მიმტევებლობაზე

სხვებს ყველაფერი მიუტევე, საკუთარ თავს კი ნურაფერს შეუნდობ.
აბბა ისაია

როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს.
წმინდა იოანე ოქროპირი

როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობით უნდა გვახსოვდეს იგი; ხოლო თუ ცუდად მოგვექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგვავიწყოს იგი.
წმ. ამბროსი მედიოლანელი

ვისაც ეშმაკის ბოროტება ახსოვს, იგი ადამიანთა ბოროტებას არ იხსომებს. მაგრამ ეშმაკთან მშვიდობიანად თანაცხოვრობს ის, ვინც ძმის შეცოდებებს არ ივიწყებს.
წმ. ნილოს სინელი

რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არა, ეშმაკმა გატკინა გული, ავადმყოფი კი არა, ავადმყოფობა გძულდეს.
დედა სინკლიტიკია

ცოდვები შეიძულე და არა ცოდვილი.
პროტოპრესვიტერი პ. სოკოლოვი

ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული იმაში მდგომარეობს, რომ თავი შეიკავოს სამართლიანი შურისძიებისგანაც კი და იგი ღმერთს მიანდოს. „ჩემი არს შურისმიგებაჲ და მე მივაგო - იტყვის უფალი“ (რომ. 12, 19).
პროტოპრესვიტერი ი. ტოლმაჩოვი

მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ შეურაცხყო და განარისხო თავად ღმერთი.
წმ. ეფრემ ასური

რაც უფრო მეტად სცოდავს ვინმე ჩვენს წინაშე, მით მეტად უნდა ვესწრაფვოდეთ მასთან შერიგებას, რადგან ამისათვის უფრო მეტი ცოდვა მიგვეტევება.
წმ. იოანე ოქროპირი

მტერსაც უნდა შეურიგდე, თუკი იგი მშვიდობას გთხოვს. რადგან ვინც სხვას არ შეუნდობს, მას ვერ აცდება ღვთის სასჯელი.
ღირსი ისიდორე პელუსიოტი

შენდობის მიუცემლობით სხვას იმდენად ვერ ავნებ, როგორც საკუთარ თავს.
წმ. იოანე ოქროპირი

ნუ იტყვი: „მტერს სამაგიეროს მივუზღავ“, რადგან ზეცაში გყავს მართლმსაჯული.
წმ. ნილოს სინელი

ვინც საკუთარი თავის გამო შურს თვითონ იძიებს, იგი თითქოს ღმერთს განიკითხავს სამართლიანობის უქონლობის გამო.
წმ. მარკოზ მოსაგრე

მოწყალების მრავალი სახე არსებობს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ღვთისაგან საკუთარი ცოდვების შენდობა მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მთავარი უფლის სახელით მიტევებაა.
ნეტარი ავგუსტინე

წყენა კი არ არის უბედურება, არამედ ის, რომ იგი სიძულვილს გვიჩენს მის მიმართ, ვინც გვაწყენინა და ჩვენი გულისთვის ნაცნობი ხდება სიძულვილის, ბოროტებისა და შურისძიების გრძნობა.
მთავარეპისკოპოსი მაკარი

მოყვასს წყენისათვის სანაცვლოს ნუ მიაგებ, არამედ მიუტევე, რამეთუ თვითონ საჭიროებ მიტევებას უფლისაგან.
მთავარეპისკოპოსი მაკარი

ვისაც სურს, მოვალეს მკაცრად მოჰკითხოს, ახსოვდეს, რომ თვითონაც ღმერთის მოვალეა.
მთავარეპისკოპოსი მაკარი

წყენის მიტევება უცილობელი პირობაა იმისა, რომ ღვთისაგან საკუთარი ცოდვებისთვის შენდობა მივიღოთ, შეუძლებელია მეორე პირველის გარეშე. „ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ“ (ლუკ. 6, 37) - ბრძანებს უფალი.
მთავარეპისკოპოსი მაკარი

მიუტევე მოყვასს ასი ლეპტა, რათა უფალმა ტალანტების გროვა მოგიტევოს.
წმ. ტიხონ ზადონელი

თუ მოყვასმა ძალიან გაწყენინა, რაც მეტს შეუნდობ, მით მეტად შენდობილი იქნები ღმერთისგან.
წმ. იოანე ოქროპირი

დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ.
წმ. ანტონი დიდი

გახსოვდეს წყენა და ლოცულობდე - იგივეა, რაც ზღვაში დათესო და მოსავალს ელოდე.
წმ. ისააკ ასური

ძლიერი ქარი ღრუბლებს გადაყრის, ბოროტების ხსომა კი კეთილ გრძნობებს განდევნის სულიდან.
აბბა ევაგრი

მიმტევებლისათვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება.
აბბა ისაია

თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს.
წმ. ეფრემ ასური