წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი მეცამეტე

ღვთის ადგილის შესახებ; და რომ მხოლოდ ღვთაებაა გარეშეუწერელი

სხეულებრივი ადგილი ესაა ის მიჯნა გარემომცველისა, რითაც გარეშემოიცვება გარემოცული, როგორც, მაგალითად, ჰაერი გარემომცველია, სხეული კი გარემოცული. არათუ მთელი გარემომცველი ჰაერი არის გარემოცული სხეულის ადგილი, არამედ - გარემომცველი ჰაერის ის ზღვარი, რაც შეხებაშია გარემოცულ სხეულთან, ხოლო ცხადია, რომ გარემომცველი არ არის გარემოცულში.

არსებობს, აგრეთვე, გონისეული ადგილი, სადაც მოიაზრება და არის გონისეული და უსხეულო ბუნება. იქ თანამყოფობს და მოქმედებს იგი, მაგრამ შემოიცვება არა სხეულებრივად, არამედ - გონისეულად, რადგან არ აქვს მას აღნაგობა, რომ სხეულებრივად იყოს გარემოცული.

ამიტომ, ღმერთი, რომელიც უნივთოა და გარეშეუწერელი, ადგილის შიგნით არ არის, რადგან იგი თვით არის თავისი თავის ადგილი, როგორც ყოველივეს აღმავსებელი, ყოველივეზე უზემოესი და თვით ყოველივეს შემამტკიცებელი. ამასთან, ითქმის მისი ყოფნა ადგილის შიგნით, რადგან სადაც კი ღვთის მოქმედება ცხადდება, ღვთის ადგილად არის წოდებული. შეურევლად გადის იგი ყოველივეში და ყველას უნაწილებს თავის მოქმედებას თითოეულის უნარისა და მიმღებლობითი ძალის შესაბამისად. ვამბობ ბუნებისეულ და, აგრეთვე, ნებაყოფლობით სიწმინდეს, რადგან უნივთო უწმინდესია ნივთიერზე, სათნოებითი კი - ბოროტებასთან თანაშეუღლებულზე. ამიტომ ითქმის ღვთის ადგილად ის, რაც უფრო მეტად წილმქონეა მისი მოქმედებისა და მადლისა. ამის გამოა ცა მისი ტახტი, რადგან ცაში არიან მისი ნების აღმსრულებელი ანგელოზები, რომლებიც ადიდებენ მას, რამეთუ ესაა მისთვის მოსვენება. მიწა კი არის ღვთის ფეხთა კვარცხლბეკი, რადგან ხორციელად მასზე იმყოფებოდა იგი ადამიანებთან ერთად. თავის მხრივ, ღვთის ფეხი ეწოდება მის წმინდა ხორცს.

ეკლესიაც ღვთის ადგილად ითქმის, რადგან მას, როგორც რამ საწმინდარს, განვაჩინებთ მისი დიდებისმეტყველებისათვის, რომელშიც ვასრულებთ, აგრეთვე, ვედრებებს მისდამი. მსგავსადვე, ის ადგილებიც, სადაც კი მისი მოქმედება განცხადებულა ჩვენთვის, ხორციელად თუ სხეულის გარეშე, ღვთის ადგილებად ითქმის.

უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთაება დაუნაწილებელია და იგი, მთლიანი, მთლიანად იმყოფება ყველგან; არა სხეულებრივად განყოფილი ნაწილი - ნაწილში, არამედ მთლიანი - ყოველივეში და მთლიანი - ზესთა ყოველივეზე.

ანგელოზისა და სულის ადგილის შესახებ, და გარეშეუწერელის შესახებ

ანგელოზი სხეულებრივად ადგილით არ არის გარემოცული, ისე თითქოს გამოისახებოდეს და აღნაგობის მქონე იყოს იგი, მაგრამ მაინც ითქმის ადგილის შიგნით მისი ყოფნა, იმდენად რამდენადაც გონისეულად თანამყოფობს იგი და მოქმედებს საკუთარი ბუნების შესაბამისად, არ არის რა სხვაგან, არამედ გარეშემოიწერება გონისეულად იქ, სადაც მოქმედებს კიდეც. არ ძალუძს მას, ერთდროულად მოქმედებდეს სხვადასხვა ადგილას. მხოლოდ ღმერთს ეთვისება, ერთდროულად მოქმედებდეს ყველგან. ანგელოზი ბუნებისეული სისწრაფითა და დაუყოვნებელი ანუ სწრაფი გადანაცვლებით მოქმედებს სხვადასხვა ადგილას, ხოლო ყველგანმყოფი და ყოვლის უზემოესი ღვთაება ერთ და იმავე დროს სხვადასხვაგვარად მოქმედებს ერთი და მარტივი მოქმედებით.

მეორე მხრივ, სული დაკავშირებულია სხეულთან, მთლიანი - მთლიანთან და არა ნაწილი - ნაწილთან. იგი გარემოიცავს მას, როგორც ცეცხლი - რკინას (არათუ მისგან იყოს გარემოცული) და მასში მყოფი საკუთარ მოქმედებებს მოქმედებს.

გარეშეწერილი არის ის, რაც შეზღუდულია ადგილით, დროითა და მწვდომელობით, ხოლო გარეშეუწერელია ამ ყოველივესგან შემოუცავი. ამიტომ, გარეშეუწერელი არის მხოლოდ ღვთაება, დაუსაბამოდ მყოფი, დაუსრულებელი, ყოვლის გარემომცველი და ყოველგვარი წვდომისგან გარეშეუცავი. ის მხოლოა მიუწვდომელი, უსაზღვრო და არვისგან შეცნობილი, არამედ თვით არის მხოლოდ თავისი თავის მჭვრეტი.

რაც შეეხება ანგელოზებს, ისინი დროითაც გარეშეიწერებიან, რადგან დაწყებული არსებობა აქვთ, ადგილითაც (თუმც გონისეულად, როგორც ზემოთ ვთქვით) და მწვდომელობითაც, რადგან რაღაცნაირად ურთიერთის ბუნებაც უწყიან და შემოქმედისგანაც სრულად დასაზღვრულები არიან, სხეულები კი გარეშეიწერებიან დასაბამითაც და დასასრულითაც, სხეულებრივი ადგილითაც და მწვდომელობითაც.

დანასკვი ღვთის შესახებ; მამის, ძისა და სულიწმინდის შესახებ;
კვლავ სიტყვისა და სულის შესახებ

ამრიგად, ყოვლითურთ უცვლელია და გარდაუქმნელია ღვთაება, რადგან მან წინასწარცოდნით წინაგანსაზღვრა ყოველივე ის, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, - თითოეული თავისი შესაფერისი ჟამისა და ადგილის მიხედვით. ამიტომ, „მამა არავის განსჯის, არამედ მთელი განსჯა მისცა ძეს“ (იოან. 5.22), რადგან, ცხადია, განმსჯელია მამაც, ძეც, როგორც ღმერთი, და სულიწმინდაც, მაგრამ თავად ძე, როგორც ადამიანი, სხეულებრივად ჩამოვა და დაჯდება დიდების ტახტზე. სწორედ შემოსაზღვრული სხეულის თვისებაა ჩამოსვლა და დაჯდომა. და განსჯის იგი მთელ სამკვიდროს სამართლიანად.

ყოველივე გამიჯნულია ღვთისგან, მაგრამ არა ადგილით, არამედ - ბუნებით. ჩვენთან დაკავშირებით გონიერება, სიბრძნე და განზრახვა, როგორც ნათვისობა, მომსვლელია და წამსვლელია, მაგრამ ასე არაა ღმერთთან დაკავშირებით, რადგან მასში არაფერი არ ჩნდება და არ ისპობა, არის რა გარდაუქმნელი და უცვლელი. ამიტომ, არ გვმართებს შემთხვევითი რამ მივაკუთვნოთ მას, რადგან სიკეთე მისი არსების თანმხლებია.

ვისაც მარადის სურს ღმერთი, ის ხედავს მას, რადგან ღმერთი ყოველივეშია. მართლაც, ამ არსზეა დამოკიდებული არსნი და არ შეიძლება არსებობდეს რაიმე, რასაც არსში არ ექნება არსებობა. ყველაფერთან არის შეზავებული ღმერთი, როგორც ბუნების შემამტკიცებელი, ხოლო სიტყვა-ღმერთი თავის წმინდა ხორცს გვამოვნებითად შეუერთდა და შეურევლად შეერთო მას, რაც ჩვენეულია.

ვერავინ ხედავს მამას გარდა ძისა და სულისა.

ძე არის მამის განზრახულობა, სიბრძნე და ძალა, რადგან არ გვმართებს რაგვარობა განვუკუთვნოთ ღმერთს, რომ არ ვთქვათ იგი არსებისგან და რაგვარობისგან შედგენილად.

ძე მამისგან არის და ყოველივე, რაც აქვს, მისგან აქვს. ამიტომ, არ ძალუძს თავისთავად ქმნას რამე, რადგან არ აქვს მას მამისგან განსხვავებული საკუთარი მოქმედება.

ის, რომ ბუნებით უხილავად მყოფი ღმერთი ხილული ხდება მოქმედებებით, ეს ვუწყით ქვეყნიერების შემყარებისგან და წარმმართველობისგან გამომდინარე.

ხატი მამისა არის ძე, და ძისა - სული, რომლის მიერ ადამიანში მკვიდრდება ქრისტე და აძლევს მას (ადამიანს) ხატისებრობას.

ღმერთია სულიწმინდა, - უშობელისა და შობილის შუა და ძის მიერ მამასთან თანაშეკავშირებული. იგი ითქმის ღვთის სულად, ქრისტეს სულად, ქრისტეს გონებად, უფლის სულად, თვითუფლად, სულად ძეობილობისა, ჭეშმარიტებისა და სიბრძნისა (რადგან ისიც ყოველივე ამის შემქმნელია) ყოველივეს აღავსებს იგი არსებით და ყოველივეს შეამტკიცებს, არის რა ქვეყნიერების აღმავსებელი არსებისეულად, მაგრამ ქვეყნიერებისგან შეუცავი - ძალმოსილებითად.

ღმერთი არის არსება მარადიული, უცვლელი, არსთა შემოქმედი და კეთილმსახურებითი ზნესრულობით თაყვანცემული.

ღმერთია და მამა ის, ვინც მარადის უშობლად მყოფია, როგორც არავისგან შობილი, არამედ - მშობელი თანამარადიული ძისა. ღმერთია და ძე ის, ვინც მარადის მამასთან მყოფია და ნაშობია მისგან უჟამოდ, მარადიულად, წარუდინებლად, უვნებოდ და განუყოფლად. ღმერთია სულიწმინდა, ძალა წმინდამყოფელი, გვამოვნებითი, მამისგან გამომავალი განუყოფლად და ძეში დავანებული, თანაარსი მამისა და ძისა.

სიტყვა არის ის, რომელიც არსებისეულად მარადის მამასთან თანამყოფია. კიდევ, სიტყვა არის გონების ბუნებითი მოძრაობაც, რომლითაც იგი მოძრაობს, მოიაზრებს და აზროვნებს, რაც არის მისი, ასე ვთქვათ, სინათლე და გამოცისკრება. კიდევ, არის სიტყვა, შიგნითმდებარე და გულში მეტყველი. კიდევ, არის სიტყვა წარმოთქმითი, აზრთა მაცნე.

ამრიგად, ღმერთი-სიტყვა არსებისეულია და გვამოვნებითი, ხოლო სამი დანარჩენი სიტყვა - სულის ძალებია, რომლებიც საკუთარ გვამოვნებებში არ განიჭვრიტება. მათგან პირველი ბუნებითი ნაშობია გონებისა, მისგან მარადის ბუნებით წარმომდინარე; მეორე წოდებულია, როგორც შიგნითმდებარე, ხოლო მესამე - როგორც წარმოთქმითი.

სული მოიაზრება მრავალგვარად; სულიწმინდა; სულებად ითქმის, აგრეთვე, სულიწმინდის ძალები; სული არის კეთილი ანგელოზიც; სულია ეშმაკიც; სულია სამშვინველიც; ზოგჯერ სულად ითქმის გონებაც; სულია ქარიც; სულია ჰაერიც.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი