XIX-XX საუკუნის ქართველ სასულიერო და საერო პირთა დიდი ძალისხმევით ქართული საეკლესიო გალობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ჩვენამდე მოაღწია. უმდიდრესი მემკვიდრეობა - ნოტებზე ჩაწერილი ათასობით უნიკალური საგალობელი, შესწავლილი და ასაღორძინებელია. გამოსაკვლევი და დასაფასებელია ღვაწლი ყოველი ადამიანისა, ვინც ქართული გალობის გადარჩენის საქმეს თავდადებულად ემსახურა.

ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენისათვის ზრუნვა XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში გაცხოველდა. ამ დროისათვის საქართველოს ეკლესიის მუსიკალური მემკვიდრეობის დაკარგვის გარდაუვალი საფრთხე აშკარად გამოჩნდა. საქართველოს ეკლესია - დაპყრობილი და დამორჩილებული, ვეღარ პატრონობდა საგანძურს. მისი უმდიდრესი ქონება რუსი ბიუროკრატების ხელში იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს უფლებააყრილი სამღვდელოება მაინც ახერხებდა მშობელი ერის გადაგვარების მოსურნეთათვის წინააღმდეგობის გაწევას. ქართული გალობის გადარჩენა ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი გახდა. არაერთმა მამულიშვილმა გამოთქვა შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ქართული გალობის შენარჩუნების საშუალებები უცნობი იყო.

სწორედ ასეთ დროს გამოჩნდნენ ეკლესიის ერთული შვილები, რომელთაც დიდი მონდომებისა და შრომის ფასად შეძლეს ქართული გალობის გადარჩენის საქმის საიმედო გზაზე დაყენება. მათ შორის იყო არქიმანდრიტი მაკარი ბატატაშვილი (1818-1892). მან ბოდბის მონასტრის წინამძღვრად ყოფნის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ქართული გალობის აღდგენის საქმეს. მისივე თაოსნობით 1862 წელს შედგა სიღნაღის მაზრის სამღვდელოების კრება, რომელმაც აღადგინა ბოდბის წმ. ნინოს მონასტერთან ძველთაგანვე არსებული სამგალობლო სკოლა. კრების გადაწყვეტილებით სასულიერო პირებმა პირადი სახსრებით ითავეს ყველა ხარჯის გასტუმრება. გორის მაზრის სოფელ ჭალიდან მოიწვიეს ცნობილი მგალობელი მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი (1812-1880), რომელმაც მცირე ხანში შეძლო სამგალობლო სკოლის სრულფასოვნად ამოქმედება. არქიმანდრიტ მაკარის წამოწყებული საქმის შედეგი რამოდენიმე თვეში გახდა თვალსაჩინო, იმდენად, რომ თბილისშიც კი მიიწვიეს ამ სკოლის აღზრდილი მგალობლები. არქიმანდრიტმა მაკარმა ქართული გალობის ყველა გულშემატკივარს გალობის პატრონობის რეალური გზა დაანახა - მონდომება, გადაუდებელი ქმედება, სიტყვა საქმესთან შეერთებული.

გთავაზობთ მღვდელ ფილიმონ კარბელაშვილის (1831-1879) მიერ ბოდბის მონასტერში წარმოთქმულ სიტყვას, რომელიც ჟურნალ „ცისკარი“-ს 1864 წლის მაისის ნომერში დაიბეჭდა. სიტყვა ნათლად წარმოაჩენს იმ სიხარულსა და აღტაცებას, რაც თან ახლდა ბოდბის მონასტერში ქართული გალობის აღდგინებას.

საგულისხმოა, რომ მამა ფილიმონი იყო უფროსი ვაჟი მღვდელ გრიგოლ კარბელაშვილისა.

ლუარსაბ ტოგონიძე

მღვდელი ფილიმონ კარბელაშვილი

სიტყვა თქმული მოსწავლეთა მიმართ ქართულის გალობისა,
წმიდის ნინას სობორსა შინა

1863 წელსა, დეკემბრის 9 დღესა, ბოდბეს


ბოდბის მონასტერი მე-19 საუკუნეში

უსაყვარლესნო ძმანო! სული ჩემი აღივსო სიხარულითა ღვთისა მიერითა! გული დასტკბა, ესმა რა ხმა გალობისა თქვენისა, განმაცხოველებელი შინაგანის ხმისა ჩემისა! მადლობას გიძღვნით ყოველი შვილი საქართველოისა ესრეთისა კეთილ-წარმატებისათვის თქვენისა და აღვავლენთ უგულითადესსა ვედრებასა უზენაესისადმი. რათა მოგცესთ უმხურვალესი სურვილი და სიმხნე აღდგინებისათვის მამაპაპეულისა ქართულის გალობისა - ესრეთ, მადლითა ღმრთისათა, მოლოდებათა ჩვენთა შეუდგების კეთილსაიმედო დასასრული; მონიჭებულსა თქვენდა უძვირფასესსა ჟამსა სწავლისასა წინა დაედების სატრფო სარბიელი, განმამშვენებელი მსახურებისა თქვენისა; ხოლო წმიდა ესე ეკლესია და ამას შინა მდებარე, უწმიდესი გვამი წმიდისა მოციქულთა სწორისა ნინასი, განანათლებენ გონებათა თქვენთა, აღსასრულებელად წინათ-განზრახულისა ღვაწლისა.

ძმანო! გარემოება ესე მიიღეთ წინდად საკუთარისა მოწყალებისა დედისა ღმრთისა წილ-ხდომილისა თვისისა ქართველთა ერისა მიმართ. როგორც უწყით, წმიდასა ამას ტაძარსა შინა განისვენებენ ნაწილნი განმანათლებელისა ჩვენისა ქალწულისა ნინასი და აჰა, მადლმან ღმრთისამან მოგიყვანნა თქვენ აქა, რათა აქედან მისით და მის მიერვე განვრცელდეს ნიჭი ღმრთისა, სადიდებელად სათნოისა თვისისა (წმიდისა ნინასსა)! აჰა გამოგირჩია თქვენ ღმერთმან წარსაგებელად მსახურებისა თვისისა!

ბუნებას მიუცია კაცისათვის, ძმანო, ნიჭი გალობისა, რომელიცა არს გამომეტყველება გრძნობით აღვსებულისა სულისა, რომლისა გრძნობისაცა ქონება ჰმართებს კაცსა ჟამსა ლოცვისასა და ამისათვის გალობას ვჰპოებთ ყოველთა კაცთა შორის ჟამსა ღმრთის მსახურებისასა. გალობა მოსესი, რაჟამს განვლეს მეწამელი ზღვა, ნაგალობევი გუნდით; ფსალმუნი დავითისი და შედგენილი მისგან გუნდი მგალობელთა; გალობა ანგელოზისა შობასა მაცხოვრისასა; გალობა წმიდისა ღმრთის მშობლისა; ოსანნა ყრმათა ებრაელთასა; ყოველი ესე ცხად გვიყოფს ჩვენ უწინდელობასა (სიძველესა) და წმიდასაცა წარმოებასა გალობისასა ქრისტეს ეკლესიასა შინა. თვით იესო ქრისტე და მოციქულნი მისნი გალობდნენ (სახარება მათესი 26,31), ხოლო წმიდა მოციქული პავლე ჰმოძღვრის ქრისტეანეთა, რათა აღგზნან ღმერთის მსახურისადმი გალობითა სულიერითა (ეფესელთა ეპისტოლე 5,19).

და გალობა ესე ეკლესიური ძლიერად აღმოშობენ გულთა შინა ჩვენთა უმხურვალესთა გრძნობათა, რომელსა შინა კაცი, წარმოაჩენს რა სიბადრუკესსა თვისსა, აღიარებს მოწყალებითსა განგებულებასა ღმრთისასა კაცთა ნათესავისადმი, შეუვრდების მას და თაყვანისცემს სულითა და გულითა. ვისი გონება არ ამაღლდების გალობასა ზედა: „რომელი ქერაბინთა...“? ვინ არ დამდაბლდების გალობასა ზედა: „წარემართენ ლოცვა ჩემი...“? „დასდევ უფალო საცო პირსა ჩემსა“? ვინ არა იგლოვს გალობასა ზედა ვნების კვირიაკის საგალობელთა, მაგ. „ნუ მტირ მე დედაო...“? ვინ არ აღიწევის უხილავად ცად მიმართ, ესმის რა გალობა პასექის საგალობელთა? - გალობა ეკლესიური არს უძლიერესი საშუალება ლმობიერებისათვის გულისა, მოყვანებისათვის სინანულსა ზედა და წარმართებისათვის ყოველსა ზედა კეთილსა და მაცხოვნებელსა.

ესე ყოველივე ცხად გვიყოფს ჩვენ, თუ ვითარ საჭირო არს იცოდეს გალობა მსახურმან ეკლესიისამან, რათა არა დამნაშავედ აღმოვჩნდეთ წინაშე ღმრთისა, თავთა ჩვენთა და შთამომავლობისა.

რწმუნებული ჩვენდა სამწყსო სიტყვიერთა ცხოვართა, გარეწრობასა შინა თვისსა ღმრთის მსახურების მოსმენისადმი, ხშირად განიმართლებდა თავს მით, რომელ ჩვენ ვასრულებთ წირვა-ლოცვას გარდარეულის ხმითა, რომლისაცა გაგონება ძნელად მოსათმენია ყურთათვის. ასეც უნდა იყოს ჭეშმარიტად! კეთილი გარეგანი ღმრთისმსახურება დიდი წარმმართებელია შინაგანისა. უმეტესად ჩვენი მსოფლიური ერი, რომელთა სარწმუნოებასაც განაცხოველებს გული და თვალი, ძლიერ მოტრფიალეა და სიამოვნებით მსმენელი ყოვლის შეწყობილის ხმისა და რა მსოფლოური ერი? თვით განათლებულნიც ეძიებენ მას - და ამისათვის ჩვენ განვიცდით არა მცირესა უკმაყოფილებასა, ყოველგან გვესმოდა სიტყვანი საკიცხველნი; ნაცვლად პატივისცემისა, ყოვლის კაცისაგან მივიღებდით უსიამოვნებასა და ვიწყებდით რა განმართლებასა თავისასა, მივეცემოდით უმეტესსა სიძულვილსა მათსა და უმეტესად იკარგებოდა მათ შორის სიყვარული წირვა ლოცვისადმი.

ძმანო! ჩვენგან იზრდების წმიდა იგი სარწმუნოება, რომელიცა დანერგა გულთა შინა ჩვენთა მაცხოვარმან კაცთა ნათესავისამან სიკვდილითა ჯვარისათა, მორწყული და განპოხებული სისხლითა წმიდათა მოციქულთა და მოწამეთა, განმტკიცებული და განმარტებული ცხოვრებითა და გულსმოდგინებითა ანგელოზთ მსგავსთა ღირსთა და ღმერთ შემოსილთა მამათა. - და რომელი სიტყვა ანუ ცხოვრება განგვამართლებს ჩვენ წინაშე ღმრთისა უკეთუ რწმუნებულსა მის მიერ მსახურებასა უდებვყოთ და ძმათა ჩვენთა ექმნებათ სახედ გარეწრობისა და ღმრთის უსიყვარულობისა. ესე ვითარისა ეკლესიის მსახურისად უმჯობეს არს, სიტყვისამებრ მაცხოვრისა, რათა ქედსა ზედა თვისსა დამოიკიდოს ქვა წისქვილისა და შთაიგდოს თავი უფსკრულსა შინა (მათეს სახარება 18,6); კვალად იტყვის წინასწარმეტყველი: „სისხლსა უდებებითა ჩვენითა, წარსაწყმედელისასა იძიებს ღმერთი ხელთაგან ჩვენთა“ (ეზეკიელისა 33,6).

საქართველო, ერთი ძველთა მხარეთაგანი, ქრისტეს სარწმუნოებისა პირველიდგანვე მოსავია და ჭეშმარიტებით აღმსარებელი, სახე ექმნებოდა სხვათა ღმრთის მსახურებისა და ჰყვაოდაცა მას შინა გალობა ეკლესიური, მცხოვრებნი უდაბნოსანი, მისით უხილავად შეერთებულ-იყვნენ ციურთა მგალობელთა თანა; სამღვდელო და საერო წესი ერთად გარდაიხდიდნენ შეწყობილითა გალობითა ყოველსა დღესასწაულსა; არა კმა ეყოფოდათ მათ გალობა ესე მხოლოდ წირვა-ლოცვაზედ, ეკლესიასა შინა, არამედ გამოვიდნენ რა მუნით, შემდგომად სერის დაგებისა, განვიდოდნენ განმხოლოებულსა ადგილსა, ხეთა ქვეშე ანუ მახლობელ ეკლესიისა და გასატარებლად შესაქცევარისა ჟამისა, იწყებდნენ ეკკლესიურსა გალობასა. მეფეთა და მთავართა, ნადიმობათა, პურობათა და სადღესასწაულოთა შემთხვევათა შინა, განმამხიარულებელი და შესაქცევარი ხმა იყო ეკკლესიურისა გალობისა. ესრეთ პატივ-იცენებოდა გალობა ჩვენთ წინაპართა ქართველთაგან! ესრეთ ერის კაცნი სამღვდელოთა-თანა ერთად ჰსტკბებოდნენ და კმა ეყოფოდათ ურთიერთსა ვიდრე ესმდათ ტკბილი გალობა! დაცხრობა საღვთო გალობისა, მომასწავებელია ღმრთის მსახურების მოუძლურებისა ხმამაღლად გვიქადაგებენ ამას ზღუდენი იერუსალიმისანი, ძველს დროში!... ხოლო აღდგინება ესრეთის სანატრელისა გალობისა, სამწუხაროდ ჩვენ ყოველთა, დაცემულისა რაოდენსამე დროისა, გექმნებათ ძმანო, სახელად საუკუნოდ სახსოვრად შთამომავლობისათვის, წარმმართებელად ღმრთის მსახურებისა და დამაგვირგვინებელად ცხოვრებისა თქვენისა.

მიჰხედეთ ძმანო, ვითარ ყოველი ენა მეცადინეობს განმშვენებისათვის საეკკლესიო გალობისა! ვითარ არა ჰზოგვენ მისთვის არა ვითარსა მოკლებასა და წარსაგებელსა, თქვენცა, რტონო ახლისა ქრისტეს ვენახისანო! გმართებსთ გულს მოდგინება და მეცადინეობა განუწყვეტელი აღდგინებისათვის მისა, რადგანაც იგი არს უსაჭიროესი განმშვენება მსახურებისა თქვენისა, ძველსა ნუ დაჰკარგავთ, მოპოებამდე ახლისა უკეთესისა.

მიჰხედეთ, ყოველი ნაწილი საზოგადოებისა, აწინდელსა განათლებულსა დროსა შინა მიემთხვევის სრულებისადმი და ჩვენც რაღამ უნდა დაგვაბრკოლოს ამაზედ, მაშინ როდესაც ჩვენი წოდება არს უმთავრესი ქვეყანასა ზედა - უდებებითა ჩვენითა ნუ შთავცვივით წყევასა ქვეშე ღმრთისა, თავთა ჩვენთა და შთამომავლობისა! იქმნება თქვენგანი ვინმე ბრკოლდებოდეს ამა შემთხვევასა შინა მოვალეობათა სახლისათ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომელ მცირედი ესე სიძნელე მოგიპოებთ თქვენ დროებითსა და საუკუნოსაცა კეთილ-დღეობასა და ცხოვრებასა. შეამზგავსეთ, ძმანო, ამათი და აწინდელი ესე გარემოება, ჰხედავთ ვითარ შორიდან მოვლენან აქა მოსასმენად მამაპაპეულისა გალობისა; ვითარ გარემოებამან ამან, ამა მცირედსა ჟამსა დაჰბადა ერსა შორის გულსმოდგინება ღმრთის მსახურებისადმი, ხოლო, თქვენ მოგიპოვათ პატივის ცემა, ყოველნი გიხსენებენ სიამოვნებით, სიყვარულით; ლოცვენ დღეთა თქვენთა, ინეტარებით და მაშინ უმეტესად საკვირველი იქმნება სახელი თქვენი, ოდეს თქვენ მიერ განეფინება კნინღა დაკარგული ნიჭი ღმრთისა მრთელსა საქართველოსა შინა.

ხოლო შენ უპატივცემულესო მამაო არხიმანდრიტო! (არხიმანდრიტს უწოდებს მაკარის, რომელსაცა პატივი და დიდება შვენის ამ გალობის დაფუძნებისათვის. „ცისკრის“ რედ.) საქართველო, მოქადული ღრმად პატივსაცემელისა ძველის ქართულის გალობისა მოსმენითა, გიძღვნით უმხურვალესსა მადლობასა, მიღებულთა შენ მიერ განუწყვეტელთა შრომათა და ღვაწლთა აღდგინებისათვის მისსა; წმიდა ესე ტაძარი და ამას შინა მდებარე უძვირფასესი საუნჯე ჩვენ მორწმუნეთა, სიქადული და განმანათლებელი ქართველთ ერისა, წმიდა მოციქულთა სწორი ქალწული ნინა, განანათლებენ გულსა და გონებასა შენსა სხვათაცა მამულის სასარგებლოთა კეთილ-წარმატებათა ზედა; ხოლო ცა და მუნ დაუცხრომელად მგალობელნი სამ წმიდა არსობითისა გალობისა, მზა გიყოფენ გვირგვინსა ღვაწლთა შენთასა. ამინ.

გაზეთი „ქართული გალობა“ №1, 2006 წ.