§67. რა არის გონებამახვილობა? ძნელი როდია გავიგოთ და დავრწმუნდეთ, რომ განსჯა ყველა ადამიანს ერთნაირი არა აქვს, რომ ის სხვადასხვა ადამიანში განსხვავებული ელფერისაა. ამიტომაა, რომ ზოგიერთი ადამიანი გონებამახვილია, ე.ი. ადვილად და სწრაფად ადგენს მსჯელობას და ამავე დროს პოულობს მსგავსებას ისეთ წარმოდგენებს შორის, რომლებიც სხვებს არამსგავსად მიაჩნიათ. ამიტომ უცნაურია, რომ გონებამახვილობას ფსიქოლოგიის ბევრ წიგნში ცალკეულ უნარადაც მიიჩნევენ და განიხილავენ არა როგორც განსჯის თვისებას, არამედ როგორც სულის ცალკე ძალას. მაგრამ თუ ვივლით ასეთი დაქუცმაცების გზით, მაშინ ათობით და ასობით ცალკე უნარები გამოინახება. რა თქმა უნდა, საუბარში ხშირად მითხმარება გამოთქმები: „ამ კაცს აქვს სხვების გაცინვის უნარი“, „ამ კაცს აქვს ამის და ამის უნარი“, მაგრამ სასაცილოა დავეყრდნოთ ამგვარ გამოთქმებს! გონებამახვილობა განსაკუთრებული სახის მსჯელობაა, მსჯელობა კი განსჯას ეკუთვნის. მაშასადამე, გონებამახვილობა განსჯის თვისებაა და არა სულის განსაკუთრებუღი უნარი [10].
§68. გონების მოქმედების შესახებ. ცოდნის შეძენასა და გავრცელებაში დასკვნის უნარის, ანუ გონების მონაწილეობა გაცილებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, ვიდრე ყველა სხვა უნარებისა. მკაცრად რომ ვთქვათ, ჩვენ ცოდნას მხოლოდ უნარით ვიძენთ. განსჯის ანალიზისას ჩვენ ვნახეთ, რომ მისი დანიშნულება არა იმდენად ცოდნის გაფართოებაა. რამდენადაც ნთელი გაცნობიერება იმისა, რაც მოცემულია წარმოდგენებში; ასე, რომ განსჯა მხოლოდ ანაწევრებს წარმოდგენებს. მაგრამ დასკვნის უნარს ზოგიერთი წარმოდგენიდან და მსჯელობიდან გამოჰყავს მათში ფარული სახით მოცემული ახალი მსჯელობები, ამ აზრით იძენს ახალ მსჯელობას და, მაშასადამე, ახალ ცოდნას. დასკვნის უნარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის მეცნიერული უნარი იმ აზრით, რომ თითქმის ყველა მეცნიერება თავის განვითარებას მას უმადლის. ყველა აღმოჩენა მეცნიერებათა სფეროში, ყველა გამოგონება, ღრმა კვლევა-ძიება და სისტემები თავის არსებობას მხოლოდ მას უმადლის. ყოველთვის, როცა მეცნიერის გონება პოულობს ახალ კანონს, ანდა რომელიმე მოვლენის ახალ ახსნას, ის ამას დასკვნის საშუალებით აკეთებს. ყველა ამ შემთხვევაში მეორდება ნიუტონის ამბავი - ხიდან ვაშლის ვარდნის დანახვისას მიზიდულობის კანონი რომ აღმოაჩინა. გენიალურმა მეცნიერმა დასკვნის საშუალებით ამ ჩვეულებრივი მოვლენიდან მატერიის საყოველთაო კანონი გამოიყვანა. ზუსტად იგივე, ასეთივე შემთხვევა, მხოლოდ უსასრულოდ მცირე ზომით, მეორდება არა მარტო ყველა მეცნიერთან, არამედ ყოველი ჩვენთაგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გამოვიყვანოთ გარკვეული მსჯელობებიდან მათში მოცემული სხვა მსჯელობები, გარკვეული მოვლენების საფუძველზე ვასკვნით სხვა მოვლენების შესაძლებლობასა ან სინამდვილეზე. ყოველი აზრი, ყოველი სიტყვაც კი ახალი მსჯელობებისა და აზრების საფუძვლად იქცევა. მაგრამ ყველაზე ხშირი და გამოყენებადი მიზეზებიდან შედეგზე და პირუკუ დასკვნაა. შემდგომ ვნახავთ, თუ რატომ აქვს წინადადებას: „ყოველი მიზეზი იწვევს შედეგს და პირუკუ, ყოველი მოვლენა გულისხმობს მიზეზს“ - ასეთი ძალა და საყოველთაობა. ყველგან, სადაცაა მოვლენა, ჩვენ ვეძებთ მის მიზეზს, რადგან ვიცით, რომ არაფრისგან არავითარი მოვლენა არ წარმოიშობა. მრავალი მეცნიერების, მაგალითად, ფიზიკის შინაარსი, გარკვეული მიზეზების გამოძებნა და ახსნაა. დასკვნებს განსაკუთრებით ეყრდნობა ფილოსოფია, უპირატესად კი ის ნაწილი, რომელიც ფსიქოლოგიად იწოდება. ფსიქოლოგიის საგანია ადამიანის სული, მაგრამ ეს უკანასკნელი არ გვეძლევა გარეგანი გრძნობებით. მაშასადამე, ყველაფერი, რაც მიცით სულის შესახებ, ვიცით დასკვნების საშუალებით, რომლებიც უყრდნობა შინაგანი ცდის დაკვირვებებს და გამოვლინებებს. სულის არსებობას, მის თვისებებს, არსებას ჩვენ მისი მოქმედების განხილვის საფუძველზე ვხვდებით.
§69. ცნებები. სული მთელ თავის ძალებს იქითკენ მიმართავს, რომ გაიგოს ესა თუ ის საგანი. მისი შემეცნებითი მოქმედების საბოლოო მიზანია, შეადგინოს თავისთვის ცნებები ცალკე ყოველ საგანზე და ცნებათა სისტემა მთელ ხილულ და უხილავ სამყაროზე. ამიტომ ცნებები გონებრივი შრომის ნაყოფია. ისინი შედგენილია ყოველივე იმისაგან, რაც სულმა შეძლო გაეგო ყველა თავისი უნარის მოქმედებით. ისინი შედგება მრავაღი წარმოდგენისა და მსჯელობისაგან, ხშირად კი მრავალი დასკვნისაგან. ასეთებია, მაგალითად, ცნებები, რომლებიც გამოხატულია სიტყვებით: „სული“, „უნარი“, „სხეული“, „გამრავლება“, „გაყოფა“ და სხვ. მაშასადამე, ისინი განსხვავდებიან წარმოდგენებისა და დასკვნებისაგან იმით, რომ ეს უკანასკნელნი შედიან ცნებაში როგორც შემადგენელი ნაწილები. მაგალითად, თუ წარმოდგენა ხატავს ჩემს წინაშე ადამიანის ფიგურას, ეს იქნება წარმოდგენა ადამიანზე. მაგრამ როცა მე დავიწყებ ადამიანის შემადგენელი ნაწილების გარჩევას, მაშინ იბადება მრავალი მსჯელობა მასზე. ბოლოს, როცა ყველა ამ მსჯელობიდან შედგა რაღაც თავად საგნის შესატყვისი მთელი, ჩემს თავში წარმოიქმნება თავად ცნება ადამიანზე, რადგან ამ შემთხვევაში მე შევიცან ადამიანი. ამიტომ განვითარებული ცნებების მქონე ადამიანია ის, ვინც ფლობს უდიდესი რაოდენობის სწორ მსჯელობას მრავალ საგანზე. და პირიქით, ადამიანი, რომელიც ფლობს შეზღუდული რაოდენობის მსჯელობებს ზოგიერთ საგანზე, ხოლო მრავალ სხვაზე არაფერი გაუგონია, იწოდება უმეცარ ადამიანად.
ჩვენი ცნებების შემადგენელი ნაწილები თავად ამ ცნებათა წარმოშობაზე მიუთითებენ. ზოგი ცნება შემუშავდება ჩვენში მთელი ცხოვრების მანძილზე გონების თანდათანობითი მუშაობით. ზოგს მეცნიერული განათლებისას ვიძენთ, ზოგს - წიგნებიდან, საუბრებიდან და სხვ. საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენში ცნებების წარმოშობის ისტორია არის ჩვენი გონების განვითარების ისტორია. ხშირად ადრეულ ბავშვობაში ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენთვის ცნებებს ისე, რომ თვითნებურად ვაერთებთ საკუთარ მარტივ წარმოდგენებს, რის გამოც ჩვენი ცნებები ფანტასტიური, ზღაპრულია. მაგრამ ჩვენი ცნებების ყველაზე ფართო წყაროა იმ სიტყვათა განმარტება, რომლებითაც აღინიშნებიან ეს ცნებები. ასე წარმოიშვა მეცნიერთა ცნებების უმეტესი ნაწილი. რაც შეეხება უსწავლელ ადამიანებს, ისინი ცდილობენ თვითონ შეადგინონ თავისთვის ცნებები იმ საგნებზე, რომლებიც საკუთარ მდგომარეობასთან და საქმიანობასთან ახლოა. ამიტომ ამ ადამიანებს, უფრო ხშირად, არა აქვთ სწორი ცნებები ამ საგნებზე, რომლებიც არ ეხება მათ საქმიანობას და აქვთ მიდრეკილება ცრუმორწმუნეობასა და ცდომილებისკენ. გონების უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ცნებებია ცნებები სუბსტანციებისა და ამ სუბსტანციების ურთიერთმიმართების შესახებ.
§70. სუბსტანციების შესახებ. სუბსტანციის შესახებ არსებული ყველა ცნების დაწვრილებითი გარჩევა შორს წაგვიყვანდა, და, ამავე დროს, ამგვარი გარჩევა, უფრო მეტად ლოგიკის საქმეა, ვიდრე ფსიქოლოგიისა. ამიტომ აქ შევეცდებით ავხსნათ მხოლოდ: 1. რა არის საკუთრავ სუბსტანცია, როგორც ცნება, 2. რომელ სუბსტანციებზე შეადგინა ან შეუძლია შეადგინოს თავისთვის ცნება ადამიანმა.
სიტყვა „სუბსტანცია“ წარმოდგება ლათინური სიტყვიდან „cubsto“ - „ვდგევარ რაიმეს ქვეშ“, „ვიყრდნობ“. აქედან რაიმე ნივთის ან არსების სუბსტანცია ეწოდება თავად მის არსს, რომელიც აერთიანებს და წარმოშობს მის ყველა თვისებასა და ძალას. მაგალითისათვის განვიხილოთ ქვა. მასში ნაპოვნი თვისებები - განფენილობა, სიდიდე, ფიგურა, სიმკვრივე, სიმძიმე და ა.შ. - მიგვაჩნია ქვის რაღაც შინაგანი არსის კუთვნილებად, ეს არსია სწორედ ქვის სუბსტანცია. ცხადია, მაძიებელი გონებისთვის ძალზე სასურველია იცოდეს არსებობს თუ არა სუბსტანცია ამ აზრით, ანდა იქნებ ის გარეგანი თვისებები, რომლებსაც აღმოვაჩენთ ქვაში და საერთოდ, ყველა სხეულში, თავად წარმოადგენენ ამ სხეულთა არსს? მაგრამ ჩვენს გონებას უჭირს მისვლა ამ დიდი ამოცანის გადაწყვეტამდე. ზუსტად იგივე უნდა ვთქვათ სულის შესახებაც: შეგრძნებები, ნება და სულის სხვა ძალები სულის გამოვლენაა. თუ მისი თავად სუბსტანციაა? ისე ჩანს, თითქოს სულის არსი შეუმეცნებადია და ჩვენს ცნობიერებას ეძლევა მხოლოდ სულის ძალები და გამოვლენა.
ადამიანს შეუძლია შეადგინოს და მან კიდეც შეადგინა ცნება ორ საპირისპირო სუბსტანციაზე - მატერიალურსა და სულიერზე. ცნება პირველზე მან შეადგინა იმ შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების საფუძველზე, რომლებსაც ისინი აღძრავენ მასში. სულზე კი იმით, რომ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქმედებებს. თუ მიუკერძოებლად შევადარებთ ერთმანეთს ცნებებს, რომლებიც გაგვაჩნია მატერიალურსა და სულიერ სამყაროზე, დავინახავთ, რომ მეორე სახის ცნება არ ჩამოუვარდება სინათლით და სიცხდით პირველი სახის ცნებას. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გარემოება აადვილებს და ხელს უწყობს მატერიაზე ზუსტი ცოდნის შედგენას, ჩვენ მაინც სხეულებრივ სუბსტანციაზე ვიცით მხოლოდ გარეგანი, ზედაპირული რამ; ვიცით მისი ძალები, მოვლენები და ურთიერთმოქმედება, მაგრამ ამ ძალათა არსს, მათ შინაგან ყოფიერებას ვერასოდეს ვერ ამოვიცნობთ. იგივე ითქმის სულზეც: შინაგანი ცდის საშუალებით ჩვენ გვეძლევა ცოდნა სულიერ ძალებზე, წარმოდგენებზე, მსჯელობებზე და დასკვნებზე, ნებაზე, თავისუფლებაზე და ა.შ. ამ ცოდნის საფუძველზე ვასკვნით, რომ არსებობს რაღაც არამატერიალური სუბსტანცია, რომელიც ითავსებს ყველა ამ თვისებას. მაგრამ ვის ძალუძს ახსნას და გაიგოს ამ სუბსტანციის შინაგანი ყოფიერება! ბუნების შემოქმედმა მოგვცა საშუალებები იმისა, რომ ვიცოდეთ სამყარო და საკუთარი თავი მხოლოდ იმ ზომით, რა ზპმითაც საჭიროა ეს ჩვენი სიცოცხლის და კეთილდღეობისათვის. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ მატერიაშიც და სულშაც არის ათასი ჩვენთვის უცნობი თვისება.
მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას ნათლად სუბსტანციების ჩვენს ცნებებზე, სახელდობრ ის, რომ ადამიანს არა მარტო არ შეუძლია შეადგინოს თავისთვის ისეთი ცნება, რომელიც იქნებდა არა მატერია, არა სული, არამედ რაღაც საშუალო, - მას არ შეუძლია წარმოიდგინოს ამგვარი სუბსტანცია. მართლაც, მატერია ჩვენ გვესმის, როგორც რაღაც განფენილი, შემოზღუდული და ერთმანეთის მიმართ გარეთ მდებარე ნაწილებისაგან შედგენილი და უმოქმედო, სული - როგორც მატერიისგან სავსებით განსხვავებული, ნაწილების არა მქონე, როგორც რაღაც შემგრძნობი, მოქმედი, შემმეცნებელი და ა.შ. რა თვისებები, რა წარმოდგენები შეუძლია შეაერთოს ჩვენმა გონებამ, რათა შეადგინოს ცნება საშუალო სუბსტანციაზე? ამგვარი მოსაზრება შუალედური სუბსტანციის შესახებ ცნების შედგენის შეუძლებლიაბაზე ყველაზე მეტად ანადგურებს იმ ფსიქოლოგთა ვარაუდებს, რომლებსაც სურდათ სულის ან სასიცოცხლო ძალის სახელით დაეშვათ რაღაც საშუალო არსება სულსა და ორგანიზმს შორის. საკმარისია მათ ვკითხოთ, მატერიალურია ეს საშუალო არსება? როგორი პასუხიც არ უნდა მოგვცენ მათ, მათი საშუალო სუბსტანცია თავისთავად გაქრება, რადგან თუ ისინი იტყვან, ეს სუბსტანცია არამატერიალურიაო, გამოვა, რომ ადამიანში სამი სუბსტანციაა - ორი სულიერი და ერთი მატერიალური, და მაშინ გაუგებარი იქნება, როგორია მიმართება ამ ორ სულიერ სუბსტანციას შორის და რატომ არსებობს ორი სულიერი სუბსტანცია, როცა ერთიც საკმარისია. თუ ისინი იტყვიან, ეს სუბსტანცია მატერიალურიაო, მაშინ ეს იქნება ორგანიზმი თავისი ძალებით.
§71. ცნება უმაღლესი არსების შესახებ. მაგრამ უმაღლესი და ყველაზე აუცილებელი ცნება, რომელიც არსებობს ადამიანის სულში, არის ცნება უზენაესი სუბსტანციის, მთელი სამყაროს შემოქმედის, ყველა მოვლენის საბოლოო მიზეზის, ღმერთის შესახებ. ღმერთის შემეცნება და მისი რწმენა არიბ ის თვისება, რომელიც მკვეთრად ასხვავებს ადამიანს ყველა სხვა მიწიერ ქმნილებათაგან და ანიჭებს მას დიდ შინაგან ღირსებას. ამ მაღალი ცნების განმასხვავებელი თვისებებია: 1. მისი საყოველთაობა ადამიანთა ყველა ტომში და ცალკეულ ადამიანში; 2. მისი ადრეული და, ასე ვთქვათ, ადვილი და გარდუვალი აღმოცენება ადამიანის სულში.
გამოცდილებამ და მოგზაურობამ აჩვენა, რომ დედამიწაზე არ არსებობს ისეთი ტომი, რომელსაც არა აქვს ბნელი წარმოდგენები მაინც უზენაეს არსებაზე. დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, პოლინეზიის კუნძულებზე პოულობდნენ სავსებით გაველურებულ ტომებს, რომლებიც ცხოველებს უფრო ჩამოგავდნენ, ვიდრე ადამიანებს, ტომებს, რომელთა წარმომადგენლებსაც ხუთის ზევით თვლა უჭირდათ და რომელთა ცნებები ყველა საგანზე ძალზე ბავშვური და განუვითარებელი იყო. და აი, რა გამოირკვა. თითქოს მათ კიდევ უფრო ნაკლებად უნდა ჰქონდეთ ცნება უზენაესი არსების შესახებ, მაგრამ ყველასათვის განსაცვიფრებლად ეს მაღალი ცნება მათში წარუშლელადაა შენახული. თუკი სხვადასხვა ტომის განხილვიდან ცალკეული პიროვნებების დაკვირვებაზე გადავალთ, დავინახავთ, რომ საღი გონების ადამიანს, როგორი დაბალიც არ უნდა იყოს მისი სულიერი განვთარება, მუდამ აქვს ცნება ღმერთის შესახებ.
აქედან ნათელი ხდება ამ ცნების სხვა თვისებაც, სახელდობრ, მისი ადვილი და ბუნებრივი აღმოცენება ყოველი ადამიანის გონებაში; მართლაც, საკმარისია გვქონდეს თვალები ხედვისთვის და ყურები სმენისთვის, რათა ცნება ღმერთის შესახებ თავისთავად გაჩნდეს. უფრო მეტიც, ადამიანის გონებაში ღმერთის ცნების ეს გაჩენა იმდენად აუცილებელია, იმდენად ბუნებრივი და გარდუვალია, რომ ის წარმოიშობა არა რაიმე ღრმა ბჭობისა და დასკვნების შედეგად, არამედ თავისთავად, თითქოს წინასწარ იყო ჩადებული გონებაში და მხოლოდ რაღაც გარემოებამ მიიქცია მასზე ჩვენი ყურადღებაო. აი, რატომ ამბობენ - ღმერთის იდეა ადამიანის სულში თანდაყოლილიაო. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის თანდაყოლილი იყო როგორც ცნება, იმ სახით, როგორსაც ვპოულობთ ახლა ჩვენს გონებაში, რადგან ეს ცნება შედგენილია მსჯელობათა და დასკვნათა რიგისაგან. ის თანდაყოლილია, როგორც სულის ლტოლვა, შეიმეცნოს თავისი თავის შემოქმედი და მთელი სამყაროს მიზეზი, როგორც სულის აუცილებელი მოთხოვნა, აღიაროს ღმერთი პირველსავე შესაძლებლობისას. შეიძლება ითქვას, რომ ის თანდაყოლილია აგრეთვე, როგორც განაზრების, აზროვნების უნარები, რომლებიც დაბადებისთანავე აქვს ბავმვს, მაგრამ განუვითარებელი სახით, რადგან საკმარისია გაძლიერდეს, გამოვლინდეს გონება, რომ ის პირისპირ ხვდება ამ იდეას.
§72. მოკლე შენიშვნა მიმართებების ცნებათა შესახებ. დაწვრილებით გარჩევა ყველა იმ ცნებისა, რომლებიც იბადება სულში საგანთა სხვადასხვა მიმართების გააზრებისას, ასევე არ არის ცდისეული ფსიქოლოგიის ამოცანა და ამიტომ მათ შესახებ მხოლოდ რამდენიმე მოკლე შენიშვნას გავაკეთებთ.
ცნებები მიმართებების შესახებ წარმოიქმნება ერთი რიგი საგნების, ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, მათ წარმოდგენათა შედარების შედეგად სხვა წარმოდგენებთან. წარმოდგენათა ურთიერთშედარებისას ვპოულობთ ორ უარსებითეს მიმართებას მათ შორის: 1. იგივეობის ან ტოლობის მიმართებას და 2. მიზეზისა და შედეგის მიმართებას.
განსჯა აანალიზებს წარმოდგენას რაიმე საგანზე და მიდის დასკვნამდე, რომ ყველაფერი, რაც გამოითქმება წარმოდგენაზე, თავად წარმოდგენის ტოლია. ამიტომ ყველაფერი, წარმოთქმული მასზე, იგივეობრივი მსჯელობაა. იგივეობრივ მსჯელობათაგან კი აქსიომები ის მსჯელობებია, რომლების იგივეობა აშკარაა პირველი შეხედვიდანვე. ხოლო როცა განსჯა ორი წარმოდგენის შედარებისას შენიშნავს, რომ ერთი მათგანი მხოლოდ მეორის შედეგად წარმოიშობა და რომ მათ შორის ისეთი კავშირია, რომლის ძალითაც ერთი გარდაუვალად იწვევს მეორეს, მაშინ მიმართება მათ შორის არის მიზეზი და შედეგი.
ცნებები მიმართებების შესახებ ყველაზე მრავალრიცხოვანია. მათ ეყრდნობა მათემატიკის უდიდესი ნაწილი. მათგანაა შედგენილი კანონთმცოდნეობის, ზნეობრივი ფილოსოფიის, პოლიტიკურ მეცნიერებათა და სხვ. ფართო სფერო. ამიტომ ამ ცნებათა წარმოშობის ზუსტი და დაწვრილებითი გამოკვლევა განსაკუთრებით აღნიშნულ მეცნიერებებისათვისაა სასარგებლო.
§73. რა მონაწილეობას იღებენ აზროვნებაში მეხსიერება და წარმოსახვა? ახლა უნდა ავხსნათ ორი უნარის - წარმოსახვისა და მეხსიერების მონაწილეობა აზროვნებაში. მეხსიერების მოქმედების წესის ანდა მეხსიერების ფიზიკური მიზეზის სრული ახსნა ძნელია. ვიტყვით მხოლოდ იმას, რისი თქმაც შესაძლებელია. პირველ ყოვლისა, ცხადია, რომ მეხსიერება არის ჩვეულება, ანუ ჩვევა. ცნობილია, რომ ადამიანს აქვს მრავალი ჩვევა, რომლებიც მასში თავად ბუნებაზე ძლიერია. ასეთია, მაგალითად, სხეულის საკუთარ ნაწილთა მოძრაობის მართვის ჩვევა, რომელიც არაცნობიერ მოქმედებადაა გადაქცეული, ჩვენგან დამოუკიდებელ საგნებზე საკუთარი შეგრძნებების გადატანის ჩვევა, ორი თვალით შეთანხმებულად ხედვის, ორი ყურით შეთანხმებულად სმენის, ორი ხელით და ფეხით შეთანხმებულად მოძრაობის და სხვ. ჩვევები. ეს ჩვევები აქვს ყველას გამონაკლისის გარეშე. მაგრამ არსებობს ჩვევები, რომლებიც ცაკლეული ადამიანებისაა. მაგალითად, მუსიკოსის თითები ისე ეჩვევიან გარკვეული მოქმედების შესრულებას, რომ საკმარისია მუსიკოსმა შემთხვევით აიღოს დასწავლილი პიესის რამოდენიმე აკორდი და თითები თვითონვე ამთავრებენ პიესას; მუსიკოსი კი ამ დროს საუბრობს, ანდა გვერდზე იყურება. ასეთია ზოგიერთი სუსტი მოსწავლის ჩვევა, რომლებსაც შეუძლიათ სულმოუთქმელად და ცნობიერების თითქმის ყოველვარი მონაწილეობის გარეშე მოყვენ გაკვეთილი, კარგად რომ დაუზეპირებიათ. ხელოსნებიც ეჩვევიან ხელით გარკვეულ მოძრაობათა შესრულებას და ამ მოძრაობებს არაცნობიერად ასრულებენ. საერთოდ, ყოველ ჩვენთაგანს აქვს მარავალი ასეთი ჩვევა, რადგან მათი შემუშავება ადვილად ხდება - საკმარისია ხშირად გავიმეოროთ ერთნაირი მოძრაობები, რომ ისინი ჩვევად გადაიქცევიან. განვიხილოთ ახლა მეხსიერება. ცხადია, რომ მეხსიერების ადგილსამყოფელი ტვინია, რომელიც სულის სხვა უნარების იარაღიცაა. ეს არ მოითხოვს განსაკუთრებულ დასაბუთებას, რადგან ტვინის მცირედი მოშლილობა ასუსტებს მეხსიერებას. ამრიგად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მეხსიერება არის ტვინის ჩვევა, მოახდინოს გარკვეული ცვლილებები ან მოძრაობები. ეს ნათელი ხდება იმის საფუძველზე, რომ, ჯერ ერთი, მეხსიერებაში ჩვენ კარგად ვინახავთ მხოლოდ იმას, რაც გაგვიმეორებია ან დაგვიზეპირებია, მეორე, უკეთ გვახსოვს ის, რამაც ჩვენზე დატოვა უფრო ძლიერი და ღრმა შთაბეჭდილება, მაშასადამე, უფრო ღრმად აღაგზნო ტვინი; მესამე, ეს კარგად ჩანს იქიდან, რომ გარკვეული სახის აზრები და სიტყვები იწვევენ მათთან დაკავშირებულ სხვა აზრებსა და სიტყვებს, ისევე, როგორც მუსიკოსის თითების თავდაპირველი მოძრაობა რაიმე პიესის შესრულებისას იწვევს და წარმოქმნის თითების სხვა მოძრაობებს, რომლებიც მათ თავდაპირველ მოძრაობასთანაა კავშირში. აი, ყველაფერი, რაც შეიძლება ითქვას მეხსიერების მოქმედების ასახსნელად, მაგრამ ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მეხსიერების მექანიკური მხარეა. ტვინის გაღიზიანება თავად მოქმედება როდია. იგონებს სული, ტვინში კი ხდება მექანიკური გაღიზიანება, რომელიც აღაგზნებს სულში ამ მოგონებებს. ასევე არ უნდა მივაწეროთ ტვინს ზედმეტი მეხსიერების განხილვისას და სული ტვინის მონურ მორჩილებაში არ უნდა ჩავაყენოთ, ტვინი აქ თამაშობს ისეთივე როლს, როგორსაც ვიოლინო - მუსიკოსის ხელში. ვიოლინო არის მკვდარი, უსულო მექანიზმი, მაგრამ ოსტატის ხელში ის ცოცხლდება და გამოსცემს შესანიშნავ ბგერებს. ასევე ტვინი: ის არის ხელსაწყო, რომელსაც სულსა და სიცოცხლეს შთაბერავს ცოცხალი არსება.
მონაწილეობა, რომელსაც იღებს მეხსიერება აზროვნებაში ძალზე ფართოა და ყველასათვის ადვილად გასაგებია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მეხსიერების საფუძველზე ვაზროვნებთ, რადგან მეხსიერება გვაწვდის აზრთა მთელ მასალას. ე.ი. წარმოდგენებს, ფაქტებს, მოსაზრებებს, რომლებიც ადრე არ გვქონია სულში, გვაწვდის საერთოდ ყველაფერს, რაც აუცილებელია აზროვნებისათვის. მისი დიდი მნიშვნელობა იქიდანაც ჩანს, რომ ის ინახავს ჩეენი აზროვნების ყველა შედეგს, ე.ი. მთელ ჩვენს ცოდნას. თუ ყურადღებით ჩავუკვირდებით ზოგიერთს ჩვენთვის ცნობილ იმ მეცნიერთაგან, რომლებიც გვაოცებენ გონების სიმდიდრით, აღმოჩნდება, რომ მათი მთელი უპირატესობა ხშირად ფართო მეხსიერებაშია.
§74. წარმოსახვის მოქმედების შესახებ. ამ უნარის არსება ჩვენ ადრე ავხსენით, აქ კი მხოლოდ ვილაპარაკებთ, თუ რა მონაწილეობას იღებს ის აზროვნებასა და შემეცნებაში. თუმცა ამ უნარის არსის გააზრებისას შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის არ შეიძლება ბევრად უწყობდეს ხელს აზროვნებას, განსაკუთრებით კი ცოდნის გაფართოებას, მაგრამ რადგან სული თავის ყველა ძალას ამოქმედებს აზროვნებისას, წარმოსახვაც უეჭველად იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. ეს მონაწილეობა გამოიხატება იმაში, რომ წარმოსახვა ცდილობს გახადოს აზრები უფრო თვალსაჩინო, ხორცი შეასხას ყველაზე განყენებულ წარმოდგენებს. ადამიანის ენას აქვს მრავალი ნიშანი, რომლებიც ამას ამტკიცებენ. ამ შემოქმედებით უნარს უმადლის თავის წარმოშობას მრავალი ხატოვანი გამოთქმა, ადამიანთა ენას რომ ამშვენებს. გავარჩიოთ რამდენიმე ასეთი გამოთქმა, რათა გავიგოთ, თუ როგორ შექმნა ისინი წარმოსახვამ. მაგალითად, გამოთქმა „იღვრება მთა ალმასისა“ [11] წარმოიშვა იმის საფუძველზე, რომ პოეტის წარმოსახვამ ალმასის შესახებ წარმოდგენა შეაერთა ჩამომდინარე წყლის წარმოდგენასთან. გამოთქმებს - „ელვისებრ მიჰქრის“, „თოვლივით თმები“, „უკურნებელი წყენა“, „ღამესავით შავი“, „თვალებიდან ნაპერწკლები ცვივა“, „მის ბაგეთაგან სიტყვები მდინარისებრ მოედინებოდა“ და ათასს სხვას ქმნის წარმოსახვა, რომელიც აერთებს წარმოდგენებს მათი მსგავსების მიხედვით. პოეზიის მთელი მომხიბვლელობა წარმოსახვის ამ მოქმედებას ეყრდნობა, ასე რომ პოეტები, შეიძლება ითქვას, წარმოსახვით უფრო აზროვნებენ, ვიდრე გონებით.