დაუჯდომელი საგალობელი
წმიდისა მღვდელმთავრისა ამბროსი აღმსარებლისა (ხელაიასი)

კონდაკი 1

ვითარცა ხატი მზისა სიმართლისაჲ ივერიასა გამოუბრწყინდი და შენზედა გარდამოსულმა ღმრთივსულიერმა ნათელმა აღავსო მოყუასთა უშჯულოებისაგან დამწუხრებული გული ქართველთაჲ, აწ კი, წმიდისა სამებისა წინაშე ნათლითა პირითა მდგომარე, ევედრე ღმერთსა, რათა მოგუმადლოს ჩუენ ძლევაჲ ყოველთა საცთურთა ზედა და ღმრთისა სიტყუითა განწმენდილნი და განბრძნობილნი გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, სიმართლისათვის დევნულო წმიდაო მღუდელმთავარო ამბროსი აღმსარებელო!

იკოსი 1

აღბეჭდულო მადლითა ღმრთისაჲთა და სიმართლითა მით აბელისაჲთა, შენითა სიცოცხლისა დასაშრეტად აღემართნენ განძვინებულნი კაენიანნი, ხოლო ჩუენ, მოქადულნი შენითა ძალითა და მხნეობითა, სარწმუნოებისა ცეცხლითა განხურვებულნი ესრეთ გიგალობთ:

გიხაროდენ, მოღუაწეთა ღირსეულო შთამომავალო;
გიხაროდენ, შინაგანო სიმტკიცეო და ახოვანებაო;
გიხაროდენ, მებრძოლისა სულისა გამოჩინებაო;
გიხაროდენ, ღმრთისა ძალითა სატანისა დამრთგუნველო;
გიხაროდენ, მზაკვრობასა და ვერაგობასა ზედა ამაღლებულო;
გიხაროდენ, უფლისა მიერ თხზულო გვირგვინო;
გიხაროდენ, გულთაგან ნათლისა უხუებისა აღმომქუმელო;
გიხაროდენ, წამებისა მიერ სიწმიდესა შინა აღსაყდრებულო;
გიხაროდენ, სიმართლისათვის დევნულო წმიდაო მღუდელმთავარო ამბროსი აღმსარებელო!

კონდაკი 2

ღმრთისა მოშიშებამან შენი სული აღაყუავილა, აღმოგარჩია ქრისტემან ნერგი ნაყოფიერი და შენისა ღუაწლისა ზეციური კეთილსუნნელება ღმრთისა მტილოვანსა შინა განეფინა: ალილუია.

იკოსი 2

სიმდაბლითა და სიგლახაკითა სულისა შენისა დამარწყლულებელო, ღმრთეებრივისა მეცნიერებისა მეძიებელო და მეტრფეო, სიყუარულისა სჯულისა სწავლულებითა ყოველნი განაცვიფრენ და ჩუენცა გვიოხე წინაშე ღმრთისა, წმიდაო, რათა მეცნიერებით გიღაღადებთდეთ:

გიხაროდენ, ღმრთივსწავლულებისა შტოო, ნაყოფისა კეთილისა გამომღებელო;
გიხაროდენ, განხორციელებულისა სიტყუისა ერთგულო მოწაფეო;
გიხაროდენ, საგალობელად გამოთლილო მართლმადიდებლობისა ლერწამო;
გიხაროდენ, ეტრატო ღმრთისა სიტყუათა დამტევნელო;
გიხაროდენ, განსწავლულებითა შენითა ყოვლადწმიდისა სამებისა მადიდებელო;
გიხაროდენ, მამულისა შენისა სიწმიდედ შემრაცხუელო;
გიხაროდენ, დიდებისა უხილავისა კეთილად მომთხრობელო;
გიხაროდენ, მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა სიქადულო;
გიხაროდენ, სიმართლისათვის დევნულო წმიდაო მღუდელმთავარო ამბროსი აღმსარებელო!

კონდაკი 3

სამართალმან ღმრთისამან, კაცისათვის მიუწვთომელმან, განაჩინა ესრეთ და თანამეცხედრჱ შენი წიაღსა მას სამარადისოსა შერთო, ხოლო შენ, კაცობრივსა მწუხარებისა ღმრთისა სასოებითა დამრთგუნველმან, უგალობე ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 3

პატიოსანი მღუდლობაჲ შენი ესაცნაურათ წმიდათა ანგელოსთა და მათითა მეოხებითა ღმერთმან განგაწესა ყაზანისა სასულიეროსა აკადემიასა, რამეთუ რწმენისა ჭურჭელი ცოდნისა სასუმელითა აღვსებული სთნდა მას, აღვაპყრობთ თუალთა ჩუენთა წმიდისა ხატისა შენისა მიმართ და ხმა-ვყოფთ:

გიხაროდენ, ხორციელთა მწუხარებითა მადლობით მიმთვალველო;
გიხაროდენ, ამქვეყნიურთა ტანჯუათა მორჩილად დამთმენელო;
გიხაროდენ, საყუარელისა თანამეცხედრისა მიწად მიმბარებელო;
გიხაროდენ, რამეთუ მგლოვარენი ნუგეშინისცემულ-იქმნენ ცათა სასუფეველსა;
გიხაროდენ, ღმრთეებრისა სიბრძნისა შესამეცნებელად უცხოეთსა შინა გამგზავრებულო;
გიხაროდენ, მამულისა გულისხმისა მოყურადეო;
გიხაროდენ, ეკლესიასა შინა დასვენებულო წმიდაო გარდასაფენელო;
გიხაროდენ, მორწმუნეთათვის აღმომწვანებულო ყანაო დამაპურებელო;
გიხაროდენ, სიმართლისათვის დევნულო წმიდაო მღუდელმთავარო ამბროსი აღმსარებელო!

კონდაკი 4

განჩხრეკილო ღმრთისა სიტყუისა მოწაფეთა მიერ გამოწვლილვითა მით იჭვნეულითა, უწვრთნელებისა შენისა საგონებელი აოტე გულთაგან მათთა და შენისა სულისა კეთილქმნულებისა და დიდბუნებოვნებისა შემცნობელმან კრებულმან ღაღად-ჰყო ღმრთისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 4

ჭეშმარიტისა თუალისა პატიოსნისა შუენიერებითა შემოსილმან და სათნოებათა მრავალგუართა მფლობელმან ღვთივგანბრძნობილნი მამანი და მოძუღუარნი განაცვიფრენ და ფრთოვან-ჰყვენ შენდა საქებელად:

გიხაროდენ, ივერიითგან მოჰბერილო ნიავო ქრისტიანობისაო;
გიხაროდენ, წინაპართა სწავლულებისა მხნეო ალამდარო;
გიხაროდენ, სულიწმიდისა მარცუალო, პოხიერსა ნიადაგსა შინა ჩათესლილო;
გიხაროდენ, პირველ უცხოთა მიერ მოძაგებულო;
გიხაროდენ, შემდგომად ამისა მათ მიერვე ქებულო და განდიდებულო;
გიხაროდენ, წმიდათა დასსა შინა შერაცხილო;
გიხაროდენ, რამეთუ შენითა სიმდაბლითა ეშმაკი იძლევის;
გიხაროდენ, წმიდაო, რამეთუ შენითა მოღუაწებითა ბოროტი განიოტების;
გიხაროდენ, სიმართლისათვის დევნულო წმიდაო მღუდელმთავარო ამბროსი აღმსარებელო!

კონდაკი 5

ერისა ქართველისა განმანათლებელისა და მოციქულთა სწორისა წმიდისა ქალწულისა ნინოჲსა სადიდებელად ყაზანსა შინა ქართულითა ენითა ჟამი იგი საღმრთოჲ სწირე, წმიდაო, და სამხმოვანისა გალობისა უცხოფერობაჲ ტაძარსა მას წმიდასა განეფინა: ალილუია.

იკოსი 5

გალობით მით საკუირველითა ღმრთივდაცულისა ერისა სულისა მშვიდობაჲ ჰყავ და გულისა - განხურვებაჲ და სიტფოებაჲ. მოგუმადლე ჩუენცა გულისა შემუსვრილებაჲ, რათა ქებასა შეგასხმიდეთ შენ, წმიდაო:

გიხაროდენ, ღმრთისადმი მოუკლებელად მლოცველო;
გიხაროდენ, ნინოობასა მას დღესა უცხოეთსა შინა ქართულითა ენითა ჟამისმწირველო;
გიხაროდენ, შენდა მიმართ ყაზანელთა ქებით ამამეტყუელებელო;
გიხაროდენ, ხმაო მაღლისაო, ძლიერად ახმოვანებულო;
გიხაროდენ, ქართუელთა განმანათლებელისა ღირსო მოწაფეო;
გიხაროდენ, მამულისა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, შემოქმედისა შენისა წიაღსა შინა კუალადგებულო;
გიხაროდენ, სიმართლისათვის დევნულო წმიდაო მღუდელმთავარო ამბროსი აღმსარებელო!

კონდაკი 6

ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და მოძუღუართა ჩუენთა სწორო, განსწავლულო და აღვსებულო მადლითა მით სულისა წმიდისაჲთა, განსაცდელისა უხუებისა წვრთნილებითა ნიშანდებულო და ამბიონსა ზედა ნათლისა სვეტისაებრ აღმართებულო, წმიდაო მღუდელმთავარო ამბროსი, სადაჲთცა ჰქადაგებდი უფლისა მსასოებელთა წინაშე: ალილუია.

იკოსი 6

თუალთა შენთა გარდამოუბრწყინდა ნათელი ზეცით და ბაგეთგან შენთა გარდამოედინნეს, ვითარცა ნაკადულნი მაცხოვნებელნი, სიტყუანი ჭეშმარიტებისანი, რამეთუ არა დაგიტევა შენ ქრისტემან, არამედ გაგწმიდა და გამოგახურვა ვერცხლისაებრ, ვითარცა ფსალმუნებს დავითი, შვიდწილად. ხოლო სამწყსოჲ შენი, ღმრთივრჩეულო მქადაგებელო, აცრემლებული გიგალობდა:

გიხაროდენ, სახელითა უფლისაჲთა ხმამაღლა, ქადაგო სიმართლისაო;
გიხაროდენ, მოძღუარობისა სრულებისა ამომზევებაო;
გიხაროდენ, სიტყუერისა სინათლისა უხუო მდინარებაო;
გიხაროდენ, სიყუარულისა და მშვიდობისა სამზეოსა ზედა ამოღვარებაო;
გიხაროდენ, მოძუღუარო, ამაღლებულო და ქრისტეშემოსილო;
გიხაროდენ, წმიდაო, უფლისა მიერ ნიშებმოსილო;
გიხაროდენ, უძლურებისა ჩუენისა საბანელო;
გიხაროდენ, სიმართლისათვის დევნულო წმიდაო მღუდელმთავარო ამბროსი აღმსარებელო!

კონდაკი 7

მამულისა ვენახისა კურთხეულისა მუშაკო დაუცხრომელო, გაბრწყინვებულმან ქრისტეს ნათლითა იღუაწე ჭელიშს და თვითეული შენი საქმე პატიოსანი ღმრთისა სადიდებელად ხმიანებდა: ალილუია.

იკოსი 7

დაპნეულისა სიტყუიერისა საფასისა მომძიებელმან და ხელნაწერისა განბნეულისა კაბადონთა შემკრებელმან წმიდაჲ წიგნი სახარებისა საჩინო ჰყავ და აწ ჭელიშისა ოთხთავისა საუნჯისა მქონენი, გრძნობითა მით მადლიერებისათა აღვსილნი, შეგითხზავთ ქებასა ამას:

გიხაროდენ, მუშაკო, ღმრთეებრითა მადლითა განშვენებულო;
გიხაროდენ, სახარებისა ხელნაწერისა აღმომაჩენელო;
გიხაროდენ, ძუელისა დიდებისა შემკრებელო;
გიხაროდენ, წმიდათა მამათა ღუაწლთა გამხმოვანებელო;
გიხაროდენ, ძუელისა დიდებისა შემკრებელო;
გიხაროდენ, წმიდათა მამათა ღუაწლთა გამახმოვანებელო;
გიხაროდენ, სიძუელისა განმაცოცხლებელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებისა მდუღარებაო;
გიხაროდენ, წმიდისა და პატიოსნისა ძღუენისა ხელთუქმნელო სამწერობელო;
გიხაროდენ, გულანო მშვიდობისა და სიყუარულისაო;
გიხაროდენ, სიმართლისათვის დევნულო წმიდაო მღუდელმთავარო ამბროსი აღმსარებელო!

კონდაკი 8

მეუფისა დიდებისა მიერ კურრთხეულო და მირონცხებულო, მხედი შენისა ერისა ვაებისა ყოუელსა ივერიასა ავედრებდი ყოვლისამპყრობელსა და სამწყსოჲცა შენ, ლოცვისა წიაღსა შეფარებული, სარწმუნოებითა ხმობდა ესრეთ: ალილუია.

იკოსი 8

წმიდისა ილია მართლისა მიერ ბოძებულისა კალმისა მახვილისაებრ მპყრობელო, სულიერისა მღვიძარებისა ზარისა დამრისხებელო და მცონარებისა ბანგისა წარმწყმედელისა მამხილებელო, ერისა ძილი სულიერი განაფრთხე და ხილულისა და უხილავისა მტერისა მზაკურობანი დაამხვენ, ამისათვისცა გიღაღადებთ შენ:

გიხაროდენ, სულიერისა მღვიძარებისათვის ზარისაებრ ახმიანებულო;
გიხაროდენ, წმიდისა ილია მართლისა ღირსეულო თანამბრძოლო;
გიხაროდენ, საქართველოჲსა ჭირითა დამწუხრებულო და აცრემლებულო;
გიხაროდენ, მშობელისა ხალხისა წყლულებისა და ტკივილისა შემგრძნობელო;
გიხაროდენ, მოყუასთა შენთა სალმობათა მკურნალად მოვლენილო;
გიხაროდენ, აქიმო დაცემულთაო და ცოდვებით მოწყლულთაო;
გიხაროდენ, საცთურთა და განსაცდელთა მძლეველო ხელოვანო;
გიხაროდენ, წყუდიადსა შინა გამოჩინებულო ლამპარო კურთხეულო;
გიხაროდენ, სიმართლისათვის დევნულო წმიდაო მღუდელმთავარო ამბროსი აღმსარებელო!

კონდაკი 9

სასანთლესა ზედა ქრისტსა ეკლესიისასა ჰნათობ ელვარებითა ღმრთივშუენიერითა და ნათლისა მის ჭვრეტითა განკრთომილნი აღიძვრიან ღუაწლისა შენისა მგალობელნი: ალილუია.

იკოსი 9

ბელიარისა მანქანებითა მღუდელმსახურებისა პატივისგან განვრდომილო და სამწყსოჲსა შენისა განრინებულო, საღმრთოსა ნეტარებასა მიემთხვიე და უღმრთოთაგან განპატიჟებულმან სამშობლოჲ შენი ღმერთსა შეავედრე, ამისთვისცა კრძალვით გიღაღადებთ შენ:

გიხაროდენ, საქართველოჲსა ეკლესიისა ავტოკეფალიისათვის ესქორიაქმნილო;
გიხაროდენ, რიაზანისა მონასტერსა შინა ღვთისმშობლისა წილხვედრისა ივერიისათვის მლოცველო;
გიხაროდენ მხედარო, ღმრთისა სიტყვისა ერთგულებისათვის მტერთაგან ტანჯულო;
გიხაროდენ, წარწყმედულთა მიერ გაბასრულო;
გიხაროდენ, ნამგალო სიწრფოებისაო;
გიხაროდენ, კეთილშობილო მწყემსო, სამშობლოჲსა მონატრულო;
გიხაროდენ, ქრისტესმიერითა მოთმინებითა ეშმაკისა კვეთებათა მძლეველო;
გიხაროდენ, მუმლშესეულო მუხაო განტოტილო;
გიხაროდენ, სიმართლისათვის დევნულო წმიდაო მღუდელმთავარო ამბროსი აღმსარებელო!

კონდაკი 10

შეისმინა ღმერთმან ქენებისა შენისაჲ და მუშაკობაჲ შენი არაუგულებელს-ჰყო, არამედ სათნო იჩინა მარხვაჲ შენი ფიცხელი, ლოცვაჲ დაუცადებელი, შემუსვრილებაჲ გულისაჲ და ხმაჲ მთრთოლვარჱ, რომლითაცა ევედრებოდი უფალსა: ალილუია.

იკოსი 10

გაბრწყინდა რა სულსა შენსა ზედა ნათელი მწყემსობისა სრულებისაჲ, მიიწიე პატივსა მას მღუდელმთავრობისასა. აღბეჭდულო ბეჭდითა მით სულისა წმიდისაჲთა, ლოცვითა შენითა მხურვალითა განანათლენ და განახურვენ ჩუენნიცა გულნი ესრეთ ხმა-მყოფელთა:

გიხაროდენ, ჭყონდიდისა და მერმე ცხუმ-აფხაზეთისა მიტროპოლიტად კურთხეულო;
გიხაროდენ, შემდგომად ამისა კათალიკოს-პატრიარქისა ტახტსა ზედა აღსაყდრებულო;
გიხაროდენ, მწყემსო სრულიად საქართველოჲსაო;
გიხაროდენ, სუეტო ნათლისაო, ივერიისა კურთხეულისა მიწასა ზედა ჩამომდგარო;
გიხაროდენ, სანთელო, უფლისა ტრაპეზსა ზედა ანთებულო;
გიხაროდენ, სამწყოჲსა შენისა ნუგეშო, ნუგეშინისმცემლისა მიერ ბოძებულო;
გიხაროდენ, ღმრთივგანგებულო ტალავარო;
გიხაროდენ, ნაყოფიერო ზეთისხილო;
გიხაროდენ, სიმართლისათვის დევნულო წმიდაო მღუდელმთავარო ამბროსი აღმსარებელო!

კონდაკი 11

საღმრთოჲთა მით მხიარულებითა აღივსო გული შენი, წმიდაო, ოდეს მზისაებრ გამობრწყინდა თავისუფლებაჲ და ეკლესიაჲცა შუქმფინარი ივერიისაჲ განახლებული აღემართა ჯუარისა მტვირთველი. ხოლო წარწყმედულმან მან ბელიარმან ნათელი ესე ზარდაცემითა უღმრთოებითა ჩააწყვდიადა და მგლოვარეთა ცრემლიანი სადიდებელი ცათა პალატებსა განეწონა: ალილუია.

იკოსი 11

უშჯულოებითა საშინელითა დამწუხრებულო, სისხლით მოსულისა მტრისა უღმრთოებისა მამხილებელი დევნულებისა მახვილითა განიგმირე და შენისა დიდისა მამობრიობისა მხილველნი, ძალმოცემულნი შეგღაღადებთ ესრეთ:
გიხაროდენ, თვითმხილველო საქართველოჲსა თავისუფლებისაო;

გიხაროდენ, თავისუფლებააღძარცვულისა ივერიისა მგლოვარეო ჭირისუფალო;
გიხაროდენ, სამშობლოსათვის წამებულო და პყრობილო;
გიხაროდენ, მტარვალთა ზედა მიმართულო მესიისა მახვილო;
გიხაროდენ, ხანძარო, შიშნეულობათა ჩუენთა დამნაცვრელო;
გიხაროდენ, გრიგალო, უღირსებათა ჩუენთა შენებულთა დამამხობელო;
გიხაროდენ, ღუარო მხნეობისაო;
გიხაროდენ, ბჭეო აღმსარებლობისაო;
გიხაროდენ, სიმართლისათვის დევნულო წმიდაო მღუდელმთავარო ამბროსი აღმსარებელო!

კონდაკი 12

საქართველოჲსა ეკლესიისა დიდებაო და სიქადულო, ბოროტებითა და სიძულვილითა განლეულთა ზედა ღმრთეებრისა სიყუარულისა კიბითა ამაღლებულო, ჭეშმარიტებისა სიტყუისათვის სწამე და სატანის მიერ მომზაკვრებულსა სამსჯავროსა ზედა წარსდეგ მადიდებელი ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 12

სულისა წმიდისა მადლითა განშუენებულო, ღუაწლითა ფრიადთა სასუფეველისა დიდებისა ღირსო, ქრისტეშემოსილებითა შენითა იძლია გუელი და ხმამან სიმართლისამან განაჩინა ესრეთ: „სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული - ჩემს ხალხს, ხოლო გუამი - ჩემს ჯალათებს, ვითარცა - ყორნებს“. ვითხოვთ შეწევნასა ღმრთისაგან, რათა ღირსებით გადიდებთ შენ:

გიხაროდენ, ღმრთისა სიტყუითა განმწმენდილო და განსპეტაკებულო;
გიხაროდენ, მიწიერისა ღელვატეხილისაგან სასუფევლისა შვებასა შინა დავანებულო;
გიხაროდენ, ქრისტეს ეკლესიისა შუენიერო ჩუქურთმაო;
გიხაროდენ, ივერიისა მიწისაგან აღვლენილო საგალობელო;
გიხაროდენ, წმიდაო, ზეცისა მიმართ საკმეველისაებრ აღტოტებულო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა მსახურებასა შინა მორჩილად აღსრულებულო;
გიხაროდენ, ღმრთისა სამართლითა სამარადისოდ განმართულო;
გიხაროდენ, უოხჭნოჲთა წყალობითა სრულქმნილო;
გიხაროდენ, სიმართლისათვის დევნულო წმიდაო მღუდელმთავარო ამბროსი აღმსარებელო!

კონდაკი 13

ჰოჲ ყოულად სანატრელო და ყოულად დიდებულო, ტანჯულო და ღმრთისა სათნომყოფელო, წმიდაო მღუდელმთავარო ამბროსი აღმსარებელო, უღმრთოთაგან დევნულო სიმართლისათვის, შეიწირე ჩუენ უღირსთაგან უღირსი გალობაჲ ესე, ვითარცა არარაჲსა მქონებელთა და უპოვართაგან, ევედრე საყუარელსა შენსა ღმერთსა, რათა დაგვიცვას ჩუენ ყოვლისა საეშმაკოჲსა საცთურისაგან და საუკუნოჲსა სატანჯუელისაგან გამოხსნილნი ჩუენცა შენთანა ვუგალობდეთ მას ესრეთ: ალილუია.

(ეს კონდაკი იკითხება სამგზის, შემდგომ იკოსი 1 და კონდაკი 1)

ლოცვა

ჰოჲ, ღმრთისა სათნო-მყოფელო, ყოვლადქებულო და ყოვლადიდებულო, წმიდაო მღუდელმთავარო ამბროსი აღმსარებელო, ანგელოსთა დასთა შეერთებულო, მოციქულთა თანა პატივდებულო, მოწამეთა სწორო, ეკლესიისა შუენიერებაო და სულიერისა მწყემსობისა სრულებაო, ლოცვითა შენითა განაბრწყინვე ღმრთისმშობლისა წილხუედრი საქართველო. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლად სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღუდელნი, ქრისტესმიერ დიაკონნი, სამონაზნონი წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ევედრე ღმერთსა, რათა განგვკურნოს სულიერთა და ხორციელთა უძლურებათაგან, დაულევნელითა მოწყალებითა თვისითა აღხოცოს ჩუენ, დაცემულთა, უსჯულოებანი, რათა უფლისავე მადლითა და წყალობითა აღვემართნეთ ნუგეშინისცემულნი და ღმრთის მოშიშებითა განძლიერებულნი მხნედ წინაღვუდგეთ ხილულთა და უხილავთა მტერთა მოზვავებულთა საცთურთა, სულიერად მახვილად გვეპყრას რწმენაჲ ორლესული, ჯაჭვად და ჩაფხუტად-სიმშვიდე, ხოლო ფარად-სიმართლე, რათა ჩუენცა, შენებრ, წმიდაო ამბროსი, მართლად ვადიდებთ ღმერთსა, რამეთუ ქრისტესა ჰშვენის დიდება, თანა დაუსაბამოჲთ მამით მისით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით წმიდითურთ ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.