ღვთისადმი სხულებრივად თქმულთა შესახებ
რადგან საღვთო წერილში ძალიან ბევრს ვპოულობთ ღვთის შესახებ უფრო სხეულებრივად თქმულს სიმბოლური აზრით, გვმართებს ვიცოდეთ, რომ ჩვენ, როგორც ადამიანებს და ამ განხშოებული ხორცით შემოსილთ, არ ძალგვიძს შევიცნოთ ან გამოვთქვათ ღმრთეების საღვთო, მაღალი და უნივთო მოქმედებანი, თუ არ ვისარგებლებთ ჩვენეული ხატებით, სახეებითა და სიმბოლოებით, ამიტომ, რაც კი ღვთის შესახებ უფრო სხეულებრივად ითქმის, სიმბოლურად არის ნათქვამი, აქვს კი უფრო მაღალი გააზრება, რადგან ღმერთი მარტივია და უაღნაგობო.
ამიტომ, ღვთის თვალებს, წამწამებსა და მზერას მის ყოვლისმხედველ ძალად და მისეული ცოდნის ყოვლისდამნახველობად აღვიქვამთ, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ სწორედ ამ გრძნობის ორგანოთი შთაგვენერგება უფრო სრულყოფილი ცოდნა და გულსავსეობა.
ყურნი და სმენა აღნიშნავს მის შემწყნარებლობას და ჩვენეულ ვედრებათა შემსმენლობას, რადგან სწორედ ეს გრძნობის ორგანოა, ჩვენ რომ ლმობიერს გვხდის მვედრებელთა მიმართ, რაჟამს უწრფელესად მივუპყრობთ მათ ყურს.
პირი და მეტყველება - მისი განზრახვის განმცხადებლობას, რადგან ჩვენ სწორედ პირისა და მეტყველების გზით წარმოვაჩენთ გულისმიერ აზრებს
ჭამა და სმა - მისი ნებისადმი ჩვენს თანხვდომას, რადგან ჩვენ სწორედ ამ გემოვნებითი გრძნობის ორგანოს მიერ სრულვყოფთ ბუნების აუცილებელ მოთხოვნილებას.
ყნოსვა - მისკენ მიმართული ფიქრისა და კეთილგანწყობის გამომააშკარავებლობას, რადგან სწორედ ამ გრძნობის ორგანოთი შთაგვენერგება ჩვენ კეთილსურნელების შეგრძნება.
პირისახე - საქმეთა მიერ მის გაცხადებასა და გამოჩინებას, რადგან ჩვენეული გამოჩინება პირისახის მიერ ხდება.
ხელები - მისი მოქმედების აღმსრულებლობას, რადგან ჩვენ სასარგებლოს რასმე, განსაკუთრებით კი საპატიოს, საკუთარი ხელებით სრულვყოფთ.
მარჯვენა - მისეულ შეწევნას სასიკეთო საქმეებში, რადგან ჩვენც უფრო მეტად სწორედ მარჯვენას ვიყენებთ იმგვარ საქმეებში, რაც უმეტესად კეთილსახოვანია, საპატიოა და რასაც ძალიან ბევრი ძალისხმევა სჭირდება.
შემხებლობა - მის უზედმიწევნითეს გამომცნობელობასა და გამოწილვას უმცირესთა და უდაფარულესთა, რადგან ჩვენს შორის, ვისაც ხელით ჩხრეკენ, შეუძლებელია რამ დაფარული დაუტოვონ მას.
ფეხები და სვლა - დასახმარებლად მის მისვლასა და თანამყოფობას მათთან, რომლებიც შეწევნას საჭიროებენ ან მტერზე შურისგებაში ან სხვა რამ საქმეში, რადგან სწორედ ფეხების გამოყენებით ვასრულებთ ჩვენ სადმე მისვლას.
ფიცი - მისი განზრახვის შეუცვლელობას, რადგან ჩვენს შორის სწორედ ფიცით მტკიცდება ურთიერთშეთანხმებანი.
რისხვა და გულისწყრომა - ბოროტებისადმი სიძულვილსა და მისგან უკუმიქცევას, რადგან ჩვენც გვძულს და ვურისხდებით მათ, რომლებიც ჩვენს განზრახულებას ეწინააღმდეგებიან.
დავიწყება, ძილი და მირულება - მტერზე შურისგების დაყოვნებას და თავისი ახლობლებისადმი მისთვის ჩვეული შემწეობის დახანებას.
მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველივე, რაც ღვთის შესახებ სხეულებრივად თქმულა, დაფარულ რამ აზრს შეიცავს, გვასწავლის რა ჩვენეულთა გზით ზეჩვენეულს. აქ არ იგულისხმება ის, რაც ღვთის სიტყვის სხეულებრივი მოსვლის შესახებ არის ნათქვამი, რადგან მან მთელი კაცი მიიღო ჩვენი ხსნისათვის, - გონისმიერი სული, სხეული, ადამიანური ბუნების თვისებები და ბუნებისეული და უძრახველი ვნებანი.
წინა თავი |