კანონი მეოთხე

24. ფსალმუნი დავითისი

1. შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი. 2. ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე, ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი. 3. და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს. ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად. 4. გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე. 5. მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე. 6. მოიხსენე მოწყალებათა შენთაი, უფალო, და წყალობანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან. 7. ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ; წყალობითა შენითა მომიხსენე მე სიტკბოებისა შენისათვის, უფალო. 8. რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთვის შჯულიერ ჰყუნეს ცოდვილნი გზასა. 9. უძღუეს მშვიდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი. 10. ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობა და ჭეშმარიტება მათთვის, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა. 11. სახელისა შენისათვის, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს. 12. ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ ჰყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა; 13. სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანაი. 14. ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თვისი აუწყოს მათ. 15. თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერხნი ჩემნი. 16. მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდ-შობილ და გლახაკ ვარი მე. 17. ჭირნი გულისა ჩემისანი განმრავლდეს, ურვათა ჩემთაგან გამომიყვანე მე. 18. იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაი ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი. 19. იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილითა ამაოდ მომიძულეს მე. 20. იცევ სული ჩემი და მიხსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ შენ. 21. უმანკონი და წრფელნი შემომეყვნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ უფალო. 22. იხსენ, ღმერთო, ისრაელი ყოველთაგან ჭირთა მისთა.

25. ფსალმუნი დავითისი

1. მისაჯე მე უფალო, რამეთუ მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა ვესევდ, რაითა არა მოუძლურდე. 2. გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე, გამოახურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი. 3. რამეთუ წყალობაი შენი წინაშე თუალთა ჩემთა არს და სათნო ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა. 4. არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე. 5. მოვიძულე კრებული უკეთურთაი და უღმრთოთა თანა მე არ დავჯდე. 6. დავიბანნე უბრალოებით ხელნი ჩემნი და გარე-მოვადგე საკურთხეველსა შენსა, უფალო: 7. სმენად ჩემდა ხმაი ქებისა შენისაი და მითხრობად ყოველი საკვირველებაი შენი. 8. უფალო, შევიყუარე შუენიერებაი სახლისა შენისაი და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისაი. 9. ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხორებასა ჩემსა; 10. რომელთა ხელნი მათნი უშჯულოებასა შინა არიან, მარჯუენაი მათი აღივსო ქრთამითა. 11. ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიხსენ მე, უფალო, და მიწყალე მე. 12. ფერხი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო.

26. ფსალმუნი დავითისი, პირველ ცხებისაი

1. უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხორებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე? 2. მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ხორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს. 3. განთუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაი, ამისთვისცა მე შენ გესავ. 4. ერთი ვითხოვე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაი უფლისაი და მოხილვად ტაძარი მისი. 5. რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამფარა მე დაფარულსა კარვისა მისისა, კლდესა ზედა აღმამაღლა მე. 6. და აწ ესერა აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარე მოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისაი, ვაქებდე და უგალობდე უფალსა. 7. ისმინე, უფალო, ხმისა ჩემისაი, რომლითა ღაღად-ვჰყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი. 8. შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო. 9. ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუ დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო. 10. რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე. 11. შჯულიერ მყავ მე, უფალო, გზასა შენსა და მიძეღუ მე ალაგთა შენთა წრფელთა მტერთა ჩემთათვის. 12. ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღსდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუვემან თავსა თვისსა. 13. მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისაი ქუეყანასა მას ცხოველთასა. 14. დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა. დიდებაი.

27. ფსალმუნი დავითისი

1. შენდამი, უფალო, ხმა-ვჰყო; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან, ნუ სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 2. ისმინე, უფალო, ხმაი ვედრებისა ჩემისაი ვედრებასა ჩემსა შენდამი, აღპყრობასა ხელთა ჩემთასა ტაძრისა შენისა მიმართ წმიდისა. 3. ნუ მიმზიდავ მე ცოდვილთა თანა და მოქმედთა თანა სიცრუვისათა ნუ თანა-წარმწყმედ მე, რომელნი იტყვიან მშვიდობასა მოყუსისა მათისა თანა, ხოლო უკეთურებასა - გულთა შინა მათთა. 4. მიეც მათ, უფალო, საქმეთა მათთაებრ და უკეთურებისაებრ საქმეთა მათთაისა; საქმეთაებრ ხელთა მათთაისა მიეც მათ და მიაგე მისაგებელი მათი მათვე. 5. რამეთუ არა გულისხმა-ჰყვნეს საქმენი უფლისანი, არცა ქმნულსა ხელთა მისთასა მიხედნეს; დაამხუნე იგინი და არა აღაშენნე. 6. კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ისმინა ხმაი ლოცვისა ჩემისაი. 7. უფალი შემწე ჩემდა და მფარველ ჩემდა; მას ესვიდა გული ჩემი და შეწევნულ იქმნა, და მხიარულ იქმნნეს ხორცნი ჩემნი და მე ნებითა ჩემითა აუვარო მას. 8. უფალი ძალ არს ერისა თვისისა და შესავედრებელ არს ცხორებად ცხებულისა თვისისა. 9. აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, და დამწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.

28. ფსალმუნი დავითისი, გამოსლვისათვის კარვისა

1. შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა. 2. შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა, თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა. 3. ხმაი უფლისაი წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისაი ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა. 4. ხმაი უფლისაი ძლიერებით, ხმაი უფლისაი დიდად შუენიერებით. 5. ხმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი. 6. და დააწულილნეს იგინი ვითარცა ხბოი იგი ლიბანისაი, და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისაი. 7. ხმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისაი. 8. ხმამან უფლისამან შეძრის უდაბნოი და შეაძრწუნის უფალმან უდაბნოი იგი კადისაი. 9. ხმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაი მისი. 10. უფალმან წყლით-რღუნაი დაამკვიდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე. 11. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

29. ფსალმუნი, გალობა განახლებისა სახლისა დავითისი

1. აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა. 2. უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვჰყავ შენდამი და განვიკურნო. 3. უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიხსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 4. უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა. 5. რამეთუ რისხვაი არს გულის წყრომასა მისსა და ცხორებაი არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან. 6. ხოლო მე ვსთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე. 7. უფალო, ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარე-მიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი. 8. მე შენდამი, უფალო, ხმა-ვჰყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო. 9. რაი-მე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაი შენი? 10. ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა. 11. მოაქციე გლოვაი ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძაი ჩემი და გარე-შემარტყ მე სიხარული, 12. რაითა გიგალობდეს შენ დიდებაი ჩემი და არა შევინანო, უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ. დიდებაი.

30. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, განკვირვებისაი

1. შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე. 2. მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა. 3. რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათვის მიძღუე მე და გამომზარდო მე. 4. და გამომიყვანო მე საფრხისა ამისგან, რომელ დამირწყეს მე, რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო. 5. და ხელთა შენთა შევვედრო სული ჩემი; მიხსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო. 6. მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაიცვენ ამაოებაი ცუდად, ხოლო მე უფალსა ვესავ. 7. ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მოხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იხსენ ჭირთაგან სული ჩემი; 8. და არა მიმცე მე ხელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერხნი ჩემნი. 9. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულის წყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი. 10. რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხორებაი ჩემი და წელიწადნი ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკობითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს. 11. ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან ფრიად და შიშ მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე გარე განივლტიედ ჩემგან. 12. დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულთაგან და ვიქმენი მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული. 13. რამეთუ მესმა მე ყუედრებაი მრავალთაი, რომელნი გარემოის იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაი სულისა ჩემისაი იზრახეს. 14. ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვსთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი. 15. და ხელთა შენთა შინა არს მკვიდრობაი ჩემი; მიხსენ მე ხელთაგან მტერთა ჩემთაისა და მდევართა ჩემთაისა. 16. გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა. 17. უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთახდენ იგინი ჯოჯოხეთად. 18. უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუვარნი, რომელნი იტყვიან მართლისა მის ზედა უშჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა. 19. ვითარ მრავალ არს წყალობაი სიტკბოებისა შენისაი, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათვის წინაშე ძეთა კაცთასა. 20. დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთაისა; დაიცვნე იგინი კარავსა შენსა ხდომისაგან ენათაისა. 21. კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკვირველ ჰყო წყალობაი მისი ზედა ქალაქსა მტკიცესა. 22. ხოლო მე ვსთქუ განკვირვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარი მე პირისაგან თუალთა შენთაისა; ამისთვის შეგესმა ხმაი ლოცვისა ჩემისაი, რაჟამს ვღაღადებდი მე შენდამი. 23. შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავანებასა. 24. მხნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ უფალსა.

31. ფსალმუნი დავითისი

1. ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. 2. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაი, არცა არს პირსა მისსა ზაკუვაი. 3. რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე; 4. რამეთუ დღე და ღამე დამიმძიმდა ჩემ ზედა ხელი შენი; მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი. 5. ცოდვაი ჩემი გაუწყე შენ და უშჯულოებაი ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაი გულისა ჩემისაი. 6. ამისთვის ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაი ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღუნაი წყალთა მრავალთაი მას არა მიეახლოს. 7. შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარე-მომადგეს მე; სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარე-მოუცავ მე. 8. გონიერ გყო შენ და გულისხმა-გიყო შენ გზასა მას, რომელსაცა ხვიდოდი; ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი. 9. ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა; ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მოგეახლნეს. 10. მრავალ გუემა არიან ცოდვილთათვის, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, წყალობაი გარე-მოადგეს მათ. 11. იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნო, და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაი.