დღეს მრავალი სექტის წარმომადგენელი დადის ჩვენს მიწა-წყალზე და ავრცელებს ჭეშმარიტებიდან გადამყვან ლიტერატურას. უნებისყოფო, რელიგიაში გაუცნობიერებელი ადამიანები ადვილად წამოეგებიან ხოლმე მათ ანკესზე, მორწმუნენი კი არ უსმენენ, ან იქით უქადაგებენ საღვთო სჯულს და ძალიან ხშირად წარმატებასაც აღწევენ, - მათი მცდელობით დედა-ეკლესიას დაუბრუნდა ბევრი ბაპტისტი და იეღოველი, ორმოცდაათიანელი თუ კრიშნას მიმდევარი. 2002 წლის შემდგომაზე კი ქართულ მართლმადედებელ ეკლესიას შეემატა ეროვნებით ინდოელი აღმსარებელი, რომელმაც მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით, საშობაო მარხვა დავით-გარეჯის მონასტერში გაატარა. ღვთის შეწევნით, გარეჯის უდაბნოში მას დახვდა ახალგაზრდა მორჩილი, რომელიც ახალმოქცეულს ინგლისურად ელაპარაკებოდა და ქართულსაც სათანადოდ ასწავლიდა.
გაქრისტიანებული ინდოელის შესახებ მოვუსმინოთ მამა კონსტანტინეს, რომელმაც ნათლობის საიდუმლო შეასრულა:
- ჩემი მორიგეობის დღე იყო, საკურთხეველიდან შევნიშნე, ვიღაც შავგრემანი, მაღალი ახალაზრდა უხერხულად იყურებოდა აქეთ-იქით, მერე მოვიდა ჩემთან და დამტვრეული რუსულით მითხრა: ფული არა მაქვს, არაფერი არა მაქვს და თუ შეიძლება მომნათლოთო. ავუხსენი, რომ ფული არაფერ შუაშია, როცა ადამიანს ნათლისღება უნდა.
- თვითონ რომელი რელიგიის წარმომადგენელი იყო?
- ტრადიციულად ინდუსების ოჯახშია დაბადებული, მაგრამ თვითონ არ თვლიდა თავს ინდუსად, - ჭეშმარიტებას ეძებდა და მიაგნო კიდეც... სულ რაღაც ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ უფლება არ მქონდა არ მომენათლა, - ვუყიდე ჯვარი და მიმრქმელად ჩვენი ეკლესიის მრევლი - ეკატერინე ჩიმაკაძე დავუყენე, რომელიც კარგად ფლობს ინგლისურს და თარჯიმნობდა კიდეც, რადგან ჩვენი მონათლული ინგლისურად მეტყველებს. ამ ახალგაზრდას მომქედებასა თუ სიტყვაში საოცარი თავმდაბლობა და მოკრძალება გამოსჭვიოდა... ნათლობის შემდეგ თითქმის აღარ გვცილდებოდა, სულ ტაძარში იყო, - ვაზიარე კიდეც, ორჯერ ვაზიარე, მერე უწმიდესმაც დალოცა.
- აღსარება თქვენ ჩაიბარეთ?
- კი, დიდი გაჭირვებით, - რუსულს ძალიან ამახინჯებს. ინგლისური კი იცის ბრწყინვალედ, მაგრამ სამწუხაროდ, თარჯიმნის დახმარებით აღსარებას ვერ ჩავიბარებთ.
- რამ გადააწყვეტინა ამ ახალ აღმსარებელს მონასტერში წასულიყო?
- გიორგობის წინა დღეს მოვიდა და მითხრა, რომ ერში დიდი საცთურიაო და მინდა ნათლისღების მადლი წმიდად შევინახო, მაკურთხე სადმე მონასტერში წავიდეო. მეორე დღეს პატრიარქი მობრძანდა ქვაშვეთში და მისგან ავიღე კურთხევა სტეფანეს მონასტერში წასვლის შესახებ. გვაკურთხა უწმიდესმა და ალბათ სიმბოლურია, რომ სწორედ მირქმის დღესასწაულზე მე თვითონ წავიყვანე მამა ვახტანგის მანქანით დავით-გარეჯის მონასტერში. იქ მამა ლუკამ დიდი სიყვარულით მიიღო, გვერდით მოისვა და უთხრა: სტეფანე, უმჯობესია შენ ისწავლო ქართული, ვიდრე მე ვისწავლო ინგლისურიო.
მოგეხსენებათ, გარეჯის მონასტერი უდაბნოშია, იქ მკაცრი კლიმატური პირობებია და წამოსვლისას ვკითხე: ხომ არ წამოხვალ-მეთქი თბილისში? მან კი დიდი თავმდაბლობით მითხრა: თუ შეიძლება დავრჩებიო.
მე ჩვეულებრივი მღვდელი ვარ, არავითარი განსაკუთრებული ხედვა არ მაქვს, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, რომ ისტორია მეორდება და სტეფანეს ჩამოსვლას საქართველოში, აბო თბილელის და ავსტათი მცხეთელის ჩამოსვლას ვადარებ... მართალია, ის წამებული არ არის და ღმერთმა იცის მისი მომავალი (ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს), მაგრამ ღრმად მწამს, რომ სტეფანეს სახით მართლმადიდებლობას კიდევ ერთი ღირსეული ქრისტიანი შეემატა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ სტეფანე სწორედ მაშინ მოინათლა, როცა ჩვენი თანამემამულენი, სამწუხაროდ, სხვადსხვა სექტებში ერთიანდებიან.
სტეფანეს შესახებ გავესაუბრეთ მის ნათლიასაც - ეკატერინე ჩიმაკაძეს. აი, რა გვიამბო მან:
- 25 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულიდან ქაშუეთის ტაძარში შევიარე - მოძღვრისთვის აღსარება უნდა ჩამებარებინა. ძალზე გამიკვირდა, ჩემი მოძღვარი ვიღაც მაღალ, შავგრემან ინდოელს ინგლისურად რომ ელაპარაკებოდა. ამ ახალგაზრდამ რუსული ძალიან ცუდად იცოდა და მამა კონსტანტინემ მთხოვა, თარჯიმნობა გამეწია. უცხოელი მტკიცედ იდგა გადაწყვეტილებაზე - დღესვე უნდა გავქრისტიანდეო. მამა კონსტანტინემ ნათლიობა შემომთავაზა, - ეს ძალიან გამიხარდა, რადგან საცაა დედა გავხდები და კიდევ ერთი სულიერი შვილი შემეძინა, ღვთის მადლად მივიჩნიე. ახალმონათლულს სტეფანე დავარქვით.
ნათლობის შემდეგ სტაფენემ თავისი თავგადასავალი გვიამბო:
- „დავიბადე 1975 წლის 5 მაისს, ინდოეთში. მყავს მშობლები და ორი უმცროსი და, ორივე გათხოვილი. პირველად საქართველოში 1999 წელს ჩამოვედი სამუშაოდ. შემდეგ ბაქოში განვაგრძე საქმიანობა. უცნაურია, რომ სწორედ ბაქოში გავიცანი მართლმადიდებელი ქრისტიანი ქალიშვილი - მარგარეტი, რომელიც ადრე მუსულმანი ყოფილა. მისგან შევითვისე ბევრი ქრისტიანული წეს-ჩვეულება - მოკრძალება, სათნოება, ღვთის იმედი... ის მასწავლიდა, რა არის ქრისტიანული სიყვარული და თავგანწირვა, - მასწავლიდა მიმტევებლობას, სასოებას. მან პირადი მაგალითით დამანახა ჭეშმარიტი ქრისტიანობა - როცა ძალიან მიჭირდა, ის გვერდით დამიდგა, მამხნევებდა მორალურად და მატერიალურადაც კი დამეხმარა. ის მასწავლიდა, რომ სიმართლე არასოდეს იკარგება და ღმერთი თავის შვილებს ყოველთვის მფარველობს.
საოცარია, რომ ბაქოში, ყოველგვარი დანაშაულის გარეშე რამდენჯერმე მოვხვდი ციხეში. უკანასკნელი პატიმრობისას რაღაც უცნაურობები მემართებოდა. სიტყვებით იმის აღწერა შეუძლებელია. ყველაფერთან ერთად ვხედავდი, რომ ხელებზე ჯვრის ფორმის ჭრილობები მიჩნდებოდა... ამან ძალიან შემაშფოთა და მარტო ერთი აზრითა მიტრიალებდა თავში: რატომ, ღმერთო! რა დავაშავე?!
ერთ დღესაც, შემთხვევით (ახლა კი ვხვდები, რომ შემთხვევით არაფერი მომხდარა) გამახსენდა იესოს ხატი, რომელიც მარგარეტთან მქონდა ნანახი - ნათლად წარმომიდგა მაცხოვრის სახე და გონება გამინათდა, (თბილსში რომ აღმოვჩნდი, პირველ რიგში ისეთი ხატი შევიძინე), მერე კი ასეთი აზრი ამოტივტივდა გონებაში: „თუ გადარჩენა გინდა, უნდა მოინათლო და სტეფანე დაირქვა!“ - თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, სტეფანე თუ ადამიანის სახელი იყო, საერთოდ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს სიტყვა.
ამ უცნაური დღიდან რამდენიმე კვირის შემდეგ აზერბაიჯანელმა პოლიციელებმა ჩამსვეს მანქანაში და საქართველოს საზღვრის მახლობლად დამტოვეს, მხოლოდ პასპორტი დამიბრუნეს და მიმითითეს, როგორ უნდა წამოვსულიყავი აქეთ. სამი საათი ფეხით ვიხეტიალე, ხოლო უკვე საქართველოს ტერიტორიაზე ქართველმა პოლიციელებმა რაღაც სატვირთო მანქანა გააჩერეს და იმით გამომგზავნეს თბილისში. აქ კი ერთი ღვთისნიერი ტაქსის მძღოლის მეშვეობით ვიპოვე ჩემი ძველი მეგობრები და ღამის გასათევიც გამომიჩნდა. ღმერთმა დალოცოს ისინი იმ სიკეთისათვის, რაც ჩემს მიმართ გამოავლინეს.
მეორე დღეს, ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი მართლმადიდებლურ ეკლესიაში - ეს ქაშუეთი იყო. მაშინ თავს ძალიან უმწეოდ ვგრძნობდი, არ ვიცოდი პირჯვრის გადაწერა, არანაირი ლოცვა, მეტანია, მაგრამ გაქრისტიანების სურვილი სულ უფრო მიძლიერდებოდა; თანაც შინაგანი ხმა მამხნევებდა: „ნუ გეშინია, ყველაფერს ისწავლი“-ო! იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი და ჩუმად ავტირდი.
მეორე დილით ისევ მივედი ქაშუეთში და მამა კონსტანტინეს ვთხოვე მოვენათლე. მან ჩემივე თხოვნით სტეფანე დამარქვა და მაშინ გავიგე, რომ სტეფანე პირველწამებული დიაკონი ყოფილა.
კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ქრისტიანად მონათვლა მხოლოდ დასაწყისია და კიდევ მრავალი სულიერი შრომაა საჭირო, რათა ჭეშმარიტი ქრისტიანი გავხდე... ყველა ძალიან მიყვარს, ახლადგაცნობილი ქართველები საკუთარი ოჯახის წევრებივით მეგულებიან. თუ ვინმეს მიმართ რაიმე არასწორს გავიფიქრებ, მაშინვე შინაგანი ხმა მეუბნება, რომ ეს არასწორია. რას ფიქრობენ ჩემზე სხვები, არ ვიცი, მე კი უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ გავქრისტიანდი.
ჩემი უპირველესი სათხოვარი უფლის მიმართ არის ის, რომ ყველა ადამიანს მიანიჭოს მშვიდობა, ჯანმრთელობა და რაც მთავარია - სიყვარული, რადგან ღმერთი სიყვარული ყოფილა და ადამიანი კი არაფერია ამ გრძნობის გარეშე. ჩვენ - ყველანი ხომ ღვთის შვილები ვართ და ამიტომ ერთმანეთ სიყვარულით უნდა მივხედოთ. პირადად მე გადავწყვიტე, რომ სულ ღვთის კანონებით ვიარო. ვიცი, ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება შემხვდება, მაგრამ მტკიცედ მწამს, რომ ღმერთი ყოველთვის დამეხმარება“.
...რაკი ინდოეთის განმანათლებლის, თომა მოციქულის თავის ქალა სიონშია დაბრძანებული, სტეფანე წავიყვანე ამ სიწმიდესთან. ერთხელაც უწმიდესის ლოცვაზე წავიყვანე და როცა პატრიარქმა ნაკურთხი ზეთი სცხო, სტეფანეს სახე აშკარად გაუნათდა, - აი, რა მითხრა ამის შესახებ: როცა მისმა უწმიდესობამ დამლოცა, აშკარად ვიგრძენი, რომ სული და გული გამეხსნა ღვთაებრივი მადლით და გავძლიერდი რწმენაში. დარწმუნებული ვარ, რომ უდიდესი ძალაა ქრისტიან ადამიანში, - ძალიან მინდა, ღრმად შევიცნო ჩემი რელიგია!
ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი
ჟურნალი „ქაროზი“, № 8, 2002 წ.