უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და
შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ
თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
შესჴმითა სულიერითა ვაქებთ რაჲ ღუაწლსა შენსა და საკჳრველთმოქმედებათა, გნატრით შენ, ღირსო გაბრიელ, ვითარცა ბრწყინვალესა მნათობსა ქართველთა ერისასა, და მჴურვალედ გევედრებით ძლიერსა მეოხსა ჩუენსა და შუამდგომელსა: შეგვეწიე ჩუენ, წმიდაო ბერო, და დაგვიცევ ყოველთაგან სენთა და სალმობათა, ხოლო მამობრივითა კადნიერებითა შენითა გარე წარგუჴადე განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი შემსხმელთა შენთა და მაქებელთა: გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
ვითარცა ისრაელსა მოუვლენდა ღმერთი წინაჲსწარმეტყუელთა სამხილებლად და შუამდგომელად წინაშე მისა, ეგრეთვე მოგცა შენ ქრისტემან მადლი სასწაულთაცა საქმედ და ვითარცა სალოსი მამაჲ და ღირსი მოღვაწჱ სამხილებელად ერისა შენისა გამოგაჩინა, და იღუწიდი ჩუენთჳს სულიერად წინაშე ღმრთისა, ჴსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან ვნებისა, ხოლო შემდგომად სიკუდილისაცა არაჲვე დაუტევენ მოსავნი შენნი აღთქუმისაებრ შენისა, არამედ ვითარცა არწივი ფრთივ-მალჱ მოვლი ყოველსა სოფელსა, განსაცდელთაგან იჴსნი ურვათა და კრულებათა შინა მყოფთა და კურნებასა მიანიჭებ მთხოველთა შენთა და მაქებელთა:
გიხაროდენ, სიჩჩოჲთგან შემყუარებელო სიმდაბლისა და კრძალულებისაო;
გიხაროდენ, გულსმოდგინედ დამცველო სულთა და ჴორცთა უბიწოებისაო;
გიხაროდენ, ჭურო რჩეულო, სამკჳდრებელო სიწმიდისაო;
გიხაროდენ, დიდო მესაიდუმლეო ყოვლისა მპყრობელისაო;
გიხაროდენ, ორლესულო მახვილო უფლისაო, განმგმერელო ურწმუნოებისაო;
გიხაროდენ, განმამტკიცებელო დამცრობილისა სარწმუნოებისაო და საყვირო სიმართლისაო;
გიხაროდენ, ყოვლად საკჳრველო ქადაგო სიყუარულისაო;
გიხაროდენ, დაფარულთა მხილველო მოძღუარო სინანულისაო;
გიხაროდენ, ჟამსა ღმრთისმბრძოლობისასა აღმობრწყინვებულო ჭეშმარიტო მსახურო ქრისტე მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, ბრწყინვალეო სუეტო, უკანაჲსკნელისა ამის ჟამისაო;
გიხაროდენ, დიდო არქიმანდრიტო და ბერ-მოძღუარო სრულიად საქართველოჲსაო;
გიხაროდენ, ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათჳს ერისა შენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
ჴელთ-იგდეს რაჲ მთავრობაჲ ქუეყანისა ჩუენისაჲ მტერთა მართლისა სარწმუნოებისათა, დიდი ჭირი და იწროებაჲ მოაწიეს ეკლესიათა და მორწმუნეთა, და ვერვინ დაითმინა, გარნა სრულთა და ჭეშმარიტთა ქრისტეს აღმსარებელთა, ხოლო შენ, სიჩჩოჲთგან იყავ აღრჩეულ ღმრთისა მიერ, ღირსო გაბრიელ, ძჱ ურწმუნოთა მათ მშობელთა, და სული წმიდაჲ იყო მზრდელ შენდა, რამეთუ წიაღთა მისთაგან წოვდი საზრდელსა მას ცხორებისასა, და იყნოსდი რაჲ სურნელებისაგან მისისა სიხარულად, მარადის ადიდებდი ნათლისა მომცემელსა და საუკუნეთა შემოქმედსა: ალილუია.
იყავ, ნეტარო, სიყრმითგან სახითა მყუდროჲ და გონიერ, და ყოვლადვე-განშორებული ჩუეულებისაგან ყრმათა სილაღისა და გესმა რაჲ სახელი ქრისტჱსი ყრმასა მას სულ მცირესა, წარხვედ ეკლესიად ბარბარე მოწამესაჲთა და იხილე რაჲ მაცხოვარი, დამოკიდებული ჯუარსა ზედა, „რაჲსათჳს ჯუარსა გაცვესო?!“ - ჰკითხჳდი ტირილითა, ვითარცა სულიერსა, ხოლო ესმა რაჲ ტაძრისა მცველსა, გაუწყა აღთქუმისათჳს იესუჲსა, და მიერითგან ეძიებდი რაჲ ქრისტეს „ისტორიასა“, მოიყიდე „სახარებაჲ“ განგებულებითა მით ზეგარდამოითა და მარადის იკითხვიდი სიტყუათა ღმრთისათა, მისგანვე ითხოვე აწ, სანატრელო, გუასხუროს ცუარი მადლისა შენისაჲ, რაჲთა გული ჩუენი არა გრილ იყოს სმენად საღმრთოთა სწავლათა და არცაღა ქებად ღუაწლისა შენისა:
გიხაროდენ, სამოელ წინასწარმეტყუელისაებრ დედის წიაღთაგან უფლისათჳს განკუთვნილო;
გიხაროდენ, სულითა განათლებულო და ბნელსა მას შინა უღმრთოებისასა ნათლითა საცნაურითა გაბრწყინვებულო;
გიხაროდენ, გონებითა თჳსითა ზრუნვისაგან ამის სოფლისა განშორებულო და ღმერთსა მიახლებულო;
გიხაროდენ, ყრმობითგანვე გამორჩეულო და ღმრთეებრივთა მადლითა აღვსილო;
გიხაროდენ, წრფელითა გულითა და წმიდითა, შეურყვნელითა გონებითა ღმრთისა სიტყუასა დაწაფებულო;
გიხაროდენ, სულისა თჳსისა ქრისტჱს სამკჳდრებელად განმკუთვნელო;
გიხაროდენ, სიჩჩოჲთგან შეუცნობელითა ლტოლვითა შენითა ღმრთისა მიმართ ყოველთა გარემოისმყოფთა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, სულიერისა საჭურველისა აღმღებელო;
გიხაროდენ, ნაცვლად თამაშობათა, ქვიშითა ეკლესიათა აღმგებელო;
გიხაროდენ, შუებათა მიმართ განმხრწნელთა სულისათა ყოვლადვე წინა-აღმდგომელო;
გიხაროდენ, ჴორცთა შენთა ვნებითურთ და გულისთქუმითა ჯუარს-მცუმელო;
გიხაროდენ, სახარების ძალითა და მადლითა სიბრძნისა ჭეშმარიტებად და ცოდნისა - გამოცდილებად მქცეველო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
ხედვიდა რაჲ მჴურვალებასა შენსა, აღბორგნა მბრძოლი იგი წმიდათაჲ, ბოროტი ეშმაკი, და გეკუეთა, ვითარცა დამრთგუნველსა ძალისა მისისასა, ხოლო დაგკრა რაჲ ბილწი თათი თავსა, მკსინვარედ გრქუა ყრმასა მოშურნესა: „ნუცაღა აღაპყრობ ზეცად თუალთა შენთა“, გარნა შენ სიმჴნითა შეიჭურვე საჭურვილითა ჯუარისაჲთა, და ძალითა მისითა ახოვნად წინა-აღუდეგ საბრჴეთა მტერისათა, ხოლო ზეგარდამო გებრძანა რაჲ გაწმედაჲ ტაძრისაჲ, წმიდისა გიორგისად სახელდებულისა და მამისაგან შენისა დარღვეულისა, აღასრულე წადიერებითა და აღუპყრე რაჲ ჴელნი ლოდთა მათ დიდთა ქუათა მათგან და დააწყე საკჳრველად, სიხარულითა მადლობდი და სურვილითა უგალობდი ღმერთსა: ალილუია.
შეაძრწუნა დედაჲ შენი ესევითარმან მოშურნეობამან და ადგილსა მას შეურაცხსა შთააგდო რაჲ წიგნი ახლისა აღთქუმისაჲ, შენ განწმიდე საუნჯჱ იგი უპატიოსნესი და დაუტევნე სახლეულნი თჳსნი ყრმამან ათთორმეტისა წლისამან, გარნა დევნულებაჲ იყო მონაზონთა ზედა, და დაღათუ იყავ მოსწრაფჱ ბერობისაჲ, ჰრიდეს ჰასაკსა მას შენსა მცირესა და არცაღა დაგიტევეს მონასტერთა, ხოლო შენ ღამესა ათევდი სამარხთა შორის და ეზოთა შინა ეკლესიათასა, და გარეშეცული სიყმილითა და სიცივითა დაუცხრომელად ადიდებდი ღმერთსა, მას ევედრე აწ, მოგვცეს ჩუენ გული გონიერი და ბრძენი, გულისჴმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, რაჲთა საწუთოჲსა ცხორებისა გზაჲ კეთილად განვლოთ და ვპოოთ განსუენებაჲ და შუებაჲ წარუვალი ქებით შემსხმელთა შენთა და მგალობელთა:
გიხაროდენ, დევნილისა სარწმუნოებისა მჴურვალეო აღმსარებელო;
გიხაროდენ, წინააღმდგომთა სიცოფისა არარად შემრაცხველო;
გიხაროდენ, ფიცხელთა ღუაწლთა ახოვნად თავს მდებელო;
გიხაროდენ, ყოვლისავე შუებისა მომძაგებელო და კიცხევისა დამთმენელო;
გიხაროდენ, ღამის თევითა და მარადის ხმელსა ზედა წოლითა ჴორცისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, სილაღესა სიჭაბუკისასა მარხვითა და შრომითა შემმუსრველო;
გიხაროდენ, უხილავთა მტერთა ბანაკთა მაოტებელო;
გიხაროდენ, აბრაჰამისა სტუმართმოყუარებისა მიმბაძველო;
გიხაროდენ, მშიერთა გამომზრდელო და გლახაკთა მწყალობელო;
გიხაროდენ, ცოდვისმოყუარეთა კაცთათჳს თავშეკავებისა სიტკბოებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, გლახაკთა და შეჭირვებულთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, გულის სიტყუათა მწინკულევანთა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
განხვედ რაჲ მცირესა მას სენაკსა ეზოსა შინა სახლისა შენისასა, იყავ მოსწრაფჱ კითხვასა წმიდათა წერილთასა და ლოცვასა მჴურვალესა, და მარადის იწვრთიდი გონებითა სიტყუათა ღმრთისათა, და ასუმიდი რაჲ სულსა თჳსსა განმაცხოველებელთა წყალთა მათ სულისა წმიდისაჲთა, იყოფებოდი სიგლახაკითა, ხოლო წარმათებამან უპოვარებისამან აღგიყვანა შენ აღშენებასა მას სათნოებათასა და წინაჲსწარ გეუწყა ზეგარდამო ღმრთისა მიერ, რომელსა საქმესა მიწევნად იყავ, გამოგიჩნდა რაჲ ცათა შინა ჯუარის სახედ შექმნული ნათლისა სუეტი, და გულისჴმაყავ, ვითარმედ იხილე ჯუარი შენი, ვიდრე გოლგოთადმდე სატჳრთველი, და ღუაწლისდამდებელსა შენსა ქრისტესა მჴურვალედ ადიდებდი: ალილუია.
განგებითა ღმრთისაჲთა აღხვედ რაჲ მთაწმინდას, ეკლესიასა მამა დავითისასა, მუნ დაისწავლე ფსალმუნი და ყოველი წესი ქრისტეანობისა, ხოლო ჴელნი შენნი მოუწყინებელად ჰმსახურებდეს ტაძარსა და მუნ მსახურსა მღდელსა, და თქმულისაებრ წინაჲსწარმეტყველისა იყავ შენ, ვითარცა ხჱ დანერგული თანა წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცეს ნაყოფი თჳსი ჟამსა თჳსსა, ეგრეთცა დაგვიფარენ ჩუენ, ნეტარო, ყოვლისავე ცოდვისაგან და უკეთურებისა, რაჲთა მიმოტაცებისაგან უბადრუკისა ამის გონებისა ჩუენისა გვეშინოდეს და სათნოებისა მომგებელნი ვიტყოდეთ სურვიელად:
გიხაროდენ, ბრწყინვალებითა გონებისა შენისაჲთა ყოველსა ჟამსა უფლისა მხილველო;
გიხაროდენ, სიმდაბლისა, ნათლისა სამოსელისაებრ შემმოსველო;
გიხაროდენ, ბრძენთაგან და მეცნიერთა მიერ დაფარულისა შემმეცნებელო;
გიხაროდენ, უფიცხლესითა მარხვითა და მოღუაწებითა განკაფულო და მარადის ლოცვითა განმსჭვალულო;
გიხაროდენ, გულსა შინა უნებლიედცა ცოდვისა ჴსენებისა გლოვითა და სულთქმითა და ტირილითა მომნანიებელო;
გიხაროდენ, ახოვნებითა სულისაჲთა სულმოკლეთა და დაჴსნილთათჳს მაგალითისა მიმცემელო;
გიხაროდენ, მორწმუნეთა სულთა განმანათლებელო და ძალთა უკეთურთა მაოტებელო;
გიხაროდენ, სადიდებლად ქრისტეს სახელისა ღმრთისმებრძოლთა სილაღისა დამამჴობელო;
გიხაროდენ, მძლავრთა ამპარტავნებისა და ეშმაკისა სიცბილისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, მრავლით ჟამითგან უშჯულოთაგან ზარ-განხდილთა ქრისტეანეთა სულითა განმამჴნობელო;
გიხაროდენ, უსიტყუთა სიტყჳერ-მყოფელო და უძლურთა განმაძლიერებელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა მეძიებელთა გზასა მას უფლისასა წარმმართებელო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
განძლიერდა რაჲ ბრძოლაჲ იგი და დევნულებაჲ კაცთა ზედა წმიდათა, მრავალნი განიძარცუვიდეს სქემასა მონაზონებისასა, და ერისკაცთა თანა სოფლად მოქცეულნი იქორწინებოდეს შიშისაგან სიკუდილისა, გარნა შენ აღირჩიე სრბაჲ იწროსა მას გზასა, რომელი მიიყვანებს სისრულესა ფართოჲსა სიხარულისასა, და მცველად იყავ რაჲ სიონსა, გულსმოდგინედ მსახურებდი საკურთხეველსა და კანკელსა, და აღაშენე რაჲ ეკლესიაჲ ეზოსა შინა სახლისასა, დღითი-დღე ეძიებდი ჯუართა და ხატთა, და პოებდი რაჲ უპატიოთა ალაგთა განთხეულთა, ჴელითა შენითა განაშუენებდი და დაავანებდი ტაძარსა შინა, რომელსაცა სიხარულითა მოვიხილავთ ჩუენ, წმიდაო ბერო, და განკჳრვებულნი ვაქებთ ქრისტესა, განმაძლიერებელსა შენსა: ალილუია.
გიხილა რაჲ მჴურვალედ შესრული მოღუაწებასა, მრავალ ფერი ეგე განსაცდელი შეგამთხვია შენ ეშმაკმან, რაჲთა განაქარვნეს მგზებარებაჲ შენი, რამეთუ მიუშვა იგი ღმერთმან, ვითარცა იგი იობს ზედა მართალსა, ხოლო შენ განმზადე თავი თჳსი განსაცდელთა მიმართ, და სამ-გზის დაგირღვევდენ რაჲ შენებულსა, კუალად აღაგებდი უკეთესსა, რამეთუ მოიღო მოწყალებაჲ თჳსი უფალმან და სათლნი, ქვიშით აღსავსენი, ანგელოზთა მიერ აღმოგეწოდებოდა მაღალსა ზედა მდგომარესა, და აწ ევედრე ღმერთსა, ანგელოზთა მიერ განდევნოს ჩუენგან ყოველი ბოროტი და წარგვიმართოს სინანულისა მის გზისა მიმართ მაცხოვნებელისა, რაჲთამცა სიხარულითა გიღაღადებდეთ შენ, ღირსო, და გნატრიდეთ სარწმუნოებითა:
გიხაროდენ, დიდსა ამას ქალაქსა, ვითარცა უდაბნოსა შინა მკჳდრო და დიდებისათჳს ამის სოფლისა არაჲსა მზრუნველო;
გიხაროდენ, სხვათაცა უძლურებისა ქედსა შენსა ზედა მტჳრველო;
გიხაროდენ, ყოველთა გულის სიტყვათა, ეშმაკისა მიერ დანერგულთა, მჴურვალითა შურითა აღმომფხურელო;
გიხაროდენ, საჭურველითა მით სულიერითა შემოსილო და წყობასა მას უხილავთა მტერთასა განსრულო;
გიხაროდენ, საღმრთოჲთა წერილითა გამოჴურვებულო და სიბრძნითა განსრულებულო;
გიხაროდენ, ანგელოზთა თანა-მზრახვალო და ყოვლისა ბილწ-მოქალაქობისა შემრისხველო;
გიხაროდენ, მღჳძარედ და ფხიზლად ცხორებისა შემაგონებელო;
გიხაროდენ, ყოვლად დიდებულისა ხატისა, ქართველთა უპირველესისა მეოხისა - ივერიის კარისა ღმრთისმშობლისა, შემყუარებელო;
გიხაროდენ, შუენიერთა პირთა მიერ ხატისათა საყდრისა შენისა შემამკობელო და განმაშუენებელო;
გიხაროდენ, გულსა შინა მრავალთასა უფლისა სიყუარულისა, ვითარცა ცეცხლისა აღმგზებელო;
გიხაროდენ, ივერიელთათჳს კეთილმსახურებითისა სიტკბოებისა მისგან გამომთხოველო;
გიხაროდენ, სიყუარულისა ჩუენისა ზეცასა შინა, ტრაპეზსა ზედა უფლისასა აღმტაცებელო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
იხილა რაჲ საკჳრველი მოშურნეობაჲ შენი გაბრიელ ქუთათელმან, ვითარცა მორჩილი თანა წარგიყვანა და დაგადგინა „მოწამეთას“, ხოლო შენ სიყრმითგანვე მტკიცედ გაქუნდა რაჲ შთანერგული მსახურებაჲ ეკლესიისაჲ, ეძიებდი საბეროსა კურთხევასა სადიდებლად ღმრთისა და ცხოვნებისათჳს სულისა, და აღგკვეცეს რაჲ მცირესა სქემასა, სურვილისაებრ შენისა გიწოდეს სახელი გაბრიელ ათონელისა, რომელსაცა შეერთე ახალი ესე მოღუაწჱ, ნუგეშინის-საცემელად ერისა შენისა, რაჲთა ბაძვითა სათნოებათა შენთაჲთა საწუთოჲსა ცხორებისა გზაჲ კეთილად განვლოთ და სამწმიდაარსობისა გალობითა მარადის ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.
იქმენ რაჲ ჴელდასხმულ ხუცეს-მონაზონად, აღასრულებდი ღმრთისმსახურებასა და ჟამსა ლოცვისასა შემოიკრებდი გონებასა თჳსსა წინაშე ღმრთისა, და არცაღა დაუტეობდი ჴსენებასა მისსა, ხოლო უკუნ-იქეც რაჲ ტფილისსა, თჳთ სახლეულნიცა შენნი იღწვიდენ ჴელისუფალთა მძლავრებითა, რაჲთა ბერულისა ღუაწლისა ნაცვლად გეტვირთა უღელი მეუღლეობისაჲ, გარნა შენ არწმუნე შეურაცხთა მკურნალსა, რაჲთამცა წარგიყვანნეს საყოფელსა მათსა, და დაყავ რაჲ მუნ მცირედსა ჟამსა, მახლობელნიცა შენნი შეძრწუნდეს და მიგიშუეს ნებისებრ შენისა, აწცა აღაგზე გულსა შინა ჩუენსა საღმრთოჲ ცეცხლი მოშურნეობისაჲ, რაჲთა სურვილითა შენითა ვიღუაწოთ და გნატრიდეთ სარწმუნოებითა:
გიხაროდენ, კეთილთა ქცევათა მონაზონთა და ღმრთისა მიახლებულთაგან შემკრებელო;
გიხაროდენ, უფიცხლესითა მონაზვნებრივითა კანონითა სულისა შენისა გამომწვრთნელო;
გიხაროდენ, უძლურებასა შინა ღმრთივმონიჭებულისა ძლიერებისა შენისა გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, სწავლათა ზეცისათა გამომთქუმელო და ყოველთა წესთა განმმარტებელო;
გიხაროდენ, დაფარულთა სიკეთეთა და ღუაწლთა განმჭურეტელო;
გიხაროდენ, სიტყუათა შენთა ელვითა ცოდვისა ნისლთა გამფანტველო;
გიხაროდენ, ღმრთისმეტყუელითა პირითა უაღრეს რიტორთაჲსა მეტყველო;
გიხაროდენ, მართლისა სარწმუნოებისა მოციქულებრივ მქადაგებელო;
გიხაროდენ, სულიერისა სიმტკიცისა და კრძალულებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, სიბრძნისა შენისა მდინარეთაგან ქუად-ქმნილთა და ფიცხელთა გულთა მომალბობელო;
გიხაროდენ, სწავლითა საღმრთოჲთა მორწმუნეთათჳს მართლ-მადიდებლობისა ყუდროვებისა მიმცემელო;
გიხაროდენ, მწუხარებასა და ჭირსა შინა მსწრაფლ მჴურვალედ მომწოდებელთა შემწეო და ჴელისაღმპყრობელო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
ვერცა ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ საფრჴემან ეშმაკისამან ვერ განგაშორეს შენ სიყუარულსა მას ღმრთისასა, რამეთუ მოწოდებული მსახურებასა მღდელობისასა, გულს-მოდგინებითა აღასრულებდი წმიდათა საიდუმლოთა, და იმარხევდ რაჲ წმიდათა წერილთა, რჯული ღმრთისაჲ გაქუნდა გულსა შენსა ყოველსა ჟამსა და სხუათაცა გადასცემდი, და ამხილებდი, და შერისხავდი, და განაკრძალებდი და ნუგეშინის-სცემდი ყოვლითა სულგრძელებითა და მოძღურებითა, სიტყჳსაებრ პავლე მოციქულისა და წარმოიტყუენნე მრავალთა გონებანი მორჩილებად ქრისტჱსად, ხოლო ერთობით მოილოცევდით რაჲ მონასტერთა, დღეთა მათ წმიდათა ჴსენებისასა მიისწრაფდით სახელდებულსა ეკლესიასა მათსა, და უკუეთუ წმიდათა სამარხოჲ მუნვე იყოფვოდა, ღამესა უთევდით და უგალობდით ღმერთსა, წმიდათა შორის საკჳრველსა: ალილუია.
შეგემთხვევოდა რაჲ უღმრთოთა მათგან გინებაჲ და შეურაცხებაჲ და სიქადული ყოველსა ჟამსა, წარხვედ ბათუმსა და სულ-თქმით ილოცევდი ღმრთისა მიმართ და ჴსნასა განსაცდელთაგან ითხოვდი ცრემლთა დენითა, და გარდაგექცა საყრდენი ზღვის პირას მდგომარესა და შთავარდი მორევსა, გარნა ხატი ნიკოლოზ მღდელთმთავრისაჲ გეპყრა ჴელთა, და გამოუჩნდა რაჲ წმიდაჲ იგი კაცთა მათ მახლობლად მდგომარეთა და აუწყა საქმჱ ეგე, მოისწრაფნეს ჴსნად შენდა და აღგიყვანეს ხმელსა, ხოლო იხილეს რაჲ ხატი იგი შენ თანა, გაკჳრვებით ჴმა-ყვეს: „კაცი ესე მხცოვანი გვიჴმობდა ჩუენ შეწევნად შენდა“ და ადიდებდეს ღმერთსა, მას ევედრე აწ, ღირსო, რაჲთა დაიფაროს სამწყსოჲ შენი ყოველთა ვნებათაგან და საცნობელნი განგვინათლნეს მაქებელთა შენთა:
გიხაროდენ, მეგობარო ქრისტჱსო, მუშაკო ვენახისა მისისაო;
გიხაროდენ, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, ბრწყინვალეო მნათობო ღმრთისმსახურებისაო;
გიხაროდენ, დიდითა სიმდაბლით დამფარველო სიბრძნისა და სიწმიდისა შენისაო;
გიხაროდენ, მასწავლელო საღმრთოჲსა სიყუარულისაო;
გიხაროდენ, ჯუარისმტჳრთველო და აღმადგინებელო ერისა დაცემულისაო;
გიხაროდენ, ძალაო და სიმტკიცეო მეფეთა სკიპტრისაო;
გიხაროდენ, მადლმოსილო წინამბრძოლო და მეოხო ბერ-მონაზონთა კრებულისაო;
გიხაროდენ, განმჴდელო ეშმაკთა სიბორგილისაო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტო ხატო ძუელთა მათ მამათა კეთილმსახურებისაო და აღმძრველო მამაცობისაო;
გიხაროდენ, უძლეველო ზესთამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ეკლესიისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ქებაო და დიდებაო მამულისა შენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
მაშინ წარგგზავნეს შენ ბეთანიად, სადა იგი მკჳდრ იყუნენ სასწაულთა მოქმედნი მამანი: გიორგი იოანესა თანა, და განგსწავლნეს რაჲ კეთილად მსახურებითა, რომელი ჰშუენის ქრისტეანეთა მორწმუნეთა და უფროჲსად ბერთა, განძლიერდი, ნეტარო, და ქრისტჱს მიერ მოგენიჭა მადლი უჩინოთა და დაფარულთა ცნობისაჲ, რაჲსთჳსცა მოსწრაფე იყო მბრძოლი მოღუაწეთაჲ, ღირსო, რაჲთამცა განეყვანნე შენ მონასტრით, არამედ ვერ დაარღვია ძალი ლოცვისა და მადლის ერთობისაჲ და ვერცა-რაჲ-აკლო სიწმიდესა და ღუაწლსა თქუენსა, რამეთუ საყუარელ იყავ მამათაგან კეთილთა სათნოებათათჳს შენთა და მარადის ერთობითა მადლობდით და უგალობდით ღმერთსა: ალილუია.
უპირველეს მამა იოანე წარსდგა წინაშე ღმრთისა, და ჩასძახებდა რაჲ გიორგი: „ქრისტე აღდგა!“ - სამარხოსა მისსა, - „ჭეშმარიტად აღდგა! - აღმოუტევა მკუდარმან ჴმაჲ სიხარულისაჲ, ხოლო დასნეულდა რაჲ მოძღუარიცა შენი, აზიარნე საიდუმლოთა ქრისტჱსთა და გაკურთხა რაჲ, ნეტარო, შეჰვედრა სული თჳსი უფალსა, მაშინ უქმ ყვეს მონასტერი ხელისუფალთა ბრძანებითა და დაუყენეს მცველი, ვითარცა მუზეუმსა, ხოლო შენ იწყე კუალად მსახურებაჲ სიონსა და გაქუნდა რაჲ მოძღურებაჲ კეთილი, მოიზიდე კრებული მორწმუნეთა, აწცა თანამავალ გუექმენ ჩუენ, ვითარცა მამაჲ და მოძღუარი, და გზასა სიმართლისასა წარგვიმართე შემსხმელთა შენთა:
გიხაროდენ, მობაძავო ძველთა მოსაგრეთა ბერთაო;
გიხაროდენ, დიდო შემწეო და მოძღუარო ქრისტჱს სამწყსოთაო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო კეთილო კრავთა მათ რჩეულთაო;
გიხაროდენ, სასოო და ნუგეშო წარწყმედულთა მათ ცხოვართაო;
გიხაროდენ, წინამძღუარო განშორებულთა და ყოველთა ზეცისადმი წარმმართებულთაო;
გიხაროდენ, თესვითა სიტყუათა შენთაჲთა, ღმერთ-შემოსილო, განმამრავლებელო იფქლთა სარწმუნოებისათაო;
გიხაროდენ, მონაზონთა რჩეულებაო და სიქადულო მმარხველთაო;
გიხაროდენ, სულითა ძლიერო, მძლეველო ჴორციელად ძლიერთა ჴელისუფალთაო და დამჴსნელო ვნებათაო;
გიხაროდენ, მწყალობელო ყოველთა მორწმუნეთაო და შემწეო მღდელთ-მთავართაო;
გიხაროდენ, მოღუაწეთა სამკაულო და მფარველო კეთილად განკრძალულთა მღდელთაო;
გიხაროდენ, დავრდომილთა მსწრაფლშემწეო და განმკურნელო სიკუდიდ განწირულთაო;
გიხაროდენ, მოგზაურთა ნუგეშინის-მცემელო და უღელვოო ნავთსაყუდელო ღელვა-გუემულთაო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
მწყემს ცხოვართა იქმენ შენ, ღირსო, და მიმოსლვასა შინა და სალოსობასა, დიდსა უწესოებასა ხედევდი ერსა შორის შენსა, რამეთუ უმრავლესნი ფრიად ურწმუნო და ვნებათა დამონებულ იყუნეს და მცირედთა ჰპოებდი ცხოართა, არამედ გსუროდა შენ, კეთილო ბერო, ყოველთა მოქცევაჲ ბოროტისაგან, და ვითარცა სინანულისა ქადაგი, სამოსლითა შეურაცხითა, შესტიროდი მათ გოდებითა: „ჵ, ბნელსა შინა მსხდომარენო, ვითარითა საკრველითა შეკრულ ხართ, და ქრისტეს ნათელსა ვერ ვხედავთ, და დიდებასა მას მისსა დიდსა?, არამედ განჰკვეთნეთ საკრველნი ესე თქუენნი, რაჲთამცა მოიძიებდეთ, და ჰპოებდეთ ღმერთსა ჩუენსა, ქრისტესა და მარადის ადიდებდით ძლიერებასა მისსა“: ალილუია.
მხედველი მრავალთა კაცთა უშჯულოებისა აღშფოთნებოდი, მჴნეო, რამეთუ განადიდებდენ ხატთა მათ ღმრთისმბრძოლთასა, ხოლო ხატსა მას ქრისტეს მეუფისასა, მშობელისა მისისასა და ყოველთა წმიდათასა შეურაცხ-ყოფდეს და არცაღა-ვის შეუნდობდეს უგუნურნი თაყუანისცემასა მათსა, გარნა შენ წინ-აღუდეგ შიშსა სიკუდილისასა, და ვითარცა ზუარაკი შესაწირავად ღმრთისა, მიჰრბიოდე დაწვად ღმრთივსაძაგელისა მის კერპისა, ხოლო იხილეს რაჲ ცეცხლმთებარჱ სახებაჲ კაცისა მის ღმრთისმბრძოლისაჲ, შეგიპყრეს წმიდაჲ ეგე აღმსარებელი ქრისტჱსი და გკითხვიდეს რაჲ მიზეზსა ქცევისა შენისასა, ნეფსით სიკუდილისა მომლოდნელმან სახელს იდევ ქრისტეანედ და სთქუ კადნიერად: „არა უხმს დიდებაჲ მძორსა მას კაცისასა, არამედ ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა და მაცხოვარსა, მკუდრეთით აღმდგარსა“, მას ევედრე აწ, ღირსო, რაჲთა გჳჴსნნეს ჩუენ სულთა წარწყმედელთა სწავლათაგან და წყალობაჲ მოგვცეს შენდამი მაქებელთა:
გიხაროდენ, მწყემსო პირმეტყუელისა სამწყსოჲსაო, უმეცართა საღმრთოჲთა მით მეცნიერებითა გამომზრდელო;
გიხაროდენ, ცოდვილთა დაუღალავად მეძიებელო და ღმერთთან მიმყვანებელო;
გიხაროდენ, ბოროტად მადიდებელთა კადნიერებისა შემმუსრველო და მწვალებელთა მომაქცეველო;
გიხაროდენ, კაცთ-მოძულეთა მთავართა და მსაჯულთა მამხილებელო;
გიხაროდენ, მთავრობისაგან ღმრთისა განშორებულთა და კაცთა მთავრობისა მოქენეთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, მძლავრთა სიქადულისა შეურაცხმყოფელო და მგმობართა მათ პირთა დამხშველო;
გიხაროდენ, ჟამსა მას ღმრთისმბრძოლთა აღზევებისასა სიცბილისა მათისა დამარღვეველო;
გიხაროდენ, სატანისა მახეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამფარველო;
გიხაროდენ, აღჳრ-უსხმელთა დამაოკებელო და ცრუ-მორწმუნეობისა საცთურისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, მადლითა მხილებისა შენისაჲთა ერისა სულიერისა ძილისა განმაფრთხობელო;
გიხაროდენ, თავისა თჳსისა ბრძნად მხედველთა უმეცრად გამომაჩინებელო და გონებისა ჩუენისა წყუდიადისა განმფანტველო;
გიხაროდენ, ღმრთისმოსავთა მეუღლეთა მაკურთხეველო და ბოროტითა ცოდვითა მრუშებისაჲთა ძლეულთა სიტყჳთა რისხვისაჲთა განმკიცხველო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
წარგადგინეს რაჲ წინაშე მძლავრთა, ჰგონებდეს ქრისტეანეთა მდევნელნი ცთუნებასა შენსა და ჰბასრობდეს ქრისტესა, ხოლო შენ უშიშად ამხილებდი და უფროჲს განაფიცხებდი რაჲ უღმრთოთა, ზრახვა-ყვეს ურთიერთას, რაჲთამცა მოგაკუდინეს და შეგაყენეს დილეგსა, არამედ მუნ პყრობილთა ასწავებდი სარწმუნოებასა და ერთობითა ადიდებდით ღმერთსა, ხოლო რომელნი ეგე პირველ სიცოფითა იქადოდეს მოკლვად შენდა, განცრუვდა სილაღჱ მათი, ნეტარო, და ქრისტემან, კლდემან სიმტკიცისამან დაგიფარა საკჳრველად, რამეთუ განგაწესეს რაჲ შლეგთა და შეურაცხთა თანა, მოიწინეს შენ ზედა ურიცხვნი განსაცდელნი, რომელნი-იგი არავინ იცნის თჳნიერ ღმრთისა, არამედ მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, და მარადის მადლსა და დიდებასა აღავლენდი დამბადებელისა მიმართ და მეუფისა: ალილუია.
განგიტევეს რაჲ შუამდგომლობითა პატრეარქისაჲთა, მიისწრაფდი ტაძარსა ბარბარჱსსა და ეძიებდა მუნ ლხინებასა, გარნა ტანჯვათა მიერ განცდილსა მიგერულა და სამ-გზის გესმა რაჲ ჴმაჲ: „გაბრიელ,. მე ვტირი შენთჳს!“, განიღვიძე და მყის მიეახლე ჯუარცმასა, და იხილე შენ ცრემლმდინარჱ იესუ და განმჴნობილი აღუვლენდი მადლსა და გალობასა, ხოლო კუალად იწყე რაჲ მსახურებაჲ სიონსა, ნათელს-სცემდი ბევრეულთა ერთა და ასუმევდი მათ სულისა წმიდისა ნიჭთა სიმრავლისაგან, გარნა განგაყენეს შენ მღდელმსახურებისა და ზიარებისაგან უღმრთოთა ხელისუფალთა მძლავრებითა, და ვითარცა გლახაკი უსადგუროჲ, სიცხესა და ნეფხვასა ძნელსა იყოფოდი საფლავთა და ქუაბთა შინა და ქრისტჱსთჳს სულელობითა შენითა ქადაგებდი და ახარებდი სასუფეველსა ღმრთისასა, მაშინ ვიეთნიმე გულისჴმა-ყვეს რაჲ შინაგანისა მის სულისა შენისა შემკობილებაჲ, სიყუარულითა გმორჩილებდენ, და გნატრიდენ, ვითარცა მოშურნესა მჴურვალესა და ვნებათა თჳთმპყრობელსა:
გიხაროდენ, ენითა უძლურითა, ვითარცაღა ლამპრითა ცეცხლისჲთა, გმობისა ეკალთა სულისა წმიდისა მადლითა შემწველო;
გიხაროდენ, ერისკაცთათა აღრეულთა და ბევრეულითა ვნებითა შებღალულთა სამღდელოთა შემრისხველო;
გიხაროდენ, უღმრთოებისათჳს ერისა შენისა მამხილებელო;
გიხაროდენ, სამღდელოთაგან დამცრობილო და განქიქებულო;
გიხაროდენ, ყოველთა გულისწადილისა და სიტყუათა უცხოთა ენათასა განმჭურეტელო და დაფარულთა ვნებათა და საცთურთა და სიბოროტეთა მხედველო;
გიხაროდენ, მადლითა განღმრთობილო, საუნჯეთაგან სულისა წმიდისათა სულიერთა ნიჭთა უხვად მიმმადლებელო;
გიხაროდენ, გონებითა წმიდითა და გულითა ლმობიერითა შინაგანისა ხედვისა მომგებელო და სულითაცა სხუაგან მიმომქცეველო;
გიხაროდენ, ენისა მის მფრინველთა ცისაჲთა და მჴეცთა ქუეყანისაჲთა გულისჴმისყოფელო;
გიხაროდენ, ბეთანიითგან გარდახვეწილთა ფუტკართა ჯუარისა გარდასახვითა უკუნ-მქცეველო;
გიხაროდენ, დახშულთა კართა ეკლესიათასა გარდასახვითა ჯუარისაჲთა მეყსეულად განმღებელო;
გიხაროდენ, მსგავსად სპირიდონ ტრიმიფუნტელისა პირთა სამებობისა ძალითა სასწაულებრივითა გამომაჩინებელო და ჴელთა შენთა მიერ პურისა შთაზელვითა იფქლისა, ცეცხლისა და წყლისა თითოეულად განმხდელო;
გიხაროდენ, მრავალთა მამათა და ეპისკოპოსთა სიბრძნითა დამმოძღურელო და ჭეშმარიტთა ბერთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
არავინ ყოფილ არს მამათა ჩუენთაგანი მსგავს შენდა, ჵ, ბერო საკჳრველო, რამეთუ მოცემულ გაქუნდა შენ სიტყუაჲ სიბრძნისაჲ და მეცნიერებისაჲ სულისაგან წმიდისა, და მისვე სულისაგან მადლი კურნებათაჲ და შეწევნისაჲ, და ეგრეთცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ და განკითხვაჲ სულთაჲ, და კუალადცა აღმატებული ნიჭი სიყუარულისაჲ, არამედ დაიმდაბლნე თავი თჳსი, შეგონებისაებრ პავლე მოციქულისა: „სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფე არს წინაშე ღმრთისა“, და ვითარცა შეურაცხი, ლოთი და ურგები, ძაღლსა მაცხოვარისასა უწოდდი თავსა თჳსსა, და არცა დასცხრებოდი გალობად ღმრთისა: ალილუია.
ვითარცა ნეტარმან ანდრია მოიგო სახელი კეთილი სიმდაბლითა და მოთმინებითა და მრავალ მოღუაწე იგი სახჱ იქმნა სალოსობისაჲ, ეგრეთცა ქრისტჱსთჳს სულელ იქმენ შენ, ახოვანო, და აღიღე რაჲ ორკეცი ეგე ღუაწლნი: დაყუდებისაჲ და სალოსობისაჲ, მრავალ გზის დაშვერ და წარმოჩინდი წინაშე კაცთა, ვითარცა მსუმელი ღვინისაჲ, რაჲთა არცაღა განითქუე სათნოებითა და სიწმიდითა, ხოლო ბრძენი ეგე შერაცხილ იყავნ რაჲ უგუნურად, აწ დადგრომილ ხარ წმიდანად ივერთა ეკლესიისა და გაქუს მადლი წინაშე ღმრთისა, მოგუმადლოს ჩუენ ღირსნი მამანი და ბრძენნი წინამძღუარნი, რაჲთა არა სრულიად განიხრწნას საქართველოჲ - წილხვედრი ესე ქუეყანაჲ ღმრთისმშობლისაჲ, არამედ ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და სიმდაბლითა მოგიძღუნიდეთ შესხმასა ამას და გალობასა:
გიხაროდენ, ზეცის საიდუმლოთა განმღებელო, რამეთუ გამობრწყინდი შორის ყოველთა წმიდასა მოკლებასა შინა ჭეშმარიტებისასა ჟამთა მათ უშჯულოთა, და განანათლე ერი შენი ღუაწლითა თჳსითა;
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელო მამაო და ნეტარო მოღუაწეო, რამეთუ ვერ შემძლებელ არს გონებაჲ კაცობრივი მიწვთომად თუალთ-შეუდგამისა სიმაღლისა განღმრთობისა შენისასა;
გიხაროდენ, მსგავსად ელიაჲსა ცეცხლითა საღმრთოჲსა შურისაჲთა აღგზებულო, რამეთუ ცხოვართა ქურქითა გარე-შემოსილნი მგელ-ღმრთის-მსახურნი ამხილენ შენ, ვითარცა მან ქურუმნი ბაალისნი;
გიხაროდენ, ჯუარისა შენისა ორმეოცსა წელსა მსგავსად მოსჱსა მატარებელო, რამეთუ სიტყუანი საღმრთონი გქონან შენ, ვითარცა ფიცარნი ქჳსანი, სავსენი სიბრძნითა სულიერითა;
გიხაროდენ, დავით წინაჲსწარმეტყუელისაებრ მოწყალებისა და სიმშჳდისა მომხვეჭელო და ქრისტჱს სახარებისა ქადაგებითა, ვითარცა შურდულითა შეთხზულითა, უღმრთოთა ბრძნობისა დამამჴობელო;
გიხაროდენ, იოვანე ნათლისმცემელისაებრ ცოდვილთა დაუღალავად მეძიებელო და ღმრთისა მიმართ მიმყვანებელო;
გიხაროდენ, მსგავსად იოანე ღმრთისმეტყუელისა სიყუარულისა მასწავლელო, რამეთუ მისებრ გეუწყნეს საიდუმლონი დაფარულნი უფლისაგან და არაწმიდათა სულთა ზედა მიიღებდი ჴელმწიფებასა;
გიხაროდენ, რამეთუ სიხარულად ჰრაცხდი განსაცდელთა შინა შთავრდომასა და მიზეზად ამას მოგუცემდი, ვითარმედ მოთმინებითა თავს-დებაჲ განსაცდელთაჲ ჰყოფს გამოცდილებასა სარწმუნოებისასა;
გიხაროდენ, რამეთუ მარადის გლოასა შინა იყავ და ჴსენებასა მას საუკუნოჲსა სასჯელისასა და პირველთა მათ მამათაებრ ამასვე სოფელსა დაიტირდი თავსა თჳსსა;
გიხაროდენ, ბელიარისა ურგებო, ვინაჲცა კუბოსა შინა გინა მთხრებლსა მწოლარჱ, ვითარცა მკუდარი განრთხმული, ცრემლთაცა გარდამოსთხევდი თუალთაგან, და იწყებდი გოდებასა, ვითარცა რაჲ გოდებენ მკუდარსა ზედა, და ავაზაკისა თანა ჴმობდი: „მომიხსენე, უფალო, დიდებით მეორედ მოსლვასა“;
გიხაროდენ, კაცო ზეცისაო, რომელიცა ევლტოდი დიდებასა კაცთა მიერსა, გიხილეს ჟამსა მას ლოცვისასა ქუეყანისაგან აღშორებული და აწ იქების ქრისტეს მოყუარეთა მიერ, მამაო, საქმენი შენნი საკჳრველნი;
გიხაროდენ, რამეთუ ევედრებოდი ღმრთისმშობელსა განმრავლებასა ქართველთასა, და იხილე ძილსა შინა ურიცხუთა ჩჳლთა ასონი დახუეტილნი, და შეძრწუნდი რაჲ, გამოგიჩნდა წმიდაჲ დედოფალი ანგელოზთა თანა, და გრქუა: „რაჲსთჳს მთხოვთ მე განმრავლებასა, რაჲთა კუალადცა მოწყლან ჩჳლნი მუცელსა შინა დედათასა?!
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
მწუხარებდი რაჲ დაყენებული ზიარებისა და ღმრთისმსახურებისაგან, გიხილა პატრიარქმან ეფრემ მთხოველი საფასისაჲ და გულისჴმა-ყო თუ ვითარ იტვირთავდი შეურაცხებასა სიმდაბლითა, და გიხმო რაჲ საკურთხეველსა შინა შემოსილი სამღდელოჲთა სამოსითა, გაზიარა და უფლის განგებულებითა განგაწესა მცხეთას, სამთავროს დედათა სავანესა, მაშინ დაემკჳრდე შენ, მოქალაქჱ ზეცისა იერუსალჱმისაჲ, ახალსა იერუსალჱმსა, სამეუფოჲსა ქალაქსა მცხეთას - მახლობლად მაყვლოვანსა, სენაკსა შინა მცირესა, და სიხარულითა შესწირვიდი რაჲ უსისხლოსა მსხუერპლსა, ქადაგებდი საკჳრველად და განსწავლიდი დედათა მათ და ერთა წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა და განაკრძალებდი ლოცვასა, გარნა შემდგომ გარდახვედ კოშკსა მას მირიანისასა, და განაშუენებდი წმიდათა ჯუართა მიერ და ხატთა, რომელთაცა კაზმავდი ჴელითა შენითა, და ქრისტესა ადიდებდი სულითა და ჭეშმარიტებითა: ალილუია.
მოსალოდებელისა, ვითარცა აწმყოჲსა მჭურეტელმან, ძალითა ზეგარდამოჲთა მრავალნი უცხონი და საკჳრველნი ნიშნი და სასწაულნი ქმენ სოფელსა შინა სიყუარულისათჳს ჩუენისა და გვიჩვენე სიმაღლჱ სიმდაბლისაჲ, და დასნეულდი რაჲ, ღირსო, დაითმენდი მწარეთა სალმობათა და გარდაიჴდიდი დღეთა თჳსთა ტანჯვითა, ხოლო გეუწყა რაჲ ჟამი განსლვისა თჳსისაჲ ამიერ სოფლით, ილოცვიდი წინაშე ხატისა მის ნიკოლოზ მღდელთმთავრისა, და ევედრებოდი ერისათჳს შენისა და მამულისსა, და განხვედ რაჲ ჴორცთაგან განპოხებული ღუაწლითა კეთილითა, შეერთე სიმრავლესა მას წმიდათასა, და ძუელთა ბერთაებრ ჭილოფსა წარგრაგნილი დაგფლეს ანდერძისაებრ შენისა, გარნა იქმნა წმიდაჲ ნეშტი შენი სნეულთა და უძლურთათჳს, ვითარცა საუნჯჱ მადლისაჲ და წყაროჲ ნიშთა და კურნებათაჲ, ამისთჳსცა მოვისწრაფვით სამთავროსა, ნაწილთა შენთა საყოფელსა, რაჲთამცა ვიცხოთცა ჩუენ ზეთი კანდელისა შენისაჲ, ვითარცა სალბუნი, და სულთა და ჴორცთა კურნებაჲ აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა:
გიხაროდენ, ღუაწლთა ღმრთისმსახურებისათჳს დამთმენელო, რამეთუ ჯერისაებრ შესწირევდი თავსა თჳსსა მსხუერპლად, ვითარცა ხუცეს მონაზონი, და შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა. მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთა;
გიხაროდენ, რამეთუ აღთქუმისაებრ შენისა მკუდარი ვითარცა ცხოველი მოხუედმცა კურნებად უძლურთა და აქაცა სანატრელი მას საუკუნესა უმეტესად გამობრწყინდი ჩუენ ზედა;
გიხაროდენ, გჳრგჳნითა აღმსარებლობისაჲთა შემკულო, რომელი შემდგომად სიკუდილისა უმცხინვარეს მზისთუალისა ჰნათობ ქუეყანასა ჩუენსა და დაუდუმებელად ჰქადაგებ ქრისტესა ღმერთსა;
გიხაროდენ, რამეთუ საფლავი შენი მაყულოვანსა შინა მოგვიგიეს ძლიერებად და საკრველად სიმტკიცისად და ვიქადით, ვითარცა მქონებელი საუნჯისა, უშურველად აღმოაცენებს რაჲ მადლსა ჭეშმარიტსა, და აღადგინებს ყოველთა დიდებად ღმრთისა;
გიხაროდენ, რამეთუ ღმერთმან არა ინება, ვითარმცა მშობელიცა შენი დედაჲ დააკლდეს სარწმუნოებასა მისა მიმართ და ცხორებასა, და მონაზვნად აღკუეცილი სამთავროჲსა მონასტერსა, დაკრძალულ იქმნა მუნვე, მახლობლად სამარხისა შენისა;
გიხაროდენ, რომელი საკჳრველებათა მათ აღმობრწყინვებითა ელვარობ წმიდისა მის სავანითგან ყოველსა ზედა ქუეყანასა და სულიერთა სულნელებათა მიჰფენ სულთა და გონებათა ჩუენთა;
გიხაროდენ, ჭირსა შინა მყოფთათჳს წინამძღუარო მადლისაო, რამეთუ ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს სამარხით შენით დასწვავს ბანაკსა ღმრთისმბრძოლთასა, ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მოგუფენს, და იოტებს ბნელსა ცოდვისასა;
გიხაროდენ, რამეთუ არა ხოლო თუ ღმრთისა მორწმუნენი და მოსავნი, არამედ უდებნიცა და მცირედ მორწმუნენი მოისწრაფვენ მიმთხვევად სისხლისა შენისა, მცირესა მას ჭურჭელსა შინა ვიდრე აქამომდე უხრწნელად დაცულისა, და გევედრებიან რაჲ წყალობასა, მარადის ისმენ ვედრებასა მათსა და ყოველთა მისცემ ლხინებასა;
გიხაროდენ, რამეთუ ხედვიდეს რაჲ მღდელთმთავარნი საფლავსა შენსა საკჳრველსა, კურნებათა აღმომადინებელსა, და სასწაულთა აურაცხელთა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, ჴმამაღლად გადიდეს, ვითარცა აღმსარებელი და სალოსი ბერი, და საჴსენებელად და საუკუნოდ განგვიწესეს შესხმაჲ და ქებაჲ შენი;
გიხაროდენ, სასწაულთა შენთა ელვარებითა ერისა შენისა განმაფხიზლებელო, რამეთუ ხატთა შენთა გამოწერილთა და სახებათა მიერ გვიწყაროებ წმიდასა და წმიდამყოფელსა მირონსა, სულისა მიერ წმიდის ნიჭებულსა;
გიხაროდენ, რამეთუ სიხარულითა აღივსების და იქადის აწ სამეუფოჲ ქალაქი მცხეთა და განსცხრების დედათა სავანჱ სამთავროჲსა, მქონებელი წმიდათა ნაწილთა შენთა, ხოლო ერნი ესე ურიცხუნი, შჳლნი ქართლისანი, ილოცვიდეს დაუდუმებელად და აქებდეს წინაჲსწარმეტყუელებასა შენსა და ძალსა საკჳრველსა;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელო დანთქმულთაო და სასოო განწირულთაო, რამეთუ შემწე ხარ განსაცდელთა შინა მყოფთა და ვედრებათა შინა მოჴსენებული იქმ საკჳრველთა: საღმრთოჲთა ძალითა მოგუმადლებ სათხოვართა კეთილად აღსრულებასა და თანამზრუნველ ექმნები ქუეყანასა ზედა და ზღუათა შინა, მახლობელთა და შორიელთა;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!
ჵ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო ბერო, არქიმანდრიტო გაბრიელ! ქრისტემან მოგანიჭა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ გცა საწუთროსა ამას, ხოლო შემდგომად სიკუდილისა მოგცა შენ კადნიერებაჲ მეოხებად ცოდვილთა, ამისთჳსცა გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაჲ, რაჲთა ღირს-ვიქმნნეთ ჩუენცა უკუნისამდე დიდებად და გალობად მისა: ალილუია.
ეს კონდაკი სთქვი 3-გზის, შემდეგ: 1 იკოსი და 1 კონდაკი
ჵ, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო! ბერთა სამკაულო, მღდელთა გჳრგჳნო და ანგელოზთა მოდასეო, ქართველთა ზესთამბრძოლო და ჭირთა შინა ურცხვენელო ჴელის აღმპყრობელო, ღმრთისა მიმართ მეოხო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთა შესავედრებელო, ზღუდეო და საფარველო.
ჵ, თანამოდასეო აღმსარებელთა და სალოსთაო, ღირსო მამაო გაბრიელ! რომელმან აღირჩიე ცხორებაჲ ანგელოზებრივი და ზეობასა მას უღმრთოთასა შეიმოსე წმიდაჲ იგი სქემაჲ მონაზონებისაჲ, აწ შენმიერითა მეოხებითა და შეწევნითა მოგვანიჭე სიბრძნჱ, სიმჴნჱ და მძლეველობაჲ დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა, რამეთუ ურიცხვნი მტერნი ჭეშმარიტებისანი ზაკულითა განზრახვითა შეთქუმულ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და ძალითა და ნიშნებითა სიცრუვისაჲთა იღუწიან, რაჲთა ერიცა საუფლოჲ განხრწნეს და გამოაჩინეს ერად ბნელისა, ხოლო ჩუენ ძილის დაჴსნილებასა მივცემივართ და ვერცაღა ძალ-გვიძს წინა-აღდგომად მათთა, არამედ გუაქუს მეოხებაჲ შენი ქრისტჱს მიმართ, რაჲთამცა ღირს-გვყოს წინაჲსწარმეტყუელებათა შენთა აღსრულებისა და მოგვცეს ჩუენ მეფჱ მირონცხებული მმართებელად და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაელთა, რაჲთა კეთილად განაგებდეს და იურვოდეს ღმრთისმშობლისა წილხვედრსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, და აღადგენდეს მამულისა ჩუენისა ერთობასა და აღამაღლებდეს ღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა და ნათესავისა ჩუენისასა, რაჲთა არა ჰსთქუან ურიცხუთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაჲთა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენნი ქრისტეანენი.
ჵ, წმიდაო მამაო ჩუენო, არქიმანდრიტო გაბრიელ! ვითარ იგი პირველ იღუაწე ჩუენთჳს მოციქულებრივითა შრომითა შენითა და მამობრივითა მოწყალებითა, ეგრეთცა აღთქმისაებრ შენისა ვსასოებთ გამოჴსნასა ჴელთუქმნელისა ანჩის ხატისასა და პატივად მისად სახელდებულსა საკათალიკოსოსა ტაძარსა შინა კუალად დაბრძანებასა, რაჲთა წინაუსწროდეს საკჳრველსა გამოჩინებასა აწყურის ჴელთუქმნელისა ხატისასა და დიდებულსა მობრძანებასა პორტაიტისასა - ვითარცა შეუორგულებელთა თავსმდებთა გამოჴსნისა ჩუენისათა სატანისა მაჴეთაგან და ბოროტისა მის ანტიქრისტეს საცთურისა და ბრძოლისაგან, ვითარ წინაჲსწარმეტყუელეს მისთჳს მამათა, რამეთუ დასასრულსა მას საუკუნეთასა ათონსა დაუტევებს და გამორჩევითა ივერიისაჲთა ბრწყინვალედ დიდებულ ჰყოფს მკჳდრთა მისთა, ხოლო აწ განძლიერებულ არს ზრახვაჲ იგი უსჯულოებისაჲ და წილხვედრი ერი ღმრთისმშობლისაჲ დაცემულ არს ცოდვითა და სიბოროტითა და ჩუენცა, უდებებისა მედგრობათაგან ძლეულნი, ვსძრწით მოსალოდებელისა მისთჳს დღისა დიდებით მეორედ მოსლვისა ქრისტჱსისა, გარნა შენ, წმიდაო, გვაშორე საღმრთოჲსა მშჯავრისა საშინელებაჲ უსჯულოებისა ჩუენისათჳს და მოწყალებითა შენითა გვითხოე ქრისტჱს მიერ ცოდვათა ჩვენთა ურიცხვთა მოტევებაჲ, მართლმადიდებლობით განათლებაჲ, კეთილთა საქმეთა მიერ განსუენებაჲ, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსისაჲთა, და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი