§95. თავის შინაარსი, მისი კავშირი წინარე შინაარსთან და დაყოფა. ჩვენ წარმოდგენებს აქვს ორი მხარე: ისინი, ჯერ ერთი, ჩვენი მსჯელობების, დასკვნებისა და, საერთოდ, მთელი აზროვნების საფუძველია, მეორე, მათ უმრავლესობას, თუმცაღა არა ყველას, თან ახლავს სიამოვნების ან უსიამიავნების გრძნობა; მაშასადამე, ისინი სულიერ მდგომარეობათა ანუ გულის გრძნობების წყაროა. მათი პირველი მხარე ჩვენ ვაჩვენეთ პირველ თავში, სადაც ვცდილობდით აგვეხსნა, როგორ წარმოიშობა მათგან მთელი ჩვენი ცოდნა. აქ კი ჩვენ შევეცდებით აღვწერით ის გრძნობები, რომლებსაც ისინი წარმოშობენ ჩვენში სხვადასხვა შემთხვევაში. ეს გრძნობები ბავშვის შინაგან ცხოვრებას წარმოადგენენ და ცოდნისგან იმით განსხვავდებიან, რომ ისინი სულმი ისე გარკვეულად არ მიმდინარეობენ, ე.ი. ჩვენ ხშირად არ შეგვიძლია გავიგოთ მისი წარმომშობი მიზეზი და არ ძალგვიძს მათი ერთმანეთისაგან განსხვავება. ამავე დროს, რაც უფრო ღრმა და მძაფრია ისინი, მით უფრო ბნელი და შეუცნობელია მათი ხასიათი, მაშინ როდესაც ჩვენი ცოდნა, რაც უფრო მაღალია, მით უფრო ღრმა და ცნობიერია. ამიტომ სულიერ მდგომარეობათა, ანუ გრძნობათა, ანალიზი უფრო რთულია, ვიდრე ცოდნის ანალიზი.
ზუსტად ასეთი კავშირი აქვთ წარმოდგენებთან ადამიანის ვნებებს, რადგან ვნებები უძლიერესი სურვილებია. ხოლო სურვილები, როგორც ავხსენით მე-2 თავში, შემეცნებითი უნარების მოქმედებებია. ისინი წარმოიშობიან იმ სიამოვნებათა წარმოდგენიდან, რომლებიც მოგველის ჩვენ სხვადასხვა შემთხვევაში. ამიტომ დავყოფთ რა ამ თავს სამ ნაწილად, პირველში გადმოვცემთ სულის ყველა სასიამოვნო და უსიამოვნო გრძნობათა ცნებას; მეორეში - განვიხილავთ ვნებებს, როგორც სულიერ მოვლენათა განსაკუთრებულ სახეს, მესამეში კი გავაკეთებთ ზოგიერთ დასკვნას და შენიშვნას.
§96. ყველა სულიერი მდგომარეობის საერთო წყარო. სულიერი მდგომარეობები ანუ კმაყოფილებისა და უკმაყოფილების გრძნობები სულში შემთხვევით კი არ არსებობენ, არამედ თავისი მიზეზები და თავისი მყარი კანონები აქვთ.
წყარო, საიდანაც ისინი მომდინარეობენ, მუდამ ერთი და იგივეა, ხოლო მიზეზი, რომელიც მათ ხელს უწყობს, აძლიერებს ან ასუსტებს, მუდამ მჭიდრო კავშირშია ადამიანის თავად ბუნებასთან. ეს წყარო არის ყველა ადამიანისათვის საერთო წყარო თვითშენახვის, ანდა, თუ გნებავთ, საკუთარი თავის სიყვარულისა; ბუნებრივია, რომ ადამიანს უყვარს საკუთარი თავი და ზრუნავს თვითშენახვაზე. ამ გრძნობის გარეშე ადამიანი არ იქნებოდა ადამიანი და ამიტომ ასევე ბუნებრივია, რომ ადამიანს მოსწონს ყველაფერი, რაც მის თვითშენახვას უწყობს ხელს, ხოლო უკმაყოფილებას აღუძრავს ყველაფერი, რაც ხელს უშლის ამ გრძნობას და ეწინააღმდეგება მის სიცოცხლეს.
§97. სასიამოვნოსა და უსიამოვნოს შესახებ საერთოდ. ზემოთ ნათქვამიდან ნათელი ხდება, რომ ადამიანისათვის სასიამოვნოა ის, რაც აკმაყოფილებს თვითშენახვის გრძნობას ანდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებებს, ხოლო არასასიამოვნოა ამის საპირისპირო. ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სასიამოვნო და უსიამოვნო ცხოვრებაში ბევრი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ბუნებრივი მოთხოვნილებები ადამიანს, კაცმა რომ თქვას, ძალზე ცოტა აქვს. შემოქმედმა მისცა ადამიანს ბუნება, რომლის მოთხოვნილებებიც ძალზე ადვილად შეიძლება დაკმაყოფილდეს. საუბედუროდ, ადამიანი ისე დაშორდა ბუნებრივ ცხოვრებას, რომ გაუჩნდა ათასი თუმცა ხელოვნური, მაგრამ არანაკლებ მწვავე მოთხოვნილება. განა ბევრი ესაჭიროება ადამიანს იმისათვის, რომ შეიმოსოს, მაგრამ რამდენი ტანსაცმელია მოგონილი, რომლის უქონლობა ადამიანში გასაჭირის განცდას ბადებს. დანაყრებისათვის საკმარისია პურისა და ხორცის ნაჭერი. მაგრამ რამდენი სხვადასხვა კერძია მოგონილი, რომელნიც, როცა ვეჩვევით, ჩვენთვის აუცილებლობად გადაიქცევიან. იმისათვის, რომ მოვიკლათ წყურვილი, ბუნებამ მოგვცა შესანიშნავი, მზა სასმელი. მაგრამ ადამიანებმა მოიგონეს ამისათვის ათასი სხვა საშუალება, რომელთა უქონლობა ბევრისათვის უბედურებაა, ხოლო შეძენა - მრავალი სიამოვნების წყარო. აქედანაა სწორედ წარმოშობილი სასიამოვნოსა და უსიამოვნოს ესოდენი სიმრავლე ადამიანის ცხოვრებაში; იმის მოკლება, რასაც ადამიანი აგრერიგად მიეჩვია, უსიამოვნების წყაროა, მათზე წარმოდგენა კი ადამიანში ბადებს სასიამოვნო გრძნობებს. აქედან ცხადია, რაც უფრო სადად ცხოვრობს ადამიანი, რაც უფრო მეტად იზღუდავს თავის მოთხოვნილებებს, მით უფრო ბედნიერია ის. დაე, ამტკიცონ პოლიტეკონომიის წარმომადგენლება, ფუფუნების ზრდა და მოთხოვნილებათა გაფართოება ხელს უწყობს ვაჭრობას და საერთო კეთილდღეობასო! ფსიქოლოგს, რომელიც სწავლობს ადამიანის სულს, კარგად ესმის - რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს მოთხოვნილებები და ჩვევები, მით უფრო უბედურია ის, კიდეც რომ შეეძლოს ყველა თავისი მოთხოვნილების ადვილად დაკმაყოფილება.
§98. სიხარული და მწუხარება. სიხარული ის სიამოვნებაა, ან საამო შეგრძნებაა, რომელიც იბადება ჩვენში ან იმაზე ფიქრისას, რომ ჩვენ ვფლობთ რაღაც სასურველ სიკეთეს, ანდა რაიმე მისწრაფების, ზოგჯერ კი ბუნებრივი საჭიროების, თუ ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. სიხარულის განცდა ზოგჯერ წინ უსწრებს სასურველი სიკეთის ნამდვილად ფლობას ან ჩვევის დაკმაყოფილებას, ის იბადება მხოლოდ იმ იმედით, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ ის სიკეთე, რომლისკენაც მივისწრაფვით. მაგალითად, ავადმყოფ ადამიანს ახარებს მარტო იმედიც კი იმისა, რომ მალე გამოჯანმრთელდება. ადამიანს, რომელსაც რაიმე დოვლათის შეძენის მიზნით თავისი ყველა ძალა დაუძაბავს, ახარებს უკვე ფიქრი იმაზე, რომ მალე მიაღწევს თავის მიზანს. ადამიანის გულის უცნაური ახირების გამო, ბევრი უფრო მძლავრად განიცდის სიხარულს რაიმე სიკეთის მიღებამდე - უკვე ფიქრის გამო, რომ მიზანთან ახლოს არის, - ვიდრე ამ სიკეთის მიღების შემდეგ. ხშირად თავის განზრახვათა მიზანთან მისვლისას ბევრს უკვე გული უტყდება, ანდა, ყოველ შემთხვევაში, ნაკლები კმაყოფილების გრძნობა ეუფლება. ამის მიზეზი, ალბათ წარმოსახვაა, რომელიც მეტ სიამოვნებას გვპირდებ, ვიდრე სინამდვილეში შეიძლება მივიღოთ, და ბადებს გაზვიადებულ იმედებს, ყოველთვის რომ ვერ აღსრულდება.
სიხარულის უმაღლეს ხარისხს აღტაცება ეწოდება. აღტაცება დაძაბული მდგომარეობაა, რომელშიც ადამიანი დიდხანს ვერ დარჩება და რომელიც ხშირად იწვევს მეორე უკიდურესობას, ე.ი. სევდიან გუნებას. ყოველი ადამიანი ერთნაირად როდია განწყობილი სიხარულისა და აღტაცების მიმართ: არიან ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ მოვიდნენ აღტაცებულ მდგომარეობაში. და პირიქით, არიან ადამიანები, რომლებშიც ყველაფერი აღტაცებას იწვევს.
სიხარულის გრძნობა არ უნდა აგვერიოს მხიარულებასთან. მხიარულება უფრო მეტად ახასიათებს ზნეს და ნიშნავს რაღაც მუდმივ მისწრაფებას სულის კეთილგანწყობილების გამოვლენისაკენ. ეს მისწრაფება, თუკი მოჩვენებითი კი არ არის, არამედ ჭეშმარიტია, შედეგია შინაგანი კმაყოფილებისა, სულიერი სიმშვიდისა.
სიხარულის საპირისპირო გრძნობას მწუხარება ეწოდება. ის სულში წარმოიშობა იმ სიკეთეზე ფიქრისას, რომელიც ჩვენ ან დავკარგეთ, ანდა ვერ მივიღეთ, მიუხედავად ჩვენი ყველა ცდისა. სევდა მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მეტად მოგვაგონებს წარმოსახვა დაკარგულ სიკეთეს ანდა გვიხატავს იმ სიამოვნებათა სურათს, რომლებიც შეეძლო მოეტანა ამა თუ იმ სიკეთეს. ასეთია, მაგალითად, მდგომარეობა დედისა, რომელიც დასტირის თავის გარდაცვლილ ვაჟს. წარმოსახვა წამდაუწუმ უხატავს მას განსვენებულის ნიშან-თვისებებს: დედა იგონებს შვილის ჩვევებს, ჭკუას, ყველაფერს, რაც დედისათვის ესოდენ ძვირფასი იყო, რაშიც ესოდენ დიდ სიამოვნებას პოულობდა, და ყოველივე ეს მისი მწუხარების მიზეზია. ამიტომ იმან, ვისაც სურს ნუგეში სცეს მწუხარე ადამიანს, უნდა გაართოს იგი. ე.ი. აიძულოს იგი, არ იფიქროს თავის მწუხარებაზე, ჩამოაცილოს მას ყველაფერი, რაც მწუხარების საგანს მოაგონებდა. სწორედ ამიტომაა, რომ გულის ჭრილობებს დრო უკეთ არჩენს, ვიდრე სიტყვიერი ნუგეშისცემა.
მაგრამ ჩვენ ხშირად სხვისი ჭირ-ვარამის ხილვისასაც გვეუფლება მწუხარება. დარდის უკვე გახსენებაც კი ჩვენში მწუხარებას ბადებს; მაგრამ მოყვასის დარდის დანახვა, განსაკუთრებით კი ახლობლის ტანჯვის ხილვა, ჩვენში ძლიერ წუხილს აღძრავს. ამ შემთხვევაში ჩვენი მწუხარება არის მოყვასის ტანჯვის თანაგრძნობა. ვინც დაკვირვებია თავისი სულის მდგომარეობას, როცა ის თანალმობას განიცდის, იმას შეეძლო შეემჩნია, რომ ადამიანი ამ დროს თავის თავს თითქოს ტანჯულის ადგილზე სვამს, წარმოისახავს, როგორ დაიტანჯებოდა თავად ამგვარ მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, მოკლედ, თავის თავში აღძრავს იმ გრძნობას, რომელიც აქვს ტანჯულს. აი, რატომაა რომ ზოგიერთი სუსტი ნერვების მქონე ადამიანი ვერ იტანს სხვათა ტანჯვის ხილვას. ისინი თითქოსდა თვითონ განიცდიან იმ დროს იმ წამებას, რომელსაც ხედავენ.
როგორც ჩანს, ადამიანთა ენაზე არსებობს მრავალი სიტყვა, მწუხარების სხვადასხვა სახის გამოსახატავად, მაშინ როდესაც მწუხარების საპირისპირო გრძნობებს აქვს მხოლოდ ერთი სახელწოდება - სიხარული. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანთა ცხოვრებაში გაცილებით მეტი მწუხარებაა, ვიდრე სიხარული, ანდა იმიტომ, რომ ყოველივე უსიამოვნოს ჩვენ ვგრძნობთ უფრო ღრმად და ვიმახსოვრებთ უფრო დიდხანს, სიხარულს კი მალე ვივიწყებთ.
მწუხარების უმცირესი ხარისხი აღინიშნება სიტყვით წყენა, მოწყენილობა. სიტყვა ჯავრი აღნიშნავს ზოგჯერ მწუხარების სუსტ სახეს, ზოგჯერ კი მწუხარებას, რომელიც შეერთებულია მეორე არასასიამოვნო გრძნობასთან - მრისხანებასთან. დარდი ზოგჯერ გამოხატავს მწუხარების უმაღლეს ხარისხს, ზოგჯერ კი მოიხმარება სიტყვის „მწუხარების“ სავსებით ტოლმნიშვნელოვნად. მწუხარების უმაღლეს ხარისხს ასევე გულგატეხილობას უწოდებენ. ის უკავშირდება ენერგიის დაკარგვას. თუმცა ზოგადად რომ ვთქვათ, ამ სიტყვებს ძნელია მივცეთ ზუსტი და გარკვეული მნიშვნელობა, რადგან გრძნობა ყოველთვის ძნელია გამოიხატოს სიტყვებით. როდესაც, მაგალითად, მე ვამბობ „ჯავრი“, იმას, თუ რა მსურს გამოვხატო ამ სიტყვებით, ყველა საკუთარი გამოცდილებით უფრო მიხვდება, ვიდრე ჩემი მცდელობით, ავხსნა ეს გრძნობა სხვა სიტყვებით.
§99. სიხარულისა და მწუხარების გარეგანი ნიშნების შესახებ. სიხარული სიცოცხლეს მატებს ადამიანს, აღაგზნებს მის ენერგიას. სიხარულისას ადამიანი თითქოს მხრებს შლის; თავი ზეაწეულია, ხედვა თამამია; ადამიანს ნაბიჯი მტკიცე აქვს და ლაღი. და პირიქით, მწუხარება ჰკლავს ძალებს, ადამიანი თითქოს ვიწროვდება, თავი ჩაქინდრული აქვს, თვალები დახრილი, სახე დაღვრემილი. მაგრამ კონტრასტი ამ ორ გრძნობას შორის უფრო შესამჩნევია მათი დაძაბულობისას. სიხარული ესწრაფვის რაიმეში გამომჟღავნდეს, გამოვლინდეს. სიხარულისას ადამიანი გულზიარია, სურს სხვას გაუზიაროს თავისი გრძნობა. განსაკუთრებით ძნელია აღტაცება დამალო. აღტაცებისას ადამიანი მზადაა გადაეხვიოს ყველას, თავის მტერსაც კი. სიხარულის ასეთი გულზიარობის მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ ჩვენი სიხარული მატულობს, თუკი მას იზიარებს ვინმე. როცა ვცდილობთ სხვას შევატყობინოთ ჩვენი აღტაცება, ჩვენ უბრალოდ პატივმოყვარეობის აღტყინებას ვართ აყოლილი, ჩვენ თითქოსდა ვტრაბახობთ ჩვენი ბედნიერებით, გვსურს, რომ ყველას შურდეს ჩვენი. ჭირ-ვარამი და გულგატეხილობა, პირიქით, გულჩათხრობილია. მჭმუნვარე ადამიანი ენაძვირია, უყვარს განმარტოება, დამალვა. ყველაფერი ეს იმავე პატივმოყვარეობისა და თავისი თავის სიყვარულის შედეგია. ჩვენ არ გვსურს აღვძრათ ადამიანებში სიბრალული ჩვენდამი; სიამაყე უფლებას არ გვაძლევს ვაქციოთ საკუთარი თავი ზოგიერთის თანაგრძნობისა და ზოგიერთის ფარული სიხარულის საგნად. ზოგჯერ კი პირიქითაც ხდება. ხდება ისედაც, რომ ადამიანი თავს იწონებს თავისი მწუხარებით, ცდილობს აღძრას შეცოდების გრძნობა სხვებში, სურს თითქოსდა თქვას, ნახეთ, რამდენ უბედურებას ვიტან, მე წამების ჭეშმარიტი გმირი ვარო.
აქ უნდა აღვნიშნოთ ის საკვირველი მოვლენა, რომ ადამიანის სული ხშირად პოულობს რაღაც უცნაურ სიამოვნებას თავად მწუხარებაში, რომ ადამიანის სულს სიამოვნებს მსუბუქი სევდა, აზრთა დარდიანი განწყობილება. სხვაგვარად ვერ ავხსნით იმ ფაქტს, რომ ჩვენ სიამოვნებით ვუსმენთ ნაღვლიან მუსიკას, ნაღვლიან სიმღერებს, რომ ხალხური სიმღერები ყველაზე მეტად არიან სევდით მოცულნი, მელანქოლიით განმსჭვალულნი. ხომ არ ხდება ეს იმ მიზეზით, რომ რაიმეს გრძნობა იგივე სიცოცხლეა, სული კი ბუნებრივად დაკავშირებულია სიცოცხლესთან და გრძნობებთან - როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი.
§100. შური. შური გრძნობაა უსიამოვნებისა, დარდისაც კი, სხვისი კეთილდღეობის ხილვისას, იმ კეთილდღეობისა, თავად ჩვენთვის რომ გვსურს. ამ აზრით შურს შეიძლება ვუწოდოთ მწუხარების განსაკუთრებული სახე.
ყველა გრძნობათაგან შური უფრო მეტადაა გავრცელებული ადამიანთა შორის, ისე, რომ ძალზე ცოტა თუ იქნება გამონაკლისი ამ წესისგან. ყველაფერს შეუძლია აღძრას და გამოკვებოს ეს მდაბალი გრძნობა. სხვისი კუთვნილი მცირეოდენი სარგებელი შურიანს საწყენად ეჩვენება. სხვისი კეთილდღეობა, რომელიც აღძრავს რომელიმე ადამიანის შურს, კარგავს თავისი ფასის ნახევარს, როცა მიიღწევა ამ ადამიანის მიერ. ძალზე იშვიათად ხდება, რომ ამ ცუდმა გრძნობამ არ დაბადოს მრავალი სხვა, არანაკლებ ცუდი გრძნობა. შურიანს ადვილად ეუფლება რისხვა, როცა მეორე ადამიანის კეთილდღეობის ზრდას ხედავს. ის გახარებულია, როცა მისი შურის საგანი უბედურებაშია; მზადაა შური იძიოს მასზე, როგორც პირად მტერზე. შურით აღვსილი გულისათვის მიუწვდომელია ყველა კეთილი გრძნობა, - სიყვარული, სიბრალული, სიხარული და ბოლოს, შური კიდევ იმით განსხვავდება სხვა გრძნობებისაგან, მაგალითად, რისხვისაგან, შიშისაგან, სასოწარკვეთილებისაგან და ა.შ., რომ ეს უკანასკნელი გრძნობები დროებითი და მსწრაფლწარმავალნი არიან, თუმცა ძლიერად მოქმედებენ, სამაგიეროდ სწრაფად ქრებიან, შური კი, თუმცა არასოდეს არ მოიცავს სულს ასე ძლიერად, მაგრამ, უფრო ხანგრძლივია.
§101. იმედი და სასოწარკვეთილება. იმედი არის სულის სასიამოვნო მდგომარეობა, რომელიც წარმოიშობა იმის წარმოდგენიდან, რომ ჩვენ მივიღებთ სიკეთეს, რომლისკენაც მივისწრაფვით და რომელსაც შეუძლია მოგვანიჭოს კმაყოფილება. ამრიგად, იმედი არის თითქოსდა წინასწარი ტკბობა იმ სიკეთით, რომელიც გველის მომავალში. ეს მდგომარეობა წინ უსწრებს, თან ახლავს და ეხმარება სულს ყოველ მისწრაფებაში, ისე რომ მის გარეშე სული ვერ შეძლებდა თავისი ძალების დაძაბვას რაიმეს მისაღწევად. თუმცა გონება ხშირად შთააგონებს ადამიანს, რომ ის არ უნდა ელოდეს წარმატებას ზოგიერთ შემთხვევაში, თუმცა გამოცდილება ასწავლის მას, რომ ესა თუ ის მისწრაფება ვერ მიაღწევს მიზანს, მაგრამ იმედი არა მარტო არ ტოვებს ადამიანს, არამედ ყოველთვის აძლიერებს და აღძრავს მის ძალებს, ასე რომ იმედის დიდი თუ მცირე ხარისხი ხშირადაა გარკვეულ საქმეში წარმატების თავმდები. ადამიანის გული ისეა გაერთიანებული იმედთან, რომ ეს უკანასკნელი, ვამბობ მე, არ გვტოვებს ყველაზე სასოწარკვეთილ და საშინელ შემთხვევებში. ამბობენ, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ეს კი გამოხატავს იმ აზრს, რომ იმედი იქაც არ გვტოვებს, სადაც თითქოს იმედის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ადამიანის ეს მტკიცე კავშირი ამ გრძნობასთან აიხსნება სიცოცხლის სიყვარულით და თვითშენახვის გრძნობით, რომლებიც ჩვენი ცხოვრების საფუძველია და რომლებიც გვტოვებენ სიცოცხლესთან ერთად.
სასოწარკვეთილება არის იმედის საპირისპირო გრძნობა. ის წარმოიშობა იმის წარმოდგენის გამო, რომ ჩვენ აღარ ძალგვიძს მოვიპოვოთ კეთილდღეობა, რომლისკენაც ვისწრაფვოდით. სასოწარკვეთილებას აქვს თავისი ხარისხები და თავისი, ასე ვთქვათ, მოცულობა. რაც უფრო მაღალია და აუცილებელია ის სიკეთე, რომელიც გვსურდა მიგვეღო, მით უფრო მძიმეა ჩვენთვის ეს გრძნობა. სიცოცხლის ძლიერი სიყვარული აიძულებს ადამიანს ზურგი შეაქციოს სასოწარკვეთილებას. თუ იმედმა ადამიანს უმტყუნა რაიმე ერთ შემთხვევაში, ის რაღაც სხვას ესწრაფვის, მაგრამ თუკი სასოწარკვეთილებამ ძლიერად მოიცვა სული, ის ართმევს სულს ძალას, აჩლუნგებს ყოველ გრძნობას და ამით აცარიელებს სულს, ზოგჯერ კი, როგორი საკვირველიც არ უნდა იყო ეს, უეცარი სასოწარკვეთილება სრულიად საპირისპირო შედეგს იწვევს. ის საოცრად ძაბავს სულისა და სხეულის ძალებს, ისე რომ სასოწარკვეთილი ადამიანი აკეთებს ისეთ საქმეებს, რომლებსაც ვერასოდეს ვერ გააკეთებდა მშვიდ მდგომარეობაში.
§102. შიში და მამაცობა. შიში არის ის უსიამოვნო და მოუსვენარი განცდა, რომელიც ეუფლება ადამიანის სულს მოახლოებული უბედურების ან მოახლოებული საფრთხის წარმოდგენისას. შიშის გრძნობა ეუფლება სულს მოულოდნელად და ძლიერად, ზოგჯერ კი, თუკი სული ნების სიმტკიცით ამარცხებს მას, სუსტდება და აღარ იზრდება. თავდაპირველად ის უბრალო შეშფოთებაა, რომელიც გონებას არა აქვს ნათლად წარმოდგენილი. მაგრამ რაც უფრო ძლიერდება ის, მით უფრო შემაწუხებელი ხდება და ბოლოს იმდენად ეუფლება მთელ სულს, რომ ყველა სხვა გრძნობას ახშობს. ასეთი შიში თავზარად იწოდება. თავზარი იწვევს გაშეშებას, ე.ი. ისე აზიანებს სულისა და სხეულის მთელ ძალას, რომ ადამიანს არ ძალუძს არც აზროვნება და არც მოძრაობა. ამ მდგომარეობაში ადამიანს სახე უფითრდება, თმა ყალყზე დგება, სისხლი გულისკენ მიედინება, ხელები, განსაკუთრებით კი მუხლები, აკანკალებულია, სუნთქვა შეკრულია, ენა უტყვია. თუმცა ზოგჯერ პირუკუც ხდება. ადამიანი, ისევე როგორც სასოწარკვეთილებისას, გრძნობს საოცარ ენერგიას და ამჟღავნებს არაჩვეულებრივ ძალას. უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი გარემოება, კერძოდ ის, რომ თუ შეკრებილია ადამიანთა დიდი რაოდენობა, შიში გადამდები ხდება. აქედან წარმოიშვა სახელწოდება პანიკური შიში. პანიკური შიში ჩვეულებრივისგან განსხვავდება იმით, რომ ის გადადის რა ერთი ადამიანისგან მეორისაკენ, ზვავივით იზრდება.
სიტყვა „მამაცობა“ ხშირად გამოიყენება როგორც აღნიშვნა სულის მდგომარეობისა, რომელიც შიშის საპირისპიროა. მაგრამ მიგვაჩნია, რომ მამაცობა საკუთრივ რაიმე გარკვეული შეგრძნება კი არ არის, არამედ სულის საერთო განწყობილებაა, ე.ი. თავის ძალებში დარწმუნებულობაა და უფრო ხასიათს მიეკუთვნება, ვიდრე სულიერ შეგრძნებებს.
§103. რისხვა მისი ყველა ხარისხით. რისხვა არის სულის ის არასასიამოვნო გრძნობა, რომელიც იბადება ადამიანში ან იმის წარმოდგენისას, რომ მას ართმევენ რაიმე მის კუთვნილ სიკეთეს, ანდა იმ შეურაცხყოფის განცდისას, რომელსაც მას ვინმე სხვა აყენებს. ეს გრძნობა ზოგჯერ ჩვენში იბადება შინაგანი მიზეზებითაც, როცა, მაგალითად, ჩვენ რისამე გამო უკმაყოფილონი ვართ საკუთარი თავით. ამ გრძნობას თითქმის ყოველთვის თან ახლავს მისწრაფება იმისა, რომ გადმოინთხეს რაიმეზე ან ვინმეზე, რაიმეთი დაიკმაყოფილოს თავი. რისხვის გრძნობას აქვს მრავალი ხარისხი და სახე. რისხვის უმდაბლესი ხარისხებია: ა) ჯავრი ანუ გულისტკივილი, როცა ადამიანი რაღაც მოუთმენლობას გრძნობას; ბ) გაღიზიანება, როცა ადამიანი ხშირად ეძლევა რისხვას; გ) ახირება, ასე ეწოდება უმიზეზო, უსაფუძვლო რისხვას, ის უფრო ხშირად ახასიათებს ბავშვებს და გათამამებულ ადამიანებს. რისხვის უმაღლეს ხარისხს ეწოდება მძვინვარება, ზოგჯერ კი - გაცოფება. გრძნობათა ამ უკიდურესი დაძაბვისას ადამიანები კარგავენ ყოველგვარ ძალაუფლებას საკუთარი თავის მიმართ და მზად არიან, ასე ვთქვათ, ყველაფერი გაანადგურონ. შურისმგებლობის გრძნობა, სურვილი რაიმეზე გადმონთხევისა განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება მძვინვარებაში.
§104. ამპარტავნობა. ამპარტავნობა არის გრძნობა, რომელიც იბადება ჩვენში, როცა წარმოვიდგენთ ან, ასე ვთქვათ, გონებით ვჭვრეტთ საკუთარ ნამდვილ ან მოჩვენებით, შინაგან ან გარეგან თვისებებს და როცა ვადარებთ საკუთარ მდგომარეობას და დროებით კეთილდღეობას, მაგ. სიმდიდრეს, წარმოშობას და ა.შ. სხვა ადამიანთა მდგომარეობასა და კეთილდღეობასთან. მას სხვაგვარადაც განსაზღვრავენ: ამპარტავნობა არის გაკვირვება საკუთარი თავით. მართლაც, თუკი კარგად ჩავწვდებით ამპარტავანი ადამიანის სულის მდგომარეობას, აღმოჩნდება, რომ მას შინაგანად თითქოსდა გაკვირვებია საკუთარი თავისა, უპირატესობას ანიჭებს და აქებს თავის ღირსებებს. ყველა გრძნობათაგან ამპარატვნობა უახლოესი ნაშიერია საკუთარი თავის სიყვარულისა და რადგან არ არსებობს ადამიანი საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე, იშვიათია ადამიანიც ამპარტავნობის გარეშეც. საკვირველი ისაა, რომ როგორი უბედური და ბედისაგან დაჩაგრულიც უნდა იყოს ადამიანი, როგორი შეზღუდულიც უნდა იყოს გარეგნული თუ შინაგანი მდგომარეობით, ის ყოველთვის იპოვის შემთხვევას, საკუთარი თავი შეადაროს სხვას და შინაგანად თავის თავს მისცეს უპირატესობა. ხშირად მათხოვრებიც კი ტრაბახობენ ერთმანეთის წინაშე თავისი ძონძებით და აბუჩად იგდებენ ურთიერთს. ამპარტავნობა ხშირად გვაიძულებს საკუთარ თავს ისეთი ღირსებები მივანიჭოთ, რომლებიც არ გაგვაჩნია და გვიშლის ხელს დავინახოთ ის ნამდვილად არსებული ნაკლები, რომელთა ცოდნა ჩვენთვის სასარგებლო იქნებოდა. რა ხშირად ვამაყობთ იმითაც კი, რაც სასირცხვილოა!
ამპარტავნობას არაფერი აქვს საერთო საკუთარი თავის პატივისცემის საქებ გრძნობასთან, რომელიც უნდა იყოს პატიოსანი ცხოვრების საფუძველი და ჭეშმარიტი ღირსების შედეგი. მაგრამ ჩვენ უნდა ვცემდეთ პატივს არა ჩვენს სისუსტეს, არამედ იმას, რაც ჩვენში პატივისცემის ღირსია. ამის შედეგად კი უნდა მივისწაფვოდეთ გამოსწორებისაკენ.
ამპარტავნობას აქვს თავისი სახეცვლილებები და ხარისხები. პატივმოყვარეობა არის მისწრაფება იმისაკენ, რომ ფუჭსა და უმნიშვნელო უპირატესოებებში, მაგალითად, სილამაზეში, მდიდარ ჩაცმულობაში და ა.შ. ვპოვოთ კმაყოფილება. ქედმაღლობა ზოგჯერ ნიშნავს ამპარტავნობის უმაღლეს ხარისხს, ზოგჯერ კი ის სახელია ყოველივე იმისი, რაც სასაცილოა ამპარტავნობაში. გულზვიადობა გამოხატავს ამპარტავნობის უმაღლეს ხარისხს: ის უნებურად ვლინდება გარეგან ნიშნებში, როგორიცაა რაღაც ზეიმურობა მეტყველებასა და მოძრაობებში, მაღლა შემართული თავი, მედიდური გამოხედვა და ა.შ. ყველა ეს ნიშანი იშვიათარ თუ არ არის სასაცილო, რადგან ძალზე ცოტას შეუძლია აქციოს ისინი შინაგანი ღირსების გამოხატულებად.
ბოლოს, საჭიროა აღინიშნოს, რომ ამპარტავნობა ყველაზე ხშირად თვისებაა შეზღუდული და არა ჭეშმარიტად ჭკვიანი და ღირსეული ადამიანებისა. თუმცა ამის ახსნა არ არის ძნელი. მართლაც, ჭკვიანი ადამიანი ვერ იქნება ამპარტავანი, რადგან ის, თუმცა კი გრძნობს თავის თავში მრავალ ღირსებას, მაგრამ, ამავე დროს, კარგად ერკვევა საკუთარ ნაკლოვანებებშიც. და პირიქით, შეზღუდულ ადამიანს არ ძალუძს სწორად შეაფასოს საკუთარი თავი. მას მუდამ ეჩვენება, რომ საკვირველი ღირსებების მქონეა. თუმცა ხვდება და ძალზე ხშირადაც, რომ თვალში საცემი ქედმაღლობით ზოგიერთი შეგნებულად მალავს სულის შინაგან სიცარიელეს.
§105. ზიზღი. რათა კარგად გავიგოთ ეს გრძნობა, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ზოგჯერ მედიდურობის შედეგია, ზოგჯერ კი წარმოიშობა სხვა უფრო კეთილშობილი და საქები გრძნობისაგან. უკანასკნელ შემთხვევაში ზიზღი ყველაზე ხშირად უკმაყოფილებაა ან უსიამოვნო გრძნობაა, რომელიც წარმოიშობა სულში რაიმე მდაბალი ან უღირსი საქციელის ან თვისების წარმოდგენისაგან; და მაშინ ზიზღის გრძნობას მუდამ ემატება წყენა, რაღაც რისხვა რომელიმე პირის ან თვისების მიმართ. მაგრამ თუ ზიზღი იბადება ამპარტავნობისგან, ის არის თითქოსდა აზრისეული დამცირება და არად მიჩნევა ყველა სხვა პიროვნებისა საკუთარ პიროვნებასთან შედარებით.
ზიზღის გრძნობა ზოგჯერ შეიძლება ჩვენი პიროვნების მიმართაც იყოს მიმართული. ხშირად ხდება, რომ ადამიანს, რომელმაც თავისი თავი ზნეობრივ დაცემულობამდე მიიყვანა, საკუთარ პიროვნებაზე ფიქრისას ეზიზღება იგი, საკუთარი საქციელისა რცხვენია და ხშირად ეს გრძნობა გამოიხატება სინდისის ქენჯნაში, საკუთარ თავზე წყენაში და ძალზე მძიმეა, მაგრამ, სამაგიეროდ, ხშირად გამოსწორებისა და კეთილზნიანი ცხოვრების საწყისი ხდება. თუმცა ადამიანის სიყვარული თავისი თავისადმი ისეთია, რომ ის იშვიათად იძულებს თავის ნაკლოვანებებსაც კი.
§106. სირცხვილი. სირცხვილი მძიმე შეგრძნებაა, რომელიც იბადება სულში იმის გაფიქრებისას, რომ ჩვენ ჩავიდინეთ რაღაც არაღირსეული, სასაცილო ან მდაბალი. ზოგჯერ ეს გრძნობა წარმოიშობა არა მარტო საძრახი საქმის ჩადენისას, არამედ მასზე მხოლოდ გაფიქრებისას, სხვისი ცუდი საქციელის დანახვისასაც კი. ამ გრძნობისადმი მეტი თუ ნაკლები მიდრეკილება სხვადასხვა მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ზოგს რცხვენია ძალზე ხშირად და ძალზე ბევრი რაიმესი, ზოგი კი ამ გრძნობას იშვიათ შემთხვევაში განიცდის. აღზრდა, ზნეობრივი მდგომარეობა, ხასიათი და სხვა ვითარებები აპირობებენ სირცხვილის ხარისხს. ვინც კარგი აღზრდა მიიღო, ბალღობიდან შეეჩვია კეთილზნიან აზრებსა და ქცევას, სხვებზე ხშირად და მეტად რცხვენია ყოველივე ცუდისა. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ჩვევას. მანკი, რომელიც თავდაპირველად სირცხვილს გვრიდა ადამიანს, უკვე აღარ იწვევს შეცბუნებას, როგორც კი ადამიანი ეჩვევა მას. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ბევრია ისეთი ადამიანი, უაღრესად და მართლა რომ მორცხვია საზოგადოებაში, მაგრამ ძალიან მამაცია, როცა მარტოა.
სირცხვილის გრძნობა შეიძლება და უნდა იყოს ადამიანთა ქცევის მართვის იარაღი. ის განსაკუთრებით უნდა გამოვიყენოთ ბავშვთა აღზრდისას, რომლებშიც ის ჯერ კიდევ არ არის ჩახშობილი მანკიერებასთან ნაცნობობით.
§107. გაკვირვების შესახებ. გონების ანალიზს ძნელად ექვემდებარება საერთოდ ყველა სულიერი მდგომარეობა, მაგრამ მათ შორის ყველაზე ძნელია გაკვირვების გაანალიზება. ყოველ ადამიანს საკუთარი შინაგანი გამოცდილების საფუძველზე, მეტ-ნაკლებად ესმის, რა არის გაკვირვება. მაგრამ გადმოცემა ან განსაზღვრა სულის ამ მდგომარეობისა თითქოს შეუძლებელია. გაკვირვებას შეუძლებელია მივაწეროთ ისიც კი, რაც წინა მდგომარეობის განმასხვავებელი ნიშანია, კერძოდ, სიამოვნების ან უსიამოვნების შეგრძნება, რადგან გაკვირვება, კაცმა რომ თქვას, გულგრილი მდგომარეობაა. მიზეზი, რომელიც იწვევს ჩვენში გაკვირვებას, არის რაიმე არაჩვეულებრივი, მოულოდნელი და ისეთი რამ, რაც არ ჰგავს ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ შეჩვეული ვართ და ველით საგანთა ბუნებრივი სვლის შედეგად. შემდეგ, ბუნებრივია, რომ გამოცდილი, ჭკვიანი ადამიანი არ განიცდის გაკვირვების გრძნობას ისე ხშირად, როგორც გამოუცდელი, ცოდნამცირე ადამიანი, რადგან პირველისათვის ყველაფერი ცნობილია, წინასწარ განჭვრეტილია, მეორისათვის კი ყველაფერი სიახლეა, გაუგებარია, აი, რატომ უკვირთ ბავშვებს ყველაფერი და ყოველთვის.
ჩვენ ვთქვით, რომ გაკვირვება გულგრილი გრძნობაა, მართლაც, მასში არ არის უკმაყოფილება. თუმცა ზოგჯერ იტყვიან ხოლმე სასიამოვნო გაკვირვება დამეუფლაო, ანდა უსიამოვნო გაკვირვებამ შემიპყროო, მაგრამ ამ დროს გულისხმობენ ისეთ შემთხვევებს, როცა სიამოვნების და უსიამოვნების გრძნობები ჩვენში წარმოიშვა რაღაც მოულოდნელი მიზეზებით და, მაშასადამე, მათში, სიამოვნებისა და უსიამოვნების გარდა, შეერია კიდევ გაკვირვება მოულოდნელობისაგან.