ხატი, რომელიც არაჩვეულებრივი სახელით - წარმმატებლის, ანუ გონების მომნიჭებელისა და ასევე ფილოფეტის (სიმართლისმოყვარე) სახელითაა ცნობილი, მეტად იშვიათად გვხვდება.
პირველი გამოსახულება ქ. რიბინსკში, მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარშია მოთავსებული. ხატმწერები დღემდე ასრულებენ მის ასლებს. პირველი ხატის შექმნა დაკავშირებულია მართლმადიდებლობის მტკიცე რწმენასთან, რომ ღვთისმშობელი არის შუამდგომელი წინაშე ღვთისა და ძისა თვისისა, მაშინ როდესაც იგი ადამიანებს მიჰმადლებს სულიერ და ხორციელ ნიჭებს; მათ შორის გონებისა და გულის ღვთაებრივი ჭეშმარიტების სხივით განათლება უპირველეს ადგილს იკავებს. ამ აზრს სრულიად გამოხატავს ხატი „წმ. სოფია - სიბრძნე ღვთისა“, მაშინ როდესაც „გონების მომნიჭებელი“ მიგვანიშნებს, რომ ვილოცოთ გონებრივი განვითარებისთვის, ვინც სრულიად მოკლებულია გონს, ან ნაკლებადგანვითარებულია. მშობლები, რომლებიც ამჩნევენ, რომ მათი პირმშო რელიგიის საფუძვლების შემეცნებისა და განათლების მიღებისას უგუნურებას ამჟღავნებს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და ყრმა იესოს, როგორც სიბრძნისა და გონიერების წყაროს, მიმართავენ და ბავშვის გონებრივი წარმატებისთვის ლოცულობენ. ხატის გამოსახულება სასურველ მიზანს ზუსტად შეესაბამება. მისი განსაკუთრებულობა შემდეგში მდგომარეობს: ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და იესო ქრისტეს თავს სამეფო გვირგვინები ადგათ. ამასთან უფალი იესო მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მარცხენაში სკიპტრა უპყრია. ღვთისმშობელი და ყრმა ღმერთი თითქოს ერთ სამოსში არიან გახვეულნი, მათი თავები ზოლიან მოკვეთილ ელიფსების ზემოთაა გამოსახული და მათ შორის ადგილი ძვირფასი ქვებით, მარგალიტებითა და ნაქარგობითაა შემკული. სარწმუნოა, რომ მთელი ეს მორთულობა მოგვიანებით გაჩნდა, ხოლო თავდაპირველად ღვთისმშობელი ყრმა იესოთი ხელში მთელი სიმაღლით იყო გამოსახული. ორივე მხრიდან ოთხ ღრუბელზე მუხლმოყრილ ანგელოსებს ხელში ანთებული სანთლები უპყრიათ, ღვთისმშობლის ფეხებთან ფრთაგაშლილი ქერუბიმი მოჩანს.
თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა
„ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება
და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“
თბილისი, 2001 წ.
ევედრებიან გონებასუსტი ბავშვებისათვის, ასევე სწავლაში წარმატების მისაღწევად
ამ ხატის წინაშე იმ ბავშვების მშობლები ლოცულობენ, რომელთა შვილები სწავლის ნიჭითა არ არიან დაჯილდოებულნი, ან სარწმუნოებისა და საეკლესიო სწავლების მიმართ ამჟღავნებენ უყურადღებობას. ევედრებიან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და ყრმა იესოს, როგორც უმაღლესი სიბრძნის წყაროს.
ყოვლადწმიდაო ქალწულო, სძალო ღმრთისა მამისაო და დედაო საღმრთოჲსა ძისა მისისა ქრისტე იესოჲსა! შენ ხარ დედუფალო ანგელოსთაჲ და კაცთა ცხოვნებაჲ, მამხილებელი ცოდუილთა და დამსჯელი განვრდომილთათვის ღმრთისაგან. შეგვიწყალენ ჩუენცა მძიმედ შემცოდენი და არ აღმასრულებელნი ღმრთისა მცნებისა, დამარღუეველი ნათლობისა აღთქუმათანი და მონოზონობისა აღთქუმისანი და მრავალთა სხუათა, რომელთა აღუთქუ აღსრულებად. რაჟამს სული წმიდაჲ განეშორა მეფესა საულს, მეყსეულად შიში და მოწყინებაჲ მოიწია მას ზედა და წყუდიადი სასოწარკუეთილებისა და სულისა განუხარებელი მდგომარეობაჲ სწყვლიდა მას. ხოლო აწ ჩუენცა ცოდუათა ჩუენთა გამო მოვაკლდით მადლსა სულისა წმიდისასა. გონებაჲ ამაო იქმნა ამაოჲთა ზრახუითა, ღმრთისა დავიწყებაჲ დააბნელებს სულთა ჩუენთა და აწ შეაიწრებს გულთა ჩუენთა მწუხარებაჲ მრავალგუარი, ნაღუელი, სნეულებაჲ, სიძულვილი, სიბოროტეჲ, აღძურაჲ, შური, სიხარული ბოროტი და სხუანიცა ცოდუანი. და არ მქონებელი სიხარულისა და ნუგეშინისცემისანი, მოგიწოდოთ შენ, დედაო ღმრთისა ჩუენისა ქრისტე იესოჲსაო. ევედრე ძესა შენსა, მოგვიტეოს ყოველნი შეცოდებანი ჩუენდა სული ნუგეშინისმცემელად და განსანათლებლად მათდა საგალობელად შენდა სამადლობელისა გალობისა: გიხაროდენ ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, საცხოვნებელად ჩუენდა მომნიჭებელო გონებისაო.