მოწყალებაზე

როგორადაც ძალგიძს, ისე შეეწიე მოყვასს. თუკი სასწაულთმოქმედი სიტყვით არ შეგიძლია ადამიანთა უძლურება განკურნო, კეთილი სიტყვით გაამხნევე და ანუგეშე შეჭირვებული! და თუკი მოყვასს დაეხმარები, მაშინ, ჰოი, საკვირველებავ, თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაგიდგება მსახურად... ოდეს მოყვასს შეეწევი და მეოხ-ექმნები, თადავ დაეუფლები საღმრთო საგანძურს, ქრისტეს სამეუფოს; მოყვასის შემმოსველი და დამპურებელი თავად იგემებ უკვდავებას და სამეფო ძოწეულით შეიმოსები...
წმ. გრიგოლ პალამა

თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალტთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისაკენ კი არა, ღარიბ-ღატაკთა შესაწევნელდაც განიპყარ!
წმ. იოანე ოქროპირი

უმოწყალო სული სიბრძნეს განშორდება, ხოლო მოწყალე სული სულიწმიდის მიერ მიიღებს სიბრძნეს.
წმ. ისააკ ასური

ღატაკი, ეს არის შენი კარი, შენ თავად კი - ღვთის კარების წინ მდგარი ღატაკი. როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, ისეცე მოგექცევა შენც ღმერთი.
ნეტარი ავგუსტინე

ქრისტეზე ფიქრით შენ გასცემ პურის ნატეხს და შენ მოგეცემა უფლება სასუფეველისა; აცმევ შიშველს ხრწნად სამოსელს, და მადლი ღვთისა გიბოძებს შენ უხრწნელ სამოსელს სიმართლისა; მიდიხარ მწირის შესახვედრად, ავადმყოფის, ან პატიმრის მოსანახულებლად, და იგივე ნაბიჯებით გიხდება სვლა დიდებით მომავალი იესო ქრისტეს მარჯვნივ, ზეციური მამისაგან ნაკურთხ კრებულში. თუ სიყვარულით ანუგეშებ ღატაკს და სიკეთეს უკეთებ მას, თუნდაც მცირეოდენს, უმნიშვნელოს, იმავ დროს მიუყვები უფალს ღატაკის გადასარჩენად. აი, ღარიბზე გაწეული შენი სიკეთე როგორ გადადის უფლისაში, დიდი მხსნელისაგან გადარჩენილი, შენ თავად ხდები გადარჩენის იარაღი, ასე რომ ვთქვათ - პატარა მხსნელი მცირეთათვის, და თუ არ იქნება კადნიერად ნათქვამი, გარკვეული სახით კეთილისმოქმედი შენი მაცხოვრისა, რადგან მან თქვა: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“.
მიტროპოლიტი ფილარეტი

ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სხვისთვის სიხარულის მინიჭება, სხვისი გახარება უნდა იყოს. ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული, რომელსაც გაჭირვებულისთვის დახმარება განგვაცდევინებს. ამ დროს გულში სიხარული სუფევს, რადგან ვგრძნობთ, რომ გაღებული მატერიალური შემწეობის ნაცვლად ისეთი დიდი საუნჯე მოვიპოვეთ, რომელსაც ის, რაც გავეცით, ვერც კი შეედრება. აი, სწორედ ეს არის ის სრული სიხარული, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას - ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, - იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: „რასაცა გასცემ - შენია, რაც არა - დაკარგულია“. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

როცა... ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო... სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!..
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)