მამა გიორგი გახლავართ, ბერდიაკონი. ერისკაცობაში ტარიელი მერქვა, ტარიელ ილიას ძე გურჩიანი. დავიბადე 1966 წლის 7 თებერვალს, დიდი წმინდანების - გრიგოლ ღვთისმეტყველის, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის - ხსენების დღეს და ღვთისმშობლის ხატის „განაქარვე ჩემი მწუხარება“ დღესასწაულზე. დავიბადე კოდორის ხეობაში, სადაც ამჟამად ვმოღვაწეობ (წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის მომმარაგებელი ვარ). წელს ჩემი დაბადების დღეს სწორედ ამ ადგილას შევხვდი, სადაც 38 წლის წინ დავიბადე, იმავე შენობაში. ახლა იქ წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერია. სახელსაც წმინდა გიორგისას ვატარებ. ხომ უცნაურია?! აი, ასე საოცრად განაგო ღმერთმა ჩემი ცხოვრება.
მყავს წესიერი და პატიოსანი, პატარა ბავშვებივით საყვარელი უკვე ხანდაზმული მშობლები - 80 წლის მამა და 75 წლის დედა. ექვსი დედმამიშვილი ვიყავით - 4 ბიჭი და 2 გოგო. დღესდღეობით, სამწუხაროდ, ძმებიდან მარტო მე ვარ ცოცხალი, 3 ძმა გარდაცვლილი მყავს. მე ყველაზე უმცროსი ვარ, ჩემს ტყუპისცალ ძმაზეც კი.
მშობლები მორწმუნეები იყვნენ, რადგან სვანეთში იშვიათია (და არც მოინახება) ოჯახი, ღმერთი რომ არ სწამდეს. გასაგებია, რომ ამ ხალხს თავისებური, შესაძლოა, მართლმადიდებლურისგან გარკვეულწილად განსხვავებული რწმენა აქვს, მაგრამ ეს არცაა გასაკვირი - ხეობაში ხომ მონასტრის დაარსებამდე არც ეკლესია არსებობდა და არც ღვთისმსახურება სრულდებოდა. ოდესღაც იქ რუსი მოძღვრები მსახურობდნენ, ბერები და განდეგილებიც ყოფილან, ქართულ ენაზე წირვა-ლოცვის შესახებ კი დანამდვილებით რაიმეს თქმა ძნელია. ამის დამადასტურებელი წყაროები არ მოგვეპოვება. გარკვეული ვარაუდი არსებობს, მაგრამ სახელდობრ რომელი მონასტერი მოქმედებდა ხეობაში, რომელ წლებში, ვინ მოღვაწეობდა იქ, არავინ იცის.
რაც შეეხება ჩემს სწავლა-განათლებას, ცხრა კლასი სოხუმში დავამთავრე, მერე კი - სამშენებლო სასწავლებელი მოსკოვში. თან სპორტსაც მივსდევდი - ძიუდოში სპორტის ოსტატობის კანდიდატიც ვიყავი. შემდეგ ჯარში გამიწვიეს, ყაზახეთში. საუკეთესო ჯარისკაცი გახლდით, ასისთავი. სწავლაშიც არ ვიყავი ბოლო, მეტიც - ვცდილობდი, პირველი ვყოფილიყავი (ქართველი კაცის ბუნებაა ასეთი). მახსოვს, ქართული სექტორიდან რუსულზე გადასვლა ცოტა გამიჭირდა, პირველ კარნახში ერთიანიც კი დამიწერეს, მაგრამ სამაგიეროდ სახელმწიფო გამოცდებში სულ ოთხიანები და ხუთიანები მივიღე. ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ვითვლებოდი. სასწავლებელში 700 კაცი სწავლობდა და ამათგან ორი გამოგვარჩიეს - უცნობი ჯარისკაცის საფლავზე, კრემლთან, თაიგული დავდეთ. სპორტშიც ვპირველობდი და ჯარშიც. ვცდილობდი, ადამიანურად ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონოდა, მაგრამ თუ ჩხუბი იყო საჭირო, არც ამაზე ვიხევდი უკან. ვაჟკაცობაშიც პირველობა მინდოდა! ახლა ამას რომ ვიხსენებ, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ მეჩვენება, მაგრამ რა ვქნა - ფაქტი ფაქტია...
დავბრუნდი მოსკოვში და შევეცადე, უმაღლესი განათლება მიმეღო - ისევ სამშენებლო განხრით, მაგრამ მიზეზთა გამო ვერ შევძელი: ერთ-ერთი ძმა ჩხუბში მომიკლეს სოხუმში; ტყუპისცალს ფილტვები დაუავადდა და ჩემთან მკურნალობდა მოსკოვში. იქ ერთ საქმეში გაერია (ათი უცხოელი დააყაჩაღეს), რომელშიც მეც მომიხდა ჩარევა. ციხეში მოვხვდი. ეს სამართლიანი იყო და მე ვმადლობ ამისთვის უფალს - ციხეში რომ არ აღმოვჩენილიყავი, არავინ იცის, ახლა სად ვიქნებოდი, და ვიქნებოდი კი საერთოდ... ამ გზაზე შემდგარ ადამიანს ხომ ცალი ფეხი ციხეში აქვს, ცალი კი - სამარეში. არ ვამბობ, დიდი ავაზაკი ვიყავი-მეთქი, მაგრამ ძმას რომ ავყევი, მეგობრებს რომ ავყევი, ე.ი. უკვე ცუდ გზას ვადგებოდი...
ათივე კაცის საქმე ჩემს თავზე ავიღე. ალბათ ათიდან თხუთმეტ წლამდე მომისჯიდნენ, მაგრამ საქმე არ დამტკიცდა და სამ წელიწადში გამოგვიშვეს. ცხადია, სიმართლეს არ ვამბობდი, თუმცა ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ალბათ ამისთვისაც მზად ვიყავი, მაგრამ ყველაფერი რომ მეღიარებინა, მაშინ მეგობრების სახელები უნდა დამესახელებინა... სხვას ვერ გავწირავდი - გარდა იმისა, რომ ეს ღვთის წინაშე დიდ ცოდვად მიმაჩნდა (და ახლაც მიმაჩნია), გაცემა ვაჟკაცური საქციელი ნამდვილად არ არის.
კიდევ ერთი რამისთვის ვმადლობ უფალს: დაყაჩაღების დროს ცივი იარაღიც გვქონდა და ცეცხლსასროლიც, მაგრამ არავინ არაფერი გამოიყენა - სპორტსმენი ვიყავი და იარაღის გარეშეც ადვილად გავუმკლავდი ხალხს. საბედნიეროდ, რაღაც ნივთების გამო სისხლი არ დაიღვარა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ აღმოვჩნდი ამ საქმეში გარეული, შემთხვევით ხომ არაფერი ხდება.
ვიჯექი ციხეში და მრცხვენოდა - არ ვიცოდი, როგორ შემეხედა თვალებში ჩემი მშობლებისთვის, ახლობლებისთვის, ხალხისთვის... კარგი მოსწავლე ვიყავი, კარგი სპორტსმენი, ყველას ეგონა, რომ კარგი მომავალი მექნებოდა, მე კი ციხეში აღმოვჩნდი.
ამას ჩემი ტყუპისცალის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილიც დაემატა. მოგეხსენებათ, ტყუპები რაოდენ რთული ფენომენია. მეცნიერებს დღემდე ვერ შეუსწავლიათ ბოლომდე. მათ ცხოვრებაში ბევრი უცნაური რამ ხდება, რაც, ბუნების კანონის თანახმად, თითქოსდა გამორიცხული უნდა იყოს. ჩემი ძმა ჭლექით გარადაიცვალა. ათი წლის შემდეგ მეც აღმომიჩინეს გადატანილი ჭლექის კვალი. არადა, ეს წარმოუდგენელი იყო - სპორტსმენი გახლდით, ფიზიკურად ძლიერი და არც არაფერი მიეჭვია.
გამიჭირდა სულიერად, დიდი ბრძოლა დამეწყო და ამ განცდების შედეგად დიდი ცვლილებაც მოხდა ჩემში - ღმერთმა რწმენა გამიხსნა. მახსოვს, ჩემი პირველი ხატები ყაზანის დედა ღვთისმშობლისა და სერაფიმე საროველის ხატები იყო. ჩემი პირველი ლოცვაც მახსოვს: ღმერთს შევევედრე, ყველა ადამიანზე წმინდა გულით შემახედე-მეთქი; მამაკაცზე - როგორც მამაზე და ძმაზე, დედაკაცზე - როგორც დედაზე და დაზე. ფაქტობრივად, ბერობას ვითხოვდი. მაშინ, ცხადია, არ მესმოდა ეს, უბრალოდ ყველა ადამიანს საოცრად ამაღლებული გრძნობით ვუყურებდი. მეორე ლოცვა, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ასეთი გახლდათ: ღმერთო, ნურასოდეს ამტკივდება კბილი-მეთქი. მოგვიანებით წმიდა წერილში ასეთ სიტყვებს წავაწყდი: „კბილნი ცოდვილთანი შევმუსრეო“, - ამბობს უფალი. გამახსენდა, ჩემი ლოცვა და გამიკვირდა - გამოდიოდა, რომ წმინდა ცხოვრებას ვითხოვდი, რის შედეგადაც კბილი აღარ უნდა ამტკიებოდა. ეს ყოველივე სიმბოლურია, რასაკვირველია, მაგრამ მიხარია, რომ უფალს მთელი გულით ასეთი რამ შევთხოვე.
მოგეხსენებათ, ღმერთი უპირველესად ადამიანის გულს უყურებს. ჰოდა, ნახა უფალმა, როგორ იტანჯებოდა ჩემი საბრალო გული და თხუთმეტი წლის ნაცვლად სამ წელიწადში გამომიშვეს.
მალე ომიც დაიწყო აფხაზეთში. ჩამოვედი და სამშობლოს დამცველებს ამოვუდექი გვერდში. ვერ ვიტყვი, დიდი გმირობიოთ გამოვირჩეოდი-მეთქი, მაგრამ მუდამ მზად ვიყავი, სიცოცხლე გამეწირა. პირველი დღიდან ვიბრძოდი, ვიბრძოდი მანამდე, სანამ სოხუმი არ დავკარგეთ.
მოგეხსენებათ, ეს ომი იმგვარი არ გახლდათ, როდესაც საქმე მომხდურ მტერთან გაქვს უშუალოდ. დღესაც კი ძნელია იმის თქმა, რა მოხდა სინამდვილეში, ვინ რა შეცდომა დაუშვა... ერთი კი ცხადია - ღმერთმა ჩვენი ცოდვებისა და ურწმუნოების გამო დაუშვა ეს განსაცდელი. აფხაზეთში ვცხოვრობდი და არც სვიმონ კანანელის საფლავზე ვარ ნამყოფი და არც კომანში. სოხუმის ღვთისმშობლის ტაძრის წინ საქალაქო ტრანსპორტს რომ არ გაევლო, მისი ადგილმდებარეობა არც კი გვეცოდინებოდა. სამაგიეროდ, ვიცოდით, სად იყო პლაჟი, კაფე, ბარი... როდესაც სიწმინდეებს არ ვაფასებთ, როდესაც ღმერთს არ ვადიდებთ, ჩვენი ცხოვრება უაზრო ხდება და უცილობლად ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.
ომში მესამე ძმაც დავკარგე... თბილისელი ბიჭები ტყვედ ჩავარდნენ. მათი გამოხსნა უნდოდა. საუბედუროდ, თვითონ მოხვდა ალყაში. დაიჭირეს და სასტიკად აწამეს. 12 საათის განმავლობაში 12 ტყვია ესროლეს... ყველა ძმა მიყვარდა, მაგრამ განსაკუთრებით ლევანით, ჩემი გამზრდელი უფროსი ძმით ვამაყობ, რომელმაც მამულს, მოყვასს შესწირა თავი.
კოდორის ხეობაში საბრძოლო მოქმედებები მერეც გაგრძელდა. იარაღის დადებას არ ვაპირებდი, მაგრამ ძმის გარდაცვალება ისე განვიცადე, ბრონქში კაპილარი გამისკდა და იძულებული გავხდი, სამკურნალოდ ტყიბულში წავსულიყავი. აი, სწორედ მაშინ აღმომიჩინეს ჭლექის კვალიც.
ჩემს დასთან ჩავედი სანკტ-პეტერბურგში. ღვთისმშობლის ქართულ ეკლესიაში მივედი. მაშინ წინამძღვარი მამა გიორგი სხირტლაძე გახლდათ, რომელიც ახლა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მსახურობს თბილისში, უსაყვარლესი ადამიანი, განათლებული პიროვნება. სტიქაროსნობა დავიწყე. ჩვენი მრევლიდან ბევრი სასულიერო პირი გახდა: ხირსის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი სერაფიმე, მამა კონსტანტინე (რომელიც მამა გიორგისთან ერთად მსახურობს იოანე ღვთისმეტყველში), მამა ლავრენტი (რომელიც ადრე სანკტ-პეტერბურგში იყო, ახლა ქაშვეთის ტაძარშია)...
მერე, გარკვეული ხანი, დაბრკოლებული ვიყავი... მიმაჩნდა, რომ საქართველოს ეკლესიის ეკუმენისტურ საბჭოში შესვლა დაუშვებელი იყო. ამასთან, ისეთ წრეში მოვხვდი - რუს ბერებთან - სადაც ამას განკითხვით უყურებდნენ. მეც განვიკითხავდი ეკლესიას, პატრიარქს, სინოდს... და აი, განკითხვის შედეგად საქართველოს ეკლესიის გარეთ აღმოვჩნდი, ისეთი ადამიანების ხელში ჩავვარდი, რომლებიც, ფაქტობრივად, ეკლესიის მტრები იყვნენ. საკმარისია, ადამიანმა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი განიკითხოს, რომ მისი ლოცვა-კურთხევა აღარ იფარავდეს და მგლის ხახაში აღმოჩნდეს. აი, რამდენად საშიშია განკითხვა, განსაკუთრებით - პატრიარქისა, თანაც ისეთი ადამიანისა, რომლის გამოც მთელი სამყარო შეგვნატრის! ეს არის მამაშვილური სიყვარულით აღსავსე, ლმობიერი და მოწყალე ადამიანი, განათლებული და ბრძენი. და მე არ მეგულება ადამიანი, ჩვენი პატრიარქი რომ არ უყვარდეს. უაღრესად მადლიერი ვარ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ დანიელისა, ჩემი სულიერი მოძღვრისა, რომელმაც ლომს ხახიდან გამოსტაცა ჩემი თავი და ეკლესიის წიაღში დამაბრუნა.
ჩამოვედი საქართველოში. ბიძაშვილმა იარაღი აღარ ამაღებინა ხელში - შენც რომ რამე მოგივიდეს, რა ვუთხრა მერე მამიდასო.
მაშინ კოდორში რუსულის სპეციალისტები არ იყვნენ და მე, როგორც რუსული განათლების მქონემ, საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლება დავიწყე. საოცრად თბილად, სიამაყით ვიხსენებ იმ დროს. ძალიან მიყვარს ბავშვი, მისი ბუნება. მე უმცროსი ვიყავი ოჯახში და კარგად მახსოვს, როგორც გვეალერსებოდნენ და გვესიყვარულებოდნენ ტყუპებს. და-ძმები ჩვენს თვალებს იფიცებდნენ. ტყუპების თვალებს ვფიცავართო, - ასე იტყოდნენ ხოლმე. მინდოდა, ეს სიყვარული ბავშვებისთვის გადამეცა შეძლებისდაგვარად. მიხაროდა, რომ ისეთი რამის მიცემა შემეძლო მათთვის, რაც მომავალში გამოადგებოდათ.
სკოლას რომ თავს ვანებებდი (ისევ რუსეთში მივდიოდი საქმეებზე), ბავშვები აეროდრომზე გამომეკიდნენ - არ უნდოდათ ჩემი გაშვება.
საერთო ჯამში ოთხჯერ ვარ წასული სახლიდან - ბერობა მინდოდა, მაგრამ სხვა ქვეყანაში. ჩემი ჭკუით, ჩემი ნებით ვსაზღვრავდი ყველაფერს, ღმერთმა კი ბოლოს მაინც საქართველოში დამაბრუნა - იქ, სადაც ჩემი ადგილი იყო.
მეუფე დანიელი ჩამოვიდა ხეობაში, გამესაუბრა, გაიგო ხალხის აზრი ჩემს შესახებ და შემომთავაზა, სასულიერო პირი გავმხდარიყავი. მაშინ გავუმხილე, რომ მღვდლობა კი არა, ბერობა მინდოდა. მეუფემ ფოკის მამათა მონასტერში გამაგზავნა. ჯერ სამორჩილე გავხდი (ე.წ. უკაბო მორჩილი), მერე წმიდა ნინოსა და ანდრია პირველწოდებულის გზებზე ვიყავი. მორჩილის კაბით უწმინდესმა შემმოსა სვეტიცხოველში. მორჩილი ტარიელი გავხდი, სახელი არ შემიცვალეს. ბერად მიტროპოლიტმა დანიელმა აღმკვეცა 2001 წელს. მაშინ მიწოდეს გიორგი. სხვათა შორის, 2001-დან 2004 წლამდე ერთადერთი სვანი ბერი ვიყავი. ახლა უკვე ორნი ვართ.
იმავე, 2001 წელს ბერდიაკვნის ხარისხში ამიყვანეს და იღუმენ ელისესთან (ბელქანიასთან) ერთად კოდორის ხეობაში მონასტრის დასაფუძნებლად გამიშვეს. პირველად იქ წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი დავაარსეთ. მეთორმეტე დღეს მამა ელისე გარდაიცვალა - შეშას ვამზადებდით, მორი დაცურდა და კლდეზე მიაჭყლიტა. ღვიძლი ძმასავით საყვარელმა ადამიანმა ჩემს ხელში დალია სული. ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. ძალიან გამიჭირდა სულიერად, ამიტომ ჯერ მარტყოფის, შემდეგ კი შიომღვიმის მონასტერში გადამიყვანეს. ბოლოს დავმშვიდდი, უფლის ნებას დავემორჩილე.
მერე ისევ დამაბრუნეს კოდორში - ამჯერად ორ მღვდელმონაზონთან (მამა ზაბულონსა და მამა ვარაქიელთან) ერთად. ხეობაში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერიც დაარსდა. კიდევ ვაპირებთ ეკლესია-მონასტრების მშენებლობას, თუმცა ეს, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია - მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მზადაა (მთავარანგელოზის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა იქნება), არც ტექნიკა გვაქვს და არც მატერიალური საშუალება. არ არის გზა. თუ არის და, ისიც - სამი-ოთხი თვით; მერე ისევ იკეტება უღელტეხილი. მიმოსვლა მხოლოდ შვეულმფრენითაა შესაძლებელი, ეს კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ეს თანხა სახელმწიფოს არ გააჩნია. მოგეხსენებათ, რამდენად მეტად გაუჭირდება კოდორს, სადაც 1985 წლიდან, ფაქტობრივად, შუქი არ ყოფილა. ხეობა მოწყვეტილია სამყაროს. არ არის მაღაზია (ხალხის მოთხოვნით ერთი კი გახსნა შევარდნაძემ, მაგრამ მომარაგება ჭირს და რა უნდა იყოს იმ მაღაზიაში?!). უამრავი ავადმყოფია, მოხუცი, ინვალიდი და მკურნალობის საშუალება არა აქვთ. არ არსებობს ისეთი სამსახური, ადამიანმა რომ იმუშაოს და ხელფასი აიღოს. კინო აქ არ არსებობს და თეატრი. არ არის ოჯახი, რომელშიც ტრაგედია არ დატრიალებულიყოს. ხალმა უამრავი საშინელება ნახა და ფსიქიკური ტრავმა მიიღო. მაგრამ ყველაფერს მოითმენენ, ვინმე რომ უფასებდეთ - ყველაზე საწყენი ის არის, რომ ხელისუფლება სათანადო ყურადღებას არ აქცევს ხეობას, არ უფასებს ამ ჯვრის ტარებას...
დღეს ხეობაში ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ ვერტმფრენში ჩემი ადგილი ერთ ადამიანს დავუთმე. მისი შემხედვარე მივხვდი, რომ მამაკაცი ყველაზე ცოდო მაშინ ყოფილა, როცა დედა გარდაეცვლება. გამწარებულმა ცოტა არ იყოს მკაცრად მოიხსენია ჩვენი მთავრობა, მის უყურადღებობას უჩიოდა. გულისტკივილმა მკაცრი სიტყვები ათქმევინა. არცაა გასაკვირი - ავადმყოფისთვის წამლების გაგზავნა ვერ შეძლო (ფრენა არ იყო), მეორე დღეს კი დედა გარდაეცვალა. არადა, შეიძლება, მედიკამენტებით მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა...
კოდორის ხეობა აფხაზეთი მთელი ტერიტორიის 4%-ია. 96% პრაქტიკულად დავკარგეთ. და განა საოცარი არ არის, რომ ეს 4% დღემდე იცავს თავს, იცავს საქართველოს ღირსებას?! ღმერთმა დაიცვა კოდორის ხეობა. მართალია, დაკნინებული ვართ, ცოდვებისთვის ვისჯებით, მაგრამ უფალმა არ გაგვწირა და დაგვანახა, რომ არა ჯარის სიმრავლეში, არამედ ღვთის რწმენაში, ღვთის სიყვარულშია ძალა.
ათი წელი გადის, რაც ხეობა ჩაკეტილია. ამასობაში ახალი თაობა წამოიზარდა. და წარმოიდგინეთ, რა ძნელია, ახალგაზრდას, რომელსაც თორმეტი წლიდან (შესაძლოა უმცროსსაც) იარაღი ეჭირა, სამართალზე, ლმობიერებაზე, განათლებაზე ელაპარაკო.
საფუძველი ამ მდგომარეობის გამოსწორებისა ისევ და ისევ დედაეკლესიაა. ჩვენ, სასულიერო პირები, ვცდილობთ, ხეობაში ღვთისმსახურება იყოს, გაიზარდოს მრევლი, ზნეობრივად აღვზარდოთ ადამიანები. ხელისუფლებასაც მოვუწოდებთ: როგორც სული და ხორცი ჰარმონიულად უნდა ემსახურებოდეს ღმერთს, ასევე ჩვენც - ერი და ბერი - ერთად უნდა ვემსახუროთ უფალს. აი, ასე, უერთიერთთანადგომით, უფრო იოლად გადავჭრით პრობლემებს - ერს ჭირი შეუმსუბუქდება და მერე განიკურნება კიდეც.
უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო კოდორის ხეობის ხალხის თანადგომისათვის თბილისის მე-18 საშუალო სკოლის დირექტორის ბატონ სპარტაკის, პედაგოგის ქალბატონ ლიას და ბავშვების მიმართ, რომლებმაც ხეობისთვის შემოწირულობა შეაგროვეს. მაგრამ ეს არ არის მთავარი. წარმოიდგინეთ - მოდის პატარა ბავშვი, პატარა საყვარელი ადამიანი და ცალ ხელში წიგნებით სავსე ჩანთა უჭირავს, მეორეში კი - პროდუქტი, რომელიც ვიღაც უცნობებს უნდა გაუგზავნოს. მართალია, არ იცნობს მათ, მაგრამ იცის, რომ სადღაც არსებობს კოდორის ხეობა; იქ ცხოვრობენ ადამიანები, ღმერთი რომ უყვართ, და მათ არა აქვთ საჭმელი, სასმელი. როგორც ეცოდება ისინი, როგორი გულით მოაქვს ზეთი იქნება ეს თუ მაკარონი. ხომ გაიზრდება იგი საოცრად კარგი ქართველი, ღვთისმოშიში და მოყვარული?
დაბოლოს, კოდორის ხეობის ბერ-მონაზვნებისა და ხალხის სახელით უღრმესი მადლობა მიდა შევწირო ყველას, ვინს დაგვეხმარა. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის! კოდორის წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოს მონასტრების მადლი გფარავდეთ!
ესაუბრა ნინო ტოროშელიძე
ჟურნალი „კარიბჭე“ № 7, 2004 წ.