წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოცდამეერთე

სინათლეს, ცეცხლის, მნათობების, მზის, მთვარისა და ვარსკვლავების შესახებ

ცეცხლი არის ერთერთი სტიქიონი, დანარჩენებზე უფრო მსუბუქი და ზეაღმავალი, დამწველი და, ამავე დროს, გამანათებელი, შექმნილი პირველ დღეს დამბადებლის მიერ, რადგან საღვთო წერილი ამბობს; „და თქვა ღმერთმა: დაიბადოს სინათლე; და დაიბადა სინათლე“ (შეს. 1,3). როგორც ზოგი ამბობს, ცეცხლი სხვა არაფერია, თუ არა სინათლე. სხვები კოსმიურ ცეცხლს ჰაერის ზევით მყოფად ამბობენ, რასაც ისინი ეთერს უწოდებენ.

ამრიგად, ღმერთმა დასაბამში ანუ პირველ დღეს შექმნა სინათლე - მთელი ხილული შესაქმის მშვენება და სამკაული. მართლაც, მოაშორე სინათლე და ყველანი სიბნელეში დარჩებიან გამოუცნობნი, რადგან არ შეეძლებათ საკუთარი კეთილფეროვნების გამოვლენა. „ხოლო უწოდა ღმერთმა სინათლეს დღე, სიბნელეს კი უწოდა ღამე“ (შეს. 1,5). სიბნელე არის არა რამ არსება, არამედ - შემთხვევითობა, რადგან იგი ნაკლებობაა სინათლისა. ჰაერს საკუთარ არსებაში არ აქვს სინათლე. ამიტომ, ჰაერისთვის სინათლის მოკლებას უწოდა ღმერთმა სიბნელე. არათუ არსებაა სიბნელე, არამედ - სინათლის ნაკლებობა, რაც უმალ შემთხვევითობას ცხადყოფს, ვიდრე არსებას.

პირველად სახელი დაერქვა არა ღამეს, არამედ დღეს. ასე რომ, პირველი არის დღე და ბოლო არის ღამე. ამიტომ, ღამე მოსდევს დღეს და დღის დაწყებიდან მეორე დღემდე ერთი დღეღამეა, რადგან წერილმა თქვა: „და იყო საღამო, და იყო განთიადი - ერთი დღე“ (შეს. 1,5).

ამიტომ, საღვთო ბრძანებით, სამი დღის განმავლობაში სინათლე გაიშლებოდა და შემჭიდროვდებოდა. ასე დგებოდა დღე და ღამე. მაგრამ მეოთხე დღეს ღმერთმა შექმნა დიდი მნათობი ანუ მზე „დღის მოთავედ და მბრძანებლად“ (შეს. 1,16), რადგან მის მიერ შემყარდება დღე. მართლაც, დღე მაშინ არის, როდესაც მზე მიწის ზევითაა და დღის ხანგრძლივობა ესაა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მზის სრბოლა მიწის ზევით. ასევე, შექმნა ღმერთმა უფრო მცირე მნათობი ანუ მთვარე და ვარსკვლავები - „მოთავედ და მბრძანებლად ღამისა“ (შეს. 1,16) და მის გასანათებლად. ღამე მაშინ არის, როცა მზე მიწის ქვეშაა, ხოლო ღამის ხანგრძლივობა ესაა დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე მზის სრბოლა მიწის ქვეშ. ამიტომ, მთვარე და ვარსკვლავები დაწესდა ღამის გასანათებლად, მაგრამ არა ისე, თითქოს დღისით ისინი მთლიანად მიწის ქვეშ იყვნენ (რადგან ვარსკვლავები დღისითაც ცაში არიან მიწის ზევით) არამედ ფარავს რა მზე მათაც და მთვარესაც უფრო მბრწყინავი ელვარებით, არ აძლევს საშუალებას, რომ გამოჩნდნენ.

ამ მნათობებში დააუნჯა შემოქმედმა პირველქმნილი სინათლე, არა იმიტომ, რომ ნაკლებობა ჰქონდა მას სხვა სინათლისა, არამედ იმიტომ, რომ ის სინათლე უქმად არ შთენილიყო, რადგან მნათობი არის არა თვით სინათლე, არამედ სინათლის ჭურჭელი.

ამ მნათობებიდან შვიდს ცთომილად იტყვიან და ამბობენ, რომ ისინი ცის საწინააღმდეგო მოძრაობით მოძრაობენ. ამიტომაც ეწოდეს მათ ცთომილნი, რადგან ცა, როგორც უთქვამთ, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობს, ცთომილნი კი - დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ამასთან, ცა თავისი უფრო სწრაფი მოძრაობით ამ შვიდ ცთომილსაც თანაშემოატარებს.

შვიდი ცთომილის სახელები შემდეგია; მთვარე, მერკური, ვენერა, მზე, მარსი, იუპიტერი, სატურნი. ცის თითოეულ სარტყელზე შვიდისგან თითო ცთომილია:

პირველზე, ანუ უზემოესზე - სატურნი
მეორეზე - იუპიტერი
მესამეზე - მარსი
მეოთხეზე - მზე
მეხუთეზე - ვენერა
მეექვსეზე - მერკური
მეშვიდეზე და უქვემოესზე - მთვარე

ისინი რბიან იმ დაუცხრომელი სრბოლით, რაც შემოქმედმა დაუწესა მათ და როგორადაც მან დააფუძნა ისინი, თანახმად საღვთო დავითის თქმისა: „მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც შენ დააფუძნე“ (ფს. 8,4). სიტყვით „დააფუძნე“ დავითმა წარმოაჩინა ღვთის მიერ მათდამი მიცემული წესისა და კანონზომიერების სიმტკიცე და შეუცვლელობა, რადგან მან განაწესა ისინი ჟამებად, ნიშნებად, დღეებად და წელიწადებად. მართლაც, მზის მიერ ოთხი შემოქცევა შემყარდება. პირველი არის - საგაზაფხულო, რადგან მაშინ შექმნა ღმერთმა ყოვლიერება. ამას ცხადყოფს ისიც, რომ დღემდე სწორედ ამ დროს ხდება ყვავილთა აღმოცენება. ეს არის, აგრეთვე, დღეღამსწორობითი შემოქცევა, რადგან თორმეტი საათი შეადგენს დღესაც და ღამესაც. იგი დგება მაშინ, როდესაც აღმოსავლეთის შუაგულშია მზე. და არის იგი კეთილშეზავებული, სისხლის მომმატებელი, თბილი და ნოტიო, ამასთან - თავისი თავის მიერ შუამავალი ზამთარსა და ზაფხულს შორის, რადგან იგი, ერთი მხრივ, ზამთარზე უფრო თბილია და მშრალი, მეორე მხრივ კი, ზაფხულზე უფრო გრილი და ნოტიო. ეს ჟამი გრძელდება ოცდაერთი მარტიდან ოცდაოთხ ივნისამდე. შემდეგ მზე შემაღლდება აღმოსავლეთის უფრო ჩრდილოეთი მხარისკენ და ამას საზაფხულო შემოქცევა მოჰყვება, რაც შუამავალია გაზაფხულსა და შემოდგომას შორის, აქვს რა მას გაზაფხულისგან სითბო, შემოდგომისგან კი - სიმშრალე, რადგან იგი არის თბილი და მშრალი და ჰმატებს ყვითელ ნაღველს. ამ დროს არის ყველაზე დიდი დღე - თხუთმეტი საათისა, ღამე კი ყველაზე უფრო მეტად მოკლე - ცხრა საათის ხანგრძლივობის მქონე. ეს დრო გრძელდება ოცდაოთხი ივნისიდან ოცდახუთ სექტემბრამდე. შემდეგ, კვლავ აღმოსავლეთის შუაგულს უბრუნდება მზე და საზაფხულოს ენაცვლება საშემოდგომო შემოქცევა, რაც როგორღაც შუამდგომია სიგრილესა და სითბოს, სიმშრალესა და სინოტივეს შორის. იგი საზაფხულო და საზამთრო ცვლილებათა შუამავალია, რადგან აქვს საზაფხულოსგან სიმშრალე, საზამთროსგან - სიგრილე; ამიტომ არის იგი გრილი და მშრალი, ახასიათებს რა შავი ნაღვლის მომატება. ისიც დღეღამსწორობითი ცვლილებაა, რადგან თორმეტსაათიანი დღე და ღამე აქვს, და გრძელდება ოცდახუთი სექტემბრიდან ოცდახუთ დეკემბრამდე. ხოლო როდესაც მზე დაეშვება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, ყველაზე უფრო დამცრობილისკენ და დადაბლებულისკენ, - საზამთრო შემოქცევა მოიწევა მაშინ, რაც გრილია და ნოტიო, შუამავლობს რა იგი საგაზაფხულოსა და საშემოდგომოს, როგორც საშემოდგომოსგან სიგრილის მქონე, საგაზაფხულოსგან კი სინოტივის მიმღები. უმცირესი დღე აქვს მას - ცხრასაათიანი, და უდიდესი ღამე - თხუთმეტსაათიანი. იგი არის ბალღამის მომმატებელი, ხოლო გრძელდება ოცდახუთი დეკემბრიდან ოცდაერთ მარტამდე.

ამრიგად, სიბრძნით წინაგანაგო დამბადებელმა, რომ უკიდურესი სიგრილისგან, სითბოსგან, ნოტიობისგან თუ სიმშრალისგან უკიდურესად საპირისპირო ვითარებაში გადასვლით არ ჩავვარდნილიყავით მძიმე სნეულებებში, რადგან ანაზდეული ცვალებადობანი, როგორც გონებაც გვიკარნახებს, არასაიმედოა.

აი, ამგვარად სრულყოფს მზე შემოქცევებს, მათგან - წელიწადს, და, აგრეთვე, დღეებსა და ღამეებსაც; კერძოდ, დღეებს მაშინ, როდესაც ამოდის და მიწის ზევით არის იგი, ხოლო ღამეებს - როდესაც მიწის ქვეშ ჩადის და როდესაც, გაშორებისას, მთვარესა და ვარსკვლავებს მანათობლობას შეუმყარებს.

ამბობენ იმასაც, რომ ვარსკვლავთა თორმეტი ზოდიაქო არსებობს ცაში, რომლებსაც მზის, მთვარისა და დანარჩენი ხუთი ცთომილის საწინააღმდეგო მოძრაობა აქვთ.

შვიდივე ცთომილი გადის ამ თორმეტ ზოდიაქოში. მზე თითოეულ ზოდიაქოში სრულყოფს ერთ თვეს და იგი თორმეტი თვის განმავლობაში თორმეტსავე ზოდიაქოს განვლის. თორმეტი ზოდიაქოსა და მათი თვეების სახელები ამგვარია:

ვერძი - მარტის თვის ოცდაერთში იღებს მზეს
კურო - აპრილის თვის ოცდასამში
მარჩბივი - მაისის თვის ოცდასამში
კირჩხიბი - ივნისის თვის ოცდაოთხში
ლომი - ივლისის თვის ოცდახუთში
ქალწული - აგვისტოს თვის ოცდახუთში
სასწორი - სექტემბრის თვის ოცდახუთში
ღრიანკალი - ოქტომბრის თვის ოცდახუთში
მშვილდოსანი - ნოემბრის თვის ოცდახუთში
თხის რქა - დეკემბრის თვის ოცდახუთში
წყლისსაქანელი (მერწყული) - იანვრის თვის ოცში
თევზები - თებერვლის თვის ოცში

მთვარე ყოველ თვეში თორმეტსავე ზოდიაქოს გაივლის, რადგან უქვემოესია იგი და უფრო სწრაფად გადის მათ შორის. ისევე როგორც, წრეში წრის მოთავსებისას, შიგა წრე უფრო მცირე აღმოჩნდება, ამგვარადვე, რადგან მთვარე უქვემოესია, მისი სრბოლაც უფრო მცირეა და უფრო სწრაფად სრულდება იგი.

ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავებისა და, აგრეთვე, მზისა და მთვარის ამოსვლის, ჩასვლისა და მათი თანშეყრის შედეგად განეგება ყოველივე ჩვენეული. ამის შესახებ არსებობს ასტროლოგია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ის ნიშნები, რაც მათგან ხდება, ეხება წვიმასა თუ უწვიმრობას, სიგრილესა თუ სითბოს, სინოტივესა თუ სიმშრალეს, აგრეთვე, ქარს და სხვა ამგვარს, მაგრამ არანაირად - ჩვენეულ საქმეებს; თვითუფლებრივნი დავიბადეთ ჩვენ შემოქმედისგან, რის გამოც ჩვენეულ საქმეთა უფროსები ვართ. მართლაც, თუ ვარსკვლავების მსვლელობის მიხედვით ვაკეთებთ ყოველივეს, ესე იგი აუცილებლობის მიხედვით ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ის, რაც აუცილებლობის მიხედვით კეთდება, არც სათნოებაა, არც ბოროტება. ამიტომ, თუ არც სათნოებას ვფლობთ, არც ბოროტებას, აღარც ქებისა და სასჯელის ღირსნი ვყოფილვართ; ღმერთიც უსამართლო აღმოჩნდება მაშინ, რადგან ზოგისთვის სიკეთე უბოძებია, ზოგისთვის კი - გაჭირვება.

ამრიგად, თუ აუცილებლობის მიხედვით წარემართება და მდინარებს ყოველივე, მაშინ ვეღარც ღმერთი ვერ აღასრულებს წარმმართველობასა და თავისი ქმნილებების წინაგანმგებლობას. მოაზროვნეობაც ზედმეტი იქნება ჩვენთვის, რადგან თუ არანაირი საქმის უფროსები აღარ ვიქნებით, ზედმეტადღა განვიზრახავთ რასმე მაგრამ მოაზროვნეობა უთუოდ იმიტომ მოგვეცა ჩვენ, რომ განვიზრახავდეთ კიდეც. აქედან, ყოველი მოაზროვნე თვითუფლებრივიცაა.

ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი არიან არა მიზეზები მოვლენებისა ანთუ მოვლენათა წარმოქმნისა ან კიდევ ხრწნადთა ხრწნისა, არამედ წარმოადგენენ უფრო ნიშნებს წვიმებისა და ჰაერის ცვალებადობისა. იქნებ ვინმეს ეთქვა, რომ ისინი ომებისთვისაც თუმცა არა მიზეზები, მაგრამ ნიშნები კი არიან. და რომ ჰაერის ვითარება, რაც მზის, მთვარისა და ვარსკვლავებისგან შეიქმნება, სხვარიგად და სხვარიგად ნაირგვარი გზნების, ნათვისობისა და განწყობის შემამყარებელია. მაგრამ ნათვისობანი ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან აზრი განაგებს, წარმართავს და გარდაქმნის მათ.

ხშირად წარმოჩნდებიან, აგრეთვე, კომეტები მეფეთა სიკვდილის რამ ნიშნად, თუმცა ისინი არ არიან დასაბამიდან შენაქმნი ვარსკელავები, არამედ საღვთო ბრძანებით შესაბამის დროს წარმოჩნდებიან და კვლავ უჩინარდებიან. ამიტომ, არც ის ვარსკვლავი, მოგვებს რომ გამოუჩნდა უფლის კაცთმოყვრული და ჩვენთვის მაცხოვნებელი ხორციელი შობის ჟამს, არ ყოფილა დასაბამში შექმნილ ვარსკვლავთაგანი. ეს ცხადია იქედან, რომ ზოგჯერ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ასრულებდა იგი სრბოლას, ზოგჯერ კი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ამასთან, ზოგჯერ იფარვოდა, ზოგჯერ კი ჩნდებოდა, რაც არ ეთვისება ვარსკვლაეთა წესსა და ბუნებას.

გვმართებს ვიცოდეთ, რომ მზისგან ნათდება მთვარე, მაგრამ არა იმიტომ, რომ ღმერთს უჭირდა მისთვის მისი საკუთარი სინათლის მიცემა, არამედ იმიტომ, რომ შთაენერგა ქმნილებაში რიგი და წესი მთავრისა და ქვეშევრდომისა, და განვესწავლეთ ჩვენც, რომ გვქონოდა ურთიერთისადმი მზიარებლობა და წილმბოძებლობა, ამასთან, მორჩილება, უპირველესად, შემოქმედი და დამბადებელი ღვთისა და მეუფისადმი, ხოლო შემდეგ მის მიერ დადგენილი მთავრებისადმიც, და არ გამოგვეძია, თუ რის გამო მთავრობს ის, მე კი არა, არამედ ყოველივე მიგვეღო ღვთისგან მადლიერებით და გულკეთილობით.

იკლებს მზე და მთვარე, ამხილებენ რა ამით ღვთის ნაცვლად ქმნილების მოთაყვანეთა უგუნურებას და ასწავლიან რა მათ, რომ თვით ისინი გარდაქმნადნი არიან და ცვალებადნი. ყოველივე გარდაქმნადი ხომ ღმერთი არ არის, რადგან საკუთარი ბუნების მიხედვით ხრწნადია ყოველი გარდაქმნადი.

მზე იკლებს, როდესაც მისთვის მთვარის სხეული ხდება როგორც რამ შუაკედელი და დამჩრდილავი, არ ანებებს რა იგი სინათლეს, რომ მოგვებოძოს ჩვენ. ამიტომ, რა ზომისაც აღმოჩნდება მთვარის სხეული მზის დაფარვისას, იმ ზომისა იქნება კლებაც. ხოლო ის, რომ მთვარის სხეული მზეზე მცირეა, ნუ გაგაკვირვებს, რადგან მზეც, ზოგის თქმით, მიწაზე ბევრად დიდია (მამათა აზრით კი იგი თანასწორია მიწისა) მაგრამ ხშირად მას პატარა ღრუბელი, პატარა ბორცვი თუ კედელი ფარავს.

მთვარის კლება დედამიწის ჩრდილისგან ხდება, როდესაც მთვარე თხუთმეტი დღისა შეიქმნება და აღმოჩნდება (მზის) საპირისპირო მხარის უმაღლეს წერტილში, რაჟამს მზე მიწის ქვეშ იქნება, მთვარე კი - მიწის ზევით. ასეთ დროს დედამიწა ჩრდილს იძლევა და მზის სინათლე ვეღარ წვდება მთვარეს, რომ გაანათოს. ამის გამო იკლებს იგი.

გვმართებს ვიცოდეთ, რომ შემოქმედმა მთვარე შექმნა სრული ანუ თხუთმეტი დღისა, რადგან შეშვენოდა მთვარეს, სრულქმნილი ყოფილიყო. ამასთან, როგორც ვთქვით, მზე შეიქმნა მეოთხე დღეს. ამიტომ მთვარე წინ უსწრებდა მას თერთმეტი დღით, რადგან მეოთხე დღიდან მეთხუთმეტემდე თერთმეტი დღეა. ამიტომ, ყოველ წელიწადს მთვარის თორმეტი თვე თერთმეტი დღით ნაკლებია მზის თორმეტ თვეზე. რომელთაც აქვთ სამასსამოცდახუთი დღე და მეოთხედი დღისა. ამიტომ, შეიკრიბება რა მეოთხედები, ყოველ მეოთხე წელს ერთი დღე შესრულდება, რასაც ეწოდება ნაკი, ხოლო ამგვარი წელი სამასსამოცდაექვსი დღის მქონე იქნება. მთვარის წელიწადი სამასორმოცდათოთხმეტი დღისაა, რადგან მთვარე, მას შემდეგ, რაც იშვება ანუ განახლდება, იზრდება, სანამ არ გახდება თოთხმეტი დღისა და სამი მეოთხედისა, შემდეგ კი იწყებს დაცხრომას ვიდრე ოცდაცხრანახევარ დღემდე და სრულიად უნათლო ხდება, ხოლო კვლავ მზესთან შერთული ახლად იშვება და განახლდება, ატარებს რა ჩვენეული აღდგომის ნიშანს.

ამრიგად, ყოველ წელს მთვარე თერთმეტ დღეს უკან უბრუნებს მზეს. ამიტომ, ყოველ სამ წელიწადში ებრაელებს შემოაქვთ ერთი დამატებითი თვე და ამგვარი წელიწადი, თერთმეტდღიან შენამატთა გამო, ცამეტი თვისა აღმოჩნდება.

ცხადია, რომ შედგენილია მზეც, მთვარეც და ვარსკვლავებიც. ისინი თავისი ბუნებით ხრწნას ექვემდებარებიან, მაგრამ ჩვენ მათი ბუნება არ ვიცით. ზოგი ამბობს, რომ ცეცხლი, რაიმე ნივთის გარეშე, უჩინო ხდება. ამიტომ, ჩაქრება რა იგი, უჩინარდება. სხვების თქმით, ჩაქრება რა იგი, ჰაერად გარდაიქმნება.

ზოდიაქური წრე მრუდად მოძრაობს და განიყოფება თორმეტ ნაკვეთად, რომლებსაც ზოდიაქოები ეწოდება.

ცთომილთა სახლები

მარსისა - ვერძი და ღრიანკალი; ვენერასი - კურო და სასწორი; მერკურისა - მარჩბივი და ქალწული; მთვარისა - კირჩხიბი; მზისა - ლომი; იუპიტერისა - მშვილდოსანი და თევზები; სატურნრსა -თხის რქა და წყლისსაქანელი (მერწყული).

მაღლივობანი

მზის მაღლივობა ვერძია; მთვარისა - კურო; იუპიტერისა - კირჩხიბი; მარსისა - ქალწული; სატურნისა - სასწორი; მერკურისა - თხის რქა; ვენერასი - თევზები.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი