წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოცდამეშვიდე

სიამოვნებათა შესახებ

სიამოვნებათაგან ნაწილი სულისმიერია, ნაწილი სხეულებრივი. სულისმიერია ის, რაც საკუთრივ მხოლოდ სულისა არის, როგორც მაგალითად, სწავლასთან და მჭვრეტელობასთან დაკავშირებული სიამოვნებანი სხეულებრივია ის, რაც სულთან ზიარებით სხეულის კუთვნილებაც ხდება და ამიტომ სხეულებრივად იწოდება, როგორც მაგალითად, საჭმელთან, თანაყოფასთან და სხვა ამგვართან დაკავშირებული სიამოვნებანი. ამასთან, ვერავინ იპოვის ისეთ ისამოვნებას, სხეულს რომ ეკუთვნის მხოლოდ.

კიდევ, სიამოვნებათაგან ნაწილი ჭეშმარიტია, ნაწილი ყალბი, ნაწილი მხოლოდ აზროვნებისეული (მეცნიერებითად და მჭვრეტელობითად), ნაწილი კი სხეულებრივი (გრძნობადი). სხეულისეულ სიამოვნებათაგან ნაწილი არის ერთობლივად ბუნებისეულიც და აუცილებელიაც, რომლების გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, როგორებიცაა, მაგალითად, სინაკლულის შემავსებელი საჭმელი და აუცილებელი სამოსი; ნაწილი თუმცა ბუნებისეულია, მაგრამ არა აუცილებელი, როგორც, მაგალითად, ბუნებითი და რჯულისმიერი სქესობრივი კავშირი, რადგან იგი ემსახურება მთელი მოდგმის შენარჩუნებას, მაგრამ შესაძლებელია, აგრეთვე, მის გარეშე ცხოვრებაც ქალწულებრივად; ნაწილი არც აუცილებელია და არც ბუნებისეული, როგორც, მაგალითად, სიმთვრალე, ავხორცობა და ნაყროვანება, არც ამეტებს საჭიროებას, რადგან ისინი არც ჩვენი სიცოცხლის განმტკიცებას ემსახურებიან და არც მოდგმის მემკვიდრეობითობას, არამედ, პირიქით, ზიანს გვაყენებენ.

ამიტომ, ვინც საღვთოდ ცხოვრობს, მართებს მას ესწრაფვოდეს იმ საიმოვნებებს, რომლებიც ერთდროულად აუცილებელიცაა და ბუნებისეულიც, ხოლო რაც ბუნებისეულია და არა აუცილებელი, მეორე რიგში უნდა მოაქციოს მან, - მხოლოდ შესაფერისი ჟამის, წესისა და ზომის კვალობაზე მისი აღსრულებით, სხვა დანარჩენი კი უნდა უკუაგდოს მთლიანად.

კარგ სიამოვნებად მიიჩნევა ის, რასაც არ შეერთვის მწუხარება, რაც არ იწვევს სინანულს, არცთუ სხვა რამ ზიანს გვაყენებს, რაც არ გადადის ზომას, არც მეტისმეტად მოგვწყვეტს საშური საქმეებისგან და არ გვიმონებს.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი