ათონის ივერიის მონასტრის საკრებულო ტაძრის დასავლეთის კარებზედ დახატულია აღმაშენებელი ამ წმ. სავანისა და ტაძრისა თორნიკე ერისთავი, შეჭურვილი სამხედრო იარაღითა; ამაზედ ყოფილა ქართული წარწერა 1880 წლამდის ხოლო შემდეგ მოუშლიათ ეს ქართული წარწერა და გადაუკეთებიათ ბერძნულად და მაგიერ ჩვენის დიდებულის სპასპეტის თორნიკისა მოსჩანს ეხლა ნიკიფორე, ბერძენთა კეისარი. დასამტკიცებლად ამ ფაქტისა მომყავს გაზ. „ივერიის“ №26-დან 1900 წლისა კორესპონდენცია ბ-ნ ნადიკვრელისა, რომელიც სიტყვა სიტყვით მოგვითხრობს გარდამოცემულსა ბ-ნ გერასიმე ნადარეიშვილისას, რომელსაც ორგზის მოულოცნია პალესტინის და ათონის სიწმიდენი და აწ სცხოვრებს ქ. თელავში.
„1882 წელს მე ვიყავ ათონის მთაზედ და სხვა მონასტრებთან ერთად ივერიის მონასტერიც ვილოცე. დავათვალიერე ისტორიული მხატვრობა და წარწერანი. გუმბათის პირდაპირ იატაკზედ ივერიის ტაძარში თითბრის ასოებით არის წარწერა, რომელიც სავსებით აღარ ეტყობა და რომლიდგანაც შეიძლება კიდევ ამოიკითხოს ადამიანმა სიტყვები „აღმაშენებელი გიორგი ქართველი“. ტაძრის სამხრეთის მხარეს არის დახატული სამღვდელო შესამოსით თავზედ შარავანდედითა და ზედ ბერძნულად აწერია: „წმიდა მღვდელ-მონაზონი მარკოზი ქართველი“ რომელსაც, ბერძენ პროფესორის გედეონის სიტყვით, მეთექვსმეტე საუკუნის გასულს უცხოვრია, გამოჩენილი მხატვარი ყოფილა, მისი მხატვრობა მრავალს ეკკლესიაში ახლაც საუკეთესო მხატვრობად ითვლება. თვით ივერიის მონასტრის სხვა ეკკლესიებიც ამ მარკოზ ქართველს დაუხატავს.
„ამავე ტაძრის კარის ბჭეზედ იყვნენ დახატულნი ათამდის მეფენი, რომელთაგან შუა ადგილას დახატულს თავზედ შარავანდედი პქონდა და ერთიც სამხედრო ტანისამოსით იყო დახატული. როდესაც ვათვალიერებდი, ერთმა მოხუცებულმა ბერძენმა ბერმა მითხრა: „ესენი, შვილო საქართველოს მეფენი არიან, ამ მონასტრის აღმაშენებელნი და განმაახლებელნი და აი, ეს მხედრულად ჩაცმული, - თორნიკე ქართველიაო“ . მეფეებს ზემოდგან საერთო ჰქონდათ წარწერა: „მეფენი საქართველოსანი “.
მერე იყო წარწერა თითოეულისა ცალკე, მაგრამ ერთის მეტი ყველა ისე იყო წაბღალული, რომ არ ამოიკითხებოდა, ერთს კი ეწერა: „დედოფალი ნესტან დარეჯანი“.
„მონასტრის მახლობლად არის მაღლობი ადგილი, რომელსაც „ილია წინასწარმეტყველის დასაყუდარი“ ეწოდება. აქ ვნახე ღრმად მოხუცებული ქართველი ბერები, რომლებიც ივერიის მონასტრის ძმებად ირიცხებიან და იქიდგან საზრდოობენ. ამ მამებს ხელში ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი ჰქონიათ და მეტის მოღვაწეობისათვის გამოსულან მონასტრიდგან. ამათ შემდგგ ქართველთა მიღება ივერიის მონასტერში შეუწყვეტიათ.
„1887 წელს მეორედ ვიმოგზაურე ათონის მთაზედ, სხვათა შორის მივედი ივერიის მონასტერშიაც. კარის ბჭეზედ შევიხედე და დავინახე, რომ ჩემგან ნანახი მხატვრობა მეფეებისა განეახლებინათ და წინანდეღაის საერთო წარწერის -„საქარველოს მეფენი, აღმაშენებელნი და განმაახლებელნი ივერიის მონასტრისა“ - მაგიერ იწერა: „ბიზანტიელნი მეფენი, აღმაშენებგელნი ივერიის მონასტრისანი“; „დედოფალის ნესტან-დარეჯანის მაგიერ ეწერა: „ირინა დედოფალი“...
ათონის მთაზედ მონასტერნი: ივერიის კარისა ღვთისმშობელისა და წმ. ფილოთეოსისა, პალესტინაში - ცხოველსმყოფელის ჯვარისა და წმ. საუფლო საფლავისა, და სინას მთაზედ - წმ. ეკატერინასი ყოველ წლივ იღებენ დიდს შემოსავალსა საქართველოდან. საქართველოს მეფეთა და მთავართა შეუწირავთ ზემოხსენებულს სავანეთათვის სოფელნი, ვენახები, აგარაკნი, დუქნები და ყმები. ყოველთა ამათ შემოწირულებათაგან აქამომდის სარგებლობენ ბერძენთა მონაზონნი და ამავე დროს ქართველთა მონაზონთაგანი რომ მივიდეს ვინმე სალოცავად ამ ზემოხსენებულ მონასტრებში, ბერძენნი ისე უყურებენ, ვითარცა მაწანწალასა, რომელსაც გამოჰკვებავენ შებრალებითა და არა მოვალეობისაებრ. აგერ ორმეოცი წელი შესრულდა, რაც ყმები განთავისუფლდნენ მონებისაგან რუსეთის იმპერიაში ნეტარ-ხსენებულის იმპერატორის ალექსანდრე II-ს მეფობის დროს, რისათვისცა აკურთხევენ მისს ხსენებას ორმოცი მილიონი განთავისუფლებულნი გლეხნი; ხოლო ბერძენთა ბერების უღელსა ქვეშე მონებისა და კირთებისაგან, არ იქმნა, ვერ ეღირსნენ განთავისუფლებას მონასტრების ყმანი, თუმცა იგინი აქამომდის ითმენენ არა მცირედთა შევიწროებათა და ქენჯნათა.
ათონის ახალს ქართველთა სავანეს შეუსყიდნია მამული ივერიის მონასტრისაგან 2,000 მანეთად 1867 წელსა. გარდა ამისა, ვითარცა შემოღებულია ათონზედ, ყოველ წლივ უნდა ეძლია ხარკად ივერიის მონასტრისათვის რამდენიმე ლირა ოქრო (თითო ლირა ეთანასწორება რვა მანეთს) და აგერ ათი წელია ქართველთა ძმათა სავანე აღარ იხდის ამ ხარკს, რადგანაც მას აქვს დაწყებული ივერიის მონასტერთან დავა 1883 წლიდან და ითხოვს იგი, რათამცა დაუბრუნდეს მას ივერიის მონასტერი თვისის მამულებითა, რომლითაც სარგებლობენ აქამომდის ბერძენნი სრულიად უსამართლოდ, ვითარცა მკრეხველნი და არა ვითარცა ნამდვილი პატრონები. თვით ნეტარხსენებულნი ქართველნი მართლმადიდებელნი მეფენი წინასწარ ხედავდნენ კეთილ გონიერებითა და უშიშარ ყოფისათვის მომავალში, როდესაც წყალობის სიგელს ანუ გუჯარს აძლევდნენ რომელისამე შეწირულებისას ივერიის მონასტერს, ასრე მოიხსენებდნენ: ამა წყალობის წერილსა ვაძლევთ ანუ ვუბოძებთ ჩვენს ქართველთა ათონის ივერიის მონასტერს, რადგანაც წინასწარვე ჰქონიათ სახეში, რომ დავა არავინ აღძრას ამ ივერიის მონასტრის მფლობელობის გამო უცხო ტომმა ანუ ერმაო.
ეს დავა ივერიის მონასტერზედ ქართველთა ძმათაგან პირველი არ არის. ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე მე-XI დროსა, კონსტანტინეპოლის ოსმალთაგან დაპყრობის რამდენისამე თვის წინად, ქართველთა სასარგებლოდ გარდასწყვიტა ბერძენთა კეისარმაც ფლობა ივერიის მონასტრისა და რადგანაც დღე-დღეზედ მოელოდებოდა კონსტანტინეპოლის აღებას მტერთაგან, უკვე გარემოდგომილთგან, ამისათვის ისწრაფა კეისარმა და ხომალდით წარგზავნა ინგლისს დროებით დასაცველად სახელმწიფო მნიშვნელობის სიგელნი და მათ შორის ის საბუთის ქაღალდიც, რომლითაც კვალადცა მიანიჭა ქართველთა ძმათ ყოვლის მხრივ უფლებანი ათონის ივერიის მონასტერზედ, ვითარცა მათ ეროვნულს სამკვიდრებელზედა.
ათონის ივერიის კარისა ღვთისმშობლის მონასტერში არის დაცული ორი ცალი ქართულის დაბადებისა, ერთი მათგანი შეუძენია დამფუძნებელს ამ სავანისას ღირსსა იოანნეს, მამას წმ. ევთიმისას, 978 წელსა, ვითარცა არის მოხსენებული ზედ მიწერითა ამავე დაბადებაში თანამედროვე მწერალთაგან, რომელთაც გადაუწერიათ ეს დაბადება. ხოლო მეორე ცალი დაბადება ახლად შეუსწორებია ღირსსა ევთიმის, ვითარცა უფროს მეცნიერს ბერძნულის ენისას. წმ. ევთიმისა მიერ შესწორებულს დაბადებას არავის უჩვენებენ, არცა ქართველთა და არცა რუსთა. ამ დაბადების შესახებ აი რას იწერება ერთი ქართველი მონაზონი ათონის მთიდამ: უწმიდესის სინოდის მოთხოვნით თესალონიკის კონსულმა გამოსთხოვა ივერიის მონასტრის წინამძღვარსა ქართული დაბადება პერღამენტისა (ტყავზედ ნაწერი) ორი ტომი წარსადგენელად რუსეთის სინოდში. ამაზედ მონასტრის ძმათა ბერძენთა მონაზონთა ორი კვირა დიდი და განუწყვეტელი ბაასი ჰქონდათ: უმეტესობა ძალიან უარზედ იდგა და უმცირესობა თანხმობას აცხადებდა დაბადების გაგზავნისას. ბოლოს უმეტესობამ უარ ჰყო მოთხოვნილება სინოდისა და ასეთი პასუხი შეუთვალა: „ვინაიდგან ორი ტომი დაბადება არის გადმოთარგმნილი და დაწერილი წმ. მამისა ევთიმე ქართველისაგან; შიგ არის შეჩვენება და კრულება საუკუნოდ და მეორედ ქრისტეს მოსლვასა პასუხის-გება მისდა, ვინც მათ შეეხება და გასცემს, ამ მიზეზით ჩვენ არ ძალგვიძს სადმე გავგზავნოთ. ამის გამო, ვისაც სურდეს გადაწერა მათი, მობრძანდნენ ივერიის მონასტერში. სახლს, ბინას მივართმევთ და ხარჯზე უზრუნველ-ვყოფთ, დაბრძანდნენ, გარდასწერონ, რაოდენი ხანიც ენებოსთ. ეს პასუხი მისცეს კონსულს წარსადგენელად უწ. სინოდში, 16 თებერვალს, 1900 წელსა“.
ზემოხსენებულის წერილიდან სჩანს, რომ ქართული დაბადება, რომელიც 1848 წელს მოუტანია ათონის ივერიის მონასტრიდამ პლატონ იოსელიანს, არ არის დაწერილი და შესწორებული წმ. ევთიმისა მიერ, რადგანაც ამ დაბადებაში არ არის გამოცხადებული არა ვითარიმე წყევა და შეჩვენება მათზედა, რომელნიც გარდასცემენ ვისმე ამ წიგნსა და ეგრეთვე მათზედაც, რომელნიც წამოიღებენ ათონის ლავრიდან.
ხოლო ამ წმ. ევთიმის დაბადებასთან შედარება და შესწორება ახლად დასტამბულის ქართულის დაბადებისა, და ეგრეთვე სლავურისა და რუსულისა, მიუცილებლად საჭიროა და სასარგებლო ვინაიდგან არცა საქართველოში, და არცა რუსეთში არ მოიპოვება დაბადება იმა დროისა და ღირსებისა. ჩვენს ქართულს დაბადების ტექსტში მრავალი შეცდომაა და მისი გასწორება ყოვლად საჭიროა. ბრიტანიის ბიბლიის საზოგადოება ტფილისში ჰყიდის თითქმის სამოცს ენაზედ დაბადებას და ქართულს ენაზედ კი არ მოიპოვება, რომ ქართველმა ერმაც ისარგებლოს ამ ღვთაებრივის სულიერის საზრდოთი.
ათონის ქართველთა სავანეში ყოფილა კეთილ განწყობილი მწყობრი ტკბილად მგალობელთა 1880 წლებში, ვიდრემდის ყოფილან ათონზედ მგალობელთა შორის: თავ. მელქისედეკ ნაკაშიძე, მ. გიორგი მოლარიძე, ღირსეულად მოღვაწე შემოქმედის მონასტერში გურიაში, მ. მ. კონტრიძე, ჭინჭარაძე და მ. ფილიპე შარაშიძე, ქართველთა მგალობელთა გუნდსა აღტაცებაში მოჰყვანდა ყოველნი მსმენელნი რუსნი და ბერძენნიცა. ამ ზემოხსენებულ პირთა შეუსწავლიათ ქართული გალობა საფუძვლიანად რვა ხმაზედ ბ. ანტონ დუმბაძის ხელმძღვანელობის ქვეშ; ხოლო აწ ქართველთა სავანე ვეღარ იქების ამ გვარის კეთილგანწყობილის გალობითა. ამისათვის ფრიად სასურველია, კვალადცა გაძლიერდეს ქართული გალობა ათონზედ აღსადგენელად ჩვენის ძველი ეროვნულის ღირსებისა, დიდებისა და პატივისა სხვათა ეროვნობათა წარმომადგენელთა მოღვაწეთა შორის ათონის მთაზედ. ოდესმე ათონზედ დროშა პირველობისა ეპყრათ ივერიის კარისა ღვთისმშობლის მონასტრისა ქართველთა ძმათა.
<< წინ |