წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

მეორე განყოფილება

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

თავი მერვე

ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების
შესახებ სულიერ ცხოვრებასთან

§162. სულიერ ავადმყოფობათა, როგორც ნერვული სისტემის მოშლილობის შედეგის შესახებ. ნერვული სისტემის ავადმყოფურ მდგომარეობას იწვევს უნებური ნერვული დენები, რომლებიც თავის მხრივ აღძრავენ არასწორ მგრძნობელობებს და წარმოდგენებს. ორგანოთა რაიმე არანორმალური დაძაბულობით სული ვარდება შეცდომაში, კარგავს გარესამყაროს ნათელ ხედვას, კარგავს ნებას და სხვ. ეს ნიშნავს იმას, რომ სული ორგანოთა მოშლილობის კვალობაზე კარგავს სწორი აზროვნების წესს: იგი, კლენკეს გამოთქმით, უკრავს მოშლილ ინსტრუმენტზე.

შეშლილობა, კლენკეს აზრით, ყოველთვის ნერვების ან ორგანიზმის მოშლილობის შედეგია. მაგრამ ამაში ყველა ფიზიოლოგი და ფსიქოლოგი როდია შეთანხმებული. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ სულს ორგანულ მოშლილობათაგან დამოუკიდებლად შეიძლება დაემართოს საკუთარი მოშლილობანი აზრებსა და წარმოდგენებისა; ამ მოსაზრების სამართლიანობაზე მეტყველებს შეშლილებზე არსებული ყველა დაკვირვება. ჩვენი სახელმძღვანელოს მე-5 თავში ნათქვამია, რომ ზოგიერთი სულიერი მდგომარეობა თავის უმაღლეს დაძაბულობაში შეიძლება გადაიზარდოს შეშლილობად და ეს მოხდეს ნერვული დენებისაგან დამოუკიდებლად.

მეცნიერთა ეს უთანხმოება სულიერ ავადმყოფობათა მთავარი მიზეზების შესახებ, ფიზიოლოგიურად ანუ ფაქტიურად შეიძლება გადაწყდეს ორ შემთხვევაში: 1. თუ უდავოდ დადგინდებოდა, რომ შეშლილობის შემთხვევაში არ შემჩნეულა ორგანოთა მოშლილობის არავითარი კვალი. ასეთ შემთხვევაში ცხადი გახდებოდა იმის მტკიცება, რომ სულიერი ავადმყოფობა ზოგჯერ შეიძლება გამოწვეული იყოს წმინდა ფსიქიკური მიზეზებით, ორგანოთა მოშლილობისაგან დამოუკიდებლად. 2. თუ დასაბუთდებოდა, რომ შეშლილობის ყოველ შემთხვევას წინ უსწრებდა ნერვული დენის მოშლილობა, ნათელი გახდებოდა, რომ სულიერი ავადმყოფობა ყოველთვის დამოკიდებული იქნებოდა მხოლოდ ორგანოთა მოშლილობაზე. ვინაიდან შეუძლებელია მოახდინო დროულად და საკმაო ხარისხით ასეთი ორგვარი დაკვირვება, ეს საკითხიც საბოლოოდ გადაუჭრელი რჩება.

§163. თვალისა და მხედველობის მნიშვნელობის შესახებ სულთან მიმართებაში. თუ რა შეგრძნებებს ღებულობს სული თვალის შთაბეჭდილებათაგან, ამის შესახებ უკვე საკმაოდ ითქვა; აქ ჩვენ განვიხილავთ თვალის მეორე, საპირისპირო მნიშვნელობას, კერძოდ იმას, თუ როგორ გამოსახავს სული თავის თავს ამ ორგანოს მეშვეობით.

ვერცერთი ორგანოს საშუალებით სული ისე ვერ გამოხატავს საკუთარ თავს, ვერ ადგენს ისე ნათლად თავის გრძნობებს, აზრებს თუ ნებას, როგორც თვალის წყალობით. ყოველ ადამიანს, ყოველ უმაღლეს ცოცხალ არსებასაც გააჩნია თავისი საკუთარი ხედვა. ხედვაში მოჩანს არა მარტო განსხვავებული სულიერი მდგომარეობანი, არამედ თვით ერთნაირი სულიერი მდგომარეობანიც სხვადასხვაგვარად გამოიხატება სხვადასხვა ადამიანთან. ნერვული დენი, ანუ ინერვაცია, ვრცელდება თვალის ბადურის მთელ ზედაპიზე, თვით მის ფარგლებს გარეთაც და აღწევს სხვა ადამიანებამდე და საგნებამდე. მხოლოდ ამით უნდა აიხსნას მხედველობითი ზემოქმედების ფაქტი ზოგიერთ ადამიანზე თუ ნადირზე. ბევრ ცხოველს უჭირს, წინ აღუდგეს სხვა ცხოველის შემოხედვას. გველი და ზოგიერთი სხვა მტაცებელი ცხოველის გამოხედვა ადგილზევე „აქვავებს“ პატარა ფრინველებს. ზოგიერთი ადამიანი კი თავისი გამოხედვით ათვინიერებს გარეულ ნადირს. ძაღლები ხშირად ერკვევიან თავიანთი პატრონის გამოხედვაში. ზოგიერთ ადამიანს კი სერთოდ, გააჩნია განსაკუთრებული უნარი გამოხედვაში გამოტოს ნების ენერგია.

ეს და ბევრი სხვა მაგალითიც ფაქტიურად ამტკიცებენ იმას, რომ ადამიანის თვალთაგან უნდა მოედინებოდეს რაღაც უფაქიზესი - ეთერული მატერია, შეიძლება ნერვული დენიც და ამითვე შეიძლება აიხსნას ე.წ. „ავი თვალის“ ზემოქმედების მოვლენაც. ცხადია, ბევრი რამ ავთვალიანობის შესახებ გაზვიადებულია, მაგრამ უდავოა ისიც, რომ მისი საფუძველი სამართლიანია: არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ადამიანის გამოხედვა მართლაც ცუდად მოქმედებს სხვაზე, განსაკუთრებით ბავშვებზე. ისეთი სულიერი მდგომარეობანი, როგორიცაა სიყვარული, სიხარული, გაბრაზება და სხვანი, უდავოა, უნდა იწვევდნენ ნერვული დენის არსებით შეცვლას. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ბოროტი ადამიანის თვალები გამოსცემენ ავ, მავნე დენებს, რომელნიც მავნე გავლენას ახდენენ მასზე, ვისკენაცაა მიმართული.

მაგრამ, რომ გავიგოთ, რატომაა სული კარგად გამოხატული გამოხედვაში, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ხედვაში მონაწილეობენ არა მხოლოდ თვალები, არამედ პირისახის ყველა ნაწილი, ფიზიონომიიის ყველა თვისება, პირისახის კუნთებს შეუძლია გამოსახოს სულის ყველა მდგომარეობა ხაზების სხვადასხვა ცვალებადობის მეშვეობით. ცნობილია, რომ კარგ ფიზიონომისტ ფერმწერს ორიოდე შტრიხით შეუძლია გამოხატოს სიხარული, შიში, დარდი, შური და სხვ. მაშასადამე, ყველა ეს გრძნობა ცვლის არამარტო თვალების გამომეტყველებას, არამედ პირისახის გამომეტყველებასაც. ამდენად შურის თუ სიყვარულის გამომეტყველება გამოისახება არა მხოლოდ თვალებით, არამედ პირისახის ყველა კუნთის მეშვეობით.

აქ საჭიროა ერთი შენიშვნაც. მხედველობის ნერვებს თავისი კვანძი აქვთ ოთხგორაკის იმ ადგილას, სადაც თავს იყრის სხვადასხვა სისტემიდან მომდინარე ბევრი სიმპათიკური ნერვი. ასეთი სისტემებია, მაგალითად, მომნელებელი, სისხლის მიმოქცევისა და სხვ. მართალია, ისინი ვერ აღწევენ ტვინამდე და ამდენად, სული არ შეიგრძნობს ამ სისტემების მდგომარეობას, მაგრამ ზოგიერთ განსაკუთრებულ პირობებში ხდება ისეც, რომ ამ სისტემებში მდგომარეობის შეცვლა გაძლიერებული ნერვული დენის საშუალებით აღწევს ცნობიერებამდე, რის გამოც მხედველობის პირველადი ნერვებიც, ამ სისტემათა ნერვებით გარემოსილნი, თვით იწყებენ მონაწილეობას სისტემათა შეცვლილ მდგომარეობაში და შემდეგ თვითვე იცვლიან მდგომარეობას. ეს გარემოება გვიხსნის ბევრ შემთხვევას, როდესაც, მაგალითად, ავადმყოფ ადამიანს ელანდება სხვადასხვა სუბიექტური ფერები. შეიძლება ბევრს შეუნიშნავს კიდეც, როდესაც ბევრჯერ სინათლის ალი მრავალ ფერთა შარავანდედით გარშემორტყმული რომ მოგვჩვენებია. ეს ძირითადად განსაკუთრებული სიმაძღრის შედეგია. ამითვე უნდა ავხსნათ მოჩვენებები სსვადასხვა ავადმყოფობის დროს რომ უჩნდება ადამიანს, კერძოდ, ბოდვა ცხელების დროს, სიყვითლე სურავანდის დროს და სხვ.

§164. სმენისა და ბგერების მნიშვნელობის შესახებ. ბგერებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ მათი საშუალებით სული გამოხატავს თავის მდგომარეობას. განსაკუთრებით ძლიერად ზემოქმედებენ სულზე მუსიკალური ბგერები, რომელთა წყალობით სულში აღიძვრის სიამოვნების გრძნობა. თვით ცხოველებიც კი ამჟღავნებენ მუსიკალური ტონებისადმი მგრძნობელობას. საერთოდ სწრაფ რიტმში მიმდინარე მაღალი ტონები სულზე გამამხიარულებელ გავლენას ახდენენ, ხოლო დაბალი და ნელი ტონები - სევდის მომგვრელია. აქაც ბევრი რამაა დამოკიდებული ადამიანთა შინაგან მდგომარეობაზე და განწყობაზე, რაც იქიდან ჩანს, რომ ერთი და იგივე მუსიკა სხვადასხვანაირ ზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა პიროვნებაზე, მუსიკა ერთს რომ ამხიარულებს და ამხნევებს, მეორეს ანაზებს და დააფიქრებს. ტონების გამოსაცემად მომზადებულ მასალასაც თავისი გავლენა აქვს სხვადასხვა პიროვნებაზე. მუსიკისგან მომდინარე ყველა ეს გავლენა გამართლებას და ახსნას პოულობს ფიზიოლოგიურ დაკვირვებებში. სმენის ნერვების პირველადი ბოჭკოების ცენტრალური საფარველი მასა მდებარეობს იქ, სადაც თავს იყრის ზრახვების, ნების, მოძრაობისა და სხვათა ყველა პირველადი ქსოვილი, აი, რატომ ახდენს ძლიერ ზეგავლენას ნებასა და მოძრაობაზე საყვირის ხმების შეგრძნება, ან საომარი შეძახილები, რომელნიც უმალვე აღაგზნებენ ადამიანს და უნერგავენ სულში სიმხნევეს. მოულოდნელი, ძლიერი ხმა (მაგ., უეცარი გასროლა) ისეთი ძალით მიაქანებს ნერვულ დენს სმენის ნერვის მეშვეობით, რომ იწვევს მწვავე რეაქციას, ყველა ორგანოთა შერყევას, გულისცემის გახშირებასა და სხვ. მონოტონური, ხშირად განმეორებადი ბგერა კი სმენისათვის აუტანელია და საფარველი მასის ხშირი გაღიზიანების შედეგად ნერვული დენი იშლება, ზიანდება. ისიც ცნობილია, თუ როგორ საოცრად მოქმედებს ზოგიერთზე განსაკუთრებული ბგერები, ისეთი, როგორებიცაა მაგალითად, წრიპინი, ჭრიჭინი, ვიოლინოს სიმებზე ყალბად გასმული ხემის მიერ გამოცემული ხმა და სხვ. ასეთმა ხმებმა შეიპლება კრუნჩხვებიც გამოიწვიოს ადამიანში.

ფიზიოლოგიურად ისიც შესამჩნევია, რომ სმენის ორგანოს პირველად ბოჭკოებს მჭიდრო კავშირი აქვთ ხმის ორგანოს ამავე სახის ბოჭკოებთან. ამ ნერვთა ბოჭკოებს აქვთ თავისი ცენტრალური კვანძი თავის ტვინის ერთსა და იმავე ნაწილში და მათი საფარველი მასა ასევე უმჭიდროეს კავშირში უნდა იმყოფებოდეს. ამიტომ ხდება, რომ ადამიანის ხმა წარმოადგენს სმენის ყველა შთაბეჭდილებაზე პასუხს და ყოველივე, რასაც ყური სულს გადასცემს, ხმით გამოიხატება.

 

ბ) წარმოდგენებზი სხვა ორგანულ სისტემათა გავლენის შესახებ

§165. ამ გავლენის საფუძველი. ფიზიოლოგიურმა ცდებმა და უახლეს მეცნიერთა ღრმა გამოკვლევებმა, ვისი შრომითაც მადლიერებით აღვსილნი ვსარგებლობთ ამ თავებში, დიდი სიზუსტითა და დაწვრილებით განსაზღვრეს სულთან ისეთი ორგანული სისტემების მიმართება, როგორიცაა: კუნთოვანი, სისხლძარღვთა, მომნელებელი და ლიმფატური სისტემები. აქ ვაჩვენებთ ურთიერთმიმართების უმთავრეს პუნქტებს ზოგად და ვიწრო ფარგლებში. ამასთანავე შევეცდებით განვსაზღვროთ: რა ურთიერთცვლილებებს იწვევენ ერთი მეორეში სული და დანარჩენი ორგანული სისტემები.

§166. ამ დამოკიდებულების დამამტკიცებლი მაგალითები ზოოლოგიიდან. ცხოველთა სხვადასხვა კლასის განხილვის დროს შეიძლება შევამჩნიოთ საინტერესო მოვლენა: ცხოველი ყოველთვის ავლენს სულის მისთვის განსაკუთრებულ ხასიათს იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანული სისტემაა მასში უპირატესად განვითარებული: უფრო ზუსტად, მათი სხეულის აღნაგობის ძირითადი მახასიათებელი გამოხატავს სულის ხასიათსაც.

მოლუსკებთან და, საერთოდ, ყველა იმ ცხოველთან, რომელთაც ნაკლებად განვითარებული სასუნთქი ორგანოები აქვთ, შეიმჩნევა მფრთხალი, ზანტი ხასიათი; ის ცხოველები კი, რომელთაც უაღრესად განვითარებული ფილტვები აქვთ, ავლენენ ცოცხალ, ფხიზელ და მოძრავ ხასიათს. ასეთებია ფრინველები, მწერები და სხვები.

როდესაც ცხოველთა განწყობილებებს ვაკვირდებით, ე.ი. ვამჩნევთ უწყვეტ გადასვლებს სიხარულიდან მწუხარებაში და პირიქით, იმასაც შევამჩნევთ, რომ ასეთი განწყობილება გააჩნიათ მხოლოდ იმ ცხოველებს, რომელთა სისხლ-ძარღვოვანი სისტემის მოქმედებამ უმაღლეს დონეს მიაღწია. ასეთ რამეს ვერ ვხვდებით ცხოველებთან, რომელნიც მოკლებულნი არიან ამ სისტემის ფართოდ განვითარებას.

ცხოველთა სამყაროზე ეს და სხვა მსგავსი დაკვირვებანი ავლენენ არა რაიმე შემთხვევითს, არამედ სიცოცხლის ძირითად კანონს. მაგრამ ყველა ის ორგანული სისტემა, რომელიც როგორღაც გაბნეულია ცხოველთა მრავალ კლასში, თავმოყრილი და გაწონასწორებულია ადამიანში. ადამიანი იმითაც გამოირჩევა ყველა ცხოველისაგან, რომ მასში თანაბრად განვითარებულია ყველა სისტემა ისე, რომ არც ერთ მათგანს არ გააჩნია უპირატესობა მეორეზე როგორც ამას ცხოველებთან აქვს ადგილი. ამიტომ ადამიანში ყოველ ორგანულ სფეროს გააჩნია თავისი თანაბარი დამოკიდებულება სულთან და როგორღაც წარმოადგენს სულის სხეულებრივ გამოხატულებას; თითოეული სფერო უნდა გამოხატავდეს სულის განსაკუთრებულ მიმართულებას. მაშასადამე, ადამიანის ყოველ ორგანულ სფეროში არის რაღაც ძირითადი იდეა და ამავე დროს ყოველ სფეროს თავისი ნერვული ბოჭკოების მეშვეობით ცნობიერებამდე მიაქვს გარკვეული შთაბეჭდილებანი. პირველის შესახებ შევიტყობთ ორგანულ სისტემათა ძირითად მნიშვნელობებზე და ამ სისტემების ნორმალურ თუ არანორმალურ მდგომარეობეპზე დაკვირვებით. რაც შეეხება მეორეს, ე.ი. შთაბეჭდილებებს, რომლებიც სისტემებს მიაქვთ ცნობიერებამდე, მათაც მალე განვიხილავთ. ახლა კი უნდა დავადასტუროთ, რომ ორგანულ სისტემის ყოველ მდგომარეობას მიაქვს ცნობიერებამდე არა მხოლოდ თავისი სასიცოცხლო იდეის თვისებები, არამედ გარესამყაროს ზემოქმედებით ორგანულ სფეროში მომხდარი ცვლილებებიც.

§167. სულზე სისტემების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა საბუთი. ექიმებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ ფილტვების, ნაწლავის ღრუს, სასქესო ორგანოების, ღვიძლისა და სხვა დაავადებებს თან ახლავს ზნეობრივი თვალაზრისით განსაკუთრებული ანაბეჭდი, რაც განსაკუთრებულ სულიერ მდგომარეობას ბადებს. სისხლის ჯანმრთელი თუ მოშლილი მდგომარეობა სულში ისევე აისახება, როგორც სულის მდგომარეობა გადაეცემა სისხლს. კუჭის ჯანმრთელი მოქმედება, თუ მისი მოშლილი მდგომარეობა, როგორც ყველასათვის ცნობილია, ასევე აისახება სულში. კლენკე მშვენივრად ხსნის სისხლის საერთო მიმართებას ადამიანის სულთან, ხოლო მისი სიტყვები ზოგიერთი კერძო, გამონაკლისი მოვლენის შესახებ ისე შესანიშნავია, რომ ჩვენ არ შეიძლება არ ამოვიწეროთ აქ, იმის მიუხედავად, რომ უკვე ძალიან ხშირად ვსარგებლობთ ამ უფლებით: „ცრურწმენებში ცნობილი ჯადოსნური კვერთხით საგანძურის გახსნა წარმოადგენს ინდივიდუმის ე.წ. რაბდომანტიას. ამის ახსნა ძალზე მარტივია: ყოველი ორგანიზმი არსებობს და ვითარდება ბუნებრივ გარემოში და ამიტომ ურთიერთკავშირში იმყოფება ჩვენი პლანეტის ყველა წევრთან, ვინაიდან ყოველი ნივთი, რომლის წარმოდგენაც კი შეძლება, დამოკიდებულია უსასრულო დაპირისპირებათა სრული შენაწევრებისაგან და ჩართულია უსასრულოდ სხვადასხვაგვარ გარეან მიზიდულობა-განზიდულობაში. ამდენად, ყოველი ორგანიზმი ღებულობს შთაბეჭდილებებს პლანეტარული საგნების მთელი ჯაჭვისაგან, ვინაიდან მათი არსებობა დამოკიდებულია ურთიერთ დაპირისპირებულობასა და პოლარობაზე. ყოველივე განსაკუთრებულად არსებული მეტად და ნაკლებად იცვლება ყოველ გარეგან საგანთან ერთად, არა აქვს მნიშვნელობა, ახლო მდგომია, თუ შორებელი ეს საგანი, და ყოველთვის უპირისპირდება კიდეც მათ, რამდენადაც ამ წინააღმდეგობების გარეშე მას არც შეეძლო ეარსება. ყოველი გარეშე სხეული, ამიტომ, უნდა იმყოფებოდეს ორგანიზმთან იდუმალ ურთიერთმიმართებაში და ორგანული სფეროები, რომელთაც შეუძლიათ ბუნებაში არსებული ყველა ფორმის შთაბეჭდილების მიღება, მუდამ უნდა შეიცვალონ და უკუქმედებისათვის აღიძრან. ორგანიზმები, რომლებიც თავისი განსაკუთრებული, იდეალურად დამოუკიდებელი თვითმყოფობის სიცოცხლით, ე.ი. თვითცნობიერებით ამაღლდნენ გარკვეულ დონემდე, ასევე მოვალენი არიან განთავისუფლდნენ და თავი დააღწიონ პლანეტარული ჯაჭვის გავლენას, ვინაიდან ინდივიდი თავისუფლებას იძენს გარეშე ბუნების დაუფლებით, მასზე გაბატონებით. ამდენად, გარეშე არსებათა იდეებმა და თვით გარეშე საგნებმა შეიძლება გამოიწვიონ თავისუფალ ორგანიზმში მხოლოდ სუსტი ცვლილებები, ისიც უმეტესწილად არაცნობიერ სასიცოცხლო სფეროებში. იმ ორგანიზმებთან კი, რომელთაც ჯერ ვერ მიუღწევიათ სრულ დამოუკიდებლობამდე, საკითხი სულ სხვაგვარად დგას. ცხოველები უმეტესწილად იმყოფებიან ტელიურულ მდგომარეობასთან ისეთ მჭიდრო კავშირში, რომ მათ ყოველთვის მიიჩნევდნენ მომავალ გარეშე ცვლილებათა მაუწყებლად; ისინი შეიგრძნობენ ათასობით გარეშე საგნების შორეულ მოქმედებას, რომელიც ჩვენს საკუთარ ორგანიზმში ჩვენს შეგრძნებებს გამოეპარება ხოლმე.

არიან ისეთ ორგანიზმებიც, რომელნიც თავისი განსაკუთრებული წარმოშობითა და ძირითადი აღნაგობით მუდმივად იმყოფებიან ტელიურული ორგანიზმის ნაწილებთან ცხოველ ურთიერთობაში, - ორგანიზმები, რომელთა დაქვემდებარება საერთო სიცოცხლისადმი გაცილებით უფრო ცხადია, ვიდრე სხვა მრავალთა. ან ამგვარი განუყოფელი ორგანიზმების ნერვული სისტემა მეტად მგრძნობიარეა (ნერვული ნაწილების უმცირესი ცვლილებისა და შეგრძნების დროს გარდაიქმნება სხვა ყაიდაზე და ძლიერი ინერვაციის საშუალებით ატარებს მათ ტვინამდე), ან კიდევ ჩვეულებრივი ორგანიზმების ავადმყოფური მდგომარეობა იწვევს ხოლმე გაძლიერებულ ურთიერთდამოკიდებულებას ამქვეყნიურ ცხოვრებასთან, რომლითაც შთაბეჭდილებანი უფრო მგრძნობიარენი ხდებიან და გადაეცემიან უკუმოქმედ ორგანოებს ისეთნი, რომელნიც ინდივიდის ნორმალური მდგომარეობის დროს შეუმჩნეველნი იყვნენ ასე, ზოგიერთს მაშინვე ემართება კრუნჩხვა ქვანახშირის მაღაროსთან შემთხვევითი მიახლოვების დროს, სხვებს სრულ სიბნელეში გრძნობით შეუძლიათ გამოიცნონ ხეების სახეობანი, გული მისდით ცაცხვთან შემთხვევითი მიახლოვების დროს, ზოგიც, პირიქით, წყნარდება ძვირფას თვალთან შეხებისას, ან ღონდება გარკვეულ ლითონთან მიახლოებისას. სულის ყველა ამ შეგრძნებათა და მდგომარეობათა შუამავლად ორგანული სისტემები გამოდიან; ცვლილებანი მათ წყობაში გადაეცემა ცნობიერებას შეცვლილი ნერვული მოქმედების საშუალებით“.

არანაკლებ აღსანიშნავია ის, რასაც კლენკე ლაპარაკობს მაგნეტიზმისა და სომნამბულიზმის ასახსნელად. უნდა ვაღიაროთ, რომ თუ სომნამბულიზმი არსებობს, როგორც ფაქტი, მაშინ მის ასახნელად უკეთესს ვერც მოვიფიქრებთ. თუმცა ჩვენ ვერ გავბედავთ ვამტკიცოთ, რომ სომნამბულიზმს შეეძლოს იმ ზომით არსებობა, რა ზომითაც მას ბევრი წარმოგვიდგენს, მაგრამ, მეორეს მხრივ, მისი არსებობის საერთოდ უარყოფა - მეორე უკიდურესობაა. კლენკეს განმარტებიდან, სხვათა შორის, კარგად ჩანს, რომ მაგნეტიზმი და სომნამბულიზმი შეუძლებელი არაა.

§168. სისხლის მიმოქცევის გავლენა გონებივ მოქმედებაზე. სულის წარმოდგენები განუწყვეტლივ მოძრაობენ, წრებრუნვაში არიან. ადამიანს დიდხანს არ შეუძლია გაჩერდეს ერთ წარმოდგენაზე, იგი განუწყვეტლივ გადადის ერთი წარმოდგენიდან მეორეზე. გამოუცნობი კანონების ძალით უწყვეად აღმოცენდებიან სულში აზრთა და წარმოდგენათა რიგები. მაგრამ ცნობილია, რომ წარმოდგენათა აღძვრა მუდამ კავშირშია ნერვულ დენთან და რამდენადაც ეს უკანასკნელი მიმართებაშია სისხლის მიმოქცევასთან, ბუნებრივია დავასკვნათ, რომ სისხლის მიმოქცევა გავლენას ახდენს ჩვენ წარმოდგენათა მიმდინარეობაზე. მაშ, რომ გადავწყვიტოთ, როგორია მიმართება წარმოდგენათა აღმოცენებასა და სისხლის მიმოქცევას შორის, უნდა ავხსნათ შემდეგი: 1. რა გავლენას ახდენს აზროვნებაზე თავის ტვინის მდგომარეობა; 2. რა მიმართებაშია ნერვული დენი თვით თავის ტვინთან და მისი მეშვეობით - წარმოდგენებთან.

აზროვნება ყოველთვის აუცილებელ კავშირშია ტვინის აღნაგობასა და მოქმედებასათან: სული აზროვნებს ტვინის საშუალებით, ტვინი სულის ორგანოა და თანაც ყველაზე აუცილებელი, ურომლისოდაც ადამიანი, ყოველ შემთხვევაში ყოველდღიურ ცხოვრებაში მაინც, ისე ვერ წარმოიდგენდა და გაიაზრებდა, როგორც უთვალოდ ვერ დაინახავდა, უფეხოდ ვერ გაივლიდა. თავის ტვინი, როგორც წარმოდგენათა ფართო ველის ორგანო, ყოველთვის ითავსებს განსაკუთრებულ, ამ დანიშნულებასთან შეთანწყობილ მოვლენებს და თავისებურ აღნაგობას. დიდი სივრცე, საფარველი მასის დიდი ზომები წარმოადგენს უფრო დიდ ველსაც სულიერი ძალების გამოსავლინებლად. სულის ცოცხალი გამოვლენა, მისი აზროვნება ყოველთვის მიმდინარეობს ტვინის აღნაგობისა და დახვეწილობის პროპორციულად. ყველაფერი, რასაც ცენტრალური ორგანო იღებს. ყველა გარეგანი წარმოდგენა შემოდის სულში ნერვული დენის საშუალებით, რომელიც მიისწრაფვის გარეგანი ორგანოებიდან ტვინისაკენ და რომელსაც არ შეუძლია არ შეცვალოს ტვინის ბუშტულებიანი მასა. ეს უკანასკნელი იძაბება, შთაბეჭდილების შესატყვისად განლაგდება და წარმოდგენის ყოველი განახლების შემთხვევაში ხელახლა უნდა მიიღოს ის მდგომარეობა, რომელშიც ადრე იმყოფებოდა.

მაგრამ თუ ყოველი გრძნობადი წარმოდგენის დროს იცვლებიან ტვინის ბუშტულები, მაშინ მსგავსი რამ უნდა მოხდეს იმ საფარველ მასაშიც, რომლითაც გარემოსილია ყველა ორგანული სფეროდან მომდინარე ნერვული ბოჭკოები. მაგ., სისხლის მიმოქცევისა. ეს ამტკიცებს ადამიანში ზოგადი სასიცოცხლო გრძნობის არსებობას, რომელიც წარმოადგენს ორგანიზმის ყოველი სფეროდან მომდინარე ყველა ცალკეული შეგრძნების შეერთებას. ეს ზოგადი გრძნობა იღებს სხვადასხვა შეფერილობას იმის მიხედვით თუ რაიმე გარემოება წონასწორობიდან გამოიყვანს ცალკეულ შენაკადებს. ამის შედეგად მომხდარი ცვლილებანი ბუშტულოვანი მასის ცალკეულ ჯგუფებში გამოვლინდება იმავე გზით, როგორითაც ყველა სხვა ცვლილებანი.

ახლა უნდა ითქვას იმ გავლენაზეც, რომლებსაც სისხლი ახდენს ცენტრისკენულ დენებზე.

ცნობილია, რომ სისხლი უწყვეტად მიედინება ნერვული სისტემის ცენტრალური ორგანოებისაკენ და თანაც დიდი რაოდენობით. მაშასადამე, სისხლსა და ნერვულ ნივთიერებას შორის უწყვეტი ურთიერთობაა: სისხლი წარმოშობს და განაახლებს ნერვულ საწყისს ისევე, როგორც ორგანიზმის სხვა ნაწილებს. შემდეგ კი, სისხლის სწრაფი, თავისუფალი მოძრაობის დროს შესაბამისად ისიც ნელდება. სისხლისა და ნერვული დენის ასეთი ურთიერთობა შეიძლება სხვა ფაქტებითაც დავამტკიცოთ. მაგ., როგორც კი სისხლი გაღიზიანდება საჭმლის მონელებისაგან და უმალ გაეშურება ტვინიდან საჭმლის მომნელებელი ორგანოებისაკენ, მაშინვე შეიმჩნევა ნერვული დენის დავარდნა, გამოფიტვა და თავიც იწყებს დასუსტებას. მაშინაც, როდესაც ის მკვებავი წვენით აივსება და დამძიმდება, მისი მოძრაობაც ნელდება და თავიც ისევ მძიმდება. ვდუნდებით და ვამჟღავნებთ ძილისადმი მიდრეკილებას. როდესაც სუნთქვის გახშირებისას (მაგ., მთაზე ასვლის დროს) თავს ცოცხლად და ფხიზლად ვგრძნობთ, ესეც ნერვული დენის გაძლიების გამო ხდება. საერთოდ, ბევრია მაგალითი, რომლითაც საბუთდება, რომ სისხლის მიმოქცევა კეთილმოქმედებს ნერვულ დენზე, ან ასუსტებს კიდეც მას.

ამდენად, თუ იმის უარყოფა არ შეიძლება, რომ ტვინის უმცირესი ბუშტულების ცვლილებასა და დაძაბულობას უახლოესი მიმართება აქვს საერთოდ ტვინის მოქმედებასთან, ხოლო სისხლის მიმოქცევას თავის მხრივ დიდი გავლენა აქვს ამ დაძაბულობებზე, მაშინ გასაგები და ცხადი უნდა იყოს თვით სისხლის გავლენა სულიერ წარმოდგენათა მოქმედებაზეც.

სისხლის უმცირესი ნაწილები გარემოიცავენ, იჭრებიან და ქიმიურად უერთდებიან საფარველი მასის უმცირეს ბუშტულებს, რის შედეგადაც სისხლი აღაგზნებს, ზრდის და ზოგჯერ აფერხებს კიდეც ტვინის ამ ნაწილაკების დაძაბულობას და საერთოდ მოქმედებას; ამის გამო სისხლი ზეგავლენას უნდა ახდენდეს თვით წარმოდგენების მოქმედებაზეც. ამ გავლენის შედეგი უნდა იყოს სწოდედ ის, რომ ადამიანებში რიგი წარმოდგენებისა მოძრაობს და „ღელავს“ სისხლისმაგვარად. ჩვენ არ შეგვიძლია მოვიცილოთ წარმოდგენები, უნებურად რომ აღმოცენდებიან და იწვევენ აზრის აღმაფრენას, სადაც წარმოდგენები ორგანულად ერწყმიან ერთიმეორეს. ეს ჩვენს მიერ ახსნილი იყო იდეათა ასოციაციის შესახებ საუბრის დროს.

§169. ფიზიოლოგიური ფაქტები, რომლებიც ამას ამტკიცებენ. ბევრი ფიზიოლოგიური ფაქტი და მაგალითი მოიპოვება, რომლებიც ამასვე ამტკიცებენ. ერთობ შესამჩნევია, მაგალითად, როდესაც ცხელების დროს დიდად აგზნებული სისხლის მიმოქცევა ფართო გასაქანს აძლევს წარმოდგენებსა და ეგრეთ წოდებულ სუბიექტურ შეგრძნებას. მეორეს მხრივ, თუ სისხლის მიმოქცევის მოქმედება შენელდება მოდუნებული ცხოვრებით, თვით სისხლიც დუნდება, გარდაიქმნება ვენურად და შესაბამისად წარმოდგენებიც ნელდება ისე, რომ ყოველი ცალკეული წარმოდგენა მძლავრად იკიდებს ფეხს ტვინში. ტვინის ნაწილების განსაკუთრებული დაძაბულობის ეს შეკავება გამოწვეულია ერთფეროვანი ცხოვრებით აგზნებული ნერვული დენისაგან და გამოვლინდება იმაში, რომ დუნე ცხოვრების პირობებში ხშირად ხდება ერთი და იგივე იდეის წარმოდგენა, მასში ცალმხრივი ჩაღრმავება, რის გამოც ადამიანში ზოგჯერ თავს იჩენს ე.წ. idee fixe.

სიზმრების დიდი ნაწილი, რომელიც თავს იჩენს დაძინებისთანავე, ან გაღვიძების წინ, მთლიანად დამოკიდებულია სისხლის მიმოქცევაზე და წინარე, ცხადად არსებულ შეგრძნებებზე. სრულ დაძინებამდე, ან არასრულად გამოღვიძების დროს, როდესაც გრძნობები ზოგჯერ ნახევრადფხიზელ მდგომარეობაში არიან ჩვენს წინ წარმოსდგება ხილვათა რიგი: ჩვენ ვხედავთ, ვგრძნობთ, ვიყნოსავთ და ა.შ. სავსებით სუბიექტურად. ეს ხილვები რომ შევადაროთ სისხლის მდგომარეობას, მათ შორის სრულ პარალელს აღმოვაჩენთ; ძალუმად და ხშირად სიზმრის ნახვა სისხლის მიმოქცევის მოქმედებაში მომხდარი ცვლილებების შედეგია ყოველთვის. ეს შეიმჩნევა ბუასილით დაავადებულ ადამიანებში და მენსტრუაციის დროს ქალებში.

§170. საჭმლის მომნელებელი სისტემის გავლენა გონებრივ მოქმედებაზე. არანაკლებ გავლენას ახდენს გონებრივ მოქმედებაზე საჭმლის მომნელებელი სისტემა. ყოველდღიური გამოცდილებიდან ყველასათვის ცნობილია, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედმეტი გადატვირთვა ხელს უშლის და ანელებს გონებრივ მოღვაწეობს. ყველას შეუძლია შეამჩნიოს, რომ მეტად მაძღარი კუჭის პირობებში აღარ შეგვიძლია თავისუფლად ვიაზროვნოთ. აქედან ძველთა შეგონება: plenus venter non studet libenter.

ამ მოვლენის უახლოეს ახსნას ვპოულობთ იმაში, რომ საჭმლის მონელების დროს მიღებული და შემდეგ სისხლში გადასული საკვების ნაწილაკები მეტად უხეშნი და შეუფერებელნი არიან იმ ფაქიზი ნერვული დენის მსუბუქად აღგზნებისათვის, რომელიც გონებრივი მოქმედებისათვისაა საჭირო; ამითაა გამოწვეული სწორედ საზრიანობის სიჩლუნგე, მოდუნებულობა და შეყოვნება. მსუნაგი ადამიანი ყველაზე ხშირად ეწირება ამ ფიზიოლოგიურ მოვლენას და ეს არაა შემთხვევითი. უფრო მეტიც, საჭმლის მომნელებელი სისტემის უპირატესად გადატვირთვა სხვა დაბრკოლებებსაც უქმნის გონებრივ მუშაობას. ადამიანი, რომელიც ჭამა-სმაში ეძიებს განცხრომას, კმაყოფილია მხოლოდ კუჭის შეგრძნებით და უძლურია თავი გამოიჩინოს მეცნიერებისა და გონებრივი შრომისადმი უანგარო სიყვარულით. საკუთარი თავის სიყვარული რომელიც მჭიდრო კავშირშია ძალუმად განვითარებულ საჭმლის მონელებასთან, წარმოადგენს უმდაბლეს სწრაფვას, სურვილს მოაქციოს ყოველი გარეშე არსებული თავის სასარგებლოდ. მეცნიერული საქმიანობა კი თვითგანწირვას მოითხოვს, მოითხოვს უნარს, იპოვო კმაყოფილება არა საკუთარ თავში, არამედ სხვაში. ამიტომაა, რომ არც ერთი ეგოისტი არ ყოფილა ჭეშმარიტი გენიალური მეცნიერი და არც ერთ მსუნაგს არ მიუღწევია მეცნიერებაში რაიმე წარმატებისათვის. ამითვე აიხსნება საპირისპირო მოვლენაც, კერძოდ ის, რომ დიდი ადამიანები, გენიოსები იშვიათად როდი გამოირჩეოდნენ საჭმლის მომნელებელი სისტემის სისუსტით, ზოგჯერ კი კუჭის მოშლილობით. მაგრამ საჭმლის მომნელებელი სისტემის ცვლილებებმა და მოშლილობებმა შეიძლება გავლენა იქონიონ სულიერ მოქმედებაზე უფრო ხანგრძლივი დროითაც. ყველას საკუთარ თავზე, ან სხვათა დაკვირვებით შეუმჩნევია, რომ კუჭის მოშლა, საჭმლის მონელების ცუდად მიმდინარეობა უფუჭებს ადამიანს ხასიათს, აქცევს მას გულფიცხად. კუჭის ღრმად და ხანგრძლივად დაზიანების შემთხვევაში ადამიანს შეშლილობაც შეიძლება დაემართოს. იმის გამო, რომ კუჭში აისახება თავკერძობა და ეგოიზმი, ყველა შემთხვევაში, როდესაც შეშლილში დომინანტობს ეგოიზმი და ამპარტავნობა როდესაც თავს იჩენს ეგოიზმის უპირატესობა, უნდა ვაღიაროთ, რომ შეშლილობა მომხდარა კუჭის მოშლილობის შედეგად. შეშლილობის ბევრი მაგალითი ამ ფაქტს ადასტურებს. თუ უფრო ღრმად დავუკვირდებით იმ ადამიანის ხასიათს, რომელიც გაფიცხდა და გაბოროტდა საჭმლის მონელების მოშლით, შევამჩნევთ თავისებურებას, ნათლად რომ დაგვანახებს ამ სიფიცხის კავშირს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან. საჭმლის მონელების მოშლა წარმოადგენს თვითშენახვის გრძნობის დაქვეითებას და დასუსტებას. ამ მდგომარეობაში ადამიანს ეჩვენება, რომ ყველა მას სდევნის, ყველა მის თავმოყვარეობას ლახავს. სხეულებრივ გამოვლენაში შელახული და დაბეჩავებული მისი ეგოიზმი ცდილობს აინაზღაუროს დანაკლისი აზროვნების სფეროში, სულიერ გამოვლენაში.

§171. რა გავლენას ახდენს გონებრივ მოქმედებაზე სხვა ორგანული სისტემები, როგორიცაა სუნთქვის, ლიმფური, გამოყოფისა და სხვა. წინა ორ პარაგრაფში აღწერილი იყო სისხლის მიმოქცევის ორგანული სისტემის გავლენა გონებრივ მოქმედებაზე. მსგავს გავლენას ახდენენ გონებრივ მოქმედებაზე ისეთი ორგანული სისტემები, როგორიცაა სასუნთქი, ლიმფური და გამოყოფის სისტემები. ამ აზრის დასამტკიცებლად უამრავ ფაქტებსა და მოსაზრებებს ვპოულობთ კლენკეს იმავე წიგნში, საიდანაც ჩვენ ვსესხულობთ ყველა საჭირო ცდისეულ დაკვირვებას ჩვენი ფსიქოლოგიის ამ განყოფილებისათვის. განსაკუთრებულად შესამჩნევ და მკვეთრ მოვლენებს, რომლებიც მიანიშნებენ სულსა და ცალკეულ ორგანულ სისტემებს შორის არსებულ ურთიერთმიმართებაზე, იპოვის უკლებლივ ყველა საკუთარ თავზე დაკვირვებით. მაგალითად, ვისთვის არაა ცნობილი, თუ რა დიდი გავლენა აქვს ზაფხულის თბილ დღეებში მსუბუქ და სუფთა ჰაერს ჩვენი აზრების თავისუფლად და ლაღად მდინარებაზე და, პირიქით, როგორ გვიღონებს სულს ცივი, წვიმიანი ამინდი, ან როგორ არასასიამოვნოდ მოქმედებს სულზე ხალხით სავსე ოთახის აშმორებული ჰაერი და სხვა. განსაკუთრებით იჩენს თავს ორგანული სისტემების გავლენა სულზე ამ სისტემების ავადმყოფური, პათოლოგიური მდგომარეობის დროს, რაც ასე კარგად აქვს აღწერილი კლენკეს. ყველასათვის ცნობილია, რომ ავადმყოფი ისე ვერ აზროვნებს და წარმოიდგენს, როგორც ჯანმრთელი, ამასთან ავადმყოფის წარმოდგენათა მდგომარეობა განსხვავებულია იმის მიხედვითაც, თუ როგორია თვით ავადმყოფობა, ან კერძოდ რომელი სისტემაა მოშლილი.