სულიწმინდის შესახებ; სილოგისტური დასაბუთება
საჭიროა, რომ სიტყვას სულიც ჰქონდეს. თვით ჩვენეული სიტყვაც არ არის უნაწილო სულისა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სული (სუნთქვა) უცხოა ჩვენი არსებისგან, რადგან ჰაერის მოზიდვა და ამოშვებაა იგი, შევისუნთქავთ რა და ამოვისუნთქავთ სხეულის საარსებოდ, რაც წარმოთქმის დროს სიტყვის ხმა ხდება და თავის თავში ავლენს სიტყვის ძალას. რაც შეეხება საღვთო ბუნებას, მარტივსა და შეუდგენელს, კეთილმსახურებითად უნდა ვაღიარებდეთ, რომ არსებობს ღვთის სული, რადგან სიტყვა ღვთისა ჩვენეულ სიტყვაზე უფრო ნაკლულოვანი არ შეიძლება იყოს. ამასთან, უღვთოება იქნებოდა იმგვარი ფიქრი, რომ ეს სული უცხო რამ არის ღვთისგან და გარედან არის შესული მასში, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაშია, რომლებიც შედგენილნი ვართ.
ისევე, როგორც ღვთის სიტყვის გაგონებისას წარმოვიდგენთ არა უგვამოვნო სიტყვას, არცთუ სწავლის გზით შეთვისებულს ანდა ხმით წარმოთქმულს, ან კიდევ ჰაერში განბევადსა და დაშლადს, არამედ არსობრივად გვამოვანს, ამრჩეველს, მოქმედს და ყოვლადძლიერს, ასევე, განვისწავლებით რა, რომ ღვთის სული თანამავალია სიტყვისა და მისი მოქმედების ცხადმყოფელი, უგვამოვნო სუნთქვად როდი აღვიქვამთ მას, რადგან მართლაც უბადრუკობამდე დამდაბლდებოდა საღვთო ბუნების სიდიადე, თუ ჩვენეული სულის მსგავსად იქნებოდა გააზრებული მასში არსებული სულიც, არამედ არის იგი არსობრივი ძალა, თვით თავისთავად საკუთარ გვამოვნებაში განჭვრეტილი, მამისგან გამომავალი, სიტყვაში დავანებული და მისი გამაცხადებელი, რომელსაც არც ღვთისგან განშორება შეუძლია, არის რა მასში, და - არც სიტყვისგან, თანამავალია რა მისი; არცთუ უმყოფობად განქარვებადია იგი, არამედ, სიტყვის მსგავსად, გვამოვნებითად მყოფია, ცოცხალია, ამრჩეველია, თვითმოძრავია, მოქმედია, ყოვლითურთ სიკეთის მნებებელია და თავის ყოველ განზრახულობაში განზრახვის თანადროული ძალის მქონეა, არ კი აქვს რა მას არც დასაბამი, არც დასასრული, რადგან არასოდეს დაპკლებია მამას სიტყვა, არცთუ სიტყვას - სული.
ამგვარად, ერთი მხრივ, ბუნებითი ერთობის გამო ელინთა მრავალღმერთიანობის საცთური უჩინარდება, ხოლო მეორე მხრივ, სიტყვის და სულის აღიარებით იუდეველთა მოძღვრება ისპობა, თუმცა ამ ორივე მწვალებლობისგან ნარჩუნდება ის, რაც სასარგებლოა. იუდეველური თვალსაზრისისგან - ბუნების ერთობა, ელინიზმისგან კი - მარტოდენ გვამოვნებათა მიხედვით განყოფა.
თუ შეგვეპაექრება იუდეველი სიტყვისა და სულის აღიარების გამო, საღვთო წერილის მიერ უნდა ვამხილოთ იგი და დავადუმოთ, რადგან, ერთი მხრივ, სიტყვის შესახებ საღვთო დავითი ამბობსა: „უკუნისამდე, უფალო, ჰგიეს შენი სიტყვა ცაში“ (ფს. 118,89); კიდევ: „მოავლინა თავისი სიტყვა და განკურნა ისინი“ (ფს. 106,20), ხოლო წარმოთქმადი სიტყვა არც მოივლინება, არც უკუნისამდე ჰგიეს იგი; მეორე მხრივ, სულის შესახებ იგივე დავითი ამბობს, გამოავლენ შენს სულს და შეიქმნებიან“ (ფს103,30), კიდევ: „უფლის სიტყვით ცანი დამყარდნენ და მისი პირის სულით - ყოველი ძალა მათი“ (ფს. 32,4); ასევე, იობი ამბობს: „საღვთო სული - შემქმნელი ჩემი, ხოლო მობერვა ყოვლისმპყრობლისა - შემამტკიცებელი ჩემი“ (იობ. 33,4). ამგვარი სული, - მოვლენილი, შემქმნელი, დამამყარებელი და შემამტკიცებელი, - არ არის განქარვებადი ორთქლი, ისევე როგორც არც ღვთის პირია სხეულებრივი ნაწილი, რადგან ორივე მათგანი ღვთისმშვენად უნდა გავიაზროთ.
წინა თავი |