ზიარების წინა ლოცვების წაკითხვა შეიძლება ზიარებამდგ ნებისმიერ დროს, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ ეს არ მოხდეს უშუალოდ ეკლესიაში მსახურებისას. ამიტომ უმჯობესია მათი კითხვა დავიწყოთ წინა საღამოს, მსუბუქი ვახშმის შემდეგ. ეს ლოცვები საკმაოდ ხანგრძლივი დროის საკითხავია და თუ ადამიანს უჭირს - დაღლილობის ან რაიმე უძლურების გამო, დასაშვებია ლოცვების გაყოფა. ამ შემთხვევაში წინა საღამოს წავიკითხავთ ზიარების ლოცვებიდან 9 გალობას და ფსალმუნებს, მეორე დღეს კი - დარჩენილ 12 ლოცვას. შეიძლება ლოცვების სამ ნაწილად გაყოფაც. საჭიროების შემთხვევაში და შესაძლებლობის მიხედვით.

ლოცვები ზიარების წინ

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

50-ე ფსალმუნი

მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

ხმა, ბ. გალობა, ა. ძლისპირი

მოვედით ერნო. უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა ერი თვისი იხსნა ეგვიპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.

გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

პური ცხოვრებისა საუკუნოსა მექმენინ ხორცი წმიდა შენი, მოწყალეო უფალო, და პატიოსანი სისხლი შენი, და სენთა მრავალფერთა განსაკურნებელად, ვითარცა მოწყალე ხარ:

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

სისხლსა მას შენსა, მეუფეო, ყოვლადპატიოსანსა და ხორცსა შენსა ყოვლადწმიდასა ღირს-მყავ მე არა ღირსი მოღებად ჭამად და სმად სურვილით და სარწმუნოებით, ვითარცა მოწყალე ხარ.

დიდება...

შევიგინე მე საქმითა ბოროტითა საწყალობელი, და უხრწნელისა ხორცისა და საღმრთოსა სისხლისა შენისა, უღირსი ესე კვალად ზიარებასა ღირს-მყავ, ვითარცა მოწყალე ხარ:

აწ და...

ჰოი, ქუეყანაო, კეთილო, კურთხეულო სძალო ღმრთისაო, რომელმან უმუშაკოდ გამოიღე თავწარსხმული, ცხოვრებად სოფლისა ღირს-მყავ მე ჭამად ამისაგან, რათა ვსცხოვნდე და გადიდებდე:

გალობა, გ. ძლისპირი

კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე, და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა, და ახარე სულსა ჩემსა, რათა ხმა-ვჰყო შენდა მომართ, მხოლოო რამეთუ არავინ არს წმიდა შენსა გარეშე ღმრთისა ჩუენისა.

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ნაკადულნი ცრემლთანი, ქრისტე, მომმადლენ მე ბილწებათა გულისა ჩემისათა განწმედად, რამეთუ წმიდითა სვინდისითა განათლებული სარწმუნოებით მოვიდე შიშით მეუფეო, ზიარებად საიდუმლოთა შენთა.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა მექმნენინ მე უხრწნელი ხორცი შენი, და საღმრთო სისხლი __ სულისა წმიდისა ზიარებად და ცხოვრებად საუკუნოდ, კაცთ-მოყვარეო, და ვნებათა და ჭირთაგან გამომხსნელ და მაცხოვარ.

დიდება...

ღირს-მყვენ ჩუენ უფალო ხორცსა შენსა ზიარებად დაუსჯელად, და სისხლსა შენსა პატიოსანსა-განწმედად სულთა და ხორცთა. და რათა მექმნეს განმანათლებელ გონებისა და ვადიდებდე, ქრისტე, სახიერებათა შენთა.

აწ და...

პურისა ცხოვრებისა ტრაპეზო, ყოვლადწმიდაო, მოწყალებათათვის ზეცით გარდამოსრულისა და ახლისა ცხოვრებისა სოფლისა მომნიჭებელად ღირს-მყავ მეცა აწ უღირსი შიშით ამისსა გემოს ხილვად, რათა ვცხონდე.

გალობა, დ. ძლისპირი

მოხვედ, ჩუენდა ქალწულისაგან, არა ანგელოსი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ, დიდებასა ძალსა შენსა.

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ინებე რა ჩუენთვის ხორცთ-შესხმა, მრავალმოწყალეო უფალო, შეიწირე ვითარცა ცხოვარი ცოდვათათვის კაცთასა, ამისთვის ხოლო გევედრები, შენ, ჩემთაცა განქარვებად შეცოდებათა.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

განკურნენ სულისა ჩემისა წყლულებანი უფალო და სრულიად განმწმიდე და ღირს-მყავ, მეუფეო, ზიარებად საიდუმლოთა შენთა საღმრთოსა სერობასა უბადრუკი.

დიდება...

ვსდგეთ ყოველნი უკუე შიშით და ძრწოლით და მოწიწებით. თვალნი სულისანი ზე გვაქვდნენ, და მაცხოვრისა მიმართ ვხმობდეთ, დაგვამტკიცენ და გულისხმიერ გვყვენ ჩუენ, ღმერთო მოწყალეო, შიშსა შენსა.

აწ და...

მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა სახიერო ძე შენი, დედუფალო, და დამიცევ მე, შეუგინებელად, და უბიწოდ მონა შენი, და უვნებელად, რათა შევიწყნარო გონიერი მარგარიტი და წმიდა ვიქმნე.

გალობა, ე. ძლისპირი

ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელსა მცნებათა შენთასა დამამტკიცენ ჩუენ, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხვა ღმერთი არა ვიცით.

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ვითარცა სთქუ პირველად, ქრისტე, იქმენ აწ ჩემთანა, მდაბლისა ამისა მონისა შენისა, და ჩემთანა დაადგერ, ვითარცა აღმითქუ, რამეთუ, აჰა ესერა ვსჭამ ხორცსა შენსა საღმრთოსა, და ვსვამ სისხლსა შენსა:

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

სიტყვაო ღმრთისაო და ღმერთო, ნაკვერცხალ მექმენინ მე წმიდა ხორცი შენი განმანათლებელ ჩემ დაბნელებულისა ამის, და განმწმედელ მწიკვლევანებასა, სულისა ჩემისასა სისხლი შენი.

დიდება...

შემწიკვლებული სული და ბაგენი მქონან არა წმიდანი. და აწ ვერ ძალმიძს მიახლებად შენდა ქრისტე, და მოღებად ხორცსა შენსა, არამედ შენ გამომაჩინე ღირსად.

აწ და...

მარიამ, დედაო ღმრთისაო, სუნნელებისა შვენიერო სამკვიდრებელო, ლოცვითა შენითა ჭურად რჩეულად გამომაჩინე, რათა ზიარ ვიქმნე სიწმიდეთა საღმრთოთა ძისა შენისათა.

გალობა ვ, ძლისპირი.

ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე, და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვილტვი, აღმომიყვანე სახიერ, დანთქმისაგან ღმერთო ჩემო, გევედრები.

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

გონება, სული და გული წმიდა ჰყვენ მაცხოვარ, და ხორცნიცა ჩემნი, და ღირს-მყავ მეუფეო, დაუსჯელად მიახლებად, საშინელთა საიდუმლოთა შენთა.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

რათა უცხო ვიქმნე ვნებათაგან, შენითა მადლითა, და ღირსვიქმნე ქონებად, მოგებად გონებისა სიმტკიცესა, ზიარებისათვის წმიდათა შენთა საიდუმლოთა.

დიდება...

შიშით და ძრწოლით მივეახლნეთ ყოველნი საღმრთოთა საიდუმლოთა მეუფისათა, და წმიდა ხორცი მისი მოვიღოთ. წმიდა და ყოვლად პატიოსანი სისხლი მისი.

აწ და...

ღმერთო და სიტყვაო ღმრთისაო, წმიდაო წმიდა-მყავ მე სრულიად აწ მომავალი საღმრთოთა მიმართ შენთა საიდუმლოთა, წმიდისა დედისა შენისა ვედრებითა:

კონდაკი, ხმა, ბ. ზენათა ძიებითა

საღმრთოსა ხორცისა და სისხლისა, მოღება ქრისტე, განსაწმედელ მექმენინ ნუ დასასჯელ ამით ზიარება, და ნუ თანა-მდებ, არამედ განსაწმედელ შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ზიარებად ცხოვრებისა საუკუნოსა და უკვდავებისა.

გალობა, ზ. ძლისპირი

ხატისა მისთვის ოქროსა, რომელი იმსახურა, ველსა მას დეირისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხყვეს მძლავრისა მის, და შეითხივნეს სახმილსა მას, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო:

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

წყარო სახიერებისა, არს ზიარება ქრისტე, უკვდავთა შენთა საიდუმლოთა, აწ უკვე მექმენინ მე წყარო სახიერებისა, ნათელ უვნებელობისა, და სათნოებისა მიმართ უწმიდესობა, და წარმართებისა და აღმატებისა მონიჭება, მხოლოო სახიერო, რათა გადიდებდე.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

რათა განვერნეთ ვნებათაგან მტერისათა, იწროებათა და ყოველთაგან სალმობათა შიშით, სიყვარულით და სურვილით კაცთმოყვარე, მოვილტვი აწ, შენისა მიმართ უკვდავისა და საღმრთოსა საიდუმლოსა და გიგალობ შენ: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

დიდება...

სულო ჩემო უბადრუკო, სულო ვნებულო, შეძრწუნდი მხედველი საიდუმლოსა დიდებულსა. სულთქმით ცრემლეოდე მკერდსა ცემით, ხმობდი და იტყოდი _ ღმერთო განმწმიდე მე ვითარცა მეძავი ცოდვათა ჩემთაგან ღმერთო მამათა ჩუენთაო:

აწ და...

მაცხოვარი ქრისტე შევ ზესთა ცნობისა ღმრთივ-მიმადლებულო, გევედრები შენ წმიდასა, ლმობიერად მონა შენი არაწმიდა, მნებებელი აწ, ყოვლადწმიდათა მიმართ საიდუმლოთა მიახლებად, განმწმიდე მე, ყოვლისაგან შეგინებისა, ხორცთა და სულისა.

გალობა, ე. ძლისპირი

სახმილად გარდამოსულსა, ყრმათა ებრაელ-თათვის ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცვარად შესცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

წმიდისა ზეციერისა, და შესაძრწუნებელისა საიდუმლოსა, და საღმრთოსა სერობისა, საიდუმლოდ ზიარებასა, ღირს-მყავ. აწ სასოწარკვეთილი ესე, ქრისტე ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

მოწყალებისა შენისა მომართ მოვილტვი სახიერ, და ვხმობ შიშით, ჩემთანა ეგე მაცხოვარ, და მე შენთანა ვითარცა სთქუ, რათა ესერა მინდობითა წყალობათა შენთათა ვსჭამ ხორცსა, და ვსვამ სისხლსა შენსა.

დიდება...

ვსძრწი შეწყნარებად ცეცხლისა, ნუ უკვე შემწვას, ვითარცა ცვილი, და ვითარცა თივა, ჰოი, საშინელი საიდუმლო, ჰოი, მოწყალება ღმრთისა თუ ვითარ, საღმრთოსა ხორცსა და სისხლსა მე თიხა, ესე ვეზიარო და უკვდავ ვიქმნე.

აწ და...

საღმრთო პური ცხოვრებისა საშოსა შენსა ღმრთისა დედაო, ჭეშმარიტად შეიცხო, და დაიცვა უვნებელად უბიწოო. ამისთვისცა, ვითარცა მზრდელსა ჩუენსა გიგალობთ შენ ყოველნი, უკუნისამდე.

გალობა, თ. ძლისპირი

დაუსაბამოსაგან მამისა ძე ღმრთისა გამოსჩნდა ქალწულისაგან, მხსნელად ჩუენდა განხორციელდა. განგვანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რათა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ:

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

განიცადეთ და იხილეთ, ქრისტე არს უფალი, რათა ჩუენთვის მსგავს ჩუენდა, ქმნილი მოვიდა, და კვალად მომავალ არს. და ერთ გზის თავი თვისი შესწირა, ვითარცა მსხვერპლი თვისისა მამისა, და მარადის დაიკლვის განწმედად მიმღებელთა მისთა:

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

სული ჩემი ხორცთა თანა განსწმიდე მეუფეო, და განანათლე შენ საღმრთოდ, რათა იქმნას სახლ შენდა, და ზიარ იქმნას საიდუმლოთა შენთა, სიწმიდით ერთ არსად მამისა თანა, და სულისა შენისა თანა მცნობელი კეთილისმყოფელო და მრავალმოწყალეო:

დიდება...

ვითარცა ცეცხლი მექმენინ მე, და ვითარცა ნათელი ხორცი შენი, და სისხლი შენი პატიოსანი მაცხოვარო ჩემო, შემწველ ცოდვათა ნივთსა და დამწველ ეკალსა ვნებათასა, და ყოვლითურთ განმანათლე მე, თაყვანისმცემელი შენისა ღმრთაებისა.

აწ და...

ღმერთი განხორციელდა წმიდათა სისხლთა შენთაგან, რომლისათვისცა ყოველი ნათესავი გიგალობს შენ დედოფალო, და სიმრავლე გონიერთა გადიდებს, ვითარცა შენ მიერ ბრწყინვალედ მხილველნი, ყოველთა მეუფისა ბუნებით კაცთათა.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ტროპარი დღისა ანუ დღესასწაულისა, ხოლო უკეთუ არს ალილუია ესენი:

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

უფალო შეგვიწყალენ (40-ჯერ).

და ლოცვა ესე სერობისა.

უბიწოო, შეუგინებელო, უხრწნელო, ღვთისა სძალო დედოფალო, რომელმან დიდებულითა შობითა შენითა კაცნი ღმერთსა შეაერთნენ და განგდებული ბუნება ნათესავისა ჩუენისა ზეცისა ძალთა შეაერთე, უსასო ქმნილთა სასოებაო, მბრძოლვილთა შემწეო, განმზადებულო ხელის აღმპყრობელო შენდა მოლტოლვილთაო და ყოველთა ქრისტეანეთა შესავედრებელო.

ნუ მომიძაგებ მე ცოდვილსა ამას, რომელმან შეკრებითა ბილწთა გულისთქმათა, ყოვლითურთ სიტყვით და საქმით თავი ჩემი უცხო ვყავ, გემოსა და უდებებასა მეცნიერებით დავემონე, არამედ ვითარცა კაცთნოყვარე და დედა კაცთმოყვარისა ღვთისა, მოწყალე იქმენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა. შეიწირე მწიკვლევანთაგან ბაგეთა შეწირული ვედრება ჩემი, მხედველმან ძისა შენისა, მიმართ, მეუფისა და უფლისა ჩუენისა, დედობრივისა კადნიერებისამან, შეიწირე, რათა განმიხვნეს მე ნაწლევნი თვისისა სახიერებისა და კაცთმოყვარებისანი და უგულებელ-ყვნეს ჩემნი აურაცხელნი შეცოდებანი.

მომაქციე მე სინანულად და მცნებათა მისთა მუშაკად გამოცდილად გამომაჩინე მე და მექმენ მე კეთილისმოყვარე, მარადის თანალმობილ მოწყალე და აწინდელსა ამას ცხოვრებასა მხურვალე ზედამდგომელ და შემწე, წინააღმდგომთა ძალთა მაოტებელ და ცხოვრებისა მიმართ წარმმართებელ, და ჟამსა განსვლისა ჩემისასა შეეწიე უბადრუკსა სულსა ჩემსა, და ბნელნი იგი პირნი ბოროტთა ეშმაკთანი შორს განიოტენ ჩემგან.

ხოლო საშინელსა მას დღესა განკითხვისასა, საუკუნოსა სასჯელისაგან მიხსენ და გამოუთქმელსა მას დიდებასა ძისა შენისასა და ღვთისა ჩვენისასა მკვიდრად გამომაჩინე, რომლის მი-მცა მთხვეულ ვართ, დედოფალო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეწევნითა და შუამდგომელობითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხოლო ხვალისა შემდგომად ჟამნისა ჩვეულებრივსა მის ლოცვისა, რომელიცა ინებებს ზიარებად იტყვის, კურთხეულ არს.., ესრეთ

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.*

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ),

დიდება, აწ და...

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

22-ე ფსალმუნი:

უფალმან მმწყსოს მე და არა მაკლდეს. ადგილსა მწვანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალ-თა ზედა განსასვენებელთასა გამომზარდა მე. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან _ ამათ ნუგეშინის-მცეს მე. განჰმზადე წინაშე ჩემსა ტაბლა წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასმელმან შენმან დამათროს მე ვითარცა ურწულმან. წყალობა შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.

23-ე ფსალმუნი:

უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა. რამეთუ მან თავადმან ზღვათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განჰმზადა იგი. ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? უბრალო ხელითა და წმიდა გულითა, რომელმან არა აღიღო ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცა ზაკვით მოყვასსა თვისსა. ამან მოიღოს კურთხევა უფლისაგან და წყალობა ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა. აღახვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, და აღახვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისა. ვინ არს ესე, მეუფე დიდებისა? უფალი ძლიერი და მტკი-ცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა. აღახვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისა. ვინ არს ესე, მეუფე დიდებისა? უფალი ძალთა თავადი არს მეუფე დიდებისა.

115-ე ფსალმუნი:

მრწმენა, მე რომლისთვისცა ვიტყოდე, ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად. და ვსთქუ განკვირვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს. რა მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე? სასუმელი ცხოვრებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო. ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა. ჰოი უფალო, მე მონა შენი, მე მონა შენი და ძე მხევლისა შენისა; განხეთქენ საკრველნი ჩემნი. შენდა შევწირო მსხვერპლი ქებისა და სახელსა უფლისასა ვხადო. ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალემ!

დიდება.., აწ და...

ალილულია 3-ჯერ. მეტანია 3-გზის.

ტროპარი. ხმა 3

უსჯულოებანი ჩემნი უგულებელსყვენ უფალო, ქალწულისაგან შობილო, და გული ჩემი განსწმიდე, და ტაძარ მყავ მე უხრწნელისა ხორცისა და სისხლისა შენისა, ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, მხოლოო რომელსა გაქვს დიდი წყალობა.

დიდება...

ზიარებად სიწმიდეთა შენთა ვითარ ვიკადრო არა ღირსმან, ხოლო უკეთუ ვიკადრო შენდა წარმოდგომად ღირსთა თანა, სამოსელი ჩემი მამხილებს, რათა არა არს სერობისა, დასჯილება და მხილება, და შეგინება მრავალმცოდველისა სულისა ჩემისა განსწმიდე უფალო, და მაცხოვნე მე, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ:

აწ და...

აურაცხელ არიან სიმრავლენი ცოდვათა ჩემთანი წმიდაო ღმრთისმშობელო, შენდა მოვივლტი ქალწულო უბიწოო, და ვითხოვ წყალობასა. მოხედენ წყლულებასა ზედა სულისა ჩემისასა ევედრე ძესა შენსა, და ღმერთსა ჩუენსა, მოტევებად ურიცხვთა მათ ბრალთა ჩემთა, მხოლოო კურთხეულო:

ხოლო წმიდასა და დიდსა ხუთშაბათს სთქუ ესე: ხმა 7

რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყვარეობისა სენითა დაბნელდებოდა და უსჯულოთა მსაჯულთა შენ მართალსა მსაჯულსა მიგცემდა. იხილეთ, ჰოი, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისა, რომელმან მისთვის შიშთვილიბა. და ივლტოდით უძღებისა მისგან სენისა, რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესე ვითარი იკადრა. არამედ, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგენ კაცთმოყვარე ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.

უფალო შეგვიწყალენ (40-ჯერ) და მეტანია რაოდენიცა გენებოს.

ოდეს გენებოს ხორცი სამეუფო მიღებად ჰოი, კაცო: შიშით მიეახლე, რათა არა დაიწვა, რამეთუ ცეცხლი არს: და რაჟამს გენებოს შესმად სისხლი საღმრთო, და შერთუა მისთანა: დაეგე პირველ მაწუხებელთა შენთა და ესრეთ სასოებით მივედ ჭამად, საიდუმლოსა მის.

ლოცვა წმ. დიდისა ბასილისა

მეუფეო, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, წყაროო ცხოვრებისა და უკვდავებისაო, ყოვლისა დაბადებულისა, ხილულისა და უხილავისა შემოქმედისა, დაუსაბამოსა მამისა თანა სამარადისოო, ძეო და თანა დაუსაბამოო, რომელმან მრავლისა სახიერებისათვის, უკანასკნელთა დღეთა, ხორცნი შეიმოსენ, და ჯვარს ეცვი და დაიკალ, ჩუენ უმადლოთა და ძვირისმოქმედთათვის, და თვისითა სისხლითა განაახლე განხრწნილი ცოდვითა ბუნება ჩუენი. თვით უკვდაო მეუფეო, შეიწირე ჩემ ცოდვილისა სინანული, და მოჰყავ ყური შენი ჩემდა და ისმინე სიტყვათა ჩემთა, რამეთუ ვსცოდე, უფალო, ვსცოდე ცად მიმართ, და არა ვარ ღირს აღხილვად სიმაღლედ მიმართ დიდებისა შენისა, რამეთუ განვარისხე სახიერება შენი, და მცნებათა შენთა გარდავხედ, არცა ვისმინე ბრძანებათა შენთა, არამედ შენ, უფალო, რომელი ძვირ-უხსენებელ ხარ, სულგრძელ და მრავალმოწყალე, არა მიმეც მე წარწყმედად უსჯულოებათა თანა ჩემთა, მარადის მომლოდნემან ჩემისა მოქცევისამან, რამეთუ შენ სთქუ, კაცთმოყვარეო, წინასწარმეტყველისა შენისა მიერ, ვითარმედ: „ნებსით არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი“. რამეთუ არა გნებავს, მეუფეო, ხელთა შენთა დაბადებულისა წარწყმედა, და არცა გთნავს წარწყმედა კაცთა, არამედ, გნებავს ყოველთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. ამისთვისცა დაღაცათუ არა ღირს-ვარ ცასა და ქვეყანასა, და ამასცა საწუთოსა ცხოვრებასა, ყოვლითურთ თავი ჩემი დავამორჩილე ცოდვასა და გემოთა დავემონე, და ხატი შენი უხმარვჰყავ, არამედ ვინათგან ქმნული და დაბადებული შენი ვარ, არა უმეცარ ვარ თვისსა ცხოვრებასა საწყალობელი, არამედ აურაცხელისა მოწყალებისა შენისა მომართ კადნიერად მოვალ; შემიწყნარე უკვე მეცა, კაცთმოყვარეო უფალო, ვითარცა მეძავი, ვითარცა ავაზაკი, ვითარცა მეზვერე, და ვითარცა უძღები, და აღიღე ტვირთი მძიმე ცოდვათა ჩემთა, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, და უძლურებანი კაცთა განჰკურნენ, და მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა შენდა მოუწოდე განსვენებად; რომელი არა მოხვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად, განმწმიდე მე ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და მასწავე მე სრულყოფად სიწმიდითა შიშსა შინა შენსა, რათა წმიდითა მოწამებითა სინდისისა ჩემისათა, სიწმიდეთა შენთა ნაწილსა შემწყნარებელი, შევერთო წმიდასა ხორცსა შენსა და სისხლსა, და მაქვნდე შენ დამკვიდრებულად, და ეგო ჩემ-შორის თანა მამით და სულით წმიდითურთ. ჰე, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, რათა არა სასჯელ მეყოს მე ზიარება ყოვლადწმიდათა და ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა შენთა, ნუცა უძლურ ვიქმნე სულით და ხორცით, რომელთაცა უღირსად ვეზიარები, არამედ მომეც მე ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვად ჩემდამდე, დაუსჯელად მოღებად ნაწილი სიწმიდეთა შენთა, სულისა წმიდისა ზიარებად, საგზალ ცხოვრებისა საუკუნოსა, და კეთილ-მითვალულ სიტყვისსაგებელ წინაშე საშინელსა სამსჯავროსა შენსა, რათა მეცა ყოველთა რჩეულთა შენთა თანა, ზიარ ვიქმნე უხრწნელთა კეთილთა შენთა, რომელი განუმზადე მოყვარეთა შენთა, უფალო, რომელი მათთანა დიდებულ ხარ უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა წმ. მამისა იოანე ოქროპირისა. 2

უფალო ღმერთო ჩემო, უწყი, რამეთუ არა ვარ ღირს, არცა კმა, რათა სართულსა ქვეშე სახლსა სულისა ჩემისასა შემოხვიდე, ამისთვისცა, რამეთუ სრულიად ოხერ და დაცემულ არს, და არა გაქვს ჩემს შორის ადგილი ღირსი, სადა თავი მიიდრიკო, არამედ, ვითარცა მაღლით დაიმდაბლე თავი თვისი ჩუენთვის, აწცა მიითვალე სიმდაბლე ჩემი, და ვითარცა თავს-იდევ ქვაბსა შინა შობა, და ბაგასა უსიტყვთასა მიწვენა, ეგრეთვე ღირს-იჩინე ბაგასა უსიტყვისა სულისა ჩემისასა, და შეგინებულთა ხორცთა ჩემთა შემოსლვად, და ვითარცა არა უღირს-იჩინე შესვლად და სერობად ცოდვილთა თანა სახლსა სვიმონ კეთროვნისასა, ეგრეთვე სათნო-იყავ შემოსლვად სახლსა მდაბლისა სულისა ჩემისასა კეთროვანსა და ცოდვილსა, და ვითარცა არა განაგდე მსგავსად ჩემსა მეძავი, და ცოდვილი მოსრული და შემხებელი შენდა, ეგრეთვე შემიწყნარე მეცა ცოდვილი, მოსრული და შემხებელი შენი და ვითარცა არა მოიძაგე მწიკვლევანი იგი პირი მისი, და არა-წმიდა ამბორისმყოფელი შენი. ნუცა ჩემსა მოიძაგებ უმწიკვლევანესსა მისსა პირსა, და უარაწმიდესსა, ნუცა საძაგელთა და უარაწმიდესთა ბაგეთა, და შეგინებულსა და არაწმიდასა ენასა ჩემსა, არამედ მეყავნ მე ნაკვერცხალი ყოვლადწმიდისა ხორცისა, და უხრწნელისა სისხლისა შენისა, განმწმედელ და განმანათლებელ, და სიმრთელე მდაბლისა სულისა და ხორცთა და აღმასუბუქებელ სიმძიმისა მრავალთა ცოდვათა ჩემთასა, და საცოდ ყოვლისა საეშმაკოსა მოქმედებისა, საძლეველ და შესაბრკოლებელ ძვირთა და ბოროტთა ჩვეულებათა ჩემთა, მომაკვდინებელ ვნებათა, დაცვად მცნებათა შენთა, შეძინებად საღმრთოსა მადლისა შენისა და თვისებად სუფევისა შენისა, არა ვითარცა შეურაცხ-მყოფელი მოვალ შენდა, ქრისტე ღმერთო, არამედ, ვითარცა კადნიერი გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა, რათა არა მრავალ-ჟამ განშორებული ზიარებისა შენისა, სანადირო ვიქმნე გონიერისა მგელისა; ამისთვის გევედრები შენ, რამეთუ მხოლოო ოდენ წმიდა ხარ, მეუფეო, განსწმიდე სული ჩემი და ხორცნი, გონება და გული, თირკმელნი, და ნაწლევნი, და ყოვლითურთ განმაახლე მე, და დანერგე შიში შენი ასოთა შინა ჩემთა, და სიწმიდე შენი მოუკლებელ-ყავ ჩემგან და მექმენ შემწე და ხელისაღმპრობელ, წარმართე მშვიდობასა შინა ცხოვრება ჩემი, და ღირს-მყავ მე მარჯვენით დგომად წმიდათა შენთა თანა, ოხითა და ვედრებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, უსხეულოთა მსახურთა და უხრწნელთა ძალთა, და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთათა, ამინ.

ლოცვა წმ. სიმეონ მეტაფრასისა, 3

მხოლოო წმიდაო და უხრწნელო უფალო, რომელმან გამოუთქმელითა წყალობითა კაცთმოყვარეობისათა, ყოვლითურთ მიიღე თბე ჩუენი წმიდათა ქალწულებრივთა სისხლთაგან, და იშევ შენ ზესთა ბუნებისა მოსლვითა საღმრთოსა სულისათა და სათნოყოფითა სამარადისოსა მამისათა, ქრისტე იესო, სიბრძნეო ღმრთისაო, მშვიდობაო და ძალო, რომელმან სიმდაბლითა შენითა ცხოველსმყოფელი და საცხოვნებელი ვნება შეიწყნარე, ჯვარი, სამსჭვალნი, ლახვარი და სიკვდილი, მოაკვდინენ სულისაცა ჩემისა განმხრწნელნი ხორცთა ვნებანი; რომელმან დაფლვითა შენითა ჯოჯოხეთისა მეუფება წარმოსტყვენე. დაჰფლენ კეთილისა გულის-სიტყვისა მიერ ჩემნიცა ბოროტნი გულის-ზრახვანი, და ბოროტნი სულნი განაქარვენ, რომელმან მესამისა დღისა ცხოვრება-შემოსილითა აღდგომითა შენითა პირველი მამა აღადგინე დაცემული, აღმადგინე მეცა ცოდვისა მიერ შებრკოლებული, სინანულისა სახისა დადებითა, რომელმან დიდებულითა ამაღლებითა შენითა განღმრთობილი ხორცი, რომელ მიიღე, ამას მარჯვენით მამისა ჯდომითა პატივ-ეც, ღირსმყავ მეცა ზიარებითა წმიდისა შენისა საიდუმლოსათა, მარჯვენით ნაწილსა ცხონებულთასა მიმთხვევად; რომელმან მოსვლითა ნუგეშინისმცემელისა სულისა შენისათა, ჭურჭელ-პატიოსან ჰყვენ სამღვდელონი მოწაფენი შენნი, მეცა მადლისა მათისა შემწყნარებელად და ზიარებად გამომაჩინე; რომელსა გეგულვების კვალად მოსვლა განკითხვად სოფლისა სიმართლით, სათნო-მიყავ მეცა, რათა მიგეგებო ღრუბლითა მსაჯულსა და შემოქმედსა ჩემსა ყოველთა წმიდათა შენთა თანა, რათა მოუკლებლად დიდების-გმეტყველებდე და გიგალობდე შენ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით და ყოვლად წმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მისივე, 4

ვითარცა საშინელისა და პირუთვნელისა სამსჯავროსა შენისა წინაშე მდგომარე ქრისტე ღმერთო დასჯისასა მომღები, და სიტყვისგებად ბოროტთა საქმეთა ჩემთათვის. ეგრეთ დღეს პირველ მოწევნამდე დღისა, მის დასჯისა ჩემისასა, წმიდისა საკურთხეველისა მიმართ მდგომარე ვარ წინაშე შენსა, და წინაშე საშინელთა, და წმიდათა ანგელოსთა, შენთა, დასჯილი თვისისა სინდისისაგან, მოვიხუამ ბოროტთა, და უსჯულოებისა ჩემისა საქმეთა განვაცხადებ მათ და განვაქიქებ, იხილე უფალო სიმდაბლე ჩემი, და მომიტევენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი. იხილე, რამეთუ განმრავლდეს უფროს თმათა თავისა ჩემისათა უსჯულოებანი ჩემნი, რომელი უკუე ბოროტი არა ვქმენ, რომელი ცოდვა არა ვყავ, რომელი ძვირი არა გამოვისახე სულსა შინა ჩემსა ხოლო საქმითაცა ვქმენ სიძვა, მრუშება, ამპარტავნება, ზვაობა, ფიცი, გმობა, უქმისმეტყველება, სიცილი უჯერო, მთვრალობა, ნაყროვანება, უძღებება, სიძულვილი, შური, ვეცხლისმოყვარება, სახმართმოყვარება, ანგარება, თავისმოყვარება, დიდებისმოყვარება, ტაცება, უსამართლობა, საძაგელის-შეძინება, ხდომა, წყევა, უსჯულოება, ყოველნი საცნობელნი ჩემნი და ყოველნი ასონი შევაგინენ, განვხრწენ, უხმარვყვენ, და ყოვლითურთ საფარდულ ეშმაკთა ვიქმენ, და უწყი უფალო, რამეთუ უსჯულოებანი აღემატნეს თავსა ჩემსა, არამედ აურაცხელ არს სიმრავლე მოწყალებათა შენთა, და წყალობა გამოუთქმელისა ძვირ-უხსენებელობისა შენისა სახიერება, და არა არს ცოდვა მძლე კაცთმოყვარებისა შენისა. ამისთვისცა ყოვლადსაკვირველო მეუფეო ძვირუხსენებელო უფალო, საკვირველ-ჰყავ წყალობა შენი ჩემ ცოდვილსა ზედა. მიჩუენე ძალი სიტკბოებისა შენისა, და გამომიცხადე სიმტკიცე კეთილ-ნაწლეობისა შენისა, და შემიწყნარე მე ცოდვილი მოქცეული, ვითარცა შეიწყნარე უძღები, ავაზაკი და მეძავი, შემიწყნარე მეცა, რომელმან უზომოდ ვსცოდე შენდამი სიტყვით და საქმით, და გულისთქმითა უჯეროთა და გულისსიტყვითა უსიტყურითა. და ვითარცა მეათერთმეტისა ჟამისა მოსრულნი შეიწყნარენ, რომელთა ვერარა ღირსი სასყიდლისა იმოქმედეს, ეგრეთ შემიწყნარე მეცა ცოდვილი, რამეთუ ფრიად ვსცოდე, და შევიგინე, და შევაწუხე სული შენი წმიდა, და განვამწარენ კაცთმოყვარენი, ნაწლევნი შენნი, და საქმით, და სიტყვით, და გონებით, ღამესა შინა, და დღესა შინა, ცხადად და დაფარულად, ნებსით და უნებლიეთ. და უწყი, რამეთუ წარმოადგენ ცოდვათა ჩემთა, ჩემ წინაშე ეგე ვითართა, რომელნი იქმნეს ჩემ მიერ და მიმხდი სიტყვასა მათთვის, რომელნიცა მეცნიერებით ვსცოდე შეუნდობელად. არამედ უფალო, უფალო, რათა არა მართლითა მსჯავრითა შენითა, არცა გულისწყრომითა შენითა მამხილო მე. მიწყალე მე უფალო, რამეთუ არათუ მხოლო ოდენ უძლურ ვარ, არამედ დაბადებული შენი ვარ. შენ უკვე უფალო დაამტკიცე ჩემ შორის შიში შენი, ხოლო მე ბოროტი შენ წინაშე ვყავ. შენ მხოლოსა შეგცოდე. არამედ გევედრები, ნუ შეხვალ სასჯელსა მონისა შენისა თანა. რათა უკეთუ უსჯულოებათაებრ მომაგებდე უფალო, უფალო ვინმე დაგითმოს, რამეთუ მე ვარ უფსკრული ცოდვათა, და არა ვარ ღირს, არც კმა აღხილვად, და ხილვად სიმაღლესა ცისასა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩემთასა, რომელთა არა არს რიცხვი. რათა ყოველი ბოროტისმეტყველება, და ხელოვნება საეშმაკო, და განმხრწნელობა, ხდომა, ჩუკენობა, წულთმხრწნელობა, ძვირის ხსენება, წურთა ცოდვისა მიმართ უსიტყვება, და სხვანი რიცხვით ბევრნი ვნებანი, არა მოაკლდეს ჩემგან, რამეთუ რომლითა ცოდვითა არა განვიხრწენ. რომლითა ბოროტითა არა შევიპყარ. ყოველი ცოდვა ვქმენ, ყოველი არაწმიდება დავისახენ სულსა შინა ჩემსა, უხმარ-ვიქმენ შენ ღმრთისა ჩემისა, და კაცთა. ვინ აღმადგინოს მე ესე ვითართა ბოროტთაგან, ესე ვითარად დაცემული შეცოდებითა. უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გესავ, უკეთუ არსღა ჩემდა სასოება ცხოვრებისა. სძლოს კაცთმოყვარებამან შენმან სიმრავლესა უსჯულოებათა ჩემთასა. მეყავნ მე მაცხოვარ, და მოწყალებისაებრ შენისა, და წყალობისა შენისა მილხინე. მომიტევე, შემინდევ მე ყოველი, რაოდენი გცოდე შენ, რამეთუ მრავლითა ბოროტითა აღივსო სული ჩემი, და არა არს ჩემ შორის სასოება ცხოვრებისა. მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, და ნუ მომიძაგებ მე საქმეთაებრ ჩემთა, და ნუ დამსჯი მე მოქმედებათაებრ ჩემთა, არამედ მომაქციე, შემეწიე, და იხსენ სული ჩემი შემთხვევათაგან მათთა ბოროტთა, და ძვირთა ცთომათაგან. მაცხოვნე მე წყალობისა შენისთვის, რათა სადაცა განმრავლდეს ცოდვა, მუნ უფროს გარდაემატოს მადლი შენი, და გაქებდე, და გადიდებდე შენ ყოვლადვე, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა. რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთა, და მაცხოვარი შეცოდებულთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლადწმიდით, და სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა წმ. მამისა იოანე დამასკელისა, 5

მეუფეო უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელსა მხოლოსა გაქვს ხელმწიფება კაცთა ცოდვათა მოტევებისა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, უგულებელსჰყვენ ყოველნი შეცოდებანი ჩემნი მეცნიერებით და უმეცრებითნი, და ღირს მყავ მე დაუსჯელად ზიარებად საღმრთოთა და დიდებულთა, და უხრწნელთა და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა შენთა, ნუ სიმძიმედ, ნუცა სატანჯველად, ნუცა დასართველად ცოდვათა, არამედ სალხინებელად და წმიდამყოფელად და წინდად მერმისა ცხოვრებისა და სუფევისა, და ზღუდედ და შემწედ, და საძლეველ წინააღმდგომთა და აღსახოცელ მრავალთა შეცოდებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთმოყვარებისა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა დიდისა ბასილისა, 6

უწყი, უფალო, რამეთუ უღირსად მოვიღებ უხრწნელსა ხორცსა შენსა და პატიოსანსა სისხლსა შენსა, და თანამდებ ვარ დასასჯელად თავისა ჩემისა, ვსჭამ და ვსვამ, ვერ განმკითხველი ხორცისა და სისხლისა შენ ქრისტესა და ღმრთისა ჩემისასა; არამედ წყალობისა შენისა მომართ კადნიერად მოვალ შენდა მეტყველისა: „რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, ჩემ შორის ჰგიეს და მე მის შორის“. მოწყალე იქმენ უკვე, უფალო, და ნუ მამხილებ მე ცოდვილსა, არამედ ჰყავ ჩემთანა წყალობისაებრ შენისა, რათა მექმნას მე წმიდა ესე საკურნებელ და განმწმედელ და განმანათლებელ, და მცველად და მაცხოვრად, და წმიდამყოფელად სულისა და ხორცთა საძლეველ ყოვლისა საოცრებისა და ბოროტისმოქმედებისა, და საქმისა საეშმაკოსა საცნაურად ასოთა შინა ჩემთა მოქმედებულისა, კადნიერებად და სიყვარულად შენდა, წარსამართებელად ცხოვრებისა, და უცთომელად აღმატებად სათნოებისა და სისრულედ და აღსრულებად მცნებათა, სულისა წმიდისა ზიარებად საგზლად ცხოვრებისა საუკუნოსა, სიტყვის-საგებელ, კეთილმითვალულ საშინელსა საყდარსა შენსა, ნუ სასჯელად, ნუცა დასასჯელად.

სხვა ლოცვა საღმრთოთაგან თქმულთა წმიდისა ზიარებისა, სიმეონ ახლისა ღმრთის-მეტყველისა 7

შეგინებულთაგან ბაგეთა, საძაგელისაგან გულისა, არა-წმიდისაგან ენისა, სულისაგან შემწიკულებულისა, შეიწირე ვედრება ჩემი ქრისტე ჩემო, და ნუ უგულებელს-ჰყოფ, ნუცა სიტყვათა, ნუცა სახეთა, ნუცა ურცხვინოებათა. მომეც კადნიერებით სიტყვად, რომელიცა მნებავს ქრისტე ჩემო, უფროსღა მასწავე მე, რა ჯერ არს ჩემდა ქმნად და სიტყვად. ვსცოდე უფროს მეძვისა, და მაუწყე სადა იყოფვი. მირონისა მსყიდველი მოვიდე კადნიერებით ცხებად ფერხთა შენთა, ქრისტეს ჩემისა, მეუფისა და ღმრთისა, ვითარცა იგი არა განსდევნე, მოსრული. გულითა ნუცა მე მომიძაგებ სიტყვაო. ფერხნი შენნი მომცენ დაპყრობად, და ამბორის-ყოფად მდინარითა ცრემლითა. ვითარცა მრავალ სასყიდლითა მირონითა, ესე კადნიერებით გცხო. განმბანე მე ცრემლითა ჩემითა. განმწმიდე მე ამით სიტყვაო. მომიტევენ, შეცოდებანი ჩემნი და მომმადლე მე შენდობა. უწყი ბოროტთა სიმრავლე, და უწყნი წყლულებანი ჩემნი. და სენთა ჩემთა ჰხედავ, არამედ სარწმუნოებით უწყი. და მნებებელობასა ჰხედავ, და სულთქმათა ისმენ. არა დაგეფარვის შენ ღმერთო ჩემო, შემოქმედო ჩემო, მხსნელო ჩემო, არცა ცვარნი ცრემლთანი, არცა ცვარნი ნაწილთა რომელთამე. რომელნი არა მექმნნეს მე, იხილეს თვალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნეს. იხილე სიმდაბლე ჩემი, იხილე შრომა ჩემი რაოდენ, და ცოდვანი ყოველნი, მომიტევე მე ღმერთო ყოველივე, რათა განწმედილითა გულითა, მძრწოლვარითა გონებითა, და სულითა შემუსრვილითა, უხრწნელთა და ყოვლადწმიდათა შენთა საიდუმლოთა ვეზიარო. რომლითა განღმრთდების, და განცხოველდების ყოველი მჭამელი, და მსმელი გულითა წმიდითა, რამეთუ შენ სთქუ მეუფეო ჩემო, ყოველი მჭამელი ხორცისა ჩემისა, და მსმელი სისხლისა ჩემისა, ჩემთანა ჰგიეს, და მე მის თანა. ჭეშმარიტად-არს ყოვლადვე სიტყვა მეუფისა, და ღმრთისა ჩემისა. ხოლო საღმრთოთა და ღმრთით-მყოფელთა, მადლთა მიმთხვეული, არა თავით თვისით ვარ, არამედ შენ მიერ ქრისტე ჩემო. ნათლითა სამ-ბრწყინვალითა განმანათლებელო სოფლისაო. რათა არა მხოლოდ ვიყო, თვინიერ შენსა ცხოვრების-მომცემელისა. სულ-თქმისა ჩემისა, ცხოვრებისა ჩემისა, სოფლის-მაცხოვრისა, ამისთვის შენდა მოსრულ ვარ, ვითარცა ჰხედავ ცრემლითა, და სულითა შემუსრვილითა. დახსნასა შეცოდებათასა ვითხოვ, მოღებად ჩემდა. და შენთა ცხოვრების-მომცემელთა, და უბიწოთა საიდუმლოთა. დაუსჯელად ზიარებად, რათა დაადგრე ვითარცა სთქვი ჩემთანა სამგზის საწყალობელისა, რათა არა თვინიერ მადლისა შენისა, მპოვოს მე მზაკვარმან მან, და წარმიტაცოს მე ზაკვით, მაცთუნოს, და განმაშოროს ღმრთივქმნულთა სიტყვათა შენთა. ამისთვის შეგივრდები, და მხურვალედ გიხმობ შენ: ვითარცა უძღები შეიწყნარე, და მეძავი მოსრული შენდა, ეგრეთ შემიწყნარე მეცა მეძავი, და უძღები მოწყალეო, სულითა შემუსრვილითა აწ მომავალი შენდა. უწყი მაცხოვარო, რამეთუ სხვამან არავინ შეგცოდა, ვითარცა მე. არცა ჰქმნა საქმე, რომელ მე ვჰქმენ, არამედ ესე უწყი, ვითარმედ არა სიდიდე შეცოდებათა, არცა ცოდვათა სიმრავლე აღემატების ღმრთისა ჩემისა, მრავალსა სულგრძელებასა, და კაცთმოყვარებასა. არამედ წყალობითა, და თანალმობითა მხურვალედ შემნანებელთა, განსწმედ, და განანათლებ, და ნათელ-ჰყოფ ზიარებითა, ზიარად ღმრთაებისა შენისა იქმ მათ უხრწნელად, და უცხოდ ანგელოსთა, და კაცთა ცნობისა. თანა-ექცევი მათ მრავალ-გზის, ვითარცა მოყვასთა შენთა საკუთართა. ესენი კადნიერ-მყოფენ მე, ესენი შემიწყნარებენ ქრისტე ჩემო. და ვესავ სიმდიდრესა ქველისმოქმედებისა შენისასა ჩემდა მიმართ, მოხარული და შეძრწუნებული, ერთბამად, ცეცხლსა ვეზიარები, თივა ესე. და უცხო საკვირველი, შევიცვრები შეუწველად, ვითარ უკვე მაყვალი ძველად შეუწველად მგზებარე. აწ მადლობისა ცნობით, მადლობისა გულით, მადლობისა ასოთ, და ხორცით ჩემით, თაყვანისგცემ და გადიდებ, და დიდებისგმეტყველებ, ღმერთო ჩემო, რამეთუ კურთხეულ ხარ აწ და უკუნისამდე, ამინ.

სხვა ლოცვა იოანე ოქროპირისა 8

ღმერთო მილხინე, მომიტევე, შემინდვენ მე შეცოდებანი ჩემნი. რაოდენიცა გცოდე შენ, საქმით, ანუ სიტყვით, ანუ გონებით, ნებსით, ანუ უნებლიეთ, ცნობით ანუ უმეცრებით, ყოველივე შემინდევ, ვითარცა სახიერმან, და კაცთმოყვარემან. მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა შენისათა, გონიერთა შენთა მსახურთა, და წმიდათა ძალთათა, და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთათა, დაუსჯელად სათნო-მიყავ მე შეწყნარებად, წმიდასა, და უხრწნელსა ხორცსა შენსა, და პატიოსანსა სისხლსა შენსა, საკურნებელად სულისა და ხორცთა, და აღსახოცელად ბოროტთა გულის-სიტყვათა ჩემთა, რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მისივე 9

არა ვარ კმა, მეუფეო უფალო, რათა შემოხვიდე სართულსა ქვეშე სულისა ჩემისათა, არამედ უფროსღა ინებე შენ ვითარცა კაცთმოყვარემან დამკვიდრებად ჩემ შორის. კადნიერებით მოვალ, ჰბრძანე, რათა განმეღოს კარი, რომელი მხოლო დამბადებელი ხარ, და შემოხვიდე, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ. შემოვედ უკვე, და განანათლე დაბნელებული გონება ჩემი. მრწამს, ვითარმედ ესე ჰყო, რამეთუ მეძავი, ცრემლით მოსრული, არა განჰსდევნე, არცა ავაზაკი განარე, რომელმან იცნა მეუფება შენი. არცა რომელი მდევარ იყო დაუტევე, შეინანა რა. არამედ სინანულით მოსრულნი შენდა ყოველნი, გუნდსა მოყვარეთა შენთასა დააწესენ, რომელი მხოლო კურთხეულ ხარ ყოვლადვე აწ და დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამინ.

მისივე 10

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, მილხინე, მომიტევე, შემიწყალე და შემინდევ მე ცოდვილსა, და უხმარსა, და უღირსსა მონასა შენსა შეცოდებანი, და ცოდვანი ჩემნი, და ცოდვით დაცემანი. რაოდენიცა სიყრმით ჩემითგან, დღეინდელად დღედ, და ჟამამდე გცოდე უკეთუ ცნობით, ანუ უმეცრებით, უკეთუ სიტყვით, და საქმით, ანუ გულის-თქმით, და გონებით, და დაწყებით, და ყოვლით საცნობელით ჩემით. მეოხებითა უთესლოდ მშობელისა შენისა, ყოვლად უხრწნელისა, და მარადის ქალწულისა მარიამ დედისა შენისათა, მხოლოისა ურცხვენელისა სასოებისა, და შუა-მდგომელისა, და მაცხოვრისა ჩუენისათა, ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად ყოვლად-წმიდათა, უკვდავთა, ცხოველსმყოფელთა და საშინელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა, და ცხოვრებად საუკუნოდ, განსაწმედელად, სიმტკიცედ, საკურნებელად, და სიმრთელედ სულისა ხოლო და ხორცთა, და აღსახოცელად, და სრულიად, უჩინო-მყოფელად ბოროტთა გულისსიტყვათა, და გულის-თქმათა ჩემთა, პირველითგანვე მოღებულთა, და ღამის საოცრებათა, ბნელთა და ბოროტთა სულთა. რამეთუ შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, თანა მამით და სულით შენით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სხვა ლოცვა იოანე დამასკელისა 11

წინაშე კარსა ტაძრისა შენისასა წარდგომად ვარ, და ბოროტთა გულის-სიტყვათაგან არა განვეშორები. არამედ შენ, ქრისტე ღმერთო, მეზვერე განამართლე, ქანანელი შეიწყალე, და ავაზაკსა სამოთხისა ბჭენი განუხვენ, განმიხვენ მეცა ნაწლევნი კაცთ-მოყვარებისა შენისანი. შემიწყნარე მეცა მოსრული, და შემხებელი შენი, ვითარცა მეძავი, და სისხლ-მდინარე. რამეთუ ერთი იგი, რომელი ფესვსა სამოსლისა შენისა შეეხო, სენთა კურნება მიიღო, ხოლო რომელმან უხრწნელი ფერხი შენი შეიპყრა, განხსნა ცოდვისა წარიღო. ხოლო მე უბადრუკი ყოვლითურთ მრთელსა ხორცსა შენსა ვიკადრებ შეწყნარებად, რათა არა დავიწვა. არამედ შემიწყნარე მე, ვითარცა იგინი, და განანათლენ სულისა ჩემისა საცნობელნი. დასწვენ ჩემნი ცოდვისა მიმართ მიდრეკილებანი. მეოხებითა უთესლოდ მშობელისა შენისა, და ზეცისა ძალთათა, რამეთუ კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სხვა ლოცვა თქმული წმ. დიდისა ბასილისა 12

გმადლობ შენ, უფალო, მამაო მოწყალებისაო და ღმერთო ყოვლისა ნუგეშისცემისაო. გიგალობ შენ იესო ქრისტე ძეო და სიტყვა ღმრთისაო, რომელი განკაცენ ხსნისათვის ნათესავისა კაცთასა. გადიდებ შენ მეუფეო ცათაო, სულო წმიდაო ცხოველს-მყოფელო, განმწმედელო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, ღმერთო ყოვლისამპყრობელო. სამებაო სრულო, მოუკლებელო, მიუწვდომელო, გამოუთქმელო, დაუსაბამოო ღმერთო ჩუენო. რომელმან ღირს-მყავ მე უღირსი ესე წარდგომად წმიდასა საკურთხეველსა შენსა, ჟამსა ამას საშინელსა. წმიდისა ამის და შესაძრწუნებელისა მსხვერპლისა შენისა შეწირვისასა. გევედრები, უფალო კაცთ-მოყვარეო, ღირს-მყავ მე გლახაკი ესე და ყოვლად-უღირსი და ცოდვილი მონა შენი, ღირსებით და სიწმიდით ზიარებად უხრწნელთა მათ და ყოვლადწმიდათა შენთა საიდუმლოთა. ნუ სატანჯველად და დასასჯელად ჩემდა, ნუცა დასართველად ცოდვათა ჩემთა, არამედ განსაწმედელად სულისა და ხორცთა. წინდად საუკუნოსა სასუფეველისა შენისა. აღსახოცელად ჩემთა ცოდვათა, ზღუდედ ჩემთა, და გარემისაქცეველად ყოველთა წინა-აღმდგომთა უხილავთა მტერთა ჩემთა, მომხედენ მე უფალო მაღლით წმიდით შენით, და აკურთხენ და წმიდაჰყვენ ყოველნი ასონი სულთა და ხორცთა ჩემთანი, ძალითა შენითა წმიდითა. ვიცი უფალო, ვიცი და არა უარვჰყოფ ვითარმედ ფრიად შეგცოდე და განგარისხე და არა ღირს-ვარ ყოვლადვე ზე აღხილვად ზეცად მიმართ. ანუ თუ მიხედვად წმიდასა დიდებულსა საკურთხეველსა შენსა. მიხსენ მე, ძეო ღმრთისაო, მიხსენ და ნუ მრისხავ. უსასყიდლოდ შემიწყალე, და ნუ გამოეძიებ საქმეთა ჩემთა რამეთუ ბოროტ არიან, და ნუ აღრაცხავ ცოდვათა ჩემთა, რამეთუ მრავალ და ურიცხვ არიან. და ნუ განიკითხავ გულის-სიტყვათა ჩემთა, რამეთუ არაწმიდა არიან. და ნუ იხილავ განზრახვათა ჩემთა, რამეთუ შესვარულ არიან. მე ამათ ვიტყვი და აღვიარებ და დავსწერ, შენ შემინდევ, მომიტევენ და აღხოცენ. მიხსენ მე უფალო, მიხსენ მე, რამეთუ ყოვლადვე შეგივრდები. დაღაცათუ მრავალ-არიან შეცოდებანი ჩემნი შენდამი მეუფეო, არამედ უფროს და უმაღლეს წყალობანი შენნი ჩემდა მომართ სახიერო, რამეთუ შენ მარადის მწყალობ, და მე განგარისხებ. შენ სინანულად მომიწოდებ და მე ურჩ გექმნები. შენ სიწმიდით ცხოვრებასა მიბრძანებ და მე მცნებათა შენთა გარდავალ. შენ მხადი და მე გევლტი. ესრეთ ყოვლითურთ წინააღმდგომ შენდა არს ცხოვრება ჩემი. ჰოი, უფალო კაცთ-მოყვარეო რომელმან სისხლი შენი პატიოსანი მიეც სახსრად მონათა შენთათვის. მიხსენ მე უსჯულოებათა ჩემთაგან, რომელმან განსწმიდე წიდოვანი იგი განსწმიდე მწიკვლევანებაცა ვნებათა ჩემთა. და ურიცხვთა მათ ცოდვათა ჩემთა სიმრავლე უგულებელსყავ. რომელმან შეიწყალე ქანანელი იგი, შემიწყალე მეცა ძეო ღმრთისაო. რამეთუ არა თუ ასული ჩემი, არამედ სული ჩემი საწყალობელი იგვემების ეშმაკთაგან ბოროტთა. განსწმიდე გული ჩემი გულის-სიტყვათაგან შეგინებულთა და გვამი ჩემი საქმეთაგან ბოროტთა. ყოვლადვე განმწმიდე მე უფალო, რამეთუ სრულიად შეგინებულ ვიქმენ. უფალო, რომელმან ბაბილოვნისა მძაფრი იგი სახმილი დაშრიტე. დაშრიტე მხურვალებაცა ესე გულისა ჩემისა. და მდუღარება უბადრუკთა ამათ ხორცთა ჩემთა. უწყი რამეთუ კაცი მდაბალი და უძლურ-ვარ, კაცი გლახაკი და უდებ ვარ მე. ჰე, უფალო, ნუმცა წარვსწყმდები ბოროტად, და ურვეულად. უწყი უფალო, რამეთუ კაცი ამაოებასა მიემსგავსა, და თიხა თვით განწმედად ვერ შემძლებელ არს. ამისთვის ვითარცა უწყი და ვითარცა გნებავს, განმწმიდე და მაცხოვნე მე, რათა არა იქადოს მტერმან ჩემმან ჩემ ზედა. ნუ, სძლევენ, უფალო, ცოდვანი ჩემნი წყალობასა შენსა, არამედ წყალობით შემიწყალე მე, და პირველ სიკვდილისა მომმადლე ნაკადული და წყარო ცრემლთა. რამეთუ შეგინებულ არიან თვალნი ჩემნი და უნაყოფო არს სული ჩემი. ნუ, მომსწყვედ, მეუფეო უნანელად. უფალო, უფალო შემინდევ, უფალო შემიწყალე, ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას, უფალო მიხსენ და განმარინე მე. და ყოველნი მოყვარენი ჩემნი და მტერნი ჩემნი. რამეთუ ჩუენ ვითარცა კაცთა შეგცოდეთ, ხოლო შენ ვითარცა ღმერთხარ შეგვინდევ და განგვწმიდენ ჩუენ ყოვლისაგან ძვირის ხსენებისა. უფალო შენ უწყი ვითარცა გულთმეცნიერმან, რამეთუ არა ვითარცა შეურაცხებით მოუხდები წმიდათა და უხრწნელთა შენთა საიდუმლოთა, დაღაცათუ უღირს ვარ მოღებად მათდა, არამედ სარწმუნოებითა მხურვალითა შიშით და ძრწოლით ვიკადრებ, რამეთუ უკეთუ სრულიად განვეშორო მათგან სრულიადცა წარვსწყმდე მდაბალი ესე და გლახაკი, და თუ მპოოს მტერმან ჩემმან შიშველი შორს უფლისა ჩემისაგან, სრულიად შთამნთქას და წარმწყმიდოს მე. მიხსენ მე უფალო მწარისა მისგან გველისა, გარე-მიაქციენ ისარნი მისნი, და განსდევნენ ჩემგან ბოროტნი გულისსიტყვანი, მსწრაფლ-განმრყვნელნი და დამაბნელებელნი ლოცვათა ჩემთანი. დამიფარე უფალო, ყოვლისაგან ბოროტისა. დამიცევ მე უფალო, ყოვლისაგან ცთომისა. მიხსენ მე უფალო, ყოვლისაგან წვალებისა, და ღირს-მყვენ უფალო, მართლ-მადიდებლობისა სიტყვითა წარდგომად წინაშე შენსა, დღესა მას სიტყვისგებისა ჩემისასა. ოდეს იგი მიაგებდე თითოეულსა საქმეთა მათთაებრ. მოიხსენენ უფალო, ყოველნი მამანი და ძმანი ჩუენნი, სულიერნი და ხორციელნი, რომელნი ჭირსა შინა და იწროებასა და ტანჯვასა შინა არიან. გევედრები უფალო, განუსვენე პირველ-გარდაცვალებულთა მამათა და ძმათა ჩუენთა სულიერთა და ხორციელთა, რომელნი ტყვეობასა შინა არიან. უფალო გამოიხსნენ და რომელნი სულთაგან არა-წმიდათა იტანჯებიან განათავისუფლენ, რომელთაგან პირველი მე ვარ. უცხონი უფალო დაიცვენ, შეცოდებულთა უფალო სინანული მოჰმადლე, სნეულნი უფალო განჰკურნენ, და ჩუენ ყოველნი უფალო, შეგვიწყალენ და შეგვინდევ. და მარჯვენით შენსა მდგომარეთა თანა ღირს-მყვენ. მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა და უმეტესად კურთხეულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა. ძლიერებითა ცხოველს-მყოფელისა პატიოსნისა ჯვარისათა. ვედრებითა წმიდათა ანგელოსთა და მთავარანგელოსთა. და დიდებულთა ქერუბიმთა და სერაბიმთასა. მეოხებითა წმიდისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, და წინა-მორბედისა შენისა იონესითა და იოანე ქალწულ-მახარებელისითა. მეოხებითა წმიდათა და ყოვლად-ქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესითა და პავლესითა, და სხვათა წმიდათა მოციქულთათა, მეოხებითა წმიდისა სტეფანე პირველ-დიაკონისა და პირველ-მოწამისათა. და სხვათა მათ წმიდათა მოციქულთა შენთათა. და წმიდათა მთავარ-მოწამეთა გიორგი, თეოდორე, დიმიტრი, მერკვირი, პროკოპი, პანტელეიმონ, კვირიკე და არტემისათა. მეოხებითა ერთობით ყოველთა წმიდათა შენთა. მოციქულთა. წინასწარ-მეტყველთა. მღვდელმთავართა. მახარებელთა. მოწამეთა. მამათა. მოღვაწეთა, და რომელნი საუკუნითგან სათნო-გეყვნეს შენ, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სხვა ლოცვა იოანე ოქროპირისა

მრწამს უფალო, და აღვიარებ რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღმრთისა ცხოველისა. მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ.

კვალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი, და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, და შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი, და უნებლიეთნი, სიტყვით, და საქმით, ცნობით და უმეცრებით, და ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა, და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ.

(ხოლო მირახვიდე ზიარებად, სთქვი თავსა შორის თვისსა).

სხვანი ესე მეტაფრასისანი

ესერა მივეახლები, საღმრთოსა ზიარებასა. შემოქმედო, ნუ დამწვავ ზიარებითა, რამეთუ ცეცხლი ხარ უღირსთა შემწველი. არამედ უკვე განმწმიდე ყოვლისაგან მწიკვლისა:

ხოლო შემდგომად სთქვი:

სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა. არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა:

კვალად სხვანი ესე:

ღმერთ-მყოფელისა სისხლისაგან შეძრწუნდი, კაცო, ჰხედვიდე რა, რამეთუ ცეცხლი არს უღირსთა შემწველი. ხორცი ღმრთისა განმამღრთობს მე, და მზრდის. განაღმრთობს სულსა და ჰზრდის გონებასა უცხოდ.

შემდგომად ტროპარი ესე:

დამატკბე სიყვარულითა ქრისტე, და შემცვალე საღმრთოთა სურვილითა შენითა. დასწვენ ცეცხლითა უნივთოთა ცოდვანი ჩემნი, და აღმავსე საშვებელითა შენითა, და ღირს-მყავ, რათა სიხარულით ვადიდებდე სახიერ მრჩობლსა მოსლვასა შენსა:

ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა, ვითარ შევიდე არა-ღირსი, რამეთუ უკეთუ ვიკადრო შესლვად სასძლოსა, სამოსელი ჩემი მამხილებს მე, რამეთუ არა არს საქორწინე, და შეკრული, განვიგდები ანგელოსთა მიერ. განწმიდე უფალო მწიკვლი სულისა ჩემისა, და მაცხოვნე ვითარცა კაცთ-მოყვარემან.

მერმე ლოცვა ესე:

მეუფეო კაცთ-მოყვარეო, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, ნუმცა დასასჯელ-მექმნების მე სიწმი-დე ესე უღირსებისათვის ჩემისა, არამედ განსაწმედელად, და წმიდა-მყოფელად სულისა და ხორცისა, და წინდად მერმისა ცხოვრებისა, და სუფევისა.

ხოლო ჩემი მიახლება ღმრთისა კეთილ-არს, და დადებად უფლისა მიმართ სასოება ცხოვრებისა ჩემისა.

და კვალად:

სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა. არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა:

ხოლო ოდეს მიემთხვიო ზიარებასა ცხოველსმყოფელსა საიდუმლოსა ნიჭსა. აქებდე მეყვსეულად, და ჰმადლობდე ფრიად, და ამას მხურვალითა სულითა იტყოდე ღმრთისა მიმართ:

დიდება შენდა ღმერთო (3-გზის).