცნობილია, არსებობენ მხოლოდ ერთეული საგნები, რომლებიც მოქმედებენ ჩვენს გრძნობებზე და ამ გზით წარმოდგენებსაც ერთეულს წარმოშობენ, მაგრამ ადამიანს არ შეეძლო სახელი დაერქმია ყოველი და ცალკეული ერთეულისათვის, რადგან იძულებული იქნებოდა მოეგონებინა სიტყვების უსასრულო სიმრავლე, ეს კი შეუძლეძლებელია. შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, ამგვარი რამ, ეს გადატვირთავდა ენას ზედმეტი სიტყვებით და გაართულებდა აზრთა შეტყობინებას. ადამიანმა ამ უხერხულობის მოსაშორებლად კი არ მოიგონა სახელი ყოველი ერთეული საგნისათვის, არამედ დაჰყო ბუნებაში არსებული ყველა საგანი კლასებად, ჯგუფებად, უწოდა მათ გვარები და სახელები და მხოლოდ მათ მისცა სახელი. მაგალითად, როდესაც შევცქერით მცენარეთა სამეფოს, ჩვენ ვხედავთ მილიონობით ინდივიდებს; შეუძლებელია ყველას მივცეთ, ცალკე სახელი. საბედნიეროდ, ეს ინდივიდები ჰგვანან ერთმანეთს. აი, რატომ დავყავით ისინი ჯგუფებად და ვუწოდეთ, მაგალითად. „ხე“, ისეთ მცენარეს, რომლის ტანი გარკვეულ სიმაღღეს აღწევს და მრავალ ტოტად იყოფა. ამ მთავარ კლასს ჩვენ ვუწოდეთ გვარი. შემდეგ, როცა შევიტყვეთ, რომ ხეები განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავისი სიდიდით, აგებულებით, ნაყოფით, ეს გვარი დავყავით კლასებად, რომლებიც გვარს ემორჩილებიან. ამ კლასებს ვუწოდეთ სახეები. ვიმეორებ, საგანთა ასეთი დაყოფა კლასებად ძალზე კეთილისმყოფელია. აბა ერთი წარმოიდგინეთ რა იქნებოდა, ბუნებაში ყველა ერთეულს რომ თავისი სახელი ჰქონდეს ჩვენი მეტყველება მიემსგავსებოდა იმ წიგნს, რომელშიც არ არის ასოები და ყოველი საგანი და ყოველი სიტყვა განსაკუთრებული ნიშნით აღინიშნება. მაშინ ჩვენ სახელების მხოლოდ დასწავლისთვისაც კი არ გვეყოფოდა დრო. ამასობაში ბუნებამ თავად გაუადვილა ადამიანს სახეებად და გვარებად ნივთების ამგვარი დაყოფისკენ მიმართული შრომა, რადგან ბუნება წარმოშობს ერთეულებს, რომლებიც მუდამ მსგავსნი არიან ერთმანეთის, ე.ი. ერთნაირი თვისებების მატარებლები არიან. აქედან ცხადი ხდება, რომ ადამიანის ენაში ყველა სიტყვა, ძალზე მცირე გამონაკლისით, ზოგად ცნებებს აღნიშნავს.
როცა ვხედავთ, თუ რაოდენ სასარგებლო და აუცილებელია ამგვარი კლასიფიკაცია განათლების წარმატებისათვის და ენისათვის, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს კლასიფიკაცია ღრმად გააზრებული გეგმის შედეგია, რომ ის პირველად რომელიმე ჭკვიანმა ფილოსოფოსმა შეადგინა და რომ ყოველ ადამიანს ის ხანგძლივი შესწავლის შემდეგ ესმის. ეს არ არის ასე. შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი კლასიფიცირება ჩვენ მხოლოდ ბუნებამ გვასწავლა. ტყუილად როდი ამბობენ - გასაჭირი ყველაზე კარგი მასწავლებელიაო. გამოცდილებამ ეს დებულება ყველაზე თვალნათლივ ჩვენს მიერ გარჩეულ შემთხვევაშიც გაამართლა, რადგან მხოლოდ გასაჭირმა აიძულათ ადამიანები მოეხდინათ ამგვარი კლასიფიკაცია და მოეხდინათ ის უკვე ადრეული ასაკიდან. ბავშვი, რომელსაც თქვენ მიუთითეთ რაღაც საგანზე და უთხარით, რომ ამ საგანს ეწოდება „ხე“, ამავე სახელს ყოყმანის გარეშე უწოდებს ყოველ სხვა ხეს, რადგან ის ამჩნევს ამ ხეებს შორის არსებულ მსგავსებას. ბავშვი ამ სიტყვას ძალზე ფართო მნიშვნელობას მისცემს. ის ყოველ მცენარესაც კი „ხეს“ უწოდებს, რადგან მისთვის უფრო ადვილია გამოიყენოს ნაცნობი სიტყვა, ვიდრე გამოიგონოს ახალი.
მაშ ასე, გვარები და სახეები საკუთრივ სიტყვებია ანუ მრავალი მსგავსი საგნის ზოგადი დასახელებაა. ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ სიტყვებს ბუნებაში შეესატყვისებიან რაღაც გარკვეული სავნები. ბუნებაში არ არსებობს ხე ზოგადი აზრით, არ არსებობს ზოგადად არყის ხეც კი, არამედ არსებობს სიმრავლე ცალკეული ხეებისა, რომელთაც ჩვენ მივეცით არყის ხის სახელი. ბუნებაში არ არსებობს ადამიანი ზოგადი აზრით, არამედ არსებობენ პეტრე, ივანე, ალექსი, ნიკოლოზი და სხვ. ვინც საწინააღმდეგო აზრის მტკიცებას დაიწყებდა, მიემსგავსებოდა მხატვარს, რომელსაც განუზრახავს დახატოს პორტრეტი ადამიანისა საერთოდ. მაგრამ როგორი გონებრივი წარმოდგენები შეესატყვისება ამ გვარეობით და სახელობით სიტყვებს? მათ შეესატყვისება ამ სიტყვებით აღნიშნული ყველა საგნისათვის საერთო ნიშნებისა და თვისებების წარმოდგენები. ამგვარი ახსნა თითქოს მარტივია და საქმის არსს შეესაბამება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, ბუნებაში გვრები და სახეები არსებობენო, ხოლო ზოგიერთი იქამდეც კი მივიდა. რომ ამტკიცებს, თითქოს ბუნებაში მხოლოდ გვარები და სახეები არსებობენ და არა ერთეულებიო. მაგრამ ცხადია, ამგვარი ბჭობა აღმოჩნდება უზუსტო, რაწამს ჩავწვდებით იმას, თუ რას წარმოვადგენთ სიტყვებით - „მცენარე“, „მხეცი“, და ა.შ. ცხადია, სიტყვა „მცენარე“ ნიშნავს იმ ნიშნების შეერთებას, რომლებიც ეკუთვნის ერთს კი არა, მრავალ ერთეულ საგანს. სიტყვა „მხეცი“ ბადებს გონებაში წარმოდგენას არა რაღაც ერთეულ არსებაზე, ის ათასობით ცალკეული არსების თვისებათა შეერთებაა. მართალია, ბუნებამ, როგორც ვთქვით, საფუძველი მისცა ჩვენს დაყოფას გვარებად და სახეებად, იმით რომ წარმოშვა მრავალი მსგავსი არსება და საგანი, მაგრამ მან ერთეულიც წარმოშვა. მე რომ გითხრათ, მაჩვენეთ ზოგადად მცენარე, ზოგადად მოწაფეო, თქვენ იძულებული იქნებით მაჩვენოთ ერთეული საგნები, რომლებიც გაცილებით მეტ ნიშნებს შეიცავენ, ვიდრე ვგულისხმობ მე ამ სიტყვებით.
§66. რაშია ზოგიერთი ჭკუასუსტი და შეშლილი ადამიანის ნაკლი? თუ ყურადღებით დავაკვირდებით ზოგიერთ ჭკუასუსტ ადამიანს, აღმოვაჩენთ, რომ მათი ნაკლია ერთი ან რამდენიმე სულიერი უნარის ან სავსებით არქონება, ანდა მათი განუვითარება. ადამიანი, რთმელსაც ცოტა წარმოდგენები აქვს და თანაც არ შეუძლია მათი შედარება ერთმანეთთან, რადგან არ ესმის მათი მსგავსება და განსხვავება, რომელსაც არ ძალუძს განყენება და, მაშასადამე, სრულყოფილად აზროვნება, ჭკუასუსტს უნდა ჰგავდეს. ამგვარი ადამიანის ცნებები და მსჯელობები ახლობელსა და წუთიერ იდეებს უტრიალებს, მას არ შეუძლია აგრეთვე იმსჯელოს საგნებზე, რომლებიც დიდ გონებრივ დაძაბვას ითხოვენ. ის, თითქოს, არ ჰკარგავს სწორი მსჯელობის უნარს, მაგრამ მცდარად, მხოლოდ წარმოსახვის საფუძველზე აერთებს თავის გონებაში ზოგიერთ წარმოდგენას და შემდეგ მცდარი აზრები გამოჰყავს აქედან, თუმცა გამოჰყავს სწორად. ასეთია იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელმაც წარმოიდგინა, რომ თვითონ მეფეა და მეფისათვის საკადრის პატივისცემას ითხოვს; ან სხვა ადამიანისა, რომელმაც როგორღაც დაარწმუნა თავისი თავი, შუშის ფეხები მაქვსო და აქედან სავსებით სწორად გამოჰყავს დასკვნა, რომ საჭიროა ფრთხილად მოიქცეს, რათა ფეხები არ დაემსხვრეს. ამგვარი ადამიანები სწორად ბჭობენ, თუმცა მათი დასკვნები მცდარია, რადგან მცდარი წარმოდგენიდანაა გამოყვანილი. მათში არსებული წარმოდგენა ისაა, რაც idee fixe-ს სახელითაა ცნობილი. idee fixe-თი შეპყრობილი ადამიანები იშვიათად ამჟღავნებენ ყველა უნართა მოშლას, მაშასადამე, მათ ქცეაში ძნელად გასაგებია მხოლოდ ერთი რამ - როგორ მოხდა, რომ ეს იდეა აიჩემეს და მისი ჭეშმარიტება ირწმენეს. სხვა დანარჩენი მათში ძალზე თანმიმდევრულად და ლოგიკური სისწორით ხდება, რადგან თუკი ვინმე ირწმუნებს შუშის ფეხები მაქვსო, ბუნებრივია, შეეშინდება ადგომა, შეეშინდება მათი ხელის ხლება და ა.შ. ამ შემთხვევაში შეშლილი ჰგავს ყოველ ადამიანს. რომელიც მცდარ საფუძველზე დაყრდნობით მსჯელობს.