წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი სამოცდამეთექვსმეტე

მათ მიმართ, რომლებიც ამბობენ: თუ ორი ბუნებაა ქრისტე, მაშ, ან ქმნილებასაც მსახურებთ, თაყვანს სცემთ რა ქმნილ ბუნებას, ანდა ერთ ბუნებას თაყვანცემულად ამბობთ, მეორეს კი - არათაყვანცემულად

მამასთან და წმინდა სულთან ერთად თაყვანს ვცემთ ღვთის ძეს, უსხეულოს განკაცებამდე, აწ კი მასვე ხორცშესხმულსა და კაცქმნილს, რომელიც არის, ამავე დროს, ღმერთიც.

თუ დაწვრილმანებული ჩაძიებით განვყოფთ ხილულს გონებისეულისგან, უფლის ხორცი თავისი ბუნებით არათაყვანსაცემი იქნება როგორც ქმნილი, მაგრამ არის რა იგი ღმერთ-სიტყვასთან შეერთებული, მის გამო და მასში თაყვანიცემა, რადგან ისევე, როგორც თაყვანიცემა მეფე, შიშველიცა და შემოსილიც, პორფირი კი, როგორც ლიტონი პორფირი, ფეხქვეშაც ითელება და მიმოისვრიან კიდეც, მაგრამ როდესაც სამეფო შესამოსელი ხდება იგი, პატივი მიეგება და იდიდება, ხოლო თუ ვინმე შეურაცხყოფს მას, უმრავლეს შემთხეევაში სიკვდილით ისჯება, ან კიდევ, ისევე როგორც არ არის შეხებისთვის მიუწვდომელი უბრალო ძელი, მაგრამ ცეცხლს რომ შევურთავთ და დანაკვერცხლდება, მიუკარებელი ხდება, თუმცა არა თავისი თავის გამო, არამედ მასთან თანაშერთული ცეცხლის მიზეზით და, ამიტომ, ძელის ბუნება კი არ არის მიუკარებელი, არამედ ნაკვერცხალი ანუ ცეცხლმოკიდებული ძელი, - ამგვარადვე, ხორციც თავისი ბუნების მიხედვით თაყვანსაცემი არ არის, მაგრამ თაყვანიცემა ხორცშესხმულ ღმერთ-სიტყვაში, თუმცა არა თავისთავად, არამედ მასთან ჰიპოსტასურად შეერთებული ღმერთი-სიტყვის გამო, და არ ვამბობთ, რომ თაყვანს ვცემთ ლიტონ ხორცს, არამედ ღვთის ხორცს ანუ ხორცშესხმულ ღმერთს.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი