გადმოცემა წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის ამ ხატის გამოცხადების შესახებ მჭიდროდ არის დაკავშირებული სტავრონიკიტას სავანის დაარსების ამბავთან.
იმ ადგილას, სადაც ამჟამად მონასტერია აღმართული, ძველთაგანვე იდგა წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე აშენებული მცირე სავანე. არაბების მიერ განძარცვული და გავერანებული მონასტერი დიდი ხნის მანძილზე მიტოვებული იყო კაცთაგან. ათონის მთაზე მცხოვრებმა, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, უწმიდესმა იერემია პირველმა, გადაწყვიტა ამ ადგილზე ახალი სავანის დაარსება ისევ უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის იოანეს პატივსაცემად და ამ მიზნით აქ ჩამოვიდა.
ჭეშმარიტად „იდუმალნი არიან გზანი უფლისანი...“ ისე მოხდა, რომ პატრიარქ იერემიას იქ ყოფნის დროს მის თვალწინ მეთევზეებმა ბადე ისროლეს თევზის დასაჭერად. როცა ბადე ამოსწიეს, ნახეს, რომ იქ თევზის ნაცვლად ქრისტეს წმიდა მღვდელმთავარის ნიკოლოზის მოზაიკური ხატი იყო. გაოცებულებმა ისიც შეამჩნიეს, რომ წმიდანის სახეზე, მარცხენა ლოყაზე თვალის გუგასთან, სადაფის ნიჟარა შეზრდილიყო. მეთევზეებმა ღვთის დიდი სათნომყოფელის ხატი ბადიდან გადმოასვენეს და შეეცადნენ მოეცილებინათ ნიჟარა.
„და მოხდა სასწაული, ნიჟარა რომ მოაცილეს, ჭრილობიდან სისხლი გადმოედინა. ჭრილობის კვალი ხატს დღესაც მკაფიოდ ემჩნევა.
საკვირველთმოქმედი ხატის გამოცხადებაში პატრიარქმა იერემიამ განსაკუთრებული ნიშანი შეიცნო და მის მიერ აქ აშენებული სტავრონიკიტას სავანე წმიდა ნიკოლოზის სახელზე აკურთხა.
მონასტერი 1553 წელს აშენდა. წმიდა ნიკოლოზის ხატი ტაძარში მარცხენა მხარეს არის მოთავსებული და ცნობილია სტრიდისის სახელით (სტრიდისი ბერძნულად ხამანწკას ნიშნავს).
რაც შეეხება ხატზე შეზრდილ ნიჟარას, მან ღირსეული გამოყენება ჰპოვა. მისი ერთი ნაწილისაგან პატრიარქმა დაამზადებინა ლამბაქი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სეფისკვერისათვის (ამ ლამბაქს პანაღიარი ჰქვია), ხოლო მეორე ნაწილისაგან - პანაღია. ეს პანაღია დღეს მოსკოვში, საპატრიარქო მუზეუმში ინახება სხვა ისტორიულ ნივთებთან ერთად. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემია მეორემ რუსეთის პირველი პატრიარქი იობი სწორედ მისით აკურთხა.
წიგნიდან: „წმიდა ნიკოლოზის პარაკლისი, დაუჯდომელი,
სადიდებელ-სავედრებელი გალობანი“,
თბილისი, 2003 წ.