წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოთხმოცდამეთორმეტე

იმის შესახებ, რომ ღმერთი არ არის ბოროტებათა მიზეზი

გვმართებს ვიცოდეთ, რომ საღვთო წერილი, ჩვეულებისამებრ, ღვთისმიერ დაშვებას მისეულ მოქმედებას უწოდებს, როგორც მაგალითად მაშინ, როდესაც მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: „ან კი არა აქვს უფლებამოსილება მეთუნეს, რომ ერთიდაიმავე თიხის ცომისგან დაამზადოს როგორც პატივის ჭურჭელი, ასევე - უპატიობისა?“ (რომ.9,21). მართლაც, თვით ღმერთი აკეთებს ამასაც და იმასაც, რადგან მხოლოდ იგია ყოველთა შემოქმედი, თუმცა თავად კი არ ქმნის საპატიო და უპატიო ჭურჭლებს, არამედ - თითოეული ჩვენგანის არჩევანი. ეს ცხადია იმითაც, რაც თქვა იმავე მოციქულმა ტიმოთესადმი მეორე ეპისტოლეში: „დიდ სახლში არის არა მხოლოდ ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, არამედ - ხისაც და თიხისაც, ზოგი - პატივისათვის, ზოგი - უპატიობისათვის. ამიტომ, თუ ვინმე განიწმენდს თავს ამათგან, იგი იქნება პატივის ჭურჭელი, განწმენდილი და პატრონისათვის კარგად მოსახმარი, მზა ყველა კეთილი საქმისათვის“ (2 ტიმ. 2,20-21). ამასთან, ცხადია, რომ განწმენდა ნებაყოფლობით ხდება, რადგან ასე თქვა: „თუ ვინმე განიწმენდს თავს“, აქედან გამომდინარე კი უკუშებრუნებით და პირუკუ ვიტყვით: „თუ არ განიწმენდს იგი თავს, იქნება ჭურჭელი უპატიობისა, მოუხმარი პატრონისათვის, დამტვრევის ღირსი“. ზემომოტანილი ნათქვამი და, აგრეთვე, სიტყვები: „შეკეტა ღმერთმა ყველანი ურჩობაში“ (რომ. 11,32), ანდა: „მისცა მათ ღმერთმა სული მწუხარებისა, თვალები - არდასანახად და ყურები - არსასმენად“ (რომ. 11,8), - ყოველივე ეს უნდა აღვიქვათ არა როგორც ღვთისგან ნამოქმედარი, არამედ როგორც დაშვებული მისგან, რადგან რაც კარგია, თვითუფლებრივია და ძალდაუტანებელი.

ამრიგად, ღვთისმიერ დაშვებას საღვთო წერილი, ჩვეულებისამებრ, მისეულ მოქმედებას და ქმნას უწოდებს. ასევე, როდესაც თქმულია, რომ ღმერთი ბადებს ბოროტებას (ესაია 45,7), ანდა რომ არ არის ისეთი ბოროტება ქალაქში, რაც არ ექმნას უფალს (ამოს. 3,6), ამით ბოროტებათა მიზეზად როდი წარმოჩნდება ღმერთი, არამედ რადგან სიტყვა „ბოროტება“ ორმნიშვნელოვანია, ორ რამეს აღნიშნავს იგი. კერძოდ, ზოგჯერ ცხადყოფს ბუნებისეულ ბოროტებას, რაც საპირისპიროა სათნოებისა და ღვთის ნებელობისა, ზოგჯერ კი იმას, რაც ბოროტებაა და სიმძიმილია ჩვენს გრძნობასთან მიმართებაში, ანუ - შეჭირვებანი და მოსაწევარნი. ესენი, როგორც სატკივარნი, მოჩვენებითად არიან ბოროტებანი, ჭეშმარიტად კი - სიკეთენი, რადგან მოქცევისა და ხსნის მიმნიჭებელნი ხდებიან გონიერთათვის. ამათ წერილი ღვთისგან ქმნილად ამბობს.

საცოდნელია კი, რომ ამათი მიზეზიც ჩვენ ვართ, რადგან ბოროტებანი ნებაყოფლობითთა ნაშობნი არიან. ისიც საცოდნელია, რომ სჩვევია წერილს შედეგობრივად სათქმელის მიზეზობრივად თქმა, როგორც მაგალითად: „მხოლოდ შენ შეგცოდე და უკეთურება შენს წინაშე ვქმენი, რათა გამართლდე შენს სიტყვებში და გაიმარჯვო შენს განსჯაში“ (ფს. 50,6). მართლაც, არც ცოდვილმა სცოდა იმისათვის, რომ ღმერთს გაემარჯვა, არცთუ ღმერთი საჭიროებდა ჩვენს შეცოდებას, რომ ამის შედეგად გამარჯვებული გამოჩენილიყო (რადგან უფალი შეუდარებლად გამარჯვებულია1 ყველაზე, რამეთუ იგი, როგორც შემოქმედი, მიუწვდომელია და შეუქმნელია, აქვს რა ბუნებითი და არა შეძენილი დიდება), არამედ უსამართლო როდია, როდესაც ჩვენზე, შევცოდავთ რა, რისხვას მოაწევს, ხოლო მონანულთ შეგვინდობს და ამით ჩვენეული ბოროტების მძლეველად ჩნდება. არათუ ამისთვის ვცოდავთ ჩვენ, არამედ თვით საქმე ბოლოვდება ასე, თუ არა და ეს იმის მსგავსი იქნებოდა, ვინმეს რომ მეგობარი სტუმრებოდა სწორედ მაშინ, როდესაც იგი სამუშაოდ უნდა დამჯდარიყო და მას კი ეთქვა: მეგობარი იმიტომ მოვიდა, რომ დღესაც არ მემუშავა. ცხადია, მეგობარი იმისთვის როდი მოვიდა, რომ არ ემუშავა მას, არამედ დაბოლოება იყო ასეთი, რადგან მან, მეგობრის მიღებით დაკავებულმა, ვეღარ იმუშავა. ამას ეწოდება „შედეგობრივი“, რადგან ასე ბოლოვდება მოვლენები, ხოლო ღმერთს ის როდი ნებავს, რომ მხოლოდ თვით იყოს სამართლიანი, არამედ ის, რომ ძალისამებრ ყველა ემსგავსებოდეს მას.

 

1. სიტყვ. „ატარებს გამარჯვების ნიშნებს“.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი