წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

მეორე განყოფილება

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

თავი მერვე

ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების
შესახებ სულიერ ცხოვრებასთან

§153. თავის შინაარსი და დაყოფა. იმის შემდეგ, რაც წინა თავში ზოგადად გადმოვეცით სხეულსა და სულს შორის ურთიერთდამოკიდებულების არსებობა, შევუდგეთ ცალკეული ორგანული სისტემის სულთან დამოკიდებულების გამოკვლევას. წინასწარ მაინც საჭიროა შევნიშნოთ, რომ ზოგიერთი ორგანული სისტემა სულის მხოლოდ შემეცნებით უნარებთანაა დაკავშირებული (ნერვული სისტემა და განსაკუთრებით თავის ტვინი), ხოლო სხვანი ზეგავლენას ახდენენ უფრო ნებელობით და სამოქმედო უნარებზე, ვიდრე შემეცნებითზე და ხელს უწყობენ ე.წ. ტემპერამენტის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ამ თავში რამდენადმე დაწვრილებით განვიხილავთ საკითხებს: როგორ შეიძლება ნერვული სისტემა აზროვნების იარაღს წარმოადგენდეს? ასევე, რა ზეგავლენას ახდენენ აზროვნებაზე სხვა სისტემები?

 

ა) სულთან ნერვული სისტემი დამოკიდებულება

§154. ამ დამოკიდებულების არსი. პირველ თავში ჩვენ უკვე აღვწერეთ ნერვული სისტემის ცენტრი, ასევე, განცდის და მოძრაობის ნერვთა მოქმედება, მაგრამ ეს აღწერა არ იყო სრული, ვინაიდან იგი მიმართული იყო კერძო მიზნისაკენ და მასში ვლაპარაკობდით ამ საგანზე მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საჭირო იყო იგი ამ მიზნის მისაღწევად. ახლა კი დაწვრილებით უნდა გავარკვიოთ - რა გავლენას ახდენს ნერვული სისტემა სულიერ მოქმედებაზე.

რაც არ უნდა ილაპარაკონ კლენკეს მსგავსმა თეორეტიკოსმა ფიზიოლოგებმა, რომელთაც სურთ დაუმორჩილონ ფაქტები წინასწარ შერჩეულ თეორიებს, ნერვული სისტემის არსებითი დანიშნულება მაინც ისაა, რომ გრძნობის ორგანოებზე გარეშე საგანთა შთაბეჭდილებები გადასცეს გრძნობის ცენტრს, სადაც მათ სული აღიქვამს. ეს არის ფაქტი, რომელსაც მუდამ ადასტურებს ცდისეული ფიზიოლოგია. ეს მეცნიერება ამტკიცებს, რომ ნერვების გარეშე არ არსებობს განცდა, რომ ადამიანი გრძნობს და განიცდის მხოლოდ იმ სხეულებრივ ცვლილებებსა და გაღიზიანებებს, რომელთაც ნერვები გადასცემენ ტვინს. ის ვარაუდი, რომ პერიფერიებს, ანუ გარეგან ორგანოებს თვითონ, ნერვების გარეშე, ძალუძთ შეიგრძნონ, რომ სული აზროვნებს კიდეც მათში არაცნობიერად, ყოველთვის დარჩება უცნაურ ჰიპოთეზად. ამიტომ კლენკეს მოჰყავს რა ბუნებისმეტყველ ოკენის სიტყვები: „სხეულის ყოველ ნაწილს ახასიათებს გაღიზიანება და მგრძნობელობა თავისთავად, ნერვებისაგან დამოუკიდებლად, ვინაიდან ყოველი ნაწილი სხვაა, ვიდრე სრულყოფილებამდე მისული ნერვების უხეში გარსი“, უმატებს: „მაგრამ უდავოა, რომ მგრძნობელობა ნერვული მასის დამახასიათებელია და ყოველი განმცდელი იძენს ამ უნარს იმდენად, რამდენადაც წარმოადგენს ნერვული მასის გარდაქმნას. ამიტომ ყოველ ფორმაციას ან ქსოვილს გააჩნია მგრძნობელობის განსხვავებული ხარისხი იმის მიხედვით კი არა, თუ რა რაოდენობის ნერვები იყრიან მათში თავს, არამედ ძირითადი ქსოვილის გარდაქმნის ხარისხის მიხედვით“. მაშასადამე, დავუმატებთ ჩვენი მხრით, არ არის და არც შეიძლება იყოს მგრძნობელობა ნერვების გარეშე.

§155. ნერვების მოქმედების გვარობა. ნერვების მოქმედების გვარობას, ანუ იმას, თუ როგორ გადააქვთ ნერვებს შთაბეჭდილებები პერიფერიიდან ცენტრში, ბატონი კლენკე ხსნის შემდეგი შედარებით: „ვისაც სურს სრული წარმოდგენა შეექმნას პირველად ნერვულ ბოჭკოებსა და მათ მოქმედებაზე, შეხედოს გალვანურ ტელეგრაფს, როგორც ნერვული მოქმედების უახლოეს ანალოგს. გალვანური ტელეგრაფის მავთული ქმნის შეკრულ წრედს ორი პოლუსით, რომელნიც წარმოადგენენ ისეთ ერთიანობას, რომ მცირეოდენი ცვლილებაც კი ერთ პოლუსზე, ზემოქმედებს მეორეზე, რამდენიმე მილით რომაა მისგან დაცილებული. საკმარისია წრედი გაწყდეს, რომ დაპირისპირებულ პოლუსთა პოლარობაც ქრება. ნერვულ ბოჭკოს ასეთივე ფორმა გააჩნია: იგი თავისი პერიფერიული ბოლოთი შებრუნდება და უწყვეტი სახით მიდის უკან ცენტრისაკენ, თავის დასაწყისთანვე. გალვანური მოქმედების მსგავსად მასში ბრუნავს ეთეროვანი ნივთიერება და მხოლოდ იმ ხაზების განსხვავებაზეა დამოკიდებული ნერვული ბოჭკოების შეკრული წრედის მგრძნობელობა თუ მამოძრავებელი მგრძნობელობა, რომელთა გზითაც მიმდინარეობს ცენტრიდანული და ცენტრისკენული მოქმედება“.

„ცენტრის ნერვული სისტემა ამ ნივთიერად შესამჩნევი სახით აღიქვამს შთაბეჭდილებებს  ყველა ორგანული სფეროდან  და უკუზემოქმედებს მათზე“.

„როგორც ცენტრალური, ისე სხვა ნერვების საწყისი ფორმები წარმოადგენენ სფერულ სხეულებს და ცილინდრულ მილებს. პირველნი, რომელნიც ნერვულ ბურთულებად, ნერვულ ბუშტულებად, ან საფარველ მასად იწოდებიან, ვალენტინის მიზიდვით იმყოფებიან ყველგან ნერვულ მილაკებთან, ანუ პირველად ბოჭკოებთან ერთად. ცილინდრული მილები კი ამ ბურთულაკებსა და ორგანიზმის სხვა ნაწილებს შორის გამტარების როლში გამოდიან. ისინი, როგორც წვრილი ძაფები, გაივლიან სხეულის ყველა კიდე-ნაპირს, რის შემდეგაც შებრუნდებიან და ერთდებიან ცენტრში თავის საწყისთან. ამრიგად, თავის ტვინში იმყოფება უთვალავი ძაფის ცენტრალური პუნქტი. ეს ძაფები მოდიან ყველა ორგანოდან, ერთმანეთს უახლოვდებიან ზურგის ტვინში და ბოლოს აღწევენ თავის ტვინამდე. თავის ტვინშია სწორედ მათი ცენტრი და მობრუნების წერტილი, სადაც მოდიან ისინი და საიდანაც კვლავ ბრუნდებიან“.

აქ, ცენტრალურ ორგანოში, ნერვულ ძაფთა უთვალავი ხვეულის სიახლოვეს თავს იყრის სფეროსებრი მასა - ნერვული ბურთულები, რომელთა დინამიკურ თუ მატერიალურ ცვლილებებზეა დამოკიდებული ნერვების მთელი ცხოვრება, მათი მოქმედება და გამტარიანობა. ყოველივე, რასაც ნერვები ატარებენ ორგანოებიდან, გარეშე საგანთა ყველა შთაბეჭდილება იწვევს საფარველი მასის ცვლილებებს და რაც უფრო ხშირად და თავისუფლად ხდება ეს ცვლილებები, მით უფრო განვითარებული მოჩანს იგი, მით უფრო მეტი ბურთულები მოდიან ნერვებთან შეხებაში და მით უფრო სუფთაა სულის გრძნობები და უკუქმედებანი. ყოველ ახალ შთაბეჭდილებასა და ახლა გრძნობასთან ერთად ახალ მდგომარეობაში აღმოჩნდება ბურთულოვანი მასაც. ძველ მდგომარეობათა და წარმოდგენათა გახსენების დროსაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მასამაც ძველი მდგომარეობა მიიღო. ამასთან, აღსანიშნავია უახლეს დროში აღმოჩენილი ფაქტი, რომ რაც უფრო გრძელ გზას გაივლიან ნერვული ძაფები ამ მასაში და რაც უფრო იზოლირებული და მოკლე იქნება ბოჭკოს გზა პერიფერიიდან ცენტრამდე - ტვინამდე, მით ძლიერი იქნება სასიცოცხლო ენერგია. სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს შედარებით უფრო განვითარებული ცხოველების, განსაკუთრებით კი ადამიანის ტვინში.

ვერ ვიტყვი, რამდენად დაეთანხმებიან განსწავლული, გამოცდილი ფიზიოლოგები კლენკეს იმ შეხედულებას, რომ გრძნობისა და მოძრაობის ნერვები სხვადასხვას კი არა, ერთსა და იმავე ძაფს წარმოადგენდეს, რომელიც ჩაბრუნებული და შეკრულია გალვანური დენის წრედის მსგავსად, რომ შთაბეჭდილებათა გადატანა ორგანოებიდან ცენტრისკენ და უკუქმედება ცენტრიდან პერიფერიებისაკენ წარმოადგენდეს სხვას არაფერს, თუ არა გალვანურ, ცხოველურ დენს. ბევრი ცდის მიმდევარი სწავლული ფიზიოლოგი უარყოფს გალვანობისა და ნერვული მოქმედების პრინციპის ერთგვარობას. თუმცა სულის შესამეცნებლად სულ ერთია, როგორც არ უნდა გადაწყდეს ეს კამათი. ფსიქოლოგიისათვის ისიც საკმარისია, რაც ამ მიმართებით პოზიტიურად ცნობილია.

§156. რას ნიშნავს სინამდვილეში არაცნობიერი აზროვნება? აქ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ფიზიოლოგიურ ფაქტს, რომელიც თვით კლენკეს მოყავს და იწვევს ინტერესს იმ მიმართებით. რომ იგი გაცილებით მარტივად გვიხსნის იმას, რასაც კლენკე სულის არაცნობიერ აზროვნებას უწოდებს. წინა პარაგრაფში ვილაპარაკეთ იმაზე, რომ რაც უფრო იზოლირებულად და მოკლედ გადააქვს ნერვულ ძაფს შთაბეჭდილებანი, მით უკეთ ატარებს იგი ნერვულ დენს ტვინისაკენ და ამდენად მგრძნობელობაც მით უფრო მკაფიოა; ასეთია გრძნობათა ხუთი ორგანოს ნერვები. მაგრამ ყველა ნერვს როდი გააჩნია ეს უპირატესობა. უკეთესია მოვუსმინოთ თვით კლენკეს: „მეცნიერთა ძველი შეხედულების საპირისპიროდ, ყველა განგლიოზურ ნერვს გააჩნია პოლუსის ცენტრალური კვანძი თავის ტვინში, თუმცაღა პირდაპირ კი არ მიემართებიან ამ ცენტრალური წერტილისაკენ, არამედ გზაზე მანამდე აწყდებიან განსაკუთრებულ ნაწილებს - განგლიებს, რომლებიც შედგებიან ე. წ. ცენტრალური საფარველი მასისგან და სხვადასხვა ადგილას ეკვრიან წარმოქმნადი სიცოცხლის პირველად ბოჭკოებს. მათი მიზანია შეცვალონ აქ მიმდინარე ცენტრალური, ინერვაციული მოქმედება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ნერვული დენი, იქნება ის მგრძნობელობის თუ უკუქმედების, მით უფრო წმინდა, იზოლირებული და ნათელია, რაც უფრო იზოლირებული და მოკლეა ბოჭკოს გზა პერიფერიიდან ცენტრისკენ; აქედან, რაც უფრო განცალკევებით და შორს გაივლის ის თავის ტვინის საფარველ მასაში, მით უფრო სწრაფად იქცევა შთაბეჭდილება მგრძნობელობად, ხოლო რეაქცია მაღლდება ნების მოქმედებამდე“.

წარმოქმნადი, არაცნობიერი სიცოცხლის ნერვებს (მომნელებელი, სისხლის მიმოქცევის, ლიმფური და სხვები), არ გააჩნიათ ეს უპირატესობანი. ამიტომ, მათ მიერ თავის ტვინში გატარებული შთაბეჭდილებები რჩებიან ბუნდოვან შეგრძნებებად და მხოლოდ ძლიერი გაღიზიანების მომენტები აღწევენ ცნობიერების სფეროს წინათგრძნობისა და სურვილის, ორგანული მდგომარეობის ბუნდოვანი შეგრძნებებისა და ანგარიშმიუცემელი უკუქმედების სახით. ეს მომენტები ცნობილია მესმერიზმის, სომნამბულიზმისა და რაბდომანტიზმის სახელწოდებით“.

ყოველივე აქედან ჩანს, რომ ყველა ნერვი ერთნაირად როდი აისახება თავის ტვინში და ამრიგად, ყველას არც ერთნაირად მკვეთრი შეგრძნებების გამოწვევა შეუძლია. ორგანიზმში ისეთი ცვლილებებიც ხდება, რომელთაგან იშვიათად აღწევენ თავის ტვინამდე შთაბეჭდილებანი, თუ აღწევენ, ისიც ბუნდოვანი, არაცნობიერი შეგრძნებების სახით. სწორედ ეს ბუნდოვანი შეგრძნებები, ანუ, უკეთ, ეს ცვლილებებია ორგანიზმში არაცნობიერ აზროვნებად რომ იწოდება კლენკესთან. მაგრამ აზროვნება ხომ ისაა, რაც სულმა გარკვევით შეიცნო; მის საფუძვლად უნდა ვივარაუდოთ მხოლოდ ის შთაბეჭდილებები და ცვლილებები, რომელნიც სულში მკვეთრად აისახნენ. ის ცვლილებანი და შთაბეჭდილებები კი, რომელთაც სული ვერ განაწყვეს ყურადღებით, ან სულმა არ მოაქცია თავისი აზროვნების ფორმებში, სულისათვის უცხოდ რჩებიან ისევე, როგორც გარეგანი სამყაროს ის მოვლენები, რომელთაც არ მოუხდენიათ გრძნობებზე შთაბეჭდილებები, ანდა, თუ მოახდინეს, სულს არ მიუქცევია მისთვის ყურადღება. ამდენად, არ არსებობს რაიმე საფუძველი იმისათვის, რომ ორგანულ ცვლილებებს ვუწოდოთ სულის არაცნობიერი აზროვნება, ვინაიდან სული არც ცნობს მათ და არც აზროვნებს მათ შესახებ. თვით გამოთქმა - „არაცნობიერი აზროვნება“ - შეიცავს წინააღმდეგობას ტერმინებს შორის.

§157. საერთო მგრძნობელობის შესახებ. კლენკეს ორგანული ფსიქოლოგიის 22-ე პარაგრაფი თავისი შედეგების მიხედვით უპირატესად ღრმააზროვანი და მნიშვნელოვანია. იმის შემდეგ, რაც მან გვიამბო, რომ: 1. ნერვულ ძაფთა პროპორცია არაჩვეულებრივად მრავლრიცხოვანია, 2. მთელი ორგანიზმი თავისი ყველა ნაწილით უთვალავი ძაფების საშუალებით უკავშირდება თავის ტვინს, 3. ამ ნერვებით მიედინება უწყვეტი ინერვაციული დენი ტვინისაკენ და ტვინიდან, კლენკე უმატებს: „ყველა ნერვული ძაფი ცენტრალური ორგანოსკენ განუწყვეტლივ ატარებს არაცნობიერ, ანუ ცნობიერებაში შეღწეულ გარეგან შთაბეჭდილებებს. ცენტროფუგალური ინერვაციის ყოველი ბოჭკო ცნობიერად თუ არაცნობიერად, გამუდმებით ატარებს სულის თვითნებობას, სასიცოცხლო იდეის ნებას ინდივიდუალური სიცოცხლის ყველა სფეროსაკენ და ამ შინაგანი მოღვაწეობიდან, მთელი იდეალური და რეალური ცხოვრების ამ გარემოდან უნდა წარმოშვას ინდივიდუმის საერთო მდგომარეობა, რომელსაც ფიზიოლოგები საერთო გრძნობას უწოდებენ“.

„ეს საერთო გრძნობა გამოდგება იმის ასახსნელად, თუ ორგანიზმის ყოველ სფეროში მიმდინარე მოვლენები, მათი გარე გავლენები, ბოლოს, აზროვნება, სურვილების და სასიცოცხლო იდეის რეალიზაცია გარკვეულ პირობებში როგორ გადაიქცევა სულის ცნობიერი ძირითადი წყობის გაბატონებულ მომენტად: ასევე, არაცნობიერი სიცოცხლე, რომელიც მოედინება არაცნობიერი განგლიოზური მასის ნერვული ძაფებით თავის ტვინისკენ და პირუკუ, როგორ აღწევს ცნობიერი მომენტის საფეხურს იმიტომ რომ ე.წ. საერთო გრძნობა ამაღლებულია არანორმალურ მდგომარეობამდე“.

§158. საკუთრივ თავის ტვინის მოქმედების შესახებ. ჩვენ ვთქვით, რომ ორგანიზმის ყოველი წერტილი პირველადი ბოჭკოების საშუალებით დაკავშირებულია თავის ტვინთან, რის გამოც ყოველგვარი მდგომარეობა, პერიფერიის ყოველგვარი ცვლილება მაშინვე მეორდება ტვინში. მაშასადამე, ტვინში თავს იყრის ორგანიზმის მთელი ცხოვრება, მხოლოდ მასში შეუძლია სულს შეიგრძნოს და შეიგნოს მთელი თავისი სხეული. ამდენად, რაც უფრო მეტი პირველადი და უკეთ იზოლირებული ბოჭკოები შემოდიან მასში რომელიმე ორგანული სფედან, რაც მეტია ტვინში ცენტრალური წერტილები, და ბოლოს, რაც მეტია ტვინში ბოჭკოების საფარველი მასა, მით უფრო ძლიერი და ნათელი უნდა იყოს სულის შეგრძნება. აქედან გამომდინარეობს, რომ თავის ტვინის აღნაგობის, მასისა და სხვა თვისებების საშუალებით შეიძლება უკვე როგორღაც ვიმსჯელოთ ადამიანის გონებრივი განვითარების შესახებ, მაგრამ არც ისე გადაჭრითა და უტყუარად, როგორც ბევრს ჰგონია.

სულის უმაღლეს უნარს გააჩნია თავისი ადგილსამყოფელი ორგანო, და ასე ვთქვათ, იარაღი თავის ტვინში; სულის ყოველი ცვლილება და მოქმედება უპირველესად ყოვლისა აქ იჩენს თავს. ეთერულ ნერვულ ბურთულებში არსებული ეს ცოცხალი და მოქმედი ძალა გაცილებით უფრო მოძრავია, ვიდრე გალვანური დენი. საკმარისია ვთქვათ, რომ სულის ყოველ წარმოდგენას (ასეთი კი რამდენია სულში!) თან ახლავს საფარველი მასის გარკვეული ნაწილების განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც წარმოდგენის განმეორების შემთხვევაში თვითონაც განიცდის განხლებას ისე, რომ ჩვენ ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ წარმოდგენას თავის ტვინის ნაწილებში სათანადო ცვლილებათა განმეორების გარეშე. ასეთი განმეორება უნდა მოხდეს მაშინაც, როდესაც სულს სურს დიდხანს და უკეთ დაიმახსოვროს თავისი წარმოდგენები. კლენკეს წიგნში მოტანილია კარუსის ჩინებული შედარება, რომელიც აგვიხსნის სულის მოქმედების წესს თავის ტვინის მეშვეობით. სიამოვნებით ვახდენ მის ციტირებას: „წარმოვიდგინოთ ისეთი ოთახი, რომლის კედლები მოფენილია მრავალი სარკით. ამ სარკეებს აქვთ თვისება - ყოველი გამოსახულება, მათში მაგნიტური გზით გარედან რომ შემოდის, აირეკლოს კაცისაკენ, რომელიც ოთახის შუაგულში ზის და იხილავს რა ანარეკლს ერთხელ, თითქოს მიაქვს და ინახავს თავისთვის სამუდამოდ, როგორც თავის საკუთრებას. ამ გზით ეს კაცი იღებს და ინახავს უამრავ გამოსახულებას, რომელთაც შემდეგ მოიხმარს თავისი სურვილისამებრ, მხოლოდ შემდეგი პირობით: რომელიმე გამოსახულების გახსენების დროს, თუ მოისურვებს მის ხელმეორედ ხილვას, უნდა შეხედოს იმ სარკეს, რომლის წყალობითაც მან პირველად მიიღო იგი. მაშინ ელვისებურად გამოჩნდება სუფთა და ნათელი გამოსახულება, თუ სარკე სუფთა და მთელია, ბუნდოვნად - თუ სარკე დაბურულია, ნაწილობრივ - თუ სარკე დასვრილი ან გაბზარულია; შეიძლება სრულიადაც არ გამოჩნდეს ან უხილავ იქნას, თუ სარკე მთლად გატეხილი ან მთლად გამკრთალებულია. ეს სარკეები ინარჩუნებენ სისუფთავეს და სიმრთელეს მხოლოდ მათი ხშირი გამოყენების შემთხვევაში ე.ი. აუცილებელია გარედან მსგავსი გამოსახულებების ხშირი გატარება, ან მათი შიგნიდან დათვალიერება, რათა სარკემ შეინარჩუნოს თავისი მოქმედუნარიანობა. მაგრამ შეიძლება თანდათანობით ისეც მოხდეს, რომ არასაკმაოდ გამოყენების, გარეგანი დაზიანების თუ სხვა შემთხვევებში სარკეები ფერმკრთალდება და მოსახმარად გამოუსადეგარი ხდება კაცისთვის; მათ შეიძლება დაკარგონ უნარი მაგნიტური გზით „მოიხმონ“ კაცისთვის ახალი გამოსახულებანი, ხოლო თვით კაცს კი აღარ შეეძლება თავის თავიდან გამოიწვიოს ძველ სარკეებზე ის გამოსახულებანი, რომლებიც მის საკუთრებად იქცნენ. მიუხედავად ამისა, სარკეების წყალობით ადრე მიღებული გამოსახულებანი რჩებიან მასთან მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში, თუმცა მას არასდროს არ შეეძლო გაემართა სარკეების ახალი პანორამა, მის ძალას რომ აღემატებოდა“. იმის დასამტკიცებლად, რომ თითქმის ყოველ წარმოდგენას უნდა გააჩნდეს თავისი შესატყვისი ორგანო ტვინში, ანუ შესატყვისი ცვლილება მის ნაწილებში, კლენკეს მოყავს იმ ავადმყოფის მაგალითი, რომელმაც ტვინის ადგილობრივი დაზიანების შემთხვევისას დაკარგა ერთი წარმოდგენა - მას აღარ ძალუძდა ჭიქიდან დალევა; ფაქტიურად კი წარმოდგენის ორგანოები უცვლელი დარჩა, საჭირო იყო მხოლოდ ავადმყოფს სმის დროს ჭიქა სჭეროდა ხელში. მეორე მაგალითად ერთი ჯარისკაცია წარმოდგენილი, რომელმაც ტრეპანაციის დროს დაკარგა ტვინის ნაწილი და უეცრად დაივიწყა რიცხვები 5 და 7. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ძლივს შეძლო მათი ხელახლა დასწავლა.

და მაინც არავის არ ძალუძს აღნიშნოს ტვინში ორგანოები მათი კერძო წარმოდგენებითურთ, ვინაიდან ტვინის ორგანოები, მისი ბუშტულები იმდენად ნაზი, იმდენად შეუვალი არიან ანალიზისათვის, რომ შეუძლებელია მათი შესწავლა თვით საუკეთესო მიკროსკოპებითაც კი.

§159. შენიშვნები სულის არსის შესახებ. ვისარგებლებთ მოყვანილი ფაქტებით, რათა კვლავ დავამტკიცოთ ის, რის დასაბუთებასაც ვცდილობდით პირველ თავში ტვინის აგებულების საფუძველზე, კერძოდ - არამატერიალურობა და განუყოფლობა იმ არსებისა, რომელიც აღიქვამს ტვინის ყველა შთაბეჭდილებას. მართლაც, ის ფაქტები, რომლებიც მიგვანიშნებენ სულის ქმედებათა ტვინისაგან მჭიდრო დამოკიდებულებაზე, ნაცვლად იმისა, რომ მოუმზადონ საყრდენი მატერიალიზმს, შეიცავენ ძლიერ, ურყევ და სრულიად უდავო საბუთს ადამიანის სულის განუყოფლობის და გონიერების სასარგებლოდ.

ტვინის გარდა რომ ადამიანში არ ყოფილიყო ერთიანი, განუყოფელი არსება, მაშინ ასეთ სურათს მივიღებდით: ადამიანის ყოველი უნარი ცალკე სუბსტანციად წარმოდგებოდა: აზრი განეკუთვნებოდა ერთ განსაკუთრებულ ნაწილს, ნება - მეორეს, სურვილები - მესამეს და ა.შ. ესეც ცოტაა - ადრე მოტანილმა მაგალითებმა გვიჩვენეს, რომ ყოველ წარმოდგენას გააჩნია თავისი საკუთარი ორგანო (ჯარისკაცთან 5-ისა და 7-ის წარმოდგენას), მაგრამ ვინ იქნება ისეთი გულუბრყვილო, რომ არ შეამჩნიოს: ტვინის მთელი ეს ბუშტულები, მთელი ტვინი წარმოადგენს მხოლოდ იარაღს იმ ერთი განუყოფელი სუბსტანციისა, სულიერი მონადისა, რომელიც თავის თავში ითავსებს ყველა აზრსა და უნარს, იყენებს ტვინს, როგორც მუსიკოსი ინსტრუმენტის სიმებს, რომელთაც გარკვეული მოქმედების კვალობაზე გამოაღებინებს სასურველ ხმებს. სასაცილოა ვიფიქროთ, რომ შვიდისა და ხუთის წარმოდგენებს შეიცავდნენ ტვინის სწორედ ის ატომები, რომლებიც ხსენებულმა ჯარისკაცმა დაკარგა, ან რომელიც ოპერაციის დროს დაზიანდა. ცხადია, უნდა ვიფიქროთ პირიქით: გარკვეული ბუშტულები იყვნენ ამ წარმოდგენების მხოლოდ ორგანოები, დროებით მან დაივიწყა თვით წარმოდგენებიც, მაგრამ შემდეგში კვლავ დაიბრუნა ისინი, ე.ი. უნდა ვივარაუდოთ, რომ სულმა ამ წარმოდგენების იარაღებად აქცია სხვა ატომები, ანუ ტვინის ბუშტულები. ამდენად, სულიერ წარმოდგენებზე ორგანულ მოვლენათა გავლენის შესახებ აქამდე მოყვანილმა ყველა მაგალითმა, ყველა ამ ფაქტმა, რომელიც აჩვენებს აზროვნების დამოკიდებულებას ორგანულ სისტემებზე, არ უნდა მიიყვანოს არავინ იმ აზრამდე, რომ თითქოს სული წარმოადგენდეს რაღაც სხეულებრივ არსებას; რაღაც სუბმტრატს, ორგანიზმის ესენციას, როგორც ეს შეიძლება მოგვეჩვენოს კლენკეს წიგნისა და მისი მსგავსი სისტემების კითხვის დროს; პირიქით, ეს მაგალითები და ფაქტები მთელი ძალით გვარწმუნებენ სულის არანივთობრივ ხასიათში,

მეტი თვალსაჩინოებისათვის წარმოვიდგინოთ ტვინის რაიმე ნაწილი, რომელიც 18 ატომისაგან შედგება და თითოეული მათგანი 18 განსხვავებულ წარმოდგენის ორგანოდ ჩავთვალოთ. თუ ტვინში არ იქნებოდა ერთი მონადა - სული, ერთი არამატერიალური არსება, რომელიც ითავსებს და ადარებს ერთიმეორესთან ყველა ამ წარმოდგენას, მაშინ დაისმოდა კითხვა: როგორ შეიძლებოდა შემდგარიყო მსჯელობები ამ 18 ცალკეული ბუშტულისა თუ წარმოდგენის ორგანოდან? არ დაგვავიწყდეს, რომ მსჯელობა - ეს ორი წარმოდგენის შედარებაა. დავუშვათ, რომ გარკვეული მსჯელობის მისაღებად უნდა შევადაროთ 1-ლი და მე-18 ბუშტულებში არსებული წარმოდგენები: ვინ ახდენს ამ შედარებას?

ნუთუ თვით პირველი და მეთვრამეტე ბუშტულები? მაგრამ ეს ხომ უაზრობა იქნებოდა, ვინაიდან მაშინ უნდა დაგვეშვა ჩვენში იმდენი შემდარებელი სუბსტანციის არსებობა, რამდენიც მსჯელობა გაგვაჩნია. ამდენად, საღად მოაზროვნე ადამიანს არ შეუძლია არ დაინახოს, არ დარწმუნდეს, ასე ვთქვათ, ხელშესახებად, რომ ადამიანში არსებობს რაღაც განსაკუთრებული, მიუწვდომელი არსება, რომელიც თავის თავში აერთებს ყველა ამ ატომთა მდგომარეობას, ადარებს ტვინის ბუშტულების ყველა ამ უსასრულო ცვლილებებს, მასში შეგრძნებათა ფორმით რომ აისახებიან.

მაგრამ ამ საკითხის უფრო ყურადღებით განხილვამ შეიძლება შემდგომ მოსაზრებამდე მიგვიყვანოს: აქამდე ჩვენ ვლაპარაკობდით ნერვულ დენებზე, რომელთაც მიაქვთ რა შთაბეჭდილებანი ტვინამდე, იწვევენ თავის ქალის ბუშტულიანი საფარის ცვლილებას. ვილაპარაკოთ იმაზეც, რომ ამ ცვლილებების, ტვინის ნაწილების ამ დაძაბულობის გარეშე, არ იქნებოდნენ არც გრძნობები, არც წარმოდგენები. მაგრამ ვიკითხოთ: რაში მდგომარეობს ნერვული დენის ტვინზე შთამბეჭდავი ზემოქმედების არსი? რა ცვლილებებს იწვევენ ეს შთაბეჭდილებანი ტვინის მიკროსკოპულ ბუშტულებში? ან სხვაგვარად, რაში მდგომარეობს არსი იმ ანაბეჭდისა, შთაბეჭდილებისა, რომელსაც ნერვული დენი ახდენს ტვინში წარმოდგენის გამოსაწვევად და რომელიც კვლავ უნდა გამეორდეს ტვინში, როდესაც ვიხსენებთ იმავე წარმოდგენებს?

ამ კითხვებზე პასუხში ამოიკითხება განსხვავება ჩვენს შეხედულებას და კლენკესა და მთელი უახლესი ფსიქოლოგების შეხედულებას შორის. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული ჩვენი შეხედულების ჭეშმარიტებაში, ვინაიდან მას ადასტურებს ყველა ფიზიოლოგიური ფაქტის მიუკერძოებელი განხილვა ჩვენს მიერ.

კლენკე და ყველა უახლესი ფიზიოლოგი თუ ფილოსოფოსი ფიქრობენ, რომ თვით ეს შთაბეჭდილებანი, ბუშტების თვით ეს ცვლილებანი წარმოადგენენ შეგრძნებასა და გრძნობებს იმდაგვარად, რომ აქედან გამომდინარეობს: ყველაფერს ხედავს, ისმენს და გრძნობს თვით ტვინი. მეტიც, კლენკეს თვით ცალკეული ორგანოები, ან სხეულის სისტემები აღჭურვილი აქვს გრძნობისუნარიანობით; იგი იმასაც ფიქრობს (რაც უფრო უცნაურია), რომ სული აზროვნებს ყველა ორგანოში; აქედან კი - მისი არაცნობიერი აზროვნებაც. ცხადია, რომ ეს შეხედულება აღმოცენებულია შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების აღრევის შედეგად. განიცდის არა ტვინი, მით უმეტეს, არა თვალი, ყური ან ცხვირი, არამედ სული. ცალკეულ ორგანოებში და თვით ტვინშიც კი, ტვინის ბუშტულებში მიმდინარეობს ქიმიურ-მექანიკური ცვლილებები, ჯერ კიდევ არ წარმოადგენს შეგრძნებას.

ვინც აზროვნებისა და ანალიზის წყალობით მოასწრო მიხვედროდა განსხვავებას შთაბეჭდილებებსა და შეგრძნებებს შორის, საკმაოდ გაემიჯნა ისინი აზროვნებაში ერთი მეორისაგან, მისთვის ყველა ფიზიოლოგიური ფაქტი ახალი სინათლით წარმოსდგება: ბევრი რამ, რაც აქამდე გაუგებრად მიაჩნდა, ნათელი ხდება. დავუშვათ კიდეც, რომ ჩემი შეხედულება არ გამართლდეს, ე.ი. მომავალმა ფიზიოლოგიურმა ცდებმა და გამოკვლევებმა დაადასტურონ შეგრძნებათა თანაფარდობა თვით ორგანოებთან თუ ტვინის ბუშტულებთან, ან კლენკესა და სხვათა თვალსაზრისი რომ გამართლდეს, შემგრძნობი მატერიის, როგორც ორგანიზმის საფუძვლის შესახებ, რასაც არ უნდა ველოდეთ არავითარი მოსაზრებით, მაშინაც ჩვენს მიერ ნათქვამი ამ პარაგრაფსა და პირველ თავში სრულიად საკმარისი აღმოჩნდება სულის არამატერიალურობის დასასაბუთებლად; მართლაც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეგრძნებებს ჩავთვლით ტვინის ბუშტულების საკუთრებად, ვერც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი იმას ვეღარ იტყვის, რომ თვით ეს ბუშტულები ატარებენ შეგრძნებებს და ქმნიან მსჯელობებს, ვინაიდან ერთ ბუშტულას ან ტვინის ერთ ნაწილს არ ეცოდინება რა ხდება ტვინის სხვა განყოფილებაში.

§160. ტვინის ნაწილთა მნიშვნელობა. პირველ თავში ჩვენ მოკლედ მოვიხსენიეთ ტვინის ცალკეული ნაწილების მნიშვნელობა. აქ მასზე უფრო ვრცლად შევჩერდებით.

ჯერ ისევ ის გავიხსენოთ, რაც ითქვა პერიფერიიდან თავის ქალის ცენტრისკენ ნერვების გავლის წესზე: ზოგიერთი ორგანოდან ნერვები პირდაპირ კი არ მიდიან თავის ტვინისაკენ, არამედ გასავლელ გზაზე უერთდებიან და გადეხლართვიან ორგანიზმის ბევრ სხვა ნაწილებს (მაგ., განგლიებს) და ამიტომაც არ ძალუძთ მათ სრულად მიტანონ ცნობიერებამდე ნერვული დენი. ასეთებია: სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის, ფილტვებისა და სხვათა ნერვები. აი, ამიტომაა, რომ სული ვერ აცნობიერებს მთლიანად ზოგიერთ სხეულებრივ მოქმედებას. როდესაც რომელიმე ორგანოს ნერვი მიემართება ტვინისაკენ იზოლირებულად და მოკლე გზით, და როდესაც იგი მეტად ერთვის ტვინის ბურთულებში, მაშინ ხსენებული ორგანოს ყველა ქმედება უფრო ნათლად აისახება სულში.

თავის ტვინი თავისი აგებულებით სამ ნაწილად განიყოფა: მცირე ტვინად, ოთხგორაკად, ანუ მოგრძო ტვინად და დიდ ტვინად. ბევრი ფიზიოლოგის დაკვირვებებმა და ცდებმა გვიჩვენა, რომ მცირე ტვინის დაზიანება იწვევს კუნთებისა და კიდურების მოძრაობის მოშლას. მაშასადმაე, მცირე ტვინი ხიდთან (pons) ერთად წარმოადგენს ორგანოს, რითაც სული იწვევს მოძრაობას. მასში თავს იჩენს სურვილები (ნათელი ან ბუნდოვანი), გარეშე საგნებისადმი მისწრაფებები და სხვ.

მცირე ტვინის დიდი ჰემისფეროები შეიცავენ ყველაზე დიდი რაოდენობის ნერვულ ბოჭკოებს, რომლებიც გრძელი გზის გავლის შემდეგ იქცევიან სულის ისეთ უმაღლეს უნართა იარაღად, როგორიცაა ნება და ცნობიერი მისწრაფება. აქვე მთავრდება მხედველობის ნერვის დიდი ძაფები. რაც შეეხება სმენის ნერვებს, მათაც უთუოდ გააჩნიათ თავისი მობრუნების წერტილები მცირე ტვინშივე.

მაგრამ უმთავრესი იარაღი სულიერი უნარებისათვის მაინც დიდი ტვინია. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ყველა ნერვულ ბოჭკოს, რომელიც მიედინება საფარველის ზედაპირიდან, ტანის, განსაკუთრებით სახის ურიცხვ ნერვს, მასში აქვს თავისი ცენტრალური ნასკვი. დიდ ტვინში სულმა მოაწყო თავისთვის გარეშე სამყაროს გაგების, გონებრივი მოქმედების ორგანო. კლენკე ასე წარმოგვიდგენს სულიერ უნართა განაწილებულ ადგილსამყოფელს თავის ტვინში:

A - მცირე ტვინი - სურვილების, გულისთქმის, მოძრაობის. ინქტინქტის, სქესობრივი ჟინის, ხმის მგრძნობელობის ადგილი.

B - ოთხგორაკა - წარმომქმნელი (ემბრიონალური) მოქმედების, მისი არაცნობიერი შთაბეჭდილებებისა და უკუქმედებათა ადგილი, ასევე სიმპათიკური ნერვული სისტემის ცენტრალური პუნქტი და სინათლის მგრძნობელობის ადგილი.

C - წინა დიდი ტვინი - გონიერი შემეცნების, განსჯის, ცნობიერების, სუნის მგრძნობელობის ადგილი.

D - ოთხგორაკზემო დიდი ჰემისფეროები - წარმომქმნელი ცხოველმოქმედებისაგან წარმომდგარი უკუქმედებისა და ცნობიერი მგრძნობელობის ადგილი, ასევე სულიერი განწყობილებების ზოგადი გრძნობის უმაღლესი შესაძლებლობის ადგილი.

E - მცირეტვინზედა დიდი ჰემისფეროები - ცნობიერი სურვილების, ნებელობისა და უმაღლესი შემეცნების ადგილი.

ასეთი განაწილება რომ სწორია, კლენკეს აზრით, დადასტურებულია უამრავი ცდით, რომელთა ნაწილი ჩვენ პირველ თავში წარმოვადგინეთ და რომელთა აღწერასაც ვხვდებით ბევრ ფიზიოლოგიაში. 

§161. ტვინის ნაწილების ამ აღწერის შედეგები. ტვინის ნაწილების, მათი ურთიერთკავშირების და მთელი სხეულის ცალკეულ ორგანოებთან მათი მიმართების გამოწვლილვით შესწავლიდან გამომდინარეობს, რომ ნერვულ სისტემას, გასაკუთრებით კი ნერვულ ცენტრს უშუალო გავლენა და კავშირი აქვს ადამიანის სულთან და რომ ტვინის ნაწილების განვითარების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის სულიერ თვისებებზეც. მარამ ეს მხოლოდ ნაწილობრივ. მთლიანად კი ტვინთან ნაცნობობით ყველა სულიერ მდგომარეობათა და უნართა შეუცდომლად ამოკითხვა შეუძლებელია, ვინაიდან ტვინის ნივთიერება იმდენად ფაქიზია, რომ ვერ ითმენს ვერავითარ გამოკვლევას. ტვინის ამა თუ იმ ნაწილის უპირატესი განვითარება გვაძლევს უფლებას დავასკვნათ ზოგიერთ, განსაკუთრებულ სულიერ მდგომარეობათა, შესახებ. აი, რატომაა, რომ ტვინი და თვით თავიც ადამიანთა სხვადასხვა თაობებს ერთნაირი პროპორციით როდი აქვთ მოწყობილი. მაგ., ეთიოპელებს უფრო მნიშვნელოვნად განვითარებული აქვთ ტვინის უკანა ნაწილები და ვიცით, რომ მათი გონებრივი უნარები გაცილებით დაბალია სხვა ტომებთან შედარებით, სამაგიეროდ მათი ვნებები და მისწრაფებები ძლიერი და დაუოკებელია.

მაგრამ ვამჩნევთ რა ამ ახლო მიმართებას ტვინის განვითარებასა და გონებრივ უნარებს შორის, არ შეიძლება ავრიოთ მიზეზი და მოქმედება, ანუ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ვინმე კაცი იმიტომ აღმოჩნდა ჭკვიანი და ნიჭიერი, რომ მას უკეთ განვითარებული ტვინი ჰქონია, ხოლო მეორის სისულელე თითქოს იმის მიზეზი ყოფილა, რომ ტვინი აღმოაჩნდა კარგად განუვითარებელი. ამგვარი ფიქრი შეცდომაა. აქაც, ისე, როგორც ყველგან, ჭეშმარიტება ორ უკიდურესობას შორის სუფევს.

ვერ დავეთანხმებით კლენკეს შეხედულებას, რომლის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ სული თითქოს არაცნობიერად თვითონვე ქმნის თავის ორგანოებს, მათ შორის ტვინსაც, რაც ცდით არ დასტურდება. არ შეიძლება ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ არც კრანიოსკოპთა და არც გალის სხვა მიმდევართა სისტემა, სადაც მტკიცდება აზრი, რომ სულის მთელი განვითარება, მისი ყველა მდგომარეობა, ყველა ვნებანი და მისწრაფებანი წარმოადგენენ ტვინის გარკვეულ ორგანოებში მიმდინარე მოვლენების შედეგს.

როგორც ჩანს, აქ ეს ორი მოვლენა - ორგანოთა განვითარება სულიერი თვისებანი არ შეიძლება მოექცნენ (ამ სიტყვის მკაცრი აზრით!) მიზეზ-შედეგობრივ მიმართებაში. ვფიქრობ, ცდისეული ფსიქოლოგიის მიმდევარნი ალბათ დამეთანხმებიან იმაში, რომ თითოეული ამ მოვლენათაგანი ერთსა და იმავე დროს შეიძლება იყოს მიზეზიცა და შედეგიც. სული და სხეული ვითარდებიან პარალელურად და ურთიერთზეგავლენით. ზოგი რამ ორგანიზმში განპირობებულია წმინდა ფსიქიკური თვისებებით და პირიქითაც - ბევრი სულიერი მოვლენა ორგანულ ხდომილებათა შედეგად წარმოგვიდგება. ავიღოთ, თუნდაც, იგივე ეთიოპელი, რომელსაც ყოველთვის განვითარებული აქვს ტვინის უკანა ნაწილი. თუ ჩვენ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვიმოქმედებთ მის სულზე, ვავარჯიშებთ და გავრწვთით მის გონებრივ შესაძლებლობებს, ეჭვი არ უნდა ვიქონიოთ, რომ ამ ეთიოპელის რომელიმე ჩამომავალ თაობას აღმოაჩნდება სხვაგვარად განვითარებული ტვინი. ეს ბუნებრივიცაა. ყოველ ადამიანს გაცილებით უკეთ უვითარდება ის ორგანო, რომელსაც იგი ყველაზე ხშირად ავარჯიშებს. მაგ., მშრომელებს ხელის კუნთები უფრო ძლიერად აქვთ განვითარებული, ხოლო სწავლულ ადამიანებს - ტვინის ნაწილები.