ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „ბარძიმი შეუსმელი“

„ბარძიმი შეუსმელად“ წოდებული ხატის გამოცხადება 1878 წ. მოხდა. ტულის გუბერნიის ეფრემოვოს მაზრის ერთ-ერთი გლეხი, გადამდგარი ჯარისკაცი, მემთვრალეობის ვნებას ჰყავდა დაპყრობილი. მან მთელი თავისი სარჩო-საბადებელი ლოთობაში გაანიავა და მალე სრულიად გაღატაკდა. უზომო სმისაგან მას ფეხები სავსებით წაერთვა, მაგრამ მაინც განაგრძობდა სმას. ერთხელ მას სიზმრეულ ჩვენებაში ბერი ეჩვენა და უბრძანა ქალაქ სერპუხოვოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში ჩასულიყო, სადაც ღვთის დედის ხატი „ბარძიმი შეუსმელი“ ბრძანდებოდა და მის წინაშე სავედრებელი პარაკლისი გადაეხადა.

მონასტერში მისულმა იქაურებს მოუთხრო თავის სიზმრეულ ჩვენებაზე და პარაკლისის გადახდა სთხოვა. მაგრამ მონასტერში არავინ უწყოდა ღვთისმშობლის ამგვარი ხატის შესახებ. მაშინ იფიქრეს, სადიაკვნის შესასვლელში რომ ხატი ჰკიდია, ის ხომ არ არისო? მართლაც ხატის უკანა მხარეს ნახეს წარწერა: „ბარძიმი შეუსმელი“. მღვდელმთავარ ალექსის მოწაფეში – ღირს ვარლაამში – დასნებოვნებულმა გლეხმა მაშინვე შეიცნო სიზმრად ნანახი ბერი. სერპუხოვოდან შინ გლეხი სავსებით გამოჯანმრთელებული დაბრუნდა.

ღვთის დედის ხატის საკვირველი განდიდების ამბავი მალე მთელს რუსეთს მოედო. მემთვრალეობის სენით შეპყრობილნი, მათი ახლობლები და ნათესავები იჩქაროდნენ ლოცვები აღევლინათ სნეულებისაგან განკურნებისათვის ღვთისმშობლის ხატის წინაშე, ბევრი კი იმისთვის მოილტვოდა მის წინაშე, რათა სამადლობელი შეეწირა დედუფლისათვის მისი უდიდესი წყალობის გამო.

რას გამოხატავს ეს ხატი? იკონოგრაფიული თვალსაზრისით იგი ღვთის დედის ერთ-ერთი უძველესი გამოსახულების „ორნატას“ ტიპს მიეკუთვნება, ოღონდ ეგაა, რომ ღვთიური ყრმა ბარძიმში ფეხზე მდგომია გამოხატული. ბარძიმი მაკურთხეველი ღვთიური ყრმით – ესაა ბარძიმი ზიარებისა, რომელიც სარწმუნოებით მისდამი მოლტოლვილებს ყველა იმ კურთხევას ანიჭებს, რომელიც უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს გამომსხნელმა ღვაწლმა მიჰმადლა კაცთა ცოდვილ მოდგმას. ბარძიმი ესე მართლაც შეუსმელია, ანუ დაულევნელი, რამეთუ ტარიგი მისი „მარადის იჭამების და არა დაილევის“. ხოლო დედა ღვთისა, ზეაპყრობილი ყოვლდაწმიდა ხელებით, ვითარცა ძალმოსილი მღვდელმთავარი, შუამავლობით აღუვლენს ღმერთს ზეცისა საკურთხეველში, ხსნისათვის ყოვლისა სოფლისა, ამ მსხვერპლს – თავის დაკლულ ძეს, რომელმაც მისთა სისხლთაგან მიიღო სისხლი და ხორცი, და სთავაზობს ჭამად მართალთა. იგი ყოველი ცოდვილისათვის ლოცულობს, ყველას ცხონება სურს, მდაბალი დამღუპველი მიდრეკილებების ნაცვლად იგი სულიერი სიხარულისა და ნუგეშის ამოუწურავი წყაროსაკენ მოუწოდებს. იგი ამცნობს, რომ სულიერი შეწევნისა და მოწყალების შეუსმელი ბარძიმი თითოეული მათგანისთვისაა განმზადებული, ვისაც კი ეს სურს.

ხატის დღესასწაული აღესრულება 5 მაისს.

 

ტროპარი, ხმა 4

სამართლად შეუვრდებით დღეს ღუთივსახიერსა და ყოვლადსასწაულთმოქმედსა ხატსა ყოვლადწმიდისა ღუთისმშობელისასა და მართლითა გულითა უგალობთ ზეციურსა ბარძიმსა აღუვსებელსა მოწყალებისასა და მორწმუნეთა ერთათვის სასწაულთა მიმთუალველსა. რამეთუ ჩუენცა მხილველნი და მსმენელნი მათნი ვიხარებთ სულითა და ხმითა გალობისათა ვხმობთ: ყოვლადმოწყალეო დედუფალო, ვნებანი და წყლულებანი ჩუენნი განკურნენ, ევედრე ძესა შენსა - ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

 

ლოცვა ყოვლად-წმიდა ღმრთისმშობლის ხატის „დაულევნელი ბარძიმი“-ს წინაშე
ლოთობისა და ნარკომანიის საწინააღმდეგოდ

ჰოი, ყოვლად-მოწყალეო დედუფალო! შენსა მფარველობასა შეუვრდებით, ლოცვათა ჩუენთა ნუ უგულებელსყოფ, არამედ მოწყალებითა შენითა შეისმინე ჩუენი, ცოლთა, შვილთა და დედათა, და მემთვრალეობისა სასტიკითა სენითა შეპყრობილნი და მით დედისა მათისა – ქრისტეს ეკლესიისა და სულის ჴსნისაგან განშორებულნი ძმანი და დანი და მონათესავენი ჩუენნი განჰკურნენ.

ჰოი, მოწყალეო დედაო ღმრთისაო, შე-რა-ეხე ესე გულთა მათთა, მსწრაფლ აღადგინე ცოდვითა დაცემულნი და მჴსნელი მოთმინება მიჰმადლე.

ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეგვინდოს ჩუენ შეცოდებანი ჩუენნი და არა გარემიაქციოს წყალობა თჳსი ერისაგან თჳსისა, არამედ განგვამტკიცოს ჩუენ სიფხიზლესა და უბიწოებასა შინა.

ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, მიითვალე ვედრება დედათა, ძეთა თჳსთათჳს ცრემლთა დამთხეველთა; ცოლთა, ქმართა თჳსთათჳს მგოდებელთა; შვილთა, ობოლთა და გლახაკთა გზა-აბნეულად დატევებულთა; და ჩუენ ყოველთა, წმიდასა ხატსა შევდრომილთა, და ჰყუენ, რათა ლოცვითა შენითა, გოდება ესე ჩუენი მიეახლოს საყდარსა მაღლისა ღმრთისასა.

დაგვიცევ და დავგიფარენ ჩუენ ბადეთაგან მაცდურისასა და მტერისა ჩუენისა ყოველთა მზაკვრობათაგან, ხოლო საშინელსა ჟამსა სულისა ჩუენისა განსვლისასა, შეგვეწიენ მშჳდობით განსლვად ჰაერთა საზვერეთასა. ლოცვითა შენითა გვიჴსენ ჩუენ საუკუნო სასჯელისაგან, რათა გვფარვიდეს ჩუენ წყალობა ღმრთისა, დაუსრულებელთა საუკუნეთა მიმართ. ამინ.