ნიკოლოზ დურნოვო

ქართული ეკლესიის ბედი

(ქართული საეკლესიო ავტოკეფალიის საკითხისა გამო)

 

წინათქმა

„რუსსკიი სტიაგ“-ის რედაქცია შეუდგა რა 1908 წლის იანვრიდან მაისამდე გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნებული სტატიების „ქართული ეკლესიის ბედის“ (ავტორი ნ.ნ.დურნოვო) გამოცემას, მხედველობაში ჰქონდა სამართლიანად და მიუკერძოებლად გაეშუქებია ქართული ეკლესიის საკითხი და უკუეგდო ყველა ის ქირდვა, მოსაზრება და ცინიკური აბუჩად აგდება, რომლებიც, რუსი მღვდელმთავრების სამარცხვინოდ, წინასაეკლესიო კრების კომისიის ზოგიერთი წევრის მიერ სხდომებზე იყო გამოთქმული.

ის, რაც დადგენილია მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ან აღიარებულია თვით მთავარი ეკლესიების მიერ, ერთი ეკლესიის, თუნდაც ავტოკეფალურის, საეკლესიო კრებას მისი შეცვლის ან არაღიარების უფლება არა აქვს. საღმრთო კანონების წინააღმდეგ მიმართული ასეთი დადგენილება ვერ მიიღებდა ავტოკეფალური ეკლესიების სანქციებს და თვით ადგილობრივი საეკლესიო კრება თვითნებურ კრებად ჩაითვლებოდა. ამის გამო, მოსალოდნელია, რომ რუსი მღვდელმთავრების უმეტესობა არ ისურვებს საეკლესიო კრების ჩაშლას და მის გადაქცევას უღვთო, ბიწიერ თავყრილობად. ისინი შეეცდებიან, როგორც რუსულ, ასევე ივერიის ეკლესიას, დაუბრუნონ კანონიკური მმართველობა და წყობა, თან, ვისაც ჯერ არს, შეახსენებენ, რომ საეკლესიო ავტოკეფალია არ არღვევს ეკლესიის ერთიანობას, ხელს უწყობს მის განვითარებასა და ცალკეული ეკლესიის კეთილდღეობას, დიდებასა და შეძლებას. არ უნდა უგულვებელვყოთ, რომ XIX საუკუნის დასაწყისში ბევრი ქრისტიანი იყო აფხაზთა, ლეკთა და სხვა მთიელთა შორის, მაგრამ მათ წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყებით, ყველა ეს ეროვნებები რუსებსა და მართლმადიდებელ სარწმუნოებას მტრად გადაეკიდნენ. მოხდა სამწუხარო მოვლენა, ქრისტიანთა შორის სწრაფად გავრცელდა მაჰმადიანობა. ჩვენ ყველგან ასე ვკარგავთ მართლმადიდებლებს და არა მარტო უცხოურ პროპაგანდას, არამედ მაჰმადიანებსაც, ბუდისტებსაც და ყოველგვარ სექტანტებსაც ვაძლევთ თავიანთი ჯოგის გაზრდის საშუალებას. დროა, მოპოლიტიკანე რუსული სამღვდელოება, ამდენი მარცხისა და უმძიმესი ცდების შემდეგ, დარწმუნდეს სახარების მოძღვრების ჭეშმარიტებაში, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში არ არს არცა ელინი, არცა იუდეველი, არცა არიან ერები და ეროვნებები, არიან მხოლოდ ქრისტიანები, ძმები, რომლებიც არ აღსდგებიან ვერაგობითა და ძალადობით ხელყონ ნაციონალური თავისებურებანი.

ქართველებისა და მოლდაველების ძალდატანებით გარუსების პოლიტიკამ ყველას აუხილა თვალი და აჩვენა მთელი თავისი უსაფუძვლობა. მან არა მარტო ვერ შეძლო ამ გზით გარუსება, არამედ რუსებისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ შექმნა იმ პირთა ლეგიონები, რომლებიც ადრე რუსეთისა და მართლმადიდებელ ეკლესიის პირველ და საუკეთესო მეგობართა რიგებში იყვნენ.

საქართველო მიენდო რუსეთს, როგორც სულიერად მონათესავე ქვეყანას, თორემ იგი არასოდეს არ შემოუშვებდა რუსებს ამიერკავკასიის მთებში, რუსეთისათვის არ დაღვრიდა თავისი შვილების სისხლს.

ქართული ეკლესიის შიგნით დამოუკიდებელი რუსული სამიტროპოლიტოს შექმნა ხალხთა შორის შუღლამდე, შფოთამდე, ჯიბრამდე, შემდეგ კი, ეკლესიებს შორის გათიშვამდე მიგვიყვანდა. საჭიროა ცოტა მეტი სიყვარული და სიმართლე, ძმობა, თავმდაბლობა და უფრო ნაკლები სიამაყე, პატივმოყვარეობა.

ქართულ ეკლესიას ბევრი რამ აქვს სადიდებელი და საქებარი. რით უნდა იამაყოს ჩვენმა რუსეთის ეკლესიამ? სტაროობრიადული და მისგან გამომდინარე ბულგარული გათიშვით? იმით ხომ არა, რომ მწყემსმთავრების უთაურობით მთელი რუსეთი მოფენილია სხვადასხვა სექტებით; ჩვენი ჭკუათხელი, გონებაჩლუნგი ახალგაზრდობა ღვთის არსებობის უარყოფამდეც კი მივიდა და ქრისტიანულ საქართველოში ანარქისტების, სოციალისტებისა და ათეისტების მოძღვრების დანერგვას შეუდგა. აი, უპირველეს ყოვლისა, ამაზე უნდა დაფიქრებულიყო ქართული ეკლესიის ანაფორიანი პოლიტიკანი მტრები. ქართული ეკლესიის წარმომადგენლები ეცდებიან, რომ მომავალ საეკლესიო კრებაზე ნიღბები ჩამოხადონ მათ. ძალადობის მქადაგებელნი, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, სიმართლის დამცველებად კი არ უნდა ჩაითვალონ, არამედ ნამდვილ რევოლუციონერებად.

ამჟამად, როგორც არ უნდა ითვლებოდეს ჭეშმარიტება, როგორაც არ უნდა იცვლებოდეს იგი სიცრუითა და უსამართლობით, ბოლოს და ბოლოს იგი გაიმარჯვებს მაცხოვრის ხატის მიხედვით. ბოროტმა და უპატიოსნო ადამიანებმა მაცხოვარი ჯვარს აცვეს, მაგრამ იგი აღსდგა და მისი დიდება მთელ მსოფლიოში გაბრწყინდა. ასევე უნდა ვიმედოვნოთ, რომ სიმართლე გამობრწყინდება დედამიწაზე და ჯვარმოსილ ქართულ ეკლესიაშიც.

„ქართველებს, - ამბობს ზაქარია მთისპირელი - არ სჭირდებათ რუსულ ეკლესიასთან კინკლაობა, რომელსაც საეკლესიო კანონების მიხედვით თავისი უფროსი დის - ივერიის სამოციქულო ეკლესიის საქმეებში ჩარევის უფლება არა აქვს. ქართული ეკლესია მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ფურცლებზე შემკობილია მოწამეობრივი გვირგვინით, რაც მას უფლებას აძლევს, იარსებოს თვითმყოფადად, არასასურველი მეურვეობის გარეშე, რომელმაც ივერიის ეკლესია ბოლო ასწლეულში მისი კულტურული სასიცოცხლა ძალების უძრაობამდე მიიყვანა.

 

წინასაეკლესიო კრების კომისიაზე ქართული ეკლესიის მტრებმა, რუსი ხალხის ერთგულმა დეკანოზებმა ტ.ბუტკევიჩმა და ვოსტორგოვმა, პროფესორებმა ალმაზოვმა, ნ.ნ.გლუბოკოვსკიმ და ი.ს.ბერდნიკოვმა სხდომა ჩაშალეს და უსამღვდელოესი ეპისკოპოსები ლეონიდე და კირიონი, აგრეთვე პროფესორები ცაგარელი და მარი, აიძულეს დაეტოვებიათ სხდომა. საეკლესიო ისტორიის პროფესორს ი.ი.სოკოლოვს, კანონისტს ნ.ა.ზაოზერსკის, აგრეთვე ი.ს.პალმოვს, რომლებიც ქართული ეკლესიის უფლებებს ასაბუთებდნენ, თავიანთი აზრი არ შეუცვლიათ.

ქართული ეკლესია 1811 წლამდე ავტოკეფალიით რომ სარგებლობდა და X საუკუნიდან მეთაურად თავიანთი კათალიკოს-პატრიარქები ჰყავდათ, ამაზე მხოლოდ ბრიყვებს შეუძლიათ იკამათონ, სულერთია ვინ იქნებიან ისინი - მღვდელმთავრები, მღვდლები თუ უბრალო ადამიანები.

ქართველები თავიანთი ეკლესიის უუფლებობას ვერ შეურიგდებიან, რადგანაც ისინი თავიანთ თავს მართლმადიდებლად თვლიან და სურთ მათი ეკლესია ხელმძღვანელობდეს საღმრთო კანონებით.

ყოველ ავტოკეფალურ ეკლესიას, რა თქმა უნდა, შეუძლია დაკარგოს ავტოკეფალია, მაგრამ მხოლოდ თავიანთი მღვდელმთავრების კრების გადაწყვეტილების ძალით 1394 წ. ასე შეუერთდა კონსტანტინეპოლის ეკლესიას ტირნოვოს საპატრიარქო, 1766 - 1767 წლებში პეჩის საპატრიარქო და ოხრიდის საარქიეპისკოპოსო.

ივერიის ეკლესიას ავტოკეფალია არ ჰქონდა წართმეული, რადგანაც დღემდე არ შემდგარა ქართველი მღვდელმთავრების კრება და არ მიუღიათ გადაწყვეტილება მათი ეკლესიის რუსეთთან შეერთების შესახებ. ამის გამო, ის უნდა ვცნოთ ავტოკეფალურად (ნიკ. 1,5; ქალკ. 19... კართაგ. 27,87, სარდიკ. 5). მაშასადამე ჩვენს მმართველ სინოდს ქართული ეკლესიის მართვის უფლება არა აქვს, ხოლო იმაზე დაყრდნობა, რომ ის 1811 წლიდან, ქართულ ეკლესიას ძალდატანებით მართავდა, არ შეიძლება. სწორედ ეს ძალადობა აიძულებთ ქართველ ეპისკოპოსებს, მოთხოვონ, რომ რუსულმა საღმრთო იერარქიამ ქართული ეკლესია ცნოს ავტოკეფალურად.

1811 წლამდე ქართულ ეკლესიას ჰქონდა 15 ეპარქია ქართლში, კახეთში და სამცხეში, 7 იმერეთში, 2 სამეგრელოში და 2 გურიაში. ამჟამად ქართველებს აქვთ 1 ეპარქია იმერეთში, 1 გურიაში, 1 აფხაზეთში და 2 საქორეპისკოპოსო ქართლში. 1818 წლიდან ქართლის, კახეთისა და მცხეთის საეპარქიოებს მართავს ეგზარქოსი, რომელმაც არ იცის მრევლის ენა.

1811 წლიდან დაიხურა 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია. აი, საქართველოში რუსული სასულიერო ბიუროკრატიის თვითნებობისა და მართვის ნაყოფი.

ნათქვამს ემატება ქართული მონასტრებისა და სალოცავების ძარცვა. ნაძრცვი ათეულობით მილიონობით მანეთს შეადგენს. ხაზინამ წაიღო 150 მილიონ მანეთად ღირებული ქართული საეკლესიო ქონება, რომლისთვისაც ქართული ეკლესია ღებულობს 700 ათას მანეთამდე ყოველწლიურად და ამ თანხიდან 150 ათასი მანეთი იხარჯება რუსული და ბერძნული ეკლესიებისათვის ბაქოს, ელიზავეტოპოლისის, ყარსის და ერევნის გუბერნიებში, სადაც 175-ზე მეტი ეკლესიაა და ქართველი მოსახლეობა თითქმის არაა.

წინასაეკლესიო კრების კომისიამ გადაწყვიტა, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი გადაეცათ მომავალი მოსკოვის საეკლესიო კრებისათვის. მაგრამ შეუძლია რამე გადაწყვიტოს კერძო, ადგილობრივმა კრებამ, თუნდაც სრულიად რუსეთის ეკლესიისამ, კანონიკურად მასზე დაუქვემდებარებელი ივერიის ავტოკეფალური ეკლესიის საქმეები. ქართველი ეპისკოპოსები რუსული საეკლესიო კრების ერთ-ერთი ქმნადობა არაა და არც ცნობენ და არც მიიღებენ მის გადაწყვეტილებას და არც საეკლესიო კრებას დაესწრებიან წინა საეკლესიო კრების კომისიის მიერ გადაწყვეტილი საკითხებისა გამო.

ამრიგად, წინასაეკლესიო კრების კომისიას საეკლესიო მშვიდობიანობის, სიყვარულისა და ერთიანობის ნაცვლად, ქართულ ეკლესიაში შეაქვს არეულობა, ხალხთა განხეთქილება, სიძულვილი, გათიშვა და ამით შეძლება უფრო აძლიერებენ რევოლუციურ პროპაგანდას.

ქართველი ხალხის მტრები, უგერგილო გამრუსებლები, აცხადებენ, რომ ქართულ საეკლესიო ავტოკეფალიას პოლიტიკური ავტონომია მოჰყვებაო. უხეში და მტკნარი სიცრუეა! სიძულვილისა და უპატივცემულობის ღირსი იქნებოდა მამაცი ქართველი ხალხი, რომელმაც 12 საუკუნეზე მეტია, რაც თავის მხრებზე მაჰმადიანური ურდოების - არაბთა, სპარსთა, თურქ-სელჯუკთა და კავკასიის მთიელთა შემოსევები გადაიტანა, რომ უსამართლობითა დაძალადობით წართმეული უფლებების დაბრუნება არ მოეთხოვა.

მართლმადიდებელი, წმიდა ეკლესიის ყოველი ქომაგი ქედს იხრის გამბედავი ქართველი ეპისკოპოსების, ხალხის მოთხოვნათა და სურვილთა, მათი ჯვარმოსილი ეკლესიის წინაშე, რომელიც თავისი გმირობებითა და მოწამეობით კონსტანტინეპოლის დიადი ეკლესიის დონეზე დგას, ეს მაშინ, როდესაც მისი მეზობელი სომხური ეკლესია, არა მარტო მართლმადიდებელთა გასაჭირი გახდა, არამედ, ამ ბოლო დროს, რომის ეკლესიას უახლოვდება.

იმპერატორ ეკატერინე II, ხელშეკრულებით, რომელიც მან ქართველთა მეფე ერეკლე მეორესთან დადო 1783 წ. ვალდებულებას იღებდა (მე-8 არტიკული), რომ ივერიის კათალიკოსი ყოფილიყო რუსული სინოდის წევრი და ამით ერთმანეთს დაუახლოპვა რუსული და ქართული ეკლესიები.

ამჟამად საკუთრივ რას მოითხოვენ ქართველი ეპისკოპოსები, საეკლესიო კრებული და ხალხი?

I. ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, რომელიც ქართულ ეკლესიას VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ უბოძა და სცნო კონსტანტინეპოლისა და აღმოსავლეთის სხვადასხვა მღვდელმთავრებმა და არქიეპისკოპოსებმა.

II. ზოგიერთი ეპარქიის აღდგენას 1) ქართლში და სამცხეში, 2) კახეთში, 3) იმერეთში, 4) სამეგრელოში და სამურზაყანოში, 5) გურიაში და სოხუმში. საეპისკოპოსოს დატოვებას (აფხაზებისათვის).

III. საქართველოში თავიანთი საეკლესიო კრების მოწვევას წელიწადში ორჯერ.

საეკლესიო ერთიანობისათვის საქართველოს კათალიკოსი იქნება სრულიად რუსეთის სინოდის წევრი და უფლებამოსილია იმპერიის დედაქალაქში ყოფნისას მონაწილეობა მიიღოს მის სხდომებში.

რუსი არქიეპისკოპოსი საქართველოში ღებულობს წოდებას „ბაქოსი და ამიერკავკასიისა“ და განაგებს არაქართული გუბერნიების (ბაქოს, ელიზავეტოპოლისის, ყარსის და ერევნის) ეკლესიებს; იგი ითვლება რუსული უზენაესი მღვდელმსახურების „აპოკრისიარიად“ საქართველოში, უფლება აქვს ჩავიდეს თბილისში და დაესწროს საქართველოს საეკლესიო კრებას (თუ ბაქოს ეპარქია შევა საქართველოს საკათალიკოსოს შემადგენლობაში).

ყველა მნიშვნელოვანი საეკლესიო საქმე, რომელიც ხელმწიფე იმპერატორმა უნდა გადაწყვიტოს, რუსული ეკლესიის უზენაეს მწყემსმთავარს წარედგინება; მისი განხილვის დროს უნდა ესწრებოდეს ქართველი არქიმანდრიტი, წოდებით „აპოკრისიარია“.

ქართულ ეპარქიებში განლაგებული რუსული ეკლესიები (26-მდე) ემორჩილებიან ქართველ მღვდელმთავრებს, მაგრამ მათ მრევლს უფლება ეძლევა აირჩიოს მღვდელმსახურები; კანდიდატების არყოლობის შემთხვევაში, ბაქოს არქიეპისკოპოსი თავის სახელით მიმართავს კათალიკოსსა და საქართველოს ეპარქიალურ მღვდელმთავრებს და ვისაც ისურვებს, იმას აირჩევს.

აი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ძირითადი საფუძვლები, რუსეთის ერთგულ ქართველ მღვდელმთავრებს სურვილი აქვთ კავშირი განამტკიცონ თავიანთ და რუსულ ეკლესიებს შორის და თავის ეკლესიას დაუბრუნონ კანონიკური წყობა და უფლებები, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართველი ხალხისა და რუსეთის მტრები, რომლებიც არევოლუციონერებენ მთელ საქართველოს, ამის წინააღმდეგი არიან, იმუქრებიან სეპარატიზმით, ცილს სწამებენ, აყალბებენ ისტორიულ ფაქტებს (სამუილოვი, დეკანოზი ბუტკევიჩიდა სხვა.) და საქმე გათიშვისაკენ მიჰყავთ, ისინი ფიქრობენ, რომ ეკლესიის მართვის უფლება შეიძლება დაფუძნებული იყოს ძალადობაზე, სიცრუესა და უკანონობაზე. აუცილებლად მიგვაჩნია დავუმატოთ ერთი ისტორიული ცნობა, რომელსაც ბევრი განმარტება არ სჭირდება: 1811 წელს, როგორც ცნობილია, ძლიერ აღზევდა იეზუიტი ჟ. დემეტრე, რომელმაც თავის ძმას ადგილი მისცა თბილისში მთავარმართებლის კანცელარიაში. ეს საქმის დასაწყისი იყო!

ცნობილი ავტორი წიგნისა „საეკლესიო საკითხები რუსეთში“ (1896 წ. 83-99 გვ.) ქართულ ეკლესიას რამდენიმე გვერდს უძღვნის, სადაც ამბობს:

„თუ რომელიმე ქართველი ავტორი გადაწყვეტს რუსი ეგზარქოსების-უზურპატორების ქმედობებზე ნამდვილი ისტორიის დაწერას, გაწითლება მოგვიხდებოდა, იმდენად არცხვენენ ისინი რუს სამღვდელოებას. რუსი ეგზარქოსები საქართველოში იმიტომ იმყოფებოდნენ, რომ მათზე მინდობილი ეკლესიის სამწყსო ეძარცვათ და უძველესი ივერიის საეკლესიო ქონება გაეჩანაგებიათ, დაეთრგუნათ მისი მოსახლეობის ენა და შემდეგ, ნაძარცვი ქონებითა და ფულით, რუსეთში დაბრუნებულიყვნენ, ისე როგორც დაბრუნდნენ: ევსევი, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 200 ათასი მანეთი დატოვა; პავლე, კვერთხშემართულმა ივერიის ეკლესია რომ დასწყევლა და თვითონ, ხალხისგან შეჩვენებული, საქართველოდან გამოიქცა...“

„სცნო რა რუსეთის უმაღლესი ძალაუფლება და დადგა რა აღმოსავლეთ საზღვარზე რუსთა ინტერესების დამცველად, ქართველი ხალხი ერთ რამეს მოითხოვდა: ძალმომრეობას ნუ გამოიჩენდნენ იმაზე, რაც მათთვის ყველაზე მეტად ძვირფასია, და, რა თქმა უნდა, რუსებისათვისაც, სახელდობრ: წმინდა სარწმუნოება, ეკლესია და ენა... მმართველ სინოდს, გარდა საშინელი ბოროტებისა და ზიანისა, არაფერი მოუტანია ქართული ეკლესიისათვიოს. მისთვის ეს ეკლესია იყო ბარბაროსების ქვეყანა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყველა საეკლესიო კანონები და დადგენილებები, რაც ქართულ ეკლესიას შეეხებოდა, მდინარე მტკვარში ჩაყარეს, ბევრი უძველესი საეკლესიო დოკუმენტი ცეცხლის ალს მისცეს, სხვები პეტერბურგში წაიღეს და სამთავრობო სინოდის დამქაშებმა ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია წაართვეს. დახურეს 25 ეპარქია, რომელთაგან ზოგიერთი არსებობდა საქართველოში ქრისტიანობის შემოღების დასაწყისიდანვე, ე.ი. დაახლოებით 15 საუკუნე, გაანადგურეს ბევრი უძველესი მონასტერი, დაბეჯითებით მოითხოვდნენ, ჩამორთმეოდათ და ხაზინას გადასცემოდა ქართული საეკლესიო მამულები და ქართული ეკლესია იმ სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ ამჟამად 860-ზე მეტი ტაძარი ღვთისმსახურების გარეშეა დარჩენილი...“

„ამით შეიძლებოდა დაგვემთავრებია იმ სამწუხარო სისაძაგლისა და განუკითხაობის ჩამოთვლა, რასაც რუსი ეგზარქოსები დღემდე ჩადიან საქართველოში, მაგრამ ზოგიერთი უკეთური მაინც უნდა ვახსენოთ. ესენი არიან: გარყვნილი ფეოფილაქტე, რომელიც ავიწროებდა და სულს ართმევდა ყველა ადგილობრივ მღვდელმთავარს, თხრიდა საფლავებს, თავისი უწმინდური ხელი შეახო თვით საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის წმინდა ნინოს საფლავს. მანამ არ მოისვენა, სანამ ღვთის განგებამ ბოლო არ მოუღო მის ავკაცობასა და თავაშვებულობას: იგი მოკვდა წმინდა ნინოს საფლავთან დამბლის დაცემით და ჭიებმა შეჭამეს; ევგენი ბაჟენოვი - მონასტრებისა და უდაბნოების გამჩანაგებელი; ისდორე, რომელიც ეკლესიებს კუთვნილ მამულებს ართმევდა და ამით დასაბამი დაუდო საეკლესიო სიღატაკეს და სავანეების გატიალებას; ევსევი ილინსკი, უკიდურესად გარყვნილი, ცხოვრებაში თავშეუკავებელი, ავხორცი; ფული რომ დასჭირდა, თავისი დამქაშების მეშვეობით კათალიკოსების ყოფილი საპატრიარქოს საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა გაჰყიდა, შესამოსელებს, მიტრებს და ხატებს ძვირფასეულობა მოხსნა და ხელი შეუწყო გელათის მდიდარი საეკლესიო სალაროს გაფლანგვას. გელათის სალაროდან გაქრა ოქროს ხატის მოჭედილობა, მთელი მსოფლიოს მეცნიერთათვის ცნობილი თავისი ძვირფასი ტიხრული მინანქრით. ამის შემდგომ ევსევმა ასეული ათასები ჩაიჯიბა. მის საეგზარქოსოში დატაცებული იქნა ორ მილიონზე მეტად ღირებული საეკლესიო განძეულობა... ეგზარქოსი პავლე - ფიცხი ხასიათის, შმაგი და ნადირისებრი ადამიანი... მართლმადიდებლობის დამქცევი ბესარაბიაში, სადაც მან 340-ზე მეტი ეკლესია დახურა, ცეცხლს მისცა მოლდავურ ენაზე დაბეჭდილი ათასობით საეკლესიო ღვთისმსახურების წიგნი. მან საშინელი არეულობა შეიტანა ქართულ ეკლესიაში. თბილისის სემინარიის ყოფილი რექტორის დეკანოზ ჩუდეცკის (მასთან ერთად კიშინიოვიდან რომ გადმოიყვანეს და მერე ქართველმა მოკლა) ცოლთან სამარცხვინო ურთიერთობის შემდეგ, მოკლულის წესის აგების დროს, სიტყვა წარმოთქვა და ქართული ეკლესია შეაჩვენა, რის შედეგადაც ხალხის უზომო სიძულვილი გამოიწვია“.

ამასთან დაკავშირებით ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა, ბატონმა ყიფიანმა 1887 წ. 8 ივნისს წერილი გაუგზავნა ქუთაისიდან. იგი მას თხოვდა ან „უკუეგდო ნათქვამი ანდა მრევლის წინაშე ბოდოში მოეხადა ამ უჩვეულო მკრეხელური სიტყვების წარმოთქმის გამო“, ე.ი. დაწყევლისათვის. ეგზარქოსისთხოვნით ბ-ნი ყიფიანი თავადმა დონდუკოვ-კორსაკოვმა სტავროპოლში გადაასახლა. „როცა იგი პეტერბურგში გამოიძახეს ახსნა-განმარტებისთვის, მოკლული იპოვეს სასტუმროში, სადაც იგი ცხოვრობდა. დაქირავებული მკვლელები ვერ აღმოაჩინეს“.

1894 წ. ქართველების მიერ სინოდში წარდგენილ წერილში ნათქვამია, რომ „რუსმა ეგზარქოსებმა და სასულიერო უწყების ჩინოვნიკებმა ქართული ეკლესია და მისი საეკლესიო განძეულობა გადააქციეს შემოსავლის წყაროდ...“ სომხურ ეკლესიას დაუტოვეს კათალიკოსი და მისცეს სრული თვითმმართველობა, არ ამცირებენ სომხური ეკლესიების რიცხვს, ყოველნაირად მფარველობენ სომეხ ხალხს... „სომხურ ეკლესიას, როგორც ცნობილია, 1905 წელს დაუბრუნეს ადრე წართმეული ქონება... სამაგიეროდ უძველესი ქართული სამოციქოლო ეკლესია სავსებით დაარბიეს და გაანადგურეს. ქართული ეკლესიის მეთაურებად ნიშნავდნენ ყველაზე უღირს რუს მღვდელმთავრებს და ისინიც მხარის უფროსებად ხდებოდნენ, არა როგორც ივერიის ეკლესიის შვილები, არამედ როგორც დამქაშები, რომლებიც მთელ თავის ძალ-ღონეს ხმარობდნენ, მეტი სიმდიდრე მოეხვეჭათ, რაც თითქოსდა მათ უცხო ეკლესიის მეთაურობაში გაწეული „შრომისათვის“ ეკუთვნოდათ. ეგზარქოს პავლეს და სხვათა შემოსავლებიდან გაგზავნილ კახურ ღვინოს სინოდის ჩინოვნიკები სვამდნენ პეტერბურგში.

„25 სამღვდელმთავრო კათედრის დახურვამ ეპისკოპოსებს წაართვა სამღვდელოებაზე ზედამხედველობისა და ხელმძღვანელობის საშუალება და მათი უმრავლესობა მრევლზე არ ზრუნავდა, ლოთობასა და გარყვნილებაში ატარებდა დროს...“

„ქართული ეკლესიის საეკლესიო წესები არასოდეს არ ემთხვეოდა რუსულ საეკლესიო წესებს, იმიტომ რომ საქართველოში დიდი ეპარქიები არ იყო, მღვდელმთავრებს მეტწილად თავადაზნაურობიდან ირჩევდნენ და ხალხი ყოველთვის უგებდა მათ, ამიტომ შემოინახეს ქართველებმა მართლმადიდებლობა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოუწიათ მაჰმადიანური უღლის ზიდვამ. ქართველი მღვდელმთავრების ხალხთან სიახლოვე არ მოსწონდათ რუს ეგზარქოსებს, რომლებიც უცხონი იყვნენ ხალხისთვის, როგორც სულიერად, ასევე ენობრივად. შეეცადნენ ქართველი მღვდელმთავრები ხალხისგან მოეწყვიტათ. დახურეს 25 სამღვდელმთავრო კათედრა, რომელთა შესანახად რუსეთის სახელმწიფო გროშსაც არ იმეტებდა. ქართული ეკლესიის უძველესი წყობა, რომელიც მკაცრად იყო შემონახული IV საუკუნიდან XIX საუკუნემდე, რუსულმა სასულიერო კოლეგიუმმა დაარღვია და შეცვალა ჩინოვნიკური სასულიერო უწყების სასარგებლოდ, რომელიც აწ ქართულ ეკლესიას უნდა ერჩინა...“

„საქართველოში გამწესებული რუსი ეგზარქოსები ამ ქვეყანას ისე უყურებენ, როგორც მათთვის განკუთვნილ გასაძარცვავ მხარეს...“

გელათიის მონასტრის საეკლესიო სალაროში 1870 წლამდე ინახებოდა მილიონებად ღირებული განძეულობა; მათ შორის იყო: 1) ოქროთი მოჭედილი, ტიხრული მინანქრით გაწყობილი XI საუკუნის უძველესი ქართული სახარება“. „ეს სახარება ეგზარქოს ევსენის ნებართვით გელათიდან გაიტანა ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშევმა, რომელმაც მოხსნა ოქროს მოჭედილობა და იგი შეცვალა საზიკოვის იაფფასიანი ვერცხლის ნახელავით. ამჟამად ეს ძვირფასი ოქროს მჭედლობა ინახება პეტერბურგში, სტროგანოვის მუზეუმში, სადაც იგი გრაფ პანინის მიერ იქნა ჩატანილი. ინგლისელები სახარების ოქროს მოჭედილობაში იძლეოდნენ ასი ათას ფუნტ სტერლინგს. 2) ოქრომკედით მოქარგული და მსხვილი მარგალიტით მორთული აბრეშუმის სქელი ქსოვილისაგან შეკერილი იმერეთის კათალიკოსების პატრიარქის შესამოსელი...

ეს ძვირფასი შესამოსელი კონსტანტინეპოლის დაცემამდე იყო დამზადებული. მისგან 8 ფუნტი ოქრო გამოადნეს, ხოლო ლალი და მარგალიტი გამოყენებული იქნა გულქანდების დასამზადებლად...

განძეულის დატაცებასა და შეცვლაში ადანაშაულებდნენ გრაფ პანინსა და გენერალ ლევაშევს, რომლებმაც ნებართვა ეგზარქოს ევსევისგან აიღეს.

ამავე დროს, ეგზარქოს ევსევის ხელშეწყობით სიონის ტაძრიდან, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ძვირფას მორთულობასთან ერთად გაქრა მრავალი ძვირფასი ნივთი და სამღვდელმთავრო ომოფორებიდან და ბისონებიდან ათობით მოხსნილი თვალ-მარგალიტი. ზუსტად ასევე გაქრა აურაცხელი ძვირფასეულობა: ოქროს ჭურჭელი, ჯვრები და სხვა განძეული მცხეთის, ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდის და სხვა საკათედრო ტაძრებიდან. ამათ მიჰყვა განძეულობა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოდან, ჯუმათის, შემოქმედისა და სხვა მონასტრებიდან...“ ცოტა ხნის წინათ, ეპისკოპოს კირიონის თქმით, სიონის ტაძრის საეკლესიო სალაროში ინახებოდა მინიატურებიანი ხელნაწერები. „ისინი ეგზარქოსის ნებართვით წაიღო გრაფმა ბობრინსკიმ; ხელნაწერებიდან ამოჭრა მინიატურები, - დაიკარგა მინიატურებიცა და ტექსტიც, რომელიც მინიატურების უკანა მხარეს იყო მოთავსებული . (იხ. საეკლესიო უწყებები. 1906, #47, გვ.16).

იმერეთის კათალიკოსის პატრიარქის შესამოსელზე, რომლის შესახებაც ზემოთ გვქონდა საუბარი, ცნობილია შემდეგი: სამღვდელმთავრო ბისონზე ამოქარგული იყო რწმენის სიმბოლო ბერძნულ ენაზე, მარჯვენა სახელოზე - რწმენის სიმბოლოს პირველი წევრი, ბისონის წინა ნახევარზე (რომელიც გაყოფილი იყო ამოქარგული 12 მოციქულის ეპიტრაქილიით) შემდეგი ექვსი წევრი, მარცხენა სახელოზე - მერვე, მეცხრე, მეათე; უკანა მხარეზე გამოსახული იყო ტახტზე დაბრძანებული მაცხოვარი ქრისტე წიგნით ხელში. მის ზემოთ მეთერთმეტე წევრის სიტყვები, ქვემოთ კი - მეთორმეტის. როცა პატრიარქი კათედრაზე დაჯდებოდა, სამოსელის უკანა ნახევარი გადაიფინებოდა. ასე რომ, სარწმუნოების გამოცხადებას ყველა ხედავდა. მარგალიტით მოოჭვილი მიტრა დამშვენებული იყო ბრილიანტის ჯვრით, რომელიც ერთ დროს მეფე ვახტანგის (446-491) გვირგვინს ამკობდა. ეს მსხვილი ბრილიანტი ვახტანგ მეფემ სპარსეთში ლაშქრობების დროს მოიპოვა.

გაგრძელება...