წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ორმოცდამეთექვსმეტე

რომ ღვთისმშობელია წმინდა ქალწული

საკუთრივად და ჭეშმარიტად ღვთისმშობლად ვქადაგებთ წმინდა ქალწულს, რადგან ისევე, როგორც ჭეშმარიტი ღმერთია მისგან შობილი, ასევე ჭეშმარიტი ღვთისმშობელია ის, რომელმაც შვა თავისი თავისგან ხორცშესხმული ჭეშმარიტი ღმერთი. ვამბობთ, რომ მისგან იშვა ღმერთი, მაგრამ არა იმგვარად, რომ სიტყვის ღმრთეებამ არსებობის დასაბამი მისგან მიიღო, არამედ იმგვარად, რომ თვით ღმერთი-სიტყვა, საუკუნეთა უწინარეს მამისგან უჟამოდ შობილი და მამასთან და სულთან დაუსაბამოდ და მარადიულად მყოფი, უკანასკნელ დღეებში ჩვენი ხსნის გამო მის მუცელში შთამკვიდრდა და, შეუცვლელად ხორცშესხმული მისგან, იშვა, რადგან არათუ ლიტონი კაცი შვა წმინდა ქალწულმა, არამედ - ჭეშმარიტი ღმერთი, არა - შიშველი, არამედ - ხორცშესხმული, არა - ციდან ჩამომტანი სხეულისა, არა - ქალწულში, როგორც არხში გამავალი, არამედ - მისგან ჩვენი თანაარსი ხორცის მიმღები და თავის თავში შემაგვამოვნებელი.

მართლაც, თუ ციდან იქნა მოტანილი სხეული და თუ ჩვენეული ბუნებიდან არ მიუღია მას იგი, მაშ, რა საჭიროება იყო განკაცებისა? ღმერთი-სიტყვის განკაცება ხომ იმიტომ მოხდა, რომ თვით ამ ცოდვილ, დაცემულ და გახრწნილ ბუნებას ეძლია თავისი შემაცდენელი ტირანი და ამ სახით გახრწნილებისგან გათავისუფლებულიყო, როგორც ამბობს საღვთო მოციქული: „რადგან ადამიანის მიერ - სიკვდილი, ადამიანის მიერვე - მკვდართა აღდგომა“ (1კორ. 15,21). თუ პირველი - ჭეშმარიტად, ასევე მეორეც. და თუმცა ამბობს: „პირველი ადამი - მიწიდან მიწიერი, მეორე ადამი - უფალი ციდან (1კორ. 15,47), არათუ სხეული თქვა ციდან, არამედ ის ცხადყო, რომ არ არის იგი ლიტონი ადამიანი, რადგან, აჰა, მას ადამიც ეწოდა და უფალიც, ერთობლივად აღნიშნა რა ორივე. მართლაც, ადამი ითარგმნება როგორც „მიწისგან შობილი“, ხოლო „მიწისგან შობილი“, ცხადია, არის ადამიანური ბუნება, მიწისგან ქმნილი. მეორე მხრივ, „უფალი“ საღვთო არსების წარმომაჩენელია.

კიდევ, მოციქული ამბობს: „მოავლინა ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე, შობილი ქალისგან“ (გალატ. 4,4). არ უთქვამს მას: „ქალის მიერ“, არამედ „ქალისგან“. ამით საღვთო მოციქულმა მიუთითა, რომ სწორედ ღვთის მხოლოდშობილი ძეა და ღმერთი ქალწულისგან ქმნილი ადამიანი და რომ სწორედ ქალწულისგან ნაშობი არის ძე ღვთისა და ღმერთი, ხოლო ნაშობი - სხეულებრივად, რადგანაც ადამიანი გახდა იგი. არათუ წინდაწინ შექმნილ ადამიანში დაიმკვიდრა მან, როგორც, მაგალითად, წინასწარმეტყველში, არამედ თვით გახდა ადამიანი არსობრივად და ჭეშმარიტად, ანუ თავის ჰიპოსტასში შეაგვამოვნა მან მოაზროვნეობითი და გონისმიერი სულით სულიერქმნილი ხორცი, თვით გახდა რა მისი ჰიპოსტასი, რადგან ამას ნიშნავს-„შობილი ქალისგან“. მართლაც, როგორღა იყო „რჯულის ქვეშ“ ღვთის სიტყვა, თუ არ გამხდარა იგი ჩვენი თანაარსი ადამიანი?

აქედან, სამართლიანად და ჭეშმარიტად ვუწოდებთ წმინდა მარიამს ღვთისმშობელს, რადგან ეს სახელი მთელი განგებულების1 საიდუმლოს წარმოაჩენს. მართლაც, თუ მშობელი ღვთისმშობელია, უთუოდ ღმერთია მისგან შობილი და, ამასთან - უთუოდ კაციც, რადგან როგორღა იშვებოდა ქალისგან ღმერთი, საუკუნეთა უწინარეს მყოფობის მქონე, თუ იგი ადამიანი არ გახდებოდა, რამეთუ ადამიანის ძე ხომ, ცხადია, ადამიანია? ამიტომ, თუ ქალისგან ნაშობი ღმერთია, აშკარაა, რომ ერთია ის, ვინც შობილია მამაღმერთისგან საღვთო და დაუსაბამო არსებისამებრ, და ის, ვინც უკანასკნელ დღეებში ქალწულისგან იშვა დასაბამიერი და ჟამიერი არსებისამებრ ანუ კაცობრივად, ხოლო ეს ნიშნავს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ერთ ჰიპოსტასს და ორ ბუნებას, აგრეთვე, მის ორ შობას.

ამასთან, ქრისტესმშობლად არ სახელვდებთ წმინდა ქალწულს, რადგან ეს გაუკღღმართებული სახელწოდება სიტყვა „ღვთისმშობლის“ აღმოსაფხვრელად მოიგონა ბილწმა და უწმინდურმა, იუდეველთაებრ მბრძნობმა ნესტორმა, უპატიობის ჭურჭელმა, რომ ამით უპატიოეყო ღვთისმშობელი (ვინც არის ერთადერთი ჭეშმარიტად პატივდებული მთელ ქმნილებაზე აღმატებულად), თუმცა თავადვე განირღვევა იგი მის მამასთან, სატანასთან ერთად მართლაც, „ხრისტოს“ ანუ „ცხებული“ არის დავით მეფეც და, აგრეთვე, აარონ მღვდელთმთავარიც (რადგან ესენია ნაცხებნი: მეფობა და მღვდელთმთავრობა). ასევე, ყველა ღმერთშემოსილი ადამიანი შეიძლება ითქვას „ცხებულად“ (თუმცა არა - ბუნებით ღმერთად), ამიტომ იკადრა ღვთივგანდევნილმა ნესტორმა ქალწულისგან შობილის „ღმერთშემოსილად“ თქმა. მაგრამ ნუ მოხდება, რომ ღმერთშემოსილად ვთქვათ ან შევიმეცნოთ ჩვენ იგი, არამედ - ხორცშესხმულ ღმერთად, რადგან ხორცი გახდა თვით სიტყვა, ჩასახული ქალწულისგან და შენაძენითურთ2 ღმერთად გამოსული, ვისგანაც ხორციც განიღმრთო მაშინვე, - არსებობაში მისი შემოყვანისთანავე, რადგან ერთობლივად ხდება სამი რამ: შეძენა, მყოფობა და განღმრთობა ხორცისა სიტყვის მიერ. ამ სახითვე გაიაზრება და ითქმის ღვთისმშობლად წმინდა ქალწული, ესე იგი არა მხოლოდ სიტყვის ბუნების გამო, არამედ ადამიანურის განღმრთობის გამოც, ერთობლივად აღესრულა რა მათი მუცლადღებისა და მყოფობის საკვირველება, კერძოდ, მუცლადღება - სიტყვისა, ხოლო ხორცისა - თვით სიტყვაში მყოფობა, რაჟამს ღვთისდედამ ზებუნებრივად მიანიჭა დაბადება დამბადებელს და განკაცება - ღმერთს, ყოვლის შემოქმედს, რომელმაც ღმერთყო შენაძენი, შეინარჩუნა რა შეერთებამ შეერთებულნი იმგვარნივე, როგორებიც შეერთდნენ, კერძოდ - არა მხოლოდ ღმერთობა ქრისტესი, არამვდ - მისი ადამიანობაც, რაც ჩეენზე უზემოესია და ჩვენებრი, რადგან არათუ ჩვენებრი იყო იგი3 პირველად და შემდეგ გახდა ჩვენზე უზემოესი, არამედ პირველი მყოფობიდანვე მყოფობდა ორივე4, იმის გამო, რომ მუცლადღების დასაბამიდანვე თვით სიტყვაში ჰქონდათ მათ მყოფობა. ამრიგად, ადამიანურია იგი5 საკუთარი ბუნებით, მაგრამ ღვთისაა და საღვთოა ზებუნებრივად. ამასთან, განსულიერებული ხორცის თვისებებიც ჰქონდა მას, რადგან ესენი განგებულების ნიშნით მიიღო სიტყვამ, - ჭეშმარიტად ბუნებითად გამოვლენილნი ბუნებითი მოძრაობის წესით.

 

1. ე.ი. განკაცების.

2. ე.ი. კაცობრივი ბუნებითურთ.

3. ე.ი. მაცხოვრის ადამიანობა, მისი კაცება.

4. იგულისხმება, ერთი მხრივ, ის, რაც მაცხოვრის ადამიანურ ბუნებაში ჩვენზე უზემოესია, მეორე მხრივ კი - ის, რაც ჩვენებრია, ჩვენეულია.

5. ე.ი. მაცხოვრის კაცება.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი