ფილიმონ ქორიძე |
ქართული საეკლესიო გალობის იმერულ-გურული კილოს ნოტებზე გადაღების საქმეს დიდი ღვაწლი დასდო სახელგანთქმულმა მომღერალმა და მუსიკოსმა, ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის შესანიშნავმა მცოდნემ ფილიმონ ქორიძემ (გარდ. 1911 წელს). მან მუსიკალური განათლება მილანში მიიღო და იქვე ჰპოვა აღიარება - იტალიის მუსიკალური საზოგადოებრიობა მას ქვეყნის ნებისმიერი დიდი საოპერო თეატრის მეტად სასურველ ბანად მიიჩნევდა. მომღერალი წარმატებით მართავდა კონცერტებს როგორც იტალიის სხვადასხვა ქალაქებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რიო-დე-ჟანეიროში. მოგვიანებით მღეროდა პეტერბურგის საიმპერატორო ოპერაში, 1881 წლიდან კი - თბილისის საოპერო თეატრში.
საქართველოში დაბრუნებულმა ფილიმონმა მალე უარი თქვა თავის შემოქმედებით კარიერაზე და სამოღვაწეოდ, მისივე სიტყვებით, უფრო საჭირო საქმე - ქართული საეკლესიო გალობისა და სიმღერის გადარჩენა აირჩია. იგი ამბობდა: „საოპერო ასპარეზმა დროებით კმაყოფილება მომცა. შემდეგ კი დავფიქრდი და დავინახე, რომ გამოჩენილი მომღერლის წარმატება და ბედიც დროებითია, წარმავალია... შთამომავლობას ვერაფერს ვერ დავუტოვებ... ჩემი დღევანდელი მუშაობა კი საზოგადო მოღვაწეობაა, შინაარსით სავსე, ჩემი ქვეყნისათვის სასარგებლო და საჭირო“. ფილიმონ ქორიძემ იგრძნო საქართველოში, მისი ეკლესიის წიაღში დაწყებული საშიში პროცესი, რომელიც ქართულ მუსიკალურ აზროვნებას გადაშენებით ემუქრებოდა. ეს იყო ევროპული და ევროპეიზირებული მუსიკის მძლავრი ნაკადის შემოჭრისა და მისი გაბატონების ხანა. „მე საქართველოში დაბრუნების პირველსავე წელს ვხედავდი, რა მდგომარეობაშია ჩვენი მუსიკა - ძველი რომანსები, სუფრული სიმღერები ევროპული, ე.ი. იტალიურ-რუსული გემოვნების გავლენის ქვეშ მოხვდა და ეს გავლენა თანდათან ძლიერდებოდა. ქართულ ეკლესიასაც შეეხო რუსული სასულიერო მუსიკის გავლენა (ეს უკანასკნელი დასავლეთ-ევროპული მუსიკის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა - მ.ს.). სემინარიადამთავრებულ, რუსული სასულიერო მუსიკით აღზრდილ მღვდლებსაც ზოგჯერ, სოფლად სამსახურის დროს, ჩვენს საგალობლებშიაც საამისო ცვლილება შეჰქონდათ. არაერთხელ მომისმენია ასეთი დამახინჯებული გალობა. ნამდვილი, ხელუხლებელი ქართული სიმღერა-გალობა მხოლოდ მოშორებულ სოფლებში. ძველ მონასტრებში და ძველთა-ძველ ქართულ ოჯახებში ინახებოდა“,- აღნიშნავდა იგი (მონასტრების მოოხრების შემდეგ საეკლესიო კილოები საგვარეულოებმა შემოინახა, მაგალითად, ცნობილია „კარბელაანთ კილო“, „დუმბაძეების გალობა“, „ჭალაგანიძეების გალობა“ და ა.შ. სინამდვილეში ეს სამონასტრო სკოლებში ჩამოყალიბებულ კილოთა ნაირსახეობებია - მ.ს.).
ფილიმონ ქორიძემ ქვემო იმერეთი, გურია და სამეგრელო ფეხით შემოიარა. განსაკუთრებით შორეულ სოფლებში ეგულებოდა მას საგალობელთა ძველი, უცვლელად დაცული კილოები. პირველ ყოვლისა, იგი „ადგილობრივ მასწავლებლებსა და მღვდღებს მიადგებოდაო“, - იგონებს მისი შვილი მ.ქორელი და მათგან აზუსტებდა ძველი საეკლესიო კილოების მცოდნეთა ვინაობას. ფილიმონ ქორიძე დაუახლოედა სრულ მგალობლებს: ანტონ დუმბაძეს, დეკანოზ ვასილ ქუთათელაძეს და მის ძმას, არისტოვლეს, მღვდელ დიმიტრი ჭალაგანიძეს, მღვდელ რაჟდენ ხუნდაძეს, იპოდიაკონ ივლიანე წერეთელს და სხვ. საეკლესით გალობის მცოდნეთა გამოცდილების გაზიარება, მისივე სიტყვებით, „ქართული მუსიკის კონსერვატორია“ იყო. ფილიმონ ქორიძემ შესანიშნავად აუღო ალღო ძველი საეკლესიო საგალობლების კანონზომიერებებს ისე, რომ მგალობელთა ქებაც კი დაიმსახურა: „მადლობის ღირსი ხარ, ბატონო, რომ უცხოეთში გაზრდილმა ჩვენი საგვარეულო კილოების საიდუმლოებას ასე ოსტატურად მიაგენიო“, - შეაქო გალობაში დახელოვნებული მუსიკოსი არისტო ქუთათელაძემ.
საეკლესიო საგალობელთა ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადაღებისას ფ.ქორიძე ძალიან ჩქარობდა, რათა შეძლებისდაგვარად ბევრი ნიმუში ჩაეწერა. იგი თავდაუზოგავად და, ამავე დროს, დიდი ხალისით შრომობდა. ამის შესახებ მან წერილიც მოიწერა ოზურგეთიდან: „ხშირათა ვთხოვ ხოლმე ანტონს (იგულისხმება მგალობელი ანტონ დუმბაძე, რომლისგანაც ფ.ქორიძემ საეკლესიო საგალობელთა უმეტესი ნაწილი ჩაიწერა - მ.ს.) იმისთანა უცხო-უცხო საგალობელთა ჭრელები დამაწერინე, რომელიც სხვამ არავინ იცოდეს და დარჩეს შენდა სასახელოდ-მეთქი, და ვართ გართობილი ამ შრომით“.
ფილიმონ ქორიძე და მისი გუნდი |
ფ. ქორიძე გაოცებული იყო ქართული საეკლესიო საგალობლების სრულყოფილებით. იგი წერდა: „ხომ სხვადასხვა სამეფოებში ვყოფილვარ და მომივლია და მათი ყველაფერი შემისწავლია, მაგრამ მთელ ქვეყანაზე არცერთ ტომს და არცერთ სამეფოებს არა აქვს ისეთი მრავალი, ისე სრული, ისე გამტაცი, ისე კაცის აღმაფრთოვანებელი წყობილი მუსიკა, გალობა და სიმღერა, როგორც ამ ჩვენს პატარა ერს გვაქვს! ამისთვის დღე და ღამე თავს ვიკლავთ მეტისმეტის შრომით, რომ არ დამრჩეს ნოტებზე გადაუღებელი და დაუწერავი სიმღერა-გალობის სხვადასხვა ხმებიო“.
ფ. ქორიძის მუშაობას თავიდანვე მხარი დაუჭირა და ბიძგი მისცა იმერეთის ეპისკოპოსმა წმ. გაბრიელმა (ქიქოძემ). იგი მადლიერების გრძნობას გამოხატავდა დიდი მუსიკოსისადმი, რადგან ფილიმონ ქორიძემ თავისი სწავლა-განათლება „ხალხსა და ერს ძღვნად მიუტანა და ჩვენი ხალხის სიმღერა-გალობას დასძახა: „აწი უნდა აღდგეო“. გაბრიელ ეპისკოპოსი წუხდა იმის გამო, რომ საეკლესიო გალობის მცოდნენი თანდათან მცირდებოდნენ და ქართველი ერი კარგავდა ეკლესიის მდიდარ სულიერ მემკვიდრეობას. ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად მისი თაოსნობით ქუთაისში 1884 წელს დაარსდა „ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტი“. გაბრიელ ეპისკოპოსმა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოიწვია სახელგანთქმული სრული მგალობლები, რომელთა დიდი ნაწილი (ანტონ დუმბაძე, სინო კანდელაკი, დავით ჩხარელი (შოთაძე) გელათის მონასტერში იყვნენ აღზრდილნი. ქუთაისის გალობის აღმადგინებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით იმერულ-გურული კილოს საეკლესიო საგალობლების ჩასაწერად აირჩიეს: მღვდელი დიმიტრი ჭალაგანიძე, მღვდელი რაჟდენ ხუნდაძე და იაპოდიაკონი ივლიანე წერეთელი, რომელთაც უხელმძღვანელებდა სახელმოხვეჭილი ანტონ დუმბაძე (იგი 1880 წლამდე ათონის ქართველთა სავანის მგალობელთა გუნდის ლოტბარი იყო). სრულ მგალობელთაგან გადმოცემულ საეკლესიო საგალობელთა ნიმუშებს ფ.ქორიძე იწერდა. მათი ნაწილი გაბრიელ ეპისკოპოსის თაოსნობით ხუთ პარტიტურად გამოიცა. ნაწილის გამოცემას ფილიმონი იტალიაში ფიქრობდა, რადგან საქართველოში საამისო პირობები ვეღარ შეიქმნა. ხელნაწერები გადარჩეული ჰქონდა. ფოსტით გაგზავნა არ უნდოდა, ეშინოდა, არ დაკარგულიყო, „თვითონ წავიღებო“, - ამბობდა. მაგრამ არ დასცალდა... სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს მას ამ უდიდესი საგანძურის ხვედრზე ფიქრი არ ასვენებდა. „ძალიან მეშინია მთელი ეს განძი ჩემს შემდეგ სადმე სარდაფში ან რომელიმე მუზეუმის თაგვების სახრავი არ გახდესო, - ამბობდა იგი.
ფილიმონ ქორიძე ცოცხალი აღარ იყო, როდესაც მღვდელმა რაჟდენ ხუნდაძემ მის მიერ ჩაწერილ დიდმარხვის საგალობლების ხელნაწერში შემდეგი სახის მინაწერი დატოვა: „ამ დიდი პარასკევის საგალობლის... (იგულისხმება „შეხვეტილიანად“ წოდებული საგალობლები - მ.ს.) მცოდნე მგალობელი ახლა აღარ არის. დიდებული საგალობლებია და მშვიდი. განსვენება და სასუფეველი ქორიძეს და ან.დუმბაძეს ამის დაწერისათვის...“
ჟურნალი „რწმენა და ცოდნა“ № 3(7), 2001 წ.