წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოთხმოცდამეშვიდე

უფლის წარმომავლობისა და წმინდა ღვთისმშობლის შესახებ

ზემოთ უკვე გარკვეულწილად ვიმსჯელეთ მარადქალწულისა და ღვთისმშობლის, ქებაზე აღმატებული წმინდა მარიამის შესახებ და წარმოვაჩინეთ ყველაზე უფრო არსებითი: რომ იგი არის საკუთრივად და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი და იწოდება კიდეც ასე. ახლა, რაც დაგვიკლია, იმას შევავსებთ.

როგორც ღვთის წინასაუკუნო და წინასწარმცოდნეობითი განზრახვით იყო წინაგანსაზღვრული, აგრეთვე წინასწარმეტყველთაგან, სულიწმინდის მიერ, მრავალგვარი ხატებითა და სიტყვებით გამოხატული და წინაქადაგებული, აღმოცენდა იგი წინაგანსაზღვრულ ჟამს დავითისეული ძირისგან ამ უკანასკნელისადმი მიცემულ აღთქმათა გამო, რადგან თქმულია: „ეფიცა უფალი დავითს ჭეშმარიტებას და არ უარყოფს მას. შენი მუცლის ნაყოფისგან დავსვამ შენს ტახტზე“ (ფს. 131,11). და კიდევ: „ერთგზის ვეფიცე ჩემს წმინდანს, ვეცრუები კი დავითს? მისი თესლი უკუნისამდე დარჩება და მისი ტახტი - როგორც მზე ჩემს წინაშე და როგორც მთვარე, - შემტკიცებული უკუნისამდე და სარწმუნო მოწმე ცაში“ (ფს. 88,36-38). ესაიაც ამბობს: „აღმოცენდება კვერთხი იესესგან და ყვავილი ამოვა ძირისგან“ (ესაია 11,1).

ის, რომ იოსები დავითისეული ტომის შთამომავალია, აშკარად წარმოაჩინეს უსამღვდელოესმა მახარებლებმა მათემ და ლუკამ, თუმცა მათეს იოსები სოლომონის გზით გამოჰყავს დავითისგან, ლუკას კი - ნათანის გზით. რაც შეეხება წმინდა ქალწულის შობას, ამის შესახებ ორივემ დაიდუმა.

საჭიროა ვიცოდეთ, რომ არც ებრაელთა ჩვეულება იყო და არც საღვთო წერილისა, ქალთა გვარტომობის შესახებ უწყება. ამასთან, არსებობდა რჯულდება, რომ ერთ ტომს არ ეთხოვა ქალი მეორე ტომისგან. ამიტომ, რადგან სწამებს საღვთო სახარება, რომ იოსები, შთამომავალი დავითისეული ტომისა, მართალი იყო, წმინდა ქალწულზე უკანონოდ არ დაიწინდებოდა იგი, თუ მარიამიც იმავე სკიპტრის1 შთამომავალი არ იქნებოდა. ამიტომაც, როდესაც წერილმა აჩვენა იოსების წარმომავლობა, ეს იკმარა.

ამასთან, საჭიროა იმის ცოდნაც, რომ არსებობდა შემდეგი რჯულდება. როდესაც ძმა უშვილოდ აღესრულებოდა, მის ძმას გარდაცვლილის ცოლი უნდა შეერთო და თესლი აღედგინა ძმისთვის. ვინც ამ გზით იშვებოდა, ბუნებითად მეორისა ანუ მშობლისა იქნებოდა, მაგრამ რჯულდების თანახმად - გარდაცვლილისა.

ამრიგად, ნათანის, დავითის ძის, ხაზით ლევმა შვა მელქი და პანთერი, პანთერმა შვა ბარპანთერი, ასე ზედწოდებული. ამ ბარპანთერმა შვა იოაკიმი, იოაკიმმა კი შვა წმინდა ღვთისმშობელი. მეორე მხრივ, სოლომონის, დავითის ძის ხაზით, მატთანს ჰყავდა ცოლი, რომლისგანაც შვა მან იაკობი, ხოლო როდესაც აღესრულა მატთანი, მელქიმ ნათანის ტომიდან, ლევის ძემ და პანთერის ძმამ, შეირთო მატთანის ცოლი, დედა იაკობისა და მისგან ეყოლა ელი. ამგვარად, იაკობი, რომელიც იყო სოლომონის ტომიდან, და ელი, რომელიც იყო ნათანის ტომიდან, გახდნენ ძმები ერთი დედისგან. ამასთან, ელი, რომელიც იყო ნათანის ტომიდან, აღესრულა უშვილოდ. მისი ცოლი შეირთო იაკობმა, მისმა ძმამ, რომელიც იყო სოლომონის ტომიდან, და შვა იოსები.

ამრიგად, იოსები ბუნებითად შვილია იაკობისა, სოლომონის შთამომავლისა, რჯულდებითად კი - ელისა, ნათანის შთამომავლისა.

იოაკიმმა იქორწინა სათაყვანო და ღირსსაქებ ანაზე, მაგრამ ისევე როგორც ძველად უნაყოფო ანამ ლოცვისა და აღთქმის გზით შვა სამუელი, ასევე ამანაც ღვთისადმი ლიტანიობისა და აღთქმის გზით მოიპოვა ღვთისმშობელი, რათა იგი2 არც ამ მხრივ ყოფილიყო ნაკლები ვინმე წარჩინებულთაგანზე.

ამრიგად, შობს მადლი (ასე ითარგმნება „ანა“) დედოფალს (ამას აღნიშნავს სახელი „მარიამ“, რადგან ჭეშმარიტად დედოფალი გახდა იგი ყველა ქმნილებისა, წარმოჩნდა რა შემოქმედის დედად. იგი იშვება იოაკიმის საცვხრე სახლში და ტაძრად მიიყვანება, შემდეგ ღვთის სახლში დაირგვება, განიპოხება სულით და როგორც ნაყოფიერი ზეთისხილი, ხდება სავანე ყველა სათნოებისა, გონებით განშორებული ყოველგვარი ყოფითი და ხორციელი გულისთქმისგან და ქალწულად დამცველი სულისა სხეულთან ერთად, როგორც ეს შეჰფეროდა იმას, ვისაც უხდა მიეღო ღმერთი თავის წიაღში, რადგან წმინდა იყო იგი (ღმერთი) და სიწმინდეებში განისვენებდა.

ამრიგად, სიწმინდეს შეუდგება იგი და ღირსეულად წარმოჩნდება უზენაესი ღვთის წმინდა და საკვირველ ტაძრად.

მაგრამ რადგან აკვირდებოდა ქალწულებს ჩვენი ხსნის მტერი, შესაბამისად ესაიას წინასწარმეტყველებისა, სადაც თქმულია: „აჰა, ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებენ მის სახელს ემმანუელს, რაც გადმოთარგმნით არის „ღმერთი ჩვენთან“ (ეს. 7,14), ამიტომ, იმისათვის, რომ მას, „ვინც შეიპყრობს ბრძენთ მათ მზაკვრობაში“ (1კორ. 3,19), მოენადირებინა ის, ვინც მუდამ სიბრძნით თავმომწონეობდა, ყმაწვილი ქალი მღვდლების მიერ იოსებს მიეცა დასაწინდად, ის, ახალი გრაგნილი - მას, ნაწერთა მცოდნეს (შდრ. 29,11), რადგან დაწინდვა ქალწულის დამცველიც იყო და ქალწულთა მომზირალის შემაცდენელიც.

როდესაც მოვიდა აღვსება ჟამისა, გაიგზავნა მისდამი უფლის ანგელოზი, რომ ეხარებინა მისთვის უფლის მუცლადღება.

ასე მუცლადიღო მან ღვთის ძე, მამის ჰიპოსტასური ძალა, - „არა ხორცის ნებით, არცთუ მამაკაცის ნებით“ (იოანე 1,13), ესე იგი, არა შეწყვილებითა და თესლით, არამედ მამისეული სათნოჩენითა და წმინდა სულის თანამოქმედებით, მისცა რა შემოქმედს შექმნილობა, შემძერწველს - შეძერწილობა, ღვთის ძესა და ღმერთს - ხორცშესხმულობა და განკაცებულობა თავის წმინდა და შეურყვნელ ხორცთა და სისხლთაგან, რითაც წინადედის3 ვალი გადაიხადა მან, რადგან როგორც ევა შეიქმნა ადამისგან შეწყვილების გარეშე, ამგვარადვე შვა მარიამმაც ახალი ადამი, რომელიც ერთი მხრივ, მუცლადღების რჯულისგან იშვა, მეორე მხრივ კი - შობადიაბის ბუნებაზე აღმატებულად, რადგან ქალისგან უმამოდ იშვება ის, ვინც იყო მამისგან უდედოდ4, და იმის გამო, რომ ქალისგანაა, მუცლადღების რჯულითაა ეს [შობა], ხოლო იმის გამო, რომ მამის გარეშეა, აღმატებულია შობადობის ბუნებაზე, ამასთან, იმის გამო, რომ ჩვეულ დროში [იშვება იგი], მუცლადღების რჯულითაა ეს (რადგან აღასრულა მან ცხრა თვე და მეათეში ჩამდგარი იშვა), ხოლო იმის გამო, რომ უტკივილოდ იშვება, აღემატება შობადობის კანონს, რადგან რასაც ვნებიანობა5 არ უძღოდა წინ, მას არც ტკივილი მოჰყოლია, თანახმად წინასწარმეტყველისა, რომელიც ამბობს: „უწინარეს ტკივილისა შვა“, და კიდევ: „ვიდრე მოვიდოდა ჟამი ტკივილებისა, განერიდა და შვა ყრმა“ (ეს. 66,7).

ამრიგად, იშვა მისგან ძე ღვთისა და ღმერთი ხორცშესხმული, არა ღმერთშემოსილი ადამიანი, არამედ ხორცშესხმული ღმერთი, არა მოქმედებით ცხებული, როგორც წინასწარმეტყველი, არამედ - მთელი მცხებელის6 თანამყოფობით. ასე რომ, მცხებელი7 ადამიანი გახდა, ცხებული8 კი - ღმერთი, თუმცა არა ბუნების ცვალებადობით, არამედ ჰიჰოსტასური შეერთებით, რადგან თვითვე იყო მცხებელიც და ცხებულიც (მცხებელი, როგორც ღმერთი, თავისი თავისა, როგორც ადამიანისა). ამიტომ როგორ არ არის ღვთისმშობელი ის, რომელმაც თავისი თავისგან შვა ღმერთი ხორცშესხმული? უთუოდ საკუთრივად და ჭეშმარიტად წარმოჩნდა იგი ღვთისმშობლად და დედოფლად, ყველა ქმნილების მფლობელად და შემოქმედის მხევლად და დედად. ამასთან ისევე როგორც ქალწულად შეინარჩუნა მუცლადღებულმა მუცლადმღებელი9 ასევე, შობის შემდეგაც უვნებლად დაიცვა მისი ქალწულობა, განვლო რა მის შორის მხოლოდ მან10 და დახშულად შეინარჩუნა რა იგი (შდრ. ეზეკ. 44,2). სმენის მიერ იყო მუცლადღება, ხოლო შობა - ნაშობთათვის ჩვეული გამოსვლით (თუმცა კი ზოგნი იმას ზღაპრობენ, რომ ღვთისდედის გვერდიდან იშვა იგი), რადგან შეუძლებელი არ იყო მისთვის, რომ კარიბჭეშიც გასულიყო და მისი ბეჭდულობანიც არ დაეზიანებინა.

ამრიგად, შობის შემდეგაც ქალწულად დარჩა მარადქალწული და არანაირად არ დაკავშირებია იგი მამაკაცს ვიდრე სიკვდილამდე. ამასთან, თუმცა წერია, რომ იოსებმა „არ იცოდა იგი, ვიდრე არ შვა მან თავისი პირმშო ძე“ (მათე 1,25), მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ „პირმშო“ არის პირველად შობილი თუნდაც რომ მხოლოდშობილი იყოს იგი, რადგან ეს სიტყვა პირველშობილობას აღნიშნავს და იგი არ წარმოაჩენს აუცილებლად სხვათა შობასაც. რაც შეეხება სიტყვას „ვიდრე“, იგი მოასწავებს განსაზღვრული დროის ვადას, მაგრამ არ გამორიცხავს შემდგომსაც, რადგან უფალი ამბობს „და აჰა, მე თქვენთან ვარ ყოველ დღეს ვიდრე საუკუნის აღსრულებამდე“ (მათე 28,20), თუმცა ამით იმას როდი ამბობს, რომ საუკუნის აღსრულების შემდეგ გაშორდება მათ. საღვთო მოციქულსაც უთქვამს: „და ამგვარად ყოველთვის უფალთან ვიქნებით“ (1 თეს. 4,17), უთქვამს კი იმაზე, რაც საერთო აღდგომის შემდეგაა.

მართლაც, როგორღა დაუშვებდა მამაკაცთან შეწყვილებას ის, ვინც ღმერთი შვა და საკვირველებაც შეიცნო ამისა შემდგომთა11 გამოცდილების შედეგად? ნუ მოხდება ეს! არაწმინდა გონებას განეკუთვნება არა მხოლოდ ასეთის ჩადენა, არამედ გაფიქრებაც კი.

ხოლო თვით ნეტარმა და ზებუნებრივ საბოძვართა ღირსქმნილმა ქალწულმა ის ტკივილები, რასაც შობისას განერიდა, ვნებულების ჟამს განიცადა, რაჟამს დედობრივი თანალმობით დაითმენდა იგი შინაგან ჭრილობას12, რადგან ხედავდა, რომ ვინც მან შობის გზით ღმერთად იცნო, მას ბოროტმოქმედივით კლავდნენ. ამის გამო მახვილისებრ სვრავდა მას ფიქრები. სწორედ ამას ნიშნავს: „და თვით შენს სულს გაივლის მახვილი“ (ლუკა 2,35).

მაგრამ მწუხარებას ცვლის აღდგომის სიხარული, რაც გვიქადაგებს, რომ ღმერთია ის, ვინც ხორცით მოკვდა.

 

1. ე.ი. იმავე სამეფო გვარის.

2. ე.ი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.

3. ე.ი. ევას.

4. ე.ი. ძე ღმერთი, შობილი მამა ღმერთისგან უდედოდ.

5. ბერძ. ήδονή (ლათ. voluptas). შდრ. არსენი: „გემოვნებაჲ“.

6. ე.ი. მთელი ღმერთის, მთლიანი ღმერთის.

7. საღვთო ბუნება.

8. ადამიანური ბუნება.

9. ღმერთმა ღვთისმშობელი.

10. უფალმა.

11. ე.ი. შემდგომ მოვლენათა.

12. სიტყვ. „ნაწლავთა გაჭრას“.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი