წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი პირველი

რომ მიუწვდომელია ღვთაება და რომ არ გვმართებს ძიება და ფუჭად დაშვრომა იმათ შესახებ,
რაც არ გადმოუციათ ჩვენთვის წმინდა წინასწარმეტყველებს, მოციქულებსა და მახარებლებს

„ღმერთი არავის უხილავს არასოდეს. მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც არის მამის წიაღში, - მან გამოთქვა“ (იოან. 1,18). ამრიგად, უთქმელია და მიუწვდომელია ღვთაება, რადგან „ვერავინ შეიცნობს მამას, თუ არა ძე, ვერც - ძეს, თუ არა მამა“ (მათე 11,17); და წმინდა სულმაც ისევე იცის ის, რაც ღვთისაა, როგორც ადამიანის სულმა იცის ის, რაც მასშია.

პირველი და ნეტარი ბუნების შემდეგ არავის სცოდნია ოდესმე ღმერთი არა მხოლოდ კაცთაგან, არამედ, აგრეთვე, ზექვეყნიურ ძალთაგან და თვით, ვამბობ, ქერუბიმთა და სერაფიმთაგან, თუ არა მას, ვისაც თავად გამოუცხადა მან.

მაინც, არ დაგვტოვა ჩვენ ღმერთმა სრულ უცოდნელობაში, რადგან მის მიერ ბუნებითად არის შთათესილი ყველაში ცოდნა იმისა, რომ არსებობს ღმერთი. თვით შესაქმეც, მისი თანაშემტკიცება და წარმმართველობა საღვთო ბუნების სიდიადეს ქადაგებს. ასევე, პირველად რჯულისა და წინასწარმეტყველთა მიერ, შემდეგ კი თვით მხოლოდშობილი ძის, უფლისა და ღვთის, ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერაც, ჩვენთვის საწვდომად, თავისი თავის ცოდნა გააცხადა მან. ამიტომ, რჯულის, წინასწარმეტყველების, მოციქულებისა და მახარებლების მიერ ჩვენდამი გადმოცემულთ შევიწყნარებთ, ვიმეცნებთ და ვეთაყვანებით, არარას ვეძიებთ რა მათ მიღმა, რადგან ღმერთი, რომელიც კეთილია, ყოველგვარ სიკეთეს გვანიჭებს და არ ექვემდებარება იგი არც შურს, არც რამ ვნებას. შური შორსაა საღვთო ბუნებისგან, რომელიც უვნებოა, რადგან მხოლოდ იგია კეთილი. ამიტომ, მან როგორც ყოვლის მცოდნემ და თითოეულისთვის სასარგებლოს წინაგანმჭვრეტმა, რაც გვარგებდა რომ გვცოდნოდა, გამოგვიცხადა, ხოლო რაც არ ძალგვიძდა რომ გვეტვირთა, დაიდუმა. ჩვენც ამათ დავჯერდეთ1. ამათში ვმკვიდრობდეთ და ნუ გადავალთ საუკუნო საზღვრებს, ნურც საღვთო გადმოცემას გარდავხდებით.

 

1. ბერძ. στέρξωμεν (ზმნიდან στέρξω). ეფრემის თარგმანში გვაქვს „განვმტკიცნეთ“. როგორც ჩანს, ეფრემის მიერ გამოყენებულ ბერძნულ ხელნაწერში იკითხებოდა στηρξωμεν (ზმნიდან στηρξω - განმტკიცება)

 


 

სარჩევი

შემდეგი თავი