ანდრია კრიტელი

დიდი კანონი

 

ოთხშაბათი

გალობა ა.

სძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა, ესე ღმერთი ჩემი და ვადიდო ესე, უფალი მამისა ჩემისა და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ-არს.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სიყრმით ჩემითგან, მხსნელო, უგულებელს-ვყვენ მცნებანი შენნი და ყოვლადვნებულად, უდებად და დახსნილად, გარდავვლე ცხოვრება, ამისთვის გიღაღადებ შენ, აწ კვალად მაცხოვნე ტკბილო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დავრდომილსა, მაცხოვარ, წინაშე ბჭეთა სიბერესაღათუ ნუ შთამაგდებ მე ჯოჯოხეთად, არამედ პირველ სიკვდილისა, კაცთმოყვარებით მომმადლენ შენდობა შეცოდებათა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სიმდიდრე ჩემი, ქრისტე, უძღებებასა შინა წარვაგე და ოხერ ვიქმენ კეთილთა ნაყოფთაგან, და აწ მომყმარი ვხმობ, მამაო მოწყალებათაო, ისწრაფე და მაცხოვნე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოწყლული ავაზაკთა გულისსიტყვათა ჩემთა მიერ და ყოვლითურთ მოცული მათგან, რომელნი განმრავლდეს ტკივილნი, მე ვარ; ქრისტე მეუფეო, გევედრები განმკურნე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მღვდელმან უგულებელს-მყო და თანა-წარმხადა, და ლევიტელმან ძვირთა შინა დამიტევა; არამედ შენ, ღვთისმშობელისა მარიამისაგან მოსრულო, მიღვაწე და შემიწყალე.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მომანიჭე მადლი ბრწყინვალებისა მაღლისა მის საღმრთოისა განგებულებისა, რათა ვიხსნე ვნებათა ბნელისაგან, და გულსმოდგინედ ვგალობდე ცხოვრებასა შენსა, მარიამ და კეთილთა ღვაწლთა შენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზესთარსო სამებაო, ერთღვთაებით თაყვანის-ცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

 

გალობა ბ.

სძლისპირი: მოიხილე ცაო და ვიტყოდე აწ, და ვაქებდე ქრისტესა, ქალწულისაგან მოსრულსა ჩვენთვის.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დავეკვეთე დავითისებრ ცოდვითა და სავსე ვარ მწიკვლითა; განმბანე მეცა ცრემლითა მხსნელო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

არცა ცრემლნი, არცა სინანული მაქვს, არცა ლმობიერება, ვითარცა ღმერთმან მომცენ ესენი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

წარვსწყმიდე მე პირველქმნული სიკეთე და შვენიერება ჩემი, და მდებარე ვარ შიშველი და კდემული.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

კარსა შენსა ნუ დახშავ ჩემთვის მაშინ, ჰოი უფალო, უფალო; არამედ განმიღე მონანულსა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ყურად იხვენ სულთქმანი სულისანი და თვალთა ჩემთა ცრემლნი მიიხვენ, მხსნელო და შემიწყალე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კაცთმოყვარე, რომელსა გნებავს ყოველთა ცხოვრება, მაცხოვნე მე და შემიტკბე შევდრომილი შენდა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უბიწოო დედოფალო ქალწულო, ყოვლადსაგალობელო, ევედრე გულსმოდგინედ რათა გვაცხოვნეს.


სძლისპირი:
იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, რომელმან მივეც მანანა, და წყარონი კლდისაგან წყაროვყვენ უდაბნოს ერისათვის ჩემისა, მხოლოითა ძალითა და მარჯვენითა ჩემითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, ისმინე შენ, სულო ჩემო, ღაღადება უფლისა, და ევლტოდე პირველსა ცოდვასა და სძრწოდე, ვითარცა მსაჯულსა და ვითარცა ღვთისაგან.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვის მიემსგავსე შენ, ჰოი, მრავალმცოდველო სულო; გარნა თუ პირველსა კაენს და უკეთურსა ლამექს, და ქვითა სიბოროტისათა განსტვინენ ხორცნი და ბილწთა კრთომითა, სიკვდიდ განსწირე გონება.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სჯულისა პირველთა თანა-წარხედ შენ, ჰოი სულო, და სეითს არა ემსგავსე, არცა ენოსს ებაძვე, არცა ენუქის მიცვალებასა და არცა ნოეს; და დაგლახაკენ მართალთა ცხოვრებისაგან.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მხოლომან განახვენ საქანელნი საღმრთოსა მის რისხვისანი, სულო ჩემო, და წარღვენ ყოველივე: ხორცნი, საქმენი და ცხოვრება, და დაადგერ გარეშე კიდობნისა მის საცხოვრებელისაგან.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ყოვლითავე გულითა და სიყვარულითა შეუვრდი ქრისტესა, და პირველთა მათ ცოდვათა გზაჲ უკუნ-აქციე, და უდაბნოთა შინა უვალთა გამოიზარდე, და მით საღმრთონი მცნებანი წმიდად აღასრულენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაუსაბამოო და აღუგებელო სამო, და განუყოფელო ერთო, მონანულსა მომხედენ, ცოდვილი მაცხოვნე, რამეთუ შენი ვარ ქმნილი და ცეცხლისა ჩემისა დამსჯელისაგან მიხსენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უხრწნელო ქალწულო, ღვთისა დედაო, სასოო შენდამი მოლტოლვილთაო და შემწეო ჩვენო; კაცთმოყუარე შემოქმედი და ძე შენი დაატკბე ჩემზედა მეოხებითა შენითა.

 

გალობა გ.

სძლისპირი: დაამტკიცე, უფალო, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა, შერყეული გონება ჩემი, რამეთუ ღმერთი მხოლოო, ძლიერ, მართალ და წმიდა ხარ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სემისა იგი კურთხევა ვერ დაიმკვიდრე უბადრუკო სულო; და ვერცა ვრცელნი საზღვარნი, იაფეტისაებრ პოვენ ქვეყანასა წმიდასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გამოვედ, სულო ჩემო, ქვეყანით ცოდვისათ ქარანით, და მივედ სოფლად გამომდინარედ უხრწნელებისად, რომელ დაიმკვირდა აბრაამ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გასმიეს, სულო ჩემო, ვითარ დაუტვა აბრაამმან მამული თვისი და უცხო იქმნა; ემსგავსე შენცა მისსა კეთილსა აღრჩევასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მამათმთავარმან, რაჟამს მუხასა თანა მამბრესა ისტუმრნა ანგელოსნი, დაიმკვიდრა მან, შემდგომად სიბერისა, მადლი იგი აღთქმისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ახალი მსხვერპლი ისააკ, გულისხმა-ჰყავ უბადრუკო სულო, შეწირული ყოვლად დასაწველად, ქრისტეს მსგავსად, და ბაძევდ მისსა სათნოებასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ისმაილისი იგი განდევნა შენცა გასმიეს სულო, ვითარცა მხევლისა ნაშობსა. ჰრიდე ნუ უკუე მისებრ გავნოს უძღებებამან.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

შეპყრობილ ვარ და ქვედაკვეთებულ ღელვითა ცოდვისათა, არამედ გევედრები, დედაო: აწ მაცხოვნე მე და მიძღოდე მე ნავთსაყუდელად საღმრთოისა სინანულისად.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მხევლებრივი ვედრებაჲ შესწირე აწ, დედაო, ყოვლადმოწყალისა მიმართ ღვთისმშობლისა, ღირსო, რათა ვედრებითა შენითა, განმიღოს მე საღმრთო შესავალი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებაო მარტივო, დაუბადებელო ბუნებაო, სამთა გვამთა შინა ცნობილო, გვაცხოვნენ ჩვენ მოსავნი სიმტკიცისა შენისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამისაგან უჟამო ძე, ჟამიერად შევ ღვთისმშობელო, თვინიერ თესლისა. ეჰა უცხო საკვირველი, ქალწულად ჰგიე მაწოვნებელი.

 

გალობა დ.

სძლისპირი: ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსვლისა შენისა და შეეშინა, ვითარმედ შობად ხარ ქალწულისაგან და სახილველ კაცთა მიერ და ჰხმობდა: უფალო, მესმა სმენა შენი და შემეშინა, დიდება ძალსა შენსა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ხორცნი შებღალულ არიან, სული ბიწიან და ყოვლად წუთხ-მცენარე არს; არამედ ვითარცა მკურნალმან ტკბილმან, ორნივე განკურნენ სინანულითა; განჰბანენ, განჰსწმიდენ, ქრისტე და უსპეტაკეს თოვლისა გამოაჩინენ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ხორცსა თანა სისხლი შენი განუყავ ყოველთა, მორახვიდოდი ჯვარცმად: ხორცნი, რათა კუალად დამბადო სიტყვაო, ხოლო სისხლი, რათა უფროს განმბანო, და სული მიეც რათა მიმგვარო მე, ქრისტე, მშობელსა შენსა მამასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მაცხოვარება ქმნა შორის ქვეყანისა შემოქმედმა, რათა მაცხოვნნეს: და ნებსით ჯვარსა დამოკიდებითა, პირველ დახშული ედემი განაღო, და მრჩობლთა სოფელთა, თანა ყოველთა წარმართთა ცხოვნებულთა, თაყვანის-სცეს.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სისხლი გვერდისა შენისა ერთბამად სასმელ და საბანელ მექმენინ მე, და წყალი - უფსკრულ შენდობისა, რათა ორკერძოვე განვსწმიდე, ცხებითა და სმითა: ვითარცა საცხებელთა და სასმელთაგან ცხოველთა წყაროთა შენთათა, მხსნელო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ტაკუკად მოიგო გვერდი შენი ცხოველსმყოფელი ეკლესიამან, რომლისაგან აღმოგვიცენდეს მრჩობლნი წყარონი შენდობისა და ცნობისანი, სახედ ორთა აღთქმათა, სჯულისა და მადლისათა, ქრისტე, მაცხოვარო ჩვენო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ხუებულ ვარ მე სასძლოსაგან და დაკლებულ ქორწილისაგან და სერობისა, ლამპარი დაშრტა ვითარცა უზეთო და სასძლო დამეხშა მირულებულსა, და სერობა აღრკბა, ხოლო მე, ხელით და ფეხით შეკრული გარე განმაგდეს.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განუყოფლად არსებითა, შეურევნელად პირებითა ღვთისგმეტყველებ სამხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამ-წმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შობ და ქალწულებ უხრწნელო, და ჰგიე ორკერძოვე ბუნებით ქალწულად; შობილი განაახლებს ბუნებისა სჯულთა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად; რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი და ყოფს მას რაიცა ენებოს/

გალობა ე.

სძლისპირი: ღამითგან ვიმსთობ შენდა კაცთმოყვარე, განმანათლე მოქენე და მიძღოდე მე ტკბილო, მცნებათა შინა შენთა, და მასწავე, სახიერ, ქმნა ნებისა შენისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ფარაოსებრ დავმძიმდი გონებითა, მეუფეო და სული და ხორცნი იანედ და იამბრედ გამოვაჩინე, და დანთქმულ ვყავ გონება, არამედ მსწრაფლ მეწიე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ნივთთადა შეყოფილ ვარ გონებითა, განმწმიდე, მეუფეო, საბანელითა ცრემლთა ჩემთათა; შეგივრდები, ნივთი ხორცთა ჩემთა თოვლებრ განასპეტაკე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

უკეთუ გამოიძიო საქმენი ჩემნი მაცხოვარ, ყოველთა კაცთა უფროს აღვემატები ცოდვითა, და ვხედავ თავსა ჩემსა შებღალულად, და ესრეთ ვსცნობ გონებითა ჩემითა, შეგცოდე უმეცრებით, შემიწყალე მე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მრიდე, უფალო, მრიდე ქმნულსა შენსა, ვსცოდე, მილხინე მხსნელო, რამეთუ თვით ბუნებით წმიდა მხოლო ოდენ ხარ, და არა ვინ არს სხვა ყოვლადუცხო ცოდვისაგან.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ჩემებრ კაცქმნილი ჩემთვის, ღმერთი, ყოფდი ნიშთა, რაჟამს განსწმედდი კეთროვანთა და დახსნილთა შეამტკიცებდი, ხოლო წიდოვანსა ფესვისა შეხებითა კურნებდი.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

დაუტევენ ღირსო ხორცთა გემოვნებანი და განვლე მდინარე იგი იორდანისა, და ჰპოვე შენ თვისად უჭირველი განსვენებაჲ; პოვნად მისსა ჩვენცა ღირს-მყვენ აწ ვედრებითა შენითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა, გაწებ სამ-წმიდითა ქებითა, მამასა უშობელსა, ძესა შობილსა მისგან, და სულსა გამოსრულსა მარტივსა არსებითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენგან მიიღო ჩემი, შემოქმედმან, თბე უხრწნელო ქალწულო და დედაო, რომელმან შექმნა საუკუნენი, და შეაყო ღვთაება ბუნებასა კაცთასა.

 

გალობა ვ.

სძლისპირი: ღაღად-ვჰყავ მე, სიღრმითა გულისათა, მოწყალისა მიმართ ღვთისა, და ისმინა ჩემი, ჯოჯოხეთით ქვესკნელით, და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრება ჩემი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განეწყვე შენ და დააკვეთენ სიმხნით ხორცთა ვნებანი, ვითარცა ისუ ამალეკი, და გაბაონელთა მათ საცთურიანთა, გულის სიტყვათა სძლევდი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

თანაწარხედ ბუნებით მდინარესა, ვითარ პირველ კიდობანი, და ქვეყანისა მის აღთქმულისა მკვიდრ იქმენ, ღმერთი გიბრძანებს: ერჩდი დასხნილო სულო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვითარ პეტრე აცხოვნე, ღაღად-ჰყო რა, შემიწყალე მე, მაცხოვარ; მეცა მიხსენ, ქრისტე, მოყავ მარჯვენე შენი, და სიღრმით ძვირთათ აღმომიყვანე ტკბილო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ღელვათაგან მხსნელი ნავთსადგური ხარ, მეუფეო ჩემო, ქრისტე; უფსკრულით ჩემთა მათ არაწმიდებათათ და უსასოებისა სიღრმით მიხსენ მოწყალე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა, და ერთობა ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე, და სული ღმერთმთავარი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმერთი გვიშვა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივითა, რომელსა, ვითარცა მიზეზსა ყოველთასა, ცხოვრებად ჩვენდა ევედრე ღვთისმშობელო.

 

კონდაკი

სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს: აღსასრული მოახლებულ-არს, და გეგულვების აღშფოთნება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.

 

გალობა ზ.

სძლისპირი: ვსცოდეთ და უსჯულო ვიქმნენით, და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ და არცა ვყავთ მეუფეო, ვითარ იგი შენ მამცენ ჩვენ; გარნა ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, მაღალო მამათა ჩვენთა ღმერთო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მანასესნი მოიგენ სულო აღძრვანი წინა-არჩევისანი, და ვითარცა საძაგელნი აღმართენ ვნებანი და განამრავლენ მოსაწყინელნი, არამედ ბაძევდ სინანულსაცა მისსა და აღსარებასა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აქაბისთა მოშურნე ქმნილი შეგინებითა, ვაიმე, ჰოი სულო, იქმენ ხორციელთა ზრახვათა და ვნებათა სავანე, არამედ სიღრმით სულისა შენისათა სულთ-ითქვენ და მიუთხრენ შეცოდებანი შენნი.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ცანი დაგეხშნეს შენ ჰოი სულო, და სიყმილი მძაფრი გეწია შენ, ვითარცა თეზბიტელსა ილიას ურჩსა აქაბს; არამედ სარეფთელსა მას ემსგავსე და გამოზარდე შენცა სული წინასწარმეტყველისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოსრნა უკუე ილია ოდესმე ცრუ წინასწარმეტყველნი იეზაბელისნი, და ბოროტად წარსწყმიდნა იგინი სამხილებელად აქაბისა; არამედ შენ, სულო, ამას ევლტოდე და მტკიცე იქმენ სარწმუნოებით.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნათელნი, სამწმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი ადიდენ სულო და ერთღვთაებად ჰმონე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიგალობთ შენ, თაყვანის-გცემთ შენ, და გაკურთხებთ შენ, ღვთისა დედაო, რამეთუ ერთი წმიდისა სამებისა ჰშევ ქრისტე, ღმერთი სრული, ჭეშმარიტი, და შენ განმიხვენ ჩვენ ქვეყანისათა, შესავალნი ცათანი.

 

გალობა ჱ.

სძლისპირი: რომლისა ძალნი ცათანი აქებენ, და სძრწიან მისგან ქერუბიმ-სერაფიმნი, ყოველი აღგებული ყოვლით სულითურთ სძნობდით და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მართლმსაჯულო იესო, შემიწყალე და მიხსენ ცეცხლისაგან დამსჯელისა, რომლითაცა სამართლად, მეგულვების მე დასჯა და განმწმიდე პირველ სიკვდილისა სინანულითა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ავაზაკისებრ ვჰხმობ: მომიხსენე და პეტრესებრ ვსტირ: მილხინე, მაცხოვარ, მეზვერისაებრ ვგოდებ, მეძვისაებრ ვსცრემლოი, მიითვალე ჩემი გლოვა, ვითარ ქანანელისა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განკურნე, სულთა მკურნალო, სუნმყრალი წყლულებაჲ მდაბლისა სულისა ჩემისა; და ცრემლთა ლმობიერთა და საქმეთა კეთილთა წამალი და წყალობისა ზეთი და ღვინო დაასხ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქანანელისა მისებრ ვღაღადებ მეცა, შემიწყალე, ქრისტე, ძეო დავითისო, ვითარცა წიდოვანი მივეახლები ფესვსა და ვითარცა მართა და მარიამ ვსტირ ლაზარეს ზედა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღმერთო მამაო და თანაღმერთო ძეო, და ნუგეშინისმცემელო სულო წრფელო, უშობელო მამაო, და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო გამოსრულო, სამობით ერთო, მაცხოვნე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი, ღვთივგვამოვანთა ხორცთა მეუფისათა მოიქსოვა, უხრწნელო, საშოსა შინა შენსა; ამისთვისცა, საკუთრად ღვთისმშობლად გქადაგებ შენ.

 

გალობა თ.

სძლისპირი: უთესლოდ მიდგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა მუცლად-იღებს უხრწნელად, რამეთუ ღვთისა შობა სცვალებს ბუნებისა წესთა, ამისთვის, შენ, ყოველნი ტომნი, ღვთისა სძალო და დედაო, დაუდუმებლად გადიდებთ.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

გლახაკთა ახარებდა, სნეულთა კურნებდა, და ვნებულთაგან ვნებათა იოტებდა ქრისტე, და მეზვერეთა და ცოდვილთანა სჭამდა, და იაიროსის ასულისა სული განსრული, ხელისა შეხებითა მოაგო ხორცთა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მეძავი წმიდა იქმნა, მეზვერე განმართლდა, ხოლო ფარისეველი ზვაობით დაისაჯა. იგი ხმობდა მაცხოვნე და ესე ღმერთო მილხინე, ხოლო მესამე სიქადული იტყოდა: ღმერთო, გმადლობ შენ და სხვათა ხმათა მზვაობართა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მეზვერე იყო ზაქე, გარნა ცხოვნდა იგი; ხოლო ფარისეველი სიმონ პურის-მტე იქმნა; და მეძავმან მიიღო მადლი ბრალთა შენდობისა, მისგან რომელსა აქვნდა ძალი ცოდვათა მიტევებისა, რომლისა პოვნად იღვწიდ სულო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ჰოი, უბადრუკო სულო, არა ებაძვე მეძავსა, რომელმან იგი მოიღო ალაბასტრი მირონისა ცრემლითურთ და სცხო ფერხთა მხსნელისათა, და წარხოცნა თმითა; ხოლო მან, პირველთა ცოდვათა მისთა ხელით-წერილი უჩინო ჰყო.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქალაქთა, რომელთაცა მისცა მხსნელმან სახარება გასმიეს, სულო, ვითარ იყვედრნეს მისგან, შეშინდი სახისაგან და ნუ ბაძავ მათ, რომელნი იგი ბოროტთა სოდომელთა მგავსებითა მეუფემან, ვიდრე ქვესკნელადმდე შთახედნა.

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ნუსადა დაიხსნები უსასოებითა, სულო, ქანანელის რწმუნებასა ბაძევდი, რომლისათვის ასული მისი განიკურნა სიტყვამან, და ღაღად-ჰყავ სიღრმით გულისათ მისებრ, ვითარმედ, ჰოი, ძეო დავითისო, შემიწყალე მე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მამასა თაყვანის-ვცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ, და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთა, და ცხოველსა და ცხოველთა, ცხოველსმყოფელსა ყოველთასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი ესე შენ მიერ მეფობს საღმრთოდ, შენ მიერ მოაქვს ძალი და შენ მიერვე სძლევს მტერთა, ზესთა ექმნების განსაცდელთა, მბრძოლთა გარე მიაქცევს და მართებს განსაგებელთა თვისთა.

 

ლოცვა ანდრიასი

ანდრეა სამ-გზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის ევედრე, რომელნი მხურვალედ გიგალობთ შენ, რათა ვიხსნეთ ჩვენ რისხვისა, იწროებისა და ხრწნილებისა, და აურაცხელთა ცოდვათაგან, რომელნი სარწმუნოებით გხადით შენ.

 

ოთხშაბათის კანონის განმარტება

ოთხშაბათის პირველი ექვსი გალობა ისევ მოსეს ხუთწიგნეულის თემას განავრცობს, თუმცა ახალი აღთქმის სახეებიც შემოდის და მასთან ერთად იხსენიება ღირსი დედა ცოდვის უსაზღვრო სიღრმიდან სულიერი კიბის უმაღლეს საფეხურზე ამაღლებული - წმიდა მარიამ ეგვიპტელი. ეს შემთხვევითი სულაც არ არის. ღირსი მარიამ ეგვიპტელი ცხონების იმედს უნერგავს ყველას, თვით ყველაზე დამცრობილ და ცოდვით დამძიმებულ სულსაც კი. მისდამი ვედრება ჩაერთვის როგორც ოთხშაბათის, ასევე ხუთშაბათის კანონებს.

მცოდველი სული აქ კაენთან ერთად ლამექთანაც ნახულობს მსგავსებას, სამაგიეროდ, იგი სრულიად განშორებულია სეთის, ენოსის, ნოეს საქმეებს, იგი აღთქმის კიდობნის გარეთ დარჩენილა. ამიტომ ვერ მიიღო სემის კურთხევა და „ვერცა ვრცელნი საზღვარნი იაფეთისაებრ ჰპოვა ქუეყანასა წმიდასა“. რისთვისაც იგი უნდა განეშოროს ქარანს - აბრაამის მსგავსად და მასავით ეძებოს ქვეყანა აღთქმისა. აბრაამმა მამბრეს მუხასთან სამი ანგელოზის - ანუ, ღმერთის სტუმრობით საღმრთო მადლი მიიღო, ხოლო ისააკი ქრისტეს მსხვერპლშეწირვის წინასწარმეტყველად იქცა. ყოველივე ეს არის წინასახე და, ამავე დროს, ცოცხალი მაგალითი გამოხსნისა. ისევე, როგორც მხევალისაგან შობილი ისმაილის განდევნა მიგვანიშნებს საფრთხეზე (ოთხშაბათი, გალობა 3).

ოთხშაბათს, მეოთხე გალობაში უკვე ქრისტეს ჯვარცმა იხსენიება, მაცხოვრის გვერდისაგან გადმომდინარე სისხლი და წყალი, შენდობისა და ცხონების ნიშანია. ღვთის წინაშე წარდგომილი სული აცნობიერებს, რომ „ლამპარი დაშრტდა, ვითარცა უზეთო და სასძლო დაეხშა მირულებულსა“ (ანუ: მთვლემარეთათვის სასუფევლის კარი დაიკეტა), ხოლო შეუნანებელი სული „გარე განაგდეს“ (ოთხშაბათი, გალობა 4).

მეექვსე გალობაში კვლავ ჩნდება ახალი აღთქმის სახეები, აქვე კვლავ იხსენება კიდობანი აღთქმისა, როგორც ქრისტეს ეკლესიის წინასახე, ასევე ამალეკის - ბოროტი მტრის მძლეველი ისუ ნავესი.

მოამზადა თინათინ გოგოჩაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №8, 2006 წ.