§121. რა არის ყველა სულიერი მდგომარეობის არსება? აქამდე თქმულიდან ცხადია, რომ ყველა სულიერი მდგომარეობის არსებაა სიამოვნებისა და უსიამოვნების შეგრძნება, თუმცა ვნებათა მიმართ უნდა აღინიშნოს მათი ის განმასხვავებელი ნიშანი, რომ ისინი უფრო მეტად სურვილებია, ან ძლიერი მიდრეკილებებია გარკვეული სიამოვნებისაკენ. ეს აზრი მტკიცდება მთელი წინამავალი ანალიზით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობათა არსება ერთნაირია, ყოველი მათგანი იგრძნობა ჩვენს სულში სავსებით განსხვავებულად, ასე რომ ყოველი მათგანი განსაკუთრებულ მდგომარეობად უნდა ჩაითვალოს. სული თავისებურად გრძნობს სიხარულს, თავისებურად - სიყვარულს, თავისებურად - პატივმოყვარეობით დაკმაყოფილებას, თავისებურად სიამოვნებს ანგარების ჟინის კვლა და სხვ. სიყვარულს, მაგალითად, ჩვენ ვგრძნობთ როგორც იმ საგნის მოგონებას ან წარმოდგენას, რომელიც გვანიჭებს სიამოვნებას, ან როგორც ამ საგნისადმი მისწრაფებას; სიხარულს კი როგორც აწმყო, წუთიერ კმაყოფილებას. ანდა, გავარჩიოთ, მაგალითად, ორი მდგომარეობა - შიში და რისხვა. ორივე უსიამოვნო შეგრძნებაა, მძიმე მდგომარეობაა. მაგრამ მათ ძალზე განსხვავებულად ვგრძნობთ და არ ვურევთ ერთმანეთში. შიშისას პირველ ყოვლისა ჩნდება აზრი საფრთხის შესახებ, მოძრაობა მიზნად ისახავს თავი ავარიდოთ, გავშორდეთ ამ საფრთხეს. რისხვაში, პირიქით, შეიმჩნევა მისწრაფება იმისა, რომ ბოროტება მოვუტანოთ, გავანადგუროთ რისხვის საგანი. წუხილი და სირცხვილი ასევე უსიამოვნო გრძნობებია, მაგრამ რაოდენ განსხვავებულად განვიცდით მათ! მწუხარებაში მოქმედებს აზრი, რომ ჩვენ დაგვაკლდა გარკვეული სიამოვნება. სირცხვილისას სულის პირველი მოძრაობაა შიში იმისა, რომ ჩვენ დაცივნის საგანი გავხდით ანდა დავიმცირეთ თავი.
ასევე უნდა შევნიშნოთ, რომ უსიამოვნო სულიერი მდგომარეობები სასიამოვნოზე უფრო მეტი და მრავალფეროვანია და პირიქით, სასიამოვნოები არ არიან ასე მრავალსახოვანნი. ცხადია, ვნების ყოველი დაკმაყოფილება ამავე დროს სულის სასიამოვნო მდგომარეობაა, მაგრამ თავად ვნება, თავისი არსებით, უფრო მეტად უსიამოვნო და არა სასიამოვნო მდგომარეობაა. თანაც ეს დაკმაყოფილება მხოლოდ დროებითია, რადგან ყოველი ვნება სწორედ იმიტომაა ძნელად ასატანი, რომ არასოდეს არაა ბოლომდე დანაყრებული.
დაკმაყოფილება მას უფრო აღაგზნებს, ვიდრე ამშვიდებს. ამით აიხსნება ის, თუ რატომაა ადამიანი ყოველთვის უკმაყოფილო, მუდამ ეძებს უკეთესს და მეტს.
§122. ადამიანზე სულიერ მდგომარებათა გავლენის შესახებ. აქ ჩვენ განვიხილავთ სულიერ მდგომარეობათა გავლენას, ჯერ ერთი, ადამიანის ზნეობრივ მხარეზე, და მეორე, მის ორგანიზმზე.
შეიძლება მივიღოთ ზოგად წესად, რომ საამო სულიერი მდგომარეობების, მაგალითად, სიყვარულის, სიბრალულის, სიხარულის და სხვათა ზეგავლენით, ადამიანი უკეთესი და უფრო კეთილი ხდება. ვინ არ იცის, რომ გულწრფელი სიყვარული, რომლის საგანიცაა პიროვნება ანდა ღირსეული საქმე, აკეთილშობილებს ადამიანს და თვითსრულყოფისაკენ უბიძგებს კეთილი საქმე, აპატიოს შეურაცხყოფა, დაივიწყოს სიბოროტე. რაც უფრო ძლიერია სიხარულის გრძნობა, მით უფრო გულღია ხდება ადამიანი. მას თითქოს სურს, ყველა მასთან ერთად იყოს ბედნიერი.
უსიამოვნო მდგომარეობათაგან ან გრძნობათაგან მხოლოდ ზოგიერთს მოაქვს სარგებლობა ადამიანისათვის, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევებში. ასეთია, მაგალითად, დარდი, განსაკუთრებით კი მისი სახე - სიბრალული. თუმცა ეს უკანასკნელი უკვე არის სულის კარგი თვისების გამოვლენა. დარდი აიძულებს ადამიანს, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და გაიგოს საკუთარი თავი. ის აშოშმინებს ამპარტავნობასა და პატივმოყვარეობას, ადამიანებს სხვების მიმართ უფრო შემწყნარებლად ხდის. ვისაც ბევრი უბედურება განუცდია, ის უკეთესად თანაუგრძნობს მოყვასის ტანჯვას, მაგრამ ყველაფერი ეს ხდება გარკვეული ხარისხით და გარკვეულ ვითარებაში.
სულის ყველა სხვა მდგომარეობები კი თითქოსდა მისი დაავადებებია, ამიტომ მავნე და დამამცირებელია. ავიღოთ, მაგალითად, შიში. ის ამდაბლებს სულს, ართმევს მას ძალებს და უნარებს, სავსებით აჩლუნგებს კიდეც მას. მრისხანებისას ადამიანი კარგავს გონებას და გაუმართლებელ საქციელს სჩადის. სიძულვილი აბრმავებს სულს, აკარგვინებს სიკეთის მიღწევისა და გრძნობის უნარს. ვნებათა გავლენა კიდევ უფრო ძლიერია. ისინი სავსებით იპყრობენ გონებას და ნებას. ამრიგად, სულის ცუდ მდგომარეობებს საერთო აქვთ ის, რომ ისინი აბნელებენ გონებას და იპყრობენ ანდა ასუსტებენ ნებას.
სულიერ მდგომარეობათა მოქმედება სულზე, როგორც ეს ნაწილობრივ ახსნილი იყო ადრე, არანაკლებ ძლიერია. თუმცა არა ყოველი ვნება ავლენს თავს თვალით შესამჩნევ ნიშნებში, ამავე დროს ეს დამოკიდებულია ადამიანის ნებისყოფის ძალაზე და ჩვევაზე. ზოგად კანონად აქაც შეიძლება მივიღოთ ის, რომ სასიამოვნო შეგრძნებები ხელს უწყობენ ჯანმრთელობას, ხოლო უსიამოვნონი, პირიქით, ვნებენ მას. სიყვარული, სიხარული, იმედი გამოაცოცხლებს ხოლმე ადამიანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს საკვების მონელებას, ზოგჯერ მოულოდნელი სიხარული აჯანმრთელებს დასნეულებულს.
ცუდ მდგომარეობებს ზიანი მოაქვთ შედეგად და მით უფრო დიდი, რაც უფრო ძლიერი და ხანგრძლივი არიან ისინი. მწუხარება და დარდი ანელებენ სისხლის მიმოქცევას, აფერხებენ სუნთქვას, ხოლო გაძლიერებისას იწვევენ სასიკვდილო დაავადებებს, მაგალითად, ჭლექს და ა.შ. მრისხანება აჩქროლებს სისხლს, აიძულებს მას იმოძრაოს თავის, გულის მიმართულებით და დამბლასაც კი იწვევს. საერთოდ ის ადამიანი, რომელშიც ეს გრძნობები ბატონობენ, არასოდეს არაა მთლად ჯანმრთელი. პირიქით, ჯანმრთელი ადამიანი უკვე გარეგნულადაც ნათლად გვიჩვენებს, რომ ამ ადამიანში არ არის ეს ვნებები, რომ ის წყნარი ტემპერამენტისაა.
§123. ზოგიერთი სულიერი მდგომარეობის შედეგები. მაგრამ სულიერი მდგომარობების გავლენა ზოგიერთ განსაკუთრებულ ვითარებაში საგანგაშოა, საშიშია. ისინი ზოგჯერ იწვევენ გონების მოქმედების მოშლას, ან სულიერ დაავადებას. მართლად, ზოგიერთი სულიერი დაავადება უშუალო შედეგია ზემოაღწერილი მდგომარეობებისა და ვნებებისა და მთლიანად მათ საფუძველზე აიხსნება. ისინი წარმოადგენენ ხანგრძლივ და ნორმალურ მდგომარეობად გადაქცეულ სულიერ შეგრძნებათა დაძაბულობას ან მის უმაღლეს ხარისხს. ავხსნათ ეს მაგალითების მოშველიებით. მელანქოლია, ცხადია, არის სულის ხანგრძლივი, მუდმივად მჭმუნვარე განწყობა. მელანქოლიით შეპყრობილი შინაგანად იმასვე გრძნობს, რასაც ყოველი სევდიანი ადამიანი, მაგრამ იმ განსხვავებჲთ, რომ მისი მდგომარეობა განუწყვეტლადაა ასეთი და არა დროებით.
მრისხანების აღწერისას ჩვენ ვთქვით, რომ გაძლიერებისას მას უგუნური საქციელი, თავისი თავის დავიწყება მოსდევს შედეგად. მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი ყოველ წუთს ეძლევა შმაგ რისხვას, რომ ეს რისხვა მუდმივად აბნელებს მის გონებას - და თქვენ გექნებათ სრულყოფილი ნიმუში შეშლილობის ერთ-ერთი სახისა (mania firibonela). რისხვის ასეთი დაძაბულობა ადვილად შეიძლება იქცეს უწყვეტ მდგომარეობად და მაშინ გონება საბოლოოდ დაბნელდება და ადამიანი შეიშლება ჭკუიდან.
საერთოდ, ვნებათა ყოველი ძლიერი დაძაბულობა თავისთავად შეშლილობის რაიმე სახეა. რომელიმე ვნებით დაბრმავებული გონება ბჭობს და განმარტავს დამახინჯებულად, თავისი ჯანმრთელი მდგომარეობის საპირისპიროდ. შიშით შეპყრობილი ადამიანის სმენა და ხედვა სრულიად სხვაა, ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში მყოფისა. სიძულვილი მას საგნებს ისე არ წარმოუდგენს, როგორც სიყვარული. ერთი სიტყვით, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ვნებათა ძლიერი მოქმედებისას ადამიანი ახლოსაა შეშლილობასთან. როცა ვნება მუდამ მაღალ წერტილზეა, გონება მაშინ დუმს და ადამიანი ჭკუიდან იშლება.
მაშასადამე, უმაღლესი ვნების მთავარი გამოვლენა ისაა, რომ იგი აბნელებს გონებას და ასუსტებს ნებას, ხოლო თუ იგი გადაიცქევა მუდმივ, ნორმალურ მდგომარეობად, მაშინ გვევლინება, როგორც საშინელი დაავადება - შეშლილობა.
§124. ადამიანში სულიერი მდგომარეობების საწყისის შესახებ. როცა ვაკვირდებით ადამიანის სულის განვითარებას სიცოცხლის სულ პირველი დღეებიდან მოცუხებულობამდე, ჩვენ ვამჩნევთ:
ჯერ ერთი, რომ სულიერი მდგომარეობები აღმოცენდებიან ძალზე ადრე, თითქმის ჩვილი ყრმის ასაკიდან. თუ დააკვირდებით ჩვილ ყრმას, რომელიც ერთ წელზე მეტისაც კი არაა, მასში დაინახავთ ზემოაღწერილ გრძნობათა უმეტესი ნაწილის საწყისს. ბავშვს უყვარს დედა და ძიძა და ეს სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა სიამოვნების გრძნობა, რომელსაც ანიჭებს მას დედა. ჩვენ ვამჩნევთ ბავშვში ეჭვიანობას, რადგან ის ჯავრობს, წყრება, როცა დედა სხვა ბავშვს ეფერება. ეს ეჭვიანობა შეიცავს შურსაცა და მრისხანებასაც. თუმცა ორივე ეს გრძნობა უფრო ნათლად და ხშირად ჩვილ ბავშვში ვლინდება ჟინიანობის, ტირილის და სხვა მოძრაობათა სახით. როცა ბავშვი ხედავს სათამაშოს მეორე ბავშვის ხელში, ის ცდილობს წაართვას ბავშვს ეს სათამაშო და ამ დროს ამჟღავნებს შურსა და წყენას. ხშირად იმისათვის, რომ ვაიძულოთ ბავშვი, დალიოს ან შეჭამოს რამე, საკმარისია მოვაჩვენოთ, რომ გვსურს საჭმელი ან სასმელი მივცეთ სხვა ბავშვს. ეს და ამის მსგავსი ფაქტები ერთად აჩვენებენ, რომ ბავშვის გულში იმალებიან შეჯიბრის და პატივმოყვარეობის ჩანასახები. ამპარტავნობა, ამაო მიზნებით ცხოვრება, სხვათა სიძულვილი მათში რამდენამდე გვიან ვითარდება. მაგრამ უკვე ორი წლის ბავშვი კარგად ამჩნევს იმასაც, რომ ის სხვებზე უკეთ და მდიდრულადაა ჩაცმული, ის ხედავს, რომ მისი მნიშვნელობა უფრო დიდია, ვიდრე ზოგიერთი სხვა ბავშვისა და ამ უკანასკნელებს აბუჩად იგდებს. სამწუხაროდ, ასევე ადრევე ვლინება ბავშვებში გულჩახვეულობა, თვალთმაქცობა, ეშმაკობა და სხვა გაკიცხვის ღირსი გრძნობები. ბავშვის გრძნობების განმასხვავებელი ნიშანი კი მერყეობა და ცვალებადობაა. ბავშვების გრძნობები ძალზე ცვალებადია. მათთან ტირილი და სიცილი მოსდევს ერთმანეთს ყოველგვარი შუალედის გარეშე.
მეორე. სულიერ მდგომარეობებს აქვთ თავისი ასაკი, რომელიც ადამიანის ფიზიკურ ასაკს შეესატყვისება. სიჭაბუკე და მოწიფულობა გრძნობებისა და ვნებების დაძაბვისა და დუღილის დროა. მაგრამ ყველა ვნება და მდგომარეობა როდი შეესატყვისება ამ კანონს. ძალებით სავსე ჭაბუკი ერთგულია მხოლოდ ზოგიერთი გრძნობისა, სხვა გრძნობებზე კი არ ფიქრობს: მას უფრო მეტად იმორჩილენებენ ხორციელი ვნებები, პატივმოყვარეობა, მისწრაფებები პატივისა და დიდებისაკენ.
დაბოლოს, მესამე. მოხუცებულობისას ზოგიერთი სულიერი მდგომარეობა და ვნება სუსტდება, სამაგიეროდ ზოგიერთი, თითქოს კიდევ უფრო ძლიერდება. ყოველ შემთხვევაში, შემჩნეულია, რომ მოხუცებს უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება პატივმოყვარეობისა და სიძუნწის ვნებებისაკენ, ვიდრე ახალგაზრდებს. ეს ორი ვნება ადამიანს კუბოს კარამდე სდევს. განა საკვირველი არ არის - რაც უფრო მეტად უახლოვდება ადამიანი წუთს, როცა საბოლოოდ უნდა გამოეთხოვოს ყოველივე პატივსა და სიმდიდრეს, ზოგჯერ მით უფრო ძლიერად უყვარდება ისინი. თითქოს მხოლოდ გაფიქრებაც კი იმაზე, რომ ყველა ეს განძი და მთელი ცხოვრება უკვე ღალატობს მას, უნდა შეესუსტებინა მასში ეს ვნებები, ამის საწინააღმდეგო რამ კი ხდება.
§125. მშვნიერი საგნებით ტკბობის შესახებ. მშვენიერი საგნებით ტკბობა ღრმად ფსიქოლოგიური მოვლენაა და აიხსნება იმავე საწყისებით, რომლებითაც აიხსნებიან სხვა სულიერი მდგომარეობანი. ჩვენ აქ განვილიხავთ იმას, თუ რა მიზეზი იწვევს ჩვენში სიამოვნებას სხვადასხვა მშვენიერი საგნების ჭვრეტისას.
ჩვენში მშვენიერი საგნებით გამოწვეული სიამოვნების მიზეზია ჩვენს გრძნობებზე შთაბეჭდილების მოხდენის წესი, ან, უკეთ, ჩვენში სხვადასხვა გრძნობებისა და წარმოდგენების თამაშის გამოწვევა.
გრძნობებზე სასიამოვნო შთაბეჭდილებებს ჩვენში ბადებენ ან ე.წ. პლასტიკური ხელოვნების - ფერწერის, ქანდაკების, ხურმოთმოძღვრების ნაწარმოებები, ანდა თავად ბუნების ნაწარმოებები - სხვადასხვა ადგილი, მთები და სხვ. ხელოვნების სხვადასხვა სახეთა ჭვრეტისას ადამიანი ტკბება, ფერწერის ტილოს ხილვისას - სინამდვილის გამოსახვით, ბუნების სწორი გამოხატვით, მხატვრის ხელოვნებაზე ფიქრით. ბუნების ან ხელოვნების დიადი სურათის ჭვრეტისას, ჩვენ ვგრძნობთ გაოცებასაც, შიშსაც, სიბრალულსაც. აქ დაკავებულნი არიან გონებაც, წარმოსახვაც, მოკლედ, ჩვენში აღიძვრება სიცოცხლე, გრძნობათა თამაში. თუ საკითხს უფრო ჩავუღრმავდებით, იმასაც დავინახავთ, რომ მშვენიერი საგნებისგან მოყენებულ სიამოვნებაში მცირე მონაწილეობას როდი იღებს აგრეთვე საკუთარი თავის სიყვარულის გრძნობაც: ჩვენ გვეამება ფიქრი იმაზე, რომ შეგვიძლია შევიგრძნოთ ხელოვნება და დავაფასოთ ის. ერთი სიტყვით, მშვენიერი საგანი მოგვწონს იმიტომ, რომ ის აღძრავს ჩვენში გრძნობათა თამაშს.
ეს უფრო ნათლად ჩანს, როცა ვიხილავთ ჩვენზე პოეტური ნაწარმოების ზეგავლენას. პოეზია იპყრობს ჩვენს წარმოსახვას, აღძრავს მის მოქმედებას და ასევე ყველა სხვა გრძნობას. მიუმატეთ ამას თანახმიანობათა სასიამოვნო თამაში, ენის სიმწყობრე, გონებამახვილობა, პოეტის გრძნობათა სწრაფვანი და თქვენ ნახავთ, რომ აქ შთაბეჭდილების არსებაა სხვადასხვა გრძნობების თამაში. მჭევრმეტყველება უშუალოდ იმისკენ ისწრაფვის, რომ დაარწმუნოს ადამიანი გონიერი საბუთებით და ამავე დროს ამა თუ იმ გრძნობათა აღძვრით. მოკლედ - სულს მოსწონს ის, რაც ამოძრავებს მას, აღძრავს მასში სიცოცხლეს, მოქმედებას.
§126. უანგარო გრძნობების შესახებ. მშვენიერის შესახებ არსებულ მეცნიერებათა თეორიებში ანუ ესთეტიკაში მიღებულია ლაპარაკი უანგარო გრძნობებზე, ე.ი. მშვენიერი საგნებით უანგარო ტკბობაზე. თუ გავიაზრებთ ყველაფერ იმას, რაც აქამდე ითქვა სულიერ მდგომარეობებზე ან გრძნობებზე, ჩვენ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შეუძლებელია სავსებით დავეთანხმოთ მოძღვრებას ამ უანგარო გრძნობების შესახებ. უანგარო სიყვარული, ანდა უანგარო სიამოვნება, ამბობენ ესთეტიკოსები, ისაა, რომ სიამოვნება აღძრულია ადამიანში მატერიალურ სარგებლიანობაზე ყოველგვარი აზრის გარეშე. მაგალითად, თუ მე ვტკბები მშვენიერი სურათით, დიდებული გარემოთი, ლამაზი შენობებით და ა.შ., მაშინ სულაც არ ვფიქრობ სარგებლიანობაზე, რომლის მოტანაც შეუძლიათ ადამიანებისათვის ამ საგნებს.
მაგრამ სიამოვნების ამგვარი დაყოფა ანგარებიანად და უანგაროდ არ არის გამართლებული ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. სიტყვები „სიამოვნება“ და „უანგარობა“ ერთმანეთს უარყოფს. ჩვენი სულისათვის არსებობს ერთი ანგარება - სიამოვნება. სული ტკბება იმით, რაშიც ჩვეულებრივ, სიამოვნებას პოულობს. ვისაც ესმის ხელოვნება, ვინც შეეჩვია ხელოვნების ნაწარმოებთა დაფასებას, იმან, მაშასადამე, შეაჩვია თავი მშვენიერი საგნებით ტკბობას. მაგრამ იგივე ადამიანი ტკბება აგრეთვე თავისი სიმდიდრით და ორივე ეს ტკბობა, თავისი არსებით, ერთნაირია, რადგან როგორც პირველი, ისევე მეორე, სიამის შეგრძნებაა, კმაყოფილებაა, სასიამოვნოა. მე არ უარვყოფ იმას, რომ მშვენიერი საგნებით გამოწვეული სიამოვნება განიცდება სხვაგვარად, ვიდრე სიმდიდრით და ფულით გამოწვეული სიამოვნება: პირველი შეიცავს რაღაც ისეთს, რაც გვამაღლებს, განწმენდს გრძნობებს, აკეთილშობილებს სულს, მეორე - რაღაც ეგოისტურს, საკუთარი თავის სიყვარულით განსაზღვრულს. და მაინც ორივეს არსება ერთნაირია. რატომ გვიყვარს მშვენიერი ნაწარმოები? იმიტომ, რომ ისინი გვანიჭებენ სიამოვნებას. რატომ გვიყვარს სიმდიდრე? იმიტომ, რომ სიმდიდრე არის საშუალება, რომლითაც მოვიპოვებთ ყველა სიამოვნებას, სხვათა შორის, მშვენიერ საგანთაგან მონიჭებულ სიამოვნებას. მოკლედ, ჩვენი სულისათვის არსებობს ტკბობის ერთი საშუალება - ესაა სიამოვნების მიღება ნებისმიერი რაიმედან. ადამიანს უყვარს ფული და სიმდიდრე არა საკუთრივ მათთვისავე, არამედ იმიტომ, რომ ისინი არიან სიამოვნების საშუალებანი. მას უყვარს დიდება, რადგან ის ესიამოვნება მის ამპარტავნობას და ამაოების წადილს. ზუსტად ასევე, მას უყვარს მშვენიერი საგნები იმიტომ, რომ ისინი მასში სიამოვნებას იწვევენ. რომ შეიძლებოდეს რომელიმე სიამოვნების მიჩნევა უანგარო მოვლენად, მაშინ ოქროს დახარბებული და მისი სიკაშკაშით მოხიბლული გარპაგონის ტკბობა (მოლიერის კომედიაში) წმინდა უანგარო სიამოვნებად უნდა ჩაგვეთვალა. დამეთანხმეთ, - ის სულაც არ ფიქრობს ოქროდან რაიმე მატერიალური სარგებლობა მიიღოს: პირიქით, უკვე ფიქრიც კი იმაზე, რომ ოქროსთან განშორება მოუწევს, ძრწოლას იწვევს მასში. მას სიამოვნებას ანიჭებს ოქროს მხოლოდ ხილვაც კი, უკვე ფიქრი იმაზე, რომ ის ამ საუნჯის პატრონია. მოკლედ, ის ტკბება ოქროთი, ისევე, როგორც სხვა ადამიანი ტკბება მხატვრის ტილოთი ან სხვა მხატვრული ქმნილებით.
ამას უნდა დავუმატოთ შემდეგი: ყველა ე.წ. უანგარო სიამოვნებაში შედის გრძნობა, რომელსაც არასგზით არ შეიძლება ეწოდოს უანგარო - ესაა საკუთარი თავმოყვარეობის დაკმაყოფილების გრძნობა. ჩვენ სიამოვნებას გვანიჭებენ ის საგნები, რომლებიც საკუთარ თვალში გვამაღლებენ, ჩვენში ბადებენ ადამიანთა სიდიადის გრძნობას. ასეთია გენიოსის დიადი ქმნილებებების ჭვრეტა, დიდებული ადგილების ხილვა. ამ შემთხვევაში, თუკი უფრო ღრმად ჩავუკვირდებით საკუთარ თავს, ჩვენს პატივმოყვარეობას სიამოვნებს იმის გაფიქრება, რომ ჩვენ ძალგვიძს მოვიცვათ დიადი საგანი. აქ როლს თამაშობს ის ყველა ადამიანისთვის საერთო გრძნობა, რომლის ზეგავლენითაც სხვა ადამიანის გმირობა საკუთარ საქმედ მიგვაჩნია, რადგან ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ.
დედის სიყვარული პატარა შვილისადმი, თითქოს ყველაზე უანგაროა, მაგრამ გავარჩიოთ ის: დედას უყვარს შვილი, როგორც თავისი ხორცი ხორცთაგანი, როგორც თავისი ნაშობი. ის ტკბება შვილით, ასახიერებს მასში თავის გრძნობებს - შვილი მისი ნაყოფია, ჯაფაა, სიამაყეა. აქ ისევე, როგორც ყველაფერში და ყველგან სიამოვნება არის საკუთარი გრძნობის დაკმაყოფილება.
მოკლედ, თუ ფსიქოლოგიის ენაზე ვილაპარაკებთ, უანგარო სიამოვნება არ არსებობს. სული საკუთარ თავში ასხვავებს მხოლოდ სასიამოვნო და უსიამოვნო შეგრძნებებს. ყოველივე სასიამოვნო, ყველაფერი, რაც რაიმე მიზეზით სულს ანიჭებს სიამოვნებას, სულის მისწრაფების საგანია, ყველაფერი უსიამოვნო კი - უარყოფის საგანია.
უანგარო გრძნობები და სიამოვნება, საკუთრივი და მაღალი აზრით შეიძლება ეწოდოს მხოლოდ რელიგიურ გრძნობებს.