სადიდებელ-სავედრებელნი

(1710 წლის სავედრებელი ჟამნიდან)

არსების ხატის

არსების ხატო უცვალებელო, შეუძვრელო ბეჭედო, უვნებელო, ძეო სიბრძნეო და სიტყვაო, მკლავო მარჯვენეო და ძალო მაღლისაო, შენ თაყვანის-გცემთ მამისა და სულისა თანა.

ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ, რომელ უმაღლეს ხარ ქერუბიმთა და უდიდებულეს უზეშთაეს სერაბიმთა, რომელმან იტვირთე სიტყვა ღვთისა ხორცითა, ვითარცა ღვთისმშობელ ხარ, გალობით გადიდებთ.

ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისა

ჯვარსა წმიდასა პატიოსანსა, რომელსა აქებენ ანგელოსნი და ძალნი ზეცათანი, ჩვენცა მათთანა თაყვანის-ვცემთ და ვადიდებთ, და ვითხოვთ მისგან ხსნასა ყოველთა ვნებათაგან.

წმიდისა იოანე ნათლისმცემლისა

ყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი, ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ გვეყავ მოსავთა შენთა.

წმიდა დიდი და ღვთივ-აღმართებული სვეტი ცხოველისა და პატიოსნისა საუფლო კვართისა
(დღესასწაული - 1/14 ოქტომბერი)

სვეტო, ღვთივ-აღმართებულო, თაყვანის-გცემთ – კვართო საუფლოო და მირონო წმიდაო, ჯვარო ქრისტეს ღვთისაო, – რათა მოსცე ძლევა მეუფესა ჩვენსა, შენ მიერ ცხებით გვირგვინოსანსა.

წმიდათა მთავარანგელოსთა
(დღესასწაული - 8/21 ნოემბერი)

ზეცისა ძალთა ერის მთავარნო, საფარველითა ფრთეთა თქვენთათა შემზღუდენ, მვედრებელნი ესე თქვენნი, და განსვლასა ამის სულისა ჩვენისა მიხსენით ბნელთა ჰაერის მცველთა ხელისაგან.

წმიდა მოსე წინასწარმეტყველისა
(ხსენება - 4/17 სექტემბერი)

მართალო, მშჳდო და გონება-წრფელო, უღმრთოთა ძლიერად დამნთქმულო, ურწყულთა მომრწყუელო და ღმრთისმხილველო, სჯულისა მომცემელო, წინაჲსწარმეტყუელთა დასაბამო, მოსე, მეოხ-გვეყავ ჩუენ.

წმიდა ილია წინასწარმეტყველისა
(ხსენება - 20 ივლისი/2 აგვისტო)

წინაჲსწარმეტყველო დიდო და პატიოსანო, რომელმან ლოცვითა შენითა განაჴმენ ცუარნი წჳმისანი და დასცენ მტერნი წინა-აღმდგომნი, ილია, დიდად სახელოვანო, მეოხ-გვეყავ ჩუენ.

წმიდა ზაქარია წინასწარმეტყველისა
(ხსენება - 5/18 სექტემბერი)

მღუდელობისა სამკაულითა ბრწყინვალედ გარეშერტყმულმან, ჰსჯულისაებრ ყოვლად-დასაწველნი შეწყნარებულნი ღმრთისა მღუდელ შვენიერად შესწირენ ზაქარია, და იქმენ მნათობ და მხილველ საიდუმლოთა, და მოსწავებათა მადლისათა შენ შორის მქონებელად გამოსჩნდი ყოვლად-ბრძენო, და მახვილითა მოიკალ ტაძარსა შინა ღმრთისასა, ქრისტეს წინასწარ-მეტყველო, წინა-მორბედისა თანა მეოხ-გვეყავ ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.

წმიდა იოანე ნათლისმცემელისა
(ხსენება - 7/20 იანვარი, 24 ივნისი/7 ივლისი და 29 აგვისტო/11 სექტემბერი)

ყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი, ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ-გუეყავ მოსავთა შენთა.

წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი
(ხსენება - 29 ივნისი/12 ივლისი)

თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ, მნათობნი ყოვლისა სოფლისანი: პეტრე, კლდე სიმტკიცისა, პავლე, პირი ქრისტესი და მოძღვარი წარმართთა, რათა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.

წმიდა მოციქულისა მათე მახარებელისა
(ხსენება - 16/29 ნოემბერი)

მწოდებელსა მას შენსა ქრისტესა მეუფესა გულს მოდგინედ შეუდეგ, დამტევებელი მეზვერეობისა, რომელი გამოუჩნდა კაცთა ქუეყანასა ზედა სახიერებისათვის, და მოციქულად რჩეულად გამოსჩნდი, და ახარე სახარებაჲ სოფელსა ხმა მაღლად, ამისთვის პატივს-ვჰსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, მათე ღმრთის-მეტყველო, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაჲ მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

წმიდა მოციქულისა მარკოზ მახარებელისა
(ხსენება - 25 აპრილი/8 მაისი)

თხემისა მის მოციქულთასა პეტრეს მიერ სწავლული იქმენ შენ, და მიიღე მოციქულება ქრისტესი, და ვითარცა რა მზემან კიდენი სოფლისანი განანათლენ, და იქმენ ალექსანდრიელთა შვენიერება ნეტარო, და შენ მიერ ეგვიპტე იხსნა საცთურისაგან, და სახარებათა შენთა მოძღვრებითა მსგავსად ნათლისა განბრწყინდა, ამის-თჳს შენისა ხსენებისა პატივის მცემელნი ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ დაძინებასა შენსა, მარკოზ ღმრთის მქადაგებელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაჲ მოანიჭოს სულთა ჩუენთა.

წმიდა მოციქულისა ლუკა მახარებელისა
(ხსენება - 18/31 ოქტომბერი)

მოციქულო წმიდაო მახარებელო ლუკა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

წმიდა მოციქულისა იოანე მახარებელისა
(ხსენება - 8/21 მაისი და 26 სექტემბერი/9 ოქტომბერი)

ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯვარისა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი, ღვთისმეტყველო იოანე, მეოხ გვეყავ ჩვენ.

წმიდა ანდრია მოციქულისა
(ხსენება - 30 ნოემბერი/13 დეკემბერი)

ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგჳსუენა ხატი ყოვლადწმიდისა და მით მოგუაქცივნა წარმართნი თაყუანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

წმიდა მოციქულისა იაკობისა, უფლის ხორციელი ძმისა
(ხსენება - 23 ოქტომბერი/5 ნოებერი)

ვითარცა უფლისა მოწაფემან მიიღე, მართალო, სახარება, და ვითარცა მოწამესა გაქუს აღსარებაჲ, და კადნიერება, ვითარცა ძმასა ღმრთისასა, და მეოხება, ვითარცა მღუდელსა. ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

წმიდა მოციქულთა სწორისა ქართველთა განმანათლებელისა ნინოსი
(ხსენება - 14/27 იანვარი და 19 მაისი/1 ივნისი)

უნათლისმცემლე ცხოვართა განბნეულთა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, შეჰკრიბე და მიჰგუარე ქართველნი ღმერთსა მართალსა, დედაო წმიდაო ნინო, ევედრე შვილთა შენთათჳს ქრისტესა ღმერთსა.

წმიდათა დიდთა მეფეთა და მოციქულთა სწორთა კონსტანტინესი და ელენესი
(ხსენება - 21 მაისი/3 ივნისი)

ჯუარისა შენისა სახე ცათა შინა იხილა და ვითარცა პავლე, წოდებაჲ არა კაცთაგან მიიღო, რომელი იგი მეფეთა შორის მოციქულად შენდა გამოჩნდა, უფალო, და სამეუფო ქალაქი ჴელთა შენთა შეგვედრა, რომელი აცხოვნებ მარადის მშჳდობით, მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა შეგჳწყალენ ჩუენ.

წმიდა მოციქულთა სწორისა პირველმოწამისა თეკლესი
(ხსენება - 24 სექტემბერი/7 ოქტომბერი)

ჭურო რჩეულო, ჭურისა მისგან რჩეულისა სიწმიდით მდიდრად აღუსებულო, ქალწულთა გჳრგჳნო, პირველ მოწამეთა შორის დიდებულო, თეკლე, მეოხ-გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.

წმიდა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი
(ხსენება - 2/15 აგვისტო)

ბრწყინვალეო და დიდო სამკაულო მოწამეთაო, უძლეველო, საჩინოო მნათობო, ახოვან-მოთმინეო სტეფანე, სანატრელო, ქრისტეს მჴედარო, მეოხ-გუაყავნ ჩუენ ცოდვილთა.

წმიდა პირველმოწამისა რაჟდენისა, სოფელ წრომს წამებულისა
(ხსენება - 3/16 აგვისტო)

ხენეშისა სარწმუნოებისა დამტევებელმან, და ჭეშმარიტებისა გზათა მავალსა, ქრისტესთვის მრავალთა ჭირთა მიმთვალველსა, მოწამეთა შორის საჩინოსა, საქართველოს მნათობსა, დიდსა მოწამესა რაჟდენს შევასხმიდეთ მორწმუნენო ძნობითა საღმრთოთა, რათა მეოხებითა მისითა ვიხსნნეთ განსაცდელთაგან.

წმიდა დიდმოწამე ეკატერინესი
(ხსენება - 24 ნოემბერი/7 დეკემბერი)

სათნოებითა, ვითარცა მზისა შარავანდედთა, განანათლენ ურწმუნონი ბრძენნი და ვითარცა ყოვლადბრყინვალემან მთოვარემან, ბნელსა შინა მავალთაგან ურწმუნოებისა ბნელი განსდევნე და დედოფალი მორწმუნე-ჰყავ და ზოგად ამხილე მძლავრსა, ღმრთივწოდებულო სძალო, ნეტარო ეკატერინე, და სიხარულით შეხვედი ზეცისა სასძლოსა, ყოვლადშუენიერსა სიძისა შენისა მიმართ, ქრისტესა, და მის მიერ სამეფოჲთა გჳრგჳნითა გჳრგჳნოსან იქმენ, და ანგელოზთა თანა მდგომარე ხარ, ევედრე მას ჩუენ ყოველთათჳს, რომელნი აღვასრულებთ ყოვლადპატიოსანსა საჴსენებელსა შენსა.

წმიდა დიდმოწამისა გიორგისა
(ხსენება - 23 აპრილი/6 მაისი და 10/23 ნოემბერი)

ნათელ-ჰყავ შვილდწილ სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისხენ დიდო მოწამეთა მთავარო, მხნეო გიორგი, ამისთვის გევედრებით, გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა.

წმიდა დიდმოწამისა პანტელეიმონ მკურნალისა
(ხსენება - 27 ივლისი/9 აგვისტო)

ღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

წმიდა დიდმოწამისა დიმიტრი თესალონიკელისა
(ხსენება - 26 ოქტომბერი/8 ნოემბერი)

სამ-გზის სანატრელო, გჳრგჳნო მოწამეთაო, დიმიტრი ღმერთშემოსილო, მოგჳხსენენ წინაშე სამებისა ქებით მადიდებელნი შენნი და გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაჲ.

წმიდა დიდმოწამისა ირინესი
(ხსენება - 5/18 მაისი)

ტარიგი შენი, იესუ, ირინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

წმიდა დიდმოწამისა მარინესი
(ხსენება - 17/30 ივლისი)

ბრწყინვალედ განაშუენე ლამპარი შენი სისხლითა ზეთითა, ბრძენთა მათთანა ქალწულთა, სიძისა მომლოდნელთა, ქალწულთა შორის დიდებულო, მოწამეო მარინე, მეოხ-გუეყავნ ჩუენ.

წმიდა დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა
(ხსენება - დიდმარხვის პირველი შაბათი და 17 თებერვალი/1 მარტი)

იშუებს ტირონი და განსცხრების ღუაწლთა შენთა სიმრავლესა, მჴნეო თეოდორე, ღირსო, აღმოდის კურნებაჲ სასწაულთა შენთა, და ჩუენ, მგალობელთა შენთა გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაჲ.

წმიდათა მოწამეთა დავით და კონსტანტინესი
(ხსენება - 2/15 ოქტომბერი)

მოწამეთა შენთა უფალო დავით და კონსტანტინე ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

წმიდა დიდმოწამისა საქართველოს მნათობისა ქეთევან დედოფლისა
(ხსენება - 13/26 სექტემბერი)

დიდებულებაჲ საწუთოჲსაჲ მოიძულე, დედოფალსა ხათა და ქუეყანისასა ეზიარე, დედოფალო ქეთევან, ჴორცი მოიწუენ სიძისა შენისა ქრისტესთჳს, მას ევედრე ჩუენ მონათა შენთა, ქართველთათჳს.

წმიდა დიდმოწამისა ბარბარესი
(ხსენება - 4/17 დეკემბერი)

ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.

წმიდა მღვდელმოწამისა კვიპრიანესი და იუსტინა ქალწულისა
(ხსენება - 2/15 ოქტომბერი)

საქმით მიემსგავსე მოციქულთა, და საყდართა მათსა ღირს იქმენ, საქმეჲ მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოიტყოდი, და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღუდელ-მთავარო კჳპრიანე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

წმიდა მოწამისა ევსტათი მცხეთელისა
(ხსენება - 29 ივლისი/11 აგვისტო)

ნათლითა ელვარითა შემკულო, მჴნეო მჴედარო ქრისტესო, მოწამეთა მთავარო, ევსტათი, ძით და მეუღლით შენით, მეოხ-გვეყავნ წინაშე ღმრთისა პატივის-მცემელთა შენთა.

წმიდისა მოწამისა შუშანიკ დედოფლისა
(ხსენება - 28 აგვისტო/10 სექტემბერი)

წამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო, წმიდაო შუშანიკ და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევაჲ წარუვალი და აწ კადნიერად მდგეომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკვდავისა ქრისტესა, მეოხ გვეყავ მაქებელთა შენთა, სანატრელო.

წმიდათა და საკვირველთმოქმედთა უვერცხლოთა მკურნალთა კოზმა და დამიანესი
(ხსენება - 1/14 ნოემბერი)

წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო, საკვირველთ მოქმედნო, კოზმა და დამიანე, მოიხილენით და განკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ, და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუენ.

წმიდათა მოწამეთა ბიძინასი და ორთა ძმათა ერისთავთა - ელიზბარისა და შალვასი
(ხსენება - 18 სექტემბერი/1 ოქტომბერი)

ღვაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ-არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქვენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადნიერად ქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.

წმიდა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისა, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა
(ხსენება - 9/22 მაისი და 6/19 დეკემბერი)

მირონ ქალაქისა ბრწყინვალებაო, ლუკიისა შემამკობელო, გლახაკთა სიმდიდრეო, უბრალოთა სიკვდილისა დამხსნელო, დიდო მღვდელმოძღვარო ნიკოლოზ, მეოხ გვეყავ ჩვენ.

წმიდა ბასილი დიდისა, კესარია-კაბადუკიელ მთავარეპისკოპოსისა
(ხსენება - 1/14 იანვარი და 30 იანვარი/12 თებერვალი)

ყოველთა სენთა საკურნებელად, შეცოდებულთა სულთა გამომჴსნელად გამოჩნდი, ყოვლადსანატრელო ბასილი, საღმრთოჲსა მღდელობისა საუნჯეო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა, კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა
(ხსენება - 25 იანვარი/7 თებერვალი და 30 იანვარი/12 თებერვალი)

იშუებენ ერნი და განცხრების ეკელსიაჲ, და იხარებს წმიდა ბრძენთა კრებულნი, ღმრთისა სიტყჳსა საუნჯეო გრიგოლი, მეოხ-გუეყავნ პატივის-მცემელთა შენთა.

წმიდა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა
(ხსენება - 13/26 ნოემბერი და 30 იანვარი/12 თებერვალი)

ხმატკბილად მხმობარეო ორღანო, ოქროისა ნესტო, მდინარე საღმრთოთა სწავლათაო, მვედრელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევებაი, იოანე ოქროპირო, მეოხ გვეყავ წინაშე სამებისა.

წმიდა ათანასე დიდისა, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისა
(ხსენება - 2/15 მაისი)

სუეტ იქმენ მართლმადიდებლობისა საღმრთოთა დოგმატთა მიერ დამამტკიცებელ  ეკლესიისა, მღდელმთავარო ათანასე, რამეთუ თანაარსად მამისა, ქადაგებითა ძისათა, სირცხვილეულ-ჰყავ არიოზი, ღირსო მამაო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

წმიდა კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებელისა
(ხსენება 26 იანვარი/8 თებერვალი)

საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

წმიდა კეთილმსახურისა მეფისა ვახტანგ გორგასალისა
(ხსენება - 30 ნოემბერი/13 დეკემბერი)

ძლევანი ყოვლადდიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნით განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღვაწლითა შენითა განაშუენე და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, მეოხ გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.

ღირსი ბესარიონ ეგვიპტელისა, საკვირველთმოქმედისა
(ხსენება - 6/19 ივნისი)

ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მისითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენნი.

ღირსი მარიამ მეგვიპტელისა
(ხსენება - დიდმარხვის მე-5 კვირა და 1/14 აპრილი)

შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო მარიამ.

ღირსი საბა განწმენდილისა
(ხსენება - 5/18 დეკემბერი)

მთიებო ყოვლადბრწყინვალეო, მადიდებელთა შენთა მფარველო და შესავედრებელო მოსავთა და მგალობელთა შენთაო, ნეტარო საბაო, დაგჳფარენ განსაცდელთაგან.

ღირსი დავით გარეჯელისა
(ხსენება - ამაღლების შემდეგი ხუთშაბათი)

საზრდელითა პირუტყელითა იზრდებოდი სიბრძნითა და ცხოვრებითა ანგელოზებრ სცხოვრებდი, სანატრელო გარეჯელო დავით, დასცნენ მტერნი ჩვენნი, ვითარცა ვეშაპნი იგი.

ღირსი აბბა იოსებ ალავერდელისა
(ხსენება - 15/28 სექტემბერი)

იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირუენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაჲ, მზრუნველი და მეოხი და შეიცვენ ლარნაკთა შენთა და შენ მიერ მოიღებენ ღმრთისაგან მდიდრად წყალობასა, ღირსო იოსებ.

ღირსი შიო მღვიმელისა
(ხსენება - ყველიერის ხუთშაბათი და 9/22 მაისი)

მღჳმე ფრთედ, მიწა მკუეთ ეთერისა ჰქმენ, მთხრებლ კიბედ კამარათა ცისათა, ზესთა ზენაჲსა მყის ამაღლდი სუფევად, მამაო შიო ასურო, სურის ქართველთა შენდა და მოივლტიან სამარხოდ შენდა, მეოხ-გუეყავნ ჩუენ.

ღირსი გიორგი მთაწმინდელისა
(ხსენება - 27 ივნისი/10 ივლისი)

ფშვის ქუეყანაჲ ქართლისაჲ, სუნნელებითა გადმოთარგმანებითა წერილთა შენთაჲთა, და უმეცრებისა გვალვითა განჴმელი ერი ქართველთა, სწავლათა შენთა წჳმისა სიჴშოთა მწყურნები შენდავე მოვივლტით, ითხოვე ღმრთისაგან მშჳდობაჲ ერისა ჩუენისა და ჴსნაჲ მისი უღლისაგან მტერთაჲსა.

ყოველთა წმიდათა
(დღესასწაული - სულთმოფენობის შემდეგი კვირა)

მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, მღვდელთმოძღვარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, მამათმთავარნო და ქალწულნო, და ყოველნო წმიდანო ღვთისანო, მეოხ გვეყვენით წინაშე ღვთისა.