წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი მეთხუთმეტე

საუკუნის შესახებ

მან შექმნა საუკუნეები, ვინც საუკუნეთა უწინარეს მყოფობს. მისდამი ამბობს საღვთო დავითი: „საუკუნიდან და საუკუნემდე შენ ხარ“ (ფს. 89,2), და - საღვთო მოციქული: „რომლის მიერ შექმნა საუკუნეებიც“ (ებრ. 1,3).

გვმართებს ვიცოდეთ, რომ საუკუნის სახელი მრავალმნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრს აღნიშნავს იგი.

საუკუნედ ითქმის თითოეული ადამიანის სიცოცხლვ; კიდევ, საუკუნედ ითქმის ათასწლოვანი ჟამი. კიდევ, ითქმის საუკუნედ მთელი ეს არსებული ყოფა. საუკუნეა ის დაუსრულებელი მომავალიც, რაც აღდგომის შემდეგ იქნება. ამასთან, საუკუნედ ითქმის არა ჟამი, არცთუ რამ ნაწილი ჟამისა, რაც მზის მსვლელობითა და სრბოლით განიზომება ანუ რაც დღეებისა და ღამეებისგან შედგება, არამედ ის, რაც მარადიულთან თანაგანგრძობადია, როგორც ჟამისეული რამ მოძრაობა და ხანგრძლივობა, რადგან რაც არის ჟამი ჟამიერთათვის, იგივეა საუკუნე მარადიულთათვის.

ითქმის შვიდი საუკუნე ამ ქვეყნიერებისა, ანუ ცისა და მიწის შექმნიდან - ადამიანთა საერთო აღსასრულამდე და აღდგომამდე, რადგან ნაწილობრივი აღსასრულია თითოეულის სიკვდილი, მაგრამ არსებობს, აგრეთვე, საერთო და სრული აღსასრული, როცა უნდა მოხდეს ადამიანთა საერთო აღდგომა. მერვე საუკუნე კი ის არის, რაც სამომავლოა.

ქვეყნიერების შემყარებამდე, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო მზე დღე-ღამის გამყოფად, არც განზომადი საუკუნე არსებობდა, არამედ - ის, რაც მარადიულთან თანაგანგრძობადია, როგორც ჟამისეული რამ მოძრაობა და ხანგრძლივობა. ამ აზრით, ერთი საუკუნე ჰგიეს, რის მიხედვითაც ითქმის, აგრეთვე ღმერთიც, როგორც საუკუნო, თუმცა იგი ითქმის, აგრეთვე, - როგორც წინასაუკუნო, რადგან თვით ეს საუკუნეც მან შექმნა. დაუსაბამოა რა მხოლოდ ღმერთი, თვით არის შემქმნელი ყველა საუკუნისა და ყველა არსისა, ხოლო როდესაც ვამბობ ღმერთს, ცხადია, რომ ვამბობ მამას, მის მხოლოდშობილ ძეს, ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, და მის ყოვლადწმინდა სულს, - ჩვენს ერთ ღმერთს.

ითქმის, აგრეთვე, საუკუნეთა საუკუნეები, როგორც, მაგალითად, არსებული ქვეყნიერების შვიდი საუკუნე, გარემომცველი მრავალი საუკუნისა ან მრავალი ადამიანის სიცოცხლისა; კიდევ, - ამგვარად ითქმის ის ერთი საუკუნე, რომელიც ყველა საუკუნის შემცველია. კიდევ, საუკუნის საუკუნედ იწოდება აწყმო და მომავალი. საუკუნო სიცოცხლე და საუკუნო ტანჯვა სამომავლო საუკუნის დაუსრულებლობას ცხადყოფს, რადგან აღდგომის შემდეგ დღეებითა და ღამეებით აღარ აღირიცხება ჟამი, არამედ უმალ ერთი დაუღამებელი დღე იქნება, რაჟამს სიმართლის მზე ელვარედ მიეშუქება მართალთ, ხოლო ცოდვილთ დაუდგებათ დაუბოლოებელი ღრმა ღამე. ამიტომ, როგორღა აღირიცხება მაშინ ორიგენესეული კვლავაღდგინების ათასწლოეანი ჟამი?

ამრიგად, ყველა საუკუნის შემოქმედი ერთია, - ღმერთი, ვინც შექმნა, აგრეთვე, ყოვლიერება და ვინც მყოფობს საუკუნეთა უწინარეს.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი