წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

პირველი განყოფილება

ადამიანის სულის ყოფიერების,
თვისებების და მოქმედებების შესახებ

თავი მესამე

შემეცნების შესახებ

ბ) იდეათა ასოციაციის შესახებ

§75. იდეათა ასოციაციის განსაზღარება და გავლენა აზროვნებაზე. ადამიანის სულში წარმოდგენები, მსჯელობები, ცნებები და, საერთოდ, მთელი სულიერი შინაარსი დაუკავშირებელი კი არ არის, არამედ, კავშირთა მქონეა, ერთგვარი სისტემაა, ისე რომ ერთი გარკვეული წარმოდგენები მეხსიერებიდან სხვა წარმოდგენებს გამოიხმობენ, გარკვეული აზრები და ამბები გვაგონებენ სხვა აზრებსა და ამბებს, გარკვეული პიროვნების თუ ადგილთა ხილვა აღძრავს სხვა პიროვნებებისა და სხვა ადგილთა ხატებს. ამ მოვლენას იდეთა ასოციაცია ან კავშირი ეწოდება. იდეათა ასოციაციის გავლენა ადამიანის აზროვნებაზე და მოქმედებაზე, ხასიათზეც კი - ძალზე დიდია. ასე რომ მის საფუძველზე აიხსნება ბევრი სულიერი მოვლენა, რომელთა ასახსნელადაც იგონებდნენ ძალზე დაუჯერებელ ჰიპოთეზებს. ასოციაციის დაწვრილებითი გარჩევის გარემე ძნელია ვწვდეთ სულის სიცოცხლეს და არსებობის სახეს. ამიტომ ვეცადოთ გავარჩიოთ როგორი ასოციაციაა სულში და როგორ მოვლენებს წარმოშობს ის.

§76. იდეათა ასოციაციის წარმომქმნელი მიზეზები. იდეათა ასოციაცია შეიძლება იყოს ბუნებრივი ან შემთხვევითი. პირველი ეყრდნობა ბუნებრივ მიზეზებს, აუცილებელ კავშირს, რომელიც მართლაც არის სხვადასხვა წარმოდგენასა და აზრს შორის. ბუნებრივია, მაგალითად ის. რომ წარმოდგენა საგანზე ზარმოშობს წარმოდგენებს ამ საგნის თვისებებსა და ნიშნებზე. მაგალითად, როცა ვიგონებ ზამთარს, ამავე დროს წარმოვიდგენ თოვლს, სიცივეს და, საერთოდ, ყველაფერს, რაც ზამთარს ახასიათებს. თუკი ჩემი წარმოდგენა ეხება ზაფხულს, ამავე დროს მე ვიგონებ ზაფხულთან დაკავშირებულ სიამოვნებებს, სიმწვანეს, ხილს, სითბოს, ზოგჯერ სიცხეს და ა.შ. თუ ნაცნობს დავინახავ, უმალ ვიგონებ მის თვისებებს, მის დამოკიდებულებას საკუთარ თავთან და სხვებთან და ა.შ. როცა რომელიმე მუსიკალური ნაწარმოების ბგერები მესმის, ისინი მთელი ნაწარმოების წარმოდგენას ბადებენ. როცა ვხედავთ რომელიმე სახლს, ვიგონებთ მის მაცხოვრებლებს და ა.შ. ასეთი ასოციაცია ბუნებრივია. მათში გარკვეული წარმოდგენები იწვევენ ამ წარმოდგენებთან ბუნებრივ კავშირში მყოფ სხვა წარმოდგენებს.

შემთხვევით ასოციაციაში ჩვენი წარმოდგენები უკავშირდებიან ერთმანეთს შემთხვევითი მიზეზით და არა თავისი შინაგანი მსგავსებითა და მიმართებით. ასეთი ასოციაცია სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაგვარია. ის დამოკიდებულია აღზრდაზე, საქმიანობაზე, ცხოვრების წესზე და მრავალ სხვა მიზეზზე.

აღზრდის რაგვარობით გაპირობებული ასოციაცია იდეებისა ყველაზე მყარი და ხშირად მავნეა, რადგან ბავშვობის შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება. თუ, მაგალითად, გამდელებმა და ბებიებმა ბავშვს თავი გაუტენეს სხვადასხვა ზღაპრებით აჩრდილებსა და ღამისეულ საშინელებებზე, ამ ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება ღამის აჩრდილების შიში. აჩრდილები თავისთავად უფრო მეტად როდი არიან დაკავშირებელი სიბნელესთან, ვიდრე სინათლესთან. მაგრამ რადგან ზოგიერთების თავში ეს ორი წარმოდგენა ძალზე მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ეს ადამიანები ღამით ყოველთვის აჩრდილებზე ფიქრობენ, დღისით კი სულაც არ ახსოვთ ისინი. ადამიანთა ხასიათიც იდეათა ასოციაციით გამოიხატება. მაგალითად, პირქუში ხასიათის მქონე ადამიანის ყველა წარმოდგენა შავი ფერისაა. ამის საპირიპიროდ, მხიარული ადამიანი წარმოდგენების კავშირში რაღაც გასართობს პოულობს. ის, რაც პირველს აბრაზებს, მეორეს მხოლოდ აცინებს. ჩვენი ცხოვრების წესი და ჩვეულებები ასევე წარმოადგენენ იდეათა თავისებური ასოციაციის საბაბს. ოქროს დანახვისას ძუნწი ადამიანი წარმოიდგენს ამ ოქროს ფლობისგან მიღებულ სიამოვნებას, მფლანგველი კაცი კი ანგარიშობს იმას, თუ რა სიამოვნებას შეიძლება მიაღწიო მისი საშუალებით. გარყვნილი ადამიანის წარმოსახვა ყოველთვის უწმინდურ წარმოდგენებს ხატავს: ყოველთვის ბიწიერ დაახლოვებას ესწრაფვის, ყველაფერში ცუდ მხარეს ხედავს. ამის საწინააღმდეგოდ, სადა სულისა და წმინდა ზნეობის ჩვეულებების ადამიანი მუდამ წმინდა საგნებზე ფიქრობს. მასთან იშვიათია იდეთა უწმინდური დაახლოება.

§77. იდეათა ასოციაცია წარმოქმნის სიმპათიათა და ანტიპათიათა უდიდეს ნაწილს. იდეათა შემთხვევითი ასოციაცია ჩვენი სიმპათიებისა და ანტიპათიების უდიდესი ნაწილის მიზეზია. ამის მაგალითი ათასია, ამდენად, ყოველ ადამიანს, რომელიც უკვირდება საკუთარ, ან სხვათა ჩვეულებებს ან გრძნობებს, შეეძლო შეემჩნია, რომ ადამიანთა სიყვარული ან სიძულვილი სხვადასხვა საგნებისა და პიროვნებებისადმი იბადება იმიტომ, რომ ამ საგნებისა და პიროვნებების მოგონებას უკავშირდება სხვადასხვა სასიამოვნო ან უსიამოვნო წარმოდგენა. თუკი ჩვენ სადმე, მაგალითად რომელიმე სახლში გადაგვხდა უბედურება, მაშინ ამ სახლის დანახვა, ანდა, მისი მოგონება ჩვენთვის ესიამოვნოა, რადგან ამ უბედურებას გვაგონებს. თუ ჩვენ ვხედავთ რაიმე ნივთს, რომელიც საყვარელი ადამიანისაგან გვაქვს მიღებული, ის ბადებს ჩვენში ან სასიამოვნო ანდა სევდიან გრძნობებს. თუ რომელიმე ადამიანმა ჩვენ დიდად გვაწყენინა, მისი მოგონება ამ შემთხვევას გვაგონებს და გულს გვტკენს. წყნარ, მთვარიან ღამეს ზოგიერთი ნერვიული ადამიანი გრძნობს ძლიერ მიდრეკილებას მეოცნებეობისაკენ. როცა დედის გული სავსეა მწუხარებით, რომელიც საყვარელი შვილის დაკარგვამ გამოიწვია, ეს სევდა შეიძლება განკურნოს მხოლოდ დრომ, რადგან დედას მხოლოდ გარკვეული დროის გავლის შემდეგ შეუძლია თავის გონებაში დააცილოს შვილის წარმოდგენა იმ სიამოვნებას, იმ სიხარულის წარმოდგენას, შვილის ხილვას რომ ახლდა.

ხშირად ლაპარაკობენ რაღაც გაუგებარ სიმპათიათა და ანტიპათიაზე ადამიანთა შორის, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი თავის წარმოშობას უნდა უმადლოდნენ სწორედ იდეათა ასოციაციას, თუმცა ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება კიდეც, ზოგჯერ კი სულაც ვერ ვამჩნევთ, როგორ ჩნდება ეს ასოციაცია ჩვენში. თუ ადამიანი გრძნობს სიძულვილს გარკვეული სახეებისადმი, სხვა სახეების მიმართ კი სიმპათიით აღივსება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ მან თავის გონებაში შეუმჩნევლად შექმნა იდეათა რაღაც ასოციაცია, რომელიც მისი ანტიპათიისა და სიმპათიის მიზეზი ხდება. მოკლედ, თუ ყველა არა, ყოველ შემთხვევაში ჩვენი სიმპათიებისა და ანტიპათიების უდიდესი ნაწილი გონებაში შემთხვევით შედგენილ ასოციაცათა შედეგია.

§78. სიზმრები ნაწილობრივ წარმოქმნილია იდეათა ასოცააციისაგან. ჩვენი სიზმრისეული წარმოდგენები - უჩვეულო სახეებისა და აზრების ეს უცნაური კავშირები - ნაწილობრივ იდეათა ასოციაციით აიხსნება. საკმარისია ძილში რაღაც შემთხვევითმა მიზეზმა წარმოშვას სულში რაიმე ერთი წარმოდგენა, რომ შემდგომ იდეათა ასოციაციის საფუძველზე თავში გაჩნდება ათასი სხვა უცნაური იდეა და წარმოდგენა. მაგალითად, ვთქვათ ღამით საბანი გადაგვეხადა და სიცივე ვიგრძენით. სიცივის ამ შეგრძნებას შეუძლია დაბადოს მრავალი მასთან კავშირში მყოფი იდეა. ჩვენ შეიძლება წარმოგვიდგეს, რომ ცივ წყალში ჩავიძირეთ, ვიღრჩობით, რომ ჩვენ გვშველიან, რომ ვეღარ ვებრძვით ტალღებს და ა.შ. უნდა დავუშვათ, რომ სავსებით დამძიმებულმა კუჭმა ძილის დროს გამოიწვია სისხლის მოწოლა თავისკენ. ამ უსიამოვნო შეგრძნებას შეუძლია დაბადოს ჩვენში ათასი წარმოდგენა, ჩვენ მოგვეჩვენება, რომ გვაღრჩობს რაღაც ურჩხული და ა.შ. ცნობილია, რომ მშიერი ადამიანი სიზმარში ხედავს გემრიელ საჭმელს, მეფის სამყოფელს, საჭმელ-სასმელით სავსე მაგიდებს. მოკლედ, ასოციაციები ძილის დროსაც მოქმედებენ: წარმოდგენები წარმოქმნიან სხვა წარმოდგენებს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ წარმოდგენათა მიმდინარეობა, რომელსაც არ მართავს გონება და სულიერი ძალა, უწესრიგოა, ხშირად უცნაურია, ყოველგვარ შესაძლო სინამდვილისაგან დაცილებულია.

§79. ასოციაციის მონაწილეობა აზროვნებაში. უეჭველად ყველას შეუმჩნევია, რომ ზოგჯერ დასვენებისას, როცა ჩვენი გონება დაკავებული არა არის რაიმე განსაკუთრებული აზრით, სულში, თითქოს თავისთავად, ნებისყოფის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე, წარმოიშობა წარმოდგენებისა და აზრების მთელი რიგი. რა არ არის მაშინ თავში, რას არ გავიხსენებთ ხოლმე, რაზე არ ვიმსჯელებთ! ერთი აზრი მოსდევს მეორეს ყოველივე ხილული კავშირის გარეშე, წარმოდგენების ერთი რიგი წარმოშობს სხვა წარმოდგენებს და სული ბადებს მეხსიერებიდან სხვადასხვა აზრს ისევე, როგორც მუსიკოსის თითები, უწესრიგოდ რომ ეხებიან ფორტეპიანოს კლავიშებს, ბადებენ მისგან ბგერებს. ზოგიერთი ადამიანი ისე ეჩვევა მხოლოდ არაცნობიერ ასოციაციაზე დაფუძნებულ აზროვნებას, რომ ძნელად შეუძლია შეჩერდეს ერთ გარკვეულ აზრზე და იფიქროს ერთ იდეაზე. რა რიგ არ უნდა ეცადოს მისი გონება, იფიქროს ერთ თემაზე, წარმოსახვას სხვა მიმართულებით მიჰყავს ის. საკმარისია მან შეიმუშავოს ორი თუ სამი აზრი სასურველ საგანზე, რომ იდეათა ასოციაციას სხვა საგნებისაკენ მიჰყავს ის! ცხადია, რომ სულის ამგვარი უუნარობა, შეაჩეროს თავისი გონება არჩეულ საგანზე, არის ზოგიერთი მოსწავლის გაფანტულობის, გონებაჩლუნგობისა და მიუხვედრელობის მიზეზი, - ისე ჩანს, თითქოს ისინი მუდამ რაღაც აზრს უტრიალებენ, სინამდვილეში კი არაფერზე არ ფიქრობენ.

მაგრამ ის ასოციაცია, რომელიც წარმოიშობა აღზრდისა და ჩვევების შედეგად, ყველაზე მეტად მოქმედებს ჩვენს აზროვნებაზე. მართლაც, ვინ არ შეხვედრია ადამიანებს, რომელთა თავი თითქოსდა მთლიანად არაადამიანურადაა მოწყობილი, რომლებსაც აქვთ ჭკუის თავისებური წყობა, იდეათა განსაკუთრებული და უცნაური ურთიერთკავმირი? ვინც ბავშვობის წლებიდან მიეჩვია გარკვეული ნივთებისა და მოქმედებების პატივისცემას, მისთვის ძნელია შეიცვალოს თავისი შეხედულებები.

§80. ცრუ შეხედულებათა და ცრურწმენათა დიდი ნაწილი იდეების ასოციაციებზეა დამოკიდებული. თუ ყურადღებით განვიხილავთ ადამიანთა ცრუშეხედულებათა და ცრურწმენათა დიდი ნაწილის წარმოშობისა და მყარი არსებობის მიზეზებს, დავინახავთ, რომ იდეათა ასოციაცია აქაც დიდ როლს თამაშობს. ამის მაგალითი მრავალია. ადამიანები, რომლებიც ზოგიერთი სექტანტის ავზრახული შთაგონებით, ძველი წიგნებისა და ხატების წარმოდგენებთან თავის გონებაში აერთებენ აზრს სიწმინდეზე, ხოლო ახლადდაბეჭდილი წიგნების წარმოდგენასთან - მავნებლობის ცნებას და ჯიუტად იცავენ თავის რწმენას, წარმოადგენენ ზემოთ მოყვანილი აზრის ნათელ დადასტურებას. მათი ჯიუტობა, მათი სიბრმავე. მთლიანად ეყრდნობა იდეათა ამ უწყვეტ ასოციაციას. ბევრი სხვა ცრუ შეხედულება და ცრურწმენა, მათი უაზრობის მიუხედავად, ეფუძნება ამგვარსავე ასოციაციას. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც იტანს შიში, როცა ოთახში შემთხვევით ანთებენ სამ სანთელს, რადგან ამას ცუდის მომაწავებლად თვლიან. რატომ? რადგანაც, როგორც მოგეხსენებათ, გარდაცვლილის კუბოსიაან სამ სანთელს ანთებენ! ზოგიერთ ადამიანს გამორჩეული აქვს უბედური დღეები და რიცხვები. ცხადია, ეს ხდება ამიტომ, რომ ამ ადამიანებისათვის ასეთ დღეებს წარუმატებლობა ახლდა, ახლა ამ დღეებსა და რიცხვებს მათ წარუმატებლობის წარმოდგენა დაუკავშირეს. მოკლედ, ეს და მილიონობით სხვა ნიშნის, წარმოდგენის, ცრუ შეხედულების საფუძველია მხოლოდ იდეათა შემთხვევითი ასოციაცია, რომელიც ხშირად მცდარია და იშვიათად ეყრდნობა ნამდვილად მომხდარ მოვლენებს და დაკვირვებას.

§81. იდეათა ასოციაციის გავლენა ჩვენს ქცევაზე. ადრე მოყვანილმა მაგალითებმა ნაწილობრივ უკვე გვაჩვენა, თუ როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს იდეათა ასოციაციას ადამიანთა ქცევაზე. მაგრამ რათა უფრო ნათლად დავინახოთ ამ გავლენის აუცილებლობა, უნდა გავიაზროთ, რომ ადამიანის მოქმედება დამოკიდებულია მისი აზრების ხასიათზე, ხოლო ადამიანის ურთიერთობა სხვებთან ეყრდნობა მისი გულის მგრძნობელობას. მაგრამ როგორც პირველის, ისე მეორის არსებობა და მიმართულება ხშირად გაპირობებულია იდეათა ასოციაციით. ამიტომ, ცხადია, იდეათა ასოციაციას შეუძლია კეთილად განაწყოს ადამიანი გარკვეული ქცევის მიმართ და სხვა საქციელზე კი ხელი ააღებინოს.

 

გ) აზროვნების ძირითადი კანონების შესახებ ანუ ლოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები

§82. რა არის აზროვნება საერთოდ? მე-2 თავში ჩვენს მიერ შემოთავაზებული განსაზღვრების თანახმად, აზროვნება სხვა არაფერია, თუ არა მთელი გონითი მოქმედების საერთო გამოვლენა, კერძოდ კი „აზროვნება“ უნდა გვესმოდეს, როგორც მხოლოდ შემეცნებით უნართა მოქმედება, ე.ი. წარმოდგენები, მსჯელობები, დასკვნები, ცნებები და სხვ. აზროვნებას აქვს თავისი კანონები, თავისი ფორმები და წესები, რომელთაც ის აუცილებლობით ექვემდებარება და რომელთაგან გადახვევაც მისი მცდარობის ნიშანია. ამ კანონების და ფორმების დაწვრილებითი გამოკვლევა და განსაზღვრა ლოგიკის ამოცანაა, მაგრამ რადგან ლოგიკა ფსიქოლოგიის ნაწილია, ჩვენ აქ უნდა ვაჩვენოთ აზროვნების ზოგადი და უარსებითესი საფუძვლები, რომლებიც სულის სიღრმეში დევს და ფსიქოლოგისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.

§83. რატომ აზროვნებენ ადამიანები ერთნაირი კანონების მიხედვით? აზროვნების არსებითი და თავდაპირველი პროცესი ყველა ადამიანში ერთნაირად სრულდება. ეს თავისთავად გასაგებია: აზროვნება სულის მოქმედებაა, სული კი ბუნებრივად მოქმედებს იმ წესებით, რომლებიც მას მისცა შემოქმედმა. ამ მიმართულებით სული ემორჩილება ყველა ქმნილების საერთო კანონს. ყოველი ცაკლეული სუბსტანცია ამჟღავნებს იმ მოვლენებს, რომლებიც შეესატყვისებიან მის არსებას და მის მიმართებას სხვა სუბსტანციებთან. განვიხილოთ, მაგალითად, ნებისმიერი მცენარე: ის მუდმივად ასრულებს ზრდის, განაყოფიერების, დაშლისა და მოსპობის ერთსა და იმავე პროცესს. დააკვირდით ნებისმიერ ცხოველს: ის მოქმედებს იმ საშუალებებისა და მოთხოვნილებების შესატყვისად, რომლებიც მას მისცა ბუნებამ. ყოველი ცხოველი თავისი ბუნების შესატყვისად ცხოვრობს: ობობა საკვების მოსაპოვებლად ქსელს აბამს, ლომი იყენებს თავის ძალას, მელია ეშმაკობას და ქურდობას და ა.შ. ყოველივე ეს ბუნებრავია და არ შეიძლება სხვაგვარად იყოს. იგივე მეორდება ადამიანთან, თუმცა ამ არსებითი განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში ყოველ მოქმედებას, განსაკუთრებით კი აზროვნებას, თან ახლავს თავისუფლებისა და ცნობიერების მაღალი ნიშნები. თუ მოკლედ გავიხსენებთ ყველაფერს, რაც ითქვა სულიერი უნარების მოქმედების შესახებ, ჩვენ ადვილად მივხვდებით, რომ სული ასევე სარგებლობს ღმერთის მიერ მონიჭებული საშუალებებით და იმეცნებს ამ საშუალებების დახმარებით. შემოქმედმა დააჯილდოვა სული საუკეთესო ორგანიზმით, რომელსაც მიაქვს სულთან გარესამყაროს მრავალგვარი შთაბეჭდილებები, სულში ასევე მრავალგვარ შეგრძნებებს რომ აღძრავენ. სული ეჩვევა ამ შეგრძნებებს, ასე ვთქვათ, აკვირდება და უსმენს მათ და იწყებს განსჯას, დასკვნების კეთებას, აზროვნებას. აი, აზროვნების საოცრად მარტივი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ბრძნული წესი, რომელიც შემოქმედის მიერ აქვს ადამიანის სულს მინიჭებული. რადგან ეს წესი ყველასათვის ერთნაირია, ცხადია, რომ ყოველი ადამიანი აზროვნების გავარჯიშების პირველ საფეხურებზე მუდამ ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის, და მხოლოდ შემდგომ, როცა ის აზროვნებისას უფრო მეტად თვითნებობს და კერძო ზრახვებით, გარემოებებით და ლტოლვებით იწყებს ხელმძღვანლობას, ერთი პიროვნების აზროვნებასა და სხვა პიროვნების აზროვნებას შორის ჩნდება განსხვავება, ზოგჯერ კი წინააღმდეგობა. აი, რატომაა, რომ ყველა ადამაინის აზრებს შორის თანხმობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ეს აზრები მათ პირველსაწყისთან მიგვყავს. მაშასადამე, კითხვას - რა არის სულში თავდაპირველად და რა შემოდის მასში მემდგომ, მისი განვითარების დროს? - კითხვას, რომელიც გასული საუკუნის ფილოსოფიის ამოსავალი წერტილი იყო, ჩვენ საბოლოოდ ვპასუხობთ ამგვარად: სულში თავდაპირველად, ე.ი. ყოფნის სულ პირველა წამიდან განვითარებამდე, არის მხოლოდ უნარი ან შესაძლებლობა გარკვეული განვითარებისა, და სული, მისთვის მიცემული გარკვეული საშუალებებისა და უნარების გამო, აუცილებლად უნდა აზროვნებდეს და ვითარდებოდეს ასე და არა სხვაგვარად.

§84. საიდან იძენს ადამიანი ცოდნას? როცა ვაკვირდებით ადამიანის სულის განვითარებას, ჩვენთვის ცხადი ხდება, რომ ადამიანი მთელ თავის ცოდნას იძენს ან ცდის საშუალებით, ანდა განაზრებით. ეს მტკიცდება ჯერ ერთი იმით, რომ ადამიანის სულს არა აქვს შემეცნების სხვა საშუალებები, გარდა იმ უნარებისა, რომლებითაც ის დააჯილდოვა ღმერთმა და რომლებიც წინა თავში აღვწერეთ: ამას უკლებლივ ყველა დაეთანხმება. არავის შეუძლია თქვას, რომ ადამიანს მიცემული ჰქონდა რაიმე მზა ცოდნა. არც არსებობდა იმის საშუალება, რომ მისთვის ამგვარი ცოდნა მიეცა ვისმეს, რადგან არსება, ცოდნით საკუთარი თავის გამდიდრების ესოდენ ჩინებულ საშუალებებს რომ ფლობს, თავად შეიძენს ამ ცოდნას.

ეს მტკიცდება მეორე გარემოებითაც - ჩვილ ბავშვებზე დაკვირვებით. ვინც დაკვირვებია ჩვილის სულის განვითარებას, მისთვის კარგად ცნობილია, რომ ბავშვს შეუძლია უკლებლივ დაისწავლოს ყველაფერი - დედის ძუძუს წოვით დაწყებული და ურთულეს მეცნიერებებით დამთავრებული. დაბადებისას ბავშვს აქვს სული მხოლოდ და მხოლოდ განუვითარებელი და გამოუვლინებელი უნარებით, რომლებიც თანდათან მტკიცდებიან და თავისი განვითარების კვალობაზე ბავშვს ყოველგვარი ცოდნით ამდიდრებენ.

§85. კანტის მოძღვრება ცოდნის წარმოშობის შესახებ. მაგრამ ყველა ასე როდი ფიქრობს. ბევრი ამტკიცებს, რომ ადამიანს არ შეუძლია ყველაფერი ცდიდან გაიგოს, რომ მას ცდისაგან დამოუკიდებლად ეძლევა ბევრი მზა მსჯელობა. გავარჩიოთ, მაგალითად, მოძღვრება კანტისა, რომელიც სხვებზე უკეთ და ღრმად მსჯელობდა ამ საგანზე. აი, მისი საკუთარი სიტყვები: „ადამიანს აქვს გარკვეული მსჯელობები a priori (ამ სიტყვით კანტი აღნიშნავს იმ ცოდნას, რომელიც არ წარმოიშობა ცდიდან). ცდა გვიჩვენებს მხოლოდ იმას, თუ როგორი არის საგანი, მაგრამ ის არ გვეუბნება, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს ასე და არა სხვაგვარად. მაშასადამე, ჯერ ერთი, ყოველი წინადადება, რომელიც შეიცავს წარმოდგენას ნივთის ასე და არა სხვაგვარად არსებობის აუცილებლობის შესახებ, არის მსჯელობა a priori. მაგრამ თუკი, გარდა ამისა, ეს წინადადება არ არის წარმოებული, თუკი მას აქვს ძალა თავის თავში, მაშინ ის უპირობოდ აპრიორულია. მეორეც, ცდა არასოდეს არ აძლევა არსებითად ზოგად მსჯელობებს. მის მსჯელობებს აქვს მხოლოდ პირობითი, შეფარდებითი საყოველთაობა ინდუქციის საშუალებით (ეს კი ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ აქამდე არ შეუნიშნავთ ამ წესის გამონაკლისი). ამრიგად, მსჯელობა, რომელიც შეიცავს მკაცრ საყოველთაობას ისე, რომ არ არსებობს მისი გამონაკლისი, არ წარმოიქმნება ცდიდან, მას ძალა აქვს მხოლოდ a priori. ცდისეული საყოველთაობა კი არის მხოლოდ თვითნებური განვრცობა, რომელიც გარკვეული რაოდენობის შემთხვევათა საყოველთაობიდან ასკვნის ყველა შემთხვევის საყოველთაობაზე. მაგრამ თუკი უპირობო საყოველთაობა მიეწერება რომელიმე წინადადებას, ეს საყოველთაობა მიუთითებს განსაკუთრებულ წყაროზე, რომლისგანაც წარმოიშვა ის, ე.ი. a priori ცოდნის უნარზე“.

„მაშ ასე, საყოველთაობა და აუცილებლობა არის a priori ცოდნის ორი ნიშანი“.

ახლა ძნელი არა არის დავამტკიცოთ, რომ ადამიანის მსჯელობაში მართლაც არის მსჯელობები, რომლებიცაა აუცილებელი და საყოველთაო, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით. თუ გსურთ მაგალითი მეცნიერებიდან, საკმარისი იქნება გადავავლოთ თვალი მათემატიკას . ხოლო თუ გსურთ მაგალითი ყოველდღიური ცხოვრებიდან, ასეთი იქნება პრინციპი, რომ „ყოველი ცვლილება ხდება რაიმე მიზეზით“. აქ მიზეზის ცნებას ჩვენს გონებაში აქვს აუცილებელი კავშირი შედეგთან და ამ პრინციპის უმკაცრეს აუცილებლობასთან, და ეს კავშირი უმალ გაქრებოდა, თუ იმის მსგავსად ვინმე ეცდებოდა გამოეყვანა ის მოვლენებში შენიშნული ამ ორი ცნების კერძო კავშირიდან.

§86. ამ მოძღვრების განხილვა. მაშასადამე, კანტი ფიქრობს, რომ ყოველი მსჯელობა, რომელიც შეიცავს საყოველთობასა და აუცილებლობას, ე.ი. რომელსაც აქვს ძალა ყოველთვის და ყველგან, არის მსჯელობა a priori. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად ასობით ისეთი მსჯელობა, რომელთა წარმოშობა ცდიდან არ შეიძლება საეჭვო გახდეს და რომლებიც, ამავე დროს, სავსებით გარკვეულად შეიცავენ აღნიშნულ თვისებებს. განვიხილოთ, მაგალითად, შემდეგი უმარტივესი მსჯელობები: „თოვლი თეთრია“, „ყინული ცივია“, „წყალი არის თხევადა სხული“, „სამკუთხედს აქვს სამი კუთხე“, „ოთხკუთხედს აქვს ოთხი კუთხე“, „ცეცხლი წვავს“ , „ქვა მძიმეა“ და ათასი სხვა. ყველა ამ მსჯელობას აქვს უდიდესი საყოველთაობა და აუცილებლობა, რადგან ვერ ვაჩვენებთ ერთ შემთხვევასაც კი, რომელიც იქნება გამონაკლისი. წარმოდგენები თოვლზე და თეთრ ფერზე, ყინულზე და სიცივეზე ისე მჭიდროდ არიან დაკავშირებული ჩვენს გონებაში, რომ შეუძლებელია მათი გამოცალკევება. სამკუთხედს აქვს სამი კუთხე: ეს წინადადება შეიცავს თავის თავში ისეთ მკაცრ საყოველთაობასა და აუცილებლობას, რომ ჩვენ სხვაგვარად აზროვნება არც შეგვიძლია და, როგორც შემდგომ დავინახავათ, ძნელი არ იქნება გავიგოთ, თუ რა ძალით შეიცავენ ეს წინადადებანი აღნიშნულ თვისებებს. მაგრამ ვინ იქნება ისე გულუბრყვილო, რომ ამტკიცოს ეს და სხვა მრავალი წინადადება ცდისეული წარმოშობის არ არისო? ამრიგად ნიშნები, რომელთა საფუძველზეც კანტი ზოგიერთი მსჯელობის აპრიორულ წარმოშობას ამტკიცებდა, მცდარია, ე.ი. ისინი არ ამტკიცებენ მათ ამგვარ წარმოშობას. ამ ნიშანთა საფუძველზე ადამიანის მსჯელობათა მთელი ნახევარი - აშკარად, ცდისეული - აპრიორულად უნდა ჩაგვეთვალა.